კლდიაშვილი დავით
გაზიარება

მსხვერპლი 

ახალგაზრდა, ლამაზი მარინე პარასკევობაზე ისტუმრებდა თავის ქმარს ნიკას.

- არ დაგავიწყდეს, - ეუბნებოდა იგი ქმარს: - ეს საჩოხე შალი ხუთ მანეთ ნაკლებ არ გაყიდო; ამ გაროზში თუ მოგცენ ორ მანეთ-ნახევარი გაყიდე, თუ არა და ისევ სახლში მოიტანე... ეს ოთხი წიწილი სამ-სამ შაურად... ამ გაროზში რომ ფულს მოგცემენ, იმითი ერთი კაი ბაღდადი მიყიდე და მომიტანე...

- ბაღდადის ყიდვისა მე არაფერი ვიცი, - მიუგო ნიკამ.

- ნაცნობი ვინმე შეგხვდება, შე კაცო, შეეხვერწე და გაყიდვიებს... მარა კარგი იქნეს კი!

- რა ფერის გინდა?

- თეთრი იქნეს... თუ გინდა ცისფერი... ფოჩვიანი თუ იშოვო, ძალიან კარგი იქნება... ორ მანეთ-ნახევრად კარგ ბაღდადს იშოვი.

- ფულები აღარ გეტევათ ზანდუკებში? - თქვა ამ ლაპარაკის დროს სახლში შემოსულმა მაღალი ტანის, ცოტათი წელში მოხრილმა, მოხუცებულმა დედაკაცმა: - ფული არ გეტევათ ზანდუკებში?

- სახლში მოსატანი ფულისათვის, ბატონო, საჩოხე შალს ვატან და ოთხ ახალ ქათამს.... ბაღდადს მარტო გაროზის ფასი მიყიდის... ყველას ახურავს თითო ბაღდადი, მე კი უბრალო თავსაფრით დავდივარ ეკლესიაზე... მარტო მრცხვენია!.. - თავდაბლად უპასუხა მარინემ მოხუცებულ დედამთილს.

- ათასჯერ მითქვამს შენთვის... სხვისი წამხედურობა შენი საქმე არ არის, არა... ჩვენ არ გვარგებს, ქალბატონო, არ გვარგებს... რომ ვერ ჩავაგონე!.. შენ, ვაჟბატონო, ბაზრობა რომ გათავდება, მაშინ წადი, შენმა სიცოცხლემ, - მიუბრუნდა ფეფენა ნიკას: - რას გაჩერებულხარ?.. გასწი შენთვის და დროზე მოდი სახლში... ფული თელათ მოიტანე!..

ნიკამ, დედის ბრძანებაზე, სიტყვაშეუბრუნებლად, მოხვია ხელი რაც წასაღები იყო და საჩქაროდ კარში გავიდა. მარინე კი გულამღვრეული მისჩერებოდა, თვალს არ აშორებდა ფეფენას.

- გეუბნები, პრანჭვა-გრეხას თავი დაანებე-თქვა!.. რაღა დროს შენი კოპწიაობაა... ვის ეპრანჭები, მითხარი ერთი? ქმარი გყავს, იმას მოაწონე შენი თავი... ამ სხვებზე რომ თვალი მიგირბის..

- ვის სხვას ვეპრანჭები, ბატონო?.. ვის ვეპრანჭები, მითხარით მაინც, რომ ყოველდღე ამას მეუბნებით?..

- მუსაიფი გამაბმევიე ახლა მაგაზე!.. - შეუტია მოხუცებულმა.

- აბა, რა ვქნა, ღმერთმანი? ასე ტყუილაუბრალოდ შეწამებამ გული მომიკლა!..

- ტყუილაუბრალოდ? ჰმ! ტყუილაუბრალოდ?.. მე გული მომეხარჩა, ჩემო ქალბატონო, შენ რომ გიყურებ... გესმის, შენ რომ გიყურებ, გული მომეხარჩა!..

- რა ვქენი მაგისთანა? რა დავაშავე? - ცხარედ წარმოსთქვა ქალმა: - მითხარით მაინც, რა დავაშავე?

- ეგ თქვენი ახალი განათლება არ მინდა მე, არა; არა-მეთქი, გეიგონე ჩემი... ნუ იცი ყოველ კაცთან შენებურად ლაქლაქი, დოურიდებლად ყბედობა, არ შეგფერის ეგ ცუნდრუკი და კისკასი... არა, არა... მე ვიცი, რა ბოლო მოჰყვება მაგისთანა თავისუფლებას...

- მე აღარავის ვცემ ხმას... ყველას ჩამოვეთხოვე... სულ მუნჯად კი ვერ გადავიქცევი, რა ვქნა!

- ყველას ჩამოეთხოვე, ყველას ჩამოეთხოვე... ხმას აღარავის ცემ?.. აბა, ეს გლახაკი, გაქუცული აზნოუშვილი დავითი რას დაწანწალობს ჩემს სახლში? რა უნდა კარუგდელაძეს ჩემს ოჯახში?.. მანამდის როდის ყოფილა იგი ამ ჩემ მიდამოზე მოსიარულე?.. ასე ჩამოეთხოვე ყველას?..

- ბატონო, მე ვერ ვეტევი ვერაფერს იმ ადამიანს... თქვენ უფროსი ბრძანდებით... თუ გწყინთ მისი აქ მოსვლა, თქვენ დეითხოვეთ და ის იქნება... მე რა ბრალი უნდა მედებოდეს... - მარინეს ხმაში შეკავებული ცრემლები ეტყობოდა.

- მე დევითხოვო?.. თუ შენ, თუ შენ, შენ უნდა დაანახო, რომ ტყვილა დაგდევს უკან?.. გამიფრთხილებიხარ, იცოდე, რომ რამე სირცხვილი მაჭამო, ოჯახი გამიხადო ქვეყნის სალაპარაკოდ, სამასხაროდ ასაგდებად, იცოდე, ან შენ და ან მე!.. არაფრით არ დაგზოგავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, იცოდე! - და ამ სიტყვებთან ფეფენამ ისეთნაირად გადახედა მარინეს, რომ ეს უკანასკნელი აქედანვე უნდა დარწმუნებულიყო: ეს, თავისნება მოხუცებული დედაკაცი, ერთ გუნებაზე მართლა და არ დაზოგავდა მას არაფრით.

- ოჯახს უყურე... ოჯახზე გქონდეს უფრო თვალი, გირჩევნია... თვარა, შენისთანა განათლებული ქალი ერთი კი არ გვინახავს შერცხვენილი და თავსლაფდასხმული თავისი გაუფრთხილებლობის წყალობით! - წაილაპარაკა ფეფენამ და რძალს მოშორდა.

რა პასუხი მიეცა ამაზე მარინეს? რა მიეგო ამ სიტყვებზე? ან როგორ მოახერხებდა რაიმე პასუხი მიეგო, როცა ტანი მთლად უცახცახებდა აღელვებულს და ყელში ცრემლები უჭირებდნენ... რარიგად გაჰქილა, ტალახში ამოსრისა მისი თავმოყვარეობა, მისი ნამუსიანობა და სიყმაწვილე ამ უსინდისო დედაბერმა?! მერე რისთვის? მხოლოდ ეჭვისათვის!.. ჰმ, ერთი ამ მოხუცებულის ფეხქვეშ მოთელვა, მისი ჩაწიხვლა! - მაგრამ ეს აზრი, ეს სურვილი წარეცხა თვალებიდან ერთბაშად ნაკადულივით გადმოკრიალებულმა ცრემლებმა.

ამ ცრემლების სიმწვავემ თითქოს გამოაფხიზლა მარინე - კაბის სახელოთი მოიწმინდა თვალები, მიტრიალდა და გავარდა კარში; დაეშვა ეზოს ქვემოთ მდებარე ვენახისკენ, გადახტა ვენახის ბოლოში ღობეზე და შარაგზით მიჰქროდა და თან იძახდა: ,,რა ვქნა, რა ვუყო ამ დედაბერს?.. ღმერთო, რა ცეცხლში ჩავვარდე?!”

მან მიირბინა თავისი ქმრის ბიძისას.

- ბიძია, ბიძია ჩემო, თავი უნდა მოვიკლა! - ძლივს ამბობდა აღელვებული მარინე.

- რა იყო? რა ამბავია, შე ქალო? - ერთხმად შეჰკითხეს ორთავე ცოლ-ქმარმა, ონისიმემ და სოფიომ, მარინეს შეხედულობით გაკვირვებულებმა.

- ბიძია, ან ჩემი თავი უნდა მოვიკლა, ანა-და ის დედაბერი, ის მართლა კუდიანი, არაწმინდა, ის უნდა მოვკლა... მეტი გზა არ მაქვს... გამიჭირდა, სიცოცხლე გამიჭირდა მისგან!

- რა დაგემართათ, რა მოგივიდათ? - ისევ კითხულობდნენ მოხუცებულები. - დაჯექი, შვილო, და ისე გვიამბე! - უთხრა სოფიომ.

- ყველაფერს ვითმენდი, ყოველ იმის სიპილწეს ვუძლებდი...შეხედავდა, მეგონა, რომ არა ვარ ოჯახზე ორგულად... რომ ცუდი არაფერი მჭირს... რა არ ამიტანია სიტყვის უთქმელად... მეგონა, მცდის-თქვა... ვცდილობდი რამერიგად მისი ოხერი გული მომეგო... მარა არაფერი, არაფერი მე მასთან არ გამივიდა... კაცს ხმას ნუ გაცემო, კარგად ნუ იცვამო... ძონძებში რავა გამოვეხვიო, როცა, ღვთით, ვშოულობ, ვხელსაქნარობ... ქმარს - ის უიმისოდაც სულელია - ქმარს მიხელებს, რას არ ეუბნება, აგულიანებს... დღეს რეები არ გამაგონა?!. რა არ მითხრა?!. რა არ შემწამა?!. რატომ იქვე არ მოვკვდი!.. რა ეჭვები შემოაქვს ჩემზე?.. ღმერთო, ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალი ამის შემდეგ?! - და მარინემ დაწვრილებით უამბო ონისიმეს და სოფიოს დედამთილთან ნალაპარაკევი.

- ბიძია, ბიძია! - საყვედურით უთხრა მან ონისიმეს: - ბიძია, შენ ჩამაგდე ამ გენიაში!.. რატომ მოიკიდე ჩემი ცოდვა?.. რაზე ათხოვიე ჩემი თავი მაგ ოხრებს! - მარინე მწარედ მოსთქვამდა.

ისიც საკმარისი იყო ონისიმესათვის, რასაც მოჰყვა მარინე და ამ საყვედურმა, ამ საყვედურის ცხარე სიტყვებმა ხომ მოხუცებული მისი გულის მონად გახადეს.

თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და წამოიძახა:

- მერე ის შენი სულელი ქმარი, ის სულელი ბიჭი... - გაჯავრებული კაცი სიტყვებს ძლივს ახერხებდა.

- დედამისს რას გაუბედავს... კაცია?! - ქვითინებდა მარინე.

- დალახვრათ ჩემმა გამჩენმა!.. სული მიცხონდა, მე იმათ შავი დღე მივაყენო!.. შეჩვენებულს... იმ კუდიან დედაკაცს!.. შეხედეთ ერთი!.. - ყვიროდა ონისიმე.

- მოითმინე, კიდევ მოითმინე, შვილო, - ალერსით და ტკბილად ეუბნებოდა სოფიო და თან ეხვეოდა: - კიდევ მოითმინე, შვილო... სულ ასე კი არ იქნება... ისიც დარწმუნდება, შეხედავს, რომ ცდება... ტყვილა გიჯავრდება... კი, შვილო, მოთმინება ჯობია!..

- მოთმინება კი არა!.. ორსავე დედა-შვილს სულს ამოვხდი... თუ ადამიანის დაფასება არ იციან მაგ შეჩვენებულებმა! მე ოვუხელ თვალებს, თუ კაცი ვარ; შენ, ბიძიკო, - მიმართა ონისიმემ მარინეს: - შენ სულ ნუ წახდები... შიშს ნუ მიეცემი... მე ვიცი და იმათ... მე ახლავე წავალ იმ წყეულთან, - წამოიძახა ერთბაშად ონისიმემ: - ახლავე წავალ!.. მომე, ქალო, ღვედი!

- კაია, თუ ღმერთი გწამს, კაია, ონისიმე!.. ნუ აცერცეტდები, - უთხრა ქმარს სოფიომ: - რა დროს ფეფენასთან ლაპარაკია ახლა... გვაცალე... დაწყნარდეს ის ადამიანიც... ახლა რომ მიხვიდე მასთან, უარესად გაახელებ, მეტი რა იქნება... მერეც შეხვდები და ეტყვი ტკბილად, სიტყვამოფიქრებით... უკეთესიც იქნება, თუ შენ სულ არ გაცემ ამაზე ხმას... ისევ მე მოველაპარაკები... მე ვიცი მასთან ლაპარაკი.

თუმცა ონისიმე ძალიან იწევდა რძალთან საჩხუბრად, მაგრამ სოფიომ იმდენი მოახერხა, რომ ბოლოს ეს სურვილი გადაათქმევინა ქმარს, მერე მარინეს მიაქცია თავისი ყურადღება და თავისი ტკბილი ხმით, მოხერხებული სიტყვით, შაქრიანი ენით სრულიად დაამშვიდა, დააწყნარა, გული გაუკეთა, ათასი იმედი გაუღვიძა და ისე გაისტუმრა რამდენიმე ხნის შემდეგ.

- გეუბნებოდი, ნუ ერევი-თქვა იმ შენი ძმისწულის ქალის თხოვაში, ბოლოს შეგარცხვენენ და სამწუხაროდ დაგირჩება-თქვა, და ხომ გამართლდა ჩემი სიტყვა!.. წინდაწინ ვიცოდი, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა... და ამიტომ მეშინოდა ყოველთვის... - საყვედურით ეუბნებოდა სოფიო ქმარს, როცა მარინე წავიდა.

- სიკეთე მინდოდა, სიკეთე, დედაკაცო, მაგ შეჩვენებულებისათვის... გაუწყრა მაგათ ჩემი გამჩენი!.. კაცი არ ვიქნები, თუ მე მაგენი რჯულზე არ მოვაქციო!.. კაცი არ ვიქნები!.. მაგ წუნკლიან, არაწმინდა დედაბერს ასე რავა შევარცხვენიებ ჩემს თავს!

- კაი, კაი... კაია, დაწყნარდი! - შეუტია ქმარს სოფიომ: - ვის ახსენებ მაგრე... ვის ექადნები, შე უბედურო, გავიწყდება?

- მისი კუდიანობის შენისთანა დედაკაცებს ეშინოდეს... მე სულაც არ მეშინიან მისი!.. მის კუდიანობას ჩემზე გასავალი არა აქვს! - გაცხარებით წამოიძახა ონისიმემ.

- შენისთანებს გამოუცდიათ მისი ძალ-ღონე... დიდგულზე ხარ, ზურგს უკან რომ ლაპარაკობ! ვითომდა ვერ გეიგებს... რასაკვირველია, ამ იმედით იყავი!.. ონისიმე, თუ ღმერთი გწამს, თუ შენი ოჯახი გებრალება, დაჩუმდი... ნუ იხსენებ ცუდად იმ შენს რძალს... არ ივარგებს... - თითქმის ხვეწნით უთხრა სოფიომ.

- აბა, ფეხქვეშ გეველალო, ა?.. რას მეუბნები, დედაკაცო! კუდიანს, არაწმინდას ასე რავა დავუმორჩილდები, ღმერთო მომკალი!..

- ჩუ თქვა, ჩუ, შე უბედურო! რომ არაფერი ეყურება ამ კაცს, კაცის სიტყვა რომ არ ეყურება!.. რა გუნებაზე ხარ დღეს?.. აქამდის ყოველთვის მის ცუდ ხსენებას ერიდებოდი... დღეს რა ამბავია. რა ამბავია ეს?..

- რა ამბავია და ის, რომ გული მომიკლა იმ ბოვშის საყვედურმა... მართალია, სულ მართალია!.. მე ჩავაგდე იგი მაგათ ხელში... მე რომ არა, ნიკას ვინ ოხერი მისცემდა ქალს!.. არ მემართლება საყვედური?.. რავა არ გავცეცხლდები, შე ქალო!

მოხუცებული არ წყნარდებოდა; მშიშარა სოფიო თავს იკლავდა მისი მაყურებელი და აქედანვე ხედავდა ათას უბედურებას, ფეფენასაგან მათ თავზე მოვლენილს. ტიროდა ქალი და წუწუნებდა ქმრის ჯიუტობის გამო, მაგრამ ის კი მაინც მოახერხა, რომ ონისიმეს ფეფენასთან წასვლა გადაათქმევინა.

გაიარა რამდენიმე დღემ.

ნაშუადღევი იყო. ონისიმემ თავის ეზოდან თვალი მოჰკრა გზად მიმავალ ფეფენას. იგი მიდიოდა ქვევით ყანის დასახედავად.

- მომითმინე, მომითმინე! - გადმოსძახა ონისიმემ რძალს, - საქმე მაქვს შენთან!..

ფეფენა შეჩერდა.

- ახლა მოგელაპარაკები შენდა საკადრისად! - გაბედულად წამოვიდა ონისიმე, მაგრამ რარიგად უმტყუნა ამ გაბედულებამ, როცა იგი მიუახლოვდა ამ მაღალი ტანის დედაკაცს, რომელიც ჯოხზე დაბჯენილი იდგა შარაგზაზე. ფეფენას მოხვეულ შალქვეშ, რომლის ერთი ყურით ყბა ჰქონდა ამოკრული, უჩანდა მხოლოდ ცხვირი და მკაცრად გამომზირალი თვალები. ამ ცოტათი წელში მოხრილ დედაკაცში რაღაც ძალა იყო დამალული, ამას გრძნობდა ყოველი ადამიანი მისი დანახვისთანავე. მისი შეხედულება გაგრძნობინებდათ, რომ იგი სხვა დედაკაცს არ წააგავდა, რომ მასში სულ სხვანაირი ხასიათი იყო დაფარული; მისი კუშტი გამოხედულება სხვანაირად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას მიუახლოვდებოდა. ამას ზედ ერთვოდა მისი განმარტოებულად ყოფნა, მეზობლებთან მიუკარებლობა და ყოველივე ეს იყო მიზეზი, რომ სოფლად კუდიანობას სწამებდნენ, - ყველას მისი ეშინოდა და ყველა მას ერიდებოდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თუმცა დიდგულად წამოვიდა ონისიმე რძლისაკენ, მაგრამ გაბედულებამ უღალატა და წყნარად უთხრა:

- რა ხანია შენი ნახვა მინდოდა!

ფეფენა ხმაგაკმენდილი იდგა, მისჩერებოდა მაზლს, თითქოს ეუბნებოდა თვალებით: ,,რაზე გამაჩერე, თქვი ბარემო!..”

ონისიმეს შერცხვა თავისთავის, რომ წინათ ისე იქაჩებოდა და ახლა კი სულ სხვანაირ კილოზე დაიწყო ლაპარაკი და მოხუცებულმა კაცმა თავგამეტებულად სცადა, თავის წინაშე მაინც, დაემტკიცებინა, რომ მას მართლადაც სულ არ ეშინოდა კუდიანი ფეფენასი.

- რატომ ხართ ასეთი ავები! - დაიწყო მან: - რატომ ხართ ასეთი ავები, რომ ადამიანი ვერ გიგუებიათ!..

ფეფენამ თვალები მიაშტერა.

- რა ამბავია? - კუშტად წამოისროლა მან.

- მარინესთანა ანგელოზი ქალი ადამიანმა ვერ იგუოს?! აღარ ვიცი... აღარ ვიცი!.. რომ არაა ცუდი ქალი... რატომ გემართებათ ასეთი საქმე?.. მიკვირს ღმერთმანი... ნამეტანი მიკვირს... და მწყინს!..

- ჰმ! - ჩაიცინა ფეფენამ: - ადუკანტობა დეიწყე?.. საქმე გამოგლევია, გეტყობა... ადუკანტობა რა შენი საკადრისი ხელობაა!..

- ადუკანტი ვარ თუ რაცხა ვარ, მე საქმეზე გელაპარაკები, რძალო! ეგ ბოვში მე ვათხოვიე შენს შვილს... მისმა ჭირისუფალმა მე ჩამაბარა მისი თავი და მარინეს ამბავი ყოველთვის მეკითხება, შე ქალო!

- რა გინდა მერე?

- ცუდად ეპყრობით, გეუბნებით!

- მიჩივა?

- კი არ გიჩივა, მე თავათ ვხედავ და პირში გეუბნები!.. ურიგო ქალი იყოს, მესმის, და რომ არაა ურიგო, რატომ?.. რატომ?

- ონისიმე, ხომ იცი, რა გაჭირვება გამომივლია მე შენი ძმის ოჯახში... ყმაწვილი ქალი დავქვრივდი და გამოუცდელს ოჯახი მე დამაწვა კისერზე... რა ოჯახი? სარჩო რომ არ მოდიოდა!.. ვინ იყო ჩემი შემფარე, მშველელი?.. ყანას მე ვხნავდი, მე ვწმენდდი, მე ვიწევდი... თან ბოვშსაც ვზრდიდი... შემწე ვინ მყოლებია? ყველაფერი მე ვიყავი, მე, მარტოხელა ქალი!.. ვის უნახავს ჩემოდენი გასაჭირი?.. ვის გამოუცდია, რაც მე გამოვცადე?.. მეზობლობას ჩამოვრჩი - ჩემს საქნარს ვუნდებოდი და ზოგიერთს ჭკუათხელს ჰგონია, ვითომ მე ადამიანი მძულს და იმიტომ არ ვეკარები არავის!.. მარა სხვის უგუნურ სიტყვას არ ავყოლივარ ჩემს დღეში... ოჯახი კი ფეხზე დავაყენე... ჩემი თავი ნამუსიანად შემინახავს... ჩირქი ოჯახისათვის არ მიმიცხია და რომ ამდენი ტანჯვა-წვალებით შემონახულ ოჯახს ვინმემ თავსლაფი დაასხას, ქვეყნის სასაცილოდ გამიხადოს, მის სისხლს დალევს ფეფენა, იცოდე! მის სისხლს დალევს ფეფენა! - და აღელვებული მოხუცი დედაკაცი თავის გრძელ ჯოხს ურტყამდა მიწას.

- ეგ აგრე უნდა იყვეს... მაგაში მართალი ხარ, ფეფენა! მაგრამ მარინემ გაფიქრებია მაგისთანა რამე?!. შე ქალო, შენი რძალი ყმაწვილი ქალია, რა ვუყოთ, რომ ჩაცმა-დახურვა ეხალისებოდეს... ეგ რა საშიშარი უნდა იყვეს?..

- რა საშიშარია?! რა მისი საქმეა პრანჭვა-გრეხა, თუ ცუდი რამ გულში არ ჰქონდეს!.. მე, ჩემო ბატონო, ხამის ლურჯი კაბითაც კარგად გამიტარებია ჩემი წუთისოფელი!

- მე და შენი დრო სხვა იყო, ფეფენა, ახლა სხვა დროა...

- ეგ არის, რომ სხვა დრო დადგა!.. ახლანდელი ქალები?!. ძველი სინიდისიანობა გაჰქრა... ყველა ამჩატდა... უტიფარნი შეიქნენ მორიდებასაც გადაეჩვივნენ... აღარაფრის რცხვენიათ... გათამამდნენ... რატომაც არ გათამამდებიან, როცა შენისთანა გულკეთილი კაცები, - დაცინვით წარმოსთქვა ფეფენამ, - ამართლებენ, დასტურს აძლევენ და მათი საქციელის მოწონებაში ბრძანდებიან. ქვეყანა კი გეირყვნა! შენი წყალობით, ჩემდა გულის სახეთქად, ერთი ამისთანა მეც ჩამომივარდა ოჯახში და სიცოცხლე გამიმწარა!.. რად უნდოდა ჩემს გლახაკს ლამაზი გოგო... ძროხასავით რომ დარბის სუყველგან და იმის ფიქრშია, თუ ვის მოაწონოს თავისთავი!

- ტყუილია, სულ ტყუილია შენგან მისი ავად ხსენება, ფეფენა, დამიჯერე!

- ტყუილია, დიახ, ტყუილია!.. ჰმ! გახრეკილი დავით კარუგდელაძე ვინ შემომითრია სახლში?.. როდის იყო ის ჩემს ოჯახში მარინეს მოყვანამდის, ახლა რომ ძაღლივით დაწანწალობს?! წინათ ისიც კი არ იცოდა, მქონდა სახლი თუ არა!.. გოგოს დასდევს და მაგასაც დიდად მიაჩნია ეს!.. შენი წყალობით მომდის მე ეგ, შენ გადამკიდე უტიფარ სულიერს, შენ, ვაჟბატონო!.. და შენ მარიგებ თავის ნებაზე მივუშვა სინდისდაკარგული წყეული გომბიო, რომ საძაგლობა ჩაიდინოს და ქვეყანაში ოჯახი შემიგინოს?!.

- ფეფენა, ნუ ხარ აჩქარებული ქალი!.. ნუ ხარ ასეთი უსამართლო, და გულფიცხობამ საცოდაობა არ გაქნევინოს!

- აბა, ვუყურო, გულგრილად ვუმზირო ყველაფერს, რაც ჩემი თვალების წინ ხდება... არა?.. სირცხვილს რომ მაჭმევენ, მერე გამოვეკიდო საქმის გამოკეთებას?.. მაშინ გვიან იქნება, ჩემო ბატონო. მე თვალი მაქვს და ჭკუა თავში ჯერ არ გამომლაყებია, ზოგიერთივით!.. შენი რჩევა ჩემთვის უსარგებლოა, თავს ნუ იწუხებ, ნუ, ნუ იწუხებ! და შენთვის კი ეგ მითქვამს: კმარა, კმარა, რაც სიკეთე დამმართე, და შენი ჭკუით ჩემი ოჯახის საქმეებში ნუ ეჩრები, იცოდე, დამითხოვიხარ... დამითხოვიხარ, იცოდე... და კარგად დეიმახსოვრე ეს, გესმის?

ეს უკანასკნელი სიტყვები ისეთი დამუქრებით და თან ზიზღით წარმოსთქვა დედაკაცმა, რომ ამის გამგონე ონისიმე სულ სხვა კაცად გარდაქმნა. ახლა დაავიწყდა მას ფეფენას კუდიანობაც, მისი ძლიერებაც და მხოლოდ თავისი წყენა, თავისი თავმოყვარეობის შელახვა, თავისი შეურაცხყოფაღა ედგა თვალწინ და ეს იყო მიზეზი, რომ მან, გაცეცხლებულმა, უცნაური ხმით მიაყვირა ფეფენას:

- თუ ეგრეა, ჩემიც დეიმახსოვრე!.. ჩემს მოხუცებულობას ვფიცავ, მარინეს რომ ცუდი რამე შეამთხვიო, ვერც დედა და ვერც შვილი ცოცხალი ვერ გადამირჩებით! ცოცხალი ვერ გადამირჩებით, იცოდეთ! ჰაი, თქვენი რჯული, გაგიწყრათ ჩემი გამჩენი! ცოცხლები ვერ გადამირჩებით, იცოდეთ!

ათრთოლებული ონისიმე უცბად მოტრიალდა და თავისი სახლისკენ წავიდა. მაგრამ ერთი კიდევ მოტრიალდა და გადასძახა რძალს:

- კარგად დეიმახსოვრე ჩემი სიტყვა... ცოცხლები ვერ გადამირჩებით, თქვე შეჩვენებულებო!..

- რა ქალი მოვაყვანიე მაგ დაწყევლილს და რას მეუბნებიან, შეხედოს კაცმა ერთი?! კაცი არ ვიქნები, თუ შენისთანა ურჯულო და არაწმინდა რჯულზე არ მოვიყვანო!.. შეჩვენებულები, შეხედეთ, შეხედეთ ერთი!

ფეფენა კი ერთ ხანს ისევ თავის ადგილას იდგა და მისჩერებოდა გაჯავრებულ, გაწიწმატებულ, მიმავალ მაზლს, მერე თავის გზას დაადგა და ქვევითკენ წავიდა ყანის დასახედავად.

სოფიო, მშიშარა სოფიო, შიშმა აიტანა, რაკი ყური მოჰკრა რძალ-მაზლის ლაპარაკს... მან კარში გამოსვლაც ვერ გაბედა საწყალმა, ვიდრე ფეფენამ არ ჩაიარა; სოფიომ გააღო სახლის კარი და ქმარს საყვედურით მიმართა:

- ვიცოდი, წინდაწინ ვიცოდი... რომ ასე გათავდებოდა შენი მასთან მუსაიფი!.. ღმერთო, მომკალი, ღმერთო, მომკალი!.. გამოტვინდი, შე უბედურო, გამოჩერჩეტდი, შე საწყალო?! გეხვეწე, გემუდარე ნუ შეებმები-თქვა ლაპარაკში... არა, არ დეიჯერა, არ დეიჯერა ადამიანის სიტყვა! ღმერთო, ღმერთო! - გაიძახოდა მწუხარედ სოფიო.

- მაშ რა მექნა, ერთი შენც?.. მოთმინებიდან გამომიყვანა იმ წყეულმა, იმისთანები მითხრა... მკვდარი ხომ არა ვარ... რარიგად მომეთმინა?.. მკვდარიც არ მოუთმენდა, მე რომ იმან მითხრა!

- უნდა მოგეთმინა, უნდა მოგეთმინა!.. ვის ებრძვი, ვის, შე უბედურო? რატომ არ ერიდები, შე უბედურო, რატომ არ ერიდები? ვინ გიშველის, ვინ დაგიფარავს, შენზე ჯავრის ამოყრა რომ მოინდომოს?

- ვერაფერს მიზამს! - დაჟინებით წამოიძახა ონისიმემ.

- დიახ, დიახ, მაგ იმედით იყავი, მაგ იმედით იყავი!..

ქმრის ამგვარი ჯიუტობა გულს უკლავდა საწყალ სოფიოს.

- ეჰ, ერთი შენც კიდევ! - გაჯავრებით თქვა მოხუცებულმა კაცმა: - რასაც მიზამს, ქნას და ის იქნება!.. წავალ ახლა, მუხლზე მოვეხვევი, შენი მეშინია და მაპატივე-თქვა, თუ რავა გგონია?..

- ვაი ჩემი ბრალი შენს ხელში... არ ვიცი შენი ჯიუტი ხასიათის ამბავი თუ?.. ისევ მე უნდა დავაშოშმინო რამე გზით... ისევ მე უნდა დავაწყნარო!.. ვაი ჩემი ბრალი შენს ხელში, ყოველთვის გულისხეთქაში ვარ შენი წყალობით... - სასოწარკვეთილებით წარმოსთქვა მშიშარა დედაკაცმა.

ფეფენამ დახედა ყანას და ახლა უკანდაბრუნებული იმავე გზით, სახლისაკენ მოდიოდა. თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით მომავალი, ჯოხზე დაყრდომით, იგი ათას ფიქრებში იყო წასული... რამდენი მწუხარება, რამდენი უსაიამოვნება შეხვდა ამ ბოლო დროს!.. ახლაც, ამ ერთი საათის წინ რა ლაპარაკი მოუხდა?! რარიგად გაუწვალდა, გაუუგემურდა მოხუცებულობა ამ გლახა გომბიოს გამოისობით? რარიგად მოუშხამა სიცოცხლე ამ უხეირო გოგომ! რა უყოს, რარიგად აიცდინოს თავიდან განსაცდელი, აიცდინოს ქვეყანაში თავისმოჭრა?.. განსაცდელი მოელის, უსათუოდ მოელის, ამაში დარწმუნებულია ფეფენა... რარიგად უჭირავს თავი იმ შეჩვენებულს! ვის გაუგონია გათხოვილი ქალის კისკისი, გაუთავებელი სიმღერა, ცეკვა-თამაში ისე, როგორც მან იცის?.. გაგონილა ისე თამამად, მოურიდებლად, თავისუფლად ლაპარაკი, მან რომ კაცებთან ლაპარაკი იცის?.. რას ჰგავს, რავა შეჰფერის ქმრიან ქალს, მან რომ მოკაზმვა-გამოპრანჭვა იცის?! ეს გახრეკილი აზნოუშვილიც რომ შემოუთრია სახლში!.. ალბათ იმედს აძლევს, იმედს! აბა, რაზე დასდევს ეს შეჩვენებული ასე მოუცილებლად... ამ უნამუსოს კი უხარია, რასაკვირველია, უხარია, რომ აზნოუშვილი უკან დამდევსო!.. უჭკუო, გამოტვინებული ონისიმე კიდევ ამართლებს და... ხმა არ გასცეთო!... დიახ, სწორედ ეგრე იზამს ფეფენა! სულ თავისუფლად ამყოფებს, სანამ თავზე ლაფს არ დაასხამენ!.. სულს ამოხდის, თავის ხელით წაახრჩობს ფეფენა, ვინც მის წვა-დაგვით შენახულ ოჯახს რამე ჩირქს მოსცხებს, ცუდ სახელს დაუგდებს!...

ცალკე ამ ფიქრებში გართული, ცალკე დაღლილი, ნელა მომავალი ფეფენა ის-იყო ვიწრო ორღობიდან ფართო გზაზე გამოვიდა, რომ რაღაც ხმა მოესმა, რომელმაც მოხუცებული ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა. მან ასწია თავი და გაიხედა იქით, საიდანაც ხმა მოესმა.

გაფითრებული ფეფენა თითქოს მიეკრა იმ ადგილს, სადაც იდგა.

ეს მარინე იყო, ჩაფი ედგა მხარზე და მორბოდა ზევითკენ. ფეფენამ ადვილად იცნო; მას ელაპარაკებოდა ღობეზე მომდგარი დავით კარუგდელაძე, რომელმაც ახლა მარინეს უკან მიაძახა:

- კვირას მოვალ, უსათუოდ გეწვევი... კაი მასპინძელი თუ დამიხვდები!

მარინე ისევ მირბოდა და დავითიც ღობეს მოშორდა.

სისხლი თავში აუვარდა მოხუცებულ ფეფენას ამ სურათის დანახვაზე. ახლაც ტყვილად ეწამება იგი მარინეს, ახლაც სცდება თავის ეჭვში? იმ ზომამდის იყო გააფთრებული, რომ მოსაზრების ძალაც კი დაკარგა ნახულის მოულოდნელობით. თავდაპირველად ვერ მოისაზრა - რა ექნა, რარიგად მოქცეულიყო, მერე კი ისევ გონზე მოვიდა, მოშორდა იმ ადგილს, სადაც გაქვავებულივით იდგა, მიირბინა ღობესთან, სადაც დავითი იყო გადმოწოლილი, ერთი თვალის დახამხამებაში ახტა ღობეზე და ყანაში გადახტა, მიავლ-მოავლო ყანას თვალი და რომ ვერავინ ვერ დაინახა, ხმამაღლა დაიძახა:

- სად ქვესკნელში ჩამძვრალხარ?.. შე წუწკო, უსინდისო, შენ, - მერე, ვითომც რაღაც გაახსენდა, გამოტრიალდა, ისევ გადმოხტა ღობეზე და შარაგზით ზევითკენ ძუნძულით წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ იგი დავით კარუგდელაძის ეზოში იყო. დავითის ცოლი, ნატალია, რომელიც აივანზე იჯდა ხელსაქნარით ხელში, კიბესთან შეეგება მას.

- მობძანდი, მობძანდი, ჩემო ფეფენა! რას მივაწერო, რომ გაგვიხსენე... სულ დაგვივიწყე, შე ქალო!

ფეფენა ავიდა დაბალი კიბით აივანზე ჯოხით ხელში.

- კესარია, გოგო! სკამი მოართვი ფეფენას! - დაუძახა ნატალიამ მოსამსახურეს.

- დასაჯდომად კი არ მოვსულვარ! - მკვახედ წამოიძახა ფეფენამ.

ნატალიამ იცოდა ამ დედაკაცის ხასიათი, მაგრამ ამ სიტყვის კილომ მაინც გააკვირვა იგი.

- რა იყო, შე ქალო! რა ამბავია?.. ხომ არავის უწყენიებია შენთვის? - ჰკითხა ნატალიამ, მაგრამ იქვე დაატანა: - მარა შენ ვინ გაგიბედავს, გაწყენიოს რამე.

- შენს ქმარს ჩემი ოჯახის თავსლაფის დასხმა მოუნდომებია... - ძლივს წამოიძახა მეტისმეტად აღელვებულმა ფეფენამ.

- რას ამბობ, ფეფენა, რას ამბობ?.. მაგ როგორ იქნება?

- გეუბნები, მართალი ყოფილა! - უკმეხად მიაძახა ფეფენამ: - იცოდე, მეც ისე გევიმეტებ, როგორც იმას ვყავარ გამეტებული!.. გოგო სულელია... იმას არაფერი ესმის... უხარია, აზნოუშვილი უკან დამდევსო!.. აზნოუშვილს გარყვნილობის მეტი რა ახსოვს?.. ჩამომათხოვე, ნატალია, შენი ქმარი!.. ნუ დასდევს ჩემს შეჩვენებულ რძალს... ქვეყნის თვალში სასაცილოდ ნუ მხდის, თვარა არ ვიცი, არ ვიცი, რას მაქნევინებს, რას გამაბედვინებს შენი ქმრის გარყვნილობა! რაც არ გეკადრებათ, ნუ კადრულობთ... კეთილშობილებს გეძახიან!

აზრდაბნეულივით მისჩერებოდა ნატალია ამ გააფთრებულ მოხუცებულ დედაკაცს და საშინელ ძალას ატანდა თავისთავს მოთმინება არ დაჰკარგოდა და ბოლომდის მოესმინა, რაც იქნებოდა ამ უცნაური დედაკაცის უზრდელი ლაპარაკი.

- ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი დავითს და შენ და ის ერთმანეთში მოილაპარაკებთ... მე რა უნდა ვქნა? - უთხრა ნატალიამ და ამით უნდოდა ბოლო მოეღო ამ უცნაური ბაასისათვის.

- ჩემთან იმას არაფერი სალაპარაკო არა აქვს! რაც სათქმელი მქონდა, გითხარი, და აწი თქვენ იცით!.. მშვიდობით ბრძანდებოდე! - წამოიძახა ფეფენამ და თავიც არ დაუკრავს, მიტრიალდა და უცბად ჩაიარა კიბე.

- სად მიიჩქარი, შე ქალო?.. დაჯექი, დაწყნარდი, შე ქალო, და ისე წადი! - უთხრა ნატალიამ ფეფენას დასაშოშმინებლად, მაგრამ იმას არც კი მოუხედავს, მხოლოდ წაილაპარაკა:

- საქმე კი არ გამომლევია თქვენსავით... თქვენთან ვილაყლაყო! - ფეფენამ ისე ხმამაღლა თქვა ეს, რომ ნატალიამ გარკვევით გაიგონა. ერთი ბეწო დააკლდა, კინაღამ ბიჭს უბრძანა: - ეს პილწი დედაბერი კისრისტეხით ეზოს გარეთ გააგდეო.

საღამოზე შინდაბრუნებულ დავითს ყველაფერი უამბო ნატალიამ, რაც ფეფენასაგან გადაჰხდა.

- რა სულელები არიან ოჯახდაქცეულები! - წამოიძახა დავითმა, როცა ნატალიამ გაათავა ეს ამბავი: - თუკი ქალს ხმა გეეცი, უსათუოდ რამე უნდა შეგწამონ... რა ჩემ ფეხებად მინდა მწვირიანი ყაზახის გომბიო, როცა ლამაზი ცოლი შინ მიზის. ხვალვე ავუხსნი ყველაფერს იმ დედაბერს!.. შენ კი ყოჩაღად მოქცეულხარ, რომ მოგითმენია და სახლიდან არ გაგიძუნძულებია... პილწია ის ოხერი!

- მოვერიდე, მა რა მექნა?! მთელი ქვეყანა კუდიანობას სწამობს... რომ რამე შეგამთხვიოს, რაღას იზამ?.. თუ ღმერთი გწამს, ხვალ უსათუოდ მიდი და რამერიგად დაამშვიდე, დააწყნარე ის უხეირო... ნამეტანი გაანჩხლებულია!

- უსათუოდ, უსათუოდ ვნახავ ხვალ და დავაშოშმინებ, - თქვა დავითმა: - გეტყობა ძალიან შეუშინებიხარ, - სიცილით უთხრა მან ცოლს.

დავით კარუგდელაძისაგან ფეფენამ პირდაპირ თავისი სახლისაკენ გასწია.

უკვე საღამო იყო, როცა ფეფენამ თავის ეზოში ფეხი შედგა.

მარინე ვახშმის კეთებას შესდგომოდა; ცეცხლზე ჭადებისათვის კეცები შეელაგებინა, პატარა ქოთნით ლობიო მიედგა და თვითონ თაროსთან ცომს ზელავდა ჭადისათვის. ბაზრობიდან დაბრუნებული ნიკა ცეცხლის მოშორებით იჯდა, გაყუჩებული, პატარა დაბალ სკამზე და ყალიონს შეექცეოდა. კარი გაიღო და ფეფენა შემოვიდა სახლში.

- შენისთანა გომბიოს თავზე ლაფი რავა დავასხმევინო? თავზე ლაფი რავა დავასხმევინო, ღმერთო მომკალი?! - შემოსვლისთანავე დასჭექა მან. - შენისთანა გომბიომ რავა გამიხადოს ჩემი ოჯახი ქვეყნის სასაცილოდ?! რას გადმოგიყვლიპინებია მაგ დასაფსები თვალები?! შენ, შენ, შენ გეუბნები, შე... შე სასიკვდილე! - მიაყვირა ფეფენამ მარინეს, როცა ამან თვალები მიაშტერა მოქაქანე დედამთილს. - რაზე მომითრიე ეს ჩემი სისხლისმსმელი, ჩემი მკვლელი, შე სულელო, შე უტვინო, უტვინო? - მიუბრუნდა მერე შვილს.

- რა იყო, დედა?.. რა იყო, ჰა? - იკითხა გაუბედავად ნიკამ.

- შენი თვალების დაბნელება, შენი თვალების დაფსება, შვილო!.. ათასჯერ მითხრობია შენთვის, ნუ ხარ ლენჩი-თქვა, ნუ ხარ დაგლახაკავებული-თქვა! შეგხედოს შენმა ოხერმა ცოლმა, რომ ქმარი ყავხარ!.. არ გაგაგონა დამბადებელმა არაფერი, ჩემი დარიგება შენ ვერ გეიგონე! იმიტომაც კაი საქმე გემართება...

მარინემ ცომის ზელას თავი დაანება და ხელებწაკაპიწებული, გაშტერებული იქვე თაროსთან იდგა და გაოცებით ყურს უგდებდა ამ ლაპარაკს.

ნიკამ ერთი თვალით გადახედა მას და ისევ შეეკითხა დედას:

- რა ქნა მაგ შეჩვენებულმა? ჰა, რა ქნა, რა?

ოჰ, რა საზიზღარი რამ იყო ამ წამში მარინესათვის ეს დედის ყურმოჭრილი მონა შვილი.

- რა ქნა? ჰკითხე, ჰკითხე... თვითონ მოგახსენებს... მაგას ხომ არაფრის რცხვენია!.. შარაგზაში რომ ძროხა დედაკაცი საარშიყოდ გამოდგება, იმას რიღასი რცხვენია?.. სულ დაივიწყე, შე შეჩვენებულო, სირცხვილი?! სინდისი აღარ შეგრჩა ცოტაოდენი მაინც მაგ შენს გარყვნილობაში?.. ისიც აღარ იფიქრე, რომ ამ შარაგზაში ვინმე დაგინახავდათ?.. თუ აღარც კი ერიდები ვისმეს?.. ჰა, ამ ზომამდის მივიდა შენი თავხედობა და უნამუსობა?.. ჰმ! რასაკვირველია, ამ ღვთის გლახას წუწკი აზნოუშვილი დავითი სჯობია!.. რასაკვირველია, რასაკვირველია! მარა მე რას მიპირობ?.. მე დამივიწყე, რომ ცოცხალი ვარ?.. შე გარყვნილო, შე უტიფარო! - ყვიროდა ბრაზმორეული ფეფენა, რომელიც თავს ვერ იკავებდა თავის გულისწყრომის გამოთქმაში და ამასობაში უფრო და უფრო ხელდებოდა.

მარინემ ჯერ დრო მისცა ამ დედაკაცს ამოესვარა ტალახში მისი ნამუსი, მერე კი სცადა თავის გამართლება; ცდილობდა აეხსნა, თუ რარიგად შეხვდა მას დავითი, ეფიცებოდა, რომ მას, მარინეს, დავითისათვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ხმაც არ გაუცია. მაგრამ ყოველივე ეს ამაო იყო... ფეფენას აღარაფერი ეყურებოდა ამგვარები, მხოლოდ მარინეს ხმა უფრო ახელებდა, უფრო ბრაზს უმატებდა და ბოლოს იმ ზომამდის მივიდა, რომ არავითარ სიტყვას აღარ ერიდებოდა; სიტყვა ერთიმეორეზე უფრო მწარე, ეჭვი ყოვლად საზიზღარი, სარწმუნოდ აღიარებული, უანგარიშოდ, უზომოდ ეყრებოდა თავზე ყმაწვილ ქალს.

ბოლოს მარინესაც უღალატა მოთმინებამ და, რაც ძალა ჰქონდა, განწირულებით შეჰყვირა გააფთრებულ დედაბერს:

- გაჩუმდი!.. გაჩუმდი!.. კმარა!.. - და ცხარე ცრემლები შადრევანივით წამოსკდა თვალებიდან. მთელი სხეული უცახცახებდა მას.

- ვის უბედავ შენ მაგას, ჰა? ვის უბედავ?.. - წამოვარდა ნიკა და მარინესაკენ წაიწია.

- ღვთის გლახა! ღვთის გლახა! - ზიზღით მიაძახა მარინემ ქმარს: - ღვთის გლახა!.. იქით, ახლო არ მომეკარო!

- შეხედე, შეხედე ამ გარყვნილს!.. შეხედე ამ არაწმინდას! - მიაყვირა ფეფენამ და ამანაც მარინესაკენ მიიწია.

- არაწმინდა რომ არ იყვე, კუდიანიც არ იქნებოდი! - გადმოსძახა მარინემ.

- გარყვნილო, როსკიპო, სხვას აბა რას იტყვი... როსკიპო, როსკიპო! - იწივლა ფეფენამ, მოიქნია ჯოხი და ის იყო თავში უნდა დაერტყა მარინესათვის, რომ ამ უკანასკნელმა ვეფხვივით ისკუპა თავის ადგილიდან, თვალის ერთ დახამხამებაში დაეძგერა მოხუცებულ დედაკაცს, ღონივრად მოიქნია იგი და მძლავრად მიწაზე დაახეთქა.

ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ნიკა სრულიად დაიბნა თავდაპირველად, მერე უცბად წამოავლო ხელი პატარა სამფეხიან სკამს და მარინეს ესროლა, მაგრამ სკამი ასცდა მარინეს და მძიმედ მოხვდა კედელს.

მარინემ ერთი-ორჯელ ჩაჰკრა წიხლი ფეფენას და კარში გავარდა.

- სად მიხვალ?.. სად მიხვალ, შე შეჩვენებულო?.. გაჩერდი, თვარა ეს არის მოგკალი!.. - ყვირილით გასდია უკან ნიკამ.

მარინემ ერთ წამში გადაირბინა ეზო, გადახტა ღობეზე და ბნელ ღამეში სირბილით გასწია ორღობეში.

- მიშველეთ, მიშველეთ! - ყვირილით მივარდა მარინე ონისიმესას: - ბიძია, მიშველე, თვარა მომკლეს!..

შეშინებული ჯალაბობა გარეთ გამოცვივდა ამ ყვირილზე და, გაოცებულნი მარინეს შეხედულებით, ეკითხებოდნენ, თუ რა ამბავი მოხდა.

ძლივს მოასწრო მარინემ ორიოდე სიტყვის წარმოთქმა რომ ეზოში ნიკამაც შემოირბინა.

- აქ არი, ბიძია, მარინე? - დაიძახა მან.

- შენ ხარ, ბიჭო, ნიკა? - შეეკითხა ონისიმე.

- ჰო, მე ვარ, ბიძია, მე! მარინე თქვენთან არი?

- ბიჭო, რა ღმერთი გიწყრებათ, რა ავი ზნე გივლით! აღარ გრცხვენიათ მაინც?

- მაგას უწყრება ჩემი გამჩენი, მაგას!.. მაგ უსინდისოს, გარყვნილს! ბიძია, დედაჩემი გამილახა მაგან, დედაჩემი! რავა არ მოვკლა მაგ?.. ნუ გყავთ მაგი სახლში... გამოაგდეთ... კარში გამოაგდეთ!

- შენმა სიცოცხლემ! - გამოსძახა მარინემ სახლიდან.

- აბა სხვაგან სად წავიდოდა?.. უკეთეს თავშესაფარს სად მონახავდა?.. მარა ძალიან შემცდარი ბრძანდები! - მოისმა ღამის სიბნელეში ფეფენას ხმა: - მად არის, ბიჭო, ხომ?

- კი, დედა, აქ არის, აქ! - მიუგო ნიკამ.

- არ გრცხვენია, ბატონო ონისიმე, არ გრცხვენია ახლა?.. აქ გამომიყვანე მაგ შეჩვენებული!.. - ფეფენა სახლის წინ გადმოხურულში შემოვიდა, სადაც სხვები იყვნენ.

- ორივე დედა-შვილი თავიდან მომშორდით, დამითხოვიხართ ამ ჩემი სახლიდან... ამ ჩემს ეზოში არ გნახოთ არც ერთი... ახლავე გამეცალეთ!.. თქვენთან ლაპარაკის თავი არა მაქვს მე! - შეუტია გაჯავრებით ონისიმემ.

- შენთან სალაპარაკოდ კი არ მოვსულვარ, ვაჟბატონო... გოგო გამოაგდე გარეთ, გეუბნები... გესმის? - წყრომით შესძახა ფეფენამ მაზლს.

- ონისიმე, კაცო... გეიგონე ჩემი. ნუ იკიდებ შენი ოჯახის საცოდაობას... ნუ ახელებ მაგას... გაატანე მაგ ბოვშვი! - ხმადაბლა წაულაპარაკა სოფიომ ქმარს.

- მაგის მეშინია, თუ რავა გონია მაგას!.. ახლავე გავაძუნძულებ ეზოს გადაღმა, თუ კაცი ვარ! - წამოიძახა ონისიმემ და წინ წაიწია, მაგრამ სოფიომ წაავლო უცბად ხელი ახალუხის კალთაში და უკან დასწია.

- მოჰკიდე, ბიჭო, მამაშენს ხელი, ფეხი არსად გადაადგმევინო! - უთხრა მან იქვე მდგარ შვილს და თვითონ კი სახლში შევიდა.

- მარინე, შვილო, წაჰყევი... წაჰყევი, ჩემო ბიცოლა, ნუ გეიმეტებ ბიძიშენის ოჯახს, შენი ჭირი შეეყაროს შენს ბიცოლას... ამოგვწყვეტს, ამოგვბუგავს... აღარ დაგვინდობს... ათას უბედურებას შეგვყრის მაგ შავდღეზე გაჩენილი... ნუ მოიკიდებ ჩვენს ცოდვას... შენთვისაც აჯობებს, რომ წაჰყვე, შენ ნუ მომიკვდები! - ხვეწნა დაუწყო სოფიომ მარინეს.

- ბიცოლა, მომკლავენ! მომკლავენ, ბიცოლა! არ იცი შენ მაგათი ამბავი... ღმერთმანი, მომკლავენ!.. ბიცოლა, ნუ მოაკვლევინებ მაგათ ჩემს თავს... ბიცოლა, შენ დაგენაცვლე, შენი სულის ჭირიმე, დამიფარე მაგათ ხელიდან, მიპატივე! მომკლავენ, მომკლავენ, მაგ ურჯულოები! - მოსთქვამდა მარინე.

- ნუ გეშინია, შვილო... მე შეგარიგებ ფეფენასთან... მე დოვუჩოქებ და ისე შევეხვეწები, გაპატიოს, დედა-შვილობამ... ოღონდ ახლა წაჰყევი.... ოღონდ მაგას ჩვენზე ნუ გაახელებ... მე შეგარიგებ... ნუ ტირი, შენი სულის ჭირიმე... კაია, ნუ ტირი!.. - და თვალცრემლიანი სოფიო გულში იხუტებდა მტირალ მარინეს და თავსა და პირს უკოცნიდა.

- როდემდის უნდა ვიყურყუტო ამ ღამეში? - წამოიძახა ფეფენამ: - უმაგისოდ მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

- გიახლებათ, ბატონო, გიახლებათ, შენი ჭირიმე! - დაიძახა სახლიდან სოფიომ; გადმოხურულში გამოვიდა, მარინე გამოიყვანა თან და ფეფენას წაუყენა წინ.

- ჩემო ბატონო, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე... აპატიე მაგ უბედურს მისი უგუნურობა, - დაუწყო ხვეწნა სოფიომ ფეფენას: - ნუ დასჯი შენი სულგრძელობისთვის!

- ხელი მოჰკიდე, ბიჭო! - უბრძანა ფეფენამ ნიკას: - არსად გაგექცეს კიდევ!.. წამობრძანდი, ქალბატონო!

სოფიოს სიტყვები კი ვითომ არც კი გაეგონოს, ისე წაუყრუა ფეფენამ მას. ნიკამ ჩაავლო მარინეს მკლავში ხელი და ეზოდან გაიყვანა.

მტირალი მარინე დასაკლავი პირუტყვივით მიჰყვებოდა ქმარს.

- აი დაგწყევლა ჩემმა გამჩენმა!.. არაწმინდა რაღაც გაუჩენიხარ ღმერთს! - მიაძახა ონისიმემ ფეფენას.

- გაგიხმა მაგ ენა!.. - შეუტია სოფიომ და ისევ ფეფენას გაჰყვა ხვეწნით, რომ მას ეპატივებინა მარინესათვის მისი დანაშაულობა.

ამ დღიდან სრულიად მიიკარგა მარინე; სოფლად მოსიარულე იგი არავის უნახავს. სოფლელები ლაპარაკობდნენ, რომ ქმარმა და დედამთილმა, როცა ონისიმესაგან სახლში მიიყვანეს, გალახესო, დედამთილი სახლს გარეთ არსად უშვებსო, ეზოშიაც არ ახედებსო.

მეზობლობაში რძალ-დედამთილის უცნაურად გადაკიდებას და ყოველგვარ უთანხმოებას იმით ხსნიდნენ, რომ ფეფენას არ შეეძლო ეგუებინა თავის მახლობლად იმისთანა ქალი, რომელიც მისი კუდიანობის მონაწილე არ გახდებოდა და იგი, ვითომც, ცდილობდა, ყოველ ღონეს ხმარობდა, არა საშუალებას არ ზოგავდა, ოღონდ კი მარინე თავისი ხელქვეითი გაეხადა, გაეკუდიანებინა. ეს ყველას უტყუარ საბუთად, ჭეშმარიტებად მიაჩნდა და, როცა ფეფენას ოჯახში წინანდელი უთანხმოების ამბავი აღარ ისმოდა მეტად, ყველამ დაამტკიცა, რომ ფეფენამ თავის საწადელს მიაღწია: მარინე დაიმორჩილა და კუდიანობაში გარიაო.

- გული ამოსჭამა, - ამბობდნენ, - და ყველაფრის ხალისი დაუკარგა; როგორიც თვითონ არის, იმისთანა გახადაო!

ამაში უფრო რწმუნდებოდნენ მით, რომ მნახველები მარინეს ვეღარ სცნობდნენ - სრულიად ვეღარ სცნობდნენ მასში უწინდელ მარინეს. ახლანდელი მარინე თავისი დედამთილივით ერიდებოდა ყველას, ძვირად ვისმე გამოელაპარაკებოდა; აღარავისი ნახვა, შეხვედრა მას აღარ ეხალისებოდა წინანდებურად. საწყალს ყველაზე გული გაუტყდა; ონისიმემაც, ვისიც ყველაზე დიდი იმედი ჰქონდა, ვერ დაიფარა იგი ფეფენას ხელისაგან; მას გადახდა ყოველივე თავისი და ახლა აღარავინ ესაჭიროებოდა მომხმარედ. აშკარად დაინახა, რომ ფეფენას წინააღმდეგი ვერავინ გამოჩნდა, რომ ფეფენა ყველაზე ძლიერი ყოფილა, რომ მასთან ბრძოლა ამაო იქნებოდა და დაემორჩილა, ეყმო სულიან-ხორციანად. მარინეს მაყურებელნი კი ამნაირ მდგომარეობას მის გაკუდიანებას აწერდნენ.

ფეფენასთან ერთად ახლა მარინესაც დაუწყეს რიდება. ახლა მისი შიშიც მიემატათ მეზობლებს.

ამ ბოლო დროს ლაპარაკი ისმოდა, რომ ამა და ამ კაცს მთლად საქონელი ავად გაუხდა, ამას წვრილფეხობა აღარ ეზრდებაო, ამას ეს ცუდი საქმე შეემთხვაო, და ეჭვი მარინეზე მიჰქონდათ... მისი გაკუდიანების შემდეგ მომრავლდა სოფლად ყოველივე უბედურებაო... ახლა ბავშვებსაც კი აშინებდნენ მარინეს სახელით და საქმე იმ ზომამდის მივიდა, რომ, როდესაც მარინეს ერთხელ ვიღაც ბავშვი შეხვდა, ამ უკანასკნელმა შექმნა შიშისაგან საშინელი ყვირილი და გულგადატრიალებულმა ძლივს მიაღწია ცოცხალმა სახლამდის.

ერთი მოხუცებული დედაკაცი, რომელსაც ფეფენასთვის უარი ვერ ეთქვა და სიმინდის სარჩევში მოსახმარებლად სახლში წაჰყოლოდა და მათთან ვახშამიც ეჭამა, ყველას არწმუნებდა, რომ, გამოვცილდი თუ არა ფეფენას სახლს, პირის საშინელი აყროლება ვიგრძენიო... გულგახეთქილ მოხუცებულს ვერას გზით ვერ მოეშორებინა ეს საძაგელი სუნი პირიდან და უზომოდ შეწუხებულს თავშალის ყურით მაგრად აეკრა ცხვირპირი; მთლად ჯალაბობა გაეკვირვებინა თავისი ხმის ამოუღებლობით, ეგონათ თურმე, ავად თუ არისო... თეთრად გაეთენებინა ის ღამე და ალიონზე მაკრინე-მკითხავთან წასულიყო... მაკრინეს ეთქვა - ქაღალდიდან ამოეკითხა, - რომ ეგ ამბავი მარინეს საქმეაო, ფეფენას რად მოეხმარეო... ხანდახან თურმე კუდიანობაში ეჯიბრება კიდევაცო... მაკრინეს ამასთანავე შენალოცი მარილი მიეცა ამ დედაკაცისათვის და მარილის პირში ხშირ-ხშირად გამოვლებით განთავისუფლებულიყო საზარელი მდგომარეობისაგან. ვინ იქნებოდა იმისთანა, რომ არ დაეჯერებინა ეს ამბავი, როდესაც ამას ამბობდა ის, ვისაც ყოველივე ზემოხსენებული თავს გადაჰხდომოდა...

მარინე ნამდვილ კუდიანად იყო ცნობილი.

- წადი, კაცო, წადი, მეტი გზა აღარ არის... წადი და მაგ უბედურის ჭირისუფალს შეატყობინე მათი შვილის ამბავი... - ეუბნებოდა ონისიმეს სოფიო.

- მრცხვენია, ქალო, მრცხვენია, გესმის!.. რა პირით დავენახო მარკოზას?.. რარიგად მოვუყვე მისი შვილის გაბოროტიანება? - ამბობდა მწუხარებით სავსე ონისიმე: - სიტყვა მივეცი პატიოსანი, თქვენი შვილის მეთვალყურე ვიქნები-თქვა, მე ვუპატრონებ, თუ რამე გასაჭირი შეხვდა-თქვა... წადი ახლა და ასეთ ამბებს მოუყევი! მოვმკვდარიყავ არ დავეძებდი, და ამისთანა სირცხვილში კი არ ჩავვარდნილიყავი!.. რაზე გევერიე, მე ოხერი, მაგათ საქმეში... მარა ძმისწულია ის გლახაკი და შემეცოდა... ქალს ვინ მიცემდა, თუ მე არ მეთავებია?.. რა მეგონა, თუ ამისთანა რამეს ნახავდა ჩემი თვალები!..

- ბედი ჰქონებია, ალბათ, მაგ საცოდავს მაგისთანა, აბა რავაა?.. ყოვლისფერი ღვთისაგანაა... ვენაცვალე მის ძლიერებას! - ვითომდა სანუგეშოდ უთხრა ქმარს სოფიომ.

- აბა, სხვაფერ რავა იქნება! - ეთანხმებოდა მოხუცებული ონისიმე: - სხვაფერ აბა რავა იქნება?! რაც ადამიანს უწერია, ვინ ააცდენს თავის წერას?!. აბა, წავალ ხვალ მარკოზასთან... - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა ონისიმემ.

- წადი, წადი!.. ეგებ იმათ მაინც უსაშუალონ რამე... უთხარი, რომ ჩვენ სრულიად აღარ გვეკარება, თორემ რამე საშვალებას ვიხმარდი-თქვა... ჩვენს სიტყვას სულ არ იკარებს-თქვა... არ დაავიწყდეთ, მათ მახლობლად საიქიოს ნამყოფი კაცი რომ არის - გამოტეხა შენაძლება ახლად გაკუდიანებულების - იმას სთხოვონ, ეგებ წამოყვეს და გამოტეხოს, კუდიანობიდან ეგებ რამეფრად ფეხი ამოადგმევინოს იმ დალოცვილმა... სულს არ წააწყმედინებენ მაინც უბედურს და შავდღეზე გაჩენილს!

ონისიმე ფოცხვერაძემ უამბო მარკოზა ხმელაძეს მისი შვილის ამბავი და ამან სიძე-მძახალზე დამუქრებით გამოსწია წითურეთისკენ შვილთან. მარინეს დედა, მოხუცებული ესმა, ვერაფრით ვერ დააკავეს სახლში; შორი გზა ჰქონდა გამოსავლელი, მაგრამ რაკი წამოსვლა თქვა, ვერას გზით ვერ გადაათქმევინეს; შვილის ნახვის სურვილმა, როცა მისი ამბავი გაიგო, ყოველი შორ გზაში მოსალოდნელი გაჭირვება არარად ჩააგდებინა. უბედური მშობლები მივიდნენ საიქიოს ნამყოფ ვასილ კარიკაძესთან და შემწეობა შესთხოვეს; ამასაც არავისათვის არასოდეს უარი არ უთქვამს, როცა მის შემწეობას ვინმე საჭიროებდა, და არც ამათ უთხრა; მათთან ერთად გასწია წითურეთში.

მიწურული შემოდგომის გრილი დილა იყო. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო. მტვრიანი გზით მიმავალნი ჯერჯერობით მხნედ მიდიოდნენ და დაღლილობას ვერ გრძნობდნენ. ვასილი და მარკოზა წინ მიუძღოდნენ, ესმა და ონისიმე კი მათ მისდევდნენ. გზადაგზა ლაპარაკის მოყვარულმა მარკოზამ უამბო თავისი ათასგვარი თავგადასავალი ვასილს, და ეს უკანასკნელი ისე წახალისდა, რომ თვითონაც მოჰყვა იმის ამბავს, თუ როგორ მოიარა საიქიო.

- ჭურის თავზე ცხონებულ მამაჩემს, - ასე დაიწყო ვასილმა თავისი ამბავი: - ერთი ძველი, დაბერებული მუხა ჰქონდა. ცხონებულმა ამ მუხის მობელვა მითხრა ერთხელ. ხეზე ჩემი ასვლა და ჩემს ხელში ნაჯახის დამძიმება ერთი იყო... ეს კარგად მახსოვს... ყური არ ვათხოვე ამას, დავუწყე შტოებს ჭრა... ერთი შტო მოვჭერ, ჩამოვაგდე, მეორე მოვჭერ, ჩამოვაგდე; მესამე შტოს რომ მოუქნიე ნაჯახი, ვერ მოვახვედრე, ორჯელ-სამჯელ დავაცილე... გული მომივიდა, ნუთუ ასე მომეღალა ხელი-თქვა, ერთი ღონივრად მოვიქნიე - მოხვდა შტოს, მართალია, ჩემი ნაჯახი, მარა არ გაჭრა, სულ არ მიეკარა რკინა ხეს!.. თურმე რას მოსჭრი?!. ჩვენ აბა რა ვიცოდით, მერე გევიგეთ... თურმე ამ მუხაზე ანგელოზებს ჩვეულებად ჰქონიათ ჩამოფრენა... მერე მივხვდით ამას ჩვენ... მე კი უფრო მომივიდა გული, რომ შტოს ვერაფერი მოვუხერხე... ზედ გადამჯდარმა, რაც ღონე მქონდა, კიდევ მოვიქნიე ნაჯახი... ახლაც ვერაფერს დაგაკლებ-თქვა თუ, გუნებაში ვთქვი?! შენს მტერს, მე რომ დამემართა. უცბად თვალებში წამომიბნელდა, წინ რაღაც შავად წამომეფარა, აზრი დამეკარგა და ხიდან ჩამოვარდნილს ძლივს დამყოლია სული მიწაზე... ცოცხალ-მკვდარი მნახეს თურმე მუხის ქვეშ და წამიღეს სახლში... ისეთი ავად შევიქენი, ისეთი, რომ ჩემს მორჩენას ადამიანი აღარ ფიქრობდა თურმე... რა არ ექნა მამაჩემს! რა საშვალება არ ეხმარა: ჯერ განატეხი თურმე გაატანია დედაკაცებს, მერე ცხრა გამოცდილ ქალს ცხრა-ცხრა სანთლით ხელში თითოს ცხრა-ცხრა ლოცვა ათქმევინა იმ მუხასთან, წმ. გიორგის ხატისთვის ჩემი ზომა წმინდა სანთელი მიერთმია, მაგრამ არ მეშველა და არ მეშველა მაინც არაფერი. ისევ ისე უიმედოდ ვარ თურმე... ერთ დღეს მოვმკვდარვარ კიდევაც... შეექნათ თურმე ერთი ტირილი, კივილი... ჩემს გასვენებაზე დეიწყეს ლაპარაკი... მე არაფერი არ მესმის... ამასობაში მე ზეცაში დავფრინავარ... ჩემი სული, რასაკვირველია... ქვეყნად მარტო ჩემი ლეში იდვა ტახტზე... სული კი მაღლა-მაღლა მიფრინავს... ზევიდან დავჩერებივარ დედამიწას... ბურთივით პატარა მოჩანს... უცბად ჩემს თვალწინ გეიშალა იმისთანა თვალუწვდენელი ამწვანებული მინდორი, იმისთანა, რომ მის ნახვას არაფერი ჯობია... მინდორია იმისთანა, კიდე არა აქვს... მთელი წელიწადი რომ იარო, გარს ვერ შემოუვლი... მუხლებამდეა მწვანე, აბრეშუმივით ბალახი... არის გაბნეული ამ ტრიალ მინდორზე უთვალავი ცხვარი და ბალახს წიწკნიან... სულ, სადაც მიიხედავ, მარტო ცხვარია... აგერ ერთია, აგერ ორი ერთად, სამ-სამი, ხანდახან ოთხ-ოთხიც... დადიან და ჭამენ ამ მშვენიერ ბალახს... წვრილი გზა შემხვდა ერთი... დავადექი ამ გზას. ვიარე, ვიარე და ერთ წყაროსთან მივედი... წყალია იმისთანა, რომ მკვდარს გააცოცხლებს მისი ერთი წვეთი... წყაროსთან კაცია, წევს... დამიძახა. - სადაური ხარო, მკითხა. მე მოვახსენე, რომ ამა და ამ სოფლიდან ვარ-თქვა, ამ და ამ კაცის შვილი-თქვა. ,,აბა, შენი აქ მოსვლა ადრეა... შენ ისევ დედამიწაზე უნდა დაბრუნდეო... გაჰყევი ამ გზას, არსად გადაუხვიო, ბოლოში სიმონა კიკაბიძეს შეხვდებიო, მიხვალ იმასთან და ის გასწავლის გზას, დედამიწაზე რომ ჩახვიდეო... მითხრა: თუ გალობა რამე გეიგონო, დეიჩოქე და ისე იყავი, სანამ გალობის ხმა არ შეწყდებაო...” გამიხარდა, სიმონა კიკაბიძეს ნახავო, რომ მითხრა... გავსწიე ნაჩვენები გზით... ვიარე, ვიარე ამ მინდვრით... სულ ცხვრით იყო სავსე იქაურობა... ბევრი ვიარე. ერთ ადგილას შემხვდა სიმონა... ზის და მასთან რამოდენიმე ჩვენი სოფლის მიცვალებულებიც არიან... მუსაიფობენ... დამინახეს, გეეხარდათ, ამბავი მკითხეს... მერე მე ვკითხე: ეს რა ადგილია-თქვა? მიპასუხეს, რომ სამოთხეაო, და წყაროსთან რომ კაცი იწვა, ანგელოზი ყოფილიყო თურმე... რასაც ცხვრებს ხედავო, ცხონებულთა სულიაო... ანგელოზი უყურებს მათ, არა დააკლდეთ რაო. რომ ვლაპარაკობთ ასე, მოისმა იმისთანა მშვენიერი გალობა, რომ მთელ სიცოცხლეში მისი ყურება რავა მოეწყინება ადამიანს!.. ყველამ მუხლი მოვიყარეთ... სიმონამ მითხრა, ანგელოზთა გალობააო, ღმერთს ადიდებენო... ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ჩვენებური ვნახე, ვინც იქ იყო... სიმონამ მითხრა, რომ მამიშენის ლოცვა ძალიან წაგდგომიაო, ღმერთს შენზე მოწყალება მოუღია და აქ ნუღარ იგვიანებო... როგორც გითხრა ანგელოზმა, დედამიწაზე მალე დაბრუნდიო... ყველას გამოვეთხოვე, სიმონამ, გზა მასწავლა და ჩემი სული სწორედ იმ დროს დაუბრუნდა ჩემს ლეშს, როცა გასვენებას ის-იყო მიპირობდნენ. ყველა გაშტერდა, გაცოცხლებული რომ მნახეს!.. რა სიხარული, რა ამბავი, კაცი რავა გამოთქვამს! ერთ თვეზე სრულიად გამოვკეთდი და მას აქეთია, ღვთის შეწევნით, ფჩხილი არ წამომტკენია ტყვილა... ასეთი მოწყალება მოიღო ჩემს თავზე ჩემმა გამჩენმა, ვენაცვალე მის დიდებას!! - და ვასილმა პირჯვარი გადაისახა. - ის ძალაც მომანიჭა, რომ ბოროტი ადამიანის გამობრუნებაც ადვილი გახადა ჩემთვის.

- ვენაცვალე ღვთაებას... არ ვყევართ მოძულებული კიდევ და შენისთანა კაცებს გვაღირსებს ხანდახან ჩვენდა გასამხნევებლად. - მარკოზამ პირჯვარი გადაისახა ამ სიტყვაზე.

- სწორედ, სწორედ! -დაეთანხმა ონისიმე.

- შენ დიდი ხნის სიცოცხლე გექნება დანიშნული ღვთიდან, - მიმართა მარკოზამ ვასილს. - შენისთანა კაცები დიდხანს ძლებენ და ძალიან მაგრებიც არიან. მე ვიცი რამოდენიმე მაგალითი... ცხონებული მამაჩემისაგანაც გამიგონია ასე.

- კი, კი, მართალია! - ემოწმებოდა ონისიმე.

- ასე იტყვიან, მართალია, - თქვა ვასილმა: - მარა ყველაფერი ღვთის ნებაა... რავარც იმას ნებავს, ისე იქნება... ისე იქნება!

- რასაკვირველია, რასაკვირველია! - ერთხმად წამოიძახეს ონისიმემ და მარკოზამ.

ესმა კი ხმას არ იღებდა; იგი სმენად იყო გადაქცეული და ამ უცნაური კაცის უცნაურ ამბავს ყურს უგდებდა.

საღამო იყო, როდესაც ჩვენი მგზავრები ონისიმესას მივიდნენ.

- სოფიო, ქალო, ეი!.. კარი გააღე და სტუმრებს გამოხედე, - დაიძახა ონისიმემ, თავის ეზოში რომ შეიყვანა ვასილი, მარკოზა და ესმა.

სახლის კარი გაიღო, სოფიო გამოვიდა; დიდის თავაზით შეეგება სტუმრებს და სახლში მიიწვია.

- მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, მობრძანდით... დაღალული ბრძანდებით... კაი გზა გაქვთ გამოვლილი... ღმერთო, მომკალი, თქვენ რამ შეგაძლებინათ ამათთან სიარული, ჩემო ბატონო? - მიუბრუნდა იგი ესმას.

- გამწარებამ, ჩემო ბატონო, გამწარებამ, ჩემო ანგელოზო! - ნაღვლიანად წარმოსთქვა დაღლილობისაგან ძლივს ფეხზემდგომმა ესმამ.

- დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი და მისი მონაწილეც!.. მარა ღმერთი მოწყალეა, იმის იმედით ვინუგეშოთ, ჩემო ბატონო! - ამოოხვრით და თანაგრძნობით უთხრა სოფიომ: მერე უცბად ლაპარაკის კილო შესცვალა, ვასილზე თვალით ანიშნა და ხმადაბლა ჰკითხა ესმას: - ეს არის, ბატონო, საიქიოს რომ ბრძანდებოდა?..

- კი, შენი ჭირიმე! - მიუგო ესმამ.

- აბა ღმერთი ჩვენსკენ ყოფილა, - იმედიანად და ხალისით თქვა სოფიომ: - აწი აღარაფერი გვიჭირს!

- დედაკაცო! - წამოიძახა ონისიმემ ცოტა ხნის შემდეგ: - ბატონი ვასილი დაღლილია და მოსვენება ეჭირვება... აბა, თუ გაქვს რამე, დროით მოგვიტანე და ის იქნება...

- ნამდვილი კაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა. მაგაზე უკეთესი არაფერი იქნება! - სიცილით თქვა მარკოზამ.

- ხელად სუფრა, ბიჭო! - მიაძახა შვილს ონისიმემ: - გოგო, შენ რას გაყუჩებულხარ მანდ ყურეში?.. დედაშენს ხელი მოუწყვე!..

ერთ წამში სუფრა მზად იყო.

მადაზე მოსულმა მარკოზამ ვეღარ მოითმინა და წამოიძახა:

- მადლიანი დედაკაცის ჭირიმე!.. მე და ჩემმა ღმერთმა!

- ნეტავი შენ!.. ყოველთვის რომ კარგ გუნებაზე ხარ! - უკმაყოფილოდ შეუტია ესმამ.

- აბა ვიტირო ახლა, დედაკაცო, თუ?.. ცოდვა არ იქნება, მასპინძლის ამისთანა სუფრას მოღუშული რომ შემოვუსხდეთ!.. აგრე არაა, ბატონო? - მიმართა მარკოზამ სოფიოს, რომელიც სუფრას აკრიალებდა.

- კი, ჩემო ბატონო, კი, შენი ჭირიმე, მართალს ბრძანებთ!.. - ტკბილად მიუგო მან.

- ნუ გეშინია, იმ კუდიან დედაკაცთან ანგარიშის გასწორებას კიდევ მოვესწრებით!.. სად წამივა? ხვალ ალიონზე დავეცემი თავზე ორივე დედა-შვილს და შავ დღეს დავაყენებ... როგორც კაცი! ახლა კი ამ ვახშამს შევექცეთ... ტკბილი ღვინო დავლიოთ... მასპინძელს სუფრას ნუ დავუწუნებთ... ნურც ბატონ ვასილს მოვაწყენთ!.. არა, მძახალო, ჰა? - იძახოდა მარკოზა.

- კი, ჩემო მარკოზა, კი, ჩემო მარკოზა!! - ამხნევებდა ონისიმე.

- შენთან ნურას უკაცრავად, ჩემო ბატონო, შენი ჭირიმე, - მიუბრუნდა ვასილს მარკოზა: - თუ რამ უზრდელობა შემნიშნო, მაპატივე... შენ სულ სხვა კაცი ხარ!..

- მოილხინე, ჩემო მარკოზა, მოილხინე, - დინჯად მიუგო ვასილმა: - მე რაში მერიდები, შე კაცო!

- იცოცხლე, კაცი ბრძანდები და კაცი... შესმენილი და ღვთისაგან დაჯილდოებული... აბა, ონისიმე, ვასილს ღვინო მიართვი! - და მარკოზა ისე გამხიარულდა, რომ გეგონებოდათ, სრულიად დაავიწყდა, თუ რამ მოიყვანა იგი ონისიმეს ოჯახში. ესმას თუმცა ძალიან სწყინდა ქმრის ამნაირი უსაქციელობა, მაგრამ ვერაფერი გააწყო მარკოზასთან, რომელიც ყოველ მის თხოვნაზე, რომ დაწყნარებულიყო, პასუხად უგებდა:

- ნუ გეშინია, ვერსად ვერ წაგვივა ის კუდიანი შენი მძახალი, ვერსად ვერ წაგვივა! ხვალ გაჩვენებ მის სეირს!..

დილა ადრიანი იყო, მარკოზა რომ მეორე დღეს სიძისას გადავიდა.

- გამარჯვება შენი! - უთხრა მარკოზამ ნიკას, რომელიც სახლის წინ რაღაცას თლიდა წალდით.

- ღმერთმა თქვენი თავი მიცოცხლოს!.. საიდან, ბატონო, როდის მობრძანდით?.. ღამე გივლიათ!.. - მიეგება ნიკა სიმამრს.

- მარინე შინ არი?

- სახლში გახლავს, აბა სად იქნება?

- ავად ხომ აღარაა?

- არა, აჰ!

- ჩვენთვის არ უნდა შეგეტყობინებია, ბიჭო, შენი ცოლის ავად ყოფნა?

- ისე ავად რომ არ ყოფილა...

- ჰეი, შვილო! - სიტყვა გააწყვეტინა მარკოზამ: ქვეყანაზე კაცს რა დეემალება?!. მარგალიტივით ქალი მოგეცი და ვაგლახად ვერ შეგალახვინებ მის თავს, იცოდე!..

- შენთვის რაღაც ენა მოუტანიათ ჩვენზე... ათასი მტერი გვყავს... - გაუბედავად დაიწყო ნიკამ.

- ეს თქვენი სიგლახით, თვარა ჩემ შვილზე მტრობას კაცი არ ჩაიგდებს გულში მიდღემჩი...

- ვის ელაპარაკები, ბიჭო? - მოისმა სახლიდან ფეფენას ხმა და ამასთანავე მოხუცებულმა დედაკაცმაც კარში გამოიხედა; დაინახა მარკოზა და შესძახა - უიმე!.. თქვენ ბრძანებულხართ! სახლში შემობრძანდით, ბატონო, სახლში შემობრძანდით! შე სულელო, ამდენ ხანს ვერ გამაგებიე?

მარკოზა შევიდა სახლში, ფეფენას ჩამოართვა ხელი და დაკვირვებული თვალი აავლ-ჩაავლო მარინეს, რომელიც ის-იყო მიეგება მას: მერე მოჰკიდა ხელი და გვერდით მოისვა.

მარკოზა მისჩერებოდა შვილს და თვალს არ უჯერებდა. ნუთუ ეს მისი სიცოცხლით სავსე, ცქვიტი, მხიარული, პირსავსე, ლამაზი მარინეა, რომელიც ნიკას გამოატანა?! ეს სახეჩაყვითლებული, გამხდარი, თვალებმიმქრალი ქალი მარინეა?.. მაშ მართალი ყოფილა, სულ მართალი ყოფილა, ეჭვი რაღა საჭიროა, მართალი ყოფილა, რაც ონისიმემ უამბო!.. საწყალმა მარკოზამ კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო შვილს, უფრო მიიკრა გულზე; გულმა აღარ მოუთმინა მოხუცებულს და შვილს ჰკითხა:

- რამ გამოგცვალა ეგრე უცნაურად, შვილო? ავად ხომ არა ხარ?

- არა, ბატონო!.. - წყნარად მიუგო მარინემ.

- კარგად რომ არ ხარ, არ გეტყობა თუ?.. მე ჯერ თვალები არ ამბმია! - წყრომით წარმოსთქვა მარკოზამ.

მარინე შიშმა აიტანა ამ სიტყვებზე; წინდაწინვე ჰგრძნობდა იგი, რომ აქ მშვიდობიანად არ გათავდებოდა საქმე... მამამისი სულ სხვანაირ ხასიათზე იყო... ოჰ, ღმერთო, ისევ ხელახლად აყალმაყალი, უსიამოვნება, გულისხეთქვა... ისევ მოეშალა ეგრე ძვირად მოპოვებული მყუდროება, მშვიდობიანობა!.. მან თითქოს მოიწადინა გაქცეოდა ყოველ ამ უბედურებას, სადმე გადაკარგულიყო. ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა. მარკოზამ ხელი წაავლო.

- სად მიხვალ?.. დაჯექ, ჩემთან იყავ! - უთხრა მან და მარინე ისევ გვერდით მოისვა.

ფეფენა უცბად მიხვდა, რომ მარკოზა უბრალოდ მოსული არ იყო, უეჭველად ჩხუბი ასტყდებოდა მძახლებს შორის, და მან მოინდომა დაესწრო მარკოზასათვის, თავისი სათქმელი ეთქვა და ამით ამ კაცისათვის უსიამოვნო საგანზე ხმის ამოღების საშუალება მოესპო.

- მე ძალიან ვემდური, - დაიწყო ფეფენამ, - ძალიან ვემდური შენ შვილს, რომ ერთ დროს სულ არ მიიკარა ჩემი სიტყვა, ვერაფერი ვერ ჩავაგონე და ბევრი უსიამოვნება გამომარონია... ბევრი მწუხარება მომაყენა... - და მან უამბო თითქმის ყველაფერი, რაც მათ შორის მოხდა.

მარკოზამ აცალა ფეფენას მისი სათქმელის დათავება.

- ახლა ქე მიხვდა თავის შეცდომას, - დაათავა თავისი სიტყვა ფეფენამ, - და ქე მეეკიდება ოჯახს!

მარკოზა წამოდგა და მარინეც წამოაყენა.

- ამისთანა ქალი აწი ვეღარ არგებს თქვენისთანა ოჯახს!.. მე მიმყავს ჩემი შვილი! - გადაწყვეტით წარმოსთქვა მარკოზამ.

- რავა მიგყავს?.. რას ბრძანებ! - შეეკითხა გაოცებული ფეფენა.

- მიმყავს!.. ისევ ჩემს სახლში მყავდეს... მე თქვენზე უკეთ მოვუვლი, თუ თქვენ ვერ დააფასეთ! - და მარკოზამ უფრო მაგრა ჩაავლო მარინეს ხელი. - წამოდი ჩემთან!

- ღმერთო, მომკალი!.. ეს რა მესმის?!.. შე სულელო, ხმას ვერ ამოიღებ, ხახა რომ გაგიღია? - შეუტია ფეფენამ ნიკას: - არ გეყურება, ცოლს გართმევენ!

ნიკა ისევ გაუნძრევლად იდგა.

- წამო, შვილო! - მარკოზამ მარინე კარისაკენ გასწია.

- მამა, მამა, შენი ჭირიმე! - ხვეწნით ეუბნებოდა მარინე მამამისს და თან ცდილობდა მარკოზას ხელიდან გაეთავისუფლებინა თავისი ხელი.

- წამო, გეუბნები, ნუ სულელობ!

- მამა, მამა, შენი სულის ჭირიმე! - თვალცრემლიანი ემუდარებოდა ყმაწვილი ქალი.

- ღმერთო, რა დღეს მევესწარი?! - წამოიძახა ფეფენამ, - რა დღეს მოვესწარი?!.

- რატომ კადრულობთ მაგისთანა საქმეს, ბატონო?.. არ გეკადრებათ! - წინ გადაუდგა, გზა გადაუღობა მარკოზას ნიკამ.

- იქით, შე მართლა ქალაჩუნა! - მარკოზამ ღონივრად მოიქნია ნიკა და განზე მიაგდო, მოსწია მარინეს მძლავრად და ძალით გაითრია ეზოში, თუმცა ყმაწვილი ქალი ტიროდა და გაიძახოდა:

- მამა, ჩემო მამა, შენ სულს დავენაცვლე... გამიშვი... გამიშვი, შენი ჭირიმე, ჩემო მამა... მომკლავენ, მამა! ვაიმე, ვაიმე! - მოსთქვამდა და უძალიანდებოდა მარინე.

- კმარა!.. გაჩუმდი! - წყრომით შესძახა მარკოზამ. - კმარა... გაჩუმდი! ვინ მოგკლავს?.. ხელსაც ვერავინ შეგახებს... ამოვარდა მაგათი რჯული, ნუ ზლუქუნობ! - და მარკოზამ გაიყოლა მარინე.

ონისიმესას სახლის აივანზე უკვე თავი მოეყარა ბლომა საზოგადოებას, რომელიც შესდგებოდა მარტო დედაკაცებისაგან.

ვასილ კარიკაძე ეზოში ნიგვზის ქვეშ იჯდა და ონისიმეს ელაპარაკებოდა. ჭიშკარი გაიღო; ეზოში შემოვიდა მარკოზა და თან მარინე შემოიყვანა. დაინახა თუ არა ესმამ შვილი, გამოქანდა, მივარდა მას, მოჰკიდა ბეჭებში ხელი და ცოტათი უკან დაახევინა, რომ კარგად შეეხედა მისთვის. უყურა, უყურა ესმამ საცოდავ შვილს, პირისახემ ძაგძაგი დაუწყო და ერთბაშად თვალებიდან ცხარე ცრემლების ნაკადული წამოუვიდა მოხუცებულ ქალს.

- შვილო!.. შვილო!.. ვაი შენს დედას!.. ვაი შენს დედას, შვილო! - ძლივს შესძლო ეთქვა. ცრემლი მოერია და ხმა ჩაუწყდა მას. ესმამ გულში ჩაიკრა მარინე.

- კარგი... გეყოფა, დედაკაცო!

მარკოზამ ქალებისაკენ წაიყვანა მარინე. უკანასკნელმა თვალი გადაავლო შეკრებილებას, ძლივს შესამჩნევად თავი დაუკრა და ბოძთან ჩაჯდა. ,,რას ნიშნავდა ეს, რისთვის მოუყრია ამათ თავი?” ფიქრობდა მარინე და ხანდახან გაუბედავად გამოიხედავდა თვალებზე ჩამოწეული თავსაფრის ქვეშიდან.

- შეგაწუხეთ, ბატონებო, შეგაწუხეთ, - მიმართა დედაკაცებს მარკოზამ: - მაგრამ დღემდის არ მცოდნია, თუ ჩემს თავზე ამისთანა უბედურება ტრიალობდა... ცუდი ამბავი შეგვემთხვა... მოგვიტევეთ... რა ვქნათ... ყველაფერი ღვთის ნებაა... ყოველივე სიკეთე მისცეს ღმერთმა ბატონ ვასილს, ეს ღვთისნიერი ადამიანი გაისარჯა, ინება ჩვენთან წამობძანება... თუ ჩემ შვილს მართლა რამე კავშირი აქვს ეშმაკთან, ეხლავე გაგვაგებიებს ეს ღვთისნიერი კაცი...

მარინემ ამ სიტყვების გაგონებაზე ერთი კი ახედა თავის მამას და მერე უფრო ჩაღუნა თავი და თავსაფარიც ჩამოიწია ისე, რომ სულ ერთიანად პირისახე დამალა.

- ამიერიდან თქვენ მაწუხებლისაგანაც თავისუფალი იქნებით და ჩვენც თქვენგან სამდურავს ავცდებით... - დაათავა სიტყვა მარკოზამ.

- მადლობელი ვართ, მადლობელი ვართ!.. ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეთ! - მოისმა აქეთ-იქიდან.

- სინდისიერი კაცი ბრძანებულხარ... შვილის კაი პატრონი... ღმერთმა გიწინამძღვროს! - უთხრა ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა.

- აბა, ბატონო ვასილ, ყოველისფერი მზადაა, შენი ჭირიმე... დროს ნუ დავკარგავთ... შევუდგეთ საქმეს!.. - თავდაბლად უთხრა მარკოზამ ვასილს.

ეს უკანასკნელი წამოდგა და ქალებისაკენ წამოვიდა. მთელი საზოგადოება ფეხზე წამოდგა მის მისვლაზე და პატივისცემით თავი დაუკრეს. ვასილმაც თავის მხრივ დინჯად თავი დაუკრა ყველას საერთოდ და მიმართა:

- დაბძანდით, დაბძანდით! - და თვითონაც მარინეს მახლობლად დაჯდა სკამზე.

მარინე მუმიასავით იჯდა, მიჰყუდებოდა ბოძს და თავი დაეხარა. პირისახე სრულიად არ უჩანდა თავსაფრის ქვეშ, ისე დაბლა ჰქონდა თავი ჩამოწეული. იგი უფრო მკვდარს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალს. მარინეს ზურგს უკან მოიკრუნჩხა დედამისი, ესმა, რომლის დროგამოშვებით სასოწარკვეთილებით წამოძახება: ,,შვილო, შვილო... რა დღეს შეესწრო შენი ოხერი დედა!..” და ამასთანავე გულში მუშტების ცემა მაყურებლებს გულს უთუთქავდა.

- ბიძიკო, - დაიწყო ტკბილი ხმით ვასილმა: - შენ გაბრალებენ, ვითომ ქრისტესათვის გეღალატნოს და ეშმაკებს მიჰკერძოდე... ვითომ მავნებლობასთან და ბოროტთან კავშირი შეგეკრას და ამის დასამტკიცებლად შენზე ბევრ რამეს ამბობენ შენი აქამდე საყვარელი მეზობლები და ამხანაგები... - ვასილმა უთხრა ყოველივე ის, რაშიაც ბრალსა სდებენ მარინეს, და ჰკითხა: - მართალია თუ არა ეს?

მარინემ პასუხი არ გასცა.

ვასილმა ისევ განუმეორა თავისი კითხვა, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მიიღო.

- არ გესმის, რომ გკითხავენ? - მიაძახა მარკოზამ.

მარინე მაინც არ იღებდა ხმას... გაქვავებული უმოძრაოდ იჯდა.

- მიეცი, შვილო, პასუხი, პასუხი გაეცი, შვილო! - მხარზე ხელის დადებით შეეხვეწა ესმა: - პასუხი გაეცი, შვილო!

- არ იცი, ბოშო, ვინ გკითხავს?.. უბრალო კაცი ხომ არ გელაპარაკება... ანგელოზთან ნამუსაიფები კაცი ხმას გცემს და შენ რა ღმერთი გიწყრება?!. - გაცხარდა მარკოზა.

- მე უშენოდაც კი მიგიხვდები, - ისევ მიმართა სიტყვა ვასილმა ყმაწვილ ქალს: - უშენოდაც კი მიგიხვდები ყოველ შენს საქმეს, მარა შენთვის ჯობია, რომ თვითონ შენით აღიარო ყოველივე შენი ამბავი... ყველაფერში გამოგვიტყდი და ღმერთი, ჩვენი შემქმნელი და მწყალობელი, გაპატივებს შენს შეცდომას, მოგიტევებს შენს დანაშაულობას... არა და, თუ არ გამოტყდები, იცოდე, საუკუნო წვალება მოგელის ჯოჯოხეთში... ყოველ წვალებაზე უფრო მეტი... ამაში დამერწმუნე მე, რომ მართალს გეუბნები... თუკი გამოტყდები, როგორც გითხარი, ღმერთი შეგინდობს შენს შეცდომილებას და სულსაც არ წაიწყმედ, ეშმაკს არ დააპატრონებ მასზე... ხარ კუდიანი, თუ არა? გაქვს მათთან რამე კავშირი? - კიდევ ჩაჰკითხა ვასილმა.

სიჩუმეში მოისმოდა შეკავებული ტირილის ხმა.

- გაქვს კავშირი თუ არა კუდიანობასთან? - არ ეშვებოდა ვასილი.

- მაქვს! - ძლივს გასაგონი ხმით თქვა მარინემ.

საშინელმა, გულგამგმირავმა კივილმა შესძრა იქაურობა.

- უიმე, უიმე! - სასოწარკვეთილებით წამოიკივლა ესმამ და თავზე ხელები დაიშინა.

- ქალო, გაჩუმდი, გაჩუმდი!.. არ გესმის შენ, ეი! გაჩუმდი, გეუბნები! - შეუტია ცოლს მარკოზამ მარინეს სიტყვისაგან გამშრალმა.

ქალებმა ერთმანეთს გადახედეს.

- ვინ შეგაცდინა? ვინ გაგაჩვია კუდიანებთან? - ჰკითხავდა ვასილი.

მარინე ისევ გაყუჩდა და პასუხი არ მისცა. მარკოზას გული მოუვიდა და წყრომით უთხრა, რომ ამგვარი ჯიუტობით ვასილს აწუხებო. ამის შემდეგ ვასილმა ისევ გაუმეორა თავისი კითხვა და მარინემაც ყრუდ მიუგო:

- ჩემმა დედამთილმა:

ქალები ისევ შეინძრნენ, ერთმანეთს გადახედ-გადმოხედეს. ესმა კი ისევ მუშტებს ირტყამდა გულში, ქმრის შიშით ხმამაღლა ტირილს ვერ ჰბედავდა საცოდავი მოხუცებული დედაკაცი.

- აბა, ახლა მოგვიყევი, როგორ შეგაჩვია კუდიანობას შენმა დედამთილმა?.. თავიდან მოყევი: რას გიშვრებოდა, რას გეუბნებოდა ან გპირდებოდა რამეს? ჰო?

მარინემ ჯერ ხმა არ ამოიღო, მერე თითქოს იფიქრა, რომ მაინც არ მომეშვებიანო, ვიდრე დაწვრილებით არ ვიტყვი ჩემს ამბავსო, და მოჰყვა ყველაფერს. მთელი საზოგადოება სმენად გადაიქცა; ზოგიერთი ქალები წამოდგნენ და მარინესკენ გამოიწიეს, რომ უკეთესად გაეგონათ მისი ლაპარაკი.

სიჩუმემ დაიპყრო იქაურობა და ამ სიჩუმეში ძლივს ისმოდა აღელვებული, მისუსტებული მარინეს ხმა, რომელიც ხშირად უწყდებოდა მოლაპარაკეს.

მარინემ უამბო, თუ როგორ გალახეს იგი დედამთილმა და ქმარმა, ონისიმესაგან რომ სახლში მიიყვანეს, რის შემდეგაც ავად გახდა... როგორ უმოწყალოდ სდევნიდა მას ფეფენა, მოსვენებას არ აძლევდა; როგორ აუკრძალა ჯერ სახლიდან ეზოში გამოსვლა, მერე ეზოს გადაღმა გადაბიჯება; უშლიდა სხვებთან ლაპარაკს; რომ ყველგან სდევნიდა მას და ვერსად ვერ დაეფარა მისგან თავი.

- ერთხელ ვენახში დავემალე. დავწექი ბჟოლის ძირში... მიმძინებოდა, - მოუყვა მარინე, - უეცრად რაღაც შავი უშველებელი დამეტაკა, გამომაღვიძა, წამავლო ხელი და ცაში ამიყვანა ისე მაღლა, რომ თავბრუ დამესხა, დაბლა რომ გადმოვიხედე... “დამნებდიო, - მითხრა იმან, - და ჩემი ნება აასრულეო, თორემ ახლავე აქედან ხელს გაგიშვებ და მიწას დაგახეთქებო”. შემეშინდა, ავკანკალდი... ვუთხარი, კი, ბატონო-თქვა. “აბა გახსოვდეს ეგ შენი სიტყვა... მე ხუმრობა არ ვიციო”... ჩავაჩერდი, ვინ მელაპარაკებოდა, მინდოდა შემეტყო... იმ შავ მოჩვენებაში ჩემი დედამთილი ვიცანი... მე უფრო შემეშინდა კიდევ და ხვეწნა დავუწყე - ოღონდ ნუ მომკლავ და შენი მორჩილი ვიქნები-თქვა... არც ხმას გავცემ ვისმე უშენოდ, არც არსად წავალ შენდა დაუკითხავად-თქვა... ოღონდ მიწაზე დამიშვი-თქვა... ისევ თვალებზე წამომეფარა რაღაცა, გონება დამეკარგა... აზრზე რომ მოვედი, ისევ იმ ადგილას ვიწევი, სადაც მიმძინებოდა...

- კიდევ?

- ნიგოზზე შემომესწრო...

- ჰმ!

- ნიგოზს ვხალავდი... უეცრად თვალებზე წამომეფარა შავად... რეტი დამესხა, მეგონა, გადმოვარდი ეს არი-თქვა... ბრჭყალები ჩამასო კაბაში... მაღლა... სულ მაღლა ამიყვანა!.. გადმოგაგდებო... აქედან გისვრიო... ნიგვზის წვეროზე წამოეცობიო, თუ არ შემომიდექიო... კუდიანი გახდიო... შემეშინდა, სული შემიხუთდა... მორჩილი ვიქნები-თქვა, ვუთხარი... ნუ მომკლავ-თქვა, შევეხვერწე...

- ვინ იყო? ვინ გელაპარაკებოდა მაგრე? იცანი?

- ვიცანი! - ღრმად ამოიხვნეშა მარინემ.

- ვინ იცანი?

- სული მეხუთება!.. დედა, მიშველე!.. ოჰ! მიშველე, დედა! - ატირდა მარინე, დედისკენ პირი ქნა და ღონემიხდილი კისერზე ჩამოეკიდა.

- ნუ გეშინია, შვილო, ნუ გეშინია, შენ დაგენაცვლოს შენი დედა! რა იყო, შვილო? რა დაგემართა, შვილო, შვილო?! - შექნა ყვირილი ესმამ, შვილის უსიცოცხლო სახე რომ დაინახა, როცა მას პირზე თავსაფარი ახადა.

- ვინ შეიცანი, ვინ? - არ ეშვებოდა მაინც ვასილი, რომელიც ყურში ჩასძახოდა გრძნობადაკარგულ ქალს.

- დედამთილი! - ძლივს გასაგონი ხმით თქვა და მკვდარივით, ხელებ და კისერმოსხლეტილი მიილუშა ესმას კალთაში.

- შვილო, მარინე, შვილო! - დასწიოდა მას საცოდავად ესმა: - რატომ შენი დედა უწინ არ მოგიკვდა, სანამ ამას დეინახავდა მისი დასაფსები თვალები!.. შვილო, შვილო! - მწარედ მოსთქვამდა მოხუცებული დედა.

მარკოზა გაშტერებული, გალენჩებული იდგა განზე და უცნაურ ძალას ატანდა თავისთავს, რომ ამ საზოგადოებაში ტირილი არ წასკდომოდა.

- სახლში შეიყვანეთ...- დაიძახა და ფეხზე წამოდგა ვასილი: - შეიყვანეთ სახლში და დააწვინეთ ქვეშაგებში...

ვასილი ქალებს მოშორდა და ონისიმესა და მარკოზას თანხლებით ისევ ეზოში გავიდა. გრძნობამიხდილი მარინე სახლში შეიტანეს, დააწვინეს ტახტზე და საბანი წაახურეს... დედაკაცები იქვე ფუსფუსებდნენ... ვინ ესმას ანუგეშებდა და ამხნევებდა... ვინ რა რჩევას იძლეოდა მარინეს გრძნობაზე მოსაყვანად.

- ახლა კი წმინდად გეიწმინდა! - ამბობდა ერთი დედაკაცი.

- ძალიან საქმე ქნა იმ დალოცვილმა ადამიანმა - ამბობდა მეორე.

- ღვთის კაცია, შე დალოცვილო... ვიგინდარა ვინმე ხომ არ არი!

- რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მარა ამ უბედურს დიდი ხნის სიცოცხლე კი აღარ აქვს... - გადაუფუჩუნა ერთმა დედაკაცმა მეორეს.

- შე ქალო, სული რომ არ წააწყმედინეს, ის აღარ კმარა? - ხმადაბლა მიუგო მეორემ: - გამოტეხილს რაღა აცოცხლებს?.. არ გამოეტეხათ, უარესი ცოდვა იქნებოდა... იცოცხლებდა კი, მარა რაღა სიცოცხლე იქნებოდა მისი... ბოლოს ხომ წაწყმედილი იქნებოდა მაინც...

ეს საზოგადო აზრი იყო, რომ გამოტეხილი დიდხანს ვერ იცოცხლებდა და ამაში დარწმუნებულნი წავიდ-წამოვიდნენ დედაკაცები. ამათაც მადლობა უთხრეს, როგორც ვასილ კარიკაძეს, ისე მარკოზას, რომ მათ სოფელს ამისთანა სამადლო საქმე უქნეს - გაკუდიანებული ქალი მოაშორეს სოფელს. მეორე დღეს ვასილიც წავიდა თავის სოფელში ონისიმეს ვაჟიშვილის თანხლებით. მარკოზა ბევრი ეხვეწა მას, მიეღო მისგან ორიოდე მანეთი გასამრჯელო, მაგრამ ვასილმა არაფრის გულისათვის არა ქნა.

- ღმერთს ჩემთვის ეს ძალა ფულის საბოჭავად კი არ მოუნიჭებია, შე კაცო! - უთხრა მან მარკოზას.

- ვეცდები სხვანაირად გემსახურო და ეს დავალება კაცურად გადაგიხადო, ჩემო ბატონო! - მიუგო მოხუცებულმა გლეხმა.

ამ წამებამ, მთელი საზოგადოების წინაშე წამებამ, სულ დაათავა უიმისოდაც მისუსტებული მარინე. იგი მესამე დღესაც არ ამდგარა ზეზე, ისევ ავადმყოფი იწვა. უბედური დედამისი თვალდათვალ უყურებდა, როგორ ესალმებოდა მისი საწყალი, მრავალტანჯული შვილი ამ წუთისოფელს. ესალმებოდა, აბა რისი მომასწავებელი იყო მისი ასე საცოდავად მოქცევა?! და ესმა თავს დასტიროდა მარინეს... მარკოზა კი ხანდახან მივიდოდა ავადმყოფთან, ჩაჰკითხავდა: “რავა ხარ, შვილო?” და პასუხის მაგივრად რომ გაიგონებდა გაუგებარ სიტყვებს, მიმქრალი ხმით წარმოთქმულს, უცბად მოშორდებოდა და ცალკე, ნაჩუმათებად ჰყრიდა ცრემლებს.

სოფიო და ონისიმე ნუგეშს აძლევდნენ ვითომ მოხუცებულებს, მაგრამ თვითონაც ხედავდნენ, რომ სანუგეშო აქ არა იყო რა.

ერთ დღეს მარინემ უცნაურად დაიჯინა სახლში, დედამთილთან, წასვლა იქ დასაწოლად. მარკოზამ ძლივს, ისიც წყრომით გადაათქმევინა ეს სურვილი. ”ფეფენას ნურაფერს აწყენინებთო” - ეხვეწებოდა მომაკვდავი მშობლებს.

ფეფენას არაფერი გაუგია იმისა, თუ რა მოხდა ონისიმესას, რარიგად საბოლოოდ დამტკიცდა მისი კუდიანობა და მისგან რძლის გაკუდიანება. ვინ იქნებოდა იმისთანა, რომ ყოველი ეს ეამბნა ფეფენასათვის, რომლის წინაშეც უფრო იმატა შიშმა მეზობლების გულში. გამოტეხაზე დამსწრენი მაინც ერთობ შიშში ჩავარდნენ - ფეფენამ არ გაგვიგოს იქ ყოფნა და არ გადაგვეკიდოსო.

ფეფენამ ის იცოდა მხოლოდ, რომ მარკოზამ მარინე ონისიმესას მიიყვანა და რომ ახლა იგი ავადმყოფი იწვა მისი მაზლის სახლში. ერთ დღეს აღარ მოუთმინა გულმა მოხუცებულ დედაკაცს და გადასწყვიტა გადასულიყო ონისიმესას, რძლის ამბავიც გაეგო და მის მშობლებთანაც მოელაპარაკნა, რომ ასე წართმევა ქალისა არავის უნახავს და გაუგონია, მით უფრო, რომ ფეფენა ამ ბოლო დროს სრულიად კმაყოფილი იყო მარინესი. მართლადაც, როცა მარინემ სრულიად გამოიცვალა ხასიათი, მისი სიტყვის გამგონი და დამჯერი შეიქნა, მიივიწყა უწინდელი ცმუკვა-ცერცეტობა, სულ სახლში იჯდა, და მოხუცებულმა ქალმა, მისი აზრით, თავიდან აიცილა თავზე წამოწეული უბედურება, - ახლა ფეფენას აღარავითარი განსაცდელის მოლოდინი არ აწუხებდა. მან სრულიად გამოიცვალა გული რძალზე. ამიტომაც იყო, რომ გადასწყვიტა ავადმყოფი მარინეს ნახვა... ეგებ ამ უცნაური ხასიათის პატრონის გულის სიღრმეში რძლის სიყვარულმაც გაიღვიძა... ვინ იცის!

- აჰა!.. კაი დაგემართოს! მაგაზე უკეთეს ვერას იზამდი!..- რაღაც უცნაურ კილოზე წამოიძახა მარკოზამ, როცა ნიკას თანხლებით ეზოში შემოსულ ფეფენას თვალი მოჰკრა.

- სახლში არ შემოუშვა მაგ სულწაწყმედილი, მაგ! - გაჯავრებით თქვა ესმამ.

- ვინ არი, დედა? - იკითხა ავადმყოფმა.

- წყეული შენი დედამთილი, შვილო!.. მარკოზა, კაცო, სახლში არ შემოუშვა, იცოდე, თვარა ამწამსვე ყანყრატოში ვეცემი!

- მაცალე, დედაკაცო!.. შენ შენთვის იყავი! ეს მინდოდა, რომ სადმე ხელში ჩამეგდო მაგისი თავი და ღმერთი მიგზავნის კიდევაც! - ბოროტად წარმოსთქვა მარკოზამ, მივარდა კერას, აჩქარებით გამოქექა ცეცხლი, გადააბნია ნაცარი და ზევით ამოაგდო კერაში ნაგდები ნალი. მერე ისევ ნაკვერცხლები წააყარა რკინას, მიტრიალდა და ფეფენას შეეგება კარებთან. არც სოფიო და არც ონისიმე შინ არ იყვნენ.

- მობძანდი, მძახალო, მობძანდი!.. აქამდინაც კი უნდა გენახა, შე ქალო, შენი ავადმყოფი რძალი! - დაცინვით უთხრა მარკოზამ: - შენ, ბიჭო, არ გეკადრებოდა ცოლის ამბავი გაგეგო?

- შე დალოცვილო, - მიმართა ფეფენამ მარკოზას: - შენ იმისთანა საქმე გვიყავი!.. გხედავდი სხვანაირ გუნებაზე იყავი და აღარაფერი გითხარი... მე ვთქვი, ჯერ ესე იყოს, კაცი დამშვიდდება, დაწყნარდება... შვილიც ეტყვის...

- შვილმა ვერაფერი კაი მითხრა! - წამოიძახა მარკოზამ.

- მამა, მამა! - მოისმა ავადმყოფის ხმა.

- იმიტომ ვიცდიდი ამ სამ დღეს, - თავისას ამბობდა ფეფენა: - რითია ავად? რამ გახადა ასე უცბად ამნაირად? - და ფეფენა ავადმყოფთან მივიდა.

- ნამდვილი ამბავი გინდა, რასაკვირველია, გეიგო, ხომ? - ისევ სხვანაირად ჩაჰკითხა მარკოზამ ფეფენას.

- დედა, დედა... უთხარი მამას... - ძლივს გააგონა დედას მარინემ.

- შენ კი, ბიჭო, გარეთ გადი! - დაუძახა ნიკას მარკოზამ: - შენი გასაგონი არ არის ეს ჩვენი ლაპარაკი!..

ნიკა ცხვარივით კარში გავიდა. მარკოზამ უცბად მიხურა კარი და გადარაზა სარაზავით, გამოტრიალდა, წინ წამოუდგა წელში გამართულ, დოინჯშემოყრილ ფეფენას და შეჰყვირა:

- შენმა კუდიანობამ უყო მაგას ეგ!.. შენმა კუდიანობამ! - დაიყვირა, რაც ხმა ჰქონდა, მარკოზამ: - ვითომ და არ იცოდე?! იმისათვის მოდი, რომ მაგის წვალების ყურებით დამტკბარიყავი?! მარა სად წამიხვალ ახლა, სად წამიხვალ!.. -უყვიროდა მარკოზა გაფითრებულ მოხუცებულ ქალს, რომელიც გრძნობადაკარგულივით მისჩერებოდა ამ გამხეცებულ კაცს. - ვერსად ვერ წამიხვალ, ვერსად!.. გესმის თუ არა? - ყვიროდა ისევ მარკოზა.

- ხომ არ გადარეულხარ! - შეუტია გაცოფებულმა ფეფენამ: - ხომ არ გადარეულხარ... ახლავე კარი გამიღეთ!.. - და მან კარებისაკენ მიიწია, მაგრამ მარკოზამ ხელი სტაცა და უკან დაახევინა.

- სად მიხვალ? სად წამიხვალ?

- გამიშვი, გეუბნები!.. ხელი გამიშვი! ბიჭო, ნიკა, კარი გააღე ახლავე... გესმის, ბიჭო!

- ვერ გავაღე, დედა, ვერა! - მოისმა ნიკას ხმა.

- რატომ ტანჯავ, რაზე აწვალებ, შე შეჩვენებულო?.. აღარ გეყო მაგის წამება, ვერ გაძეხი? შე წყეულო, სული რომ არ წაგაწყმედინე, ხორცს რას ერჩი, მითხარი? - და მარკოზა რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოხუცებულს ხან იქიდან წაჰკრავდა მუჯლუგუნს, ხან აქედან. ფეფენა კი ამ სიტყვებით გაკვირვებული იძახდა: - ”რეებს ამბობ, შე უგონო, რას სულელობ?” - და თან საზარლად ყვიროდა, მაგრამ მარკოზამ ყურიც არ ათხოვა ამას, მოჰხვია ხელები ფეფენას, მიათრია ბაგასთან, მოხსნა ბაგაზე ჩამოკიდებული ხარის დასაბმელი ბაწარი, ესმას დახმარებით შეჰკრა მოხუცებული დედაკაცი და გადაბაწრული მიწაზე დააგდო.

- მიშველეთ, მიშველეთ! - შესაზარი ხმით გაჰკიოდა ფეფენა.

- მოიტა აქ ნალი! - გადასძახა მარკოზამ ცოლს; თვითონ კი ფეფენას თავს დაადგა და ნიშნის მოგებით ეუბნებოდა: - სად წამიხვალ ახლა, სად წამიხვალ, შე კუდიანო!.. ახლავე დაგიკარგავ მაგ შენს ძალას!.. ახლავე მოგარჯულებ მე შენ!.. მალე, დედაკაცო!

ესმამ გამოჩხრიკა ცეცხლი, გამოიღო საკეცით გავარვარებული ნალი და მარკოზასაკენ წაიღო.

- მამა! მამა!.. რას შობი?.. რას შობი, მამა! - წამოვარდა ამის დანახვაზე ლოგინიდან მარინე: - მამა, შენი ჭირიმე... მე მომკალი, მე!.. ნუ შობი მაგას!.. დედა, იქით! - დაიწივლა მან და ესმას ხელიდან გააგდებინა საკეციც და ნალიც.

- ახლავე მორჩები, შვილო, გვაცალე! - წამოიძახა ესმამ.

- მამა, ნუ მკლავ, ნუ მკლავ, მამა! - და ღონემიხდილი კისერზე ჩამოეკიდა მარკოზას.

- მაცალე! მაცალე, გეუბნები! - გაჯავრებით მიაძახა მარკოზამ: - დოუდაღავი რავა გადამირჩება მაგ შეჩვენებული!

ყვირილისაგან ხმაჩახრინწებული ფეფენა ისევ შველას ითხოვდა. კარებთან კაცების ხმა მოისმა, ეს ნიკამ შეჰყარა მეზობლები.

- მარკოზა, კარი გააღე, კარი გააღე. მარკოზა! - იძახოდნენ და თან კარს აწვებოდნენ.

- მაცალე, ბოშო, მაცალე! წეიყვანე ეს სულელი იქით! - მიაყვირა მარკოზამ ესმას და თან ისე ღონივრად შეინძრა, რომ მარინესაგან თავი გაითავისუფლა, მაგრამ მარინემ თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწას დაასკდა მძიმედ.

განთავისუფლებულმა მარკოზამ უცბად დაავლო ხელი საკეცს, აიღო მით მხურვალე ნალი და მიიტანა იგი ფეფენასთან, რომელსაც შიშისაგან ხმა დაჰკარგოდა და გველივით კლაკვნა დაეწყო.

- ხედავ ამას, ხედავ?! - ყვიროდა მარკოზა ... ხედავ ამას?! აი, შენი რჯული, შენი რჯული! - და გამხეცებულმა მარკოზამ გახურებული რკინა თეძოზე მიადო ფეფენას.

სახლში მყრალი, ნამწვავი ჭინჭის სუნი დადგა. ამ დროს კარიც ჩამოგლიჯეს და სახლში შემოცვივნულმა გლეხებმა ცოცხალ-მკვდარ ფეფენას მოაშორეს მარკოზა, შემოხსნეს ქალს ბაწარი და გარეთ გაიყვანეს ჰაერზე.

საშინელმა კივილმა შესძრა იქაურობა. ესმა, რომელიც მიწაზე დაცემულ მარინესთან ფუსფუსებდა, საზარლად ღრიალებდა:

- შვილო, მარინე!.. მარინე!.. მიშველეთ... ვინ ხართ ქრისტიანი, მიშველეთ... კვდება, კვდება!.. მარინე, შვილო! - ყვიროდა საცოდავად დედაკაცი.

- ჰა, მოკვდა?! - იყვირა მარკოზამ და მარინეს მივარდა: - მარინე, შვილო! მარინე!.. - და რა შეხედა მიწაზე უსულოდ მდებარე შვილს, მოხუცებულმა ღონივრად ასწია საყვარელი გვამი, გულში ჩაიხუტა და თან გულსაკლავად გასძახა:

- შვილო! გაწვალებულო შვილო!.. შენი ჭირიმე! ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! - და მარკოზა გაცივებულ პირისახეს უკოცნიდა მიცვალებულს.

1894 წ.

??????