გელიყარის გაზაფხული
ცხენოსნები შედგნენ.
- ღალატი არ იყოს რამე! ახლა ბევრი შედგა უკუღმართ გზაზე! – მეწინავემ მზვერავები გაუშვა, დანარჩენი სათქმელი ფიქრად იტოვა... “ახლა ჩველგან ასეა ჩვენში – აქეთ-იქით გადასაჩეხი, შუაში კი დანგრეული ციხე და ნასოფლარი!”
ნაადრევ გაზაფხულს კლდის სავალი შეეთქორა, გამოელბო და ახლა მცირე-მცირე შვავებად სუნთქავდა გელიყარის კლდე.
ქვევით ტყე ცეროდენა კვირტებით იყო შეფეთქილი. შინდი და ტყემალი უკვე ჰყვაოდა. ახალ ნასოფლარებს, ნასაყდრალებსა და სხვა ნანგრევებს უკვე ბალახი შებპარვოდა... ის იყო ყველა უპატრონოთა ჭირისუფალი.
დიდგორიდან სხალდიდამდე ფერსავსე ცისარტყელა ოდრიკალად გადასულიყო. მშვიდობა იყო ცათა შინა, ხოლო ქვეყნად, მტრის გარდა, ყვავ-ყორნობა ბორიალობდა... არც გაზაფხულისა და არც მარცხის ძლევის მერცხლები ჯერ არსად ჩანდნენ...
საყვავეთი კი მართლაც ზეიმობდა ირგვლივ... წვერის ნაციხარზეც, სულ ახლახანს დანგრეულ და გადამწვარ სოფელშიაც...
თავისი ხატობით – გელიყარობითა და ბერიკაობით განთქმული სოფელი გელიყარი ახლა უკურნებელ იარად ედო ვერე-სკვირეთის სავალს. მას, სხვა ნასოფლარებივით, ჯერ ბალახიც არ მოსდებოდა.
შენ, გაზაფხულო – ნანატრო, არ იცი გლოვა-ზარია...
ქვეყანა გატყდა, ჩაკნინდა... შენ კი კვლავ გაგიხარია!..
საჩინო ბარათაშვილი სპასპეტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ მგოსანი იქნებოდა. ზარადაწეულს ნესტოები ებერებოდა, ხარბად ისუნთქავდა ერთობლივად მის მიერვე შერქმეულ “სამშობლოს სურნელს” და ახლა “ტყედ გაჭრილი და დევნილი” საჩინო უფრო მგოსნურად, ვიდრე სპასპეტურად გრძნობდა ”ნასოფლარების ძახილს”.
ფარცხისის მარცხის შემდეგ, ბუნების სიყვარულის გარდა, ორი რამ, ფრიად შორი-შორისი, დარჩა საჩინოს – შურისგება და ძველი მწიგნების კითცვა. მაინც “ვეფხისტყაოსნისა”... თავს ვერ უმხელდა, თორემ სამღვთო წერილზე უფრო სწამდა.
მაგრამ ამჯერად ტანზე შერჩენილი აბჯრისა და ხელპატიოსნად ნაბრძოლი ხმლის მეტი არა გააჩნდა რა. ყველაზე უფრო კი მაინც აკლდა “წიგნი იგი პატიოსანი”! , რომელს “ერის სულიერ საზომად” რაცხდა...
მკვეთრად ხატოვანი ფიქრები იცოდა საჩინო ბარათაშვილმა, გვარში მოსდგამდა... ახლა კი ფიქრებში თავად მოძვრებოდა ”უმსგავსო ხატოვანება”... როდესაც “ბევრს ზნეობა შეელახა, ახლა უცხოურ ქუდსა და ოქროს დაედო ფასი!” და მაინც “ისეთ ქუდს, რომელიც შუბლის ძარღვს ჰფარავს!” ახლა საერთოდ “ღალატის გზასა და ქუდს აქვს გასავალი და გასაქანი!”
... ყიზილბაშთა მიერ სვიმონ მეფის ტყვედ ჩაგდებაც ხომ ღალატის მზაკვრობა იყო. მერე მთელი ქვემო ქართლის იაკლება, ჯერ შემოსეული მტრის მიერ, მერე შინნაზარდი ღალატის ხალხის მიერ!
ტფილისიცა და საბარათიანოც გამაჰმადიანებულ დაუდ-ხანს ჩაუვარდა ხელში. საჩინო, მეწინავე ლაშქრის სპასპეტი, არ დამარცხებულა ფარცხისს... თავისი ფრთით ეკვეთა, გადათქერა... მდევრად გაჰყვა დევნილ მტერს. მხოლოდ მეფის მოულოდნელმა ტყვედ ჩავარდნამ შეაჩერა, გამოაბრუნა... მერმე კი ტყეში, მიუდგომელ ციხეებში თავის შეფარვა არჩია. მტრებსა და მოღალატეებს არ მიუვიდა.
ახლა საკუთარ ქვეყანაში ხიზნად და შურისძიებად დაჰქრის... ამას ეტყვის ყოველ ნასოფლარს, ყოველ ახალ სასაფლაოს, თავს გაიმართლებს ბუხრის ყოველი ნანგრევისა და დამწვარი დედა-ბოძის წინაშე, ხმალს დააკვესებს და გაბზარული ხმა არ ექნება!
მარცხი ცუდია, მაგრამ ასატანისი – ღალატია უბედურება! ერის რაინდული სულისკვეთების გამომჭმელი! ღალატია მონობის ნიშანი უპირველესი!
მანგლისს აქეთ რბევისა და ბრძოლის გზა უპატრონო საფლავებით იყო ნანიშნი. ფიჩხისი უკვე სულ აღგვილი იყო პირისაგან მიწისა... საჩინო თავისი გუნდით ახლა კოჯორ-გელიყარ-ბეთანიის ფრთებიდან უტრიალებდა ტფილისს. ქალაქიდან გამოსულ მტერსა და მოღალატეებს აქ უგებდა ხაფანგებს.
გელიყარზე წვერის ციხის გატეხისა და განადგურების შემდეგ მარბიელს ვერეს ხეობით გზა ხსნილი ჰქონდა თრიალეთისაკენ, საბარათიანოსაკენ, ხოლო კოჯრის შემოვლით – ქვემო ქართლისაკენაც...
მზვერავები მობრუნდნენ... კაცის ჭაჭანება არსად იყო.
საჩინომ ზარადი ჩამოიშვა. რკინა მის კეხიან ცხვირს რომ დაედო, ისევ ქვეყნის სადარდელში ჩასვა.
- თუ მტერია სადმე – ჩასაფრებული ყოფილა! ფრთხილად ვიაროთ!
საშვავესთან, გელიყარის ქვახეთქილში, სულ მოულოდნელად ვიღაც შაოსანმა დედაბერმა წინ გადაურბინა... არც ცხენს შეეპუა, არც მეაბჯრეს, აღვირზე უტაცა ხელი...
- შენ ხარ? რას იფარავ სახეს? დამენახვე! მოღალატე ხარ?
საჩინომ ჯერ აჰხედ-დაჰხედა... მის წინ მაღალი, გამხდარი დედაბერი იდგა. გაწამებული, სულ დამჭკნარი, ჭაღარაშიაც ჩარჩენილი წყობილი სახითა... მაგრამ თვალები, დიდრონი, მოსაყვედურე, დარჩჩაღლილი, თითქოს სიკვდილის მიღმა მზირალი თვალები შეუპოვრად უმზერდნენ და მუზარადის გაჭვრეტას ლამობდნენ.
- დამენახვე, თუ მოღალატე არა ხარ! ქვეყანა ამბობს, მე კი არ მჯერა
- არა... სწორედ მოღალატეებს ვეფარვი და ჩუმად ვეძეაბ! – საჩინომ სულ გადაიძრო მუზარადი – დედი, ვინც არ უნდა იყო – პირნათლადა ვარ!
- შენ არ ყოფილცარ! – უკან დადრკა შაოსანი, - იმას გამსგავსე! ასევე მხარბეჭიანს!.. ნუ გეწყინება... და შენზე პირკეთილს... სულ ავირიე! ეს მუზარადი კი დედაკაცეთის ჭირად არის გამოგონილი – გამზრდელი ვეღარ სცნობს თავის გაზრდილს!.. ხალხი კი.ნ.. – უეცრად შემობრუნდა. შავი თავსაფარი ხელჩვეულად შეისწორა, მაგრამ უმტყუნა ძალამ, ხელიც ჩამოეშალა, თავსაფარიც და ჭაღარაც, მაგრამ არ შეიმჩნია, თავსაფარი ჰაერში ააფრიალა და მაღალი ხმით აყვირდა:
- მიშველეთ, ეს ყვავები გადამარეკინეთ სასაფლაოდან!
გადასავლის მახლობლად შეფენილ მცირე სასაფლაოს ჯვრებზე ყვავები ისხდნენ, ირგვლივ ირეოდნენ... ყვავებს ჰქონდათ ჩაგდებული მთელი მიდამო.
- მიწა იქნება მისაყრელი! – საჩინო დაქვეითდა და გუნებაამღვრეული გაჰყვა დაწინაურებულ დედაბერს. – შენ კი ვინ ხარ, ან ყვავების დარაჯად ვინ დაგაყენა?.. ან ამდენ მამაკაცებთან რად იშლი თავსაფარს? განა ყველაფერი მოიშალა ჩვენში?!
ქალმა არც მოჰხედა... თავსაფარი ყვავებს აუქშია... სული მოიბრუნა...
- იმად, რომ მე ყველგან მხოლოდ ყვავებს ვხედავ! სირცხვილი კი სადღა არის საქართველოში?! მეც ახლა ერთი ხიზანა, სახელდაკარგული ნადედარა ვარ, ნასოფლარისა და ნასაყდრალის გვერდით გამოჩენილი... აი როგორც ეს უპატრონო სასაფლაო! ეჰ, ვინ იცის, ვის რა თონე უნთია გულში?!
საჩინომ უფრო დაიდინჯა ფიქრი და სიტყვა:
- შენ ყველას ჰკითხავ აქ ავლილსა და ჩავლილს – მოღალატე ხომ არა ხარო?!
“ნადედარა” შემოტრიალდა და თავისი ამოსევდილი მზერა დიდხანს არ მოაშორა ტყის სპასპეტს...
- ყველას... ერთს კი მაინცდამაინც!
- ჩამოიარა?
- ჯერ არა, მაგრამ ჩამოივლის... იქამდე არ მოვკვდები! ნამდვილს გავიგებ!
- ნუთუ შენ ჰფიქრობ – ვინმე გეტყვის – დიახ, მოღალატე ვარო! ერის ჯალათი გახლავარო! ჩემი ხელობა და მოწოდება – გამცემლობაა და რა გნებავთო? თავს ნუ იტყუებ, დედი!
- თავი შეიძლება მოტყუვდეს, ღვიძლიც... მაგრამ ძუძუ არ მოტყუვდება.
შაოსანი ერთიც შემობრუნდა. თვალებში თითქოს ელვამ გადაურბინა, აცალა, ვიდრე დაქვეითებული აბჯროსნები სასაფლაოზე ავიდოდნენ და საჩინოს შეშფოთებულად შეეკითხა:
- ყველაზე დიდი მოღალატე ახლა ჩვენში ვინ არის?
- ორია – დაუდ-ხანი, სვიმონ მეფის მაჰმადიანი ძმა, და კახაბერ ყორღანაშვილი... მეფისა და ერის გამცემი, ისე კი – ყველა მოღალატეა, ვინც მტრის ჯარს შემოუძღვება ან ამოუდგება ჩვენში!
ყვავები დიდ გუნდად ადგნენ სასაფლაოდან... მწყრალი ჩხავილი და შავი კორიანტელი ააყენეს ჰაერში. შაოსანიც თავსაფრის ბორიალითა და ჰაიოს ძახილით აედევნა მათ. საჩინომ მგოსნური გუმანით იგრძნო, რომ დედაბერი საუბარს გაერიდა. სპასპეტის თვალს სხვა ენიშნაე – ნაჩქარევად, სატევრებით მოთხრილი საფლავები იყო გარშემო... ალბათ, აღარც სატევრის სიგრძეზე უღრმესი...
- დაესეოდნენ ყვავები, აბა რა იქნებოდა! – გარს უვლიდა და განცვიფრებით შეჰყურებდა სახელდახელოდ ჩარჭობილ ჯვრებს – გაუთლელთ, ცუდად გასხეპილთ, ჯვარედინად ტოტებჩაწნულთ... შორიახლოდან აწოწილ ჩონჩხებს უფრო ამსგავსა...
აბჯროსნები გულმოდგინედ ეზიდებოდნენ ქვებსა და ლოდებს, ამაღლებდნენ საფლავებს. ქალი კი გაბოროტებით სდევნიდა აბეზარ ყვავებს..
“ომი ჰქონდა გამწარებული – შაოსანსა და ყვაოსანს!”
შაოსანმა იძალა, მაგრამ ვაი ასეთ “გამარჯვებას”... აქოშინებული ძლივს იდგა ფეხზე... ერთ-ერთ ჯვარს მიეყრდნო და წაქცევისაგან თავი იხსნა. ყვავები კი არც თუ შორს გაფრინდნენ, კლდის თავზე, ციხის ნანგრევებზე შემოსხდნენ და თვალს არ აშორებდნენ გელიყარს... ქალმა სული მოიბრუნა და ძლივს გასაგონად ამოსიტყვა:
- იციან თქვენი ბუნება! ჯგუფად რომ დაგინახავენ შეაბჯრულებს, სადღა წავლენ, მათი კერძი უსათუოდ იქნება რამე!
საჩინომ ინიშნე და თავი ჩაჰხარა. ქალმა კი თითქოს ხელი დამწვა, ჯვარს ხელი უშვა და ხმიანად აკივლდა:
- წმიდაო ღვთისმშობელო! ნუთუ ყველაფერი წახდა... უკუღმა შემობრუნდა ჩვენში და გაზაფხულიც სასაფლაოდან შემოდის საქართველოში?!
- რას იწყევლები! – ახლა კი გაწყრა საჩინო, - მთელი ერი ასე გამწარებულ ხიზნობაში ვართ! განა მარტო შენ! მოვა დრო და კვლავ გავიმარჯვებთ! ყველამ უნდა ჩვენი წვლილი გავიღოთ! გაზაფხულისა და გამარჯვების მარცხლები აქაც მოფრინდებიან! განა მარტო საყვავეთია! გელიყარი დავისვათ მოწმედ!
- დამიხედე... ჯვარს დამიხედე! – ღაწვებზე ხელი შემოიკრა გულშემოყრილმა...
საჩინომ ფეხი წარსდგა... და შეძრწუნდა ყოვლად გულმტკიცე და უშიშარი – შორიდან აწოწილ ჩონჩხებს მიმსგავსებული ჯვრები ჰყვაოდნენ... ცეროდენა კვირტები ამოეყარათ და ჭმუნვის თვალით დანახული უპატრონო სასაფლაო ტირიფის ჯვრების სანერგეს უფრო მოგაგონებდა.
- ეს რა ვნახე! – შეშფოთებული სპასპეტი შავ-ხიზანას გაეცალა, მუზარადი დაიხურა, ცხენს მოახტა. ლაშქარს ნიშანი სცა, გელიყარის ვიწრო ფერდი გადავლო და ქვევით, ვერეს ხეობისაკენ დაეშვა, ყვავების გუნდიც წამოიშალა.
ქვევით უფრო დათბა, მაგრამ აბჯრებში ვეღარ შეაღწია გაზაფხულის სულისკვეთებამ. ყველას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მოსდევდა... არა მტერი – ამად იყვნენ მოწოდებულნი. არა ყვავები – არც ეს იყო უჩვეულო... არამედ კვირტებწამოზრდილი, აყვავებული ჯვრების გაზაფხული...
...
ვერისპირა, ახლომახლო სოფლები – შამთა, კვესეთი, წყდულეთი, ქვემო წვერი შეფარებულნი იყვნენ ახალდიდის ხეობებში. მათი სახიზრებიდან ლასტის ციხემდე აღარც თუ დიდი მანძილი იყო. ხევ-ხევ ამოღწეული ვიშ-ვიშის ხმა შუბის ძგერასავით ხვდებოდა მიუდგომელ ციხეში შეფარებულ სპასპეტს.
საჩინოს ჩუმი მაცნეები ჰყავდა დაგზავნილი ტფილისს და მცხეთას, გორს, ლიხს იქითაც... ქვემო ქართლი ხომ თავად მოვლო. გარეჯსა და უჯარმასაც ხმა აწვდინა. ხალხშიაც გაუშვა ნახევრად შეფარული ძახილი:
- ვეფხებო, თქვენთვის ვბუბუნებ, არავინ დაიმუხლოსა...
ჟუჟუნა წვიმა მოსულა – კიდევაც დაიქუხოსა!
... მაგრამ ახლა, აქ, ცხვირწინ, სახიზრებშიაც რაღაცა ამბავია... მაინცდამაინც სახიფათო არაფერი ჩანს, მაგრამ მგოსანს იქნებ ეპატიოს დაუდევრობა, სპასპეტს კი არა... ბოლოსდაბოლოს ამ სახიზრებიდან უნდა მოვიდეს დიდი საშველი!
- ჩადით ერთი, გაიგეთ რა ამბავია? დარჩა კიდევ რაიმე უბედურება, ჩვენ რომ არ გვჭირდეს?
... მზვერავი რომ არ დაბრუნდა, საჩინომ შეაბჯრული მაცნე გაგზავნა. მაცნემაც რომ დაიგვიანა, სპასპეტი კოშკის თავანზე ავიდა, შევარდნის თვალით გაჰხედა მიდამოს.
აქედან ბეთანიაც ხელის გულზე იყო. გელიყარზე წვერის ციხის ინანგრევებიც თვალგასწვრივ ჩანდა. უკვამლო, განაბული და გახიზნული სოფლებიც დახეულ ხალთებივით ეყარნენ აქა-იქ...
... მაგრამ არც მტერი ჩანდა, არც მოყვარე. თუმცა საჩინოს ხატოვანი ფიქრით- “მტერი ყოველთვის მტრობდა, მაშინაც კი, როდესაც არ ჩანდა... მოყვარე კი სულ ვეღარ მოყვრობდა”. მართალია, დაუდ-ხანი ტფილის-გალავნიდან ვერ გამოდიოდა, მაგრამ “რბეულ ქვეყანაში” ღალატის გველი ადვილად იჩენდა ბუდეს, იმრავლებდა წიწილებს და ვისაც ვერ გესლავდა – უნდობლობის პერანგს მაინც უტოვებდა.
ეს აფიქრებდა საჩინო სპასპეტს, თავდადებულ მამულიშვილს, რომ “საერთო ხმალი” აღარ იყო საქართველოში, საერთო – მტერი იყო, საერთო – საშველის გზაც, ხმალი კი ყველას სათავისო ჰქონდა... და ყოველთვის არც იყო გარკვეული – ვინ ვის და რად ებრძოდა! ამის გამო ღალატის ლანდი ყველგან დაძრწოდა და როგორც ყოველ მიძალებულ და არეულ დროში, ღალატის ქუდსაც ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა.
საჩინომ ტანზე შეზრდილი ხმალ-აბჯარი შეისწორა და კარიბჭესთან ჩავიდა. ოდესღაც მენაპირეთა, ახლა კი ტყის გუნდი უკვე მზად იყო.
სწორედ, გაგზავნილებიც ერთად მობრუნდნენ.
- არა, მტერი არ არის, ბატონო! ძლივსღა გავიგეთ ნამდვილი! ამან დაგვაყოვნა. გელიყარზე უფრო დაბნეული ამბავია! დედაბრები და მოხუცები ქვემო წვერში წავიდნენ! ჩვენც იქ ვიყავით!
- ისევ შავ-ხიზანა დედაბერია! სასაფლაოზე რომ იყო! საშინელი სანახავია!
საჩინომ ყური გაიმახვილა...
- ამბობს რასმე?
- მოთქვამს! ვერც ჩვენ გავიგეთ, ვერც სოფელმა! სულ ახალი ხიზანი ყოფილა! იქ ყველა სხვადასხვა მხრის ხიზანია! მკვიდრი კი სხვაგან ხიზნობს.
საჩინომ ხუთიოდ მოლაშქრე იახლა, დანარჩენთ ციხე ჩააბარა და გარეთ გამოსვლა აუკრძალა.
ტყეში ნაცად ცხენებს მოკლეზე ჩააჭრევინეს.
სოფლის დაღარულ ჩასასვლელშივე ნატისუსალი იგრძნეს. შუა სოფელში მამაკაცები გაკერპებულად იდგნენ. სამოცდაათზე ნაკლები წლისა არც ერთი აღარ იყო. კომბლები, ორთითები, კეტები დაებჯინათ. ხმა ჯიუტად გაეკმინდათ. უფრო წინ დედაკაცები უხმოდ ზლუქუნებდნენ. ისინიც ადამისა და ევას ჟამისანი იყვნენ.
შავ-ხიზანა გიზგიზა თონესთან ტრიალებდა, საწვავს უმატებდა. აქედან მოდიოდა ხრჩოლვაცა და უამური მცხუნვარებაც...
საჩინომ მისვლისთანავე შენიშნა, თონეში არა ფიჩხს – ფარდაგს ეკიდა ცეცხლი და ხან შებრიალებით, ხან ამოგუდვით იწვოდა. ფარდაგს კეთილნარუქი ხალათი მიჰყვა, მერმე ნატის ჭვინტიანი მესტები... ბოლოს ხავერდის მოქარგული ყურბალიში. ცეცხლმა იბრიალა და ალმოდებული ბუმბული თონედან მაღლა ამოფეთქა... ცეცხლიან თოვლად გაედო სოფელს.
- დედაკაცო! რას ჩადი... გაგვაგებინე მაინც?! – შეეკითხა სპასპეტი. – აბა, ჭირიანია ეგ სამოს-საგებელი? მაგრამ ამ ადრეულ გაზაფხულს?
შავ-ხიზანა ერთ წამს შედგა, მობრუნდა:
- ჭირიანია! არა, უარესი! გველცოფიანი! ამოიშრიტოს ამოსაშრეტი! – და შავ-ხიზანამ ახლა მიწურის წინ ჩამობმული ქარგული ფიჩვი ჩამოგლიჯა და თონეში ჩააგდო. ალი წითელ ძაღლივით შეახტა ფიჩვს და ჩაბუბნა...
შაოსანი ისევ მიწურს მიუბრუნდა. ახლა იქ კარგად გაწყობილი და შემკული აკვანი ჩანდა. ქალი ხელუკუღმა მოესიყვარულა აკვანს...
- დედობაში და ძიძობაში ეს იყო და ეს! კვეთი სულისა! მერმე ნაშთი ოჯახისა... ხიზნობაშიაც... ტნუზლი დავტოვე და ეს კი ჩემი ზურგით ვატარე... განა მარტო შეჭრელებული ხე იყო... და ახლა... – აღარ დაამთავრა, მაღლა აიტაცა, მიწაზე დაანარცხა და გატეხა... თითქოს მიწა იძრა სოფელში. ყველა შეტორტმანდა. მამაკაცები გმინვით წინ წამოდგნენ, ქალები აკივლდნენ... აყვირდა სპასპეტიც:
- რას ჩადი არ ნახულს! იავნანას ქვეყანაში – აკვნის გატეხა?!
მაგრამ როდესაც შავ-ხიზანამ არც ეს აკმარა აკვანს და ნამსხვრევებს თონეში დაუწყო ჩაყრა, მაშინ კი სოფლის ქალებს დასჭყივლა საჩინომ:
- თქვენ რაღამ გაგაშეშათ, ქალებო! მიდით, გააცალეთ! ჭკუაზე გადავიდა და რა სეირს უყურებთ ახლა?! აღარც ცოდო-ბრალია ჩვენში?!
ქალებმა ერთობლივ ზლუქუნს უმატეს! მაგრამ არავინ დაძრულა. მხოლოდ ბერიკაცები მუხლებგაუხრელად, უფრო თავჩაქინდრულლად, შემოადგნენ და კბილჩიფჩიფად გააგებინეს:
- დააცალე, ბატონო! მაგასა თავისი ბოღმა ეყოფა!..
- ამ ქვეყნისა მაინც აღარ არის... აღარცა!...
- ისე კი სრულ ჭკუაზეა... და არც აქვს რამე საშველი!
- ...და როდესაც ყველა მაგის ჭკუაზე მოვალთ, მაშინ თუ გვეშველება რამე!
საჩინოს ეს ანცვიფრებდა, აბნევდა კიდეც... ცალ-ცალკე თითქმის არაფერს ნიშნავდა მათი ნათქვამი, ერთად კი – ადამიანური ტკივილის ბრძნული ჭვრეტა-განსჯა გამოდიოდა!
თონეში კი თითქოს ღუღუნით ნაპერწკლიანად იწვოდა აკვანი.
ტყის სპასპეტს ზემო ქართლში ჰყავდა დახიზნული ცოლ-შვილი. კარგა ხანია აღარაფერი სმენოდა. ამ ნაპერწკლებს მისი აბჯარი აბა რას გაუძლებდა...
- ცეცხლის დედავ! მაგ თონეს მაშინ ექნება მადლი და ნუგეში, როდესაც ჩვენც გავიგებთ მის სიკეთესა და იგავს! მითხარ, სადაური ხარ?
- ნუ მკითხავ... აღარავის აღარ ვენდობი!
- მე საჩინო სპასპეტი ვარ, ვერ მიცანი?.. იქ არ შეგხვდი გელიყარზე?!
- იქ სხვაც შემხვდა! იმას უკეთესი სახელი ჰქონდა... მერმე დახე! ჭირვეულად აკივლდა ქალი. საჩინოს შეეცოდა კიდევაც... ეს სპასპეტი რას ჩააცივდა ამ უბედურ ქალს?! მაგრამ მგოსანმა რაღაც იგრძნო და დავიქრდა – “მაშ შეხვედრია იმას, ვისაც ეძებდა?!”
- უბედურო! რომ დასწვი... შიგ რამდენი შვილი გაგიზრდია?
გაწამებულ ქალს უეცრად ხმა წაერთვა, ძლივს გასაგონი ჩურჩულით უთხრა:
- ჩემი – შვიდი! ომის გველეშაპმა შემიჭამა ყველა! ფარცხისმა – უკანასკენელი! მათი მამაც ომის მსხვერპლია, გარისს!
... საჩინო მიხვდა, რომ სადღაც აქ არის ამოცანის ამოსახსნელი...
- მე მერვეს... ამ აკვნეულს ვძიობ!
თონე გიზგიზებდა. შავ-ხიზანა უეცრად კუტი პურის ოდენა გახდა. მერმე კვლავ აღიმართა, ვგონებ, ყველას გადააჭარბა სიმაღლეში და სულ მოულოდნელად გულისპირი გადაიხსნა. მილეული მკერდი გამოაშიშვლა...
- ახლა დამძრახეთ! მე ვაწოვე! ძიძა ვიყავი მისი! ამ აკვანში გავზარდე ის გველსისინა! საზარელი მოღალატე გამიზრდია!
საჩინო უკან დადრკა. სხვებიც. ისედაც მიმჭკნარ ძუძეს ორივე კერტი მუგუზლით ჰქონდა ახალმიმწვარი.
- ვინ? ვინ? ახლა იმდენი მოღალატეა საქართველოში!.. რას გამოიცნობ?! - მიაძახეს აქეთ-იქიდან. საჩინომ თავისი ხმაც კი იცნო მათ შორის... თუმცა უკვე მიმხვდარია. უკვე ვარაუდებს ათანაბრებს. დამწვარი მკერდის ანარეკლსაც ვერ იშორებს თვალის გუგიდან, - “ეს რა მკაცრი განსჯის სული ყოფილა!”
შაოსანმა კი დამწვარი მკერდი იფარა და ხან თხრობით, ხან შეტევით წამოიძახა:
- მთავარი ყოფილა წყეულთ შორის!.. მეფის ტოლი კაცი გავხდიო... დამაცალეთ, ჩემს იქით საშველი არ არისო... ის განდგომილნი ტყიურნი დაჰღუპავენო... საქართველოს მე გადავარჩენო! გელიყარზე გამოჩნდებაო... შენ რა გესმის, მერმე შენც გაიგებ – დამაფასებო! – ქალს თვალებიც თონეებივით გაუხდა, სიტყვაც დამარცვლა: - მესმის! გავიგე! ქუდიც ყიზილბაშური ეხურა, თვალებშიც ვეღარ მიმზერდა! აქვე დამხვდი, ხელნაწერი დამახვედრე... შორიდანვე დამანახვეო!
- ხელნაწერი?!
- ... იმაზე დაგიფიცებო! ძუძუს ნუ მამადლი. ახლა სულ ბაჯაღლო ოქროს ამოგიტანო!.. მე გავზარდე, მე! უდედო, ჩემ შვილებში არ მერჩეოდა... და ეს ვინ გამიზრდია! ახლა ჩამქოლეთ!
ქალი მოწყდა, ჩაქრა, თონის წინ, სოფლის წინაშე ჩაიჩოქა და სახე იფარა.
- მოიცადე დედი! შენი ჩაქოლვა ადვილია! – თავს წაადგა სპასპეტი. – დაგრჩა კიდევ რამე ყორღანასეული! ახლა სხვა საქმეცა მაქვს!
შავ-ხიზანამ გაშეშებულად შეჰხედა მოზიდულ აბჯროსანს.
- უთქმელადაც ცნობილია მისი შავი სახელი?
- აბა ვისღა არ სმენია დაწყევლილი კახაბერ ყორღანაშვილის საძრახისი? მან უმეგზურა მტრის ლაშქარს, სამშობლოში შემოიყვანა... მან მიუსია ბრძოლაში დაწინაურებულ სვიმონ მეფეს გასაქცევად მიდრეკილი ყიზილბაშები! ახლაც იგია ღალატის გზის მბლანდავი ჩვენში! აქ დაძრწის სადღაც! მაგრამ ერის ხელიგრძელია მაშინაც კი, როდესაც დამარცხებულია!
სპასპეტი თავისებურმა ხმამ შეაკრთო და შემოაბრუნა. ეს არც თანხმობის ყრუ შეძახილი იყო და არც იარაღის ჩუმი ჟღარუნი. ვერც მიხვდებოდა, მაგრამ თავადაც აუვარდა იგივ მოგუბული ხმა... დიახ, ქალები და უკბილო ბერიკაცები აღრჭიალებდნენ კბილებს.
ამდენ აუგს ერთბაშად ძიძის გაკერპებულმა გულმაც ვეღარ გაუძლო.
- სულ გამომრჩა – მისეული კიდევ მაქვს და ვერ დავიტოვებ! – მიწურში შევარდა, მოზრდილი გრაგნილი და ვერცხლის ზანზალაკებიანი თასმა გამოიტანა. თონის თავზე რომ ასწია თასმა, ციცქნა ჯვარიც გამოკიაფდა. სოფელმა შესძახა, მაგრამ არავის არ შეეპუა...
- მოღალატის ჯვარ-ხატიც დასაწვავია! შემინდეთ, მამაპაპათ სალოცავებო! – ბეთანიისაკენ მიბრუნდა, ჯვარი ისახა და ზანზალაკები ჰაერში ააწკრიალა. ყველა ისე შეირხა, თითქოს ამ ძუძუდამწვარ დედაბერს ერთ მუშტში ეკავა მთელი სოძელი. მერმე თითქოს ყველამ ხმა და სული წკრიალს გადააყოლა თონეში.
- ჰოი, ცოდვილო! – თონეს წამოადგა სოფელი. ცეცხლიდან ჯერ კიდევ ისმოდა ზანზალაკის ხმა... თითქოს გელიყარისაკენ მიდიოდა, სოფელს შორდებოდა ცეცხლმოდებული ქარავანი. მთელი სოფელი კი დამწვარი აკვანივით ირწეოდა...
- ჯვრის სამართალში ნუ ჩაერევით! – მე ვიცი და ჩემმა ღმერთმა! – ისევ დაბორიალდა შაოსანი. – ქვეყნის სამართალში კი რასაც გამიჩენთ – თქვენზეა! და რაც უფრო დიდი მოღალატე გამიზრდია, მით უფრო მკაცრი სასჯელი მეკუთვნის!
- ეს დიდი ნუსხაც მისია? ამ ხელნაწერს გთხოვდა? – ცეცხლი მოიკიდა საჩინომაც.
- არა, ეს “წიგნი პატიოსანი” ჩემი კაცისეულია. ესღა დამრჩა მისგან!
საჩინომ გამოართვა და ჩაფურცლა... ხელი ვეღარ მოაშორა...
- “ვეფხისტყაოსანი”? ეს ვაჟკაცობისა და ძმადნაფიცობის წიგნი მოღალატეს რა სინდისის სარკედ სწადს?
- მიმხვდარი ვარ! შიშნაკრავია! ბავშვობაში ჩემი კაცი მაინცდამაინც ერთ ადგილას უკითხავდა... ეს უნდა ნახოს! ალბათ, იმასაც აქვს თავისი თონე!
ქალმა გადაუშალა დანიშნული ადგილი, საჩინომ ჩაიკითხა:
- “კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად!”
- ხამს! – ხმლის ვადა აბჯარს შემოჰკრა სპასპეტმა.
- ჰაი-ჰაი! – ორთითები, კომბლები, კეტები დაჰკრეს, დედამიწა დაიმოწმეს ბერიკაცებმა. ქალებმაც ფეხი დაჰკრეს და გაინაბნენ. ალბათ, საკრულავს მიაყოლებდნენ, მაგრამ ნაძიძარი ისევ წამოდგა...
- მოღალატის სასჯელი გარკვეულია... მეც ვიმოწმებ მიწას და თონის ნაცარს... მაგრამ მოღალატის ძიძასა და გამზრდელს?!
ყველამ თვალი აარიდა. ხმა დაიხშო. ახლა თონის სიმხურვალე დამყარდა ირგვლივ. თითქოს მთელი ქვეყანა სდუმდა და ისე იწვოდა ციცქნა ჯვრებითა და გადამდნარი ზანზალაკებით.
- ჯერ დახვდი! – იძალა საჩინომ. – უნდა შესძლო შეუძლებელი!
- წინ სიკვდილი დახვედრია, უკან – ყვავ-ყორანი!
- დახვდება!.. მაგრამ ვიცნობ მას – ეშმაკი ტურამგელია, მაშინ არ ამოივლის! გზახსნილობის ნიშნად გიყენებს შენი გაზრდილი! უნდა დახვდე!
ქალს ახალი ელდა ეცა, დამწვარ მკერდზე ხელი იტაცა.
- მე უბედურმა ყველაზე ბოლოს უნდა მივხვდე! რა აკვნის ცეცხლმა დამაბეცა! აკი მითხრა – თუ გზაზე მშვიდობაა, არავინ ტყუილი და შეუგნებელი არსად არ წანწალებსო! ქართული სისხლი ჩემგან ან სხვა ქართველისაგან რატომ უნდა დაიღვაროს! გელიყარზე გადმოდექი, წვერის ციხის ნანგრევებზეო, ის ხელნაწერი მოიტანე, გამიშალეო! სახელი ვერ სთქვა! ახლა მახსოვს, მაშინ გული წამერთვა! განზე გამიყვანა!.. მაშინ ყველაფერს გიამბობ და თუ გამამტყუნე, შენი ხელით მომკალიო!
- ვცნობ გაიძვერას!.. ბევრი ახლდა?!
- მე მას ვხედავდი მხოლოდ და მის ზურგს უკან... ქმარ-შვილი და კვირტნაყარი ჯვრები მელანდებოდა... ისინიც მეჩურჩულებოდნენ! საშინელს მეტყოდნენ ერთად... “მაგან და მაგისთანებმა... მაგან და მაგისთანებმაო!”
- მაგან და მაგისთანებმა! – ფარ-ხმალი შეაზრიალეს სპასპეტმა და სხვა აბჯროსნებმა... გუგუნი ჩავარდა სოფელში, გაზაფხულის წყალდიდობის წინამორბედი.
- მაგან და მაგისთანებმა! მაგან და მაგისთანებმა! მაგან და მაგისთანებმა! – წამოდგნენ დედაბრები, წამოიმართნენ ბერიკაცები, აღმართეს თითისტარები, ორთითები, ხერხემლები, ერთობლივი ხმა და ჭაღარა... თითქოს მიწის წიაღიდან წამოდგა თონე.
- შენს აკვანს და ზანზალაკს უწვავ, ის სამშობლოსა და შვილებს. რაღა გვიჭირს! მოღალატეს კეთილძიძაობა გავუწიოთ, სამშობლოს და შვილებს ავდედინაცვლობა – ეს ყოფილა ჩვენი ბუნება! – თონისა და აბჯრის ცეცხლისა ჩამოჰკვესა გაგულისებულმა სპასპეტმა.
შავ-ხიზანამ ძალა იკრიფა, ძლივს წამოდგა, მერე ღელის რიყეზე გავარდა, ერთი კალთა ქვები მოხვეტა, ხალხს ჩამოურიგა, ერთი საჩინოსაც მისცა ხელში.
- აჰა, ჩამქოლეთ! – და ძალამილეულად მუხლებზე დაეცა.
- წამოდი! – ხელი გელიყარისაკენ გაიქნია საჩინომ.
- ჩამქოლეთ! გულს მეტი ძალა აღარ აქვს! აღარც მუხლებს! – შავ-ხიზანამ ღრმად ამოიღო სული და თვალი მოავლო ახლო შემომდგარ მამაკაცებს... ქვა აღარც ერთს აღარ ჰქონდა ხელში.
- დედაკაცებო! თქვენ ჩამქოლეთ! ამათ რა იციან?! – ახლა მათ შეემუდარა დაღლილი, არაქათგამოცლილი შაოსანი. – ხმლის ქნევა ამათ უმაღლესი სამართალი ჰგონიათ!
დედაკაცები სულ ჩუმად იყვნენ, მაგრამ ქვა ყველას ხელში ჰქონდა შეტოვებული. მერმე ყველაზე უხნესმა, პირნაკენკა დედაბერმა ძლივს ამოიხავლა:
- წადი, ძუძუცოდვილო! წაჰყე... თუღა ააღწევ! მოღალატეს ქვეყნის სამართალი გამოუთავე... მერმე ჩამოდი და ჩაგქოლავთ... ძუძუს სამართალსაც გამოგითავებთ!
- წადი და მერმე!.. წადი! წადი! – ერთობლივ შესძახეს ქალებმა.
- მერმე ჩამქოლავთ?
- მერმე! მერმე!
- წავიდეთ, დროა! – ავაღწევ! თუ ვერ ჩამოვაღწიე... იქვე დამტოვეთ! უპატრონო სასაფლაოზე! - ძლივს წამოდგა, გრაგნილი დაახვია და ერთიც ჩაიხედა თონეში.
იქ მხოლოდ ღველფი და ღადარი იყო. გული კი ზანზალაკის ხმაზე რეკავდა.
ქალი მოტრიალდა და ბილიკს გაჰყვა. მთელი სოფელი ორთითებითა და ქვებით უკან აედევნა. მაგრამ საჩინომ გამოაბრუნა. მხოლოდ ხუთიოდ თავისი აბჯროსანი წაიყვანა. ცხენების მოსაყვანად აფრინა მეაბჯრე.
შაოსანი ბორძიკით, კანკალით, ძლივს მიდიოდა, ხან სად წამოკრავდა ფეხს და ხან სად...
ცხენები რომ მოაწიეს, საჩინომ თავის ტახტას ჩამოხსნა ნაბადი და ქალს მოახვია. შავ-ხიზანას სულ ჩაეკეცა მუხლები.
- სულის ამოსვლის დროა! გელიყარამდე მიმასწრებინეთ!
სპასპეტმა მუზარადი დაიხურა და ცხენს მოახტა. ცხენზე შესვეს ნაბდოსანიც. აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, ხელი შესტაცეს.
- როგორ ხარ, დედი?
- თონეში! მაგან და მაგისთანებმა! მაგან და მაგისთანებმა! – უკვე ბოდვის საზღვარზე იყო გატანჯული ძიძა და დედა.
- ...
- ბეთანიის ტყეში კარგა მოზრდილი გუნდი ზლაზვნით ვიდოდა. ტფილისიდან ცოტა რამ თქორი აედევნათ, მერე იდარა... აანამულ ბილიკზე ფეხი უსხლტებოდათ... მაგრამ ეს არ იყო სიფრთხილის მთავარი მიზეზი. წამდაუწუმ მზვერავებს აწინაურებდნენ. ბნელი ხეობიდან რომ გაჰხედეს, შორს, გელიყარზე, რაღაც შავი შეამჩნიეს. მაშინვე შედგნენ. მეწინავენი ჩაქვეითდნენ და ძველ ნაბუნაგარში ჩაუდნენ... ერთმანეთს არ უმზერდნენ, ისე უმისამართოდ ბუზღუნებდნენ...
- ყორღანაშვილი სადღა არის? ხომ არ დაბრუნდა?
- ყორღან-ოღლი და არა შვილი! რით ვერ გაიგე, რომ გაყიზილბაშდა წარჩინებული! ახლა ჩვენა გვცემს პატივს – გვაყიზილბაშებს!
- ვერ გავიგე, ვერა! ყურს მაკლია! იმან თავისი იცის, ჩვენ – ჩვენი! ყოველ თავს თავისი ქუდი ჰხურავს!
- მაგას ისეთი ქუდი ჰხურავს, თავი სულ არ სჭირია! არც გულ-ღვიძლი... ძმების სისხლში არ გაგვრიოს! თავის ქუდს არ მიგვაბას!
- ნუთუ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ფარცხისის შემდეგ?..
- ხმა ჩაიკმინდე! ენა ყველას გვაქვს! გრძელი ენა! ქუდოსანსაც, მტერსაც ჰყოფნის და მოყვარესაც, მერმე ყველა სჭრის!
- კაცი არ არის! შუბლის ძარღვი არ გააჩნია!
- აბა მხეცის ღალატი ვის გაუგია?! შუბლის ძარღვი შენ თუ გაქვს – ვერ მალავ ჩრდილში?!
- კაციც ეგ არის და ქუდიც მაგას ჰხურავს! მისი თავის გახეთქამა, ჩვენც ხომ თავ-ქუდ-ქართველები მისი ერთგულები ვართ!
წინა გუნდს მეორეც წამოეწია, მათთან იყო კახაბერ ყორღანაშვილიც. იგი სვიმონ მეფის ბედაურზე იჯდა, შაჰის ნაბოძები ბეწვმოვლებული, კუშტულწითელა ქუდი ეხურა. ყველაფერი ღალატის წყალობა იყო. გრზაში აბჯარ-ჩაჩქანს უფრო ენდობოდა, მაგრამ ქუდი შვენოდა და შეიტოვა. თუ გელიყარზე მშვიდობის მაუწყებელი ძიძა არ დახვდება, მაშინ კი ან დაბრუნდება, ან მუზარადას დაიხურავს. ახლა დაუდ-ხანისაგან ბოძებულიც ბლომად მოჰქონდა. არ ეკუთვნის თუ? დაუდ-ხანის ტფილისს ტახტზე მორჭმა შაჰის ნებაზე უფრო მისი – აზნაურ ყორღანაშვილის წყალობა იყო... აბ არ ჩაეგდო მას ტყვედ სვიმონ მეფე?!
დაწევისთანავე მიაძახა მზვერავებს:
- რა ნახეთ? რა შეამჩნიეთ? არაფერი დაგრჩეთ უთქმელი!
- საკვირველება, ბატონო! გელიყარზე ქალია შავკაბიანი!
- ქალი?.. გარკვევით დაინახეთ? ხელში რა ჰქონდა? – შეთამამ და ყორღანა.
- გარკვევით, ბატონო! ხელში სიგელ-გუჯარი უპყრია! თითქოს მთელ ქვეყანას სასჯელსა სდებს.
- რეებს ბლანდავთ – რის სიგელი! რა სასჯელი? – სიტყვის უნებური ნასხლეტი სულ არ ეამა ღალატის ჯილდოს პატრონს. – სხვა ხომ არაფერი ჩანს?!
- ცოლ-შვილს ვფიცავ, კაი კლდის სიგრძეზეა ჩამოშლილი სიგელი და ქარიც აფრიალებს! – ახლა მეორემ დაუდასტურა. – სხვა კი არაფერია, გარდა ყვავებისა!
- რა სულ ქალები და ყვავები გელანდებათ, თქვე გლახაკებო! თქვენი ცოლ-შვილი ხომ სამშვიდობოს არის! გალავანში ვისტუმრე ყველა!
- ჰო, სამშვიდობოს! – აღმოხდათ მოლაშქრეთ. ყველამ ჩაჰხარა თავი.
სახე გაუმკაცრდა ყორღანას, სწორ ნაკვთებს ყბის ირიბად დრეკამ მისცა ავი იერი. აღარ შეიფერა და ცხენი დასძრა...
- მშიშრები ხართ და ის არის! ნეტა ვიცოდე, სად დაჰკარგეთ ეს ვაჟკაცობა?
- ჰო, სამშვიდობოს!..
ჩანს, სხვას ფიქრობდნენ. ყორღანაც მიხვდა. ან ისიც სხვას ფიქრობდა...
- რაო... რაო? ფარცხისს?
... მაგრამ ყველა სწორედ ფარცხისის ცხენმა იხსნა. უეცრად გაწინაურდა...
... რაღა უნდათ ამ შეჩვენებულთ – მეფის ცხენზე ზის, შაჰის ქუდი ჰხურავს და კიდევ არ უდებენ თავს... არც ერთი არ უსწორებს თვალს... მათი ცოლ-შვილი გალავანში რომ არ ჰყავდეს, ტყე აიკვირტა და მაგათ გააჩერებდი?! იქნებ უფრო დიდი რამეც უდევთ გულში... მაგრამ იცის “ქუდოსანმა და ცხენოსანმა” სად დააბას, როგორ დააბას... მეფე და ძიძა დააბა. ესენი კი რა ბედენა ჭილ-ყვავებია? მაგრამ როდემდე უნდა ჰყავდეს ასე დაბმული?.. ვიდრე ყველას არ გარევს “უკან დაუხევარ” საქმეში, ერთი-ორჯერ ასე ატარებს, ვიდრე არ გადააწყდებიან ვისმე, - თავს დაიცავენ, აბა რა ჭირს იზამენ... მერმე მათაც დაახურავს თავის თარგზე აჭრილ ქუდს, შუბლის ძარღვს რომ დაუფარავს... მერმე მისია. იგი კი უფრო დიდია და ამაღლებული.
უკან მოიხედა. შეაკრთო დაწინაურებამ... ასეთი ქუდი როდესაც გახურავს, სიჭრთხილეს თავი უფრო არ სტკივა! ბედაური მოიოკა, ადგილზე აცეკვა. როდესაც მოსწვდნენ, ისე უბრად და ღრუბლად ვიდოდნენ, ხმა აღარ გასცა და ისევ დაწინაურდა. მათ შორის ქედის ჩრდილი იყო ჩაწოლილი!
სავალი ვერეს ვიწრო ხეობას მისდევდა. ხან გაღმა, ხან გამოღმა... ხან პირდაპირ წყალ-წყალ... ფარულობისათვის მეტად მოხერხებული იყო. ამ გზის გასაღები, გელიყარზე წამოდგმული წვერის ციხე, ამიტომ ააღებინა და დაანგრევინა ყიზილბაშებს, მაგრამ უშიშროებას მაინც ვერ მიაღწია და სწორედ ეს უმღვრევდა გულს “ქუდოსანს”... მეფის წინააღმდეგ აშკარად გამოვიდა და გაიმარუვა, ახლა იმაზე უფრო დიდი ვიღა არის საქართველოში, რომ მალვით და კრძალვით მიიპარება?!
დიდ აღმართს რომ აეკიდა, სულ მაღლა, ფრიალოდ წამოშიშვლებული კლდეების თავზე შაოსანი ჩანდა, ყველაზე მაღალ, გამოსაჩენ ადგილზე მდგარი.
არა, არ ცდება ყორღანა, ძიძის კალთას ფეხის ადგმასთან ერთად სცნობს... მხოლოდ ეს აფორიაქებს – ალბათ, გაშლილ გრაგნილსა თუ გელიყარის ფრიალოს სიმაღლის გამო, შავ-კეთილა ძიძა ვეებერთელა ჩანს... თითქოს მთელ გელიყარს ავსებს ციხის ნანგრევი, მის ზურგს უკან რომ შეყუჟულა, ახლა გატეხი ლ აკვანს უფრო აგონებს გაზრდილს... არა, მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე იგი – ქუდოსანი, მეფის ცხენით გადაივლიდა გელიყარს... ძიძაც იქ თუ ეახლებოდა, იმ ხელნაწერს მოართმევდა! “ფარცხისი ხომ ჩემი იყო, გელიყარიც ჩემი ყოფილა!”
... მაგრამ ნიავმა ფიქრი შეუბზარა... ქარი “სიგელ-გუჯარს” მაღლა აფრიალებდა. ბედაურზე შეწრიალებული ძიძას თვალს ვეღარ აშორებდა. ასე მონუსხულივით ვიდოდა, ვიდრე კლდის კიდემ არ მოაფარა გელიყარის ზედა ნაწილი.
კარგად ვეღარ გაერკვია ქუდოსანს, რა აკრთობდა – ძიძასთან მეორედ “ყველაფრის გასარკვევად” შეყრა თუ ხელნაწერი? ბოლოსდაბოლოს, რა კლდეზე მიჯაჭვული ამირანი ეგ არის... პირამთქმელია, მაგრამ მოხუცი და კეთილი... მეორე კი – ფრიალებს, მაგრამ უსულოა! ორივე აკრთობს ერთობლივ... ცოტაც და ხელში ჩაიგდებს. თავის ქუდს დაადებს და მორჩა.
ქარაფებს რომ შეუდგნენ, ცალმხრივ ფრიალო იყო, ცალმხრივ – მოსხლეტილი კლდე. ყველა დაქვეითდა, გარდა ქუდოსანისა... მის ბედაურს აბა რა გაუჭირდება.
ახლა უფრო გაბედულად დაწინაურდა. ძიძასთან ცალკე შეყრა სწადდა. არა, ძიძის აღარ ერიდება, კვლავ მოციბლავს... მისი “საწყალი გულის” ამბავი ზეპირად იცის... ტკბილად მოიკითხავს, სანობათო თავშალს მოახვევს, გულ-მკერდს დაუკოცნის, ოქროთი აუვსებს უბეს... კეთილი გული, თორემ – რაღა ფასი აქვს იმ დედისმაგიერა ძუძუს, რომელიც ოცდაათი წლის წინ გიწოვია და მოგინელებია?.. მაგრამ ხელნაწერი კი აკრთობს ყორღანას... ბავშვობიდან ჩარჩენილი მრავალი სიტყვა და ბწკარი... ერთი მაინცდამაინც... არა, როგორ სთქვა მზვერავმა? “თითქოს მთელ ქვეყანას სასჯელსა სდებსო?!” რა ცუდია კარგი მეხსიერება!.. და მართლა რამდენი ყვავია?!
გელიყარის უვიწროეს მოსაბრუნპებში უეცრად შედგა. წინ ხუთიოდ შეაბჯრული ზარადდაშვებული, გულხელდაკრეფილი კაცი იდგა.
- ვინა ხართ?! – შესძახა და თავისიანებს ჩქარა მოსვლის ნიშანი სცა.
დამხდურნი სდუმდნენ. არც იძროდნენ, თითქოს კაცები კი არა – ქვაკაცები იყვნენ.
არც ყორღანა იყო მშიშარა. მხოლოდ ფარცხისის შემდეგ გული ზედმეტად უცემდა ხოლმე, თორემ ღონეც ერჩოდა, ხერხიც მოსდევდა და ილეთიც... ახლა, ამ ვიწროში, ბარე ორმოცდაათნი არიან... ესენი კი სულ მცირენი ჩანან... ეს არ ეფიქრება, - მათი სიჩუმე აჯავრებს და აფიქრიანებს!
- ვინა ხართ-მეთქი?!
თან ვარაუდს უკან იჭერს... მოდიან, მაგრამ ზოაზვნით, ჭიანურით... რა გელიყარი შეეყარათ?! ისინიც ჩუმად, უხმოდ მოდიან... ცაზეც ყვავები უხმოდ ბორიალობენ. ესენი კვლავ ენაჩავარდნილად დგანან... ხმა ხომ არ დაჰკარგა ქვეყანამ?!
... აი ცხენები დასტოვეს და მოგროვდნენ მისიანნი... ახლა კი კედლად არიან უკან... არ იხედება, მაგრამ გრძნობს...
...ახლა მარტო ქუდოსანია ბედაურზე... ბედს ლაგამი ამოსდო და რა ვუყოთ, რომ ყოველ გელიყარზე ცოტაოდნავ ღელავს?!
ირგვლივ კი ყველა სდუმს... ეს რა ფიქრიანი და დუმილიანი ადგილი ყოფილა გელიყარი... მარტო ბედაური ჭიხვინებს და ტოკავს...
... არა, ერთი ქვაც მოსწყდა და ქვევით ჩაიტანა გრიალი... ყველამ თვალი ჩააყოლა... ამ ქვამ აალაპარაკა ადამიანებიც...
- ხმას ამოიღებთ თუ არა?!
- ჩვენ... აი იქ სასაფლაოზე, ჯვრების ქვეშ რომ წვანან უსახელონი და მიწაც აკლიათ... იმათი ძმები და ბიძაშვილები ვართ!
- მერმე რა ქელეხში მიწვევთ?! ვერა ჰხედავთ, მეფის ტოლი კაცი მოვდივარ! წადით და თქვენი გზა და ტოლი ნახეთ!
- ჩვენი გზა ვნახეთ! ახლა სხვას უნდა მოვუნახოთ!
- მაშ წადით და გვერდში მოუწექით თქვენს ძმებს! – გაწყრა მხედარი. – მებრძოლად ცოტანი ხართ, შესარიგებლად მეტად გაჯიქებულნი!
- თუ დაგვჭირდა, მოვუწვებით! – გულხელდაკრეფილნი წინ წამოდგნენ. – ჩამობრძანდი, ბატონო, ერთი-ორი სიტყვა გვაქვს!
- გზა-მეთქი!
- ... მაშინ მობრძანდი... ცხენს გავატარებთ, სხვათაც! ეგენიც ჩვენი ძმები არიან! ძალა აღმართს ხნავს, თორემ ძმობას კი ვერ შლის!
- ვინ ხართ? სულ ეგა ხართ? თქვით მაინც, თორემ გაგათავებთ და არც გვეცოდინება, ვისა!
- ჩამობრძანდი ცხენიდან... ზარადს ავიხდი!
ვიწროში ცხენის მობრუნებაც არ ხერხდებოდა. ვერც გაცლას მოასწრებდა, ვერც გარღვევას. საბრძოლოდაც უხერხო იყო. ისევ ჩამოქვეითება სჯობდა, მაგრამ თავის დაუმცირებლად... არ დააყოვნა...
- აბა ერთი ვნახოთ, ვინა ხართ გელიყარელი ტარიელი?! – ზურგით კლდეს მიეყრდნო. მეტი აღარც იყო გასაქანისი. ნაბდის თასმაც შეიხსნა... ფეხზე მომტკიცდა... მაგრამ ნიადაგი კვლავ ცხენის ზურგივით უტოკავდა, თითქოს გამოცლას ლამობდა...
მაწინავე დამხვდურმა ზარადი აიწია, ყორღანას სახე დაეცხრილა...
- საჩინო ბარათაშვილი! – კრიჭაში გასცრა, ცხენს უკან ამოეფარა, თავის ამალას წასჩურჩულა:
- არ მიღალატოთ, გაგაკეთებთ! შეემზადენით!
ბედაურმა თავისუფლება იგრძნო, ჭიხვინით დაიძრა, აღვირი აითრია და წინ წავიდა. დამხვდურებმა გზა მისცეს, საჩინო და ყორღანა პირისპირ დარჩნენ.
- ახლა დამხვდი! მოვიდა დღე სამართლისა! თუმცა მოღალატეს ბრძოლის ფხა გატეხილი გაქვს. შენ მუდამ სხვისი იმედით იყავ! ახლა მარტო შენ და შენი ქუდი ხართ – დანარჩენი – გელიყარია!
- შეუტიეთ! წინ წამოდექით! – უცებ შესძახა ყორღანამ თავისიანებს, მაგრამ არავინ დაძრულა... თითქოს მართლაც ყველა გელიყარის კლდიდან იყო ნაკვეთი. მათაც გულზე იკრიფეს ხელი. სახეზე კლდის შეუვალობა აღბეჭდოდათ, მაშინ ყორღანამ მათ შორის სცადა გასხლეტა, უკნიდან რომ შემოუძახებს, იბრძოლებენ, მაშ რაღას იზამენ!.. მაგრამ ამ ვიწრო სავალზე ისე მიჯრით და მხარდამხარ მჭიდროდ მიდგნენ კლდეში ნაკვეთნი, რომ გასვლის საშველი აღარ მისცეს... ირგვლივ კლდე უფსკრული და გულხელდაკრეფილთა ცოცხალი კედელი იყო... მაშინ კი ჩაჩიხალუ ფოცხვერივით შემობრუნდა ყორღანა, გამყივანად შესძახა ტყის სპასპეტს:
- - შენ რა ჩემი მსაჯული ხარ?! მე შენი ხმლისა არ მეშინია! მაგრამ ყველა ყველას მსაჯული რომ არის, ამიტომ აირია ჩვენი ქვეყანა!
- ხმა ჩაიკმინდე! “შენი ქვეყანა” არც არსებობს დედამიწაზე... შენ არც ქართველი ხარ, არც ყიზილბაში – მოღალატე ხარ და მორჩა! ყოველი პატიოსანი კაცია შენი მსაჯული... აქ არც დიდი სიბრძნეა – ყველა დროის მოღალატენი ერთ თარგზე ხართ გამოჯორდნილნი!
ყორღანამ ენა ჩაიგდო და ხმალი იშიშვლა, მაგრამ ფეხის წადგმას ვეღარ ჰბედავდა... კლდოვან ნიადაგს ვერ გრძნობდა ფერხთით... ხან თონე იყო, ხან ყინული...
საჩინომ კი ზევიდან ახლად ჩამოსულ აბჯროსანს ნუსხა გამოართვა და დინჯად გაშალა, ქუდოსანს მეხად და სეტყვად მოუვლინა ხვეულ-გრაგნილი...
- იცანი!
- ძიძისეული! – ქვადარტყმული გველივით წელში გატყდა და ასისინდა ყორღანა, თვალები აქეთ-იქით აცეცა, ახლაღა მოაგონდა... – იმანაც გამწირა!
- მან დაიწვა ძუძუები – შენ რომ გაწოვა!
- რა ეჩქარებოდა... რძის საფასოს ღირსეულს ვუმზადებდი... ამოვუტანე კიდევაც!
- რძის საფასო – პატიოსნებაა გაზრდილისა და არა ღალატში ნაშოვნი ოქრო!
- ოქრო ბევრი მაქვს... ერთ გელიყარს ვიყიდი სულაც... ერთ ხელნაწერსაც, ერთ ძიძასაც შემოვირიგებ! ტყის ლაშქარსაც...
- ქვეყნად ყველაფერი არ იყიდება! არც ყველაფრის პატიება შეიძლება! შენი აკვანი თონეში დასწვა შენმა გამზრდელმა, შენი ნაქონი ყველაფერი, მათ შორის ზანზალაკშებმული ჯვარიც!
- ამიტომ მეწოდა მიწა! – უკვე აზრდაბნეულად აყვირდა მოღალატე, მაგრამ ხეობამ ხმა რომ უბრუნა და ქვევიდან ყვავების ჩხავილიც ამოაყოლა, მიწის მუქარად შემოესმა და ენა ჩაუვარდა.
- ახლა ამასაც წაგიკითხავ და მორჩა! – ტყის სპასპეტმა ხელდინჯად გაშლა დაუწყო “ვეფხისტყაოსანს”... ყორღანა, რომ არ წაქცეულიყო, ხმალს დაეყრდნო. ბეწვის ქუდს შეფარებული და შეხამებული თვალები ხელნაწერს მონუსხულივით მიაჯაჭვა... აი უკვე ხმლის სიგრძეს გადააჭარბა ნუსხამ, უკვე კლდეს გადასცდა... თითქოს ქარაფს იქით გადაიხედა გაშმაგებულმა ვეფხმა... გული დაილია და ხელნაწერი კი არა!.. იქნებ ხრამის სიღრმე უნდა დაზომოს?.. იქნებ სულ აგდებს ხელნაწერს! მაშინ აიღებს ოქროს!.. იქნებ იმ ადგილს ვერ მიაგნო, ბავშვობიდან გულში რომ ჩარჩენია და ახლა ყველაზე უფრო აფრთხობს! ეს სულის ამოსვლასავით გრძელი ფარატინიც დაეწვა ბარემ!.. იპოვნა! მაინცდამაინც იმ ადგილს მიადგა! გაჩერდა! აღარ შლის! აღარ!
- არ მინდა! ნუ წაიკითხავ! – ჭირვეულად წამოიძახა და წამოფეთდა.
- მორჩა შენი “მინდა-არ მინდა!” ესეც დასაწვავად გინდოდა, ალბათ! მაგრამ მე შენი ძაძამოსილი ძიძა კი არა ვარ! ახლა ამ პატიოსანი წიგნის სახელით მოვედი!
- წაიკითხე! – ერთხმად აღმოხდა ყველას: აქეთ-იქით აბჯროსნებს, ჯვრებს, კლდეს, გელიყარს...
- წაიკითხე!.. წაიკითხე!.. წაიკითხე!.. – ხეობაში აღმა-დაღმა წავიდა ნამდვილი ძახილი.
- “კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად!”
ყველა სდუმდა.. უსმენდა ხეობაში გალაღებულ და გამრავლებულ რუსთველურ ნათქვამს. მშობლიური მიწის სასჯელად და მუქარად გამოესმოდა იგი გელიყარზე გასმულ ნაკაცარს. ხელი ხმალს შეუშვა და ჯერ ყურებზე იტაცა, მერე ქუდზე... ნიადაგი ეწვის, გარემო ზარავს, ახლა ქუდია ყველაფერი!
ხმალი კი ქვას დაეცა ზრიალით, ერთი შეჟღერდა, გველივით ქვებს გადაუსრიალა, კლდეზე გადახტა... სადღაც ქვევით გაიღო გაბზარული ხმა. მაღლა მსხდომი ყვავები ჩაჰყვნენ, მაგრამ მალევე გაწბილებული ჩხავილით ამობრუნდნენ.
- შენ უკვე გესმის ყვავების ენა, კაცურ კაცების ენა კი აქ წერია!
საჩინო დინჯად ახვევდა გრაგნილს. ნაკაცარი ოფლში იწურებოდა. ახლა კი გრაგნილის სიგრძეს ნატრობდა. ირგვლივ გულხელდაკრეფილნი იდგნენ... აღმა თუ დაღმა, ვგონებ, მაღლაც... ყვავებსაც ფრთები დაეკრიფათ და ელოდნენ... გელიყარზე არ იყო არც ერთი სორო... მოღალატე კი ელოდა ქუდის სასწაულს...
- რა დროა?
- მოღალატეთა გაწყვეტისა! – მიაძახა საჩინომ და ზედ მიადგა. – შენგან ვიწყებთ, - ილოცე, თუკი შეგრჩა რაიმე წმიდა!
... მაგრამ ყორღანა თავის ამალას ჩაუვარდა ფერხთით...
- რას ჩადიხართ! დაბარებული მაქვს... არ შეგიშვებენ გალავანში! შორიდანვე ამ ქუდით მცნობენ! გასწყვეტენ მძევლებს! თქვენი ცოლ-შვილი შეიცოდეთ.
- ეგ მართალია! – ქუდი გადააძრო საჩინომ და ყორღანას ამალას გადაუგდო. – მაგის ღალატის ბუდს კუდები ეყოლება, არვინ დაინდოთ! დიდებული ენრი დაგვაკნინეს მაგან და მაგისთანებმა!
- მაგან და მაგისთანებმა!.. მაგან და მაგისთანებმა!.. – ძახილი ქუხილად გაედო გარემოს, ნანგრევებს, მთას, ცას... გუგუნებდა მთელი საგელიყარო.
უქუდო ყორღანა კი აღარც ისეთი მოსული იყო, თავმოტყლეპილიც გამოჩნდა, უცხოც... უეცრად დაჩუტულ გუდას დაემსგავსა და ნიჟარიდან გამოვარდნილ ლოკოკინასაც, ერთიც იძალა, აღმა შეეჭიდა, კლდეზე ახტომა სცადა, მაგრამ ახლა ადგილის ქვამ გადაუხადა სამაგიერო... ჩამოეშალა და ისევ ბილიკზე დასცა...
რომ წამოვარდა, უკვე გულხელდაკრეფილთა რკალში იყო. მერმე გადასავარდნისაკენ გაიხსნა რკალი, წუთიც და თავისივე ნაბადი მოახურეს ყორღანას. რკალიც თანდათან მიიწურა... ზედაც ომახიანად შემოსძახა საჩინომ... სხვებმაც ბანი და რიხი მისცეს...
- გელიყარზე შეიყარნენ, მოიხადეს ვალი წმინდა...
ყორღან-ოღლის ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!
... და ჯერ ხეობიდან ამობრუნებული არც კი იყო სიმღერა, როდესაც ქარაფიდან დიდი ყვავი გადაეშვა... მას ნამდვილი ყვავებიც მიჰყვნენ...
რიხიანმა სიმღერამ თუ სხვა ნიშანმა ლასტის ციხეზედაც ცას ნიშნის კვამლი და ყიჟინი შეუკყენა. სახიზრებშიაც ჩავარდა ჩოჩქოლი. ქვემო წვერიდან დაიძრა მთელი სოფელი... ყველას გელიყარის ხმაზე უძგერდა გული.
კლდის თავიდან კი არც ხმა ჩამოდიოდა, არც ნანგრევებთან ჩანდა ვინმე.
- ადით, ნახეთ... ყველას რომ დაგვავიწყდა! იმ უბედურმა ამდენ ხანს რომ გასძლო, ისიც გასაკვირია!
- ...
- შავ-ხიზანა, რაღა თქმა უნდა, ცოცხალი აღარ დახვედრიათ. დიდ ლოდზე იყო დამხობილი, თითქოს ახლა მშობლიურ მიწას აწოვებდა დამწვარ ძუძუებს. ალბათ, იმის იმედი კი ჰქონდა.
სოფელმა როდესაც მიაღწია გელიყარს – ყველა სასაფლაოზე იყო. უმყუდროეს ადგილზე აბჯროსნები კვლავ სატევრებით თხრიდნენ ნაჩქარევ სამარეს – დინჯი გლოვის დროს სადღა იყო საქართველოში. ტყის სპასპეტს უკვე სასწრაფო მაცნენი მოუვიდნენ ლასტის ციხიდან, ზემო ქართლიდან... ბეთანიაშიც საეჭვო ნიშნის ზარი ჩამორეკეს.
- კმარა! შეგვინდობს! ჩემს ნაბადში გაახვიეთ! ახლა ჩაასვენეთ! ერთი დიდი ბრძოლა მოგვაგებინა... სახელი კი არ დაგვიტოვა! “ძიძისეული” ხელნაწერი კი ჩვენ დაგვრჩეს მსაჯულად და გულის აბჯრად! – მერმე პირველი მუჭა მიწა მიაყარა და განზე გადგა.
სოფლიდან ერთი დოქი არაყი წამოეღოთ. ახლა ჯამი ჩამოატარეს. საჩინოს მოართვეს ...
- ამას შეუნდოს... გელიყარის დედაა! იმას კი არამც! მძვინვარე დროა და ჩვენც გვმართებს შეუპოვრობა!
- ასევე ჩამოიარა ჯამმა... საჩინომ ცხენები იმოაყვანინა. ძველ-ახალი ტყის ლაშქარი დაანაწილა... ბედაური მარქაფად იახლა. ცხენოსნები დასძრა.
ახალ საფლავს რომ ჩაუარეს, განცვიფრდნენ – ახლა ქალები წინ წამომდგარიყვნენ. საჩინომ ინიშნა – მათ შავ-ხიზანას მიერ ჯერ კიდევ სოფელში ჩამორიგებული რიყის ქვები ამოეტანათ... მერმე ერთმა, ყველაზე უხნესმა, პირნაკენკა დედაბერმა ძლივს ამოიხავლა... მიცვალებულს ცოცხალივით გაებაასა...
- შავ-ხიზანავ! ვაჟმრავალო და ერთიანად ამოწყვეტილო! შენთვის სიკვდილი აღდგომა იყო! ნადედარებს უკეთ გვესმის ამაებისა! აკი ეს ქვებიც აღდგომის კვერცხებივით ჩამოგვირიგე! ეს მამაკაცები კი ბავშვებივით ხალხია – სიცოცხლე, სინდის-ნამუსი, შვილის გაზრდა მაგათ ბუკის კვრა და ერთმანეთის ჩეხვა ჰგონიათ! მაგათთვის გმირობაც ადვილია და ღალატი... ძუძუს სამართლისა აბა რა ესმით! – ბებრული ხვნეშით დაიხარა, მარცხენით მიწა მ იაყარა: - ქვეყნის სამართალი რომ გაუთავე იმ უხსენებელსა – სოფლის შენდობა და სახსენებელი შენა! მაგრამ ძუძუს სამართალსაც გაგისრულებთ. ბევრს ცოცხალს ენიშნება, შენ კი აღარა გეტკინება რა... შენც ასევე მოიქცეოდი – ჩაიქოლოს ღალატიანი ძუძუ! – ბებერი ცრემლი იმავე ქვით ამოიმშრალა, შენამული ქვა საფლავში ჩასცხო და გაეცალა...
- შეუნდოს!.. ენიშნოს! ჩაიქოლოს! – მოთქმ ითა და ქოლვით მიჰყვნენ ქალები.
- ესეც ჩვენი ბუნებისა არის! ამიტომ მომავლისა არ მეშინია... ყველამ თავისი წილი საქმე აკეთოს! – ცხენი დასძრა საჩინომ.
... გელიყარს იქით მრავალნაკვალი ბილიკი გრძლად ჩაშვებულ ნუსხას ჰგავდა, სწორედ ისეთს, აბჯრის უბეში რომ ედო და ახალი გმირობისაკენ მოუწოდებდა... და მაინც თითქოს ერთი მაცნე აკლდა გარემოს... საჩინოს თვალი და ყური სულ იქით ჰქონდა... ბოლოს ნახა... მერცხლები სწორედ გადასავალს დასთამაშებდნენ. თავის ცხენს გადაუსვა ფაფარზე ხელი, მოეფერა... იმასაც ხომ მერცხალა ერქვა... მერმე თავქვე მიუშვა... ნაერთი ლაშქარიც იმედიანად მიჰყვა...
ამჯერად გაზაფხული გელიყარიდან დაიძრა საქართველოს შუაგულისაკენ მერცხლებითა და შურისგებით.