ლორთქიფანიძე ნიკო
გაზიარება

ერთ ტაფაში 

(ჩუქურთმიდან)

შენი შენთგან შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის.

წარსულმა ქარტეხილმა სატუსაღოს ფართო, დაბალ, ნესტიან ოთახში სხვადასხვა მიმართულების, სახის, მდგომარეობისა და ხასიათის ხალხი შეგვყარა.

ვბაასობდით, ვკამათობდით; გვსურდა ერთმანეთი დაგვეჯერებინა, ჩვენს მხარზე გადმოგვეყვანა; მაგრამ კამათი უსიამოვნოთ თავდებოდა, ერთხელვე აღსარებულ აზრს კერპათ ვხდიდით.

გავიბუტეთ.

ხმასაც აღარ ვცემდით ერთმანეთს.

- ყმაწვილებო, - გვითხრა ერთხელ მოხუცმა თავადმა. - ასეთს ვიწრო სივრცეზე უბრათ ცხოვრება უხერხულია. მგლურათ ცქერა შეიძლება, როცა ადამიანი დღეში ერთხელ წუთით შეხვდება არასასიამოვნო პირს; ჩვენ კი ან უნდა შევრიგდეთ, ან ხელჩართული ჩხუბი გავმართოთ; ან დავხოცთ ერთმანეთს, ან გადაგვიყვანენ სხვა საკანში, დაგვარიგებენ ქურდებსა და ლოთებს შორის. უკეთესი კი იქნება მივატოვოთ, რაც საკამათო გვაქვს; ვილაპარაკოთ, ვიმეგობროთ, ვიდრე ერთ ჭერქვეშა ვართ მომწყვდეული.

თავადს თითქმის არავინ ემდურებოდა; მასთან კავშირი არვის შეუწყვეტია; არც არავის ჰქონია მისი ჯავრი და ჟინი, თუმცა არც ერთს შეხედულებას არ იზიარებდა და ხშირათ შხამიანი დაცინვა იცოდა... მაგრამ ყველა მოხიბლული იყო დინჯი, ჩვეულებრივ ზრდილი, ენაწყლიანი ადამიანის მიერ... ყველა დარწმუნდა, რომ იგი გაჭირვების დროს, თუ მოეხალისა, თავს არ დაიზოგავს უბრალო ნაცნობისათვისაც კი; რომ საიდუმლოს არა თუ არ გასცემს ხეპრეთ, სათუთათ მოეკიდება და სამარესავით დამარხავს. ჩვენს გამოურკვეველ მდგომარეობაში კი „გულის მოფხანა“, რჩევის ძებნა, ტყუილი, უმიზნო ლაპარაკი უმაღლესს მოთხოვნილებას შეადგენდა...

სატუსაღოში ყველა მეჭორეთ ხდება.

- ჩვენი შერიგება ძნელია... რა უნდა მოვნახოთ ისეთი, რაც ყველასათვის საყურადღებოა, და თანაც ენის უშვერობამდე არ მიგვიყვანდეს?

- სიყვარული! - მოკლედ უპასუხა ტუსაღმა-მგოსანმა პროტესტანტს.

- თანახმა ვარ! - დაადასტურა თავადმა.

თავადი ძლიერ იშვიათად ლაპარაკობდა ნაზ გრძნობებზე; თავის დღეში ენა არ დაუძრავს პირად სიყვარულზე. ბუნდოვნათ გაგვეგონა თავადის რომანული და რომანტიული თავგადასავალი. მაგრამ ახლა, ახლა იგი მხოლოდ მუსაიფობდა, ირონიულათ იღიმოდა, და თუ სადმე ჩარჩენილი ჰქონდა ძირმწარე და კვლავ ტკბილი მოგონებანი, არ ვფიქრობდით.

ბუნდოვანათვე ვიცოდით, რომ წინათ მეგობრებს და ნაცნობებს თავადის დიდი იმედი ჰქონდათ; რომ თვითონაც თავაღერილი თამამათ ვიდოდა ცხოვრების გაზაფხულის გზაზე... მაგრამ მიიკარგა... სახეც და სახელიც!

ასე ჯიხვი გადმოიხედავს სალ კლდიდან ლაღი და შეუპოვარი... გავარდება დამიზნებული თოფი... მიიმალება კლდეთა მეუფე... და, ვინ იცის, დაჭრილი ჯიხვი სულს ღაფავს, თუ სხვა კლდეს შეაფარა სიკვდილს გადარჩენილი თავი.

- როგორ? - ჰკითხა ვიღაცამ.

- უბრალოთ: ვილაპარაკოთ სიყვარულზე, - უპასუხა ისევ თავადმა.

- მოსაწყენია, თავადო...

- სრულიათაც არა... ზოგი გვიამბობს, რა გადახდომია სიყვარულის გამო, ზოგი თუ რა უნახავს, გაუგონია ან წაუკითხავს, - განმარტა თავისი სიტყვები მგოსანმა.

- რომ ვილაპარაკოთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არსებობს სიყვარული... სადაა, როდის გინახავთ?

- რამდენი არ გვინახავს, მაგრამ გვწამს...

- თქვენ კი გწამთ?

- მე პირადათ, - შეეკამათა თავადი; - მწამს ისე, როგორც ბრილიანტის არსებობა... კაცობრიობის უმრავლესობას არც კი გაუგონია, რომ არსებობს ბრილიანტი; მხოლოთ უმცირესობას უნახავს; სულ მცირე რიცხვს აქვს ნამდვილი ბრილიანტი; და, მართლაც, სახარბიელო უნიკუმი ხუთი-ექვსია... რაც, ძვირფასია, იგი ცოტაა; რაც მშვენიერი, იგი არ არის გავრცელებული... ზოგს უყვარს პურის მარცვლის ოდენათ... ზოგი კი... საკუნტალა, დანტე, რომეო, ნესტანი - უნიკუმებია. რა თქმა უნდა, ბევრი ვერც კი გაიგებს ბარათაშვილის ლექსს:

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,

გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, -

და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,

შევსწირავ სატრფოს, ჩემსა საყვარელს.

მაგრამ სწორეთ მით არის სიყვარული მაღალი და მშვენიერი, მომხიბვლელი და სანეტარო, რომ ყოველ ორფეხ ცხოველს არ შეუძლია იგი შეიშნოს, იგრძნოს, იგემოს. ამბობენ და წამიკითხავს, მეცნიერი როცა ახალ ჭეშმარიტებას მიაგნებს და ხელოვანი დაამთავრებს თავის ქმნილებას, წარმოუდგენელ ნეტარებას განიცდისო. მე არ მიგრძვნია ასეთი რამ, - თავადს რაღაც ნაწყენობა დაემჩნია, - მაგრამ მესმის... მრწამს, რომ სუფევს... უმაღლესი აზრით აღფრთოვანებულნი, ზოგჯერ ღიმილით და სიხარულით მიდიან საწამებლათ... არ მიმოქმედნია ასეთი რამ, - ტუჩების ქვეშ ორმა ნაოჭმა დაკვირვებულ მაცქერალისათვის თავადის ხვაშიადი გამოამჟღავნა, - მაგრამ მესმის... არ მქონია მილიარდები, მაგრამ ხომ არის როკფელერი, კარნედჟი.

სიყვარული მცირეთა ხვედრია, და ღმერთმა ნუ ქნას, ჩვეულებრივ მოვლენათ გამხდარიყოს!

- წარმავალია სიყვარული!... - უხეშათ ჩაურთო ვიღამაც.

- რა მერე? - ვერ მოითმინა მგოსანმა და არ აცალა თავადს, რომელიც პასუხის მიცემას აპირებდა. - წარმავალია ყველაფერი... მზე, ადამიანი. მზეს სინათლე აკლდება... ადამიანი კვდება... ირღვევა საუკუნოებით შემუშავებული რჯული, მეცნიერული თეორიები, ხელოვნების ნამოქმედარნი... ვინ იცის, ქვეყნათ რამდენი ჰომეროსი იყო, ვინ იცის, რამდენი მილოსელი ვენერა დაიმტვრა და რამდენი ჯიოკონდა დაიხა... მაგრამ კაცობრიობაზე ჰქონდათ მათ გავლენა და შეუგნებლათ მითი ვიკვებებით ახლაც. სიყვარული აფაქიზებს კაცს; იგი კაცს ადამიანათ ხდის...

- შეიძლება იმით, რომ გულში სტოვებს სამარადისო ჭრილობას, - ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა თავადმა.

- Время все лечит! - უადგილოთ წამოროშა ვიღამაც.

- ამის თქმა მხოლოთ გაუთლელ... ადამიანს შეეძლო, - ჩაერია ბაასში ჟურნალისტი. - მოსჭერით თუნდ ორი წლის ბავშს ხელი, ენა, დააბრმავეთ იგი. შეიძლება მაინც გასძლოს მრავალი წელი... დრო ვერ განკურნავს... მწარე ფიქრი არ მიატოვებს... არის წყლული, რომელიც არ რჩება... უწამლოა და უნუგეშო... მე ადამიანზე ვლაპარაკობ... ხეს დაბელავთ, და ამოიყრის; ზოგიერთ ჭიას გაჭრით, და ორივე ნაწილი განაგრძობს სიცოცხლეს... მაგრამ სიყვარული ხომ მხოლოთ რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ, და მათზე ლაპარაკობენ თავადიც და შალვაც.

- როცა ადამიანს საქმე შემოელევა ან საქმის უნარიც არ აქვს, მაშინ იგონებს იგი მეტაფიზიკას, სპირიტიზმს; ეძებს რაღაცას, რაც გაართობს, შრომას არ თხოულობს, არამედ ცარიელ სიტყვებს. მაშინ ჰკინძავს იგი სიყვარულის ცრემლებს... რელიგიურ ექსტაზს.

- ცხოველებს რომ ენა მისცათ, სწორეთ ეგრე იტყოდენ... - ვერ მოითმინა ვიღამაც.

- ჩემს აღშფოთებას ვაცხადებ ამხანაგის უდიერათ მოხსენებისათვის!.. - განაცხადა ერთმა ტუსაღთაგანმა; ბევრს უკმაყოფილება დაეტყო.

- ბატონებო, ბატონებო! - შეაჩერა მოხუცმა თავადმა მოკამათენი. - გთხოვთ მე დამითმოთ. ჩვენ ამბებს მოვყვეთ... კამათი გადავდვათ სხვა დროისა და სხვა ადგილისათვის.

- კარგი! კარგი იქნება! - მოისმა აქეთ-იქეთ.

- პიროვნების შეურაცხყოფა...

- ჰო, კარგია, გვეყოფა! - შეუბღვირა ერთმა.

სხვები არ გამოექომაგენ.

- თქვენ ისევ კამათს მიჰყავით ხელი და აქაც უსათუოთ დასები გამოჩნდება... სჯობია გვიამბეთ რამე.

- გვიჩვენეთ მაგალითი, ჩვენ აგყვებით... - შემოეხვიენ თავადს ტუსაღები.

ყველა დანატრებული იყო ამ სამარისებურ მოწყენილობაში რაიმე გაეგონა, თავი გაერთო უჩხუბრათ და გაუბრაზებლათ.

- რა დროს ჩემ სიყვარულზე მასლაათია, ვარლამ, აი ჩვენმა ახალგაზრდა პოეტმა თქვას... გამოიგონოს!..

- არა, ჯერ თქვენ, ჯერ თქვენ.

- კარგი, ასედაც იყოს! თუ ხელოვნურად ვერ გიამბობთ - მაპატიეთ. მე გადმოგცემთ ერთ ძველ თქმულებას, თქვენ კი თქვენებურათ გაალამაზეთ.

თავადმა დაიწყო:
ეს იყო ძველათ

იგი სხვაა, სიძვა სხვაა,

შუა უზის დიდი მზღვარი.

შოთა.

ბევრია მრავალფეროვან საქართველოში ხელისგულივით სწორი, თვალუწვდენელი, რბილ ნიადაგიანი ველი, ბუნებისაგან განგებ საბურთაოთ, საჯირითოთ და მეომართა სავარჯიშოთ შექმნილი; მაგრამ ძვირია ისეთი, როგორიც არის „სალ გვერდათ“ წოდებული.

მდინარის პირათ გაშლილი მინდორი; შორიდან შავათ მაცქერალნი სალი-კლდეები გზავნიან გრილ სიოს მობურთალთა, მაცეკვართა და ფალავანდთა სულის მოსაბრუნებლათ. წრეთ შემოვლებული ცაცხვები კარავათ ადგია თავს მოხუც მობაასეთა, მანდილოსანთა და პაწია ბავშთა საზოგადოებას. ბუჩქები, ერთმანეთში გადახლართული ეკალი საუკეთესო მოაჯირია სიმაღლეზე სახტომათ; აქა-იქ ტბათ ჩამდგარი წყალი ამჟღავნებს სივრცეზე გადახტომის უნარს ცხენისას და ქვეითისას; ორ ადგილას გორაკი ვარდება, ქვემოთ ფხვიერი მიწაა და სადავის კარგი დაჭერა უნდა, რომ ცხენი არ წამოექცეს მხედარს.

აქ იყრიდა თავს ჟამსა მას, აწ სამარადისოთ წარსულსა, იმერეთის უმაღლესი წოდება, აუარებელი მხლებლებით, მუსიკოსებით, მგოსნებით. ნადირობას ნადიმი მოსდევდა და ნადიმს ჯირითი, ცეკვა, ჭიდაობა და ბუმბერაზობა. პირველათ აქ მოდიოდა საზოგადოებაში გამოსასვლელი ახალგაზრდა ქალი და ვაჟი; აქ ისვენებდა, გულით ხარობდა ახალგაზრდათა სიტურფითა და სიჩაუქით ომში სისხლდაცლილი, ცხოვრებით დაღლილი მოხუცი; აქ პატარები ეცნობოდენ ზრდილობას, მოხდენილს ლაპარაკს, შორეულ მეგობრებს და მტრებს. აქ ისკვნებოდა ნამდვილი სიყვარული, რომელიც წლობით გრძელდებოდა... ხალხი დღე და ღამ ბუზივით ირეოდა.

ამ დღეობისთვის არჩევდენ სავსე მთვარის ერთ კვირას.

***

ერთ დილას თეო, რომელიც ჯერ სოფელ-ქვეყანაში არ იყო გამოყვანილი, თავის ორიოდე მხლებელით ცხენით სეირნობდა. გაიტაცა დილის სხივმა, ცვარით აბრჭყვიალებულმა მოლმა და ცხენს ნაზი ხელის მთელის ძალით მათრახი შემოჰკრა, გახტა ცხენი... თმის გაშლამ, სიომ, ჩქარა სულისთქმამ მოხიბლა ბავში... და მიატოვა სადავე. ცხენი მიჰქროდა. შორს გამოჩნდა გორაკის ძირათ რუს მიერ გამოხრული ხრამი.

- შეაჩერე, ქალბატონო! - მიაძახეს მხლებლებმა. გახურებული ცხენი არ დაემორჩილა სუსტ ხელს.

მხლებლებმა ცხენები ყალყზე შეაჩერეს. არ იცოდენ რა ექნათ. დაწევით ვერ დაეწეოდენ... და ქალბატონთან ერთად ხრამში გადავარდნას ყოველთვის მოასწრებდენ.

შეშინდა ბავში, დახუჭა თვალი.

უეცრათ მთის თხემიდან დაეშვა უცნობი მხედარი. ჭენებით ჩამოიყვანა ცხენი, ჰკრა ქუსლი და ხრამზე გადმოევლო... წინ დაუდგა თეოს ცხენსა და აღვირში ხელი სტაცა, ერთ წამს ასე იდგენ.

მერე ცხენოსანმა ბავშს წელზე ხელი მოხვია და უთხრა:

- ნუ გეშინიათ, გამაგრდით ცხენზე და აბჟანდში ფეხი გაუყარეთ.

- მე კი თავი მკვდარი მეგონა... - ძლივს წარმოსთქვა ბავშმა.

- განა ღმერთი გასწირავს ასეთს კარგს ბავშს?

ქალმა-ბავშმა, რომელიც უკვე დიდობას ჩემობდა და ბავშობით მიმართვა არ სიამოვნებდა, ახლა გული მოიცა; უეცრათ ფერი დაუბრუნდა და უთხრა:

- თქვენ როგორღა გაბედეთ აქეთკენ გადმოხტომა?

- აღმართიდან დაღმართში ბევრათ უფრო დიდზე ხტება ცხენი - აი თქვენი ცხენისთვის კი ძლიერ გასაჭირი იყო.

ქალს მოეწონა თავმდაბალი სიტყვა.

- გმადლობთ! ძლიერ გმადლობთ!

- პირიქით, მე ვარ მადლიერი, რომ ცოტა სამსახურის გაწევის შემთხვევა მომეცა.

ორივე უკან ბრუნდებოდა. მხლებლები მოწიწებით მოყვებოდენ მათ.

- თქვენ ვინ ბრძანდებით? - დაეკითხა ქალი.

- „მეფის ერთგული!“

ქალმა შიშით და უსიამოვნოთ შეხედა ყმაწვილს.

- თქვენ?

- პაპუნას ქალი!

- მშვიდობით, პაწია ქალბატონო! - მხედარი ცხენზე გადმოხტა, ღრმა სალამი მისცა და... ჭენებით წავიდა.

მამის ციხეში მარტოთ, უტოლ-მეგობროთ დარჩენილ თეოს არ ავიწყდებოდა მხსნელი უცხო მხედარი... განსაკუთრებით ახარებდა, რომ მისი სირცხვილი არავინ იცოდა; მხოლოთ როცა დადიანის სასახლეში მიიყვანეს და ახალგაზრდობა თავს ევლებოდა, სურათი მთიდან ჩამოფრენილი მხედრისა ნელ-ნელა ჰკარგავდა ფერს და ავიწყდებოდა გონებას. მაგრამ უეცრათ, რაღაც საქმის გამო, „მეფის ერთგულიც“ გამოჩნდა სასახლეში.

აქ დაუახლოვდენ ერთმანეთს, აქ მისცეს ერთმანეთს სიტყვა.

სიტყვას ქალისას ისე დაენდო ვაჟი, როგორც მაისის სიტურფეს და ვაჟის სიტყვას კი ისე დაეყრდნო ქალი, როგორც ბზის ყავარჯენს ბრმა.

დრო იგი უცნაური, გაუცდელი, დაუნდობელი და დაუდგრომელი იყო.

შემოდგომაზე სიკვდილის წინ აირევა ბუნება. ქარი აზუზუნდება; აქ აიღებს კორიანტელს და იქ მიაყრის; ყავარს ხეზე გადებს. ხის ფოთოლს მაგიდას დააყრის, ისლი წყაროს ფარავს და წყლით ივსება აივანი.

ასეთ წამს, რა მახვილი თვალი არ იყოს, ვერ გაიგებს, ვინ ვის ეკუთვნის, საიდან რა არის ჩამოტანილი.

ასე იყო მაშინ საქართველოშიც, არავინ იცოდა, როცა ეხვეოდა მეორეს, ხვალ საწამლავს მიაწოდებდა თუ ხანჯალს ჩაჰკრავდა.

ყოველ კუთხეს მეტი თუ არა, ორი მეფე ჰყავდა, ოთხი-ხუთი მთავარი, ათი-თორმეტი მოურავი, გამგე და სარდალი.

ერთ მეფეს ნიშნავდა ყაენი, მეორეს ხვანთქარი, მესამე რომელიმე მათგანის წინათ დანიშნული იყო; მეოთხეს შთამომავლობით ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა ტახტზე. დიდებულთა მიერ კახეთში მიწვეულს იმერეთში ჰქონდა უფლება კანონიერ მეფეთ ყოფილიყო, მაგრამ სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა. მეფის მიერ დანიშნულ სარდალს არ ემორჩილებოდა ყაენის მიერ დანიშნული ათასისთავი; ხვანთქარის მიერ მდივან-ბეგათ გამოგზავნილი ცდილობდა საერისთავო ხელში ჩაეგდო. გურიელი ხელშეკრულებას ჰკრავდა ქართლის მეფესთან, ქართლის დიდებულნი ყაენის სარდალთან...

ვინ იყო მართალი, არვინ იცოდა. ტყუილია, თითქოს ყველა თავისკენ იზიდებოდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ნათლად გამოერკვია კაცს, როგორ მოქცეულიყო. ხშირათ, რაც ღალატს, მამულის გაყიდვას ჰგავდა, სწორეთ მამულის ბედნიერებისათვის იყო ნამოქმედარი.

ასეთ დროს საქმის დაწყება და გათავება არ შეიძლებოდა.

გაიოზი უკვე აპირებდა თეო ეთხოვა, რომ უეცრად სპარსეთში წასვლა მოუხდა.

დარჩა ქალი.

მოხუც მამას შეუჩდენ...

„გვიხსენი, დაგვამოყვრე ფრიდონსო“.

დათანხმდა მამა.

ქალმა ჯერ უარი თქვა.

რა გაუვიდოდა?

დასწერეს ჯვარი.

დაბრუნდა გაიოზი.

ჩაიკეტა კარები.

**

გაიოზი დიდი ძლიერი თავადი იყო. იგი არ ერეოდა ამ ქვეყნის არევ-დარევაში. მისდა ბედათ, ვერც ლეკი, ვერც სპარსი და ვერც ოსმალო ვერ უდგებოდა ბუნებრივათ დაცულს და ციხეებით მედგრათ გამაგრებულ სამფლობელოს.

უბრალო ტუტუცობისათვის მეზობლებს - მესაზღვრეებს არ უტეხდა ალიაქოთს, მაგრამ ერთხელ, როცა ორი გლეხი აუწიოკა რაჭის ერისთავმა, დაიჭირა მისი მოურავი და ჩაფრები, დასჭრა ყველას მარცხენა ხელი და გაუგზავნა.

მას მერე არც არავინ ედავებოდა და არც არავის ესხმოდა თავს.

მეფის ერთგული იყო.

მეტისახელიც აგრე ერქვა...

ხშირათ აგზავნიდა მეფე ელჩათ.

დაიმედებული ხალხი ამბობდა: მისდა უნებურათ ციხის კედელზე ჩიტი ვერ გადაფრინდებაო.

ერთი ხანია ხალხმა დრტვინვა დაიწყო.

აი რას ამბობს გაიოზზე აქ პროზით გადმოცემული ხალხური ლექსი:

*

მუხლებში წყალი ჩაუდგა

ცხენებს; თოფის წამალი ლპება

სარდაფში; ძაღლებს ალღო ეკარგებათ:

სასახლის ეზო მიდუმებულა;

ჟივილ-ყივილი არ ისმის.

*

ფარა ნადირმა გაგვინადგურა.

მტერმა წაგვართვა საძოვი მთები;

ჩვენს მამულზე სხვამ გააშენა ციხე,

ქალაქი, ფაცხა-სადგომი.

*

რაინდო საკვირველო, სანდო, უებარო,

რათ დაგვიჟანგე ხმალი? რათ ჩაიკეტე

კარი? რათ აიღე ხიდები? არ გაგონდება

ძველი თავდასხმა ულმობელი,

არც მანდილოსანთა სარკმლის ქვეშ

ნელ-ტკბილი მუხამბაზი?

***

ასე იმღეროდა ხალხი.

გაიოზი კი არ გამოდიოდა.

„სენმა ჯავრისამა“ შეიპყრო იგი, - ამბობდენ დიდებულნი და ცდილობდენ ამ შემთხვევით ესარგებლათ და მეფის თვალში გაიოზი ორგულათ დაესახათ. წვრილფეხა აზნაურები და მოხეტიალე მეომრები აქ ორიოდე ცხენს მოიპარავდენ, იქ წაასხამდენ რომელიმე ქვეშევრდომის ფარას, მაგრამ გაიოზი არ მისდევდა მათ, არ აგზავნიდა მდევარს და თვითონვე ფულით ან მამულით ასაჩუქრებდა დარბეულს.

***

მხოლოდ გაიოზის მესაიდუმლე პირისფარეშმა იცოდა ყველაფერი და თეოს ამბავი მას მოჰქონდა, ისიც ძლიერ იშვიათათ... იცოდა გაიოზმა, რომ თეო კარგად არის... ფეხმძიმეთაა... ბავში ეყოლა... გაიგო, რომ თეო დედასთან წასვლას აპირებდა...

გაიგო და ჩაფიქრდა.

**

პატარა ღელეები გველის წიწილებივით იკლაკნებიან, ერთმანეთს ეხლართებიან და ერთ მდინარეს ჰქმნიან.

მდინარის პირათ მიჭრიალობდა სამი არაბა-ურემი, ორმოციოდე შეიარაღებული ცხენოსანით გარსშემორტყმული. გზა შუა ტყეში იყო.

უკან ტყიდან გამოვიდა ბერი.

- ფარსადან! - დაუძახა ქარავანს ბერმა.

- რა გინდა, წმინდა ძმავ? - შორიდან მისცა პასუხი ყმაწვილმა.

- მოიწიე, სიტყვა მაქვს.

ფარსადანმა ცხენი მიაჭენა.

- რა გნებავს?

- ვერ მიცანი? - და ბერმა ჩამობურული ბაშლაყი გადიხადა.

- გაიოზ!.. - შეჰკივლა ფარსადანმა.

- ჰო! უნდა დამეხმარო...

- რაში?

- ბავში უნდა მომატაცებინო, ნებით სჯობია, თორემ აქაურობას ამოვწყვეტ. შენ გაფიცული ხარ ჩემთან... შენს სინიდისს ვენდე - არ მიღალატო...

- ბატონს კი ვუღალატო?

- ბავში ერთადერთი ჩემი საჩუქარი იქნება... ხომ იცი, რაც დავიტანჯე.

- რას ბრძანებ? ბატონს შვილი წავართვა და შენ მოგცე, უცხო კაცს?!

- არა ვარ უცხო... შენს ბატონს თეო ჰყავს, ყველაფერი აქვს... მე კი არაფერი არაფრათ მიმაჩნია...

- ბავში ხომ მისია! - ფარსადანს არ ესმოდა მთელი ეს მუსაიფი და თითქოს ძილშიაო, ისე უპასუხებდა ძმათ-გაფიცულს გაიოზს.

- კი, ჭეშმარიტათ, მაგრამ მე ვეძებ თეოს შვილს. მის გაზრდაში ვპოვებ ჯილდოს, ავინაზღაურებ დაკარგულს.

- არა! არ შემიძლია!..

- მაშ დამიხვდით. იყვირე! - და გაიოზმა ცხენი ქარავნისაკენ გააქანა.

აღარ იცოდა რა ექნა ფარსადანს. ეყვირა და ნაფიცი ძმა როგორ გაეცა? არ ეყვირა და... ამიტომ დამბაჩა გაისროლა. ბერი მიაჭენებდა ცხენს.

ქარავნიდან რამდენიმე ცხენოსანი გამოექანა.

- რა მოხდა?

- ტყეში მტერია! - იცრუა გაიოზმა. - ბევრი... შეაჩერეთ, სანამ მე ქალბატონს მივმალავდე სადმე.

ცხენოსნები ტყეში შეცვინდენ მტრის საძებრათ... გაიფანტ-გამოიფანტენ.

ურემთან, სადაც თეო იჯდა, ორი მსახურიღა დარჩა.

- თავს უშველეთ, - დაიძახა ბერმა, - მტერია! ამ ბავშს მე მონასტერში მოუვლი... ქალბატონი თქვენ დაიცავით.

ასე ახლოს თვით სასახლესთან თავდასხმას არავინ მოელოდა. ყველა დაიბნა.

თეო ჰკიოდა:

- ბავში, ბავში.

- ბატონო, ასე სჯობია... მონასტერი ახლოა, ხელს ვერავინ ახლებს... მაგ ბავშის დაჭერა სურს მტერს, თორემ ჩვენ არც გვერჩიან.

ფარსადანმა დაინახა, რომ ბერათ გადაცმული გაიოზი ბავშს მთის კალთებზე მიაქროლებდა... ვერაფერი მოახერხა, გადმოიღო თოფი და თვით იკრა ხახაში.

წივილ-კივილში, თოფის სროლაში, უნაყოფოთ მტრის ძებნაში გაიოზი მიიკარგა.

გაგზავნეს მონასტერში კაცი.

დაჩხრიკეს ყველაფერი.

ბავში და ბერი გაჰქრა.

**

გავიდა თხუთმეტი წელი. პატარა ღელეები გველის წიწილებივით იკლაკნებიან, ერთმანეთში იხლართებიან და მდინარეს ჰქმნიან.

მდინარის პირათ ფეხაკრეფით მიდიოდა ასიოდე ცხენოსანი, გზა შუა ტყეში იყო.

- საჩქაროთ უნდა მივუხტეთ გალავანს. კარებიდან ჩასვლა შეუძლებელია, სამი კიბე გვაქვს... - ამბობდა ჩუმათ ახალგაზრდა წინამძღოლი.

- მოკლე კიბეებია, ბატონო!

- ორ-ორმა ცხენოსანმა დაიჭიროს ხელში და ჩვენ ავყვებით.

- ბატონმა გვიბრძანა აქ დავუცადოთ...

- არა!.. ბატონს ციხის კლიტეები უნდა მივართვა...

- გარისხდება!

- ჩემს თავს იყოს!

ასე მიიპარებოდნენ ცხენოსნები... არც აბჟანდის, არც იარაღის წკრიალი არ ისმოდა. ნაწვიმარ გზაზე ცხენის ფეხის ხმაც იკარგებოდა. ლაფშურით მიდიოდენ; დარაჯმა დაიძახა. პასუხად საშინელი მათრახების ტკაცა-ტკუცი გაისმა. ქაჯებივით მივარდენ ციხის გალავანს; ცხენები კედელს მიაყენეს; სამი კიბე მიადგეს; თითო ორ ცხენოსანს ეჭირა. აყვენ. პირველათ თვით მეთაური გადახტა. ჯერ ორი გადაყვა... მათ სხვები მიყვენ... გაიქცნენ კოშკში... ხელჩართული ომი... ლეკურის ქნევა აღარ შეიძლება... ხანჯალი დასრიალობს... სისხლი... ყვირილი... ხროტინი... კოშკის კიბეზე ავარდა ყმაწვილი მეთაური.

ერთმანეთს შეხვდა მოხუცი რაინდი და პირტიტველა მეთაური.

მეთაური: დამნებდით... თქვენს ჭაღარას ნუ შემარცხვენიებთ.

ფრიდონი: მეფეს ბავშების მეტი აღარავინ დარჩა?

მეთაური: გაიოზის მოწინავე გახლავარ, ისიც აქ გაჩნდება, სადაც არის.

გაიოზი: აქ ვარ, შვილო!

ფრიდონმა წარსდგა წინ ფეხი, მარდათ ჩამოხსნა კედლიდან ხმალი.

ყმაწვილმა ლეკურით მიმართა:

- ადგილიდან არ დაიძრე!

- შეჩერდი, ფარნა, მაგი მამაა შენი!.. - დაუყვირა გაიოზმა.

ფრიდონი: რას ამბობ, გაიოზ!

გაიოზი: დიახ, ეს შენი შვილია: სულიერათ მე ვარ მაგის მამა. ჩემს საქმეს მაგი განაგრძობს... ჩემი გადავეცი მაგას ყველაფერი... ცოდნა, ზნე-ჩვეულება, მეფის ერთგულება და ღვთისმსახურება... შეხედე პირადაც. თუმცა იგი შენი სისხლი და ხორცია, მაგრამ მე უფრო მგავს, ვიდრე შენ... შენ წამართვი ხორცი, მე დამრჩა სული.

ოთახში მხლებლებმა შემოიტანეს ქალის ცოცხალ-მკვდარი გვამი.

- ეს რა გიქნიათ, - მიაძახეს ყველამ მსახურებს.

- ბატონო, თვითონ გადმოვარდა კოშკის სარკმელიდან.

გაიოზი მივარდა, დაიჩოქა:

- თეო, თეო, მოიხედე, შენი შვილი მოგიყვანე. მაპატიე, რომ უიმისოთ დაგტანჯე, მაგრამ ვერ მოვითმინე... შენ მაგიერ მყავდა, შენ გგავს იგი - შეხედე მის თვალებს, თხელ ტუჩებს...

- შვილო!

- დედა!

დაჩოქილ გაიოზს ზურგში ვიღაცამ ხანჯალი ჩასცა... ფრიდონი იყო...

- შენც მოგკლეს ჩემთან ერთად. ესეც კარგია. იცოდე, გაიოზ, თუმცა სხვა იყო ჩემი ქმარი, შენი ვიყავ მაინც; რაც ბავში წაიყვანე შენ, მერე ქმარი არც მინახავს!.. ჩემთვის ვიყავი ჩემს კოშკში მარტო და ვფიქრობდი მხოლოდ თქვენზე.

- ყველაფერი მოიმოქმედე, ფრიდონ, თეო ჩემია მაინც...

**

მემატიანე ამბობს, შვილმა მამა საუკუნო საპყრობილეში ჩასვაო.

ეს შეცდომაა: ფრიდონი არ ყოფილა ნამდვილი მამა ფარნასი... იგი იყო მხოლოდ ხორციელი მამა...

თავადის ნაამბობი ბევრს მოეწონა. მართალია, ზოგმა თქვა, ასეთი თქმულება ხალხში არ არსებობსო, მაგრამ უმრავლესობას ეჭვიც არ შეპარვია, რომ თავადმა ლეგენდის პირთ ჩააქსოვა თავისი გრძნობა და აზრი.

მხოლოდ ერთმა შენიშნა:

- Князь, как вы ни переодевайтесь, а вас я узнаю.

თავადი შეკრთა. პასუხი არ მიუცია - ეტყობოდა ეშინოდა, ამ შენიშვნამ კამათი არ გამოიწვიოსო და იმედი ჰქონდა, ნასროლი სიტყვა თუ არ განიმარტა და განმეორდა, დავიწყებული იქნებაო. თავადი იღიმებოდა, პასუხს არ გვაძლევდა კითხვებზე და მხოლოდ ხუმრობით გვეუბნებოდა:

- ამ სატუსაღოში მაინც მეღირსა ავტორობა. თქვენ იკამათეთ, მე კი მივწვები, - და თავადი მიწვა. პაპიროზს მოუკიდა და ბოლს დაუწყო დაკვირვებით მზერა.

- ოხ, რა ადრეა კიდევ! - ზმორებით წამოიძახა ვიღამაც. - რა გაათენებს?.. გვიამბეთ კიდევ!..

მივიხედ-მოვიხედეთ. უნებლიეთ ყველას თვალები ახალგაზრდა ბელეტრისტზე შეჩერდა.

- კარგი, ბატონებო, არ გახვეწნიებთ. ერთი ამბავი ჩამრჩა ჯიბეში დასაბეჭდათ დამზადებული და წაგიკითხავთ.

ყმაწვილი მაგიდას მიუჯდა და დაიწყო კითხვა:
ამაყი

(მონგოლთა მონობის დროიდან)

I

- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრათ მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

- რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

- სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, - აი იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, - ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს! თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

- მერე, რა გინდა?

- ციხეს ავიღებ!..

- გადირიე?

- გადვირიე კი არა, - ავიღებ!..

- მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ...

- ჯანი გავარდნია მასაც და მეც.

- რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

- მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

- ასე ვიყავით მუდამ...

- რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდ პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას... ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღუნებენ რაღაც გაუგებარს... იქნებ კარგიცაა - ღმერთმა იცის! რაც სახეირო იყო, სადღაც წაიღეს - ელიზბარს რაღა ვაჩვენო!..

..............

ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა - არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება...

***

ციხის კარს ვიღამაც ძალზე დაუკაკუნა.

- ვინა ხარ?

- გააღე!

- ხვალ მოდი!

- ახლა გააღე!

- ვისთან გაქვს საქმე?

- შენთან.

- ვერ გიცნობ.

- გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! - მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლათშემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

- ეს ერთი, - წაილაპარაკა შემოსულმა.

- ესეც მეორე, - დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

- ვიღაც გახელებულა!

- შეკარით!

- ეს მესამე.

- ეს მეოთხე.

- მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

- გახელებულა!

- ეს მეხუთე!

- ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბზე.

ესეც მეექვსე.

- ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრათ, არარაობათ ვითვლებოდი ქვეყნის თვალში... არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

- ვინაა? - კითხულობდენ მეციხოვნენი.

- აქაური სოფლელია.

- გადაირია, თუ რა დაემართა?

- გახელდა - ეტყობა...

- არც გახელებულა და არც გადარეულა. ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

- მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

- კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დავურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით, - უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა, სწუხდა.

საწყალს მოკლავენ...

- ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს...

- ვაი ჩვენი ბრალი... ჩვენზე იყრიან ჯავრს?

- მეტიჩარა იყო - და ის არის!

- ვითომ და ასე, - სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება ჯობია!

- წავიდეთ, მივეხმაროთ! - დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

- წავიდეთ!

- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო... გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

- რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- რა შუაში ვართ, არ ვიცი; შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

- ცუდ დღეში ჩავარდით; მოვლა უნდა საქმეს.

- მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II

ოცი წელიწადი გავიდა.

- მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

- ვიცი.

- მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

- ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

- სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გვაგონებს.

- მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

- ჩვენ უნდა მოვაგონოთ.

- ვინ გყავს დამხმარე?

- ჩვენი ორი სოფლის მთელი ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

- ცოტაა! გაგვწყვეტენ...

- გაგვწყვეტენ - ანდერძათ იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს ჩვენი მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიკარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გადმოვიდენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

- მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრს მსხვერპლათ თავს სწირავს?

- უმრავლესობა კი; ზოგიერთი წამხედურობით.

- მოვდივარ.

- დარწმუნებული ვიყავ... მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო...

- რისთვის?

- შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობათ; ნამდვილათ კი დასარბევათ. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელათ.

- კარგი! მაშ როდის?

- ზეგ.

- მესმის.

- გამარჯობა!

- გამარჯობა:

..............

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავზე ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილს შეუღლებია... და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრათ. ციხის დაკეტვა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან... ციხიდან გუგუნით მოდის ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდათ მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიათ.

III

გავიდა წლები.

- გვეყო ამდენი მსხვერპლი...

- მკვდარ სიცოცხლეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია.

- რათი ვარ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

- რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება; როცა ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არც ერთი ცხოველი არა ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

- კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

- მთელი ხალხის...

- გიმტყუნებენ...

- არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს...

- გაგებული აქვს.

- მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელ შეთქმულების დღიდან: პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გაცხოველდა მუშაობა...

- ღმერთმა ქმნას, მე კი...

- შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი... შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერების.

..............

გათავდა ომი დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარული არიან. ცრემლების და ოფლის იქეთ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

- ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოთ შეებრძოლა მტერს.

- განუსვენოს უფალმა! - გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურათ ჩააგდეს, ისმის:

- განისვენებს, სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა.

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერთის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

1911 წ.

??????