გოთუა ლევან
გაზიარება

ლაილაშური არჩევანი 

საავადმყოფოს დიდ ეწოში შესვლისთანავე მე და ჩემს მასპინძელს ჩხუბი მოგვივიდა.

- ეს რა დაგითევიათ? ნამდვილი მკვლელი ყოფილხართ! მკვლელზე მეტიც, ადამიანისა და ბუნების დამთრგუნველი!

თავჩაქინდრულმა აპოლონ ნემსიწვერიძემ, ლაილაშის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, შემკაცრებული სახე ამარიდა, თავი უფრო ჩახარა.

- აქამდე მკურნალად ვითვლებოდი... ახლა ყველაფერი მეთქმის, მაგრამ ყველაზე დიდი მოდავე ჩემი თავისა მევე ვიყავ!

მე უკვე ვიცოდი, რომ ამ ორნახევარსართულიან საავადმყოფოში ოცდახუთი საწოლია, დღენიადაგ სავსე სნეული დიდ-პატარებით. სიკვდილისა და მოლოგინების. სარეცლებიც აქ თითქმის ერთად დგანან. ისიც ვიცოდი, რომ ამ საავადმყოფოს არსებითად ორი სახურავი ჰქონდა: ერთი თავისი, ჩვეულებრივი, მეორე, არაჩვეულებრივ სახურავად კი ვეება დევხე, ხუთასწლოვანი ცაცხვი გადაჰფარებოდა.

ლაილაში თავადაც დაბის ოდენა სოფელია, მომსვლელი ავადმყოფებიც ბლომად აწვანან აპო-ექიმის შეჭორფლილ კისერს. ხოლო მისი გულისხმიერებისა და უანგარობის ამბავი ლაჯანურას ხეობის კარშივე დამხვდა.

მაგრამ ახლა ყველაფერი დამავიწყდა.

- თქვენ თუ ბრძანდებით ამის ჩამდენი – არამც და არამც არ გეპატიებათ!

- ვარ...

- აბა მე ამის იქით აღარ მოვდივარ! ისეთი რაღა უნდა მაჩვენოთ – ამის მნახველს გული გამიღოთ?

მართლაც, საზარელ სურათს თვალი ვეღარ გავუსწორე, მიწიდან ამოგრეხილ ვეება ფესვზე მივჯექი, - ახლა საზარელი ჩვენს ზურგს უკან იყო.

არანაკლებად შეშფოთებული ექიმიც გვერდზე მომიჯდა, ხელსახოცი გადაისვა, ჩანს, უაღრესი შეცბუნების შუბლის ოფლი იცოდა, ფიქრი და სიტყვა კი უფრო მჭახე გამოსდიოდა:

- მე დიაგნოზის დასმა არ შემცდენია და რაღა მექნა?! ხელები დამებანა, როგორც ზოგიერთ მწერალსა და არამწერალს? მე სოფლის ექიმი გახლავართ!

კარგა ხანს ასე ჩუმად, გაბუტულად ვისხედით. საღამოსპირა ქარი აშრიალებდა ახლომახლო ფოთლებს. ეზოს მოლი მუქმწვანედ ბიბინებდა. საავადმყოფოდან ბავშვის ტირილი ისმოდა.

- ის არის! საბოლოოდ აი ამ ბავშვმა გადაწყვიტა ყველაფერი...

- უფროსების გულხენეშობას ახალ დაბადებულებს რაღას ვაბრალებთ?! შეშა ვეღარ იშოვნეთ ლაილაშში?

- ვიშოვნეთ... და შეშიდან დაიწყო ყველაფერი... ბავშვებს კი არ ვაბრალებთ. რომ შეეძლოთ, იქნებ ისინი მოგვთხოვდნენ უფრო მართებულ პასუხს!

- არაფერი არ მითხრათ!.. ამ საქციელს არავითარი გამართლება არ გააჩნია! ყველა საზომი დარღვეული და დაკარგულია.

ჩვენს შორის ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

ჩვენს საუბარს რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ თვით მიზეზი ჩვენი ჩხუბისა არც ერთს ერთხელაც არ დაგვისახელებია, ეს უაღრესი გულისტკივილის მაჩვენებელი იყო.

იმასახ მივხვდი – აპო-ექიმი იყო ამ ბოროტების ჩამდენი, მაგრამ მთავარი ჭირისუფალიც...

- კი, მაგრამ... თქვენ როგორღა მოიქცეოდით, კაცისა და ბუნების დამცველო, მომავლის მოიმედე და მოყვარე მწერალო? – ახლა აპოლონმა შემომიტია, წამოვარდა კიდეც, მაგრამ თავი შეიკავა და ნელი ნაბიჯით ჭიშკართან დაწყობილ შეშას მიატანა, მოგრძო სარყე აიღო, დაიბჯინა. მასზე ბევრად მაღალი იყო სარყე.

- აი ჩემი საზომი!.. და ამაზე დიდი უხილავი აქა მაქვს! – მკერდზე ბაგუნით დაირტყა ხელი.

გაკვირვებით შევხედე სარყეს, მაგრამ ორივენი კერპები ვიყავით და სიტყვა მწარედ გავუკენზლე...

- რა სტეთოსკოპად გამოგადგებათ, ექიმო?

- არა, მაგრამ არც კალმად, მწერალო! ჩემი დანაშაულის საზომიც, მიზეზიც და საბუთიც სწორედ ეს გახლავთ! – სარყე შუბივით აატრიალა. – სწორედ აქ ვიჯექი... ამ სარყით ავზომე ახალნაყიდი შეშა. მე სოფლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლავართ, შეშის საქმეც მე შემეხება!

- ხისაც... ლაილაშის საამაყო ცაცხვისაც?

- დიახ, ხისაც და საავადმყოფოსიც! შენობიან-ხალხიანად... თქვენსავით რომანტიკულ თვალსაზრისზე ყოფნა სულ ადვილია, მე კი მკაცრი და მართებული არჩევანი უნდა მომეხდინა... გულსაწინააღმდეგო არჩევანი... აი შედეგიც! – ხელები ფართოდ გაშალა, თითქოს მთელი ეზო გულში ჩაიხუტა, მე კარგად ვერც მივხვდი, მთავრად რას იხუტებდა გულში მთავარი ექიმი: მთელი ეზოს სიგრძეზე ქვეგანრთხულ, ახლაც საოცარ სანახავ დევ-ხეს თუ თეთრშეფეთქილად აღმართულ საავადმყოფოს? ალბათ, ორივეს ერთად, მაგრამ ერთი იდგა, მეორე კი უკვე მიწაზე იყო მოჭრილ-დანარცხებული.

- ეს ხე თქვენ მარტო შეშა ან ფიცრის მასალა ხომ არ გგონიათ? ან მარტო ბუნების ნაწილი? ჩვენი ერის ისტორიის ნაწილიც არის! როგორც ძეგლი! უამრავი შემოსევის დროს ხე-ტყემ რამდენჯერ იხსნა საქართველო! “მწვანე აბვარი” იყო მისი, იმედგადაწურულობის დროის დედასაფარი და გამომკვები!

ექიმმა ზეაიხედა, ხელიც აიქნია, თითქოს ისევ ააყენა ვეება ცაცხვი.

- თქვენ ეს ბუმბერაზი არ გინახავთ ცის მწვანე ყავარჯნად შემდგარი... არც საავადმყოფოს მეორე სახურავად... და რა გიჭირთ! მე კი რა დამავიწყებს ამას? მაგრამ ახლა პირველი სახურავი არის დასაცავი. ჩვენი სიბრძნე და საშველი უსაშველო დაცვაში კი არ არის, არამედ ახალდაბადებული ბავშვების სიმრავლესა და გადარჩენაში.

- მერე? – ახლა მე მოვიბრუნე ხელი, სამმეტრიანი სარყე დევ-ცაცხვის ვეება ძირზე შერჩენილ ნამორევს გადავაზომე, მაგრამ ვერ გადავაწვდინე. ისიც გამიკვირდა – ნამორი შიგნიდან თითქოს ამომწვარსაც ჰგავდა.

- მეხი ხომ არ დაეცა?

... მაგრამ ექიმი თავად უფრო ჰგავდა მეხდაცემულს.

- მაგის მეხიცა და საზომიც სხვა იყო... ექვსი კაცი ძლივს ვაწვდენდით გაშლილ მკლავებს! იდგა და სვეტიცხოვლის სიმაღლისა იყო, დაეცა და ჰა... გადაბრუნებული ცისტერნების მატარებელი მინახავს ომში! მაგის მოჭრამ მეც გამბზარა და სოფელიც.

- მერმე რად მოსჭერით? რად?

ჩანს, ჩვენ უკვე ვუყვიროდით ერთმანეთს. საავადმყოფოდან, ალბათ, თავიანთი საყვარელი ექიმის დასაცავად, თეთრხალათა ექთანები და საცვლისამარა ავადმყოფები გამოვარდნენ.

აპომ შეამჩნია და ხელი აუქნია:

- სიცხე ყველას გაუზომეთ, დანიშნულებაც მოილიეთ... ავახშმეთ ავადმყოფები... უხალათოდ რატომ უშვებთ ეზოში?.. საღამოს შემოვლა გვიან იქნება – საპატიო სტუმარი გვყავს! – და გაბრუნებულ ექთნებს ზურგში მიაძახა: - ახალნაშობებს მიჰხედეთ, ძუძუ... რძე, არაფერი დააკლონ დედებმა!

და როდესაც ყველა თავ-თავის საქმეზე გაკრიფა, უფრო ხმადაკლებულად განაგრძო:

- ამ ხის ქვეშ ხშირად კომისიაც მიგვიღია და კონსილიუმიც ჩაგვიტარებია. ვიდრე საავადმყოფო აშენდებოდა, თურმე აქ ბჭობდნენ ლაილაშელი უხუცესები. ამ ადგილუბანსაც ცაცხვისძირი ჰქვია... ახლა კი მხოლოდ ძირი დარჩა.

საავადმყოფოს ღია სარკმლიდან ბავშვების ტირილი გამოისმა.

ექიმის გულისყური კვლავ გაიბზარა... იქით – სარკმელში – ახალდაბადებულთა ხმა იდგა და, ალბათ, არტახებშეხსნილი თოთო ხელების სავსავი იყო. აქეთ კი ტოტებჩალეწილი დევ-ხე გულხელდაკრეფილივით იყო მიწის პირზე გაშეშებული.

ექიმი სწორედ იქ მჯდარა, სადაც მე ვიჯექი და ვეჩხუბებოდი, სწორედ ეს სარყე მოემარჯვებინა, ცაცხვის ვეება ტანისათვის მიეყრდნო, წამოდგომა სწადდა. სარყეს მოულოდნელად ხის ქერქი შეუტეხია და შიგ, როგორც შამფური ჭყინტ ყველში, ისე შესულა.

დიდი ფუტურო გასჩენოდა დევ-ხეს. გამოწმენდის შემდეგ ისეთი ფართო და მაღალი ღრუ აღმოაჩნდა, რომ საავადმყოფოს ყველა ავადმყოფი და ექიმ-მომვლელი შიგ ერთბაშად შეეტეოდა.

მხოლოდ სიფრიფანა ქერქზეღა მაგრობდა თურმე ეს დევ-ხე. დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩენილა შენობა და, რაღა თმა უნდა, ავადმყოფები.

ულოდნელი განგაში შეიქნა. დაუყოვნებლივ ყველას აცნობეს, ვისაც ავადმყოფების, შენობისა და ხის ბედი ებარა და აწუხებდა. და საოცარი რამ გამოირკვა – ცაცხვის ერთსულოვანმა სიყვარულმა ყველაფერს წააჭარბა.

ერთხელ კიდევ შეიყარნენ ბჭენი. ისევ ცაცხვისძირს შემოადგნენ. ამჯერად თვით ცაცხვის ბედი იყო ბჭობის სასწორზე. მთელი სოფელი მოდგა. ეს კონსილიუმიც იყო, კომისიაც, საწარმოო თათბირიც და, ვგონებ, სამოქალაქო პანაშვიდიც.

ვინ არ იყო აქ – სოფლსაბჭოს თავმჯდომარეც, მასწავლებელ-მოწაფეებიც, პარტორგანიზაციის მდივანიც, ექიმებიც, ავადმყოფებიც კი. აბა, რაღა თქმა უნდა, სატყეოდან და საცდელი სადგურიდან, კოლმეურნეობის თავმჯდომარეც და აგრონომიც... სოფლის მოხუცებს აბა რა გააჩერებდათ. ხალხი თავისთავად მოქუჩდა და მომრავლდა.

დიდი დავა და პაექრობა თავიდანვე ჩავარდა. ასეთი თავაღერებული ბჭობა არ ახსოვდა არავის. ყველა ზევით იხედებოდა და ისე გამოთქვამდა თავის აზრს. ღრუს თავისი თვალით ხედავდნენ, მაგრამ ხის მოხეთქვის შიში როგორღაც ვერ წარმოედგინათ.

ხუთას წელიწადს მაინც იდგა და რაღა ახლა წაიქცეოდა. მაგრამ შველა კი სჭირდებოდა.

რა არ იფიქრეს და ივარაუდეს... ქიმიური წამლობა და ქირურგიული ჩარევა – მძლე ტოტების ჩამოფრა, ხის ტანის შემსუბუქება. ზოგმა საავადმყოფოს გადატანაც კი მოითხოვა, ხის შიგნიდან დადუღაბების აზრიც წამოიჭრა. აქვე იანგარიშეს, რომ ამისათვის საჭირო დუღაბი სამსართულიან საავადმყოფოს ააშენებდა. ამას კიდევ იკისრებდა სოფელი და რაიონი, მაგრამ ხის გადარჩენა მაინც საეჭვოდ რჩებოდა. ხიფათიც უდავო იყო. ვერც დატოვებისა და ვერც მოჭრის პასუხისმგებლობა ვერავინ იკისრა.

აპო-ექიმი კი ხის დაუცემლად იჭყლიტებოდა. ბოლოს ყველამ ხელი დაიბანა და მასზე მიაგდო საქმე.

ზვიადი ხის ზედა ნაწილში სრული უდრტვინველობა სუფევდა, ძირთან კი მოთმინება დაკარგა ბევრმა, პირველ ყოვლისა კი მთავარმა ექიმმა:

- ჩემი საკუთრება ხომ არ არის! ცაცხვიც თქვენია და საავადმყოფოც, ხალხნო! მით უფრო, ავადმყოფები და მელოგინეები... ჭირისუფლები არა ხართ?! კენჭი ჰყარეთ, არჩევანი გააკეთეთ! ან ხე გასწირეთ, ან საავადმყოფო!.. დავა-ყოყმანში კი ორივე არ დავკარგოთ!

აპოს ხმა ხის კენწერომდე ვერ სწვდებოდა, ხოლო გამოფიტულ ძირთან ხალხის ბუბუნი ქვევრის ხმასავით გამოდიოდა.

დევ-ხე კი ყვავილობას იწყებდა, ირგვლივ მერცხლები უთამაშებდნენ, მისი გუმბათი თითქოს მზეს მიბჯენოდა.

- მე მესმის თქვენი სულისკვეთება, მეც საგონებელში ვარ, მაგრამ ულმობელი არჩევანი გარდუვალია. ხეს განრგენა სჭირს! ადამიანი რომ იყოს, მე ვიცი, როგორც მოვიქცეოდი, მაგრამ ხე ერთ ფეხზე დგას! ახლა ასეა – ხე თუ არა ხე?

- ამ ძეგლივით ხეს სულ სხვა ბედისტრიალი აქვს – განგრენა რას მიქვია! – გაცხარდა მასწავლებელი. – ხე კი არა, პრინციპია! ბუნების კარი და სახე!

- ამ ხის ერთ ტოტადაც არა ღირს მთელი შენი საავადმყოფო! – აყვირდა მეტყევე.

- ახეჟე, დაინახე! სხვა ორბიტაზეა გასული! – ზეწამოვარდა ფოსტის მოხელე.

- ათასწლეულის მონახევრე მაინც არის ეს ბუნების საკვირველება! – ბანი დააქუხა აგრონომმა.

- შენ ხომ მკურნალობ და არჩენ შენს ავადმყოფებს! – აღელდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე. – თუ მოხუცდა, საპატიო პერსონალურ პენსიაზე გავუშვათ! მაგის ძირში არ დავაარსეთ კოლმეურნეობა?!

- ჰოდა, მეც მომეცით საშუალება უხიფათო მკურნალობისა! ცაცხვი აქამდე სახურავად ადგა საავადმყოფოს, ახლა მეხად არის დაკიდებული. ნეტავ ცოცხლებზე იჩენდეთ ასეთ მფარველობასა და მოწყალებას. ეს ხე კი უკვე მიცვალებულია! ხოლო ცხედარს წესის აგება უნდა, თორემ ცოცხლებს დამიზიანებს! ასეთია სიცოცხლის ჯერ შეუშლელი წესი! ხე თუ არა ხე – ამაზე მიყარეთ კენჭი!

- ჰყვავის შენი “ცხედარი”! ჯერ ბურჯად დგას! ჩვენცა და ჩვენს შვილიშვილებსაც მოინელებს! – უფრო აჟრიამულდნენ მოთათბირენი.

- ჩემი ავადმყოფები და მელოგინენი არ მოინელოს, მე ამას ვჩივი!.. თორემ ეს ხე მე თქვენზე უფრო მიყვარს! ადგილის დოსტაქრად და დიდ ნათლიად დგას ამ ეზოში... პირველად მაგას ესმის ხოლმე ახალნაშობი ბავშვის ტირილი! ჩვენი საოფლეც ეგ არის და სათაფლეც... ახლა კი ეგ თვითონ ხდება ჩვენი თავსატეხი!

- ჰოდა, შენ თავად გადაწყვიტე! ცოდვა-ბრალიც შენს კისერზე იყოს!

ხალხი ისე დაიშალა, ვერც ერთ აზრზე მოდგა, ვერც კენჭი ჰყარა.

ჩანს, ადამიანს ხანდახან მცენარის გაწირვა უფრო უძნელდება, ვიდრე თავისი მსგავსისა.

ნათათბირევს მთავარმა ექიმმა ცაცხვის ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე მისი შემსუბუქება გადაწყვიტა. ჭრა, სულერთია, ზევიდან უნდა დაეწყოთ. ძლივს დაითანხმა ორი მუშა.

მთელი მუხურო მოვიდა სამზერად. ტოტები ლეწვითა და შხუილით ქვევით ცვიოდა. ბოლოს ერთ მძლე ტოტს მიადგნენ, შუადღემდე ხერხეს და ჭრეს. ძლივს ჩამოაგდეს.

საერთოდ კი დევ-ხეს ჯერ არაფერი ეტყობოდა. ერთ ფეხზე შემდგარ ტყე-უღრანად იდგა და შრიალებდა.

უეცრად ქვევით, ხალხში, ყიჟინა ატყდა. სოფლსაბჭოს კოჭლი დარაჯი მორბოდა და ქაღალდს აფრიალებდა. სადღაც ზედა წრეებში დრომდე შეაჩერეს დევ-ხის ხელყოფა.

ზაფხულში კი ქარიანობამ იმატა. ხიფათი ცაზე იყო გაკრული. მეორე სახურავი ახლა ემუქრებოდა პირველს.

ხეს უკუნეებელი სენი უკვე ღიად და აჩქარებულად უღრღნიდა ახოვან სხეულს. თუმცა გარეგნულად თავით-ბოლომდე ჰყავოდა, სურნელს აფრქვევდა ცაცხვი. დღე ფუტკრები და კვირიონები ესეოდნენ, გარს უძლიდნენ... ღამე – ვარსკვლავები და ციცინათელები.

... მაგრამ სადღაც ხის შუაგულთან ყოველ დილით იბუდებდა ბუ. მის დევ-სხეულს შემოსეოდნენ და გაბმით უკაკუნებდნენ კოდალები.

ერთ დღეს კი ქარმა იმატა. ლაილაშის ცაცხვის ზედა ყვავილეთი და ფოთოლნარი მომხიბვლელად ირწეოდა და ცოცხალივით იცვლიდა იერს. ხან ვერცხლისფერი იყო, ხან მწვანე, ჩაკრულად და ჩაჭაღარავებულად. ძირა პირღია ღრუდოს კი ხშული გმინვა ამოსდიოდა.

საავადმყოფოში ძნელბედიანი მშობიარე ჰკიოდა. აქაც სიკვდილ-სიცოცხლის სახვა და ბრძოლა იყო. თეთრხალათა და სახეშელეწილი აპო-ექიმი ცაცხვსა და მელოგინეს შორის ბოიიალობდა. ზედმობმული ქარიანი ღამეც თეთრად სტეხდა. გაძნელებული მორიგეობა ჰქონდა, წკიპზე იყო მთელი საცაცხვეთი.

რიჟრაჟზე შხაპუნა წამოვიდა. გრუხუნი მეხისა იყო. ცაცხვი ჯერ იდგა. იდგა საავადმყოფოც. საბან და ხალათწამოხურული ავადმყოფებიც ფეხზე იდგნენ და დასახიზნავად აპო-ექიმის ნიშანს ელოდნენ.

იწვა მხოლოდ მელოგინე. კარგად რომ ირიჟრაჟა, აპომ ყველა სათადარიგო ზომა იღონა, ოდნავ მიყუჩებული მშობიარე მეანებს გადააბარა და ისევ ცაცხვისძირს მიაშურა, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მას დევ-ხის “ფეხზე დგომა” აფიქრებდა.

ცაცხვი კი პირს იბანდა, რაღაც არაბუნებრივად, უზომოდ დაყვავილებული.

დევ-ხის ტანდატან, გარეთაც და შიგნითაც, ჟვავისა და ლეშხის წყალი ჩამოდიოდა, შავცრეცილა მერქანი გამოჰქონდა. ხეს ზევითაც თავხსნილი იარა გასჩენოდა.

ცაცხვის თავს კი გამოდარების ცისარტყელა გადმოადგა, ლაილაშიდან სპათაგორამდე გადგა ფეხი. ირგვლივ ბადაგივით ჰაერი იდგა. თუმცა ცაცხვის ყვავილების სურნელს ღრუდან მოსული სველი სოკოსა და დამპალას მხაჭე სუნიც ერეოდა და ბზარავდა.

აპო ხის ძირში მიჯდა და ხევით აჰხედა. ხის ტანი და ტოტები საავადმყოფოსაკენ წაფერდებული ეჩვენა.

თუ მართლაც ასეა, ჩემი ადგილი სწორედ აქ ყოფილა! წაიდუდუნა და ცაცხვის ძირში უფრო ღრმად ჩაჯდა. საავადმყოფოსაკენ გასძახა:

- ყველა გამოიყვანეთ, გარდა მშობიარისა! ცოტაც ვაცალოთ მაგას!

მერმე უცქირა, როგორ გარბოდნენ სამზარეულოსაკენ საბან და ხალათმოხურული ავადმყოფები. თვითეული მათგანის სიცხე და ჯანის მდგომარეობა კარგად იცოდა, მაგრამ ახლა სხვა იყო მთავარი, ამ ხის მდგომარეობა, რომელსაც ზურგით გრძნობდა და თითქოს, მართლაც, ზურგზე ეკიდა.

უკანასკნელი, ყავარჯნებიანი მოხუცი რომ გამოიყვანეს, ცოტა შეკრთა... ამ მოხუცსაც ხომ ცალ ფეხზე განგრენა ჰქონდა გაჩენილი. დღესვე უნდა მოაჭრას ფეხი, დღესვე... მაგრამ ერთ ფეხზე მდგარს რაღა უყოს?! დევ-ხეს ყავარჯნებს ხომ ვერ შეუყენებს?!

მოხუციც რომ გააცილეს ცაცხვის ჩრდილს, აპომ ღრმად ამოისუნთქა და მთქნარებაც წამოეძალა. მერმე “ზურგის” გრძნობაც დაეკარგა. ქანცმილეულმა როგორ წასთვლიმა, არც გაუგია. ძილი მომსკდარი ცაცხვივით დაეცა თავზე და ღრმად ჩაიტანა.

რაღაც გულში ჩამწვდომმა ხმამ გამოაღვიძა. არა, დევ-ხე ისევ ზურგზე ეკიდა... ადგილზე იდგა. საავადმყოფოს ღია სარკმლიდან კი ახალნაშობის ტირილი ისმოდა.

მთავარი ექიმი წამოვარდა. ხის მჭრელებთან კაცი აფრინა. თავად კაბინეტში შევიდა. დიდხანს, დიდხანს რეკა ტელეფონის ზარი... ითითქოს მთელ ქვეყანას ურეკავდა:

- ცაცხვს ვჭრი... ვისი განკარგულებით?.. ახალშობილი მიტირის სამეანოში... რა გამოვუწერე? მშვიდლობიანი ცა – კვანტუმ სატის! სხვასავით პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი... ჩემთვის კენჭი ყრილია! ვის შეეხება? გამოფიტულ ცაცხვს – უპირველეს ყოვლისა, მერმე ყველაფერ ამდაგვარს, რაც საშიშროებას უქმნის სიცოცხლეს! დიახ.. ახალდაბადებულის ტირილი ყოველი სატირალისაგან არის დასაფარავი!

დევ-ხის ჭრა ისევ ზედა ტოტებიდან დაიწყო. აყვავებული ცაცხვი თითქოს ტანზე იხდიდა. ეზოში კი მთელი ტყე დაწვა. ბოლოს წვეროში გრძელი ბაგირი ჩააბეს და ეზოს ბოლოში თავლის საძირკველს დაჭიმულად მიაკვანძეს. საავადმყოფო დააზღვევეს.

ახალნაშობი მაინც გაარიდებინა მთავარმა ექიმმა.

განწირულ ხეს ახლა ქვევით შემოჰკრეს ცული; პირველად ფუტკრის ბუკის ხმა გამოიღო, მაგრამ მალევე ჩატყდა ქერქი, ჩაისერა და ტუჩშეხსნილ იარად შემოუარა ვეება სხეულს.

დადგა წამი, როდესაც მთავარი ექიმიც შეიძრა და დევ-ცაცხვიც.

ხე ბაგირის მხარეს თითქოს თავის ჩრდილს გადაჰყვა და ერთი შეჭიანურებული გმინვით დედამიწაზე საშინელი ზღართანი გაიღო, ნიადაგიც შეაზანზარა, ცაცხვის ყვავილების ქარი და კორიანტელი დააყენა.

წაქცეულმა ხემ ცალი ტოტი მაინც უწვდინა, შორეულ სამზარეულოს კუთხე ჩამოუფხატა.

ერთი წუთით ყოველი ხმაური დაიხშო. აღარც ბავშვი ტიროდა სადმე. მხოლოდ მთავარ ექიმს ჩამოსდიოდა უხმო ცრემლები. შუბლზე კი ოფლი ჰქონდა, ახლა ნამდვილად ცაცხვის ყვავილის ოფლი.

მზე უკვე გადახრილი იყო, მაინც ხარბად და მცხუნვარედ მოეძალა საავადმყოფოს.

მაგრამ მთავარმა ექიმმა უმად იგრძნო – მყუდროება და კიდევ რაღაც უთქმელი და უსხეულო საამურობა დააკლდა ეზოს, სოფელს. მიდამო უეცრად გაკოტრდა და დაცარიელდა, ლაილაშში აღარ იდგა ადგილის მთავარი მოწმე და ხუთასი გაზაფხულის დიდი ნათლია...

მე შემრცხვა ჩემი წეღანდელი ჩხუბისა. მივხვდი, რომ ჩემზე უფრო დიდი სიყვარული ხისაც და არა ხისაც ამ კერპსა და სახედაღარულ ექიმის უდევს გულში ღრმად. იგი სოფლის ექიმად კი არა – მსოფლიოს ექიმადაც გამოდგებოდა.

ხელჩაკიდებულად მოვუარეთ ჟამით მონელებულ ხეთა ხეს და ახალდაბადებული “არა ხის” სანახავად წავედით სამეანოში. უკან მოგვყვებოდა ცაცხვის ყვავილის ჯერაც გაუმქრალი სურნელი და ფუტკრის მოუსვენარი ზუზუნი.

... და მე მივხვდი, რომ ცხოვრება წამდაუწუმი კენჭისყრა და მართებული არჩევანია. ხოლო სწორი საზომი არასოდეს დაგეკარგება, უკეთუ სიკეთე და სიყვარული მუდამ თან გახლავს!

??????