მრევლში
- განა მე თვითონ არ მაწუხებს ასეთი ჩემი მდგომარეობა, თქვე დალოცვილებო?! კი გეთქმისთ საყვედური, კი!.. ხშირად გაკლივართ… თქვენს დროზე არა გყავთ მღვდელი, მოკლებული ხართ მღვდელმსახურებას, მაგრამ რა გიყოთ, ჩემო კეთილებო, რა ვქნა, რომ ასე არ იქნეს!.. მღვდელი ახლოს გინდათ გყავდეთ, ამისათვის ბევრს ვეცადე, მაგრამ რა გზით შემოვუარო ამას, როცა მთელ სოფელში ვერსად ვერ ვიშოვე საქირავოდ სადგომი!.. თუმცა ჩემთვის მეტისმეტი გასაჭირი იქნებოდა ქირის გადახდა, მაგრამ ვინ ოხერი თავს არ შეიწუხებდა, ოღონდ კი თქვენგნით საყვედური ამეცილებინა... იცის ღმერთმა, რომ ვწუხვარ, მეტად ვწუხვარ ამ ჩემი მდგომარეობისათვის, მაგრამ საღსარი ვერავითარი მიპოვნია... ვარ გაბმული ამ გზაში, დავწანწალობ ჩემი სახლიდან ამ თქვენს სოფლამდინ, მარტო გზას ვუნდები; ეკლესიაზედაც დაშორებული ვარ და მრევლზედაც... მოძღვარი მქვია - და ეს მიკლავს გულს, რომ ამნაირი სახელი მქვია და ნამდვილად კი რა მოძღვარი ვარ?! ა, წირვა გამოვიყვანე და სახლისკენ უნდა გავსწიო ახლავე, თორემ გზაში შემომაღამდება... რა ვქნა, აღარ ვიცი, ღმერთმანი! სულ ამაზე ვფიქრობ და იცის ღმერთმა, რომ მეტად ვწუხვარ ამგვარ ჩემს მდგომარეობისათვის...
- შეეწიეთ, შეეწიეთ... ყველა შევეწიოთ, ავუშენოთ ერთი პატარა სადგომი ამ ჩვენს ეკლესიასთან და მღვდელიც ახლოს გვეყოლება და ყოველივე უკმაყოფილება და სამდურავი მოისპობა მოძღვარსა და ჩვენს შორის!.. - თქვა მოხუცებულმა აზნაურმა, რომელიც იქვე იჯდა საფლავის ქვაზე და ამ სიტყვებზე წამოდგა.
- თქვე დალოცვილო, ჩვენთვის ვერ დაგვიდგამს სახლი, ქოხებში ვყრივართ, მღვდელს სად ვუშოვნოთ სადგომი? - წამოიძახა მოხუცებულმა გლეხმა და სხვებმაც ბუტბუტით ბანი მისცეს.
- აბა რა ქნას ამ ადამიანმა? - განაგრძო მოხუცებულმა აზნაურმა. - რა ქნას ამ ადამიანმა?..
- ბატონო, მღვდელი წინათაც გვყოლია, მაგრამ მათთვის სადგომი არ გვიშენებია, მაგ რაღა შეიქნა?!
- რომ გყოლია, ჩემო კიმოთე, ის შენი მეზობელი იყო, ამ სოფლის მცხოვრები... დღეს კი ამ შენს მეზობლებში აღარავინ გყავს იმისთანა, რომ მოძღვრად გამოსადეგი იყვეს და აგერ გამოგიგზავნეს განათლებული ადამიანი, შესმენილი და მცოდნე... იმ შენს უწინდელ ყრუალა მღვდელთან ვერ მიადარებ ამას, უკაცრავად!..
- ეგ კაი დაგემართოსთ, ბატონო, კაი იყვეს... განათლებული მოძღვარი, რასაკვირველია, ჯობია გყავდეს, მაგრამ მეტ ტვირთად გვაწვება, ბატონო ნესტორ!.. ჩვენ ჩვენი საკუთარი გაჭირვება გვეყოფა, ძლივს სული გვიდგია ტანში, ჩვენ მაგისაგან მოველით შველასა და დახმარებას, ჩვენი გაჭირვების გაადვილებას, და ამის მაგიერად ტვირთად გვაწვება... დასაბინავებლად ჩვენ გვიხდება და შესანახავად... ჩვენც ცოდვანი ვართ!
- მართალია, მართალი! - მოისმა იქით-აქედან ხმები ამ სიტყვაზე.
ახალგაზრდა მღვდელს ეტყობოდა ისრებივით ესობოდა გულში განაგონი, აღელვებული ხან წვერს ისწორებდა, ხან ულვაშებს იგრეხავდა ათრთოლებული ხელით.
- გთხოვთ, თავი დაანებოთ ამ ლაპარაკს! - მიმართა მან რუსულად მის მომხრე აზნაურს.
- მომითმინე, მომითმინე, მამაო!.. ნუ გეწყინება, ამათ ასე იციან ჭიჭყინი - რუსულადვე მიუგო ნესტორმა მღვდელს და მერმე ისევ ხალხს მიმართა: - ნუ ჯიუტობთ, ნუ, ნუ... შევუწყოთ ხელი ამ ჩვენს მოძღვარს, დავაბინავოთ ჩვენს მახლობლად, მეზობლად ვიყოლიოთ და ჩვენც უკეთ გვემსახურება... ავაგოთ პატარა სახლი ამ ეკლესიასთან და სამიდღემჩიოთ თავისუფალი ვიქნებით ყოველ უკმაყოფილებისაგან მღვდელსა და სოფელს შორის... ჩვენი სოფლის კაცის მღვდლად ნახვას მოვესწრებით თუ არა ოდესმე, ვინ იცის!.. ჰო, და ამაზე ყოველთვის გვექნება ერთი ლაპარაკი და ყაყანი... და ბარემაც გადავსწყვიტოთ და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკის განახლებას!.. ხომ ყველა ვხედავთ არ გვარგია, ასე შორს მოძღვრის ყოლა!.. ჩვენი ვალია, ყოველივე ღონე ვიღონოთ და დევიახლოვოთ იგი... ჰო, ნუ ყოყმანობთ!.. გადასწყვიტეთ და ის იქნება!..
გლეხებს შორის ყოყმანი ატყდა. ესეც ლაპარაკობდა, ისიც; ყველას უკმაყოფილების სიტყვა ადგა პირზე. მღვდელი ძლიერ უხერხულად გრძნობდა თავის თავს და გაქცევასაც აპირებდა, რომ მოხუცებული ნესტორის ხათრი არა. მის ყურთასმენას არ გამოპარვია თითქმის არც ერთი სიტყვა გლეხებში ნათქვამი და ეს იყო მიზეზი, რომ იგი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა. უეცრად იგი შეინძრა მთელი სხეულით, ისარნაკრავივით მიტრიალდა მარცხნით და აცახცახებულმა უცნაური ხმით წამოიძახა:
- მართალია, მართალი, ევთიმე ბატონო, მართალი!
ყველანი შეჩერდნენ. ჩამოვარდა სიჩუმე. შუახნის გლეხი, რომელსაც მიმართა მღვდელმა, სახედაბნეული იდგა და დარცხვენილივით იყურებოდა გაჯავრებულ მოძღვრისაკენ.
- სწორედ მიმხვდარი ბრძანდები... დიახ, იმისათვის ვცდილობ თქვენთან დაახლოებას, რომ თვალები მაქვს გამოპრაწული თქვენს სარჩოზე ვიწყო ცხოვრება!.. ძალიან მიმიხვდი, ძალიან, ისე შენ გეშველა!.. ფუი შენს კაცობას! შენისთანა კაცთან ღირს ადამიანმა ხმა ამოიღოს?!. შეგირცხვათ ნამუსი! - ერთბაშად წამოისროლა მამა ზოსიმემ, აძაგძაგებული ხელით ჩამოიფხატა შუბლზე თავისი ფართო კიდეებიანი ქუდი და გაშორდა სახტად დარჩენილ ხალხს.
მაგრამ მერე ისევ მოტრიალდა, მივიდა თავის მომხრე მოხუცებულ აზნაურთან:
- მშვიდობით ბძანდებოდეთ! - უთხრა მან, ხელი ჩამოართვა და ისევ გაშორდა ამ გროვას.
სახეწამონათებული, თვალებამღვრეული იგი შეჩერდა ერთ ადილას და იქით-აქეთ იცქირებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა ეკლესიის გალავანში. კარგა ხანს იდგა იგი იმავე ადგილას ბურანში გახვეული, გარეტიანებულივით და სრულიად არაფერი ესმოდა, რას ეუბნებოდა მასთან მიახლოვებული ახალგაზრდა გლეხი ბიჭი და დიდხანს ვერ შენიშნავდა მას, რომ ბიჭს თავის მიმართვის გამეორებაზე შემაღლებული ხმით არ წარმოეთქვა თავისი სათქმელი.
ამ ხმამაღლა დაძახებამ გამოარკვია მამა ზოსიმე, მოიხედა და, ბიჭი რომ დაინახა, კუშტად მიმართა:
- რა გინდა?
- ჩემთან უნდა წამობძანდე ახლავე, მამაო!
- რა ამბავია? - ისევ კუშტად და წარბებშეყრით შეეკითხა გულმოსული მღვდელი.
- ბიჭი გვყავს, ჩემი უფროსი ძმა, მწარე გაჭირვებული.
- მერე?
- ზიარება გვინდა! - თქვა ბიჭმა და თვალებზე ცრემლები მოადგა. - მალე, შენი ჭირიმე, მალე!.. ჯავრისაგან დედაც გადამერევა, ისეა!.. ნუღარ დაიგვიანებ, მამაო!
- წადი, ი სულელი პეტრია დარაჯი მონახე... ჯორი გეიყვანეთ ჭიშკართან!.. ლოცვანს გამოვიტან... მოვალ ახლავე!..
- აბა დროზე ქენი, შენი ჭირიმე! - თქვა ბიჭმა და გაიქცა პეტრიას მოსანახავად, მაგრამ ისევ მოტრიალდა და მღვდელს მიმართა: - არაფერი წამალი არ მიუდგა... ეგებ ლოცვამ უშველოს... ლოცვაც უნდა წაუკითხო!
- კარგი, კარგი!.. რაც გითხარი, შენ ის ქენი! - მღვდელი შევიდა ეკლესიაში, გამოიტანა იქიდან ლოცვანი, უბრძანა მნათეს ეკლესია დაეკეტნა. ვეღარ მოითმინა, საყვედური არ წარმოეთქვა ამასთან მედავითნეს შესახებ, რომელიც მისდა უკითხავად სადღაც გამქრალიყო და მერე აჩქარებული ნაბიჯით გალავნის ჭიშკრისაკენ გასწია.
პეტრია უკვე იქ იყო ჯორიანად.
- შენ ჩემთან უნდა წამოხვიდე! - მოკლედ ესროლა მღვდელმა სიტყვა. - ეს წამოიღე შენ! - და მან ლოცვანი გაუწვდინა მას.
- კი ბატონო! - ხალისიანად მიუგო პეტრიამ, ავჟანდი დაუწია მღვდელს და ჩამორთმეული ლოცვანი ამოიდო იღლიაში.
ზოსიმე მღვდელმა ერთი თვალი გადაავლო ნამალევად ცაცხვის ქვეშ ისევ მოლაპარაკე გროვას და გულნატკენმა, გულამღვრეულმა გასწია შეწუხებულისაკენ.
მაშ ეგრე, მამა ზოსიმე მხოლოდ მძიმე ტვირთია თავის მრევლისა?! თვალები აქვს გამოპრაწული, რომ თავისი სულიერი შვილების წანაგლეჯით გამოიტანოს თავი? იმის მაცადინია, რომ თავისი თავი სოფელს შეაპაროს და სარჩენად გაუხადოს მას თავისი ოჯახი?! ესაა, რაც დაიმსახურა მან ამ ხალხის თვალში! ეს არის ამ ხალხის შეხედულება მასზე... ამნაირი ურთიერთობაა მოძღვარსა და სამწყსოს შორის... წაგლეჯაზე თვალებგამოპრაწული მოძღვარი!.. მძიმე ტვირთი, რომლის შორს ყოფნას რჩეობენ! - განა ამის გაგონება გულს არ მოუკლავდა ახალგაზრდა მოძღვარს, რომელიც სულ სხვა იმედებით მოდიოდა ამ ხალხში, რომელსაც ეგონა, ამ ხალხში შეიტანდა პატივისცემას მისი წოდებისადმი, შეაყვარებდა იმათ სახელს, ვინც მქადაგებელია სიყვარულისა მოყვასისადმი, ვინც განმანათლებელია სულისა, გამწმენდი გულისა ყოველივე მძულვარებისა და ბოროტებისაგან.
სადაა მერე ეგ ყოველივე?! სადაა რაიმე ნიშანი კეთილგანწყობილებისა მოძღვარსა და სამწყსოს შორის?! სადაა სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, იმედი?! სადაა ყოველივე ის, რაზედაც იგი ოცნებობდა სემინარიაში თავის ამხანაგებთან, რომლებთან იგიც ემზადებოდა მომავალი მოღვაწეობისათვის?!
უბინაო, ღატაკი, ღატაკებით გარშემოხვეული, რომელთა ნაოფლარითაც თავი უნდა ერჩინა - საიდან, რა გზით უნდა დაბადებულიყო ნდობა, სიყვარული, თანაგრძნობა მათ შორის?!
თვალებგამოპრაწული მოძღვარი?! - ეს ისეთ ტკივილებს აგრძნობინებდა ახალგაზრდა მოძღვარს, ისეთნაირი სევდით უვსებდა გულს, რომ იგი მზად იყო ეტირა, ეტირა, რადგანაც ასე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდის, სანამ ამ ძულებაში არ დალევდა სულს და არ გამოეთხოვებოდა ამ წუთისოფელს.
და იგი სწყევლიდა თავისთავს, რომ ეგრე უგუნურად შეეჭიდა, იტვირთა ასეთი საშინელი მოვალეობა, იდვა თავზე ასეთი მძიმე საქმე, რომ მიიღო სახელწოდება, რომლისადმი მხოლოდ სიძულვილს ავრცელებს ხალხში სრულიად თავისდა უნებურად, თავისდა გულსაკლავად.
აღელვებული, გულშეწუხებული მღვდელი, რომელსაც სისხლი საშინელი სიჩქარით მიურბ-მოურბოდა ძარღვებში, მოუსვენრად სცემდა ქუსლებს პატარა ჯორს, რომელიც თანდათან უმატებდა ჩიქჩიქს და ჯორთან ერთად გაჭირვებაში აგდებდა ხნიერ პეტრიასაც, რომელსაც არ უნდოდა უკან ჩამორჩენოდა თავის მოძღვარს და ამიტომაც, ლოცვანით იღლიის ქვეშ, ჩოხის კალთები ამოეკეცა და ოფლში გაწურული ჩანჩალით მისდევდა უკან.
პეტრიამ უკვე იცოდა, რაც ამბავი მოხდა, რარიგად გააპილპილეს ყმაწვილი მღვდელი და სწორედ მისდა გულის დასაშოშმინებლად, სიმწარის დასაამებლად ხმამაღლა გაიძახოდა ქლოშინით მამა ზოსიმეს გასაგონარად:
- ნამეტანი გადასხვაფერდა ეს ხალხი... ნამეტანი გადასხვაფერდა... სულ გამოიცვალა! რას იზამ ადამიანი! ნამეტანი შეუსმენელი შეიქნა!.. გეირყვნა ქვეყანა, ნამდვილად გეირყვნა, რომ ვუყურებ! მარა რას იზამ კაცი, რას იზამ?!
მაგრამ მამა ზოსიმეს ან არ ესმოდა ეს სიტყვები, ანა და, თუ ესმოდა, ისინი სიმწარის შემმატებლად ხვდებოდნენ, ალბათ, იმიტომ რომ იგი ჯორს თანდათან უფრო აჩქარებდა, თითქოს პეტრიას უკან ჩამორჩენას ცდილობდა; მაგრამ ეს უკანასკნელი თავისას არ იშლიდა, თავმოძულებით, თითქმის სირბილით მისდევდა უკან მღვდელს, ხტოდა ქვებზე, როცა ტალახი შეხვდებოდა, იწურავდა ოფლს და თან თავისას გაიძახოდა, თუ როგორ გაირყვნა სოფელი, რა შეუსმენელი შეიქნა და თავიანთ სიბრიყვეში კაცის ცნობის უნარიც როგორ დაჰკარგეს.
გვარიანი გზა, აღმართ-დაღმართიანი, უკვე გაიარეს ამრიგად, როდესაც ერთ ადილას მათკენ მომავალი მღვდელი შეხვდათ.
- მამა ზოსიმე, მამა ზოსიმე! - შემოსძახა შემხდურმა. - მამაო, გეტყობა გულნაწყენი უნდა იყვე!.. სძლიე, სძლიე, მამაო, ჯერ ახალგაზრდა კაცი ხარ... მომავლისათვის შეინახე თავი! სძლიე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ! პირჯვარი გადისახე, ფუი ეშმაკსა-თქვა და გათავდა! - მხიარულად და სულდაუთმელად მოაყოლა ამ ხანში შესულმა ჭაღარამორეულმა მღვდელმა, რომელმაც ჯორი შეაჩერა, ქუდი უკან გადაიწია და ცოტათი გამოაჩინა თავისი მელოტი შუბლს ზევით.
- სად მიბრძანდები, მამაო მიხეილ? - შეეკითხა ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ მამა ზოსიმე.
- ქუთაისში, აგერ ეს ვაჟბატონი მიმყავს, ეგებ გვარი დაამშვენოს თავის ჭკუითა და სწავლა-განათლებულობით! - და ამ სიტყვებთან მან თავი მიიბრუნა უკან პატარა, ათი-თორმეტი წლის ბავშვისკენ, რომელიც უკან შემოჯენილი ჰყავდა ჯორზე, ძალზე მიჰკროდა მამა მიხეილს წელზე შემოხვეული ხელებით, რადგანაც საჯდომი ადგილი უნაგირს იქით ჯორის გავაზე მეტად პატარა დარჩენოდა; ისე მიჰკვროდა, რომ მამის ანაფორაში გაჰხვეოდა თავი და სახე სრულიად არ უჩანდა.
- სასულიერო სასწავლებელში, მამაო?
- დიახ, დიახ!.. ჩვენ ქე გვწუნობთ, თქვე დალოცვილებო! - სიცილით თქვა მამა მიხეილმა, - დასაწუნიცა ვართ!.. ამ თრევაში, ამ ხალხთან ყაყანში სულ გამომელაყა თავი... რაც რამ იყო შიგ, სულ ერთიანად გამოიფიტა, გაფრინდა სადღაც... რავარც პური გაფრინდება, სწორედ რომ ისე! თუ არა ჩვენს დროზე ვითომც არაც ჩვენ გვიჭირდა!.. მეც ვიცოდი რაღაც-რაღაცეები... მახსოვს, გიშპანიის ზღვას გვასწავლიდნენ, თეთრ ზღვას, პეჩორის ლავრას... მარა დღეს სადაა ეს გიშპანიის ზღვა, ან ეს თეთრი ზღვა, ან პეჩორის ლავრა - ვეღარაფერი გევიგე!.. თავი მომწონდა წინათ და ახლა ამ თითის სიგრძე ბავშვმა მაჯობა... სადაა, ბიჭო, თეთრი ზღვა? არც შენ იცი, შემარცხვინე კაცი?! გიშპანია?! ხა, ხა! - გადიხარხარა ხუმარა და ენაწყლიანმა ხუცესმა.
სწორედ ამ დროს უკან ჩამორჩენილი პეტრიაც, აქლოშინებული, მოუახლოვდა ამათ და, რა დაინახა მამა მიხეილი, დაბლა თავი დაუკრა და შენდობა სთხოვა.
- ა, პეტრიანთი, პეტრიანთი, პეტრიანთი! - მიაძახა, დაინახა თუ არა, მამა მიხეილმა. - რასა იქ, პეტრიანთი?.. კანჭიანთის ამბავი რავაა, პეტრიანთი?.. კანჭიანთის ამბავი... მამა ზოსიმეს! ხა, ხა, ხა!.. კაი სუქანი კანჭიანთი!..
- სუქანი კანჭიანთი სადღა იქნება, შე დალოცვილო, ღორის გამოსაშობი ადგილი რომ აღარ არის!.. რითი გასუქდება, ყველას ბაწარზე უბია თავისი ღორი!.. სუქან კანჭიანთზე ჩვენც გვწყდება გული, მამაო, მაგრამ რას იზამ კაცი, რას იზამ?!
- რატომ მერე, რატომ, პეტრიანთო! კაი სუქანი კანჭიანთი გულს გაამხიარულებს, ხომ იცი!.. მამა ზოსიმესაც კანჭიანთი გულს გაუმხიარულებს, ხომ იცი!.. მამა ზოსიმესაც სხვანაირ გუნებაზე მოიყვანდა... ეგებ ახლა კიდეც მოგელოდესთ კაი ბურუხუნა კანჭიანთი, ა?.. ხა, ხა, ხა!.. კანჭიანთზე მიხვალთ? - სიცილით შეეკითხა ხალისიანი ხუცესი.
- საზიარებელი მყავს აგერ, - მიუგო ზოსიმემ.
- საზიარებელი?.. ოჰ, აბა უკაცრავად, უკაცრავად! არ მეგონა, თორემ ამდენხანს არ გაგაჩერებდი ამ შარაში. უკაცრავად... მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ! - თავი დაუკრა ზოსიმეს, შემოჰკრა დეზი თავის თაგვის მსგავს ჯორს და მოსაუბრენი გაშორდნენ ერთმანეთს.
ახალგაზრდა მღვდელმა ვერ მოითმინა, ერთი არ მოეხედნა ამ უცნაური ღვთის მსახურისაკენ, და საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. ნუთუ ეს მიხეილა ხუცესი მისი მომავლის გამოხატულებაა? ნუთუ მასაც მოელის ასეთი ბოლო? ნუთუ მასაც გაუხდება საკითხავად, არის თუ არა დღეს სადმე გიშპანიის ზღვა, ან სადაა პეჩორის ლავრა და სამწუხარო გაუხდება ”ბურუხუნა კანჭიანთების” მოკლება ღორების გასაშვები ადგილების უქონლობის წყალობით?
- ოჰ, ღმერთო, ღმერთო! - უნებლიეთ ხმამაღლა წამოიძახა ზოსიმემ და სწორედ იმავე დროს უკან ჩამორჩენილ პეტრიას ძახილიც მოესმა:
- შეუხვიე, მამაო, მანდ შეუხვიე!.. მაგ ჭიშკარში!
ზოსიმემ თავი აიღო და მხოლოდ ახლა დაინახა, რომ მისულიყო ავადმყოფისას. შეიყვანა ჯორი გაღებულ ჭიშკარში და, დაბალი ისლით გადახურული სახლის დერეფანთან გადმომხტარმა, ჯორი შემოგებებულ ალფეზა-ბიჭს გადასცა. ამ დროს პეტრიაც გაჩნდა ეზოში.
- ჩალა უშოვე მაგას! - უთხრა პეტრიამ ბიჭს, როცა ის ჯორს ბოძთან აბამდა.
გადმოხურულში მღვდელს შემოეგება თავშეფუთვნილი მოხუცებული დედაკაცი, რომელიც მოწიწებით მივიდა ზოსიმესთან და ხელზე ემთხვია. ეს იყო ავადმყოფის დედა, მოხუცებული ანუსია.
- აბა, სადაა ავადმყოფი? - იკითხა ზოსიმემ და სახლში შევიდა. - აქა მშვიდობა! - წარმოთქვა მან.
სახლში მეტად ბნელოდა.
- ის მეორე კარიც გააღეთ! ამნაირ სიბნელეში შეიძლება ყოფნა?! - დაატანა მღვდელმა უკმაყოფილოდ.
ანუსია ეცა კარებს ბრძანების ასასრულებლად. შემოსულ სინათლეზე ახლა შესაძლებელი იყო ადამიანს გაერჩია იქაურობა. კედლის სიგრძეზე გაყოლებულ ვიწრო ტახტზე თავბოლოში ქვეშაგებებში ორი ადამიანი იწვა, როგორც ეტყობოდა. იქითა თავში მწოლარე, რომლის თვალებიც შემკრთალივით გამოიყურებოდნენ ცხვირამდის წახურული საბნის ქვეშიდან, ზოსიმემაც იცოდა, რომ ალფეზას და იყო, ელიზია, უკვე დიდი ხნის ავადმყოფი გასათხოვარი ქალი.
- ეს არის ალექსი? - მიუთითა მეორე ქვეშაგებზე ზოსიმემ. მწოლარე თავიანათ იყო გახვეული საბანში.
- ალექსი გახლავთ! - ძლივს გასაგონი, მისუსტებული ხმით, რომელშიაც ცრემლები ისმოდა, უპასუხა მოხუცებულმა ანუსიამ.
- გადახადეთ საბანი!
ანუსია თითქმის შეხტა ტახტზე და მუხლებზე წაჩოქილმა ნელა დაუწყო საბნის გადაძრობა ავადმყოფს პირიდან.
- ალექსი, შვილო!.. გამოიხედე!.. მოძღვარი მობრძანდა!
ოფლში გაწურულმა, პირზე წამოწითლებულმა ავადმყოფმა ერთი კი გამოიხედა მღვდლისაკენ და ისევ დახუჭა თვალები.
- რასა იქ, ალექსი, ა?.. რა უნდა შენთან ავადმყოფობას, შე კარგო კაცო! - შეეხუმრა ვითომ ზოსიმე ავადმყოფს.
- ვკვდები, ბატონო! - ძლივს გასაგონი ხმით წამოიფუჩუნა ავადმყოფმა.
- ნუ გეშინია, ნუ!.. ასე მალე შეგაშინა ავადმყოფობამ? ჰეი, შე გლახა! შე კარგო კაცო, ადამიანი ხარ, ხან კარგად იქნები, ხან ავად, რა ვუყოთ! - ასე ანუგეშებდა ზოსიმე ალექსის, მაგრამ ნათლად ხედავდა, რომ კაცი განსაცდელში იმყოფებოდა.
ეს წყვდიადი, რომელიც ამ სახლში დამყარებულიყო და რომელიც ისე უსიამოვნოდ მოხვდა გულზე პირველი ფეხის შემოდგმისთანავე, ეს სიღარიბე, ეს სიღატაკე, ამ სახლის ყოველი კუთხიდან რომ გამოსჭვიოდა, ეს საწყალი ავადმყოფები, რომელთა უსაშუალობაც თვალებში ეჩხირებოდა, ეს მუმიასავით შეფუთვნილი მოხუცებული დედაკაცი, ჩუმად რომ ცრემლებს ღვრიდა, თავისი უღონობა ამათი შეწევნისათვის, - ყოველივე ეს კიდევ უფრო ნაღველს უმატებდა მის ისედაც დანაღვლიანებულ გულს, მწუხარებას უმწვავებდა, უნუგეშობაში აგდებდა, ამ ცხოვრებას ყოველსავე სინათლეს აკლებდა და ყოველსავე სასოწარკვეთილებას უკვეთავდა. სევდით მოცული გული, ამღვრეული სული, შემოწოლილი გრძნობა გამოთქმას ითხოვდა, იწვევდა საღაღადებლად, ხმამაღლა წარმოთქმას თავისი უნუგეშობისას, თავისი სევდიანობისას.
- ლოცვანი! - წამოიძახა მან და ათრთოლებული ხელით დაუწყო ფურცვლა წიგნს. გადიგდო უკან შუბლზე გადმოშლილი თმა და პირჯვრის წერით განსხვავებული ხმით გაიძახოდა, ხმით, რომელშიაც მოისმოდა სიმწარე და მხურვალე ვედრება გულშეწუხებული ქმნილებისა:
- უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემნი...
- მღვდელს “ზაკუსკა” დასჭირდება, ხომ იცი, შორი გზა აქვს... თქვენც შეაგვიანეთ კიდევ... დილიდან უჭმელია... ხომ გაქვთ რამე? - გადულაპარაკა პეტრიამ ალფეზას.
- კი მაქვს, კი! - მიუგო ალფეზამ.
პეტრიამ მღვდლისკენ მიიწია.
ეს კი, გულდაჩაგრული, გულაჩვილებული ამ უნუგეშო სურათებით, რომელიც ყოველ ფეხის გადადგმაზე თვალწინ ეშლებოდა, დამონებული ამდენი ტანჯვა-გაჭირვების მზერით, მხურვალედ ევედრებოდა ზეცას შვებას, მოწიწებით ითხოვდა იმედს, სიხარულსა, რათა მას მიეღო მსხვერპლად მისი შემუსვრილი სული, გული შეწუხებული და დამდაბლებული.
- ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა... ყურად იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი! გაიძახოდა იგი მუხლმოდრეკილი.
ამ ღაღადებაში, ამ მხურვალე ლოცვაში მან იჯერა გული და თითქოს რაღაც შვება იგრძნო ამ ხმამაღლა ძახილში თავისი უნუგეშობის და სასოწარკვეთილებისა; თითქოს ისევ მოიპოვა მან სულის მშვიდობა. დაკეცა ლოცვანი, გადასცა იგი პეტრიას, უბიდან ამოიღო პატარა ხატი, გახსნა იგი და ავადმყოფს მიაწოდა წმიდა საიდუმლო.
კუთხეში მიკრუნჩხული პატარა გოგო თაგვივით გამოიყურებოდა და გაკვირვებული თვალებით მისჩერებოდა მაღალი ტანის უცნაურ კაცს.
ზოსიმემ აზიარა ავადმყოფი.
- ნუ შეშინდებით, ღმერთი მოწყალეა! არაფერია საშიშარი! ნუ გაფთხალდებით! შენ რას შვები, ელიზია? - მივიდა ზოსიმე მეორე ავადმყოფთან. - ასე უნდა იწვე, შე ქალო, აღარ აპირობ ადგომას?! - უხუმრა მას.
გაყვითლებულს, ლოყებჩაცვივნულს პირისახეზე უცნაურად მბზინავი თვალის კაკლები შეთამაშდნენ და ძალზე შეთხელებული უსისხლო ტუჩებიც შეიშმუშნენ, და მისუსტებული ხმით ნათქვამმა სიტყვებმა ძლივს მიაღწიეს ზოსიმეს ყურებამდის:
- ნეტავი ალექსის დევინახავდე ფეხზე და მე რა საკითხავი ვარ!
- ალექსის დარდი ნუ გაქვს. შენ წამოდექი და მაშინ იქნება კარგი! - ღიმილით უთხრა ზოსიმემ.
ანუსიამ ამაზე ღრმად ამოიოხრა და სიმწარის ნიშნად გააქნია თავი.
- აბა, პეტრია, ჯორი! - დაიძახა მღვდელმა.
- ერთ წამს მოგვითმინე, მამაო... გზა შორი გაქვს და მშიერი ბრძანდები, - შეაყენა კარებისკენ მიმავალი ზოსიმე ალფეზამ.
- არა, არა! - წამოაძახა ზოსიმემ.
- კი, ჩემო ბატონო, კი, ბატონო! - დაატანა ანუსიამაც.
- სრულიად არაა საჭირო! არაა საჭირო! - იწევდა მღვდელი.
- მოითმინე მამაო! მშიერი ახლა სახლში წახვიდე, გზაში რა გარონიებს? ერთი სტაქანი ღვინო დალიე, ერთი ლუკმა პური მოიტეხე და წადი ისე, - ჩაერია პეტრიაც. - აბა, ნუღარ აგვიანებთ, მოიტანეთ, თუ გაქვთ რამე!
- კი, ჩემო ბატონო, კი ახლავე იქნება, - ფუსფუსებდა ანუსია შვილთან ერთად.
ზოსიმე იძულებული იყო დარჩენილიყო საუზმეზე, სუფრა მალე გაიშალა და პეტრია ერთ წამში დაეპატრონა, რაც სუფრაზე მოართვეს მღვდელს.
- ეს რა საბოდიშოა, შე კურთხეულის შვილო! მართალია, ნასწავლი მღვდელი ბრძანდები, მაგრამ ამ სოფლის პურ-მარილზე უარი არასოდეს არ უნდა თქვა. თუ დაგაკლდება, თვარა არაფერი შეგემატება. დიდება ღმერთსა, გაუმარჯოს მასპინძელს, ავადმყოფი მალე მოურჩინოს, ოჯახს სიკეთე და ბედნიერება! - დალოცა მან და გამოცალა ღვინიანი სტაქანი.
მოშივებულ მღვდლისათვის სწორედ სულზე მოსწრებასავით იყო ეგ საუზმე: იგი მადიანად ილუკმებოდა. არა ნაკლები მადით შეექცეოდა სუფრას პეტრიაც, რომელიც ტოლუმბაშობასაც ვითომ ეპირებოდა, რომ მღვდელი ცოტა ხნის შემდეგ არ წამომდგარიყო და წასვლა არ დაეპირებინა.
-კმარა, კმარა, გეყოფა, პეტრია! ადექი და ჯორი მომიყვანე!
- ახლავე, მამაო, ამ წამში! - ალბათ, ენანებოდა სუფრის მიტოვება, ისე ზანტად დგებოდა.
მღვდელმა ალფეზას დარიგება მისცა ავადმყოფისათვის როგორ მოევლოთ და ეზოში გავიდა. ჯორი ისევ ღობესთან იყო და ჩალასა ჭამდა.
- პეტრია, არ გესმის რა გითხარი! - წამოიძახა ზოსიმემ.
- ახლავე მამაო, ახლავე! აწი რაღა მეჩქარება მაინცდამაინც! - და სახლიდან გამოსული პეტრია ჯორთან მივიდა, უნაგირზე მიბმული აბგა მოხსნა და პურებს დაუწყო შიგ ჩალაგება.
- რას შვრები მაგას, პეტრია? - მიაძახა ზოსიმემ.
მაცალე მამაო, მაცალე! რა გეკითხება, თუ ღმერთი გწამს!
- ნუ სულელობ, ბიჭო!
- ერთი, შე დალოცვილო, შენც უკადრისობ კიდევ!.. სოფელში ხარ, სოფლის ჩვეულებას აჰყევი... თორემ თუ დაგაკლდება, თვარა შეძენით არაფერი შეგეძინება... რა დროს მორცხვობაა!.. აწი ქე უნდა მიეჩვიო, დროა, სოფლის ადათსა და ჩვეულებას...
- მე გთხოვ, ამგვარებს ამარიდო, ჩემო პეტრია! - წყენით უთხრა ზოსიმემ.
- ბატონი ბრძანდები! ახლა კი შეგიძლია შენს გზას გაუდგე! აბა შებძანდი! - უთხრა პეტრიამ, როცა აბგას თავი მოუკრა და უნაგირს მიაკრა თასმებით. - აწი ნუღარ იგვიანებ!
ზოსიმემ თავი გააქნია და თან დაატანა:
- რატომ გაქვს მაგრე გრძელი ენა, შე უბედურო!..
- რომ ბევრი ვილაპარაკო, მამაო! - მიუგო სწრაფად პეტრიამ.
ზოსიმეს უნებლიეთ გაეცინა ამაზე და ამ სიცილით გაუდგა თავის გზას; პეტრია კი ანუსიასკენ და ალფეზასკენ წამოვიდა.
- ჯერ კიდევ ეხამუშება... ყმაწვილია! მერე, პურს კი არა, გახრეკნილ ძვალსაც ჩეილაგებს ხვირჯინში და სახლში წიკვას დოუწყებს... ბავშვებს თითო ნატეხი მაინც შეხვდებათ, - ღიმილით უთხრა მან დედასა და შვილს, გამოემშვიდობა მათ და თავისი სახლისკენ გასწია.
გვარიანი გზა ჰქონდა გასავლელი ზოსიმეს, მაგრამ იგი დღეს კიდევ უფრო გრძლად ეჩვენა; მთელი გზა სულ იმაზე ფიქრობდა, რაც დღეს მას გადახდა და რაც დღეს ნახა.
ვერაფერი საამური სურათი წარმოუდგა თვალწინ, როცა თავის ეზოშიაც შევიდა. სახლის წინ პერანგის ამარა ბავშვები ტალახში ჩამდგარიყვნენ ტიტველა ფეხებით და სრულიად გათუთხნულნი გულმოდგინედ ზელავდნენ მას.
- თეკლე, თეკლე!.. ამ ბავშვებს გადმოხედე ერთი! ყურის გდება უნდა, შე ქალო, ხანდახან, - დაიძახა მან, როცა ჯორიდან ჩამოხტა, მიაბა იგი ბოძთან და პატარა სახლის აივანზე ავიდა.
დაძახილზე სახლიდან გამოვარდა ახალგაზრდა ქალი, თავსაფარწაკრული, სახელოებწაკაპიწებული.
- რა იყო! - გაფაციცებით იკითხა მან.
- რა და, შე ქალო, ამ ბავშვებს მიხედვა უნდა ხანდახან... შეხედე, რას ჰგვანან? რარიგად ამოთითხნილან!.. კვირა დღეა, დღეს ჩაგეცმია მაინც.
- რა ჩავაცვა, შე კაცო? - თითო ხელი ტანისამოსი აქვთ და იმასაც გააოხრებენ და ის იქნება... მალე მეესწრებიან ახლების შეკერვას!.. ამ შენმა ძმისწულებმა მაინც სულ გააფუჭეს ეგ გასაწყვეტლები!.. გიგა, გიგა... ელინკა... არ გესმისთ!.. ახლავე ამოეთრიეთ... ახლავე აქ ამოეთრიეთ, თვარა სულს ამოგახთენთ ორივეს!... - შეუტია ბავშვებს თეკლემ.
დამფრთხალი ბავშვები გამოიქცნენ დედისკენ. ეს კი მივიდა ჯორთან, მოხსნა აბგა, გასინჯა ხელით, უნდოდა გაეგო, თუ რა ეწყო შიგ, ამოაფარა კაბის ნაკეცს, რომ არ შეეხედვინებინა მაზლისანებისათვის, რომელნიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ, და აჩქარებით შეირბინა ოთახში.
- მე რაღაც მეგონა! - უკმაყოფილებით წარმოსთქვა მან, როცა აბგა გახსნა და პურები დაინახა.
- აბა რას ეძებდი? - ღიმილით და თან დარცხვენით უთხრა ცოლს ზოსიმემ, რომელსაც ანაფორა გაეხადნა და ახლა ტახტზე გაწოლილიყო.
- დედა, მომეცი-ი! - ეტაკა თეკლეს უფროსი შვილი. - მაჭამე-ე-ე!
ამას მეორეც აჰყვა.
- მაჭა-მე-ე!.. მომეცი-ი... - გაიძახოდნენ წუწუნით ბავშვები.
- მოიცადეთ, მოიცადეთ!.. მერე... მერე!
- მაჭამე-ე-ე!.. მომეცი-ი! - წუწუნებდნენ ბავშვები.
- შავი ჭირი თქვენ - მიაძახა თეკლემ.
- მოუტეხე, შე ქალო, ნუღარ ატირებ! - უთხრა ზოსიმემ.
- ჰა, ჰა, ცეცხლეთ, არ გასაძღომებო!.. გაგიწყდათ მიწა! გაგიწყდათ!
გადუგდო თითო ნატეხი თეკლემ ორივეს და დანარჩენი აბგიანად კუთხეში მაგარ დაბალ კარადაში შედვა, ოთახიდან გავიდა და ბავშვებიც თან გაიყოლია.
ზოსიმემ თვალები გააყოლა თეკლეს და ტიტველა ბავშვებს, რომელნიც დედას მისდევდნენ, და მისდა უნებურად ღრმად ამოიხვნეშა.
“თვალებგამოპრაწული!” - გაურბინა მას თავში და ისევ თვალწინ წარმოუდგა დღევანდელი ამბავი, ეს მისი მრევლი, მობუტბუტე გლეხკაცობა, ევთიმეს სიტყვები, მიხეილა ხუცესი და მის გულში ისევ გაიღვიძა საშინელმა სევდამ, სასოწარკვეთილებამ. ახლა ამას ზედ ერთოდა ეს შინაური სურათიც. კი, კი უნდა გამოპრაწოს თვალები, მართლა თვალებგამოპრაწულად უნდა იყოს, თორემ ვერც სხვას წაადგება და თავის თავსაც ავნებს. ყოველივე ოცნებაზე ხელი უნდა აიღოს, იცხოვროს ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ. დროა აწი სოფლის ადათს შეეჩვიოს, პეტრიასი არ იყოს სხვა ყველაფერი ტყუილია და საზარალო!.. და ამას რომ ეუბნებოდა თავის თავს სახელმძღვანელოდ, უეცრად ანუსიას ოჯახი მოაგონდა, სადაც ორი მომაკვდავი იწვა და თითქოს ვიღაცამ წასჩურჩულა: შენი შემოსავალიაო. და ამ აზრის გაღვიძებამ, ამ აზრის მის ტვინში გაელვებამ სრულიად დაათავა ახალგაზრდა მოძღვარი. ნუთუ ამგვარი ფიქრების გამაღვიძებლად გაუხდება მისი გაჭირვება, მისი სისაწყლე?! ნუთუ ამგვარი აზრების დამუშავებას მიეჩვია მისი ტვინი, მისი გონება? და ზოსიმე გულდაწყვეტილი, გადაბრუნდა მეორე გვერდზე, ჩარგო ცხვირ-პირი მუთაქაში და იწვა გაუნძრევლად.
დიდი ხანი არ დასჭირებია, რომ მოღალულ-დაქანცულ ტვინს ძილი მიჰპარვოდა და სასურველ, სასიამო დავიწყებაში შეეყვანა ახალგაზრდა მღვდელი.
ავადმყოფ ალექსიას გამობრუნებას არა თუ პირი უჩანდა, პირიქით, იგი იმ საღამოსვე საშინლად გაჭირვებული შეიქნა. მოუსვენრად წრიალებდა ქვეშაგებში, ხანდახან წამოიძახებდა რაღაც უცნაურ სიტყვებს, ბოდავდა და წუხდა საზარლად. რეტდასხმული ანუსია თავთან უჯდა შვილს, მწუხარებისაგან გამშრალი სულელურად მისჩერებოდა შეწუხებულ ავადმყოფს. არა-რა იმედი, არც საიდანმე შველა, რამე შეწევნა!
- ღმერთო დიდებულო!.. ღმერთო მოწყალე! - ხანდახან წამოიძახებდა მხოლოდ ალფეზა, და ანუსია კი შვილს დასჩერებოდა და უსიტყვოდ მუშტს ირტყამდა გულზე.
საზარელი ღამე დაუღამდათ საწყლებს. მთელი სახლი ბნელში იყო გახვეული, მხოლოდ კერაზე ცქრიალებდა მკრთალი ცეცხლი და დამყარებულ მკაცრ სიჩუმეს ავადმყოფის წამოძახება თუ არღვევდა, ანდა უღონო ხმა ელიზიასი, რომელიც დედას დროგამოშვებით ეკითხებოდა:
- დედი, რავაა ალექსი?
- რას იზამს, შვილო, მგონი ახლა უკეთ უნდა იყვეს! - მიუგებდა ხოლმე ანუსია და სახლში ისევ სიჩუმე ჩამოვარდებოდა.
დილაზე ავადმყოფი უარესად შეიქნა. ალფეზა სოფელში დარბოდა უთენიიდან და ხან ვინ მოჰყავდა და ხან ვინ, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო ამ ბიჭის ავადმყოფობისა და ვერავინ გამოჩნდა მშველელი. მთელი დღე უცნაურ გაჯახირებაში გაატარა ალექსიმ, ღამეც არა ნაკლებ მოუსვენრობაში იყო.
ანუსია, გალენჩებული მწუხარებისაგან, ისევ თავს დასჩერებოდა შვილს.
- დედა! - წამოიძახა ავადმყოფმა და თავი მაღლა წამოსწია.
- შვილო, ალექსი, აგერ ვარ!.. რა გინდა? - მივარდა ანუსია.
- დედაუ! - გაჯავრებით და უფრო ხმამაღლა წამოიძახა ალექსიამ. - დედა, დედა, დედა-ა-ა! - დაჟინებით იძახდა და თავს ატრიალებდა ავადმყოფი.
- ალექსი, შვილო... აგერ ვარ, აგერ... შენს სულს ვენაცვალე... შვილო!
მაგრამ იმას, ალბათ, არ ესმოდა დედის სიტყვები, საშინლად აბრიალებდა თვალებს, ხან ერთ სიტყვას გაიძახოდა, ხან მეორეს. ანუსია თავზარდაცემული ეპოტინებოდა შვილს, რაღაცას ეუბნებოდა, თვითონაც არ ესმოდა... ცრემლებმა ხმაც წაართვა და თვალებიც აუხვია. აძიგძიგებული პირისახე, მთრთოლავი ტუჩები სიტყვის გამოთქმას უშლიდა.
ავადმყოფმა ერთი ღონივრად წამოიჯგიმა, წამოიწია, გააჭყიტა თვალები და ლოდივით დავარდა ლოგინზე.
ანუსია ქორივით დაეძგერა შვილს, გადმოაბრუნა პირაღმა და საზარლად შეჰყვირა:
- ალექსი!.. შვილო!
საზარელი ხმა უცბად მისწყდა.
- დედა... დედა... რა ამბავია? რა ამბავია, დედა? - მოაძახა მას შემკრთალმა ელიზიამ, რომელიც ლოგინში წამომჯდარიყო. - რა იყო, დედა?
- არაფერი, არაფერი, შვილო! დაწევი, დაწევი!
- ტირი, დედა?..
- აბა რა დარჩენია თქვენს შემხედვარე დედას, თქვენს ოხერ დედას! ვაიმე, ვაიმე!..
ანუსია წამოდგა, ალექსის საბანი გადააფარა, ტახტიდან ჩამოვიდა ძირს და კარებისკენ გაიძახა:
- მარიკო... მარიკო!
სახლში შემოვიდა თავგაბურძგვნილი პატარა გოგო.
დაჯექი აქ! - მიუთითა ანუსიამ ტახტთან, სადაც ალექსი იწვა, - დაჯექი და უყურე!.. - თქვა ეს და სახლიდან გავიდა.
- რას შვება, დედა, ალექსი? - შეეკითხა მიმავალს ელიზია.
- ძინავს, შვილო ძინავს.
ანუსია რომ გავიდა, სახლში მკაცრი სიჩუმე დამყარდა. პატარა გოგო, დაბალ სკამზე მჯდომარე, გაუბედავად იყურებოდა ხან ელიზიასკენ, ხან კარებისკენ, ხან კი საბანწახურულ ძმას მისჩერებოდა.
სიჩუმეში რაღაც ხმა მოისმა გარედან. ელიზიას ყურებამდისაც მიაღწია მან. რაც ხანი გადიოდა, ხმა უფრო მკაფიოდ მოისმოდა. ვიღაცა უსათუოდ ტიროდა, მოსთქვამდა, ისე ჰგავდა.
- მარიკო... გეიხედე... ვინცხა ტირის იქ... გეიხედე - და ელიზია წამოჯდა საწოლში.
მარიკო ადგა, მივიდა კედელთან, მონახა ჭუჭრუტანა და კედელს მიეკრა. ტირილის ხმა ისევ მოისმა.
- ვინაა, მარიკო?
- დედა... დედა ტირის! - მიუგო ბავშვმა.
- დედა ტირის?
- ჰო!.. ალფეზა მოვიდა... ისიც ტირის!..
ელიზია შეიშმუშნა, შეინძრა, ხელებით ფათური დაიწყო, მოძებნა კაბა და თავზე გადიგდო ჩასაცმელად.
- ბიცოლა დაფინი მოვიდა... ბიძია ივანე... პუპულო... ელენიჩკაც მოდის... ტირის ელენიჩკაც... - ტიტინებდა პატარა მარიკო და იმას კი ვერ ხედავდა, ელიზიამ რომ კაბა გადიცვა, წამოდგა საწოლიდან და ეს ცოცხალი ჩონჩხი ბანცალით წამოვიდა ალექსისკენ; აცოცდა ტახტზე და თავისი ძვლიანი ხელებით გადაძრობა დაუწყო საბანს ძმის პირისახიდან.
გადახდილ საბანს ქვეშ გამოჩნდა საზარელი შესახედავი ალექსი, თვალებგადმოკუსული, წინ წამოშვერილი მოკლე წვერით შემოსილი ნიკაპით, უცნაურად დაკრეჭილი კბილებით.
ელიზიამ ერთი შეჰკივლა, რაც კი შეეძლო, და ღონემიხდილი ზედ დაემხო მიცვალებულ ძმას.
მარიკომ მხოლოდ ახლა მოიხედა, და რა დაინახა ალექსაზე დამხობილი ელიზია, მორთო ღრიალი.
- დედა, ელიზია ადგა... ადგა ელიზია... ალექსისთან!
ყვირილზე მოფენილ კარებში შემოვარდა გადარეულივით ანუსია და მასთან ვინც კი წინ გადმოხურულში იყვნენ.
- მომკალით, მომკალით! შვილებო, ვაი, ვაი, ვაი! - საზარელი ხმით შეჰყვირა მოხუცებულმა დედაკაცმა და ტახტზე შეხტა ელიზიას მოსაშორებლად.
სახლი ერთ წამში ხალხით აივსო. შეიქნა გულის შემზარავი ღრიალი, ტირილი, წივილ-კივილი.
გრძნობადაკარგული ელიზია გააშორეს მიცვალებულს და მიცვალებულის მსგავსი თავის საწოლში დააწვინეს.
საღამოზე ელიზიაც გამოეთხოვა ამ წუთისოფელს. მთელი სოფელი მოტირალი იყო საწყალ ანუსიასთან ერთად ამ ორი მიცვალებულისა.
- ღმერთო დიდებულო! ღმერთო მოწყალეო, შეგვიბრალე, შეგვიწყალე ჩვენც ცოდვილნი! - ყოველი მხრიდან გაიძახოდნენ თავზარდაცემული სოფლელნი. ეს ორი კუბო, რომელთა შუა ჩამჯდარიყო საცოდავი დედა და ხან ერთს ეხვეოდა, ხან მეორეს, - ეს ორი კუბო უცნაურ შიშს ჰგვრიდა ამ გულუბრყვილო ქმნილებათ. ზედ ეტყობოდათ, რარიგად სჩაგრავდა მათ. მხოლოდ ერთადერთი ღმერთიღა ეგულებოდათ შემწედ და იმიტომაც ისე ვედრებით გაიძახოდნენ მის სახელს.
და ზოსიმე მღვდელი, აკანკალებული ხმით რომ წესს უგებდა ამ საცოდავებს, ცრემლებით თვალები რომ ევსებოდა მიცვალებულთა ყურებით, თან მისი გული უფრო მეტად სწუხდა, გმინავდა, რადგანაც თავის გარშემო ხედავდა ამ მართლა და უმწეო, ღვთის ანაბარად მირჩენილ ქმნილებათ, სულით დაჩაგრულთ, უსაშუალოთ, ყოველ მხრივ საცოდავთ; და ეგ საერთო ტანჯვა, საერთო მწუხარება, საერთო გაჭირვება თან უიმედობაშიაც აგდებდა და თან არიგებდა თავის საკუთარ გაჭირვებასთან და თავის ბედთან. ცრემლები, რომელნიც თვალთაგან სცვივოდა, თან მწუხარების ცრემლებიც იყო, ცრემლები უიმედობისა და თან ბედთან შერიგებისა.
ამიტომ იყო, რომ დღეს ისეთი მადლობით გაისტუმრა თავისი მღვდელი მისმა მრევლმა, რადგანაც მან, თავად გულდაწუხებულმა, თავის გულდაწუხებულ სამწყოსთან მხურვალე ცრემლები დაღვარა, ცრემლები მწუხარებისა და უნუგეშობისა.