ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

თოვაში გასვენებული დღესასწაული 

გუდამაყრის ვიწრო ხეობას,იქ სადაც ყოველ დილით
ამოდის მზე,მოხუცის საფარტნესავით ჰკიდია სოფელი.
ძველი,ძველი,ძალიან ძველი.უხსოვარ წინაპარს ჩამოუკიდნია მაგ მთაზე და მას აქეთ ეგეა,მას აქეთ ადის მანდედან კვამლი.ხან გაზაფხულის იებით ივსება „ძველი საფარტნე“,ხან ზაფხულისა აქვთ ჭრელი ფარდაგები გამოფენილი, ხან შემოდგომა ივარცხნის ყვითელ დალალებს,ხანაც თეთრად თოვს,თეთრ ფანტებს ბარდნის ღორეულ ცის ლურჯი ხელები.
სოფლის ორღობეებში სონყუდროვე დადის და მოხუცების საფიხვნოს ეძებს.ყოველდღე მათთან არის,არა სცილდება,იმათთან ერთად ზის საფიხვნოში და ალბათ ეგეც ბებერია,თორემ,აქ რა უნდა,აქ მარტო მოხუცები ცხოვრობენ,სამი ბერიკაცი ათიოდე დედაბერი.
იმ სამი კაციდან ერთი კოჭლია, მარცხენა ფეხი შემხმარი აქვს და ორივე ხელით გრძელ ჯოხზეა ჩამოკიდებული.ეფრემაი ჰქვია.უცნაური,კაცია ძალიან,სულ მარტო დადის,ჩამოეკიდება ხოლმე ჯოხს და გადახტება ცალი ფეხით.ხეებთან უყვარს ლაპარაკი.მაგ სოფელში ერთი ხეც არ დგას,რომ ეფრემაის ლექსი არ იცოდეს ზეპირად.როცა მთიდან ჩამოქროლილი ნიავი წამოუბერავს,მაშინ ჩურჩულებენ ხოლმე ეფრემაის ლექსებს ტკბილად,ტკბილად,გალობასავით.
მარტოა,სულ მარტო,ზამთარში უფრო მარტოა,როცა ხეებს სძინავთ,მაშინ აღარავის ესმის მაგისა.
და ზის მაშინ სადმე მყუდროში,გვერდზე გრძელი ჯოხი უგდია და გაჰყურებს შორეთს.სხვა მოხუცებს არ ეკარება.დანარჩენები კი პოვლიაის სახლიდან,გააჩაღებს ჩიბუხს,მერე ქალთა მზე ამოივლის ორღობეებს თავშლის სწორებით.ქალთამზეს დიდებათ ქალი მთჰყვება,ხანდოელი და ფახვიჯელი
ერთად ამოვლენ წინდების ქსოვით.ცოტა მოგვიანებით თავის კალობაზე კოტორიანთ ქალი გადმოდგება,კაბის ბოლოს გაიქნ-გამოიქნევს და მანამ არ მოვა,სანამ არ მოიპატიჟებენ.მოვა და მოიტანს თეთრ საკინძეს.
სულ ბოლოს ტაშკენტაი და გარახტინაი ამოვლენ,რაიმე ყურმოკრულ უცხო ამბავს მოიტანენ,მუხლებზე ხელებს იცემენ და ვიშვიშებენ:
-ვაი უბედუეს და ვაი იმ უმზეურსაო,-იძახიან.
სხედან ცამეტი მოხუცი და ერთი სიმარტოვე.
ჰყვება პოვლიაი რაღაცას.
გავლილ-გამოვლილი კაცია და...
ჰყვება.
ბევრი იცის, ბევრი ,ძალიან ბევრი.
მოსწადდება და იტყვის:-წელს თოვლი აღარ მოვაო.
-პოვლიამ თქვაო,აღარ მოვაო,-გულადად არიან
სხვები.
თუ უნდა იმას იტყვის-ომი დაიწყებაო-თუ უნდა
იმას-არაო.
იცის და რა ქნას.
სულ უთქმელობას თქმა სჯობია.
ერთხელაც ასე ისხდნენ,ჩუმად,გამტკნარებულები.
პოვლიაი არსად ჩანდა,იდაყვზე ჩამოყრდნობილი იჯდა სიმარტოვეც.
მერე გამოვიდა პოვლიაი.
გამოვიდა და დაჯდა.
კარგა ხანს იჯდა ასე.
მერე...
თქვა:
ახალი სახლი უნდა ავაშენო.
-სადა,ჩემო პოვლიავ!
-აქვე.
-ბანიანი თუ?
-ბანიანი რას მიქვიან,ბანიან სახლში მეკადრება ამ გავლილ-გამოვლილ კაცს ცხოვრება?ბანიანი კი არა და ასეთი...
-როგორი?
-აი,თუ გინახიათ ვისმე ასეთი...
-როგორი,კაცო?
-აი,იმას რო აქვს.
-ხატიპარიასა?
-ხატიპარიას რა სახლი აქვს,ხატიპარიას კი არა,იმას.
-ვისა?
-ვისა და,თუ ვისმე ნანახი გაქვთ,ჩვენ თავმჯდომარეს რო სახლი აქვს,ასეთი სახლი უნდა ავაშენო.
-აუუუ!
-სწორედ ეგეთი და ცოტა სხვანაირი,ორი მეტრა უკან იქნება მოჭარბებული,ორი წინ.
-მასალა?
-მასალა მაქვს.მსხლები უნდა დავჭრა.
-როგორ,საერთო მსხლები?
-ჰოო,სახლს რომ არ ვაშენებდე,მაინც დაჭრა მოგვიწევს ამ ზანთარ.
-ეგ რამ გაფიქრებინა,კაცო!
-აბა,გავწყდეთ სიცივით?დღეს თუ ხვალ ისეთი თოცლი მოვა,ჩიტი გადაბრუნდება და ცას ფეხეფს მიადგამს.
-ეფრემაი?_იკითხა ვიღაცამ ჩუმად.
-რა ეფრემაი!
-მერე ეფრემაი ვისღა ელელაპარაკება!
-ზამთარში მაინც არ ელაპარაკება ზაფხულში ცოტა არის ტყეში ხეები!
-ფეხები დასწმენდეს ხომ გააკეთებ სახლთან,_იკითხა ვიღაცამ.
-გავაკეთებო,_თქვაპოვლიამ.
-ცემენტით გავლესავ,თუ?
-ცენენტით კი არა რაღაცას რო ეძახიან,იმითა.
პოვლიას ცოლი,ეტყობოდა,უკვე იატაკს გვიდა ახალ სახლში,ისე იჯდა როგორღაც,ამაყად,თავს ამეტებდა დანარჩენებს.წინდასა ჰქსოვდა და შორს იყურებდა.
სწორედ იმ ღამს მოვიდა დიდი თოვლი.ხევგაღმა ჩაუნამქრა სოფელს საზამთრო შეშა.
ერთი კვირა ფიჩხის ღობეებს ამტვრევდნენ და იმით თბებოდნენ.
მერე გაჭირდა.
თავისი გაიტანა პოვლიამ.
ცულის ხმამ ჟრუანტელად დაუარა ეფრემიას ძველებს.
სოფლის გვერდზე საერთო ხილები იდგა.პანტა მსხლები,
წინაპრების დარგული. ტანაშოლტილები, მაღლები, ყველას თავისისახელი ერქვა :
ყვითელათ მსხალი,დედიათ მსხალი,წახრილანი,საჩირე,საზამთრო მსხალი, წვრილანი,მსხალტკბილი.
და დაფართხა იმ დღეს სიმარტოვე.
თეთრ თოვლში ოხვრით დაეცა დედიათ მსხალი.
გაინაწილეს:
შუაწელი პოვლიამ წაიღო,სამასალედ სჭირდებოდა და რა ექნა.
დანარჩენებმა ტოტები დაინაწილეს.
თოფის გასროლას ჰგავდა ის დღე.
მერე ყველაფერი ცოტახანს თავის გზით წავიდა.
შუაგული ზამთარი იყო.ნახილარში მსხალტკბილაღა იდგა ფეხზე. არცერთი მოხუცის სახლიდან კვამლი არ ამოდიოდა.
თოვდა.
მერე ჯერ ერთი სახლიდან გამოვიდა ცულიანი კაცი.
მერე მეორიდან.
მერე ყველადან.
შორეულ ზეცას რაღაც იდუმალს ევედრებოდა სიზმარეულ ხილვებში წასული ხე.
მსხალტკბილი.
თოვდა.
ხის ნაფოტი მოხდა თოვლის ფანტელებს.
კვნესოდა ეფრემაი.
ჩუმად დაეცა მსხალტკბილი,-თავისთვის ჩაიჩურჩულა რაღაც.
თოვდა.
გრძელ ჯოხზე ჩამოკიდაბული ეფრემაი მოდიოდა ნახილარისაკენ.დაენაწილებინათ მოხუცებს მსხალტკბილი.
რაღაცნაირი სიმყუდროვე იყო ირგვლივ.

ყველა თავ-თავის ნაწილზე იჯდა ჩუმად,მიწისაკენ თავჩაღუნული.
მთებიდან სეირის სანახავად ჩამოსულიყო სიმარტოვე და ისიც იქ იჯდა.
მხოლოდ ხის გადანაჭერ ძირზე შემომჯდარი შეშფოთება გაჰკიოდა ზეცას.
ამოვიდა ეფრემაი.
შუაწელზე იჯდა პოვლიაი.
ხის ძირის თხრა დაიწყო ეფრემამ.
დანარჩენები ჩუმად ისხდნენ.
მერე პოვლიამ სამასალე წაიღო სახლში.
მოთხარა ეფრემამ ხის ფესვები და...
ხის ფესვებიდან ამოვარდა ადამანის თავის ქალა.
თეთრ თოვლზე ეგდო და ლეწდა სიჩუმეს.
სხვა ძვლებიც ეყარა ამოთხრილ ხის ფესვებში.
ოღონდ ისინი ჩუმად იყვნენ,არ კიოდნენ.
რომელიღაც ლექსს ჩურჩულებდა ეფრემაი.
სახლის დერეფანში სამასალე ხეს თლიდა პოვლიაი.თალა,
თალა თავიხის მაგივრად ქაფქირი გამოთალა.
- ქუცურო!- გაუძახა თავის ცოლს.
- რა გინდაო, - გამოვიდა გარეთ დედაკაცი.
- წაიგე ეს ქაფქირი და ამოყარე ხინკლები!
თვითონ ხის ნაფოტები მოკრიფეს და ცეცხლი გააჩაღა.
მერმე დგეს თაგვების დღესასწაული თენდებოდა, თავთუქმი.
გუდამაყარში, სანამ ქრისტიანობას მიიღებდნენ „ცეცხლითა და მახვილით“,კერპებს სცემდნენ თაყვანს.
შეიცვალეს სარწმუნოება და მაინც მთლიანად ვერ გადაეფარა ქრისტიანული საბანი ძველ კერპებს. მერეც დიდხანს სცემდნენ თაყვანს კერპებს.
იმ დილით კი თაგვების დღესასწაული იყო.
თაგვაობა.
ხის თაგვები გააკეთეს მოხუცებმა. ჩალის ულვაშები გაუკეთეს „თაგვებს“ და ჩამოუარეს სახლებს.
წესის მიხედვით სამჯერ უნდა შემოევლო სახლის პატრონს სახლში ხის თაგვით და მერე უკანმოუხედავათ გადაეყარა სოფლის ხევში ეს ხის თაგვები.
თუ მოიხედავდნენ უკან, თაგვები ისევ იმათ სახლში დარჩებოდნენ და გაუნადგურებდნენ მოსავალს.
და ჩამოუარეს სახლებს ძახილით: გამო, თაგვო, გამო, რწყილო, ანგელოზო შინ დაბრძანდი!
ხის თაგვებს ურტყამდნენ საფქვილე კოდებზე, გოდრებზე და უძახდნენ თაგვებს.
გამოიტანეს ხის თაგვები და ერთდროულათ გაიქცნენ სოფლიდან.
თოვდა.
მირბოდნენ შავი მოხუცები თეთრ თოვლში და უკან არ იხედებოდნენ.
უკან მოხედვა არ შეიძლებოდა.
შეუჩერებლად მირბოდნენ.
ბებრული მუხლებით.
და გაღმა მთიდან, მაგათ შესახვედრად გამოიქცა უზარმაზარი თომლის ზვავი.
წინ ზვავი მოდიოდა...
უკან მოხედვა არ შეიძლებოდა.
და შეიხვია ზვავმა უბეში უკანასკნელი დღესასწაული, ხევი ხველებით ჩაიარა და არაგვის ჭალაზე დაჯდა ფეხმორთხმით.
თოვდა.
სოფელში ჯოხზე ჩამოკიდული ეფრემია დადიოდა. სიმარტოვე დასდევდა ქვითინით.
აქა-იქ ბღაოდა უწყლო საქონელი.
პოვლიაის დერეფანში ჩამოკიდებულ ქაფქირს ქარი აქანავებდა. ერთად წაეღო ცოლ-ქმარს თაგვების დღესასწაული.
თოვდა, თოვდა.
თეთრ წინდას ჰქსოვდნენ შორეული ცის ლურჯი ხელები.
იდგა თეთრ თოვლში ცალფეხზე ეფრემაი და ფრთებდალეწილ წეროსა ჰგავდა,თოვლში რომ გდია-ხოლმე და ასაფრენად ყელყელაობს.
თოვდა.
თეთრი ფარტნებით ივსებოდა მთის ფერდზე ჩამოკიდებული „ბებრის საფარტნე“.

??????