გოთუა ლევან
გაზიარება

თრიალეთური ლანდები 

“...გიამბობთ სიფრიადესა დავითის აღმაშენთასა...”

უცნობი ავტორი

...ირგვლივ დიდი ნისლი იდგა, წვიმიან ზაფხულისთვის არცთუ უცნაური, უქარო ნისლი. ფარულად მავალ აბჯროსანთათვის ხელსაყრელიც.

რჩეულად შეთორილი და შეჭედილი გუნდი ქედ-ქედ გაჰყვა დიდგორს, ოდნავ ჩაივაკა კალთაზე და ცხენები ააჩქარა.

მუქი ლანდები მალევე სოფელს წაადგნენ. ნისლიდან ფანდურის ხმა და უდარდელი ჟრიამული გამოდიოდა. შავ არაბულაზე მჯდომმა ზარადი დაუშვა, სახე იფარა. სხვებმაც დაუშვეს. სოფლის თავში, კლდესთან, სანახირე ხერგილა კარი გამოჩნდა. ნისლში ყველაფერი ოდნავ შეზვიადებული ჩანდა, ხმა კი მკაფიოდ გამოდიოდა.

... ჩანს, შეამჩნიეს ლანდები, მთიულურად ლექსში “გაჩარხეს”...

...ნისლში გამოჩნდნენ ბარელნი...

თრიალეთურა ლანდებად...

...არაყი, მწვადი, მარილი...

ფანდურს ვინ დაგიზარდება...

მაგრამ ლექსი, შეშფოთებულად, შუასათქმელზე გაწყდა. ახალგაზრდები მაინც თამამად გადაუდგნენ მოსულთ...

- საით მიხვალთ, რკინის კაცებო?! – ყინჩად შეეკითხა მეფანდურე, ხელი სიმებს გაჰკრა, - სახესაც მალავთ?! ხომ სტუმრები ხართ?

მოსულნი სდუმდნენ.

- იქნებ მტრები არიან?.. მომთაბარენი? – არც დაფარულად გადასჩურჩულა ტანაშოლტილმა მოზარდმა ასულმა.

- ცხენების ძუაზე ვატყობ, ჩვენებურები არიან! გაზე, როგორ გამოუკვანწავთ!

აბჯროსნებმა უნებურად უკან მოიხედეს... ტანაშოლტილა სალამურივით აკაკანდა. მეაბჯრეებსაც გაეცინათ... სდუმდა მხოლოდ ყველაზე მაღალი, უნატიფესად შეაბჯრული და მოწინავე. მერმე შეეკითხა:

- რა სოფელია?

მეფანდურემ მცდელად შეჰხედა...

- ლელობი... სულ ერთია გეცოდინება...

- ვიცი... მართალია... ჩაეღიმა მხედარს. – ეს ბილიკი, მთა-მთა, სათოვლე სერით, ბოლოს არმაზ-მცხეთას გადადის?

ახლა კი შედგა ვაჟი...

- სახე დამანახვე და წვრილად გეტყვი... გადაგყვებით კიდევაც, თუ ერის საქმე ითხოვს...

- მართალს ამბობს ყრმა! აჩვენე სახე! – ბრძანა პირველმა.

მეორემ, აგრეთვე ცხენკეთილმა და რჩეულად აღკაზმულმა, ზარადი აიწია.ყველამ შეხედა კეთილად შევაჟკაცებულ, ულვაშაკოკრილ სახეხვეწილ მხედარს.

- დემეტრე უფლისწულო!.. დიდება შენდა ღმერთო!.. – წინ მიეგება მეფანდურე.

- რომელი ხარ? ნისლში ვერ გიცან? - შეეკითხა უფლისწული.

- გუჯა ვარ, ირმებზე რომ განადირე საირმოში...

- მახსოვს, გუჯავ, ნიჩბურას თავზე!.. ახლა მტერი შემოგვესია... ჩვენზე ნადირობენ!.. შენისთანა საიმედო და მარჯვე ხალხი გვჭირდება!

დემეტრემ, გუნდის მოწინავეს, მეფანდურის სრულსაიმედობა, ხელით ანიშნა.

გუჯამ იგრძნო საქმის სირთულე, აღარც დააყოვნა.

- მარჯვეთ გადაგიყვანთ...

- არა, ჩვენ არ გვწადს გადასვლა... პირიქით... მტერი არ გადავიდეს ოღონდ! – პირველმა რჩეულთაგანმა, თითქოს სიტყვიერი სამანი დასვა, უფლისწულიც შემოაბრუნა. – აბა, გაჰხედეთ სათოლეს სერს, იქნებ იქ არ არის ნისლი?

დემეტრე და ნაწილი აბჯროსნებისა უმალ ნისლში გაჰქრნენ. დარჩენილმა მეთაურმა კი ყველა ერთ ლანდზე აამოძრავა...

- თქვენ, ახალგაზრდებო, ხევისბერი მომგვარეთ ჩქარა!.. გუჯავ, აქ დარჩი!

სხვა ახალგაზრდები, გარდა ტანაშოლტილა ასულისა, გაიქცნენ, სოფელში... და სულ მალე, ნისლზე თეთრი და წვერჩამონისლული ხევისბერი გამოჩნდა. მოდიოდა და გზაში ქამარ-სატევარს ირტყამდე წელზე.

- დიდგორელო! მტერი მოდის... სოფელი უნდა აიყაროს... სახიზარი გაქვს?! – მოკლედ მოუჭრა პირველმა აბჯროსანმა.

- საბრძოლოც მაქვს და სახიზნოც!.. გააჩნია ვის ვებრძვით და ... ვინ მიბრძანებს?! – წვერი კაუჭა თითებით დინჯად ჩამოივარცხნა ხევისბერმა.

პირველმა შეაბჯრულმა ზარადი აიწია...

- ჰოდა, ეგრე გეთქვა... შენი ჭირიმე!.. – შესძახა გაოცებულმა. – ყველას, ომში გამოსადეგს მოგცემ... სოფელს წავიყვან...

- ახლავე!.. საქონელს დაჰყრი...

- ძაღლებს?

- ძაღლებსაც...

- მე თავად გამოვბრუნდები, ლელობელთ გაახლებ... ზურგის ჭრილობა არ იციან!

- ხვალვე, დემეტრე უფლისწულს მიჰგვარე დიდგორს უკან! გუჯას აქ დავტოვებ, სოფელში ფანდურ-ბადურა კაცი მინდა! საგმირო საქმეა! ივარგებს?

ხევისბერმა მიმოიხედა. ტანაშოლტილა დაინახა.

- აბეშურას ჰკითხე... მისი დანიშნულია... მამა-ბატონო!

- აბეშურას? – მამა-ბატონმა სახე მოიბრუნა, მორგვალებულად შემოსწორებული წვერი და გრძელი, უკვე ჭაღარა ულვაშები უნებურად გამოაჩინა.

- ივარგებს! – წამოიძახა ნისლშიაც თვალჟუჟუნამ. – ბიჭიც ჩემია და ფანდურიც!

- მეც აქ დავრჩები! თუ მტერია და... ჩვენი მტერი უფრო ყოფილა! ჩემი – ორმაგად!

- რატომ უფრო? – ოდნავ შეწყრა უკვე იარაღში ჩამჯდარი ჭირისუფალი.

ხევისბერი აბეშურას შემოუბრუნდა, ხმადაკლებულად წასჩურჩულა:

- ვერ იცანი თუ?

...მაგრამ მეფამ ხელი აუქნია...

- შენ წადი!.. ყსოფლიდან მოთქმის ხმა არ გამაგონო! მტერი მანგლისს გამოსცდა უკვე!

ხევისბერი ელდანაკრავი გაბრუნდა და გაუჩინარდა. დავითი კი ახალგაზრდებს შემოუბრუნდა...

- ორმაგადო?

აბეშურამ თავი ჩაღუნა, მაგრამ სიტყვა კი აღიმაღლა...

- ჩემს სამშობლოს შვილები, მებრძოლები უნდა გავუჩინო, ჩემს შვილებს კი სამშობლო შემოვუნახო!

- შენ უკვე შვილები გყავს?

აბეშურამ სულ ჩაღუნა თავი, ტუჩებიც წამობუტა.

- მე უფრო მიმხვდური მეგონა, ომის კაცო!.. მომავლებისა განა!

- კეთილი! შენც დარჩი, აბეშურა-ქალო!.. ბოდიშიც მომიხდია... ღმერთო, ნუ ამაღებინებ ამათ ცოდვას! – დავითმა ფართო პირჯვარი ისახა, დაქვეითდა, ცხენი მეაბჯრეს დაანება, თავად კი კლდეზე წამოჯდა.

- მაშ რჩებით? თავგანწირული საქმეა!..

- ვრჩებით, მაშა?!- ერთხმად უპასუხეს ორთა.

- ღმერთმა თუ მოგვხედა და გავიმარჯვეთ... ჯვარს მე თავად, ჩვენ სვეტიცხოველში დაგწერთ!.. თქვენ კი სწორედ მისი წმინდა სავალი უნდა დამიცვათ!

ნისლი შეთხელდა, შეიცრიცა... აქა-იქ შავგამჭვირვალედ ჩაიღეჭა. მთების მონახაზები აჩნდნენ, მკაფიოდ შეუდგნენ ურთიერთს. დავითმა ერთიც შემოავლო თვალი გარემოს.

ამალას მოუბრუნდა:

- ლომინა სპასალარო! ნიჩბურას სერს აჰყევი... საქარიაზე, კახა ერისთავს უთხარ – გხედავ-თქო! ლაშქარი ჩაფაროს ტყეში! – ლომინას მოსხლეტილ ცხენს თვალი აარიდა და ახლა ამბრია მებრძოლს უწვდინა: - არიქა, ამბრო! დიდგორზე ავარდი! ლაშქრის კუდი გარეთ დაგრჩათ-თქო! ჯაჭვის ჩხრიალიც ისმის! ბაკურ სპასალარს ნახავ!

ესეც გაუშვა და შემოტრიალდა...

- ეს ვინ მოეხეტება ასე ღიად? ვისი გუნდია, გორგავ?

- ყივჩაღნი ჩანან! ზოგს ჩული ახურავს ჯაჭვზე... – შეჰქედა გიორგა ჭანმა. – მაგრამ ყივჩაღნი საკურთხისზე არიან?! – შეეჭვდა გორგა, იგი განთქმული იყო თავისი ტანდიდობითა და შორი მზერით... ციცია კავთელია! მუზარადზე ვცნობ, ზედ ხანჯლის წვერი აქვს მიჭედილი, თავური სცოდნია!..

- ციცია! – ხელად დაცხრა მეფე, - მაგათ იციან თავისი გზა!.. დანაწილდით, დაიარეთ მთის კალთები, ხევის პირები... ჩასაფრებული ლაშქარი არსად ჩანდეს! დროზე ადრე ვერ გაიგონ ჩვენი აქ მოსვლა... უნისლოდაც ნისლი უნდა იდგეს დიდგორს!

განცვიფრებული აბეშურა და გუჯა თვალებს აცეცებდნენ და არსად კი არაფერი ჩანდა. მხოლოდ როჭოების შორეული კრიახივით ისმოდა ჯაჭვებისა და იარაღის უნებური ჟღერა. ახალგაზრდებმა იგრძნეს, რომ უხილავი ლაშქარი უკვე ელოდა ჯერ გამოუჩენ მტერს. დიდგორზე ჯერ გაუფანტავ ნისლს, სარჩულად უკვე სულ სხვა, უფრო მჭახე ფერი ედო... დავითი კი ალესილად, მაგრამ ორმაგად ფიქრობდა... არა, კი არ იბნეოდა, თუმცა ერთმანეთში იხლართებოდა ფიქრი...

“ყველაზე დიდი ნისლი – ისტორიის ნისლია, შთამომავალს – წინაპარი რომ დარჩება უპატრონო ნისლად და ლანდად! დიდ ბრძოლის წინ ყოველი “ნისლი“ უნდა სასწორზე აიწონოს, ხმლის ალესილ პირზე დაიდოს!.. ღმერთო, გადაგვარჩინე ნისლებს!”

ყველა რომ გაგზავნ-გამოგზავნა მეფემ, მეაბჯრეს თავისი მარქაფა მშვილდ-ისარი გამოართვა და ისიც განზე გააყენა, მონასპის გუნდთან ერთად. ახლა სამნიღა დარჩნენ, დავით მეფე, აბეშურა და გუჯა.

- ისრის ტყორცნაში როგორი ხარ, გუჯა-ფანდურავ?

- ფანდურზე არანაკლებად, მეფევ-ბატონო!

- აჰა, ჩემი ნაქონი გქონდეს!.. ერის საქმეს გავალებ... აბეშურა მოგეხმარება! სოფელი წავიდა?

- წავიდა.. – პასუხი ამბეშურამ გასცა, - ხევში ჩავიდნენ უხმოდ, უხილავად!

დავითმა თავი გაიქნია, მაგრამ სოფელი რაა, როდესაც მთელ სამეფოსა და ერის ბედი სასწორზე იდო.

- გააღეთ სოფლის სანახირო კარი... აქ დასხედით... მტერი რომ მოვა – აქ უნდა იყოთ!.. ლექსი, შაირი, ტაშფანდურა!.. მთავარია არ შეშინდეთ!

- თითქოს დიდგორზე სრული სიწყნარეა! არაფერი იგრძნონ! – აღფრთოვანდა აბეშურა.

- არა! თქვენგან სხვას ვითხოვ... ახლა აქ ყველა გზა და ბილიკი, ხევი და ყელი შეკრულია, ჩახერგილი, დასაგრული... მტრისთვის გაუვალი... – დავითს თვალები სულ დაეხუჭა, ისე ხედავდა თავის დაფანტულ, სამოცდაათიათასიან ლაშქარს, გულშენაპყარად განიცდიდა, ჯერ არ დატრიალებულ ბრძოლათა ბრძოლას...

- ჩვენ შავ-მთების მხრიდან ველით გაუკითხავ, აურაცხელ მტერს... თუ გასცდა დიდგორს, - მერმე ჩაგყლაპავს!

- მივხვდი! – თავი ვეღარ შეიკავა გუჯამ. – ყველაზე ცუდი დასაცავი სწორედ ლელობ-სათოვლეს გადასავალია!

- ვაგლახ, ეგრეა!.. სათოვლეს ქედზე ჩავასაფრე ლაშქარი... მეც აქეთ ვიქნები, მონასპით... მაგრამ აქ ყველგან გადაისვლების... ხეობითაც არის გზა ძეგვამდე... ტყიან მთითაც არმაზამდე... იქ არ გამომივა შეკრული. ბრძოლა... ომი აქ უნდა მოხდეს!

დავითმა ისევ გაიმეორა, სამხედრო საბჭოზე ათასჯერ ნათქვამი. თითქოს აქაც, თავგანწირულ ახალგაზრდებთან ამოწმებდა და აძლიერებდა თავდაცვის ზრახვას. ახალგაზრდები კი მეფის ნდობით უფრო აღფრთოვანდნენ, მაგრამ ღრმადაც ჩაფიქრდნენ...

- ხეობით აქაც არის სავალი... ხეკორძულას ჩაყოლებით!

ჭაღარა მეფე, გუჯას ამ სიტყვებმა, თითქოს გააახალგაზრდავა და გაამხნევა, შერკინული ხელი ქვას დაჰკრა...

- მეც ეგ მინდა, მებრძოლო!

- გავიგე... მივხვდი! – ლოყაზე ხელი იმტკიცა აბეშურამ, - ზევით არ წამოვიდნენ, მხოლოდ ქვევით!.. ამისათვის აქ... დავრჩეთ... ვიტაშფანდუროთ!

- თითქოს განგებ გწადთ შეაცდინოთ, ამ სავალზე მოიტყუოთ!.. თქვენს უკან დიდ ჩასაფრებაზე ეჭვი უნდა ააღებინოთ! – სიტყვა-სიტყვით ჩამარცვლა ომის ოსტატმა.

- საისრე მანძილზე რომ მოგვწვდებიან მერმე?

- მე მშვილდი მოგეც... სტყორცნე და გაეცალეთ... მაგრამ ჯერ სოფელში ძაღლები აუშვით, მერმე ხევში ჩადით – არა სათოფლესკენ!

- ძაღლები სათოვლესკენ ავარდებიან... იქ გვაქვს ფარეხები!

- მით უმჯობესი! მხოლოდ ჯაჭვებით აუშვით ნაგაზები. იყოს ჩხრიალი! – დავითმა მეაბჯრეს ორი მონა-სპა მოაყვანინა, - თქვენი ჯაჭვის პერანგები მიეცით, აღალში ახალს ჩაიცვამთ!..

მეომრებმა აქვე გაიხადეს და გადასცეს.

- სამოსის ქვეშ ჩაიცვით!.. გამარჯვების შემდეგ ჩემთან მოდით, საარაკო დანიშნულებო!-.. ფრთხილადაც იყავით... საიქიოს გზაც ახლა დიდგორზე გადის!

მალე დემეტრე უფლისწულიც დაბრუნდა და მამას მთელი გუნდით გაჰყვა.

დიდხანს უმზერდნენ აბეშურა და გუჯა დიდგორის ნისლში გაუჩინარებულ მეფეს. ნისლი კი ისევ შექუფრდა და ლელობში დაბმული ნაგაზების ყეფა და ხელში შერჩენილი ჯაჭვის პერანგები რომ არ ყოფილიყო, მათთვის ყველაფერი ნისლის ზღაპრად დათქორდებოდა.

* * *

დიდი ლაშქარი ქართველებს უკვე ბრძოლის ველის ირგვლივ ჩასაფრებული ჰყავდათ, მაგრამ თ ვით “ბრძოლის ველი” ჯერ მხოლოდ დავითის დიდი შუბლის არეში იყო. იქვე იყო მთელი საქართველოც, რომელიც გაერთიანებისათვის, თავის ტყვე დედაქალაქისათვის, თავისი დიდი გზისა და მზისათვის იბრძოდა. საუკუნის კვანძი აქ – თრიალეთს, დიდგორს შეისკვნა... ახლა დავითის შუბლია დიდგორი და თრიალეთზე ყველგან დადის მისი ლანდი ჩაფიქრებული...

აგვისტო ჯერ გრილი იყო, მერმე პირნისლიანი. მზე რომ გაინაპირებდა, აურაცხელ ციცქნა მზეებად ბრწყინავდა ბალახოვან კალთების ნაჟურებში. ხეობათა შორის გადასავლებზე, დაწყვეტილ თასმებად ეკიდნენ ბილიკები. გახეთქილ კლდეთა და უეცრად ჩასხლეტილ ხეობათა ფსკერიდან ამოწვერილი კენწეროები მუქმწვანე იარებად იკლაკნებოდნენ. დიდგორნი, დრეკილა სერნი და ღრმა ხევნი აქ ისე იყვნენ ჩახლართულნი, რომ დავით მეფიმს მძლეთამძლე მეხსიერებასა და ადგილის ეტიკებს თუ შეეძლოთ ერთხელ არეულ გზის გამოსწორება. დავითსაც ამისი იმედი ჰქონდა. ლაშქართწვევა ძლივს მოასწრო. მთელ საქართველოდან მოუვიდნენ დალესილნი, აღჭურვილნი, შეფიცულნი... ზღვისპირეთი, საერთოდ დასავლისა და სამხრეთის მხარე, ქართლის საერისთავი, მთელი მთა და კახეთ-ჰერეთი... აქ იყვნენ ერისთავთა დროშიონნი, ყივჩაღნი, მონა-სპა და ზოგნი როქისანნი – ალანნი და მოკედლებული ჯვაროსანნი.

...მაგრამ მოდიოდა მთელი ახლო აღმოასალეთი... თურქნი – სელჯუკნი, არაბნი... სპარსნი და რუმნი... არაბთა მეფე დურბეიზ, სულთანი მალიქ-ტოღრილი, ათაბაგები, ამირები დამასკოდან და ალაბიდან მოყოლებული... სპასალარად ჰყავდათ ცდილი მებრძორლი და შეუპოვარი მარბიელი – ელღაზი. მოდიოდნენ მუქარითა და მუსვრით... გზათა ბნევით. ლაშქრის წილი მოადგა კლდეკარს. თითქოს ცხიხის სასღებად განემზადნენ... აქ დახვდათ, ადრევე ასული დავითი. იგი მიხვდა, რომ ეს არ იყო მთავარი ლაშქარი. მაგრამ აქ იყო გასაღები მთელი ომისა! ჯიქის სპათა სპა კურდღლის კვალის ბნევით მოდიოდა! “არა, ისინი არც კლდე-კარზე მოიტანენ იერიშს, ეცდებიან ან კლდე-კარში, ან მცხეთა-ტფილისს შორის ჩამჩიხონ ლაშქართან ერთად!.. გასაღები თრიალეთზეა!” – დაასკვნა და საქმეს “დავითურად” შეუდგა. და როდესაც დადასტურდა მტრის მანგლისს ყოფნა, უმალ ნიჩბისის სერზე ფარულად შეჰგზავნა თავისი ლაშქარი.

... მაგრამ მტერი მანგლისს იდგა და არ იძროდა.

დავითმა დიდი, მოჩვენებითი აღალ-ლაშქარი, მცხეთის გზით, მტკვრის პირპირ, დიღომს გააცილა და თითქოს ტფილისისაკენ გაუსია. ვინ არ იყვნენ ამ “ლაშქარში”... მოხუცები და ხეიბრები, ნაბადმოხვეული დედაკაცები... მხოლოდ მზეზე საბრჭყვიალო შუბები და ფარები იყო ნამდვილი... შიგადაშიგ, გაბზარული მუზარადებიც...

შურის ციხეზე, მერმე სალალაკის ქედზე, კვამლის სვეტი ადგა. სამხედრო ხლართის “ისარი” სწორი ნატყორცნი გამოდგა. მეორე დღესვე მტერი მანგლისიდან, შავ-მთებით, დიდგორისაკენ დაიძრა.

ახლა დიდგორზე ორმაგი ნისლი იდგა – ბუნებისა და დავითისა.

- ამ ნისლისა არ მეშინია... მაფიქრებს ნისლის იქით რომ ღრუბელია! აქ უნდა შევაკვდეთ ურთიერთს! ან ჩვენ, ან მტერი! ისეთ ხაფანგს ვაწყობ – დასახევი არც ერთს არ გვექნეს! ახლა გამოჩნდეს თავგამეტება და ვაჟკაცობა!

მაგრამ დავითსაც, “მთავარ ხაფანგთან” ერთად, სუსტი ადგილიც ჰქონდა. ჯერ ერთი, ყველა მზვერავი ერთხმად მტრის არნახულ აურაცხელობას შიშნაკრაძად გაიძახოდა. მეორეც, ლელობ-სათოვლეს სავალზე “აურაცხელ ლაშქრის” გაფანტულად გადასვლის ჩაშლას, აურაცხელივე ლაშქარი სჭიროდა, დავითს კი ძირითადი ლაშქარი მაინც მთავარ სავალზე – ნიჩბისის სერებზე ჰყავდა ჩასაფრებული...

- “ახლა სარჩევია – დიდგორიდან რომელ გზას ირჩევს მტერი – ნიჩბისის სერს, ხეკორძულას ხევს თუ სათოვლე მთას?.. კიდევ “გასაღებია” საძებნელი თუ გასაჩარხი?! – ნუთუ ჩვენი ისტორიული საქმიანობა – სხვისი გასაღების ძებნაა და მეტი არაფერი? როდის იქნება, რომ ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს?!”

“მე სათოვლეს ვარჩევდი... უფრო ძნელსავალია, მაგრამ უხიფათო! იქ “დავითის ლაშქარი” ვერას დამაკლებს! გამარუვება იქ არის სწორედ!” – შინაგან გაჯიქურებით ედავებოდა და ამარცხებდა დავითი – დავითს.

“უნდა ჩავათრიო! ხეკორძულას უნდა ჩავათრიო მტერი! სხვა გზა არ არის!” – და სთხზავდა ათასგვარ “ჩასათრევ” ხერხებს... საბოლოოდ გადაწყვიტა სათოვლესკენ გადადგომა, უფლისწული და მონა-სპის დიდმარქაფა გუნდიც გაიყოლა.

ნისლი ჯერ კიდევ იდგა. ლელობის სანახირო კართან ქალ-ვაჟი გალანდეს... სდუმდნენ და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ.

“ნუთუ ესენიც დაიბნენ?!” – ახალი დარდი მოემატა დავითის გულისყურს... მაგრამ უეცრად ყველაფერი გამოიცვალა... ნისლიც კეთილ ხმებითა და ფერებით აღივსო... ვაჟმა ფანდურს ჩამოჰკრა, ქალმა ეჟვანი ააწკრიალა... დავითისანნი შედგნენ.

მალე საამური ხმა მოედო ნისლნარს... უნებურმა მსმენელებმა სიტყვებიც კი გაარჩიეს...

ჩვენს უკან – სვეტიცხოველი,

დედა და კელაპტარია...

... აქ დადგეს გმირი ყოველი

ნისლმორეული დარია...

ქვეყნის გამომხსნელს მოველით,

ქალო, შემოჰკარ ზარია!..

ქალი ათამაშდა... ეჟვნებისა და ხის სარაკუნების ხმა მოედო განაბულ გარემოს.

ახლა ამას, სოფლიდან, ნაგაზების გაალმასებული ყეფა და ჯაჭვის ჩხრიალი აჰყვა. ყველა სახტად დარჩა... თვით დავითიც. ფანდის ასეთ ჯადოგაკრულ აბრუნდს არ მოელოდა. დემეტრე უფლისწული ხომ სულ გაგულისდა, ცხენი შეატრიალა.

- ესენი ვინ დარჩენილან? ახლავე გაჰყარეთ! მამა-მეფეს ლაშქარში არ უყვარს ასეთი რამ, - ისიც ასეთ დროს!

მაგრამ დავითმა ყველა შეაჩერა.

- არა, შვილო! ახლა მე ყველაფერი მიყვარს, რაც ომში საშველს მომცემს... ამათ უკვე დაუწყიათ ბრძოლა! ერის სული, დღეს ესენია!.. ჩვენს უკან სვეტიცხოველიო?! ზურგის გრძნობაც დიდი გრძნობაა, როდესაც მკერდს ამაგრებს! უნდა გავიმარჯვოთ! შენ დიდგორის სერ-სერ გამოხვალ მთავარ ლაშქარით... მე ხეკორძულასა და სათოვლეს მივხედავ!

- ლაშქარს კიდევ გაახლებ... ცოტა გყავს!

- აი, ჩემი ლაშქარი! – სოფლის კარისაკენ მიიუთითა, - სულ ასეთები მყვანან...

- შენ კი თავი ბრძოლა გიწევს!.. ყველა აზიარეთ! აუკწყეთ ყველას, რომ ზურგით, მართლაც სვეტიცხოველზე ვართ მიყრდნობილი! ზურგში დაჭრილს, თუ გადავრჩით, ულვაშს გავპარსავ! ჯერ თრიალეთური ლანდები ვართ, ხვალ, ან გმირები ვიქნებით, ან განგმირულნი.

ყველამ ულვაშებზე გადაისვა ხელი. ნისლში მეტი არცა ჩანდა რა...

ზარადებიც ჩამოუშვეს და დაოთხვით მავალი ცხენოსნები მოიჭრნენ შავმთების მხრიდან...

- მოდიან! – ნისლის გადაყრამდე აქ იქნებიან! – შავ ძახილად გაისმოდა მათი გაბმული ხმა-ძახილი.

- შუბის ტარზეა ბრძოლა! დროზე ადრე არამც და არამც არ გამოუჩნდეთ! ბრძოლას ჩემი ნიშანი იწყებს! მე – სანიშნო მთაზე – სათოვლეზე ვარ.

* * *

მტერი დიოდა და დიოდა. პირველად მზვერავი ცხენოსნები ამოვიდნენ. არსად არავინ არ ჩანდა. ყველაფრის ჭაჭანება იყო გამწყდარი... არც ცხვრის ფარა, არც საქონელი... ერთი-ორი მოწანწალე ძაღლი გალანდეს. სერებზე თივის ბულულები მოყანდა. ერთი აშალეს კიდევაც, შესამოწმებლად. თივა არცთუ დიდად, მაგრამ დამორგვილად, ჯაჭვებით იყო შეკრული...

- დახე! ამ ქვეყანაში ძაღლები აუშვიათ და თივა ჯაჭვით დაუბამთ!

დავაკებაში საბანაკო ადგილი მოზვერეს, უკანაც აფრინეს მაცნე. მყისვე ცხენოსანთა დიდი, ჭრელა-ჭრელა ლაშქარი ამოძუნძულდა. ახლა შერეული მხედარ-ქვეითნი, დროშებითა და ჩალმებით გაწყობილნი, ამოგორდნენ, ამოივაკეს. მერმე აქლემოსანთა დიდი სპა, გრძელ შუბებითა და დიდრონ ფარებით, უცნაურ ხატოვანებით გამოჩნდნენ. მათი კუზი და თავი აირია უკვე შეთხელებულ ბურუსში. მოისარნი თითქოს ბალახივით ამოიზარდნენ. საცდელად, აქეთ-იქით, ხევებში ისპრებს სტყორცნიდნენ... ზოგმა უკვე დაბანაკება იწყო. ლაღად, უშიშრად ვიდოდნენ მძიმე აბჯროსნები. ჩაჟანგებული რკინის ლაშქარი, გაუთავებელ ურჩხულივით, ნამიან ბალახზე შავად მოღოღავდა და თითქოს მიწას ჭამდა. გავასქელ ცხენებს, გრძელი, ჩასალტული თოქალთოები მუხლებამდე სწვდებოდათ... ნისლში სპილოებს უფრო ამსგავსებდა. კოხტა არაბულა ცხენებიც მოჯარდნენ. ზედ მორთულ-შემკული მხედრები ისხდნენ. მზეშეპარულ ნისლში ბზინავდა მათი აბზინდები და საჭურველი. მათივე უთავბოლო აღალი ახლდათ. ასურულ ჯორებს ჭედური სკივრები, ფილაკვანები, ხალთა-გვაბანაკები მრავლად ეკიდათ.

ბანაკი ივსებოდა, იბერებოდა... მალე ვაკემ ვეღარ დაიტია, ახლა კალთებს შეეკიდა ბანაკის ზღვარი, გაჩნდნენ მდიდრული კარვები და სარა-ფარდები, საჩრდილობლები და შუთა სამკუთხედები... აიბურძგნა მთელი მიდამო... ნისლი კი გაიკრიფა, მაგრამ თითქოს მოძრავი ეკალ-ბარდი მოედო დიდგორის კალთებს.

სანიშნე მთიდან უმზერდა დავითი და თვალსა და გუმანს სწორვარაუდს აღებინებდა. დროშებითა და იარაღით საზღვრავდა ლაშქარს.

- ხალიფას დიდი, მწვანე დროშა, მეორეც, სრულიად მწვანე, მაჰმუდ სულთნისა, თუ მისი ძისა მალიქ-ტოღრილისა, სათხედიიანი ლაშქარი მცველად?! ეს კი – დურბეიხ მეფის, არაბთა დიდი დროშა, მწვანე ნარევი შავხავერდა... მძიმე და მსუბუქი აბჯროსნებით... ელღაზ-სპასალარის ალამი ღოჯა მთვარე!.. ესენი კი ათაბაგთა, ამირათა... სელჯუკთ მრავალ ხელისუფალთა... – კიდევ მოდიან? – ნათქვამი ხმამაღლა მოუვიდა მეფეს.

- კიდევ მოდიან! სულ მოდიან! დიდგორი ვეღარ იტევს მოსულთ! – შიშნაკრავად შესჩურჩულეს აქეთ-იქიდან.

დავითი მობრუნდა, თვალი გადაავლო შემკრთალად განაბულ ლაშქარს. გულთმისანმა შეუმცდარად იგრძნო მათი თვალფათერაკი... ყველა თავის ჩონჩხს ჰხედავდა მტრის ბანაკში. ლაშქარს ვარაუდების სიღარიბე დაუწუნა მებრძოლმა მეფემ...

- ახლა უკვე... რაც უფრო მეტია – მით უმჯობესი!.. – ჭაღარა მებრძოლს მიმართა: - შენ რაღას იტყვი, არჯევან – “ახალგაზრდა ბერიკაცო”?

- იმას ვიტყვი, რომ მაგათ წყალი დააკლდებათ და ხეკორძულას მაინც გამონახავენ!

- შენ პირს შაქარი! – გაიბადრა დავითი. – მიჩუქნია არაბთა მეფის ცხენი!

ფარულ ლაშქარში სიცილი ხვლიკივით გაძვრა, სულისკვეთებაც გამოასწორა.

... დაღამებამდე ერთხელ კიდევ შეამჩნიეს ბანაკის გარე მოძრაობა. გუდებიანი მეაღალენი ხეკორძულას ხეობისაკენ გაეშურნენ, მაგრამ შუბოსნებმა არვინ გაუშვეს, - როგორ ფრთხილობენ?! არც ცეცხლს ანთებენ, არც წყალზე ჩაუშვეს! დღეს არც საზვერავს გაუშვებენ შორს! – დავითმა ნაბადი მოიხურა, გუშაგების გარდა ყველა დასაძინებლად დაითხოვა და თავადაც იქვე, ქვის ძირას მიწვა... ჩუმად ამბრია და არჯევანი ღამის მზვერავებად მტრის ბანაკში გაუშვა, თავად კი შავ ნაბადისქვეშ თეთრად და ფიქრად გაათენა... ბრძოლის წინასწარი ნათარგი, ჭადრაკივით გაითამაშა... მაგრამ ვარაუდი ერთი იყო და ომის ჩამოდუღება მეორე!

...მერმე ჩვეული წიგნი დაისაკლისა... ჩუმად ითხოვა, “ქართლის ცხოვრება” მოართვა საბა-ბერმა, მაგრამ სანთელი არ აუნთო...

- უბრძანო არს... შუქი და კარავი! – თითქოს ნიშნი მოუგო მბრძანებელს!

დავითს უფრო აელესა გულ-ფიქრი... წიგნი თავქვეშ ამოიდო და “ზეპირად” ჰფურცლა-იკითხა!.. ჰფურცლა-იკითხა!

* * *

გათენებისას, დიდგორის არეში, მამალმა იყივლა... სოფლელები არ იყვნენ, თორემ მამლები და ძაღლები სოფელში დარჩნენ.

სულ მალე ამბრია და არჯევანი მოცოცდნენ, გვერდში მოუწვნენ მეფეს...

- დღეს ზვერვის დღე აქვთ... არ ჩქარობენ!

- ჯერ ვერ გარკვეულა – სად ვართ “მასპინძლები”...

- ამ უთენია, სამი დიდი გუნდი ფეხათრევით დაიძრა... ერთი ნიჩბისის გზით, მეორე ლელობისაკენ, იქნებ აქეთ სავალად... მესამე კი ხეკორძულას ხეობის თავთან დადგა!

- წყალიც აკლიათ და საერთოდ... ჰაი დედასა! სიზმარ-ცხადად არიან!

- უნდა ავურიოთ თავ-გზა, ვიდრე გარკვეულან! – ნაბდიანად წამოჯდა დავითი. – ციცია კავთელი! სად არიან შენი გმირები?!

ახლო წოლილი ციცია მუხლებზე წამოდგა...

- აქვე გახლავან საფარში! ყველანი ეზიარნენ საბასთან... ყივჩაღებიც კი!

დავითს თვალწინ წარმოუდგა მთელი თავისი დაქსაქსული ლაშქარი, ზოგი კლდეზე, ზოგი ხევში, ზოგი სერებს უკან... ყველა თავშიშველი დგას შეაბჯრული ბერების წინაშე და ზიარებას იღებს... ყველას დიდგორის მიწის თითო მუჭი აქვს ხელში!

- შენც ეზიარე, ციციავ?

- მეც... ბატონო! ჩვენი გუნდის ბრძოლა, მოგეხსენებათ, თავიდანვე განწირულია!

- საანდერძო დროც აღარ დაგვრჩა! – დიდი მკლავები დოინჯად შემოიყარა და თვალები ჩააპაჭუნა. – თუ გული გულობს, თავდადებაც ფლავის ჭამაა! აი ჩემი ანდერძი!

- ანდერძი?!. უზიარები მე დავრჩი მხოლოდ! – ყრუდ ჩაიდუდუნა მეფემ.

- მეფეს რად გსურს ზიარება, აღსარებას მაინც არ იტყვი! მე კი ზიარებამდე და მის შემდეგაც ხმალალალი და ენამაკვილაკი ვარ!

გულში მეფეს შაშრად მოხდა, მართლა განწირულ მებრძოლთ მოთავის შავი ოხუნჯობა... თითქოს ჩონჩხი ელაპარაკებოდა უკვე დაჩონჩხილ მეფეს...

“ჩანს, ასეთ ბრძოლაში, ჯერ “ჩონჩხის თვალფათერაკს” უნდა აჯობო, მერმე მტერს!” – ფიქრობდა დავითი. მძიმედ, გულისხმიანად შეეკითხა ციციას:

- შენ რომელი უფრო გწადს – ჩემი აღსარება თუ ზიარება?

- გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება, უკვდავო მეფევ! ყველა გაგვგზავნე სასიკვდილოდ, გაგვწირე... ოღონდ შენი თავიც არ დაინდო გამარჯვებისთვის, თუ არ გინდა დაღუპულთა წყევლა და კრულვა!.. ერთიც – დიდგორის ობლები უპატრონოდ ნუ დაგრჩებიან!

- შენ უკვე გაგიმარჯვია, კავთელო!

...და სულ მალე ორასი მეომარი მოცოცდა დავითთან და ირგვლივ ჩაჯდა.

- დიდგორის ვმებო! თქვენ იწყებთ ბრძოლას... თქვენს შორის ხუთი ფრანგია-ჯვაროსანი, ხუთი ალანი, ათი ყივჩაღი... დანარჩენი სხვადასხვა კუთხის ქართველები ხართ, რჩეულთ რჩეულნი! ხომ იცით, რას ნიშნავს ასეთ ომში – პირველი მისვლა?! – დავითმა თვალი მოავლო ყველას, მერმე ციცია კავთელს მოუბრუნდა: - ყივჩაღური ქეჩის ჩული ყველას ჩამოურიგე, მოკლეფეხა ყივჩაღური ცხენები ხომ ჰყავთ?! ახლავე ორას დიდგორელის წოდებასა და სახელს გიბოძებთ! ყივჩაღურად იძახეთ ჩემი ლანძღვა! აბა, რომელი უფრო მაგრად შემაგინებს! მშვილდები, ნიშნად მშვიდობისა, მაღლა ასწიეთ! ბანაკში შედით... მერმე თქვენმა ვაჟკაცობამ, ხმალმა და ციციამ იცით!

* * *

გათენებისას, მოკლე ბჭობა ჰქონდათ ბანაკში. ერთ ოქრომკედულ კარავში შეიყარნენ ოქროჭედილ სალმანსურში მჯდარი მეფე არაბთა დებზეიზ სადაყისძე თავმომწონე სულთანი მალიქ-ტოღრილი, შავ ზარნიშიან ზეიდალში გამოწკეპილი... მათ შემოსდგომოდნენ ნატიფად აღკაზმული ათაბაგები და ამირები.

კარვის კალთის შემოფრიალებით შემოვიდა საერთო სპასალარი ელღაზ ძე არდუხისი, ბრგე და შემძლე ვაჟკაცი, ჭრემმდიდრად და ოდნავ დაუდევრად მორთულ-მოჭედილი. – მიკვირს, რატომ არავინ არ ჩანს? დავით “ტყის მეფე” არც ისეთი მიამიტია, რომ ჩვენი მოსვლა არ იცოდეს!

- მერმე სად არის შენი “ტყის მეფე”?! – გაუკენწლა დურბეიზ!მეფემ. იგი ვერ ურიგდებოდა სხვის მოთავეობას.

- გამოჩნდება სადმე... უდროო დროს! ავხიფათა კაცია!

- მაშ რას გვირჩევ?.. რასა?! – ძლივს ითმენდა მალიქ-ტოღრილიც.

- ერთი დღე შევიცადოთ... დავზვეროთ ირგვლივ სავალი... გავიგოთ სად არიან... იქნებ თავს დავუაროთ??! მერმე დავადგეთ ერთ გზას – ძირითადს, დანარჩენებზე კი დიდი მარბიელი გავუშვათ. მადლობა ალაჰს ლაშქარი არ გვაკლია!

- პირიქით – ტევა აღარსად არის! აქ რომ მოგვწვდეს, დიდ ზარალს ვნახავთ! – აროხროხდა ალაბელი ამირა. – დავითი განა მარტო “ტყის მეფეა” – “მთის მეფეც” არის!

ამ კლდეებსა და ხევებს გაგვაცილეთ... წყალიც ასვით ლაშქარს!

ელღაზი დააფიქრა ალაბელის სიტყვამ.

- არა, დავითის დიდი ლაშქარი ტფილისისაკენ მიდის... აქეთ რომც მოგვისწროს, ბევრს ვეღარ ამოიყვანს...

- რა სთქვეს ეტიკებმა?.. მეგზურებმა რა სთქვეს? – ახმიანდნენ ამირები. – წყალი მაინც ვიპოვნოთ... ერთი-ორი გუბე რას ეყოფოდა ამხელა ბანაკს?

- ეტიკებმა სთქვეს – აქ დიდი გზა ნიჩბისზე ყოფილა, მაგრამ გრძელი... უმოკლესი ორი გზაა – ხევ-ხევ და მთა-მთა...

- ცხენოსნები და აქლემოსნები დიდ გზაზე გავგზავნოთ, ქვეითნი და შერეულნი – ხევითა და მთით! – დაასკვნა დურბეიზმა. ყველა დაეთანხმა.

- ოღონდ ერთი დღე დაზვერვისათვის! – ბოლო მოაბა ელღაზმა, - წყალიც დავძებნოთ, მაგრამ ფრთხილად!.

გარედან ხმაური მოისმა... ძახილიც... მერმე მზვერავიც შემოვარდა, მოახსენა:

- გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ!

- ბევრი არიან?

- არა, ორნი!..

- ორნი?! მზვერავებია, ალბათ...

- არა, სოფლის ღია ბჭესთან სხედან...

- რას აკეთებენ? – შეეკითხნენ თითქმის ერთობლივ.

- მღერიან... უკრავენ ფანდურს... ცეკვავენ... ერთი ქალია, ვგონებ!

- მღერიან? ერთი ქალია? – ჩაფიქრა ელღაზი. – ქართველებს ერიდეთ, მაშინაც, როდესაც მღერიან! ცეკვა კი!.. მაგათი ცეკვა – უკვე ომია!

* * *

ელღაზ სპასალარი თავად წაჰყვა მზვერავებს. შორიახლოდან მიაყურადეს. არც საფარი იყო, არც ნისლი. არ შეეძლოთ, მოსულნი არ დაენახათ... აინუნშიაც არ ჩაუგდიათ, ლექსსა და ლაღობას თითქოს უმატეს კიდევაც...

- ენის მცოდნე! – მოითხოვა ელღაზმა და გვერდში ტფილისს ნამყოფი არაბი ამოიყენა.

კლდის თავზე კი, ღია ჭიშკართან, ფანდურზე იქარგებოდა აკვიატებული კილო...

- მოდი, თუ მოხვალ სტუმარო...

მობრძანდი სოფლის პირადა...

გუჯა ვარ, ცოტა ხუმარა,

ზღაპრებსა გეტყვი ხშირადა!..

მოენემ გადაუთარგმნა და ისევ სმენად იქცა. განცვიფრებული ელღაზი არც ყურს უღერებდა, არც თარგრმანს... დაბეჯითებით ადევნებდა თვალს გარემოს. გამოცდილ სმენას არც ის გამოჰპარვია, რომ სოფლის მხრიდან ძაღლების ღრენა-ყეფა ისმოდა... მამლის ყივილიც ახსოვდა დაკვირვებულ სპასალარს... ეს ყოველივე არაერთხელ სმენია დასალაშქრავ სოფლის პირას, მაგრამ ტაშფანდურა?! ისიც გურჯი მთაში? ეს პირველიც იყო და დაუჯერებელიც...

- იწვიეთ მეფენი და ათაბაგნი! – კაცი აფრინა სპასალარმა.

ტაშფანდურა კი გრძელდებოდა... თანაც აბეშურა ჩუმად ამხნევებდა გუჯას:

- არ შეშინდე, ბიჭო... კილოს ნუ კვეცავ...

- არა, გოგო... შენთან სიკვდილისაც არ მაშინია... მე ის მადარდებს, რა გამოისრავს ამდენ მტარვალს? – თან ისეთი სიყვარულით შეჰხედა აბეშურას, რომ გოგოსაც მოჰგვარა სიწითლე.

- იჰ, განა მარტო ჩვენა და დავით მეფეა საქართველოში.. ერია, ერი! აი ნახავ!

- არა, ჩემდა-წილად რამდენია მ აინც? – ვაჟი ისევ აბეშურას შეაჩერდა.

- შენ გასაწყვეტს ჰკითხულობ, ბიჭო? – ეჭვი აიღო მოხიბლულმა გოგომ.

- არა, გასაჩენს?! შენ აღარა სთქვი!.. გასაწყვეტი კი ვიცი, რამდენი ისარიც მიბოძა მეფემ!.. თან “ნაპერწკალა” ხმები გააღებინა ფანდურს.

- რა დროს ეგ არის, ციმფიავ?! ომია, ომი!

- ეჰ, ჩვენში ომ-სიყვარული ვერც მორიგდა, ვერც გარიგდა! შენი თავი არ მომტაცონ?! – მერმე გაჰხედა ახალმოსულთ... დიდკაცობა მომდგარიყო და შორიახლოდან უსმენდა... გუჯამ იგრძნო, რომ მტრის ლაშქრის “დიდბობოლები” აქ იყვნენ და სულ “დაფანდურდა”...

სალხენი ნაირ-ნაირი...

ღია გვაქვს ქვეყნის კარები...

დაჩუქურთმებულ შაირით,

შემოსვლას გემუდარებით!..

მოენემ ესეც გადაუთარგმნა ყველას, თუმცა “დაჩუქურთმებულმა შაირმა” დიდ გაჭირვებაში ჩააგდო.

- ღია გვაქვს ქვეყნის კარებიო?! – იკითხა დურბეიზ-მეფემ, ის ცოტა “გაუწყობელი” იყო ლექსთან. მალიქ-ტოღრილს კი ქალი მოეწონა, წინ გაიწია...

- მივალ და ვნახავ!.. ჩემი ტყვე იყოს!

- ფანდია, რაღაც ფანდი “ტყის მეფისა”! არსად წახვიდეთ! მთა-მთა სავალი არ ვარგა – იქ არის ჩასაფრებული მეფე!

სოფლის კართან კი ახალი კილო გაჩნდა...

- დიდგორკული ტაშფანდურა! – ხელები გაშალა და მოხდენილად ჩამოუარა ქალმა.

- ახალგაზრდა ქალია! – სულ გაფაციცდა მალიქ-ტოღრილი. – უჩადრო და უჩრდილო გურჯი-ხათუნ!

- ან დიდი გმირობით მოსდით, ან დიდი სირეგვნითა და სიმხდალით! ალაჰს ვფიცავ!.. ერთი მოივანეთ! – ბრძანა სპასალარმა.

ხუთიოდ მოისარი გაწინაურდა.

- მოდიან! – წასჩურჩულა აბეშურამ და უფრო დაუარა.

- დოქების დროა! – გუჯამ მიაწოდა კიდევაც. ქალმა გამოჩენილად მაღლა ასწია და გადმოაბრუნა, წყალი დაჰღვარა... თითქოს მოსულთ დაანახვა და მოაწყურა...

ვაჟმა ახალი ლექსი უკვე სხაპასხუპით წამოიწყო:

დიდგორის მზესთან სიწყნარე –

დავთქვი და ამისრულაო...

ნეტავი რამ მოგვაწყურა –

წყარო გვაქვს – ხეკორძულაო!..

ორივემ დაავლეს ხელი ეჟვნებსა და სარაკუნეებს, ერთად რაც ძალა და ღონე ჰქონდათ შეაჩხრიალეს... სოფლიდან ისე გუნდად შეკიდებული ყეფა მოისმა, რომ “ბობოლათა დასი” შეკრთა.

- აკი ვამბობდი! – ხელი ააბრახუნა სპასალარმა, თან მოისართ შეუძახა: - არ გაუშვათ! მაგათ “ლექსად” ვათქმევინებ ყველაფერს!

... მაგრამ ერთი სწრაფი ამბავიც მოხდა... ქალი გაიქცა სოფლისაკენ, ხოლო “მუდარა მასპინძელმა” მშვილდი აიტაცა და საისრე მანძილზე მოსულთ ერთი და ორი ისარი ზედიზად სტყორცნა, ორი მტერი იქვე ჩაკეცა... მერმე ისიც გაიქცა სოფლისაკენ...

ნაგაზები აუშვეს და მოკლეზე ხეობისაკენ ჩაუხვიეს. მდევრებმა შორიდან ისრები დააყარეს, უწვდინეს, მაგრამ ვერას გახდნენ ჯაჭვის ფარულ პერანგოსნებთან.

- ეს მაინც გავიგეთ – წყალი ყოფილა ხეობაში! ჩავალთ, წყალს ამოვიტანთ... დავზვერავთ კიდეც! – “ბობოლათა დასს” შეჰბედა მზვერავთთავმა, მაგრამ ვიდრე პასუხს მიიღებდა, ძაღლები ღრიანცელითა და ჯაჭვების თრევით გორაზე შევარდნენ... დიდგორს გაედო ჯაჭვის ჩხრიალი და გაავებული ყეფა.

- არა, გორ-გორ გზა შეკრულია. იქით არ წავალთ! – საბოლოოდ გადაწყვიტა სპასალარმა.

- მაშ, ხევში?! წყალი მაინც სწყურია ლაშქარს! – შეესიტყვნენ ბობოლაკაცები.

- არა, არც ხევში... გული მიგრძნობს – საგორავები ექნებათ სადმე!..

მზვერავები მობრუნდნენ, ხევიდან “ბობოლათა დასს” ცივი წყალი მოართვეს.

- “ცხელი ამბავი” სჯობდა! – გაწყრა ელღაზი.

- უკვალოდ გაჰქრნენ! ხევი თავისუფალია! ღრმა, მაგრამ საკმაო კარგი სავალი!

- არა, არ წავალთ! – გაჯიქდა სპასალარი. – თქვენ არ იცნობთ გურჯებს! ნახევ ქალი!...

... ზედაც სხვა ამბავი დატრიალდა...

- გურჯი ცხენოსნები! იერიში! – გაისმა ძახილი და ბუკ-საყვირის ხმა. ბანაკში ჩოჩქოლი ჩავარდა. “ბობოლათა დასიც” სწრაფად გაბრუნდა, ლაშქარს მიაშურა.

ყველამ დაინახა, ორასიოდ ცხენოსანი მართლაც მოჰქროდა ბანაკისაკენ... როგორღაც ჯგროდ მოაჭენებდნენ პაწაწკინტელა, გრძელფაფარა ცხენებს...

- ეს რაღაა? რა იერიში? – გაწყრა დურბეიზ-არაბი.

- ყივჩაღები არიან! ვცნობ მაგათ!.. მაგრამ ასე ცოტა?! თუ გამოექცნენ გურჯი მეფეს?! – ივარაუდა სპასალარმა.

- მშვილდებიც მაღლა აუწევიათ! ნამდვილია! მოუშვით... ვნახოთ! – თავის მეწინავეთ გასძახა მალიქ-ტოღრილმა.

“ყივჩაღებმა” კი ჩამოივაკეს თუ არა, ისრის ტყორცნის მანძილზე, სულ დაქვეითდნენ, თავიც ჩაჰხარეს... სულჯუკ-არაბულ ლაშქარში აღგზნებულმა ხარხარმა გადაიგრიალა, დაძაბულობა უცბად მოეშვა... ყველა ახლოსანახავად მიეტანა მოსულთ.

ისინი კი თავჩახრილად და მშვილდაღმართულად მოუძღოდნენ თავის ცხენებს. ბოლონი კოფლობდნენ კიდევაც... ერთი კი სულ მოითრევდა ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფეხს. წამოსხმული ქეჩის ჩულები სულ უკარგავდათ იერს.

უსაქმურა მობანაკეთა ბრბო მოეტანა მათ “გამარჯვებისა და კეთილმოალაფების პირველ მერცხლებს”.

ბანაკის სავალის მოისართა წყებამ დაუბრკოლებლად გაატარეს. არც მიჯნის შუბოსნებმა შეაფერხეს. მერმე კი მაწანწალა მოლაშქრეთა “აზელილი ცომი” უნებურად უფერხებდათ სავალს... და სწორედ აქ მოხდა სრული გაუგებრობა და უეცარი ფერისცვალება. “ყივჩაღებმა” ჩულები ერთბაშად თავზე გადააყარეს დამხვდურთ და თავ-აღმართული, მტკიცედ შეაბჯრული რაინდები – “პირველმერცხლები”, ხმალდახმალ ეკვეთნენ გარს შემოხვეულთ. შეიქნა უეცარი ყივილი და არევდარევა. ურთიერთ მინარცხებულთ ბრძოლაშიაც და გაქცევაშიაც ხელი შეეშალათ.

ზოგი გონს რომ მოეგო, მოსულნი უკვე ცხენებზე ისხდნენ და მიწყობილად ჰკაფავდნენ “ხორცის რკალს”, მდიდრული კარვებისაკენ სვრელი გაჰქონდათ. ბანაკში დიდი ალიაქოთი და აღრეულობა ჩავარდა. ორასი დიდგორელი კი აშლილ ლაშქარს ცომივით ჭრიდა... კარვებთან დროშები დაბალთეს, კალობრძოლა დაატრიალეს, ბზრიალებივით ბრუნავდნენ, შიშსა და სიკვდილს სთესავდნენ... ვიდრე ელღახმა მარცხენა ფრთა არ შემოაბრუნა, ვერ აღადგინა შეწყობილი ბრძოლა.

ქართველებიც სწორედ ამას ელოდნენ, თითქოს მიწიდან სოკოებად ამოიზარდნენ, ხეობებიდან ამოდუღდნენ... სერ-სერ, ჯიქურიერიშზე წამოვიდნენ, შემობრუნებულ ფრთას ეძგერნენ. სულ გადათელეს მარცხენა ფრთა.

ახლა სამხრეთ ხეობიდან, ტყის ამოღწეულ კენწეროთა ვარჯიდან ისრების მოულოდნელი სეტყვა წამოვიდა, ბანაკს მოსწვდა...

ისევ ელღაზ სპასალარმა იხსნა ბანაკი. ასე ერთ ლანდზე მოვარდნილ ქარბუქს მედგრობა და შეუპოვრობა დაახვედრა.

- იერიშის ხმა!.. ყველა ერთად!

ახმიანდნენ მივიწყებული ბუკები და ნაღარები. ერთიანი დიდი რიხი შეიქმნა. მერმე რუმელი და ბაღდადელი მძიმე აბჯროსნები მიუშვა...

- აჩეხეთ, ვინც ფეხში გედებათ! ვინც გარბის ჩვენიანი!.. გურჯებს მისწვდით!

ახლა კი შეტორტმანდა მთელი ბანაკი, ბევრი ჩაწვა მებრძოლ წყებათა შუა. გვამებით დაიზვინა ბალახოვანი კალთები. გადათელილებს ახალი ლაშქარი ენაცვლებოდა.

მელიქ-ტოღრილმა ნაჯახიანი გუნდი შეუსია ხევსა და ტყისპირებს... დიდ მსხვერპლის ფასად – ხეები ააჭრევინა.

ახლა გასწვრივ გაჰკრეს ქართველებმა, ვიწროდ დაჯორგილ შემოსეულთა ლაშქარს... მოკლულთა გარდა, უამრავი დაჭრილ-დაკოდილი გაჩნდა ბრძოლის აშლილ ლარით შემოფარგლულ ბანაკში. ისედაც ნათმენი წყურვილი ჩავარდა ყველას გულში. წყურვილისთანა გადამდები კი არაფერია. იქნებ მხოლდოდ შიში?! სისხლსა და წყალს ერთი ფასი დაედო... მერმა წყალმა აჯობა... რადგან სისხლი იყო, წყალი კი არა! ახლა შიში ჯღიბასავით ჩაჯდა ჯაჭვის პერანგში, დაიწყო უჩვეულო ზრდა.

ხმლის მოულოდნელ ჩახაჩუხში, შუბთა სულ უეცარ ძგერებაში, წამდაუწუმი განგაშში, ფეთებაში და წყულვილში ჩააღამდა ერთმორწმუნე, მაგრამ მრავალენოვან სელჯუკ-არაბულ ბანაკს...

ახლა ღამეში იყო სულ გაურკვევი ბრძოლა. მთვარეს ისევ ამოჰყვა დიდი ხმალი და დაშნა. ბუბუნებდა ჩაბინდებული კლდე და მიწა. მერმე შემპარავი, ჩუმი ბრძოლა გამძვინვარდა... ლანდები ებრძოდნენ ლანდებს. ხმაც გავრცელდა, თითქოს ბანაკში “ორას მოკლულ თუ მოუკლავ დიდგორელს ახლა ოთხასი შეემატა და ჰკლავენ ყველას, ვისაც წაახელებენ.

კიდევ ერთი “დავითის ხერხი” ნაშუაღამევს, მთვარე რომ თრიალეთს გადააგორდა, მერმე გამოირკვა... მაღლა სერებზე თივის ბულულები უეცრად ალით აიქოყრნენ და ამოძრავდნენ... მალევე შეგნიასებულ ბანაკში ვეება ცეცხლის მორგვებად შეგორდნენ... დაცეცხლეს და დაშიშეს ყველა... თითო ანთებული ბულული, გრძელსაბლით, თითო დაფეთებულ ცხენს ება და ბანაკისაკენ დეგეზებული მოჰქროდა... ზოგს შუბოსანი მხედარი აჯდა, ბანაკშიც შეჰყვა და მისტიური გზნება კვინიხამდე გაამახვილა...

ახლა კი დურბეიზ-არაბმა იმარჯვა, გრძელი შუბი დაახვედრა ერთ-ერთ ცხენს, ზედ წამოაგო, დაამხო და ლაშქარს შესძახა...

- ცხენებს ესროლეთ! ჰკარით!.. ცხენებს! – თავად კი მეაბჯრის მოწოდებული გრძელ ბოძალით ცეცხლიანი ბულული მაღლა აიტაცა და უფრო გაირიხა ხმა:

- ვისაც თვალს არ გიჭრით... მომყევით, გზას გაგინათებთ!.. მტერი აქეთ აარის! – გაქცეულები შეაჩერა, გამოაბრუნა, ახალი სპა მოაშველა და ბანაკის შუაგულში მდგომარეობა აღადგინა.

გათენებისას ორივე მხარემ სული მოითქვა. ქართველები ირგვლივ ახლო სერებზე, უკვე ღიად, საბრძოლოდ ეწყობოდნენ. დასავლეთ ხეობებიდან ქვეითნი ამოსულიყვნენ, სამხრეთიდან ცხენოსნები ჩამომდგარიყვნენ.

აღმოსავლეთით არაბთა და სელჯუკთა მობრუნებული თუ შეყოვნებული სპა მოიჩქაროდა. ბანაკშიც დიდი გადაჯგუფება-გადმოჯგუფება იყო, ხანდაკების თხრა, ქვაყრილთა თუ ყორეთა დაგვიანებული შენება, ახალი ბრძოლისათვის მზადება...

მხოლოდ ჩრდილოეთით, ხეობაც და ქედიც, სულ უკაცრიელი იყო.

- ჩვენი გზაც აქეთ არის!... და რაც უფრო მალე გავაღწევთ ამ მთას, მით უმჯობესი! – კბილებში სცრიდა მალიქ-ტოღრილი, - აქ ვერც გავიშლებით, ვერც ბრძოლად თუ დევნად გავყვებით იმ ჯამბაზებს! ხედავ როგორ გვათამაშებენ! – დამწვარ კარვისპირს ფეხს დაღლილად და გაბრაზებულად სცემდა...

- იქით უარესია! არც მთა-მთა წავალ, არც ხევში ჩავალ! ვერ მომატყუებს ცბიერი! – უძილობისაგან ჩაწითლებულ თვალებს აბრიალებდა ელღაზ სპასალარი. – მთელი ღამე “ცეცხლის ბულულების” მეფე იყო, დღე “საგორავებისა და ჩახერგილების” მეფე იქნება ყველაზე ვიწრო ადგილზე, როგორ მოგვისწრო?! დიდი ოსტატია! აფსუს... რატომ მაჰმადი არ სწამს! მთელ ქვეყანას დაგვიპყრობდა ეს ვერაგი გიაური!

ყველა გაბუსუნებული უსმენდა სპასალარს. მეფესა და სულთანს კი აპრეხილი ჰქონდათ ტუჩები... დავით მეფის თუნდაც ასეთი ღვარძლიანი ქება საერთო სპასალარისაგან მათ თავის ძაგებად გამოესმოდათ.

- ახლა რაღა ვაკეთოთ?! ახლა?! – ჩახრინწული ხმით აჩურჩულდნენ ამირები და ათაბაგები, - გადავჭრათ დავა! უწყლოდ ვეღარ გასვლებს ლაშქარი! ზარალიც დიდი გვაქვს! აქ სიმრავლის უპირატესობას აშკარად ვკარგავთ!

ყველა საერთო სპასალარს მიაჩერდა...

- მე ხაფანგში არ გავყოფ თავსა!.. უმჯობესია მოვბრუნდები და ტფილისზე გავალ, იქიდან ვდიოთ დავითს! უკვე ცხადია, რომ გზას ვერ ვუჭრით... იმან მოგვიჭრა!.. სიმრავლე უნდა შევინახოთ და გამოვიყენოთ!

უკანასკნელი აზრი ყველამ გაიზიარა... დურბეიზ-არაბმაც...

- ჯერ შიში მივცეთ სიმრავლისა! იქნებ დასავლეთის გზა მაინც დასთმონ?! თორემ უკან დახევით შემოვლა დროსა და ლაშქარს გამოგვიჭამს... სულ თავის ჭკუაზე გვაომებენ! ერთი ჩვენც ვაიძულოთ საცდელი ბრძოლა! მერმე ვნახოთ...

მთელი ლაშქარი შეამზადეს... და უეცრად დიდგორზე გაუგონარი ღრიანცელი ადგა. რამოდენიმე ასი ათასი მებრძოლი იარაღს აჟღარუნებდა და ღრიალებდა. ცხენთა ჭიხვინი, თურქთა დოლების დგანდგარი, ღოროტოტოთა და ნაღარათა ხმა, ნაერთი გრგვინვა იდგა ქედად, არა დიდგორი... გაფრთხნენ ლაშქარს მოყოლილი ყვავ-ყორნები, გადაიხვეწნენ თრიალეთის ძერები და არწივები... მიწისძვრას უდრიდა – ხმის არნახული ძვრა!

შეძრწუნებული “მასპინძლები” იდგნენ სერებზე და უნებური კანკალი ეუფლებოდათ. ხმლისაგან ფარი იცავდა მებრძოლს, არა ხმისაგან! ყურის აპკებს კი არ ჰქონდათ საფარი!

დავითი, თავის ჩრდილო სამალავში, კლდეზე გაწოლილი უსმენდა მტრის გახელებულ ღმუილს და თითქოს ბნელი უფსკრულეთის ხმა ეძალებოდა... ეს ვერ გაეგო – განვლილ საუკუნეთა მეხი იყო ერთად ამდგარი, თუ ერის მომავალი ბედისწერისა?!

დრო მძიმედ ვიდოდა... მტერი არ იძროდა, ადგილზევე ბორგავდა და ღმუოდა... გამომწვევად.ნ.. ხმააღრეულად... თითქოს ბაქია გამარჯვებას ზეიმობდა... მგალობელ ერისათვის ეს აუტანელი იყო. ქართველებს არ სჩვეოდათ ასეთი ომი!

დავითის გამოცდილი თვალი გრძნობდა ამას... ისიც იცოდა, რომ “ფანდურის ფანდმა” გასჭრა, გორ-გორ აღარ წამოვლენ სელჯუკნი, მაგრამ აღარც ხევ-ხევ ჩადიან?!

მაშ დემეტრეს ლაშქარს დაადგება მძიმე დღე... ან თუ გაბედეს და მოახერხეს უკან გაბრუნება, ტფილისით? სულ შემოუვლიან დიდგორს! მერმე რაღას გახდება ამ ზღვა ლაშქართან?!. ეს “ღრიალი” სულ “გააჩუმებს” ქართულ სიტყვას!

- უნდა ვიღონოთ რამე! თუნდაც დიდსახიფათო!.. ხევში უნდა ჩავიტყუო “მოღრიალენი”. იქ “ჩემი სიყუმეა”! ეს იქნება ჩემი აღსარებაც და თავგანწირული ცდაც! იქნებ სიჩუმემ აჯობოს ღრიალს, წარყვნას სიტყვისას!

... დიდხანს, დიდხანს, ამ ღრიალში თავს ედავა დავითი და ბოლოს ისევ ღრიალმა გამოაფხიზლა... დიდგორისა და ნიჩბურას სერებზე თავისი ლაშქრის მოძრაობა შენიშნა... წინ ცხენზე დემეტრე უფლისწული დაინახა... გადამწყვეტ ბრძოლაში ჩასვლას აპირებდა ლაშქარი, ვიდრე შემზარავობა – ზარდაცემაში გადავიდოდა.

- აი რა შესძლებია ღმუილს?! – წამოიძახა და წამოდგა, წამოიმართა... მთელი თავისი სიმაღლე და მეფური აღჭურვილობა გამოაჩინა.

- ნიშანი ახალი იერიშისა! კვამლი და დროშა!

ჩრდილოეთიდან მეფის ლაშქარი აიშალა, ყველასათვის უეცრად თავს წაადგა მტრის ბანაკს. ღრიალმა უფრო იმატა. ახლა აქეთაც დაეწყო მტერი... იყო ზღვა ზუჩებისა, იარაღისა... ხმისა...

დავითმა გაარიგა ბრძოლა და მძიმედ დაიძრა.

- ჩვენ დუმილით, უხმოდ მივიღეთ?! მხოლოდ გულისთქმითა და სულისკვეთებით!

ცოტა ირიბად დაჰყვნენ სერს, ხეკორძულას ხევის თავსაწყისს და მერმე ბანაკის კიდევ უპირდაპირეს...

დემეტრემ, ჩანს, გაუგო განზრახვა მამას და მანაც აქეთ დასძრა თავისი ლაშქარი... თითქოს ხევის სავალს ჰკრავდნენ ორივ მხრივ!

პირველი შეხლა საშინელი იყო. ღმუილს – ხრიალიც შეემატა, ცხენთა ბორგვა და რკინის ჯახანი. ბანაკს მოსწყდა გადათელილი კიდე.

ელღაზმა ოდნავ უკან დაჰხია თავისი ლაშქარი, მთის კალთა-ვაკეზე გამოიტყუა “ტყის მეფეც” და მისი “ბოკვერიც”. დიდ მსხვერპლს არ ჩიოდა, ლაშქარი კიდევ თავზე საყრელად ჰყავდა... “გამეჩხერება” იქნებ ერჩია კიდეც... მერმე მოაბრუნა თავისი “უმძიმესი” – ცხენოსნები და აქლემოსნები. მდევრად კი არაბულა ცხენოსანთა დიდი გუნდი და ფეხმარდი სივასელები შეამზადა...

ბრძოლა არნახულად გაშმაგდა, ერთიანად ჩაიხლართა... შესხეულდა და შესისხლხორცდა.

დურბეიზ-არაბმა მარჯვენა ფრთა გაშალა, ორდრიკალად იწყო დავითის ლაშქრის მოვლა. დავითმა ზუსტად მოზომა, მიუშვა, მერმე ჩაასწორა ბრძოლის ლარი. ზედ ხევის თავსაწყისთან, ცხარე დავლურში ამოიღო ხმა, დაჰკრა ყიჟინა...

დემეტრემ ესეც ინიშნა, უმალ გამოიკაფა, მამასთან გაჩნდა... თვალი შეასწრო ელღაზმა, შეუძახა სპას... ომმა სულ დორბლი მოიდო... ჩაიკლანჭა და ჩაიკვერა...

მამა-შვილმა კი თავისი ნაბრძოლი ხმლები ურთიერთის ფოლადს აალესეს და შეთათბირდნენ.

- შვილო, მომწონს შენი ილეთი და მიმხვდურობას გიქებ!.. ისევ ადი სერზე, კლდესავით დადექ!..

- შენ, მამავ?

- მე ხევში ჩავალ... მტერს ჩავიყოლებ... ისე არ ჩადის!

- ხეკორძულას?.. საგორავების მსხხვერპლად?

- ბრძოლით ჩავალ!.. საგორავები... მერმე შენ იცი!

- მაშინ მე ჩავალ... მამავ! ფეხით არის სავალი... მერმე...

- არა, შენ არ ჩაგყვება მტერი... სხვა რომ აღარა ვთქვათ რა!..

დემეტრე მიხვდა, მამის შემობრუნება შეუძლებელი იყო...

- მეც ჩამოგყვები... მაშინ უფრო ჩამოგყვებიან!.. სერის ლაშქარს აბუსერ-სპასალარს ვანდობ...

ელღაზმაცა და დურბეიზმაც მძვინვარე ძალით შემოუტიეს... დავისა და რჩევის დრო აღარ იყო.

- ანდე!.. ის შეგცვლის დრომდე! ჩქარა!

... მალე ისევ შეიცვალა უეცრად დატრიალებულ სასტიკი ბრძოლის სურათი.

დავითმა თავისი ლაშქარი მტერს მოსწყვიტა და ხევში ჩაიყვანა. სერის ლაშქარი უკვე აბუსერის მოთავეობით მძიმე ბრძოლითა და შემოტევა-უკან დახევით გორზე შემაღლდა. ხოლო დემეტრე უფლისწულმა, მონა-სპის გუნდით, ხევს ჭენებით მიაღწია და მტერს ჩაასწრო!

მდევარი კი ხევამდე მიჰყვა, მაგრამ შინ ჩასვლა, ელღაზის გაფრთხილებით, ვეღარ გაჰბედა.

დურბეიზ-მეფე პირველი მიიჭრა ხევთან... ელღაზ-სპასალარი ახმობინა.

- ტყის მეფე, თავის ლაშქრით, ხევში ჩავიდა!

- ლაშქარი დიახაც... გაქცეული... მაგრამ “საგორავების” მეფე?! არ იქნების ესე! არ დავიჯერებ! თავი თუ მოსჭრეს და საგორავი მოაბეს?! ერთ ლანდად მეც მომეჩვენა... მაგრამ სურვილსა და სინამდვილეს ჯერ კიდევ ვარჩევ!

- უფლისწულიც ჩაჰყვა... ჩემი თვალით ვნახე! – დაუმატა მოვარდნილმა მალიქ-ტოღრილმა. სხვა ათასმა დაუდასტურა... ამირებმაცა და მზვერავებმაც ალაჰი შეაჯერეს ფიცით.

- მაშინ ჩვენია გამარჯვება! ახლა ვუტირებ ყოფას! – ხედ-ხმალი აღმართა აღფრთოვანებულმა სპასალარმა, სალაღობოდაც მოიმართა. – ჩვენ გზაც იქით გვაქვს და დაღმართიც! სისხლი და წყალი ერთად გვწყურია... წყალიც იქ არის და საგორავიც იქით მიგორავს! შუბიც ზევიდან ქვევით უფრო გრძელია, ვიდრე ქვევიდან ზევით! – მერმე ფიცხელი ბრძანებები გასცა, ლაშქარი ახლებურად გაანაწილა. – გორზე არ გაჰყვეთ ქართველთ, კედლად დადექით – ვერ შემოგბედონ!.. ყველა ქვეითი ხევთან!.. ხმალი არ მინდა, არც სხვა იარაღი... წერაქვი! რკინის კეტები!.. ქვები მოარღვიეთ! მადლი ალაჰს! ეს “ქონება” აქ უთვალავია! მოზიდეთ, მოაგორეთ ხევის პირთან... თქვენც აქ დაჯგუფდით! – ბზრიალასავით დატრიალდა ტანადი და თეძომძიმე ელღაზ-სპასალარი, არაბულაც ციბრუტივით დაატრიალა.

სულ მალე ხევის პირისაკენ საგორავებს ათასები მოაგორებდნენ. მაღლიდან – ქვეითნი, ფუნაგორიებს დაემსგავსნენ... ქვევიდან კი არც ბანაკი ჩანდა და თავად ჩასულნიც გაუჩინარდნენ...

დავითმა ხევში, მარჯვნივ და მარცხნივ მომაღლო ნაპრალებს ააკრა ლაშქარი. ქვეითში მაშინვე ავიდნენ, ღელისპირა ხეების სიმაღლეზე, ამოეფარნენ კლდეებს, ცხენოსნებს უფრო გაუჭირდათ, ვიწრო და ღრმა ხეობაში ვერა და ვერ ნახეს თავშესაფარი. აღარც მდევარი ჩამოჰყვა, რომ საგორავების შიში გამქრალიყო.

ერთხანს სრული სიჩუმე გამეფდა. ზედა ღმუილი აქ აღარ ჩამოდიოდა. ხეკორძულას საამო ჩხრიალი გულისყურსა და გარესმენას ესალბუნებოდა. ზოგნი ჩაცოცდნენ, წყაროსა და სიჩუმეს ერთად სვამდნენ...

...მაგრამ ზათქიც გაისმა და პირველი დიდი ქვა ჩამოგორდა, ხეები ჩალეწა და ქვევით, ხევის ვიწრო მუხლში, ხტომით გაუჩინარდა.

- დაიწყეს!.. ცხენებს ხელი უშვით... აქეთ ამოასწარით! – დავითის ძახილმა ძლივს გაატანა ქვების გრუხუნში.

... მერმე აირია ქვა და სხეული... სისხლნარევი წყალი და ქვიშა.

ვინც ამოასწრო, გაოგნებული უმზერდა მარად ანკარა ხეკორძულას გვემას.

მაღალი ხტომით, ხევ-ხევ მოჰქროდნენ ხავსმოდებული ქვები და ფაფარაყრილი ცხენები... იქოლებოდნენ და იცრიცებოდნენ ხე-ბუჩქნარები... თვალსა და ხელს შუა ხისა და კორძის აბჯარს იშიშვლებდა ხეკორძულა. ღელე ახლა უკვე მთლიან შვავად დიოდა და ხოკავდა ყველაფერს.

შემაღლებულ კლდის ძრირში, შეფარებულად ისხდნენ დავით და მისი ძე... ახლომახლოში მოლაშქრენი შეყუჟულიყვნენ... უფრო ქვევით მეფეთ ცხენები მიებათ ფრიალოსძირა ეხში.

ახლა ირგვლივ, ყველგან ქვა იყო... მოძრავი თუ კლდეს შეზრდილი.

გაქვავებულ დავითს დროისა და სივრცის გამჭოლი ფიქრი შეეჭიდა... ახლო ალღო და შორეული ჭვრეტა ჩაეხლართა, ყვუელაფერს ლილოჭრელი სახე მიეცა... და თითქოს, ქვებთან ერთად, გაუთავებელ გრაგნილებად მოგორავენ დაგორგლილი საუკუნენი!..

...დაიძრნენ ხმლებითა და შემოსევებით ჩამოფურცლული დღეები... ჩამოფარცხეს ერის ჯაჭვისპერანგა თავდადებულნი, დახეული მათი ხელნაწერები, დარღვეული ტაძრები, ციხე-გალავნები... ერთად მოგორავს რვეული და სხეული... თაღი და თარიღი!

... თავი მაღლა ასწია. ფრიალოებში ჩამჯდარ ცას შეჰხედა გაქვავებულმა, ფიქრზე უანაზდესად თავისი მოუმთავრებელი ანდერძი ითხოვა.

შორიახლოს ჩასაფრებულმა საბა-ბერმა ხმალი და ჯვარი მოართვა...

თავდაუხრელად კალამიც ითხოვა მეფემ... ხელშუბი და სანთელი მოართვა ბერმა.

მელანი ითხოვა... და ჯიუტმა ბერმა სისხლნარევი, ამღვრეული ხეკორძულას წყალი პეშვით ამოუტანა...

- მე უდავითნოდ... ამით ვაზიარე შენი მხედრობა, დავით!

მეფემ თავი ძლიერად შეარხია და დადრიკა:

- ეჰ, ქვეყანა ჯერ კიდევ ხმალზე ბრუნავს და რა ვქნათ!

...ზევიდან კი სულ მოგორავდნენ, მოგორავდნენ ლოდები.

ირიბად გადმომხტარი დიდი ფიქალი, ჯერ გაღმა კლდეს მიეხალა, მერმე გამოღმართს მიეფშვნა და ბასრ ნატკეჩებად ქცეული, გაავებულ მგელის ხროსავით, ცხენებს შეესია. ორივე მოსხლიტა. მეფემ თავისი ფარი აფარა უფლისწულს, წვრილი ნატკეჩები ფარსაც მისწვდა... გაჰკაწრა... ცხენები კი შემზარავი ჭიხვინით გადაიტანა შვავმა...

- აი, ჩვენი ისტორია!.. განიცადე!.. მერმე ივარგე მეფედ!

- თუ გადავრჩით?! – წასჩურჩულა შვილმა.

- მეტი გზა არა გვაქვს- უნდა გადავრჩეთ! – მწარედ ჩაეღიმა მეფეს. – ერთ-ერთი მაინც! არც შედრკომისა და არც შეცდომის უფლებაც არა გვაქვს!

უეცრად ისევ დაუჯერებელი სიჩუმე ჩამოვარდა!

- ახლა კი დასძრავენ უთვალავ ლაშქარს! მაგრამ ფიქრი ნუ გაქვთ – წვრილად მოვლენ! – ზეწამოდგა დავითი. – საჩეხად უმჯობესია!

- ჩახერგილებს კი სულ ჩაიტანდა შვავი! – მიჰყვა დემეტრეც...

- მით უფრო!.. დასახევი მაინც არა გვაქვს!

ამ ზღაპრულ სიჩუმეში, სულ ანაზდეულად, გაისმა ეჟვნისა თუ ზიზალაკის ხმა.

ყველა განცვიფრდა... გულს უხილავ ნამად მოედო გამოუცნობი ლტოლვა.

ღელისპირა დაბალ კლდეზე, ქვედა ტოტებშემოლეწილი, ერთი ურთხელა დარჩენილიყო.

- უთხოვარზე! – გაუთხოვარი ზის! – შესძახა ალცანდე ოწურგელმა. მონასპელი ალცანდრეს ღიმილიანი სიტყვა ხელად მოედო ჩალეწილ ხეობას.

- უთხოვარზე – გაუთხოვარი!

ღიმილმა მოსხლიტა გაოგნება და შიში.

- არა ბიჭებო! ჩემი დანიშნულია! ხიდან ჩამოვიდა ვაჟის ხმა! – რომ გავიმარჯვებთ, ჯვარის წერაზე სვეტიცხოველში გიწვევთ ყველას! მეფე დამპირდა! – დააყოლა და ფანდურსაც ხელი ჩამოჰკრა...

- აქ ყოფილან?! ღმერთმა უშველოთ მაგათ!.. გუჯა მართალია! – ხმა მისცა მეფემაც და ჩასვლა იწყო. მებრძოლებმა სული მოიდგეს და სამალავებს ჩამოსცილდნენ.

- ზოგი კლდეს ეხუტებოდა და ზოგი კი დანიშნულსაო!.. ახლა ბედი არ გინდა, გუჯას არ დასცემია საგორავი?! – ალცანდრე მონასპელს ენა ებორკებოდა სიცილში.

ქვის სეტყვის შემდეგ მიამიტმა ოხუნჯობამ და ფანდურის ხმამ სულ სხვა ცისარტყელა გააჩინა ხეობაში...

გუჯამ კი ლექსიც გამოაბა:

ხეკორძულა ხომ ჩვენც გვისამს...

ვნახეთ ქორება ქვისანი!

...დალოცოს მცხეთამ, ტფილისმა...

ბრძოლანი დიდგორისანი.

...სიკვდილმა გვითხრა – აწ კმარა!

სიცოცხლემ – კიდევ არაო!

ვეშაპი შემოგვეყარა –

- ყურები ჩამოჰყარაო!..

უეცრად სიმღერა გაწყდა... ხიდან ისარმა იწივლა და ხევის ზედა მხრიდან პირველი მზვერავი ჩამოგორდა.

- ... ისარს ვკრავ წარამარაო! – კიდევ მოისმა ლექსის კილოში ნათქვამი სიტყვა. – მაინც ზვერვით მოდიან!.. გუჯავ! შენ ყოფილხარ ისარ-ფანდურა, აბა, მომყევით! – ერთიც დაიგრგვინა მეფემ და ვიდრე ხეობაში გაჯავრებული ბანი ჩათავდებოდა, ყველა ხევის ფსკერზე, მრავალმწკრივ კედლად ჩადგა.

ზევიდან ჯერ ისრების ტყორცნა დაიწყო... მალე კი იარაღის ჟღერითა და ბუბუნით პირგამეხებული მტერი შვავივით ჩამოგორდა.

შეიქმნა ვიწროში არნახული გაშმაგებისა და გარემოების რკენა. დავითი ორ ქვის შორის, გადალაჯებულად გადაადგა ამღვრეულ ხეკორძულას და ჩამოგორებულ მტერს მძიმე დაშნით ჩეხავდა. დემეტრემ ჯგროდ მოსულებს შუბი ჰკრა ვიწრო კლდესთან სამი ერთად წამოაგო... შუბი დაჰკარგა და ახლა ხმალი მოისწრო. მონა-სპა და რჩეულთ გუნდი თავზე ხელაღებულად იბრძოდნენ. მაგრამ მტრის მომრავლებული მკვდარიც იბრძოდა, ქვევით მოგორავდა. ცოცხალი ლაშქარიც თანდათან ჩამოზვავდა ხევში. დიდ, მიეთ-მოეთ ზოდად მოიკლაკნებოდა... მათი შეჩერება აღარ ხერხდებოდა... ქართველები განწირულ ბრძოლით ითქერებოდნენ და იხევდნენ ქვევით და ქვევით...

- თითო ნაბიჯი უკან! ზურგუჩვენებლად!.. ხევის მუხლამდე! – ბოლოს კბილებში გასცრა დავითმა და დემეტრე იხმო... ერთიც აჰხედა ხეობის დაშორებულ თავს... მტრის ლაშქარი დიდ, ხორკლიან ენად გადმოშოლილიყო ხეობის ძაბრში. შედედებულ მდინარესავით დიოდა, განურჩევლად კაცი და ცხენი... აქლემიც კი... ყველაფერი ქვევით მოგორავდა, დიოდა ლეღმაარულ ნიაღვარივით... წარღვნის უეჭველ წინამორბედად.

- ჰხედავ? – სისხლიანი დაშნით მიუჩვენა მეფემ. – ახლა დროა! აქეთ დაიძრა ძირითადი სპა!.. ლაშქარსა და საქართველოს შენ გაბარებ! ხელიდან არ გაუშვა გამარჯვება არამც და არამც! რაც არ უნდა მოხდეს!.. ადი გორზე... ხევის მუხლიდან ციცაბო სავალია... შენ ახვალ... იქ მაინც ვერ ავიდოდა ცხენი... ეჰ! სად ხარ ჩემო ახალგაზრდობავ?!

- რატომ მიშორებ?! – აილეწა დემეტრე

- საგორავები ჩქარა! ჩავფარცხოთ ხევი!.. მერმე ჩვენია ლელო!

- მერმე თქვენ?

- ჩვენ აქ დავრჩებით... შევაჩერებთ!.. ნახერგალთან მაინც! ვიდრე ქვა და შვავი მოგვცემდეს საშველს!

- მტრის საგორავებს ძლივს გადავურჩით... და ახლა ჩვენ თავად ჩაგქოლოთ? თუ ქვა გაარჩევს მტერს და მოყვარეს?!. ვერა, ვერ ავალ!..

- ძლივს ჩამოვიყვანეთ... გამარჯვება ბეწვზე ჰკიდია! ერთი კენჭიც ჰკარ!.. ადი გორაზე!.. მე გიბრძანებ, მეფე და მამა! საქართველოს მომავალი!

ბრძოლა ისევ ჩამოიზათქა... ხევის მუხლამდე დადრკნენ დავითისანნი.

მამა-შვილის დავა ყველამ გაიგო...

- ადი გორზე!.. ადი გორზე! – ბრძოლის ქარ-ცეცხლში შესძახეს აქეთ-იქიდან. – ხედავთ თუ არა!.. გესმის თუ არა?!. ადი გორზე!.. ადი დიდგორზე!..

ცოცხალი კედელი ეხეთქებოდა ცოცხალ კედელს... წვებოდა... ზოგი ვეღარ დგებოდა... რკინა მაინც ეხეთქებოდა რკინას... და იყო ირგვლივ წყალი და სისხლი ერთად, მარცხი და სიმარჯვე ერთად!..

დემეტრემ ხელი ამოუსვა ხეკორძულას, სახეზე ისხურა და შემობრუნდა... მამამ ხელი დაჰკრა მხარზე, უფლისწულის აღკაზმულოაბას, აქვე, ბრძოლაში გახდილი გლეხური ჩოხა მოახვია, მუზარადიც გადააძრო, მებრძოლს ჯაჭვის ჩაფხუტში გადაუცვალა...

- ახლო არიან, არ გიცნონ! ხმალი კი შენი გერტყას... გავა მეაბჯრე იახელ, ბილიკი ზეპირად იცის... რამინ ბეჩოელიც წაიყვანე, კლდის კაცია!.. მალვით ადით... თან იჩქარეთ... ყველაფერი მოსწრებაზეა! ახლა საქართველოში დიდგორის საგორავია მეფე! – მერმე მოძალებულ ბრძოლის წინა კიდეს მიეტანა და მებრძოლებში გაუჩინარდა.

მძიმე ბრძოლა-ბრძოლით ხეობის ძაბრიც ჩაათავდათ. ჩახერგილსაც მისწვდნენ. ქვებს ერთიანად გადაეთელა ხერგი. აქ ხეკორძულას ხეობას სათოვლეს ფართო ხევიც უერთდებოდა... იქიდან მტკვრის ხეობაც ჩანდა.

დავითმა შეფრიალებული გული იოკა. სული მოითქვა, ფეხი დაჰკრა და პირჯვარი ისახა. შემორჩენილ ამალასა და ლაშქრის ნაშთებს გადახედა...

- აქ უნდა მოვკვდეთ! აანთეთ სანთლები!... ციციავ, ნეტავ სად ხარ?! – მერმე გაახსენდა, რომ ციცია კავთელი პირველ “ორასში” გააგზავნა, შინაგანად უფრო შემაგრდა, სასწაულად გადარჩენილ, შეაბჯრულ საბა-ბერს მიუბრუნდა: - საგორავების ნიშნის ცეცხლი სანთლით აანთე! კვამლი აუშვით! ახლა ყველაფერი ეს კვამლია!

ხეობიდან კვამლის სვეტმა თავი რომ ამოჰყო, მაშინვე მარცხენა კლდიდან პირველი ქართული საგორავი ხევის შუაწელში ჩავარდა, მტრის ლაშქარიც წელში გაწყვიტა... ბოლომდე ჩაგორდა, სადაც სანთელანთებული ლაშქარი იდგა და ხმალს სიკვდილგაშმაგებული იქნევდა...

- მოვიდა მაშველი ქვათა სპა! – დავითმა “კედელი” გაჰყო და შეძლებისდაგვარად კლდეს გააფარა, მაგრამ ისე რომ, არც ცოცხალ მტერს უტია გზა... თუმცა აღარც მოდიოდა ცოცხალი მტერი. საგორავების გრუხუნი საოცრად მოძლიერდა. ჩქერივით მოდიოდა მარცხენა კლდიდან, მერმე დევურ ნაბიჯებით მოაბოტებდა დასხეულებულ ხეობაში. მაგრამ ქვედა ამბავი ზევით ვერ აღწევდა და ხევში ახალ-ახალი ლაშქარი ჩამოდიოდა.

ხეობაში გაჩენილ ცოცხალ ტიხარებში ზარდაცემული მებრძოლები უმწეოდ იდგნენ და ცის ვიწრო ზოლს დაფეთებულად შეჰყურებდნენ, თავის ქვას ელოდნენ...

ბოლოს ხევში ჩამავალი ახალი ლაშქარი “ქვასანაყიდან” ელდანაკრავი ამოვარდა და შემზარავი შიში დარჩენილებს მოსდო. ყველაფერი აირია ბანაკში.

დემეტრეს ლაშქარიც დაიძრა. დიდ, გადამწყვეტ შეტევაზე. ცხენოსნები ადრე მიიჭრნენ, პირველ ბრძოლაშივე არიეს, მოსრეს დიდძალი მტერი. ახლა ქვეითმა ლაშქარმა, მონასპამ, ყივჩაღთ გუნებმა აქეთ-იქიდან შეუტიეს და სულ შეარღვიეს წინააღმდეგობა. მალიქ-ტოღრილმა გრძელშუბა აქლემოსნები წამოაყენა, მაგრამ თავისმა, დიდ ტალღად ოტებულმა ლაშქარმა სვლა და მწყობრი აურია. მერმე მონასპის მოისარნი მოუხტნენ, აქლემები დაუისრეს. ახლა კი სრული არევ-დარევა და უგზო-უკვლოდ თავის შველა მოედო ბანაკს.

დავითს აქვე, ხევშივე მოართვეს ნაალაფარი, წვივებდასისხლული არაბულა. ბრძოლის ოფლი არც მოუწმენდია, შეჯდა, მეორე ხევზე მოვლით სათოვლე სერზე ავიდა, გადაჰხედა... ბანაკი უკვე ჭიანჭველების არეულ ბუდეს ჰგავდა. კლაკნია ურჩხულს ხერხემალი მრავალ ადგილას ჩაწყვეტილი ჰქონდა. სადროშეების ლაშქრებს თვალი ჰკიდა მეფემ, ყველა ვაშად იყო მისული. უფლისწულის დროშა სულ წინ იბრვოდა.ნ.. მამულ თვალჩუბინობით დემეტრეც იცნო. მტერი შავ-მთებისაკენ გარბოდა, აქეთ-იქით იფანტებოდა.

ხელი აღმართა მეფემ...

- დევნის ნიშანი ყველას!

სათოვლეზე კვამლის “სამთაგანა” ერთად ავარდა. დიდგორთა ყველა მაღლობზე საპასუხო “სვეტიკვამლები” ადგა... მანგლისისაკენ და კლდეკარისაკენ სერ-სერ გაჰყვა “სამთაგანა” – კვამლი დევნისა.

- ახალგაზრდებო! თქვენც ჩადით საწკნელეს სერზე, დიღომ-ტფილისისაკენ არ გაუკშვათ ნასხლეტი! – თავის ლაშქარსაც შეუძახა და მხოლოდ შემდეგ დასძინა: - გმირკეთილებო!... მხოლოდ დროშა და ხანდაზმულები დამიტოვეთ! – მერმე დაქვეითდა, ხავსმოდებულ ქვაზე ჩამოჯდა, საშინელი დაღლა და ომგადახდილი მყუდროება მხოლოდ ახლა იგრძნო... რამდენი ხანია არც წყალი უსვამს, არც უძინია, არც უდლოცია, ვგონებ. რამდენი ძალა, ერის კეთილი შვილი და სითბო გამოაკლდა... თითომ უხილავი სულის ნაწილაკი წაიღო... უფრო მეტიც... ყოველ მოკლულთან – კვდებოდა მითქოს... აი თუნდაც ის “საარაკო დანიშნულები” სადღა არიან? ხეკორძულადან გამოსული აღარ უნახავს... ან ალცანდრე ოზურგელი?.. ან საერთოდ ისინი, საგორავებს რომ დაუწვნენ და გამარჯვება მოიპოვეს?!. ან ის “ორასი დიდგორელი პირველმიმსვლელნი?” ან რამდენი უნდა მოიგონოს?! მეხსიერებაც დაწყვეტილ ჯაჭვის პერანგივით შემორჩენია...

...და ახლა, გამარჯვება რომ მოიპოვა, საშინელი ამაოების გრძნობა მოეძალა მის სულის ჩამდგმელს. ზეადამიანური დაძაბულობა და დაღლა ჩამომძიმებულ ქუთუთოებს ძილქუშად და ომქუშად შეეჭიდა... ირგვლივ ყველაფერი ბრუნავდა, ღმუოდა. თითქოს თავიდან იწყებოდა ბრძოლა! ახლა უკუღმა, ქვევიდან ზევით – მიგორავდნენ მტერ-მოყვარის საგორავები... თან ყველა ერთად!.. სულში მძიმედ გადატანილი ომის გამეორებული კორიანტელი იდგა. ყურში გაურკვეველი ბაგაბუგი ესმოდა. ვერ გაეგო, საკუთარი მაჯისცემა იყო თუ სვეტიცხოველში ახლახანს ჩამოსხმული და ჩამოკიდებული პირველი ზარის ხმა ახლა უკვე გადარჩენილისა! საერთოდ ეს ცა, ეს მზე, ეს ქვეყანა და ერი გადარჩენილი იყო... ომი კი უკვე ლანდებში იყო წასული... თრიალეთურ ლანდებში!..

ერთიც იძალა... მოახლოებულ მეაბჯრესა და მწიგნობარს ერთად უჩურჩულა:

- სვეტიცხოვლის ზარი ამოიტანონ დიდგორს!.. დახიზნული ხალხი დააბრუნონ... ხვალ მარიამობაა... 15 აგვისტო, კვირა, 1121 წელი. ამიერით ყოველ ამ კვირას – დიდგორობას ვბრძანებ ერის დღესასწაულად, თავდადებულთა მოსაგონებლად... – მერმე მოხუჭა თვალი და გაინაბა... შეწყდა გრიალი ომისა... მიწა და ქვა დიდგორისა კი ჩურჩულებდა... “იმათ, ერის შვილთა მოიგეს ომი! თავი დასდეს და მოიგეს! ჩვენთვის, მიწისათვის, ერისათვის, ცოცხლად დარჩენილთა და გადარჩენილთათვის, მოიგეს!”

- დახუჭულ თვალთა ბროლზე კი თრიალეთური ლანდები უხმოდ ვიდოდნენ...

... როდესაც, ნახევარიოდ საათის შემდეგ, თვალები გაახილა, მის ირგვლივ ქვებზე, პირდაპირ მიწაზე, ისხდნენ მთელი დიდგორის ლაშქრის უხუცესები... ჩაჩქნები, მუზარადები, ჩაბალახები, მოეხადათ... ისხდნენ და სასწაულივით შეჰყურებდნენ თვალმილეულს. აქ იყვნენ საბა-ბერი, ამბრია, გორგა ჭანი, არჯევანი, დიდგორელი ხევისბერი და სხვა მოხუცნი სერის ლაშქრიდან... თვალის გახელა რომ შეამჩნიეს, ფეხზე წამოდგომა დააპირეს. დავითმა ხელით ანიშნა და ყველა ისევე დარჩა... მერმე დაღლილი, მაგრამ აღფრთოვანებული ჩურჩული გაება თეთრ-ჭაღარა რკალს...

- ჩვენი წლოვანება რომ შეკრიბონ... რამდენიმე ათას წელს გადააჭარბებს!..

- ჰოდა, ასეთი გამარჯვება საქართველოში არავის ახსოვს!..

- არც ცოცხალსა და არც მატიანეს...

- მეტი რაღა ვთქვათ - შენი სიბრძნითა და სიყვარულით არის ყოველი!..

- ერის მამა და აღმაშენებელი შენ ყოფილხარ!..

- გადავრჩით... აწ ყველაფერი ჩვენია საქართველოში!.. მალე ტფილისიც!

- აურაცხელი ტყვე და ნადავლი დაგვრჩა!..

- მრავალი მეფე, ამირა, ათაბაგი ვიხილეთ ტყვეებად!

- ახალგაზრდანი დევნად გაიჭრნენ... გამოეჩვიონ!.. კარგად იბრძოლეს!

- არ გაგვწირა ქართულმა ქვამ, მიწამ, დიდგორმა, ხეკორძულამ!.. ღმრთისმშობელმა!

- ამ სათოვლეს, ომის სანიშნოს... დავითის მთა უწოდა ერმა!..

ყველა ნათქვამი ბერიკაცულ თარგზე დიოდა, თითქოს ერთი, გრძელი, თეთრ-ჭაღარა წინადადება იყო. დიდგორელმა ხევისბერმა თრიალეთური არაყი წვრილ ქარახსებში ჩამოასხა, ჩამოარიგა... ერთი დავითსაც მიაწოდა... შემოტრიალდა და ბერიკაცების რკალში ამოკეცილი ნაბადი დადო, ხელშეძრულად გაშალა... გასრესილი ეჟვანი და გატეხილი ფანდურიც გამოაჩინა...

დავითმა იცნო და გული შეეკუმშა. ხევისბერმა ახლა თავისთვის დაისხა თრიალეთური... ხელი მიწას დაადო...

- ღმერთო ზეციურო და მიწავ ქართულო, შეივრდომე შენთვის აღსრულებულნი! – არაყი ოდნავ მოსვა, დანარჩენი მიწას დაასხა... ასევე გაჰყვა ჭაღარათა რკალს ქარახსი და ჩურჩული...

- გული ენდო და ვინაობა ვეღარც კი ვკითხე დაწვრიოლებით! – ხელი ნივთებს რბილად გადაუსვა მეფემ, - შენ კი გეცოდინება?!

ხევისბერმა თავი ჩაჰხარა...

- აბეშურა ჩემი შვილი იყო... აწ დიდგორის რვილნი არიან!..

- შენი შვილი?! მე კი ვერ მივხვდი... ომმა წამართვა გრძნობა!.. – მუზარადი მოიხადა დავითმა... ყველამ შეამჩნია, რომ თავზე მოჭარბებული ჭაღარა ნისლად გადაჰკროდა... დიდგორისა და სათოვლეს ჭაღარა იყო.

მარიამობას, დიდგორზე რომ ავიდა დავითი, გრძელი, ერთიანი საფლავი ზედ წვეროზე მრავალჯვარედინად იყო გაჭრილი. დაღუპული ქართველი მოლაშქრენი გვერდი-გვერდ იწვნენ. ზოგს სუდარად ქეჩა ეხურა, ზოგს – ნაბადი... ზოგს ფარი უფარავდა აჩეხილ თავ-პირს. დავითის ბრძანებით, აბჯარ-ჩაჩქანი ზედ შეარჩინეს გმირებს. ჯვარედინთან, ერთ ლორფინზე, ვით საქორწინო სარეცელზე, ორი გვამი ესვენა... ეჟვანი და გატეხილი ფანდური იქ შემატა ხევისბერმა. მეფემ თავისი თეთრი, საზეიმო ნაბადი, საკუთარი ხელით გადააფარა... მერმე ორასი დიდგორელის მკერდშელეწილი გვამი იდო. მერმე კი სხვათა და სხვათა, გმირთა სახელოვანთა და უსახელოთა...

საბა-ბერმა და მცხეთიდან ამოსულმა სამღვდელოებამ გამარჯვების პარაკლისს დაღუპულთა პანაშვიდიც ააბა. და როდესაც ყველაფერი გასრულდა, დავითმა პირველი პეშვი მიწისა მიაყარა გმირთა სამარეს.

მთელი ლაშქარი ჩამოდგა, ჩამოუარა... მოჰქონდათ ლორფინები, ფიქალები... მიწის მიწა, პეშვებით, კალთებით, ფარებით... აყრიდნენ ჯვარედინა საფლავს.

მაღლდებოდა დიდგორი. ჭმუნვით ჰფიქრობდნენ დავითი და სხვა მოხუცნი – “ნუთუ საქართველოს ყოველი მთა ასეთ ძვლებზეა შემტკიცებულ-შემაღლებული?!”

მამის ნიშანზე უფლისწულმა მცხეთიდან ამოტანილ ზარს შემოჰკრა... მძიმედ დააგუგუნა... მხოლოდ მაშინ აღმოხდა მეფეს...

- ისე შემოჰკარი სვეტიცხოვლის ზარს, რომ დიდგორიდან ტფილისამდე გაატანოს ერის შეგნებითა და თავგანწირვით მოპოვებულმა გამარჯვების ხმამ... ძრწოდეს, ვისაც ეშინია, და უხაროდეს, ვისაც გულით გაეხარდება!

... ირგვლივ კი ვიდოდნენ, ვიდოდნენ თრიალეთური ლანდები...

??????