გოთუა ლევან
გაზიარება

კევრი და კალოსაო 

მზე – კალოსავით ცაზე და კალო – მზესავით დედამიწაზე, ორი საბრუნავი, ურთიერთს შემსგავსებული და ბენრის სანიშნო.

ირგვლივ ძნები და ზვინები ოქროს ქავ-ციხეებად დგანან. მთელი სოფელდიც – ხელის გულზე... და განა მარტო ჩანს, ჩრდილ-კარგიანად იგრძნობა.

...ძველი ციხის ნანგრევი... ახალი დიდი სკოლა. მოვლილი, მწვანე ზოლად გადაშლილი სანერგე... ფართოკიბიანი, ახალყაიდა სახლები... თუმცა ზოგან ბჭეამოჭედილი შენობები და ხელმიშვებული კარ-მიდამოც ჩანს, მხედველი თვალისათვის ყველაფერი გამჭვირვალეა. ერთად, აჭრილად გამოსულან მზიანეთის სააშკაროზე წინსვლის კეთილი მაცნეებიცა და ხარვეზებიც.

...მზისა და კალოს შორის დგას შესხეულებული, უჭაღარესი, სოფლის მეხსიერება – ბაძო-პაპა და თითქოს მთელ სოფელს ებაძება. მისი ჩრდილი კი გაშლილ კალოზე წევს, წარსულსა და მომავალს შორის. გაულეწავი, ჯერ ამეჩხრილი ნამჯა მუხლის თავებზე მოსდგომია კალოს პაპასა და მოზვრებს. ჩრდილზე, ვით საათის ისარზე, გადაივლის ხოლმე კევრი-ჭრიჭინა... და თითქოს დრო გაჩერებულა, კევრი კი ბრუნავს...

მოზვრები, მართლაც, ებაძებიან ურთიერთს.

კევრზე პეპერას შვილთაშვილი ზის – ბუთხუზა ვანცა, ნაბოლარას ნაბოლარა. ყინჩად უპყრია სახრე. კევრის კამპზე შეწყობილ შიშველ ტერფებზე მზე უთამაშებს. ღიღინით ხმას უწყობს – “პაპის კილოს”, კეალოს ზუზუნზე აყოლილს. დღეს მისი პირველი კალოობაა...

- კევრი და კალოსაო... და... გარს ევლებოდაო...

პეპერა კი ხარობს: “ეჰ, ვანცამ ჯერ არ იცის, რა მტაცებელი ფრინველია დარდი, მხოლოდ გულის ხორცით რომ იკვებება!.. ღმერთმა აშოროს, მაგრამ არც უიმისობა იქნება... დარდი ქვეყნის გაჩერას დაჰყვა, ადამიანის წარმომავლობასთან ერთად...”

ბებრული ფიქრი კვარახჭინია, მრავალგზის დაგრიხა დარდი... თავისთვის, უკბილოდ ჰღეჭა და ჰღეჭა...

“...ასეა ცხოვრება – ზოგი იწყებს, ზოგი ათავებს!.. ზოგს არც დაუწყია – ისე ათავებს!.. ზოგი კარგად იწყებს – ცუდად ათავებს.. ზოგი თავში ცუდობს, მერმე კარგობს და ვარგობს!.. ებე... რამდენი კაცია – იმდენი დასაწყისი, გზა და ბედი... იმედი, ზმანება, ნატვრა!.. გამოუთავებელი კი არავინაა!”

- ბიჭო ვანცა!.. მოზვრებს შეუძახე-.. არ დააზარმაცო კალო!..

ბიჭმა შეუძახა, სახრე შეათამაშა. ბაძომ სამთითი მოიმარჯვა, კალოს პირი ჩაუსწორა. ამ სამთითს სოფელმა “პაპის კვერთხი” შეარქვა. მაინცდამაინც სამად განტოტვილს მიაგნო უძრახელას ტყეში... “ერთი თითი წარსული დღისაა, ერთი დღეისდღისა, ერთიც – სახვალიო!” ზოგი ამას სნებად და ზმანებად უთვლის, იგი კი ამ სამთითში განჭვრეტილად ხედავს ქვეყანას. ახლაც ასევე სამთითი გადმოაბრუნა და თვალი “შიგცხრილულად” თავის კალოს გადააცილა. კალოს დიდი თვალი აქვს – თვალთახედვას უდრის!.. კაცს თავისი კალო უნდა ჰქონდეს. მაგრამ მხოლოდ საკუთარ კალოზე სულით ჯუჯა და გულხეიბარი თუ მოიკალათებს!

...იცის: სოფლის ძნებსა და ზვინებს მარცხენა მხრიდან სალეწი მანქანა შესდგომია, ბუქი და გუგუნი გააქვს, დევივით ღეჭავს ნამჯას... ბზე და ხვავი ცალ-ცალკე, აბმადანივით ბზინავს და მოედინება! რასაც კევრი და კალო ერთ დღეს უნდება, მისთვის ერთი წუთის საქმეა! განა არ იცის პაპამ, მაგრამ კალოს ისევე როგორც კერას, თავისი მიზიდულობა და სიბრძნე აქვს. თავისი გულსათაყვანო ადგილიც ამ სალეწ მანქანასავით აბორიალებულ ცხოვრებაშიაც შერჩა!..

თავისი ხასიათის კალო და აზრის სამრეკლო ყველა კაცურ კაცს უნდა ჰქონდეს დედამიწაზე! მაგრამ ისე, რომ სხვას არ უშლიდეს!.. ჰოდა, ჯერ კიდევ დადის ცხოვრების არიარეზე ბაძო-პაპა... არა, არავის კი არ ებაძება, მაგრამ უშრომლად ყოფნა არ შეუძლია. არც უბრად, თავის ნაშენთან და ნამრავლთან!.. ცოტა პირამთქმელია და ეს არ მოსწონთ ზოგთა... სათქმელი კი ბევრი აქვს და არის!.. მეუღლე აღარა ჰყავს, თორემ შვილ-ძირით მაგრობს თავის შვილებზე უმაგრესად! ერთი ცხრად ჰყავდა ნაემრავლი... შვილებს უკვე ერთი ხუთად, შვილიშვილებს – ერთი ორად თუ სამად... პაპას თავისი ანგარიში აქვს: სამ თაობაში მოშენდა სოფელი – პაპაეთი! ახლა კი შვილთაშვილები – ერთი ერთად თუ ბოგინობენ!.. ცხოვრების ალღომ უმტყუნათ, თუ გულთა სიბრძნემ? რა ვაკკაცობა თუ ქალმანდილობა დააკლდათ?

- მოზვრებს გაუჯავრდი, ბიჭო, ვანცა!.. ჰაი დედასა!

... კევრი უვლის კალოს, ფიქრიანად უვლის. ბაძო-პაპას ფიქრებიც კევრებივით უვლიან კალოს, სოფელს... იქნებ უფრო შორსაც... ზმანება მზის ნაქსოვივით ადგას ხეობას. ფერდობებზე ნახნავები შავ ხავერდად გადაწოლილან. ზედ მუხლუხა მანქანები სწვრივად ღოღავენ, მათი ტუხტუხი აქაც აღწევს, ზმანებას ეჯიქურება და ნაძალს ჰმატებს.

იცის, განა არა პაპაეთის უპირველესმა, რომ სადღა მოვა მათთან მამაპაპური მცხრაუღელა გუთნეული, მაგრამ... არა, არა და... სოფელი მაინც ჩააბამს ხოლმე ძველ ჭაპანს. მაშინ ბაძო-პაპა გუთნისდედობს... მიწის ხრაშუნ-ხრაშუნი ესმის ფეხქვეშ და წლებიც, ბელტებივით, თითქოს ხეპხემალს აკლდებიან, განზე წვებიან! ნახონ მისი უხარვეზო გულიც და ხნულიც!.. უნიშნო თეთრი თმა-წვერიც – სოფლის წინაშე პირმართლობისა და მუყაითობის ძველსაწინდარი!

გუთნეულის დღე ახლა დღეობად იქცა... ისე, როგორც ძველი ბრძოლა – ყეენობად და ბერიკობად!.. ერთი ძველი დღეობა და ერთი ვინმე ძველი ზმანების კაცი მაინც მ უდამ სჭირდება სოფელს! მერმე რამდენი საქმეა – სწორედ რომ საბერიკაცო: შესაგონებელი ბავშვი და დასამყნობი ხეხილი... შემეჩხერებული ტყის მფარველობა... აბა, სულ ჩარექის ნაოთხალი, მაგრამ ვენახიც მოეპოვება ცალად დარჩენილ ბაძოს... თითქოს ოჯახობას ენაცვლება. ჯერაც ამოულევი ალერსისა და გულის შეთბობის საბაბია... დადის ასე სოფელში წარსული საუკუნიდან გადმოხედილი კაცი. ყველაფერს ამჩნევს, ყველაფერს აკვირდება და ძველი მოჭირნახულის თვალით ზმანებასა და სინამდვილეს ზომავს, და ეჭვიანი იმედით ზვერავს!

- ბიჭო, ვანცა! თეთრას შეუძახე, მერმე მურეშას!

შავი და თეთრი მოზვრებია... “თეთრი ხარი, შავი ხარი! თეთრი ხარი, შავი ხარი!... ასე დღე და ღამეზეა გაბზარული წუთისოფელი!”

... იცის, იცის, შვილიშვილმა აუხსნა მსოფლიოს საბრუნელა... ყველაფერი ბრუნავს! ყველგან დიდ-პატარა კალო ყოფილა! დანარჩენი მზის ნაძალი ზმანებაა!

- აგრე, შვილო!.. გეღიღინება?! ბავშვობა ღიღინია!.. იცოდე – სიხარული სიმღერაა, დარდი კი გალობა!.. ჩვენ ვგონებ, გალობა და სიმღერა აგვერია, ისე როგორც ნახნავ-უხნავი! ტირილი კი აბა რა ვაჟკაცის საკადრისია!

უეცრად ქვევიდან ბამბისფეხა სიჩუმე მოვიდა. ფერდობზე შეწყდა მუხლუხების ტუხტუხი... ახლა ის ბიჭი, შუათანას შუათანა, ყბებიან რკინას ჩაუძვრება ხახაში და ჩხაკუნს ასტეხავს... ისევ გამართავს. გაზიპული იკი ამოძვრება, მაგრამ აატუხტუხებს... შვილიშვილის “გულიცემას” იქ, ძველკობურა კალოზე, პაპას გააგონებს... იციან – შვილიშვილმაც და პაპამაც, რომ ქვეშ-ქვეშ ორივეს გაეხარდება... ისე კი ალმაცერად გადაჰხედავენ ურთიერთს...

ახლა სალეწი მანქანა გაჩერდება. განა ძნა და ზვინი აკლია, - სულიერის მოქნილობა... მაინც მანქანაა, თავისი სიტლანქე აქვს... კბილი თუ კბილანა ჩაეჭედება ხოლმე. დაჟანგებია რაღაც!.. თუმცა ადამიანსაც მოსდის... არც იშვიათად! აკი ბაძო-პაპასაც “დაჟანგებულად” სთვლიან! იცის, არ ჯავრობს... უმეცრობით სცდებიან... ათას ღვარსა და მორევში გული ხალასად უტარებია ბაძოს! ჯერ ნუ ჩქარობენ დასკვნას, ცოტაც იცხოვრონ, კალო ლეწონ, მადლი აკმიონ... მერმე კეთილად გაარჩევენ ჟანგს თუ უჟანგავს!

- ოსტატი მოიყვანეთ! ოსტატი!.. სად არის, სადა?! ოსტატი!..

“ახლა ჩემს ჯიბრზე ყვირის მთელი სოფელი... ოსტატი კი ისევ “კევრის პაპის” შვილია! აი ახლაც ის წავა და სალეწს ისევ აამუშავებს... ბევრსაც უყვირებს, დატუქსავს შვილთაშვილებს, ძმისწულებს, დისწულებს... მკაცრი კაცია, მძლავრი და ხელმართალი! ნეტავ ასეთი მეტი გვყავდეს!.. ჩვენ კი მკაცრნი, მძლავრნი და ხელმრუდენი გვებევრებიან!.. ყვირილი კი “კევრის პაპის” გასაგონია! სალეწს აბაძებს კალოს! აბა რა შესადარებელია? ორთავ იცინიან და მაინც, ცალ-ცალკე, თავმომწონებენ!.. შვილი ყველაფერი ახლის მიდეგა კაცია... ჰოდა, ღმერთმა გაუმარჯოს! ახალი მართებულზე მართებულია, როდესაც ძველს აგრძელებს, ამდიდრებს და აუმჯობესებს!.. მაგრამ არა უთავბოლოდ და მაინცდამაინცჯიბრად, ძველ, კეთილ გარდმონაწეთსის ხარჯზე!.. ვინც ძველ კარგს ხელყოფს, ის ახალ კარგსაც ვერ დაამკვიდრებს! აქ ხშირად ძნელია საზღვრის გავლება, მაგრამ კაცს ამიტომ აქვს ალღო და გუმანი! ალღო და გუმანი!

შვილი აამუშავებს სალეწს და ისევ კალოს თავში ჩამოუჯდება. იგი მოხუცია, იგიც პაპაა, მაგრამ თავის მამას მთელ სოფელთან ერთად “პაპას” ეძახის... თითქოს ნიშნს უგებს, მაგრამ რა ნიშნს... პირველად მას წაუვიდნენ შვილები:. ერთი თვითმფრინავზეა, ყოველ სამხრობისას გადაუვლის ცის კამარას, ფრთებით მთელ საქართველოს გადაზომავს!.. პაპას კი კალოს თავზე ჰგონია. არა, არ ჰგონია, ასე გრძნობს!.. ერთიც მატარებლის საყვირს მოაძახებს კალოს. შორს არის, მაგრამ მაინც მოაძახებს.. ელექტრომავლის მემანქანეა. ერთიც მეცნიერებეშია, სულ სიტყვების რთველშია, კევრის პაპასაც ჰკითხავს და იწერს! აბა, ხანდაზმულს, ბრძნული სიტყვა კი ეხერხება, მაგრამ თუ ჩასაწერი სიტყვებიც ბუდობდნენ მის მოქანცულ გულში, ეს აღარ იცოდა! აი შვილიშვილმა აღმოუჩინა ეს “მადანი”... ახლა ორივე კმაყოფილია.

პაპამ სახნისით “წერა” იცოდა, შვილიშვილმა – კალმით. დედამიწისა და დედაენის განუყოფელობა ჩვენში კარგად იცის კალოსა და გუთნის პაპამ. მაშინაც იცოდა, ვიდრე წერას ასწავლიდა შვილიშვილი, მაგრამ “წერის მაცნე” შვილიშვილმა აგრე რიგად თუ იცის ესა? ან შვილთაშვილს თუ ეცოდინება?! “აკვანი”, “კალო” და “კალამი” სახლიკაცები და ძმადნაფიცი სიტყვები არიან ქართულში. ადგილის კალოს ადგილის ენა აქვს და ერწყმის! შვენის კიდევაც!

- ბიჭო, ვანცა! მარილი მოაყარე კალოს!.. სახრით შეახურე მოზვრები!

... კალო დალიანდაგდა. უკვე იკმია ბზისა და ხორბლის ფიცხი სურნელი. იცის მამამ, შვილს სწორედ ეს იზიდავს, ამიტომ მოდის კალოზე... სალეწ მანქანასთან ეს სურნელი უკვე აღარ არის... სისწრაფეა, შრომის გაადვილებაა, ხვავია... სურნელი კი არა! აღარც თავბრუდამხვევი ხილვები და ზმანებები... მანქანა ვერ ითმენს სულის ამბებს. ყოველი დროისა და ასაკის ადამიანს სჭირდება თავისი შემოქმედური სიზმარეთი... იქნებ ეს არის მისი “საიქიო”?!

... მოვიდა. აამუშავა სალეწი და მოვიდა. კალოს თავში დაუჯდა, ღრმად სუნთქავს ნესტოები მობუღრავე ხარივით ებერება.

- ხვავით სურნელობ, ბარაქიანო ოსტატო?! – თვალი ჩაუპაჭუნა მამამ.

- ჩემიც ავამუშავე და ახლა სულს ვითქვამ, კალოს მისანო! – პირი სალეწი მანქანისაკენ იბრუნა შვილმა. კევრი კი უვლის... კევრი – კალოსა!..

- მხარი უცვალე, ბიჭო, ვანცა!.. აბა თუ შემოაბრუნებ კალოს?!

“კალოს მისანი” კი, ვით სარკეში, ისე ხედავს თავის თავსაც და სხვებსაც... ერთი რომ თავად არის, მეორე ფიქრია მისი, ბზეში არეული ზმანება... მესამე – თითო-თითო მისი ნამრავლი!.. არა! ბოლოსდაბოლოს შორს არსად წასულან, ომიდან შინმოუსვლელთა გარდა... დანარჩენი ისევ საქართველოს საბრუნავშია, მაგრამ სოფლის კალოსპირს კი ბევრი ჩამოეცალა... “ომის ბიჭებმა” მაინც გული

ჩასწყვიტეს პაპას, გაუნახევრეს საშვილეთი. ბევრი გადარჩენილი მერმე განაპირდა...

აღარც მათთან დაობს, ჩანს, ამაოა! მაგრამ არც შეხმატკბილებული საუბარი აქვს... კევრის მოხვეტილ ფიქრთა სწორებას წააგავს...

...აი, თითქოს ჯარად შემოადგნენ კალოს პირს! თუ ზმანებაა – იყოს! თუ სინამდვილე – მით უმჯობესი!.. ზმანებაც ხომ ნამდვილი სურვილის ჯერ მიუღწევი ნაწილია?!.. “ზღვარს არ დავეძებ, ოღონდ თვალთმაქცური ნუ იქნება!”

“სიბერეც ზმანებაა, თუ სული მხნე გუთნისდედისა შეგრჩა... კაცისა და ერის ცხოვრება ასე ყოფილა – ხან ლეწავ და ხან ილეწები!.. ზმანება კი კეთილია! სულს ამშვიდებს და უტეხ ფხას უმახვილებს!.. არსად ისე თავისუფალი არ არის კეთილი კაცი, როგორც ზმანებაში!.. როდესაცკაცს ან ერს რამე უჭირს, ეს არის მისი დროებითი საყუდარი და ამტანობის თავშესაფარი!”

...ღმერთო ჩემო! რა მოულეველი კალო ყოფილა სოფლის ვალი! სულ ვფიქრობ – ამასაც გავლეწავ და ახლა მოვილევ-მეთქი... და არ იქნა, არა! არც ამოთავდა, ვერც განზე გავდექ... ყველაფერი, რაც ჩემ ქვეყნად ხდება – მეც მეხება და გულზე მხვდება!..

ახალგაზრდებს ჰგონიათ, მარტო ისინი გრძნობენ სიახლეს! განსხვავება კი ის არის, რომ ახალგაზრდები მხოლოდ ახალს გრძნობენ... ხანდაზმულები – ძველსაც და ახალსაც... თვალთახილვაც აქ იბადება!.. მომავალი კი, რომელიც სიკვდილის მიღმაა, მოხუცთათვის უფრო კარგად და ახლოდან “ჩანს”!

... ზმანების კალო კი უვლის და ლეწავს!..

“სულ აქ მოსულან ჩემი კალოსანნი... სახელები მერევა, თორემ ის კი არა – რომელი რით სულდგმულობს ან სულგრძელობს, რა ფხას იჩენს . ან რა ნაკლი აქვს! ჯანსაღი, შემკული. კეთილშობილი თოხუმია და კეთილინებონ გაისარჯონ შესაფერისად.

არ შემიძლია არ ვთქვა... დღეს შეძრულად ვარ, იქნება ვკვდები და მიწაში რა მომასვენებს ჩვენი სატკივრის უთქმელს?!

არა, ულვაშები რომ გაუპარსავს იმ უმცროსის უმცროსს... ხომ არაფერი გადააყოლა ულვაშს?.. ჯარში ულვაშმოკითხული წავიდა... აბა, გადაგრეხა ვინ დააცალა, მაგრამ კარგად მოკითხული ჰქონდა... თავშემონახულიც ჩანდა, ქართულმარილიანი ახალგაზრდა, კალოზე მოჭიდავე და ყველას მჯობნი! იქიდან კი სამართებლის ქოსა ჩამოვიდა!.. დრო მეტაკაო! რაღა მაინცდამაინც საულვაშეზე ეტაკა ეს დრო?! ახლა სოფელშიაც აღარ უდგება გული! ბეწვს ვინღა ჩივის, იმ ულვაშს, ვგონებ, კარ-მიდამოც გადააყოლა! შრომის უნარიც, რომელმაც განაკაცა კაცი!.. ეს რა საქმეა – ცოდნა შეიძინო და სიბრძნე დაჰკარგო?! შრომა დაივიწყო?”

სამთითით დაუარა კალოს... ხელჩვეულად შეასწორა, მოუალერსა... მუხლებში სიმძიმე იგრძნო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია... სხვა ფიქრმა სიტყვაშერეულად გადაურბინა... ვგონებ, ზმანებაშერეულადაც. “...ეჰე! ქალაქიდან “სააგარაკოდ” ჩამოსულან ჩემი შუათანას მომდევნოს ქალიშვილები!.. არა, კარგად კი სწავლობენ... ჯერ მაინც, სულ დაკვანწული ხუთიანებით სავსე წიგნაკებში ჩამახედეს... მე კი არ დავუსვამდი ამ მეტისმეტად დაფაქიზებულ კუდრაჭებს! არც მათ დედ-მამას, არც მასწავლებელს!.. ერი, რომელიც სოფელს აგარაკად აქცევს – განწირულია!

ამათ კიდევ დამიხედეთ... იმ კაბებს, მუხლის თავებს რომ ვეღარ აფარვინებენ... თუ ამ ნაჭრისა აღარ იყო, სხვა მაინც წაებლანდათ რამე! – სირცხვილი და ზრდილობა როდი ეწირება სილამაზეს!.. თუ აქაც “ულვაშის ამბავია”?.. კაბის სიმოკლე იქნებ ბევრ რასმე უმართებულოსა და მოუტევებელს ამჟღავნებს გასათხოვართა შორის?! მაშინ ვაი, მათ და ვაი ჩვენ, მათ შემხედვარეს!.. თაობის ძველკობურობა კაბის სიგრძე-სიმოკლეში კი არ იფარება, არამედ ბრმა მიბაძვაში!.. სხვისი მონური, გინდა თუ არა მიხედულობა, არასოდეს არ ყოფილა შინაგანი განვითარების დარი და ფარდი!..”

- კიდევ გოგოებზე ჯავრობ? – უგრძნო შვილმა გაგონილიც და ვერ გაგონილიც.

- არა, ვდარდობ! მათ რომ მოკლე კაბებში ვხედავ, ჩემი თავი უშარვლო მგონია მოხუცს!.. ჩვენი ერის ცხოვრება შიშველი კანჭებით არ არის მოპოვებულ-გაკეთებული!

- სადარდებელი რა გაქვს! – ზოგი რამ ყურს მიღმა დატოვა შვილმა. – ერთი უკრავს, საქვეყნოდ წარჩინებულია... მეორე – ხატავს, ფრიად ნიჭიერს უხმობენ ქალაქში... ერთიც ლექსებს წერს!.. ძმისწულები ახალგაზრდა, მეცნიერი ქალბატონები არიან... სულ გამოცდებს აბარებენ მაღალ და მაღალ საფეხურებზე!.. დისწული ჭადრაკს თამაშობს... სხვებიც ასე და ამგვარად... ბიჭებს აჯობეს! ყველაფერში წინ არიან! ასეთი ნიჭი ჩვენს ქალებსა აა გოგონებს არასოდეს არ გამოუჩენიათ!

- ეს კეთილი, მაგრამ... თუ თხოვდებიან დროზე? შვილებს თუ აჩენენ, შვილებს? ბავშვს მაინცდამაინც ბუნებრივი შობა უნდა, საამქვეყნო მზის მინიჭება! მერმე აღზრდა!.. ეს უწინარესი და უწმინდესი ვალია ქალთა!.. ყველაფერ დაბადებულის დედა – ქალია!.. საწყისი ერის, ოჯახის, ნიჭის უკვდავებისა! და ეს საწყისი თუ მოდუნდა – ყველაფერი ამაოა!.. რითაც არ უნდა გავამართლოთ, ხელოვნებით თუ მეცნიერებით!

კალოს ირგვლივ შედგა გნიასი... ჩრდილები და ზმანებები სულ აირივნენ... ძახილი, ალბათ, მთელ სოფელს გასწვდა...

- ისევ ქადაგად დავარდა პაპა!.. კალოს ქადაგი!..

ბევრს ხელმოფარვით ჩაეღიმა, მიაგრამ უნებურად გულისყური მაინც აქეთ აქვს... მართალი სიტყვა დახშული გულისკენაც პოულობს იდუმალ სავალს!

ყველაფერს ხედავს პაპა. ისიც იცის – არავის არ უყვარს ქადაგი, რომელიც დაჟინებით სიმართლეს ამბობს! მკაცრად ამბობს!.. და მაინც ბოლოს ხომ უნდა თქვას ვინმემ სათქმელი... გახსნას ქართული კალოს უტყუარი ვარაუდები?!

- არის კაცი შეწირული და კაცი მიტმასნილი!

- შეწირულმა თქვას!.. შეწირულმა თქვას!

... ახლა ზმანებიან კალოს ირგვლივ შვილთაშვილები მოდგნენ... მოეწვივნენ... აჟრიამულდნენ... ალბათ, ყველა აქაა... ომიდან მოუსვლელების გარდა...

კალოს შუაგულში, სამთითზე დაყრდნობილი, ბაძო-პაპა დგას. უჭირს, მაგრამ მაინც დგას... თვალები კი დაუხუჭავს!.. უსმენს და პასუხს აძლევს... სახელები თვალახელილსაც ერევა! ხმაზე კი ყველასა სცნობს... ხმაც ხომ აზრის მარცვალია, ხანდახან უფრო მკაფიოც!.. ზოგი სდუმს და უფრო მეტყველებს, ზოგს დიდი ხმა აქვს, ცარიელ ქვევრზე უფრო დიდი და ცარიელი!

აი ეს გულღიღინა – მერვე ასულის ასულია, ცოტა კვიმატი, სახემადლიანი და ტანსანთელა, ბაგე-კბილებში ამოძერწილი, ცოტა თხუპნით იფუჭებს ტუჩებს... გათხოვილიც არის და მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს... აბა მოუსმინეთ!

- ახლა, ბაძო-პაპავ, მეტად გამრავლდა ხალხი! ყველა იმის ცდაშია, სხვა რომ არა ვთქვათ რა, უნდა მოწესრიგდეს... შეიზღუდოს გამრავლება!

ბაძო-პაპა სამთითს დაჰკრავს კალოზე, აბა რა იქნება...

- დაე შეიზღუდონ ისინი, ვინც ბევრზე ბევრი გადააჭარბეს! არც ადგილი აქვთ! ჩვენ კი თავნამდე მაინც გვჭირდება ასვლა, შეცარიელებული მამაპაპური სოფლებისა და სახლების კვლავ სიცოცხლითა და პატარებით ავსება-ახალისება!

ყველა სდუმდა, ადჰათ თანხმობის ნიშნად. მხოლოდ კალო ბრუნავდა... ნამჯის გალეწვის განუმეორებელი ხმა-ზუზუნი ეუფლებოდა ყველას... თან კევრის კაჟზე მოკვესილი ხმა ქადაგისა...

- მაშ რა გეგონათ?!. ძნელია ქართველ-ქალობა!.. შვილებს თუ ძველებურად არ მოიმრავლებთ, ჩვენს ბუნებასა და შემორჩენილ მიწა-წყალს უმჯობესად თუ არ მივხედავთ, სულ მალე მხოლოდ ქავ-ციხეებისა და ძველი ტაძრების ჩრდილში გავირინდებით... დაქართულებული ქვის მარადობა აბა რას კმარა... ცოცხალი ერის უკვდავების გვაქვს საზრუნავი!.. ჩვენ კი ჭრიჭინას უდარდელობა შეგვეყარა!

უეცრად შორსმჭვრეტელმა ქადაგმა ახლობეცა თვალები ფართოდ გაახილა, შემჭკნარი ქუთუთოები მძიმედ ააპარპალა...

- გადაშენების უფსკრულში არ ჩაგიხედავთ?! მას “მოკლე კაბას” ვერ გადააფარებთ! დიდი, დედობრივი კალთა სჭირდება!.. იმდენი უნდა გააჩინოთ ძეც და ასულიც, რომ სოფელიც შეაჯეროთ და ჩვენი ქალაქიც!

კევრთან ერთად ზმანებებიც უფრო დაბორიალდნენ. ვანცა წარამარა უქნევდა სახრეს. მოზვრები ფეხმარდად რბოდნენ. ძნების იქით ბუბუნებდა სალეწი მანქანა. ფერდობებზე მუხლუხი მანქანები მაღალ ტუხტუხით ხნავდნენ, ძირკვავდნენ, აუთოებდნენ ნატყევარს.

- ქართველობა მიწას ჩაჭიდებული ერი ვართ!.. ჩვენი მოდგმის ადგილმაცვლობაც ქართულ კალოსა ჰგავს!

- მართალია! – ზურგის მხრიდან კვერი დაუკრა და სიტყვა გააწყვეტინა ერთმა. მოუხედავად იცის: “სიტყვების ჩამწერია”!.. ახლა მეცნიერულ გასაღებს მოუძებნის პაპის ალღოთი ნაგრძნობსა და როყიოდ ნათქვამს.

- კალოსავით მბრუნავი... ჯერ კიდევ უძველეს დროში... კავკასიონი, შუამდინარის ზედა ტანი, ტუბალ-კაბადოკია, სპერის ზღვა, კოლხეთი და ისევ კავკასიონი... ჩრდილო კალთების ჩათვლით!

კევრმა ძველი სამყარო შემოხაზა და ისევ ბზე მოხვეტა... მაგრამ ახლა ამისთვის არავის ეცალა. აღარც პაპას! ზმანება ირგვლივ ათას სახედ ბრუნავდა. რა მძიმეა, როცა მხცოვანს სიცოცხლის ძალაზე მეტი შემორჩება უტყუარი მეხსიერება!

- ჩვენ უმიწობასა და უშვილძირობას ვერ გადავიტანთ! ვერა!.. კევრის პაპა მართალია!.. უწინ ჩვილსაც აკვანში უდებდნენ მიწით სავსე პაწია თოფრას! – ისევ ზურგის მხრიდან მოესმა ბოხი.

“ზურგი ჯერ მაგარი მაქვს!” – იმედიანი ნაპერწკალი ჩაიკვესა პაპის უბეში. “მეორე ძის მეხუთე ვაჟია! მაგას სულ დავლილი აქვს მთელი საქართველო... ვგონებ, სხვა მხარეებაც... აი, თავად ამბობს:

- შემომივლია თითქმის მთელი ქვეყანა... ჰოდა, ასეთი ტურფა ბავშვები, როგორც საქართველოში – არსად მინახავს... მერმე აფუჭებს აღარ ვიცი რა... ცხოვრება, ცუდი აღზრდა, ზედმეტი ნიჭი, უკუღმართი ნებიერობა თუ თავმომწონება?!

ახლა მეტყევე წამოვარდა, ხრინწზე სცნობს, მესამე ქალის მეოთხე ვაჟია...

- არა თუ უმიწობას... უტყეობასაც ვერ იტანს ქართველი... სადაც ტყე მოისპო, ქართველიც წავიდა იქიდან! ნუთუ ჩვენ თავად ვაჩანაგებთ ჩვენს მადლიან საცხოვრის არეს?!

მოზვრებს კი კუდის ქნევა აუტყდათ. ვანცა შედარაჯდა... ბზუილი მოესმა... მასაც გაუჩნდა დარდი: რას ამბობ? აბა, ახლა ბუზანკალი რომ შეუძდეს მოზვრებს, რა ჰქნას ვანცამ?!.. მოზვრები გადარჩნენ, ბუზანკალი კი ვგონებ, პეპერას ებუცა, კალოს შუაგულში დაბორიალდა... თავი შეიკავა და შეცვლილი ხმით აღმოხდა:

- გულქართულობა გვმართებს! ჭირისუფლის სიბრძნე! და რაც უფრო მაღლა ადიხარ წლების გორზე, მით უფრო სჭვრეტ და განიცდი ამას!.. ჰოდა, ერს არა სჭირს რა იმაზე უფრო დიდი უბედურება -–თუ აკვნები ცარიელია! ნამდვილი საგოდებელი ერის არა ძვალთშესალაგია, არამედ აკვნის სიცარიელე!.. დედაერი, დედაენა და იავნანა რამ გაარიგა!.. ახლა ჩვენ ორ კილოს შორის გვაქვს არჩევანი – ან იავნანა – ყოველ ოჯახში – ან ვაი დედა!

სამთითაღმართული ქადაგი გაჩხიბულივით იდგა. კალოზე სიცხე და სიჩუმე ერთად ჩამოწვა... მერმე ყველა ერთად ალაპარაკდა...

- ეჰე, კევრის პაპავ! სულ ნუ აგვიკლებ!.. ბზეშია ამდენი სიბრძნე?!

- ჩვენც გვაქვს ჩვენი სიმართლე!.. იქნებ არც თუ ნაკლები!

- თუ გაგვაჩინე – საკუთარი ჭვრეტის უფლებაც მოგვეც!

- არც ჩვენ გვაქვს ნაკლები ტკივილები, უფროსებო!

- კალოს მინდიავ!.. ახლა ჩვენც გვაცალე ჩვენი მინდიაობა!.. ცოტა ჩავნაკუწდით... ოდნავ გავდიდკაცდით... ნატამალ-ნატამალ ავირიენით, მაგრამ გავნათლდით კიდევაც... ახლა ჩვენ ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე თქვენ. თაობიდან თაობაზე უფრო წიგნიერი ხდება ერი!.. კალოს იქითა სამყაროში გადავიხედეთ!.. “მანქანეთიც” წამოგვეშველა!.. თქვენზე ბევრად შემძლენიცა ვართ!

“კალოს მინდია” კი ისე აღელდა, რომ ბედად მოწეულ კევრზე ჩაიკეცა. გული გაოფლილი პერანგის საყელოში ამოაწვა, მაგრამ არ შეიმჩნია... ოღონდ სიტყვის კილო ჩურჩულში ჩადრკა...

- მანქანამ, ვგონებ, შეღეჭა მინდია: ახლა ბუნებასა და ადამიანს შორის მესამე ძალად ჩადგა!

- ამ “მანქანეთს” ყველა თავისებურად ეგუება! წინსვლის დიდი ძალაა! მარტო ჩვენ ხომ არ გვეხება! საყოველთაო მოვლენაა! მეც მათქმევინეთ ქართულ კილოზე! – აყვირდა ერთი... ბაძოს თავისი ახალგაზრდობის ხმა მოაგონა.

- რომელი ხარ?.. თვალი ვეღარ მიჭრის, ვგონებ, მეხსიერებაც...

- შენი მეექვსის მესამე!.. ფიქრის კაცობა, ჩანს, შენგან დამყვა... ყველა თაობას სდევს თავისი მანკი და დიდება! ღრღნის თავისი წადილის ჭია! ალბათ, ჩვენცა გვყავს ჩვენი ამირანიცა და მინდიაც... ერთში კი ცამდე მართალი ხარ, პაპა-კაცო: ბუნებაში არ არსებობს ორმაგი ჭეშმარიტება... ეს მლიქვნელების მოგონილია... მაგრამ არის სხვადასხვა დროის სიმართლე! დრო ყოველთვის ახალი თაობის მხარეს იჭერს!.. ეს ვიცით ჩვენ... ხანდახან იქნებ ბოროტადაც ვიყენებთ ამას! მხცოვანობისას, ალბათ, მოგვეკითხება, ახლა დაუდგრომელობისა და უანგარო შეცდომის უფლებაცა გვაქვს!.. განა თქვენ კი ცოტას სცდებოდით?! ჩვენ სხვადასხვა დროისა და და სიმართლის მატარებელნი ვყოფილვართ. და ახლა სიტყვა ჩვენზეა!

ყველა სულგანაბული უსმენდა ამ ახალ კალოს ქადაგს! მან კი სულ მოულოდნელად სიმღერა წამოაბა თხრობას... მაღლა დაკიდებული ზარის ხმა ჰქონდა...

...კევრი და კალოსაო... და გარს ევლებოდაო...

სიმღერამ სიტყვაზე უფრო დიდი მხარი შეიბა, კალოს ირგვლივ ატაცებულად გაჰყვა ძნებს, ფერდოებს... მთელ პაპაეთს ტკბილი ცეცხლი და ჟრუანტელი გაუკიდა... ახალგაზრდა კი “ბაძოს ჩურჩულზე” გადავიდა...

- ჩვენ იქნებ მარცხთანაც, მაგრამ გამარჯვებასთანაც უფრო ახლოს ვართ! საზომებია სულ სხვა... ზღვარგადასული სისწრაფე! კალო-კორიანტელა!.. შენ შენი ჭრაქით ამ კალოდან ჰხედავ ქვეყანას, ალბათ, სულეთში და ვარსკვლავეთში გადახედვითაც... ჩვენ ბრიალა ელნათურები და კოსმოსური თანამგზავრები გვინათებენ აწმყოეთს... ხანდახან იქნებ გვაბეცებენ კიდევაც, მაგრამ... ჭრაქის შუქზე მეტი სულმუდამ გვიჩანს! ახლა კალოს აღარ ადგას მომავლის ცისარტყელა... ახლა სხვა ორბიტული საბრუნავია ქვეყანაზე! თვალის მომჭრელი სიმძაფრისა... ნაკლები აღარა სჭრის, აღარ!

კევრმა სიმღერასთან ერთად ჩამოუარა ახალ მოდავეს. პაპამ ისევ თავი იბრუნა... მოზვრებს დაუყვავა, სულ შეაჩერა...

- მესმის, მეცნიერ-ბიჭო!.. ყოველ დღეს სჭირდება და ჰყავს თავისი ქადაგი! ყოველმა თაობამ თავად უნდა გალეწოს თავისი კალო... მაგრამ დიდი ფხა და მეხსიერება ყოველ დიდ კალოზე არის საჭირო!.. მე გარდუვალს ვეხები, ყველა კალოზე სამოქმედოს! შენ – დროებითსა და გარდამავალს, ახალ სიჩქარეს!.. კორიანტელი დააყენეთ, ზღვარგადასული სისწრაფე, მაგრამ ვისაც ძირითადი, “ძველკალოური” არაფერი არ ახსოვს, ან განზრახ ივიწყებს... ან – სულ უარესი – კალოუკუღმართობს, იმას ბოლო ხვავიც ბზედ და ბრედ წაუვა! აი რა მაბორჯებს! ძნელია ქართული კალოობა, როდესაც საკუთარი სიკეთე და ერის თავგამოდება მოდუნდება სხვათა რბოლაში!.. მერმე ამას სხვათა შურიცა და ღვარძლიც მოერთვის!.. სხვის ჭირზე თავისი საეჭვო ბედის ამგებნიც გამოჩნდებიან, შეცარიელებულ სოფელს მოესევიან... მაშინ დაბრძანდით და ცარიელ-ტარიელზე იკორიანტელეთ!

სათქმელს სათქმელი მოსდევდა, მაგრამ ახალ-ახალი სათქმელი კვლავ დაუღეჭავ ლუკმად ადგა, საშველს აღარ აძლევდა მიუძლურებულ მოხუცს...

- ზოგჯერ მხოლოდ გაკეთება არის მთავარი, ზოგჯერ კი პირველი თქმა, სიტყვის ბეჭედის დასმა!

სახეხრილად მიმოიხედა, ვაგლახ, თვალებზე თეთრი ნისლი ჩამოეფარა. სხეულის გრძნობაც შეეცვალა, თითქოს “ძვლების ტომარა” ჰკიდია ყელზე. სუნთქვაც შეეხუთა... ახლაც ვეღარაფერს ხედავს, შავ-თეთრა მოზვრების გარდა.

- ნუთუ ჩვენში მხოლოდ მოზვრები დარჩნენ პატიოსანი მშრომელები? დანარჩენი კი ყველა გარბის სოფლიდან?!

- არა, უსწავლელები დარჩნენ... მოზვრები! – მოესმა ნისლისიქითა ხმა... ნისლმაც ჩათალხება იწყო. ჩურჩულმა კი ხრინწი მოიკიდა:

- სწავლა-პატიოსნების ხარჯზე ისევე მიუღებელია, როგორც პირადი წინსვლა-აღზევება თავისი ერის კეთილდღეობის ხარჯზე!

...მოზვრებს მაინც შეუჯდათ ბუზანკალი... ჯერ ერთმა აპლაკა კუდი, წიხლიც ჰყარა... ახლა მეორემ მერმე, უღლად უგანეს კალოს. პაპა კალოზე დაგორდა, მოზვრებმა კი კიდის ლატანი წინ გაიგდეს და სოფლის გზაზე კევრიანად გავარდნენ.

ვანცა კევრზე დამაგრდა, ზეზე წამოიჭრა და ერთი დიდურად დასჭყივლა:

- საით, თქვე უპატრონოებო, თქვენა?!

პაპა-პატრონი კი დიდად ნაჯაფი იყო სწორედ ამ გზაზე. სოფელმა თავის დროზე, საკაჟიას ფერდზე გაიტანა ურმის სავალი. ახლა ურემი წავიდა სოფლიდან, მაგრამ ინაჯაფარი დარჩა... კევრის კოხმა კაჟზე გაჰკრა კბილი და დაკვესა... თუმცა პატრონს არ დაუნახავს ეს ნაპერწკლები... ძლივს ადგა, სამთითზე მთელი ტანით დაეყრდნო... ირგვლივ კი უკვე ჩაშავებული ნისლი იდგა... შავი ბზე ეყარა... შავჩრდილა მოზვრებს გოჯა რქებზე შავი მზე წამოეგოთ... აქეთ მოჰქონდათ...

კევრის პაპის თხზური კალოს სიმღერა “მუმლი მუხასას” კილოზე ნათქვამი, სულ გუგუნებდა:

...კევრი და კალოსაო... და გარს ევლებოდაო...

მოწეული მზეზე იზვა – ელეწებოდაო...

... მოზვრები უკან, კალოზე შემორეკეს, ეს უკვე ბზის ზუზუნზე იგრძნო მეკევრემ.

-... ჰოდა, ასე!.. სწორ საბრუნავში ჩააგდე... ბიჭო ვანცა! სად ხარ?.. კევრი და კალოსაო... და გარს ევლებოდაო!.. მე რომ ენა დამებას კიდევაც – შენ შეუძახე! – უკვე ენააკიდებულად უბნობს ბაძო... გრძნობს და ვეღარ ასწორებს ენას... ეს რა მოუვიდა?! არ შეატყონ მაინც. შეწუხდებიან... აფუსფუსდებიან ნაზმან-უზმანნი... კალოს მოაშორებენ... მერმე საწოლზე გათავდება “ბრუნვა”...

ფეხარეულად დაიძრა. თითქოს მიწა უტოკავს ფერხთით. კალოს ძვრა იგრძნო სმენით, ხელის ფათურით, მაინც მიაგნო კევრს... ზედ დაეშვა, ვანცას ხელი მოჰხვია... ბადიშის სითბო იგრძნო... დიახ, სითბო აკლია, თორემ სალეწ-ულეწი... და სათქმელ-უთქმელი კიდევ ბევრი აქვს...

- ჰაი დედასა, საბერევ! – მერმე თავს შემოსწყრა, სხვებსაც: - ის იბიჭები რომ ვეღარ დაბრუნდნენ ომიდან.. რა ნაჩენ-უჩენად დაგვაკლდნენ! ნუთუ სოფლის ძარღვი და ვაჟკაცობა თან გაიგულეს?! ძნას რომ ვშლი, მათ ხსენებაში ვარ მუდამ, ნეტავ ახლა იმათიც მოგვასმენინა, თორემ ეს რა ახალჯურა შინმოუსვლელნი გაგვჩენიან?! უკადრისობენ, ვეღარ ეტევიან სოფელ-სოფელ!.. კიდევ კარგი, თუ ქალაქად შესაფერისად საქმიანობენ... იქაც ხალხია საჭირო და იქაც მადლი აქვს საქმეს... მაგრამ ვაითუ სოფლის მარილს ქალაქის უსაქმურობას არჩევენ?! მუქთახორობას ყველგან მოკლე დღე აქვს!... კალოზე ნუ გაახარებთ ეკალს! ნუ გაახარებთ ეკალს!..

ჩურჩულიც შენელდა, კევრის ზუზუნს ემსგავსა... მერმე სულ ჩაიხშო... მაგრამ შეწრიალებული ფიქრები ენის დამბლას არ ნებდებიან...

... კალო ტრიალებს!.. ეს, ალბათ, ბზეა... დიდი, შავწითელა... ზანგელა მოზვრებს რომ უძვრება უღელში... ფეხებში!.. კუდის სიგრძეს უჩენს... მზის ჩასვლისას ხომ ყველაფერი გრძელი ჩანს... ჩრდილიც და გაჩრდილული ქვეყანაც... ფიქრიც... სიტყვაც, კალოს ირგვლივ იშემორხეული...

...ახლა თვითმფრინავის ზუზუნიც ესმის... მაინც გადაუვლის პაპის კალოს! მაინც ამ კალოდან აფრენილია!.. ახლა მატარებლის საყვირიც და დღევანდელი კალოს ლეწვაც ჩამოთავდება...

...ბზე და ნამჯა ქარს მიჰქონდა, ხვავი რჩებოდაო...

კევრი და კალოსაო... და გარს ევლებოდაო...

ბაძო-პაპა კევრზე უკვე თავჩამხობილად იწვა. ცალი ხელი ვანცასთვის მოეხვია, ცალიც კალოზე ეთრეოდა, ხვავსა და ბზეს არნადივით ხვეტავდა. იგი თითქოს განაგრძობდა ჩურჩულა ქადაგს, მაგრამ ხმა აღარ ამოსდიოდა. ამოუთავდა არა სიტყვა – ყავლი სიტყვისა!

“...შეუძახე, ვანცავ!.. შეუძახე!.. შენია კალო!”

“...ასეთია ცხოვრება: ხან ლეწავ – ხან ილეწები!.. ზოგი იწყებს, ზოგი ათავებს!.. თაობა თაობისთვის – დიდი კალოა... ზოგის ცხოვრება ბზე არის, ზოგის – ხვავი!”

... ინიავმა მატარებლის საყვირის ხმაც მოიტანა...

“ესეც ამ კალოს ხმაა! ბოლოს მაინც შემობრუნდება მატარებელი!”

დარდი და იმედი ერთად იყო შემოხვეტილი. ახლა ერთი წამით გაუმახვილდა ბუნების გრძნობა... ყველაფერი ერთად: ხან აწვიმს, ხან ათოვს, ხან სცივა და ხან კიდევ უწყალოდ სცხელა!

...კალოს იერთ შემოვლაზე ხერხემლისი გაშეშება იგრძნო... გული კი იუცემს, ზომავს სიცოცხლის წუთებს... ბზის შრიალა ზუზუნიც ესმის, ოღონდ სიმღერა კი აღარ – თითქოს ხორბლის გალობაა! მიწის წუხილი!..

უეცრად ყველაფერი შემოეძარცვა: ხელი, ფეხი... მხარ-ბეჭი. გულის ფიცარი... აი, ჰქონდა ყველაფერი ჯანსავსე, მრავალ წელს ჰქონდა... დიდად გაისარჯა, უამრავი კალო გალეწა და ახლა აღარაფერი აქვს!.. აღარც ხმა, აღარც შინაგანი სიტყვა... ვგონებ, აღარც აზრი... კალოს მინდიას?! და რაც მთავარი ყოფილა – აღარც ზმანება! თუმცა აი – ჰხედავს! ჰხედავს!

“.. ომის ბიჭები?! მობრუნებულან?! მადლი უფალს! აღარ მეშინია, ყველას მრმლავდებულად გხედავთ!.. აი ქუთუთოებს უკან დგახართ მშობელ კალოზე! სასიკვდილო ჭრილობებიც მოგშუშებიათ!.. დიდი ნუგეშია იმედი და საკუთარი კერის გრძნობა... ყველა ქართულ კალოს სალოცავებს ვფიცავ!”

... კიდევ ერთი შემოვლა და მხოლოდ კალოს ბრუნვისა და ვანცა-ბიჭის შეგრძნობა შერჩა... მერმე ისიც სანთელივით ჩაქრა... ხოლო კალოზე გალეწილი ხორბლის სურნელი კიდევ დიდხანს გაჰყვა...

მზე თითქოს უფრო გალექდა, მაგრამ კევრის პაპას, კალოს მინდიას , აღარც აწვიმს, აღარც ათოვს, აღარც სცივა და აღარც სცხელა!.. კევრი კი ბრუნავს! კალო ილეწება...

“...კევრი და კალოსაო... და გარს ევლებოდაო...”

1970

არმაზი

??????