გაბაშვილი ეკატერინე
გაზიარება

ეპილოგი 

(იასონის წერილი დედასთან)

“დედაჩემო, რომ იცოდე, რარიგად დამარცხებულია ჩემი თავმოყვარეობა, რარიგად დასჯილია ჩემი სიყმაწვილის დანაშაული? ვიცი, რომ შენ ყველაზე სასტიკი მსაჯული ხარ ჩემი და სამართლიანად დაინახავ ჩემს სასჯელს, მაგრამ ვის გავუზიარო შენს მეტს, ვის ვუთხრა ის, რამაც ჩემი წარსული ჩემსავე თვალში ზიზღით აავსო და შავი და ბნელი მიაყენა!

“ათის წლის რუსეთში განდევნის შემდეგ, მამაჩემის მოწყალებით ძლივს მეღირსა საქართველოში დაბრუნება და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ვფიქრობდი, რაკი ქართლამდის მივაღწიე, ჩემს საყვარელ კახეთამდინაც დიდი მანძილი აღარ დამრჩენია-მეთქი და მალე ჩემს დედა-ქალაქში გავიმართავ სამფლობელოს მაზრის უფროსისას-მეთქი.. ეს იყო ჩემი სატრფიალო აზრი, ამაზე ზევით არ მიდიოდა ჩემის დიდების სურვილი, მაგრამ ერთმა გარემოებამ სულ თავზე ბალანი ამიშალა და იმ ფუჭს, ზიზილ-პიპილებით შემკულ ხარისხს სრულიად ფერი დაუკარგა.

“მე სულ ორის თვის გამწესებული არ ვიყავ აქ მაზრის მმართველად, როდესაც ჩემის მთავრობისგან წერილი მივიღე; წერილი კერძო იყო და მიბრძანებდნენ: “გთხოვთ საიდუმლოდ, არაოფიციალურად გამოიძიოთ და ნამდვილად შეიტყოთ, თუ რა ამბავია სოფელ ლილიფარიანშიო”. მე ეს მონდობილება საჩქაროდ ავასრულე, გავიმძღვარე წინ ამ სოფლის მცოდნე პოლიციის მოხელე და ერთ კვირა დღეს მიველი ლილიფარიანის მამასახლისთან.

“არ შემიძლიან დაწვრილებით არ გაუწყო ამ სოფლის გარემოება, რადგან ყოველი კუთხე, ყოველი ქვა-ქვაზედ დადებული შენობა, გზა-კვალი, წყალი, ეკლესია ზედ ატარებენ იმათს ზეგავლენას, რომელთ მოქმედებაც მე უნდა გამეცნო და, როგორც დამნაშავენი, უნდა გამემხილებინა.

- როგორც გითხარ, კვირა დღე იყო, შემოდგომის მზე ტკბილად ანათებდა დედამიწას, ახლად ამოსული ჯეჯილები გზის ორივე მხარეს მშვენივრად ბიბინებდნენ; არც ერთი ცოცხალი ქმნილება, არც ერთი მგზავრი არ მოჩანდა დიდ მინდორზე, ცაც და დედამიწაც გაყუჩებული იყო, სრულიად განსვენებას მისცემოდა ბუნება. უნებლიედ მეც დამიმორჩილა ამ თბილმა, ნათელმა, მყუდრო გარემოებამ, ოცნებას მივეცი და ვერ შევნიშნე, თუ როგორ მივუახლოვდი სოფელს. ათი საათი იქნებოდა, როდესაც ლილიფარიანში მიველ და გაკვირვებული დავრჩი მისის გარეგნობით: არსად, გარდა საზღვარგარეთისა, არ შევხვედრივარ ამისთანა სუფთა და კოპწია სოფელს; ორპირად ჩამომწკრივებულს სოფლის სახლებს, გზის აქეთ-იქით, წინ ორიოდ-სამი ხე უმშვენებდა ეზოებს, რაც საქართველოში იშვიათია და ქართლში ხომ სანთლით არ მოიძებნება, თვით გზა გატკეცილი იყო და ორთავე მხრივ ღრმად ამოჭრილ არხებში ანკარა რუები მოუდიოდა. სოფელი მთლად ცარიელი იყო. მამასახლისის სახლის კარები გადმორაზული დამხვდა, სოფელში ჭაჭანებად არავინ მოსჩანდა. აქეთ-იქით მივიხედე და ერთ სახლის წინ დავინახე ერთი მოკუნტული ბებერი დედაკაცი, რომელიც მზის სხივებზე გვერდებს ითბობდა და თან პატარა ბავშვების თამაშობას თვალ-ყურს ადევნებდა.

- დედი, - დავეკითხე იმას, - რად აყრილა მთელი სოფელი? ნუთუ შენს მეტი მცხოვრები არავინ არის ამ სოფელში?

- ააა? - წაილუღლუღა ძალზე დაბერებულმა ბებერმა.

- ხალხი სად არის? მამასახლისი? დავიყვირე მე და ცოტა არ იყოს “ნაჩალნიკური” გული ყელში მომებჯინა, რომ ჩვეულებრივ გლეხკაცობა არ მომეგება.

- ხალხი? მამასახლისი? საყდარში, შვილო, საყდარში! კვირა დღეს სხვაგან სად იქნებიან. საყდარში არიან ყველანი. დღეს ნიკოლოზ მღვდელი ქადაგებას იტყვის და ყველანი იქ არიან. მარტო მე ბედკრული დავრჩი შინ, ყრუ ვარ და ბავშვები მომაბარეს.

“ჩაფარი მაშინვე დაფაცურდა, უნდოდა გაქცეულიყო საყდრისკენ და მათრახით მოელალა ჩემ თაყვნის საცემად უგუნური გლეხკაცობა, მაგრამ მე შევაყენე, რაღაცა ჩემებურმა თავაზიანობამ შემიპყრო და თითონ გავწიე ეკლესიისაკენ, რომელიც მაღლა ფერდობზე მდებარეობს და ძირს მის კალთებს ქვეშ გაშლილს სოფელს გადმოჰყურებს, თითქო მფარველობას უწევსო. ეკლესიაში შეველი და იქვე კარებთან სვეტს ამოვეფარე. საყდარი სავსე იყო სადღესასწაულოდ ჩაცმულ გლეხკაცობით. ტრაპეზის წინ პატარა, გამხდარი, ოდნავ ჭაღარაშერთული მღვდელი იდგა და აღტაცებით უხსნიდა გატაცებულ მსმენელთ იმას, თუ რა არის ქრისტეს უდიდესი მცნება: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

“მქადაგებლის პაწია თვალები ისეთის ცეცხლით იყო სავსე, მისი ლამაზი კი არა, მაგრამ მარილიანი სახე, ისეთის გრძნობით იყო აღზნებული, მის ტკბილს, მუსიკალურს ხმას ისეთის ლმობიერებით სავსე ძალა ჰქონდა, რომ მეც კი დამიმორჩილა, გულის სიღრმემდი ჩამწვდა და იქ რაღაც მიძინებული, დიდი ხნის უქმობით დაჩლუნგებული რელიგიური გულწრფელობა გამიღვიძა.

ქადაგება გათავდა და ეკლესიის ჩარდაგიდგან მოისმა მშვენიერი მწყობრი, ანგელოზებრივ გალობა, მლოცველთ მოწიწებით მუხლი მოიყარეს და სასოებით სავსე თვალნი მიაპყრეს აღსავლის კარებს, საიდგანაც მღვდელი და მთავარი ბარძიმ-ფეშხუმით გამოდიოდნენ. მე გაოცებული ვიყავი. ვინ ასწავლა ქართველ კაცს ლოცვა, რა მანქანებამ დაუბრუნა ეკლესიას? - იცი, ვინ იყო ის კურთხეული მოძღვარი, ის სულიერი მამა, ის ლმობიერების გამღვიძებელი ქართველ გლეხის დიდის ხნით ლოცვას გადაჩვეულ გულში? - ის იყო ჩვენი ძველი ნაცნობი, შენი საყვარელი და ნაქები ნიკო ბერიშვილი. და აი იმან აქ, ეკლესიაში, თავისი ძლიერებით პირველად დამამარცხა და თვალი გადამავლებინა ჩემს წარსულზე.

“მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ამ გაოცებისა და სახტად დარჩენისა, რაც მე შემდეგ ვნახე.

“წირვა გამოვიდა, ხალხი ჩუმად, წყნარად, ფიქრაღბეჭდილი სახით ნელ-ნელა გამოდიოდა საყდრიდგან და სოფლისაკენ მიემართებოდა. ეკლესიის სვეტს უფრო გაფრთხილებით მოვეფარე, რომ ჩემი მუნდირით და ჩემის ხარისხით არ დამერღვია საზოგადო მყუდროება და მხოლოდ ერთის საათის შემდეგ წირვის გამოსვლისა მამასახლისის თანამგზავრობით მივედი ბერიშვილთან.

“ბერიშვილი სდგას, დედაჩემო, იმისთანა სასახლეში, რომელთანაც ჩვენი ნაქები დარბაზები სოროებად გეჩვენება. მაგრამ კი არ იფიქრო, რომ იმ სასახლეს გაედიდკაცებინოს, სიმდიდრესა და ფუფუნებას შეეპყრას! არა. ეს ისევ ის ნიკოა და ისევ ის ტყავი ასხია. თავდაბალი, სადა, ზრდილი და კაცთმოყვარე, მხოლოდ სათნოება მოჰმატებია, რადგან ყოველი თავისი აზრი შეუსრულებია და საბრძოლველად აღარა დარჩენია რა.

“რასაკვირველია, ყველა ამ გარემოებამ ხელ-ფეხი შემიკრა და ნიკოს წინ ისე წავდექ, როგორც ცოდვილი შენდობის სათხოვნელად და არა ისე, როგორც მონდობილი მქონდა, ვით იუდა გამცემი და გამკიცხველი.

“დიდის მორიდებითა და გაფრთხილებით ვუამბე ჩემის მოსვლის მიზეზი და ავუხსენი ჩემი გაკვირვება, რომ გხედავ მღვდელადა-მეთქი, მაშინ როდესაც, როგორც მახსოვს, სასულიერო მოღვაწეობა არ გქონია საგნად ცხოვრებისა-მეთქი.

- მართალია, - ამოოხვრით მომიგო იმან, - მე სხვა გზით მინდოდა მიმეღწია საწადელისათვის, მაგრამ გარემოებამ მაიძულა ჯვარითა და სახარებით ხელში შევსდგომოდი ჩემის განზრახვის აღსრულებას და არ ვემდური წუთისოფელს, მივაღწიე სასუფეველს და განა სულ ერთი არ არის, რა გზითაც მივაღწიე? მაგრამ წამობძანდით, მე ყოველსავე გაჩვენებთ და, თუ დაინახავთ რასმე ჩვენს საქციელში გასაკიცხავს, გაჰკიცხეთ; ეგ თქვენის სურვილისა და გადაწყვეტილებისათვის მიმინდვია.

ჩვენ გავედით მოძღვრის ოთახიდგან გრძელ ტალანში და შევედით დიდ დარბაზში, რომელიც სამოსწავლო სკამებით იყო სავსე და ზედ რამდენიმე ახალგაზრდა გლეხის დედაკაცი სწერდა რვეულებზე; იმათ თავს ადგა შავებით ჩაცმული ქალი და წერას თვალ-ყურს ადევნებდა; ჩვენ შესვლაზე ის კარებისაკენ ზურგშექცეული იყო და, როდესაც ხმაურობაზე მოიხედა, მე გველნაკბენივით შევყვირე და, როგორც მოჩვენების დანახვაზე, უნებლიედ პირჯვარი გადავიწერე. ის, ის კი მთლად გაშეშდა, მხოლოდ მარჯვენა ხელი გულისაკენ გაივლო და მაგრა მოიჭირა მკერდზე. ოჰ, რა მშვენიერი იყო იმ დროს, რომ იცოდე, დედაჩემო! მისი დიდრონი ბრჭყვიალა თვალები, რომელიც უწინ კაცს სწვავდა თვისის სხივებით, ეხლა მხოლოდ ლმობიერებით ანათებდა; მისი თეთრ-წითლად გაღაჟღაჟებული სახე ეხლა მარმარილოდგან ნაკვეთს ქანდაკებას წარმოადგენდა. სადად გადავარცხნილი შავი თმა უჩენდა მშვენიერ გადაშლილ შუბლს, იმ სპეტაკ შუბლს, რომელიც წინათ პაწაწა კულულებით ჰქონდა დაფარული. შავი კაბა, თეთრი საყელო-სამაჯურებით, წმინდანის შეხედულებას აძლევდა და უნებლიედ იწვევდა რაღაცა პატივისცემას მის მიმართ. რამდენსამე წუთს ესე ვიდექით ერთმანეთის პირდაპირ მე და ლიზა, დიაღ ლიზა, დედაჩემო, ის ლიზა, რომელიც ცოცხალთა შორის აღარ მეგულებოდა და რომლის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა ჩემ სინდისს ათის წლის განმავლობაში.

ბოლოს ნიკომ დაარღვია ეს მომაკვდავი მდუმარება:

- ელისაბედ, თავადი ჯამბადრუკიანი, როგორც მოხელე, როგორც მცველი საზოგადო წესიერებისა, მოსულა ჩვენსას განსახილველად იმისა, თუ რას ვმოღვაწეობთ მე და შენ და ჩვენი მოღვაწეობა ხომ არ არღვევს საზოგადო მშვიდობიანობას.

- შვილიც მამის ხელობას შესდგომია? დაბეზღების ასპარეზი, სჩანს, მემკვიდრეობად გადაჰქცევიათ ბრწყინვალე თავადთ ჯამბადრუკიანებს! - გულის გამგმირის დაცინვით სთქვა ლიზამ და სახე მძულვარებით მოეღრიცა.

“თავში სისხლი ამივარდა, სირცხვილის ოფლმა დამასხა, მზად ვიყავ დედამიწაში ჩავმძვრალიყავ, მეწყევლა ჩემის გაჩენის დღე, მაგრამ რას გავაწყობდი? განა ღირსი არ ვიყავი იმისთანა გარდაწყვეტილებისა?

- ელისაბედ! შენ ივიწყებ, რომ ყოველი კაცი მოვალეა აასრულოს თავისი მოვალეობა. ბატონი “ნაჩალნიკი” მხოლოდ თავისს მოვალეობას ასრულებს, - ლმობიერად უთხრა ნიკომ ცოლს და მერე მე მომმართა: - აი, ბატონო, ეს დიდი და საუკეთესო ოთახი ჩვენ დავუთმეთ სასოფლო სკოლას. აქვე გვაქვს მოთავსებული პატარა სასოფლო ბიბლიოთეკა. კვირაობით კი ჩემი მეუღლე აქ ასწავლის, როგორც თქვენც ხედავთ, აქ ახლად მოყვანილ პატარძლებს, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან, კვირაში ორჯერ საღამოობით ჭრა და კერვასაც.

- რატომ მარტო პატარძლებს? - შევეკითხე მე ნიკოს.

- სხვებმა ყველამ იციან წერა-კითხვა და ჭრა-კერვაც.

- მთელ სოფელში?

- დიაღ! ჩვენ ბევრი დრო გვქონდა ამ ათ წელიწადში ამ ადვილი საქმის აღსასრულებლად. ახლაც ყურს ვუგდებთ, და რომ არ დაივიწყონ, წიგნების კითხვას ვაჩვევთ ნელ-ნელა.

შემდეგ ნიკომ გამიყვანა მეორე ოთახში, სადაც გამართული იყო ჩარდახები, ქანდარები და სხვადასხვა სააბრეშუმო იარაღი და მითხრა: აქ, ბატონო, ჩვენ ვამზადებთ აბრეშუმს და ვასწავლით მის შემუშავებას გლეხის ქალებს.

მესამე ოთახში მიჩვენა პატარა აფთიაქი. ამ ოთახის ერთ მხარეს შირმის უკან ორი სუფთად გაშლილი ლოგინი იყო; მე ამან ძლიერ გამაკვირვა.

- ეს საწოლები იმ შემთხვევისთვის გვაქვს, - მითხრა მოძღვარმა, - თუ დიდ ოჯახში გადამდები ავადმყოფობით გახდება ვინმე. ჩვენი სახლი სოფელზედ კარგა მოშორებით არის და ბევრჯერ ამ განცალკევებით სოფელი გადავარჩინეთ განსაცდელს. მეც და ჩემი ცოლიც ცოტაოდნად მიხვედრილი ვართ ექიმობას და, სანამ შეძლება ნებას მისცემს გლეხკაცობას თავისი საკუთარი ექიმი იყოლიონ, ჩვენ ვაძლევთ ცოტაოდენ შემწეობას.

მერე მაჩვენა დიდი ქვითკირის ბეღელი, სადაც ინახებოდა საზოგადო პური, მერე მარანი, მშვენივრად მოწყობილი ყურძნის საწურავი მანქანით, საქაჯავით და სხვ.

- ყველა ეს აქაურის გლეხებისა არის, - მიხსნიდა ნიკოლოზ მღვდელი. - საზოგადო ზვრიდან შემოსული ღვინო და საზოგადო მაღაზიის პური სრულიად ჰფარავს სასოფლო ხარჯს, სახელმწიფო გადასახადს, გზების შეკეთებას და კიდევ რჩება იმდენი, რომ ვინახოთ თანხის შესაგროვებლად, რომლის სარგებლითაც შეგვეძლება ვიყოლიოთ საკუთარი ექიმი, გავიჩინოთ რიგიანი საქონელი, შევიძინოთ ზოგიერთი სამეურნეო იარაღი და, თუ საჭიროდ დავინახავთ, მამულებსაც შევისყიდით მეზობელ თავადებისაგან.

- საზოგადო ვენახი რას ჰქვიან? თუ უკაცრავად არ ვიყვე, ამიხსენით,- დავეკითხე მე.

- ამ შვიდი-რვა წლის წინათ ჩემმა ცოლმა აჩუქა აქაურებს ოცდა ათი დღის მიწა, ერთი ფერდობის კალთებზე, მზის გულად, იმ პირობით, რომ სოფელს შემოეღობნა და თავისის მუშითა და შრომით გაეშენებინა ვენახი. რასაკვირველია, სოფელი დასთანხმდა და აგერ ოთხი-ხუთი წელიწადია ჩინებული მოსავალი მოსდით კიდეც. ვენახის გაშენების სასწავლებლად ჩვენ მხოლოდ მცოდნე მებაღე მოვიწვიეთ და იმის შემწეობით ის საზოგადო ვენახი დღეს ჩინებულის ვაზით არის სავსე და სამაგალითო მევენახეობის წესით ნაგები და შემუშავებული. აგრეთვე ღვინის დაყენება პირველში გვასწავლა მცოდნე მებაღემ და ახლა კი თითონ გლეხებიდგან არჩეული და სწავლული მებაღისაგან გაწვრთნილი მებაღეობს და აწარმოებს როგორც ვენახს, ისე ღვინის დაყენების საქმეს.

- თქვენ იმ ვენახიდგან კულუხს არ იღებთ?

- არა. მხოლოდ მაშინებისა და მარნის მოწყობაში დახარჯულ ფულს ცოტ-ცოტაობით გვიხდიან შემოსავლიდგან. გარდა ამისა, - განაგრძო ნიკომ, - გლეხებს აქვთ საზოგადო მინდორიც სახნავად. ისიც ოცდაათის დღისაა და ისიც ნაჩუქებია ჩემი ცოლისაგან. მთელი სოფელი ხნავს იმას, ანოყივრებს და როგორც მარჯვენა თვალს, ისე ულოლიებს. წელს კერძო მამულებიდგან დღიურზე საშუალო რიცხვით თორმეტი კოდი გამოვიდა და საზოგადო მინდვრიდგან კი ოცდახუთს გადააჭარბა. ეს ბეღელი სავსეა ჭერამდის და მხოლოდ მაშინ გავყიდით, როდესაც მომავლის წლის მოსავლის პირს დავინახავთ. ახლა კი, მე მგონია, ყოველივე აგიხსენით, - წყნარად მითხრა ნიკომ. - რასაც დაასკვნით, ეგ თქვენ ხელთ არის.

- დიდად გმადლობთ, - დაბლა თავის დაკვრით ვუთხარი მე, - მხოლოდ ორიოდე რამეს კიდევ გკითხავთ.

რასაკვირველია, დედაჩემო, მიხვდები, რომ ჩემი გამოკითხვა პირად ჩემს ცნობისმოყვარეობას შეეხებოდა და არა ჩემზე მონდობილ გამოძიებას.

- ვინ განაგებს ყველა მაგ საქმეს, ვინ ხელმძღვანელობს ყველა მაგ დაწყობილებას?

—რასაკვირველია, ჯერ მე და ჩემი ცოლი და შემდეგისათვის კი ვამზადებთ თვით მცხოვრებთაგან გამგებელთ. ჩვენ ყოველ წელიწადს ვგზავნით ქალაქში უკეთესის ნიჭის ყმაწვილებს და შემდეგში ისინი დაიჭერენ ჩვენ ალაგს. აი მალე მოგვივლენ რამოდენიმე ჩინებულად მომზადებული ხელოსნები, ამ სოფლის შვილნი და იმათ დახმარებით წავუმატებთ კიდევ ერთ საქმეს: დავაარსებთ სახელოსნოს, სადაც სოფლის სკოლაში დამთავრებულები გადავლენ სახელოსნოში ხელობის შესასწავლად.

- ხარჯი, ხარჯი ყველა მაგ დაწყობილებისა საიდგან მოდის, რა წყარო გაქვთ, რა სიმდიდრე?

- ხარჯი? განა არ მოგეხსენებათ, რომ ჩემს ცოლს დარჩა თავისის პაპისა კარგა რიგიანი მემკვიდრეობა? ის მემკვიდრეობა ჩვენ ისე მივიღეთ, როგორც ღვთის განგებით მოვლენილი წყალობა და საშუალება სიკეთის დასათესად და ისე ვიხმართ, როგორც ზეციერ მამას ესიამოვნება და ჩვენს ბუნებრივს და ზნეობრივს მოთხოვნილებას შეესაბამება.

- ნუთუ პირადი ცხოვრება შესწირეთ საზოგადოს? ნუთუ კაცი მოკვდა თქვენში და მხოლოდ აზრიღა მფლობელობს?

- სრულიადაც არა. ყველას თავისებურად ესმის სიცოცხლე, ჩვენ მხოლოდ ამგვარი სიცოცხლე ავირჩიეთ და ჩვენებურად დიდი ბედნიერებიცა ვართ.

- ლიზაც თანაგიგრძნობთ? თუ მხოლოდ ემორჩილება თავისს ხვედრს? - ამის თქმაზე საშინლად გავწითლდი, შუბლზე ოფლი წამომადგა. რა უფლება მქონდა ასეთი რამ მეკითხნა? მაგრამ გული ვერ დამეჯერებინა, ვერ წარმომედგინა ლიზას ამგვარი შეცვლა.

ნიკო გაფითრდა და თითქო იუარა პასუხის მოცემა, მაგრამ ერთს წამს შემდეგ დამშვიდდა და ლმობიერად მიპასუხა: ელისაბედი არის სული ყოველის საქმისა და იმგვარის გატაცებით მიისწრაფვის წინ, როგორითაც მხოლოდ დედაკაცს შეუძლიან. ის სწუხს მხოლოდ იმას, რომ ცოდნა და გარემოება ნებას არ აძლევს ყოველგან ბედნიერება და კმაყოფილება გააუფლოს, ყველა ნაკლი შეავსოს, ყველგან უკვდავების წყარო ადინოს!

- რამ შესცვალა აგრე, რამ აქცია დედაკაცი მოციქულად? - შევსძახე მე.

- უბედურებამ! - მოკლედ მითხრა ნიკომ და მისი პატარა თვალები ცრემლებით აივსო. მე დედამიწამდე დავიხარე, რომ ჩემი შერცხვენილი პირისახე არ მეჩვენებინა მისთვის და გავშორდი საოცარ მღვდელს. მისი მეუღლის ნახვა კი ვეღარ გავბედე, თუმცა მზად ვიყავ ხელზე მოვხვეოდი და მის წინ შენანიების ნიშნად მუხლი მომედრიკნა.

შენი იასონ”

“P. S. “მამაშენი ლოგინად არის, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ აქვსო”, - მწერ და, შენ და ჩემდა სამარცხვინოდ, ეგ გარემოება არ მაღელვებს, პირიქით, მას შემდეგ, რაც ზემოთ აღგიწერე, ჩემი აზრი განუყრელად ულოლიებს ამ იმედს, რომ მალე ჩემი სახლი ჩემ საკუთრებად შეიქმნება და მამაჩემის ბატონობის ქვეშ აღარ დამჭირდება ჩვეულებრივი მონური მოძრაობა და შენის დახმარებით, ჩემო ტანჯულო მშობელო, და ნიკო ბერიშვილის ლოცვა-კურთხევით ჩემი მოქცევაც შესაძლებელი შეიქმნება!”

“უბედურებამაო”, - სთქვა ნიკომ, - ნუთუ მხოლოდ უბედურებას შეუძლიან კაცს ბედნიერების გზა აპოვნინოს?

იასონ”

??????