გოთუა ლევან
გაზიარება

მუმლი მუხასა 

...აღა-მაჰმად ხანს არ უყვარდა სარკე. უფრო მეტიც – ეჯავრებოდა. თავის დამანჭულ სახეს ვერ იტანდა. როდესაც არ უმზერდა, სხვაგვარად გრძნობდა თავს, გოროზად, თავნებად, მედიდურად... სარკიდან კი ჩია საჭურისი ეტოლებოდა და გულს უმღვრევდა.

... ახლა კი უსათუოდ, ისიც საჯაროდ, უნდა ჩაეხედა სარკენში. ამას მოითხოვდა წესი რამლის ყრისა. ყაჯარი დიდად მორწმუნე იყო, მებრძოლი მაჰმადიანი, ნამაზის შესრულების ფრიადი მოერთგულე. ამასთან ერთად, არანაკლები ცრუმორწმუნეც, როგორც თითქმის ყველა საჭურისი. სხვადასხვა ნიშნის ამჩემებელი და უყოყმანოდ დამჯერი.

ახლა, კავკასიაში, დიდ ლაშქრობის წინ აბა რამლის ყრისა და ბედის წინასწარი ჭვრეტის გარეშე რას დადგებოდა. სალაშქრო და სახვანჯო ყველაფერი რომ მოითავა, ახლა მერამლენი, ვარსკვლავთმრიცხველნი, მკითხავ-დერვიშნი და მუცელმოგვნი შეჰყარა... ერთი სიტყვა უბრძანა.

- რა მელის?

- სარკეში ჩახედვა ინებე, ქვეყნის მბრძანებელო! თვალი საკუთარ თვალს გაუყარე – ისე გვიბრძანე! მომავლის გეზი მოგვეც! – თითქმის ერთხმად, აქეთ-იქიდან ჩურჩულით შეჰბედეს თავმოყრილებმა.

აღა-მაჰმადს მისტიური თრთოლვა აუვარდა, სარკეს ხელი სტაცა. ჯერ ნახევართაღედად გადმოსულ ჩარდახს შეჰხედა, მერმე ცასა და მზეს უწვდინა თვალი. დამწვარი ბეწვის მჭახე ღრჩოლვა მოსწვდა... რომლის ცეცხლი უკვე გიზგიზებდა. ქვიშარიც ნაყარი იყო. ახლა კი თავისი გრძელი, ადრე ჩანაოჭებული კისერი მოიმოკლა და სარკეში ალმაცერად ჩაიხედა.

სარკის კამკამა პირზე, თხელპაჭუა ცხვირი და წურბელა, ბოლოშეტეხილი წარბები აღინიშნა. ვიწრო, მძიმე თვალები და უღინღლოდ მოკუჭული პირი ღვარძლიან ღიმილში გაჰყინოდა. ერთ მუჭა სახეს, ნებისყოფიანი ნიკაპი და ვეება ოქროს თაჯში ჩაკარგული, დიდგუმბათა შუბლი აძლევდა შთამბეჭდავ იერს.

ყველა შიშნაკრავი მოკრძალებით შეჰყურებდა ამ მრისხანე შაჰისა და ვერაგ დერვიშის ნარევს. ვერცვინ არკვევდა, სად თავდებოდა თაჯი და სად იწყებოდა თავი. და მხოლოდ მისმა მეაბჯრემ – სადიხამ და ფარეშმა ხუდადამ იცოდნენ, რომ თაჯის ქვეშაც აღა/მაჰმადს სრულიად მოტვლეპილი, დაგვალული თავი ჰქონდა.

- ჩვენ ჩავიხედეთ ჩვენს მომავლის სარკეში! – თვალების წურვითა და მწივანა ხმით აღმოთქვა შაჰმა, - კავკასიაში მივალ ომად და თრგუნვად! რას გვაუწყებს თვალი უხილავი და ყოვლის მხედველი?! რაც მოგვიგოს ნიშნად – ყოველი ითქვას! – ვინც დაჰფაროს, პასუხი თავის თვალებით აგოს!

ყველამ იცოდა აღა-მაჰმადის ქარაგმული ენა, ხოლო თვალების დათხრის სწორუპოვარი ფალავნობა მან ჯერ კიდევ ირანის ტახტის ძიების შინაბრძოლებში განიმტკიცა, და, როგორც დამონებულ ქვეყანაში ხდება ხოლმე, სწორედ ამიტომ უსათნოესის სახელი გაუვარდა.

უმალ შეიქმნა ფაციფუცა ლოცვა, გვემა სახსართა, ქექვა ზოდიაქოთა, ვარსკვლავთ რიცხვა და ჩითვა. მოჩარდახულში ნუსხვის ძალა დაბორიალდა... ნადირთ ბეწვის ღრჩოლვამ და შავი კვამლის ბოლქვამ აუტანელ ზღვარს მიატანა. შაჰს, სულ ერთი წუთით, გულყრა მოემთხვა. ორმოცდაათს რომ გადასცილდა, მერმე დასჩემდა, უაღრეს დაძაბულობის ჟამს ჩამოუქროლებდა, სხვათათვის თითქმის შეუმჩნევლად, მერმე კი უფრო უმახვილდებოდა გულისყურიც და ფიქრიც.

ახლაც ასე მოუვიდა, მაგრამ სრულიად საკმაო გახდა, ხელიდან რომ გავარდნოდა სარკე. გონზე სწორედ ჩხრიალმა მოიყვანა. მრავალი შავბრჭყვიალა ნამსხვრევი ეყარა ფერადად მოჭიქულ იატაკზე.

ყველა გაშეშდა. უხუცესმა მერამლემ წვერზე იტაცა ხელი.

- ხილულთა შორის უბედნიერესო, უხილავი თვალი მწვავედ და შავად წორავს! მეტი გზა არა არის. სარკის ბზარვის ჟამს ყველაზე დიდი ცოდვები დაასახელე! – მერმე შეაფიქრა ესოდენმა პირდაპირობამ და ხმას დაუწია: - ის, რაც მიგაჩნიათ...

- ცოდვად და გმირობად! – კაპასი ხმით შეუსწორა დაზაფრულმა აღა-მაჰმადმა და დალეწილ სარკეს ქოშის ჭვინტი გაჰკრა. მხოლოდ ახლა შეჰხედა უხუცესს და უფრო გაავდა. მხცოვანმა თავისი წვერითა და კეხციანი ცხვირით, გამდგარი, რუსებს მიმხრობილი გურჯი მეფე ერეკლე მოაგონა.

- ცოდვად და გმირობად! ნება ცისა და შაჰინშაჰისა! – სარკის გატეხის ხმაზე იყო აწყობილი ერთობლივი ხმაცა და ჩურჩულიც.

აღა-მაჰმადი შეგოროზდა და ავის მზრახველის წვლილვით ჩამოსთვალა...

- ლუტფ-ალი ხანს... ზენდს... ტახტის მაძიებელს, ჩემი ხელით დავთხარე თვალები, შემდეგ მოვკალი და არც ვნანობ! თუნდაც სარკის ბზარვის ჟამს!

- კვლავაც... სარკისა! – როკვა-გოგმანით მოეახლნენ მზორავნი.

- შაჰ-როხს, ნადირ-შაჰის შთამომავალს ამ მარჯვენით დავუშანთე ორთავ სამზერი! ჯალათს შეშურდა ხელობა!

- გაასამე, ხელოვანო, გაასამე გმირული ცოდვა! – წინ წამოდგნენ თვალდაკაკლულნი, სახეაპრეხილნი, ზარდაცემულნი. დიდ ბოროტებას, უკუღმართად, დიდი მნუსხავი ძალა გააჩნია... აღა-მაჰმადმაც არ დააყოვნა...

- ერთმა სარბაზმა სიცოცხლე გადამირჩინა, მაგრამ უტიფრად შემომხედა. თვალები დავაკლებინე, თუმცა მერმე ორი ჯამაგირი გავუჩინე. მადლიერი დამრჩებოდა!

- კმარა! – უკვე ერთობლივად შესძახეს და ხელები ჩხიბვად აღმართეს. – სარკისა, კმარა!

- იქნებ კიდევ აქვს?! მოსასმენი – მოსასმენია! – ჩხიბვა შეაჩერა უხუცესმა.

- კიდევ მაქვს. ვიტყვი კიდევაც! – უკვე კვიმატად ასივილდა შაჰი, თან თვალი გაუყარა უხუცეს მერამლეს, “ესეც ჯიუტია, თავნება ერეკლე – გურჯივით... რქებს დავამტვრევ!” მერმე სარკის ნაბზარი ფიქრი გულში ჩაიტოვა და თხრობა განაგრძო.

- ქერმანის აღებისას დამცინეს გალავნიდან. მაინც ავიღე და დაცინვის ვალი დავადე – მამაკაცთა ოცი ათასი წყვილი თვალი, კარიბჭესთან მომართვეს! იქვე დავათესვინე, ქალები კი მეომრებს მივეც.

- გვეყო თვალი! ახლა სხვა! ხომ არ დაგრჩა რამ დასანანი, ზეცის ნებით უსათნოესო! – მხცოვანი გრძნობდა შაჰის გულგაჯიქებას, მაგრამ შემობრუნება შეუძლებელი იყო, რამლის ყრა დიდი ხანია გადასცდა ბედნიერ კალაპოტს, ახლა იგი უსასტიკესის ხელში იყო, იგი კი თვალდახუჭულად განაგრძობდა:

- - დასანანი? მცირე დანას ვატარებდი და ქერიმ-ხანის ტახტის დარბაზში ძვირფას ხალებს ჩუმად ვჭრიდი! მერმე ვინანე, რომ გავხდი მათი პატრონი, ძველი ფარეშები დავსაჯე!

- კმარა! გვეყოფა! ჩვენცა და ალაჰსაც! – აჩურჩულდა მხცოვანი, - შაჰინ-შაჰის ასეთი გულახდილობა – რისხვასა ჰგავს! გვაშოროს მზემ და მასზე მაღალმა!

- მე არ მეყოფა, მე! კიდევ მაქვს სათქმელი და არც თუ ცოტა! გინდ ცოდვად ჩამითვალეთ, გინდა გმირობად!

- ცოდვის გმირო – ფიქრად ესახა მხცოვანს, ჩურჩულად გამოუვიდა ყურმახვილმა მბრძანებელმა ხელად აიტაცა.

- დიახ, მოხუცო, ცოდვის გმირი ვარ! სარკის გატეხა იყო საჭირო, რომ ასე ღიად მეთქვა! არც მე დამინდეს, ექვსი წლის ბავშვი! – არც მე ვინდობ! მთელი ქვეყანა დამნაშავეა!

ჩია შაჰის ფიქრთა გვემა გახელებაში გადადიოდა. ყველა გასუსული ელოდა შედეგს. მხცოვანმა კვლავ სცადა აგორებული რისხვის მერამლეთაგან აცილება.

- ერთიც ბედისა ბრძანეთ, უბედნიერესო!

- ბედისა?! ყაჯარი ვარ! და ერთიც – უკვე ყრუ, ჭრიალა ხმით დაამატა – ერთიც, რომ მეორედ დასაჭურისება აღარ შეიძლება... ქერიმ-ხან ზენდს მაინც ვერ გადავურჩებოდი... მერმე ცხოვრებას...

ყველამ იგრძნო, რომ რამლის ყრა, განურჩევლად ბოლო ნიშნისა, საზარელშედეგიანი იყო. თუმცა, უაღრესად გაავებულმა შაჰმა, სრულიად მოულოდნელად, “საზარელი შედეგი” გველაძუა ღიმილში ჩამალა და გარეგნულად სრული ბედმორჩილება აიფარა. მხოლოდ შუბლსა და დაღარულ ღაწვებზე ცივი ოფლის წინწკლები სარკის ნამსხვრევებივით ესხა.

მისნობა ბოლოს უახლოვდებოდა. უცოდველი კრავების სისხლი უხვად დაიღვარა. ბეჭის ძვლები გამოშიშვლდა. ყაჯრები თურქმენთა ტომისანი იყვნენ, ათადან-ბაბადან მეჯოგეები, ამიტომ რამლის ყრისას, ყოველ ფარდში და ვარაუდში, კრავის ბეჭის ჭვრეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ყველა მისანმა ცალკე და ერთად განჭვრიტა ცის კამარა და ბეჭის ბედ-ვარაუდი, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა თქმა. უთქმელობაც არ იქნებოდა.

ბოლოს უხუცესმა გაჰბედა...

- დიდი გამარჯვება... მაგრამ ნისლიანი დღეც გიწერია კავკასიაში! ალაჰი იყოს შენი მფარველი.

- გამარჯვება ჩემზე იყოს! – ისევ წამოგოროზდა შაჰი, საომარ გზაზე ეს იყო მთავარი.

- ესეც მაუწყე, მისანო, რა ფერისაა ნისლი?

ყველა სდუმდა.

- წითელი?

დუმილი გაგრძელდა.

- თეთრი... კავკასიონის იქითა?

- არა! მექის უწმინდესი ქვისა! – მოიარებით გამოსახა მხცოვანმა.

- შავი?! ეს რაღას ნიშნავს? – და რადგან ყველა შეძრწუნებულად სდუმდა, თავად დაამთავრა: - სიკვდილს?!

მხცოვანმა თავი დაჰხარა:

- ალაჰი იყოს შენი მფარველი, ბედნიერო!

- დამცინი?! – შაჰინშაჰს პირისახე სარკესავით დაებზარა.

- ჩვენ მხოლოდ ცისა და ბეჭის მჭვრეტელები ვართ...

- მეტალ შორს, გამარჯვების იქით მჭვრეტელნი... სახიფათოა! – მერმე თავის ამალას გადაჰხედა, - მზერა დაუმოკლეთ ერთობლივ – და ძვალტყავა ხელი მთელ საჩარდახოს მოავლო.

ყველა დადრკა, მხცოვანი კი გამწყრალად წამოიმართა.

- მზეზე მაღალო! ნუ სცოდავ ალაჰს! მისი სიბრძნე განუზომელია! ჩვენ ვერ მივწვდებით მას. მათ შორის უძლიერესი შაჰინშაჰიც”.

- სახიფათო სიბრძნეა! ენაც დაუმოკლეთ! – სხვათაშორისად დაუმატა ამალისათვის. ბერი წვეროსანი სულ შეშფოთდა. გადაბერებულ ჯიუტობით წამოტოტდა.

- ყაჯარო! მოწმე ვიქნები მაინც! – მერმე მხცოვან სიბრძნით დაეჭვდა და შეასწორა: -მე თუ არა – სხვა! მე თუ არა – სხვა!

- თავიც დაუმოკლეთ, წვერი კი დარჩეს მოწმეს! ჩემს მტერს – გიაურს მაგონებს! ისიც მინდა ამ დღეში ვნახო! – უფრო დაწყნარდა, ხმადაბლად ჩაისივილა და თვალი სხვებსაც სჭიდა...

- ყველას თავი! – თითქოს ფეხი წაჰკრა სიტყვას და ადგა.

აღა-მაჰმადი, შინაგანად, თავდაჯერებული, ძლიერი პიროვნება იყო. რაც სურდა, მხოლოდ იმას ირწმუნებდა. ახლაც მისნობის მხოლოდ პირველი ნაწილი მიიღო, მეაორე კი თავად მისნებს გადაულოცა. მაინც ეჭვიანი თადარიგი დაიჭირა, თავის მემკვიდრედ, ფარულად, ძმისწული – ბაბა-ხანი დასახა და ამით ყაჯართა სამეფო გვარეულობას “ძეშემძლე” დასაბამი მისცა... მაგრამ ისე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა, მათ შორის თვით მემკვიდრემაც.

ერთიც დაიმახსოვრა, მხცოვან მერამლის უკანასკნელი შეძახილი. არა, იგი არ ივედრებოდა, არც მოთქვამდა, როგორც სხვები, ორაზროვნად იღველფებოდა.

- ლმობიერო! მოჰკალ შენზე ჭკვიანი, შენზე შორსმჭვრეტელი. მოჰკალ, მაგრამ თვალებს ნუ დააკლებ! ნუ დასთხრი! ბოლოს გიწევს, მაინც გიწევს! ქვეყანა – თვალია! და არც არის თვალზე უდიდე სასწაული!

ეს ყურად იღო, თვალის მშანთავი ხელი, მერამლეთა გარდა, მოიმოკლა და “თვალთმაქცური” მოიძლიერა.

“დავაბა, უნდა დავაბა მტერ-მოყვარე! განსაკუთრებით – ერეკლე – აფთარი!”

თავის ხასიათის, ბრძოლისწინა ვერაგული ხერხები დაატრიალა. ჯერ უამრავი ჯაშუში, ავი ხმებისა და ჭორების მთხზველნი გაუშვა, თავისი და სხვისი ყალბი წერილები ამრავლა. ერეკლე მეფესაც ერთს რომ პირდაპირ, ლიქნითა და მუქარით სწერდა, სამს განგებ თხზულს, მოხერხებულად “ხელში უგდებდა”. აგრეთვე სათითაოდ ბატონიშვილებს, ყველა თავკერძა თავადს “გამორჩევასა და დიდ მფარველობას” ჰპირდებოდა. ყოველ ფიქრს შავი სარჩული ედო, ხმამაღლა თქმულს კი ნისლი დაჰკრავდა.

- არა, თვალებს არავის დავთხრი, გარდა მოხუცი აფთრისა! რუსეთუმე თვალებს არავის შევარჩენ! დანარჩენთ სპარსეთში გავისტუმრებ. რჯული და ჯიში! მეტს არაფერს ვთხოვ! რაღად უნდათ ჩემი წყალობა! რჯული და ჯიში!

მერმე ძერის სისწრაფით წამოვიდა. ნახჭევანი, ყარაბაღი აიღო... შუშის ციხეს შემოადგა, ერევანში თავისი ძმა ალი-ყული-ხანი გაგზავნა. ყველაფერი მზად ჰქონდა და მაინც ელოდა, ყიზლარსა და ასტრახანში ადრევე გაგზავნილ მსტოვრებს. კარგი ამბავიც მოუტანეს – რუსთ დამხმარე ლაშქარი ჯერაც არ იყო ჩამოვლილი.

მაშინ კი მოახტა ცხენს, შუშის ციხესთან მოალყენი დააგდო, თავად კი ოცდაათი ცხენოსნით, საარაკო სისწრაფით, ოთხ დღეში, ტფილისის მიდამოებში გაჩნდა.

მაინც საოცარ წინააღმდეგობას წააწყდა, ვერა და ვერ გაიტანა წინა სანგრების ფარი. სოღანლუღის ვიწროებში ჩაიჩიხა, თითქოს ადგილის ერთან ერთად იბრძოდა ყველაფერი – ქვა, კლდე, მიწა, მდინარე, მიუხედავად ვერაგად ჩათესლილ ღალატის ბუდეებისა.

და სულ რომ ვეღარაფერს გახდა, შაჰმა გახელებული რამ მოიმოქმედა. ადიდებულ მტკვარს მიეჭრა, ერთი უძლურ სიბილწით, მწარსიტყვიანად დასწყევლა და ცხენოსან ლაშქარს გასძახა:

ვინც ვაჟკაცია, მოვიდეს შაჰთან! მე დახრჩობა მირჩევნია, თუ არ მომყევით! – მერმე აზრი იკრიფა და იეჭვა, უფრო საიმედოდ შეამტკიცა თავისი მგზნებარე მოწოდება, - ვინც ნაპირზე დარჩეს, ცალი თვალის დათხრა! – და შავი, თურქმენული ცხენი მტკვარში შეაგდო.

ხელად შეხმუხა ტალღამ მოიტაცა... მაგრამ ცხენმა იძალა, ომახიანად დაიფრუტუნა და ცურვა იწყო, შაჰს სისხლივით თბილი მდინარე შემოადგა... თითქოს აქაც ოცი ათასი წყვილი თვალი იყო გაწყალებული.

- იქნებ მიწია?!” – მისნის ნათქვამი მოაგონდა... – “მაგრამ არა! ჯერ გამარჯვება! ჯერ გამარჯვება!” – გველთევზასავით იხვეოდა ფიქრი და ტალღა.

პირველი სადიხა-მეაბჯრე მიჰყვა... ახლა სხვანიც, ჯერ შიშით, მერმე ურთიერთის წახედულობითა და შეძახილებით.

მტკვარი აივსო მტრის მხედრიონით. მედგრად დახვდა დედა-მდინარე. მისი არეც სანგარზე ბრძოლას დაემსგავსა... სამასზე მეტი მტერი დაახრჩო და გადაათრია! თვით შაჰსაც თვალიც აუჭრელდა და სულის მოთქმაც მიეტაცა. თავბრუ და ფიქრი აერია. სადიხა-მეაბჯრემ იგრძნო, გვერდში ამოუდგა... ხელი შესტაცა, ცხენზე შეამაგრა...

- თვალები დახუჭე! თვალები!.. შაჰინშაჰ!.. ევალაჰ! – მოტეხილ კბილში გასცრა... საერთო ყიჟინსა და ვიშვიშში ძლივს გააგონა.

- არა, მე სხვას ვახუჭვინებ თვალებს! – ჯიუტად აღმოხდა შეჭირვებულს.

- ცას შეჰხედე... მაღლა, ალაჰის სადიდებლად!.. გამარჯვების ცას! – სიტყვა მოუსხვაფერა მონამ, - ცხენს კი მე მივცემ გეზს... გაღმა კლდეებია!

შაჰინშაჰმა “შვების ცას” შეხედა... მზე იყო... მისი მზე, მაგრამ შავზე შავსხივოსანი!.. ახლა თვალები ცაში ჰქონდა, ტანი კი წყალში! და მთელი ტანით იგრძნო – აღვირი ძარღვივით დაიჭიმა... ცხენმა გეზი იცვალა... თან სულ ახლოს, ყურთან... თავდადებულ მეაბჯრის ლოცვა მოესმა, არაერთხელ მისგანვე გაგონილი, გაჭირვებაში კარგად დაცდილი, რომელსაც სულ ორი, ისიც უცნობი და გაურკვევი სიტყვა და კილო ჰქონდა...

- “მუმლი... მუხასაო... მუმლი მუხასაო...”, “ალაჰ!”

... ბოლოს, თითქოს სიკვდილის მიღმა, ცხენმა ფეხი გაჰკრა ნიადაგს... ესეც მთელი ტანით იგრძნო მხედარმა. მალე წყალიც ჩასცილდა კალთებს... უეცრად შესცივდა დასველებულ შაჰს... ცას მოაშორა მზერა და ქვევით დაიხედა.

ოდნავ წინ, ქვედა გვერდზე, სადიხა მოდიოდა ცხენდაცხენ და “ლოცულობდა”. ნაპირის ბაღებიც არცთუ შორს იყო... მწვანე ხეები ხალიფას დროშებივით იდგნენ... შაჰმა იძალა, ჯერ სადიხას გადაუჭირა მათრახი, მერმე თავის ცხენს შემოჰკრა სველი დეზები და წინ გააგდო.

... უკვე ნაპირზე იყო. მალე სხვებიც მიჰყვნენ, შემოადგნენ... თითქოს მტკვარი გაიტანეს ნაპირზე. აღა-მაჰმადი შეგოროზდა და გამყივანი ხმით შესძახა:

- გურჯების მტკვარი გადავთელეთ! წინ... ტფილისი ჩვენია!

სამათასიანი ლაშქარი, შეცივებულ ძახილს მიჰყვა.

ბაღებში მწიფე ხილის საამო სურნელი იდგა, საოცარი მყუდროება და გაღმაურ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ჭრიჭინას ხმაც კი ვერ დაეხშო.

ახლა სპარსნი, აღმასვლით, გაღმაც მოჰყვებოდნენ მტკვარს და გამოღმაც. თითქოს ტყვედ ჩაეგდოთ დედა-მდინარე!

ქართველები, გაღმა სანგრებიდან, შემოვლის მუქარით, უკან-უკან ბრძოლით იხევდნენ. კრწანისის ბოლოში უკანასკნელი სანგარი აძაგრულად იდგა.

აღა-მაჰმადი კვლავ მარჯვენა ნაპირზე, უკვე ჭალის ფონით, უზიანოდ გავიდა. აქ მტკვარი დაშლილად დიოდა.

სადიხა მეაბჯრე ახლა სულ ბოლოში მისდევდა ლაშქარს, იცოდა, რომ მიუხედავად დიდ, იქნებ სასიცოცხლო დახმარებისა, მან განარისხა ჭირვეული ხელისუფალი. თვალი უთამაშებდა აღა-მაჰმადის უახლოეს და იქნებ უერთგულეს მონამსახურს. მან წინდახედულად გადასწყვიტა, ცხელ გულზე, თვალში აღარ მოჰხვედროდა “ირანის თვალს”. ასე, ლაშქრის ნაკადში “მდინარესავით” მიდიოდა.

წინა წყებები უკვე ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი...

სადიხა გულმაგარი, შეუპოვარი მებრძოლი იყო, ამითი და ერთგულებით დაწინაურდა შაჰის კარზე, მაგრამ ახლა ერთმა გარემოებამ ძირფესვიანად შესძრა. უფრო მეტიც, უკვე აღმართული ხმალი დააშვებინა.

შემძვინვარებულ ბრძოლის კალოს რომ მიუახლოვდა, განცვიფრდა... თავისიანებს მოსხლეტილი ერთი მუჭა გურჯებისა გააფთრებით იბრძოდა, მარჯვედ იგერიებდა ირგვლივ შემოსეულ რჩეულ თურქმენებს. მაგრამ ეს რას გააკვირვებდა თავადაც მედგარ მებრძოლს... ვაჟკაცმა უნდა იბრძოლოს – თავგანწირვა უმაღლესი ზნეობაა!.. გაუგია – გურჯები მებრძოლი ხალხია! მით უფრო “უკანასკნელ სანგარზე”, დედაქალაქის კართან!.. მაშ ფაფის ჭამას ხომ არ დაიწყებენ?!. მაგრამ გალობენ თუ ლოცულობენ ხმალის დავლურთან ერთად?! ან ვინ წაართვა სადიხას ლოცვა? ერთადერთი ბავშვობიდან შემორჩენილი?! ან ვინ ასწავლა ამათ?.. გურჯებს?!

ყური გაფაციცებით მიუგდო... არა, არ სცდება...

- “მუმლი მუხასაო... გარს ეხვეოდაო...”

აჰა, გაგრძელებაც ჰქონია ამ ლოცვას?!. გაუგებარი, მაგრამ უდაო... ხმლებსა და სანგრებში ნაპოვნი გაგრძელება! ომის ორომტრიალში მარცვალ-მარცვალ დაჭერილი და ბრძოლის ბუკზე უფრო ნაგრძნობი!

“მუმლი ჰქრებოდაო... მუმლი წყდებოდაო...

ხე არ ხმებოდაო... ხე არ ხმებოდაო!..”

... ნეტავ რას ნიშნავს ომის ღვიძილში, მებრძოლთ კბილებში გაცრილი ლოცვა?

... და ნუთუ ეს ქართული ლოცვაა?.. მერმე სად გურჯი და სად ბელუჯი! მაშ – იგიც – სადიხაც გურჯი ყოფილა?! ნაგურჯალი და არა ნაბელუჯარი, როგორც აქამდე იცოდა, ტყვედ წაგვრილმა ოთხი წლის ბალღმა, ასტრაბადში, ყაჯართა ხანების ყულად გაზრდილმა. მერმე აღა-მაჰმად საჭურისის ხელის მსახურად შერჩენილმა, მხოლოდ მან, გამრჯემა და თავდადებულმა, ყოვლად უშიშარმა და მარჯვემ, შესძლო ეჭვიანი აღა-მაჰმადის შერწმუნება, მისი ფათერაკიანი ცხოვრების მონური გაზიარება და ნდობის დამსახურება.

აღა-მაჰმადმა წყალობა არ იცოდა! დასაჩუქრებას ყველას ვალად და ქრთამად მიუთვლიდა. მაგრამ დაფასებით კი ფრიად აფასებდა საჭირო ხალხს. არც იშორებდა. სადიხასაც გულღჯუდ არჩევდა და ხელახლო ჰყავდა.

ერთმა შემთახვევამ, ცრუმორწმუნე შაჰს, საბოლოოდ “დაუდასტურა” სადიხას ლოცვის მაგიური ძალა. მისი შინაარსი ან წარმომავლობა არც ერთმა არ იცოდა.

შაჰის ტახტისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ყაჯარს, საერთოდ უშიშარს, შიში ჩაუვარდა გულში. უკანასკნელ ზენდთან, ნადირ-შაჰის შთამომავალთან, ვერაფერს გახდა. ეს მეორედ მოადგა ქაშანის გალავანს. ახლაც ამაოდ. მაშინ “საღალატო მასალა” – ოქრო და მუქარა დაატრიალა ფარულ მეკავშირედ, თავისი მეაბჯრე – სადიხა გაუშვა. მისივე “ლოცვა” დაუდო ნიშნად... და აი, შუაღამისას, ყველაზე მოშორებულ და მიუვალ კარიბჭის მინარეთზე, გაისმა “მუმლი მუხასა”. კარიბჭეც გაიღო. აღა-მაჰმადი მაშინად, ისევე როგორც აქ, მტკვარზე, პირველი შეიჭრა ქაშანში. ამ ალაყაფს მერმე “ტახტის ალაყაფი” უწოდა.

...მტკვრისპირა სანგარზე და ზედა გორაკებზე ბრძოლა შეუპოვარი ძალით გიზგიზებდა. ხელჩართული ომის უთავბოლო სხეული ზათქითა და ზრიალით იდრიკებოდა, ბორიალობდა, სისხლიანად დაალაჯებდა. ყველა და ყველაფერი მოძრაობდა – კაცი, ცხენი, მიწა, წყალი... ქალაქის გალავანი თუ შემოგარენი... დიდი, ფიცხელი ოდიგარი უსაშველო დოლაბივით ბრუნავდა.

სადიხა კი ბრძოლის პირას გაშეშებულად იდგა, გაჩხიბული და თითქოს შუაზე გაპობილი. გულის სიღრმიდან, მეხსიერების ფსკერიდან, მიწისძვრასავით, ფორიაქი მოდიოდა და აძრწუნებდა...

“ვის ვებრძვი, ვის? ჩემს ლოცვას? ერთადერთს... თურმე აქედან შემორჩენილს?! ამ ლოცვის გამჩენთ მოვუხტი და ვსპობ?!

მალე “ლოცვა-გალობა” შეწყდა. აღარც ერთი “მგალობელი” აღარ იყო ცოცხალი. ირგვლივ ოდრიკალ-ოდრიკალად ეყარა გვამთა სიმრავლე, ბრძოლის შუაცეცხლმა კი ქალაქისკენ გადაინაცვლა.

გვამთა ოდრიკალებს მიჰყვა სადიხა. ახლა კი თავგამეტებულ სირბილით მიჰყვა... არა ეს დაგვიანებულის იერიში არ იყო, არც ჩამორჩენილის ხელის გამოღება. ლოცვადაკარგულ ადამიანის უნებური ლტოლვა იყო, იქითკენ, სადაც ახლა უკვე შემეცნებულად თავის “ლოცვის” ძირი ეგულებოდა. კაცი მისდევდა ომში ჩაძირულ ლოცვას...

ქალაქი ქუხდა. ჯერ კიდევ ქუხდა. მაგრამ ძველმა მებრძოლმა იგრძნო, რომ “მისი პატრონის” ლაშქართსიმრავლე უკვე იშლებოდა ფრთებში. ზედა მხრიდანაც წამოადგნენ ბრძოლის ცერებზე შეტრიალებულ კრწანისს.

“ლოცვადაკარგული მებრძოლი”, როგორც იქნა, მისწვდა აღა-მაჰმადის გაშლილ დროშებს. იგი, აღა-მაჰმადის მეაბჯრე, აქ უნდა ყოფილიყო თავიდან, მაგრამ პირველად თავის სიცოცხლეში იგრძნო, რომ ეს ადგილი მისთვის, არსებითად, მოღალატის ადგილი ყოფილა!

იგრძნო და სულ აირია.

- სადიხ! შაჰინშაჰთან! – ცხენი მოაგდო შაჰის ფარეშმა, ხუდადამ, - სად ხარ? გიკითხა!

უეცრად, გულის მორღვეულ კარს, თითქოს დიდი, შავი ხუფი დაედო. ყველაფერი დაადუმა. სმენისა და თვალის მიღმა დასტოვა. ვაგლახ! სადიხა ნაგურჯალს სხვა გრძნობებიცა და სახსრებიც გააჩნია, მაგრამ შაჰის სახელი ყველაფერს ჰფარავს. აქვს კეთილშობილური მოყვასობაც, მტკიცედ მებრძოლი მკლავიც, ჯანიც, დაკუნთული მსხვილძვალა სხეულიც. მაგრამ შაჰის კარზე ჩატეხილი კბილის სუსხიც შეუცნობლად მაინც ახლავს. მაინც ახლავს! აქაც, “ლოცვის ომშიაც”... სადიხასაც ჰქონია თავისი კრწანისი, თავისი მტკვარი... ისიც კაცი ყოფილა და არა “ძვლების გუდა”, “მონობის ცოცხალი ხორცი!”

... მაგრამ შაჰის სახელი ყველაფერს ჰფარავს!

სადიხა აკოჭლებულ ცხენს მოახტა და შაჰინშაჰის გორაკს მიაშურა. ჩატეხილმა კბილმა ყველაფერს სძლია.

- ჩემთან იყავ... მალე აბანოში ვიქნებით! – მოუბრუნებლად გადმოსძახა ჩია შაჰმა და შუბოსან თურქმენებს შეუძახა.

სადიხამ ვერ გაიგო რა... “სისხლის აბანოს” თუ გულისხმობს? ნუთუ კიდევ აკლია სისხლი?!

ზედაც გორაკის ძირობებს, არწივის რიხითა და შუილით ჩამოუქროლა ზეიდლის აბჯარში მჯდარმა ტანმკვრივმა, თეთრწვეროსანმა და მისმა მოზრდილმა გუნდმა. მათი მოსვლა თამამი და მეხის ძალისა იყო. სახნისივით გადიოდნენ, მერმე თელავდნენ მომხვდურთ. თურქმენებიც ისევ გორაკზე შემორეკეს.

- ეგ არის მეფე ერეკლე! – შაჰს მოახსენა გაფითრებულმა ჯავად განჯელმა, ზედაც შაჰის “შავი მეგზურები” – ძმები შაჰნაზარები ზარდაცემულნი მოცვივდნენ...

- მეფე ერეკლე მოდის!.. ერეკლე – გურჯი!

- ათას სარდალში გამოვიცნობ! იქნებ გავეცალოთ?

- ამ გადაბერებულს დამიხედეთ?! მე მებრძვის ეს მოხუცი?! – ანჩხლად შეჰკივლა აღა-მაჰმადმა და ჯავადს, უკვე ჩუმად, სულ უცნაური რამ შეეკითხა: - რამდენი შვილი ჰყავს ამ ბებერ ფოცხვერს?

- 18...

- თვრამეტი?! – გული მოეწეწკა საჭურისს, - კიდევაც ამიტომ იბრძვის ასე! მაგას კი დავთხრი თვალებს! ცხელი აბანოც ვეღარ უშველის!

... ქართველებმა კი შაჰის დროშას მოატანეს... აღა-მაჰმადი სულ გავეშდა...

- ნასახჩ-ბაშების მთელი ლაშქარი წამოაყენეთ! ვინც უკან დახეული ნახონ ყიზილბაშნი – იქვე გაწყვიტონ!.. ერეკლე კი შემიპყარით! ჯილდოდ ნახევარი ტფილისის ქონება! – მთელი ლაშქარი შეუსია... სრული მარქაფი დასძრა. უკან დასახევიც გადაუწურა.

- ერეკლეს შეპყრლბაში – ნახევარი ტფილისის ქონება!.. ჯილდო – ტფილისის ქონება! – ყიჟინებდნენ შაჰის შათირები.

“ქონება” კი ჰქუხდა, ცეცხლის ენებად იღველფებოდა და სრულიადაც არ სურდა “არც განახევრება” და არც “ალაფად დარჩენა”.

ერთი ყუმბარა შაჰის ცხენს მოხვდა და თავი მთლიანად წააცალა. ჩია კაცი სულ მოიკუნტა და ქართულ მიწაზე ზღართანი გაიღო.

ამალოსნები მისცვივდნენ. მუსიფოდენა ცოცხალი და უვნებელი აღმოჩნდა. სადიხამ, შაჰის მარქაფას მოყვანამდე, თავისი ცხენი, თავისი ხელით მიართვა, მაგრამ თვალებში კი აღარ შეუხედავს. ჩატეხილი კბილი ენას დააჭირა და კვლავ ჩამორჩა. თითქოს მასაც დასთხარეს თვალები... ვეღარაფერს ჰხედავს, გარდა დიდი შავ-თეთრა, ზოლებ-ზოლება მოძრაობისა... შავები მიიწევენ... ზღვავდებიან, გარს ერტყმიან... ეხვევიან... თეთრები კი დნებიან, თოვლივით დნებიან... წითლად, თითქოს ყაყაჩოებად კი ეფინებიან, ტანით ჰფარავენ, გარინდებულად ეფერებიან კრწანისის დათქერილ მიწას.

- შეიპყარით, არ გაუშვათ! – გამყივანი ხმით კიოდა აცახცახებული აღა-მაჰმადი, მან საოცრად აკვიატებული, მიბორკილი ფიქრი იცოდა... ამ აკაფულ-ჩაკაფულ ომის ორომტრიალშიციაც მხოლოდ ერთს – “ჯმუხა თეთრწვეროსანს” ჰხედავდა და გრძნობდა...

... და მაინც ესმოდა სადიხას...

- წაგვივიდა! წაგვივიდა!.. გაკაფეს და გავიდნენ! არ დაინდოთ არავინ! კვინიხამდე ადიოდა მკაწრავი ხმა... – ტფილისს თქვენს ნებაზე მოგცემთ!

... სადიხა კი ახლა სხვანაირად ჰხედავს... წავეთი – უამრავი მუმლი ყოფილა... ტფილისი კი “მუხასავით” დგას. მუმლი ეხვევა მუხას... აუხსნელად გაიგო, შინაგანად მიხვდა... თუმცა თავადაც მუმლია ამჟამად! იმუმლა! თურმე არ იცოდა და იმუმლა!.. ვაგლახ! რაღა “მუხასავით” არის ტფილისი, როდესაც მებრძოლები, კისკასა მებრძოლები შემოეხარჯნენ! შემოაცვდა ქალაქს ცოცხალი ჯავშან-გალავანი!. და... ვაგლახ, აღარც თუ შორს არის თავადაც, აბჯარშელეწილი და მაინც მომხიბვლელი და მჭექარე!

...ახლა ჩია შაჰისა და გურჯი დედის შორის აღარც მთელი სანგარია, აღარც ცოცხლად დარჩენილი ადგილის კაცი... აღარც სანუგეშო მანძილი... მკვდრები კი სწორედ იმიტომ არიან მკვდრები, რომ ხმლებს ვეღარ იქნევენ სამშობლოს სახსნელად!.. ვაი რომ მუმლი სძლევს მუხას!.. სადიხა თავად ჰკლავს თავის ლოცვასა და სალოცავს!.. ლოცვასა და სალოცავს!

... რა ვუყოთ, რომ უსადიხოთაც აიღებდნენ ტფილისს... ისიც ხომ მათ შორისაა! იმუმლა! საჭურისის – საჭურისი ყოფილა, ვაჟკაცი და საღ-სალამათი კაცი!

... მზე ჩადიოდა, როდესაც გამარჯვებული და მაინც ჩია, ტფილისში შევიდა. ქალაქი უკვე იწოდა. უბან-უბან სროლა-ბრძოლა და ძარცვა-გლეჯა მძვინვარებდა. გალავანზე მეზარბაზნენი უკვე ხელჩართულად იბრძოდნენ, ხიდთან და ვიწრო ქუჩის თავებში განწირულთა შერკინება გრძელდებოდა... ქალთა და ბავშვთა კივილი ღრუბელივით ეკიდა.

შეგოროზებული შაჰი უკვე ფეხმაღალა “გამარჯვების ცხენზე” იჯდა. სიხარულს ვეღარ ჰფარავდა... ჩალეული სახე ღიმილში უფრო დამანჭოდა... თვალებში კი ტფილისის ხანძრების ანარეკლი ენთო.

“შაჰის ნაჯდომი ცხენი” აღა-მაჰმადმა სადიხას უკან “უწყალობა” და აბანოში გაგზავნა.

- ჯერ მეფის აბანო! გოგირდისა! ბუნებით ცხელი!.. შენ ლოცვასავით ჯადოსნური ძალისა!.. კიდევაც იმიტომ, გურჯ ერეკლეს, ამდენი შვილები?! – ახლა თავმოყრილ სარდლებს მიუბრუნდა: - ხალხი თეირანს წამომისხით! მაგათი ჯიში მჭირდება! ჯიში და ჯილაგი!.. ესენი ცოტა მეტნი რომ იყვნენ – ქვეყანას დაიპყრობდნენ!.. ნახეთ მაგათი ბრძოლა?!

მართლაც, ჯერ აბანოში წავიდა. მოიწონა მარმარილოში ჩასმული, თაღებად მოპირკეთებული, მრავალ წყაროდ მოჩუხჩუხე... თბილმა გოგირდოვანმა სუნმა, გამარჯვებულს, ომის “სურნელი” უფრო გაუმახვილა და მოასურვილა.

არვინ იახლა გარდა სადიხასი... ხუდადა-ფარეშს ერეკლეს ქოშები დააძებნინა, მერმე ისიც გაუშვა...

თავად გაიხადა... ასეთი ჩვეულება ჰქონდა... შიშველი სხეულის დანახვას ყველას არიდებდა. თავისი ტანშიშველობის სიძულვილი ბავშვობიდანვე ჰქონდა შერჩენილი... აქ ბუდობდა განუკურნებელი ტკივილი.

სადიხა შეაბჯრული ადგა თავზე და არ უმზერდა... იცოდა ეს ამბავი და თავის თვალებს უფრთხილდებოდა.

ერეკლეს ქოშები ედიდა... აქაც დაუმეტოქა ფიქრი...

“ფეხიც ჩემზე დიდი ჰქონია!.. მიწაზე კი მე უფრო მყარად ვდგავარ!.. მხოლოდ შთამომავლობა?!”

ქოშათრევით მივიდა, მაგრამ გოგირდოვან წყალში რომ ჩაწვა, თავისი უძლური და კაფანდარა სხეული ძლევამოსილად მოეჩვენა. ნებიერად გაიზმორა, ცხენზე ჯდომით მოღლილი ტანი მოანებივრა.

არც ქისა ინება, არც საპნის ჰაეროვანი ქაფი. წვრილ ნესტოებს ჰბერავდა და მარად ცხელ წყალს შემპარავად ეალერსებოდა, თავისი ცხოვრების უდიდესი გამარჯვების მომპოვებელი შაჰი, აქ თავმოქაჩლებულ მთხოვნელად ქცეული, რაღაცას ევედრებოდა, შემომდგარ, ცხელ საამო ბუშტუკებიან “ჯადოსნურ ძალის” წყალს.

ზურგშექცეულმა სადიხამ ინიშნა, რომ უძლეველი შაჰი, უძლურებისგან განკურნებას მოელოდა და წამოდგომას აგვიანებდა.

დერეფნებსა და მოსაცდელებში სარდლები და დიდკაცები ელოდნენ ჩია მობანავეს. იგი, ჯერ არნახულ სიმაღლეზე იყო... ვინ იცის – რას ინებებდა?!

გარენთ, ქალაქში ტყვევნა-ძარცვა, სასოწარკვეთილი შებრძოლებაც გრძელდებოდა... მაგრამ ყველას რიდის თვალი აბანოსაკენ ჰქონდა. ვინ იცის – რა “სასწაულით” აღნიშნული გამოვიდოდა ერეკლეს აბანოდან, მზეზე მაღალი ჩია?! რა კილოს მისცემდა საქვეყნო საქმეს!

დიდხანს ანებივრა სახელოვან წყალში საჭურისმა თავისი სხეული... მაგრამ “სასწაული” არ მოხდა. ბოლოს გამოვიდა და აბანოს დანგრეძე ბრძანა.

ხელად მთელ ქალაქს მოედო დიდი ნგრევის ზათქი. ახლა “აბანოს ცეცხლი” გაუნთეს ქუჩებს, მოედნებს, ქარვასლებს...

სადიხას სული შეეხუთა. ტფილისის კვამლი მას გაუკითხავად ახრჩობდა, სასუნთქავ ღდინში სწვდებოდა. ვეღარ აიტანა, დრო მოიხელთა და აღა-მაჰმადს გურჯი-მეფის მდევრად წასვლა სთხოვა.

- წადი... დაგიფასებ ერთგულებას! – მერმე ეჭვიანად შემოაბრუნა, გამჭოლად შეაჩერდა, - შენ გესმის გურჯის ენა?

სადიხა შეკრთა, შინაგანად დაიძაბა...

- არა, აბა საიდან... ბელუჯს, მზეზე მაღალო?!

- ჰო, კარგი... წადი! მერმე გურჯი–ფოცხვერის თვალდასათხრელ შანთს შენ გამიმზადებ!

სადიხა სულ დაიბნა... ისევ ჩატეხილმა კბილმა იხსნა, ენა მოუწეწკა და დაუხშო... მერმე ალღომ გაარიდა და გადაარჩინა... თორემ აღა-მაჰმადს, გამარჯვებულსაც, ნათოფარ მელის ეჭვი და მშიერ მგლის ყნოსვა ჰქონდა.

სადლიხა მეაბჯრე აგრაგვისაკენ გაჰყვა ქალბ-აღი-ხანს, როგორც შაჰის პირადი თვალი.

ავჭალა სულ უსულიეროდ დახვდა. მცხეთაშიაც გახიზნული იყო მოსახლეობა. ზოგ მოხუცებსა და დავრდომილთ წააწყდნენ. აღარც ისინი გაუშვეს.

დიდ თარეშს უკან ნგრევისა და ხანძრის კუდი მოსდევდა. სადიხა თავდახრილად, მუნჯად მისდევდა გამეკობრებულ ლაშქარს, გულ-ღვიძლში კი მუმლის საბრუნელა უტრიალებდა.

თვალს სვეტიცხოველი რომ შემოეფეთა, დაძაბულმა მეხსიერებამ ახლა ნაპერწკალი გაჰკრა და სადღაც, შუბლის არეში ბავშვობის მიფერფლილი სამყარო შეურღვია. თვალი ვეღარ მოაშორა მაღალ გუმბათს. დაწინაურდა, თითქოს ვიღაც მძლავრად ეწეოდა.

გალავნის კარიბჭე ჩამოგდებული დახვდა. ტაძრის ეზოში კი აღარავინ იყო... გალავანზე ერთი, ალბათ, შეხიზნული ბიჭი იჯდა და თვალებს აცეცებდა... უამრავი შავი მერცხლები გარს უვლიდნენ გუმბათს.

- მუმლი?.. ისევ მუმლი?! – უნებურად წამოიძახა, მაგრამ კიდევ იძალა სინამდვილის გრძნობამ, - ალაჰ! მუმლი და მერცხალი ამერია!

... ამას კიდევ გაუძლებდა, მაგრამ მეხსიერების არევას რაღა უყოს? იქაც ერთად არეულა მუმლი და მერცხალი!.. მუმლი და მერცხალი!..

... ირგვლივ ლაშქრის დენა... ხანძარი... ხელშესწრებულ ხიზანთა კივილი, კანტიკუნტი შებრძოლება... მაგრამ თავი ბრძოლა და კივილი საფეთქლების მიღმა სიღრმეშია – მეხსიერება ებრძვის აწმყოს და ტაძრის ირგვლივ წარსულის ლანდები ბორიალობენ!.. გალავანზე კი ბიჭი ზის და ზის!

... უეცრად სვეტიცხოვლის კამარიდან მტრედები ტაშის ცემის ხმაზე აფრინდნენ... სადიხასათვის ეს მიწისძვრას უფრო უდრიდა...

- ჩემი ბავშვობის მტრედები!

ყველაფრის ერთბაშად გახსენება ამობრუნებულ ჭასავით მოდიოდა...

... აი, ბიჭი გალავანზე რომ გადმომჯდარა, განა იგი სადიხა არ არის?.. არა, სადიხა არა... რაღაც სხვა ერქვა! ის “სხვასახელა” რამდენჯერ მჯდარა ასე! ერთხელ ნამგალა მერცხლების ბუდეს ეძებდა, ჩამოვარდა, მუხლი დაჰკრა... აი, აქ... კვირისთავზე წანაზარდი ახლაც აქვს... დასამოწმებლად ხელი მოისვა და დიდხანს იზილა. აი, საბარკულის ჩაცმისას მუდამ თავს შეახსენებდა ხოლმე. გულს დავიწყებია, თავს დავიწყებია, მუხლს კი არა!..

“მუხლმა არ მიმუხთლა! კვლავ აქ მომიყვანა!”

- ეჰე, ბიჭო, ვინ ხარ? აქ მოდი! – სპარსულად შესძახა და ხელი დაუქნია. ბიჭი უფრო გაჩოჩდა კედელ-კედელ და გაქცევა დააპირა. სადიხა მიხვდა, რომ ამ ბიჭისთვის იგი “საძულველი სპარსია”, ტფილისის ამაოხრებელი, მცხეთის ამკლები!.. “ამ ბიჭისათვის” კი არა – სწორედ ასეთია ეს “ნაგურჯალიც”! დიახ, “ნაგურჯალი” და არა “ნაბელუჯარი”, როგორც აქამდე იცოდა და ეგონა. მას ეგონა, თორემ მის შაჰს, ჩანს, ჩცოდნია და მაინც წამოიყვანა გურჯისტანში... აკი შეეკითხა კიდევაც – ენა თუ გესმისო?.. რა დიდი იმედი ჰქონია გადაგვარებისა... “ნუთუ სიავე უფრო მყარია, ვიდრე სიკეთე?! აკი მუდამ ვერაგობით იმარჯვებს, თანაც გაიძახის, მაგათი ჯიში და ჯილაგი მჭირდებაო! საჭურისი მე ვყოფილვარ, მე! და არა იგი!.. თავის ერს ვინც ჰკარგავს – საჭურისია!”

- შემოტრიალდა, აქ გალავნის ახლოს... დაბალი სახლი. ძველდარბაზი, ქვაკაცა... ჰხედავს თუ აგონდება?!.. აი მისი ბავშვობის სამყარო – ქვაკაცა და გალავანი... ორი მდინარის ხერთვისში... თითქოს ორ მკლავს შორის! ახლა ორმაგად ჰხედავს... მის წინ, კაცზე მაღალი ქვაკაცა ძველებურად იდგა. სახლი კი ჩანგრეული იყო, დედაბოძი ჯერაც ბოლავდა.

- ...მეზობელი სახლის ნანგრევებში ერთი მოხუცი ეგდო. ისიც სულთმობრძავი და “ნანგრევებიღა” იყო. მომაკვდავი სპარსულის მცოდნე გამოდგა.

- აკსაკალო! შველას მოგცემ... ორი სიტყვა მითხარი...

- ჩემი შველა – სიკვდილია!.. ერთი დოქი წყალი... აი იქ, გალავნის ძირში დგას... იმ ბიჭს მოჰქონდა... შენი შეეშინდა!

- მოგიტან! – სადიხამ მოუტანა დოქი და მხოლოდ მერმე შეეკითხა: - ის ბიჭი ვინ არის?!

- მეზობელია... აი იმ დანგრეულ სახლიდან... ქვაკაცა რომ დგას! მამა კრწანისიდან აღარ დაუბრუნდა... დედა და წვრილშვილი სამალავში ნახეს... წივილით გარეკეს... სახლი გადასწვეს... ეგღა გადაურჩათ, გალავანზე შეესწრო!

ნაწყვეტ-ნაწყვეტ მძიმედ დამარცვლა.

- რა გვარისა იყვნენ – ქვაკაცისანნი?

- გვარისა?! – აღარ ესმოდა მომაკვდავს. სადიხამ წყალი ასვა.

- რა გვარისა-მეთქი?

- ხელაშვილები... ხელმართალი ხალხი იყო! – გადაშენდა დიდი ოჯახი... მტერმა მოსპო...

სადიხამ ხელებზე დაიხედა... შავი სიწითლე დაჰკრავდა... საკუთარი ოჯახის გადაშენების შავი სიწითლე!.. მეხსიერებამ სულ ააფარა ხელები თვალებზე. მკაცრი, შებრაზებული ფიქრიც კი გაუჩინა... “გადაშენება სჯობს გადაგვარებას”!.. მაგრამ აქ, ვგონებ ორივე იყო!

- ხელაშვილებს... ხომ არავინ აკლდათ, ორმოცი წლის წინათ, ასევე აკლების დროს გატაცებული?!.. მითხარი... ესეც გამაგებინე... აჰა, წყალი! – თავი აუწია, დოქი პირზე მიუყუდა, წყალი თეთრ პეშვებზე გადაადინა...

- სიკვდილი მაცალე მამაშვილობასა!.. მტერი კი ხარ, მაგრამ... სიცოცხლეს ხომ არ გთხოვ... სიკვდილს!

- არა ვარ! არა ვარ მტერი!.. არც გაცლი... ვიდრე არ მეტყვი...

- ავი ყოფილხარ! – ძლივს აღმოხდა მოხუცს.

- გამაავეს, აკსაკალო! გამაავეს! და არც ვიცოდი, ისე!

... მაგრამ მოხუცი აღარ უსმენდა. იგი ან კვდებოდა, ან ჰფიქრობდა... იგონებდა რაღაცას... ან ბერიკაცულად – ორივე ერთად მოედინებოდა – ფიქრი და სიკვდილი!... ფიქრი და სიკვდილი!

სადიხამ ხელი შეუშვა, ახლა ყური უახლოვა, მოხუცის ჩურჩული დაიჭირა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ აკემსილად ააბა...

- აკლდათ... ერთი ბავშვი მოსტაცეს... მახსოვს ოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, ჩემი ნათლული და იმიტომ მახსოვს – ანდო... ანდრია დავარქვი!..

მეტის გარჩევა ვეღარ შესძლო სადიხამ. მოხუცი სულს ღაფაძდა, თვალებს თეთრად ელმავდა... აღარც წყალმა უშველა, აღარც გულის მოღეღამ.

- მე ვარ... იქნებ მე ვარ ანდრია?!. შემომხედე... შემომხედე... ნათლიავ, იქნებ მე ვარ?!

მოხუცი კარგა ხანია სულგაყრილი იყო. სადიხა კი კიდევ ეჯაჯგურებოდა გულისპირზე და ჩასძახოდა... ჩასძახოდა, ვიდრე ქვა არ მოხვდა ზურგში.

შემობრუნდა. ბიჭი გალავან-გალავან ახლო მისულიყო და ქვებს ესროდა.

სადიხამ ხელი შეუშვა უსულო გვამს, მოხუცის უბიდან ამოყოლილი, მცირე ბზის ჯვარი შერჩა ხელში. ახლა ბიჭს დაუქნია ხელი და იხმო. მაგრამ ბიჭი ამოეფარა გალავნის შერჩენილ ქონგურს და “სპარსს” ქვები უფრო დაუშინა.

სადიხა აღარ მოჰრიდებია ნასროლ და “იქნებ დამსახურებულ” ქვებს. – მესროლე! მესროლე!.. ჩამქოლე და მანუგეშე! სვეტიცხოველს კიდევ ჰყოლია მცველი!.. შენი ადგილი აქ არის! არა!.. არც წაგიყვან!

ცხენს მოახტა და გალავანს ჩაუარა. ბიჭი გამხნევდა, ქვების სროლით, ქონგურ-ქონგურ მოსდია.

ახლა კი ააჩქარა ცხენი მხედარმა. მიჰქროდა მოკრუნჩხული და თითქოს ტაძრის გალავნიდან, დანგრეულ სახლებიდან, ცეცხლმოდებულ კარიბჭეებიდან შიგ კვინიხში სცემდნენ ქვებს!.. ჩასაქოლად მოსდევდა თავად სვეტიცხოველი, მტკვარი, არაგვი... მეხსიერებაში აღმდგარი მშობლიური ადგილ-მამულეთი, მთელი სამცხეთო, ალბათ მთელი გაწამებული საქართველო.

მისივ ბავშვობა მოსდევდა მისსავე მოწიფულობას... სძრახავდა, ამტყუნებდა, არცხვენდა და ამარცხებდა... ჰოი, რა საშინელია – სამშობლო ქვითა და კრულვით რომ დაედევნება შობილს!

...

ნაგურჯალს სულ გამოეცვალა ხასიათი, თითქოს ენა წაერთვა, საკმაოდ მჭევრმეტყველს. ახლა იცოდა, რომ ეს მისი დედაენა არ იყო. სხვის ენაზე მეტყველებას კი მაშინ აქვს ფასი და გემო, როდესაც თავისი უკეთილესად იცი! სხვაფრივ უცხო ენის გალიაში ხარ.

აბა შაჰის კარზე ვის რას გაუმხელდა. გულში ჩაიხშო თავის შეცნობით მწარე სინამდვილე და მარტოსულად ჩავარამდა. მეგობართმოძულე და უმოყვასო გახდა. თითქოს პირადი ვაჟკაცობაც შემოეძარცვა... რაღაა იგი პირადი... უკეთუ, მტერთან ერთად, შენიანებს სამყოფელსა და სალოცავებს შეუბღალავ?!

მეყვსეულად მოპოვებულ სამშობლოს მეწამული ლანდი ხანძრად ამოადგა სულში და რაღა ჩააქრობდა ამ სახმილს?! მით უფრო, რომ ჩია-შაჰი სულ მოვერაგებას უპირებდა მთელ საქართველოს. ხან დაყვავებით, ხან მუქარით ეჯიქურებოდა ერეკლეს. ქალაქში ვერც ჩერდებოდა გამარჯვებული, გარე-ბანაკში უფრო იყო. თითქოს მიწა ეწოდა ირგვლივ, ერეკლეს სასახლეში ერთი ზეიმი გადაიხადა, მერმე გაძარცვა და დაანგრევინა. ასევე მოსპო სხვა დიდებულთა სასახლენიც. მოპოვებულ დიდ გამარჯვების დაკარგვის შიში ჩაუვარდა... მ აინც არაგვზე გაგზავნილი ლაშქრის დამარცხების შემდეგ.

- ქართული ქვა, ორი ერთად, არ იწყოს აღა-მაჰმადის გზაზე!

ერეკლესთან, ამ შიშით ნაკარნახევი, მოლაპარაკებაც სცადა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.

არაგვის მარცხის შესახებ სადიხამ თავად მოახსენა “საკუთარ თვალით ნანახი”. გურჯთა ძალა შეზვიადებულიც გამოუვიდა. ახლა უკვე თავის სურვილსა და სინამდვილეს “ძველებურ-სადიხურად” ვეღარ მიჯნავდა.

ტფილისში დიდხანს ვეღარ დადგა მპყრობელი. ერთი კვირა ძლივს აიტანა. შაჰის სწრაფი უკან წასვლა გაქცევას უფრო ჰგავდა. გზაც სხვა ირჩია... ერევანზე გავლით – თავრიზს წასვლა. უკან დიდი, შავი კვამლი და ნაოხარი რჩებოდა. ასე ჩაღველფა ერევანი, ნახჭევანი, მარანდა... გურჯთმოძულე გული კიდევ ვერ მოიოხა და ლაშქრის უმრავლესობა თავრიზს დააგდო. თავად კი პირად ამალითა და ცხენოსან ლაშქრით თეირანს გაიჩქარა, განდგომილ ხორასნის მოსამტკიცებლად.

სადიხა თან გაიყოლა. ახლა სულ თავგზააბნეული იყო მეაბჯრე. თითქოს ახლა პირველად გაიტაცეს მცხეთიდან. თავს უბედურზე უბედურ ტყვედ გრძნობდა. თუმცა უამრავ ქართველ ტყვეებს თვალს ვერ უმართავდა და სათოფეზე არ ეკარებოდა.

გზაში მათ დაეწიათ კავკასიონს აქეთ რუსთა შემოჭრის ამბავი.

დაგვიანებული მფარველის ერთი რაზმი დარბეულ ტფილისში შემოსულიყო. მეორე, დიდ ლაშქარს, დარუბანდით – მტკვრის შესართავამდე ჩაევლო. აქ – რუსთა ციხე-სიმაგრის აგება ეზრახათ. მაგრამ ბედი სწყალობდა ჩია შაჰინშაჰს. ერთმა წელმაც ვერ მოიყარა თავი. ხეირიანად ამბავიც არ იყო მიმობრუნებული პეტერბურგსა, ტფილისსა და თეირანს შორის, რომ რუსეთის დედოფალი ეკატერინე გარდაიცვალა და რუსთ ლაშქრობა შეწყდა. მერმე უკან დაგორდა. მათ არც პირველგზაზე შეჰხვედრიათ წინააღმდეგობა, არც მერმე არ ჰყოლიათ მდევარი.

ჩია შაჰმა რუსთა წასვლა უმალ გამოიყენა... ათასერთი ფირმანი დაუგზავნა კავკასიონს აქეთა დიდკაცთ... რუსთ “კუდამოძუებული წასვლა” თავის “ძლევამოსილებას” მიაწერა, ყველა დაშიშა, მძევალი და თავის დაკვრა უბრძანა. თავრიზს დატოვებული ლაშქარი აღარ იკმარა. თავად არდებილს ამოვიდა და ახალი, სწრაფი ლაშქრის შეყრა ბრძანა. ერევანზე კვლავ თავისი ძმა, ალი-ყული-ხანი გაჰგზავნა, საქართველოზე შიშის თარეშის გასევა დაავალა.

უხვ მკალიანობის წელიწადი იყო. ჯერ ფრთაშეუსხმელი სარანჩა ღოღავდა ყველგან. უღრუბლო გვალვა იდგა. ლაშქარიც სარანჩასავითა გროვდებოდა და ფრთებს ისხამდა.

ბოლო თათბირს, შიდა კარის მცველად, სადიხაც დაესწრო. ყველაფერი თავისი ყურით მოისმინა. ჩიამ, ამჯერად “უფრო მკაცრი ხელის” გეზი დასახა, “შაჰაბაზურს” – “აღამაჰმადურიც” დაურთო, ნახჭევნელებს, შექელებს, თალიშელებს, სომხებსა და, განსაკუთრებით, ქართველებს საერთო აყრა და მაზანდარანსა თუ ასტრაბადს გადასახლება დაუთქვა. მერმე მეფე ერეკლესა და იბრაჰიმ-ხანის ხელში ჩაგდების ფართო ფანდები დააწყო.

ერეკლესთან არა ელჩის, ხელშინაურად პირადი შათირის გაგზავნა იზრახა. მუქარითა და დაყვავებით დაწნული ფირმანი თავად უკარნახა, რუსთ აუგითა და გაკილვით აღავსო, “დიაღ იმედიანად და ხათრიჯამობით” თავის კარზე იწვია თვით მხცოვანი მეფე ან მისი შვილი “მრავალფერი წყალობის მისაღებად” და “რომელიც გვიბრძანებია, თუ ისე არა ჰქმენ – შენ იცი!”

ეს “შენ იცი” ცეცხლად და ნაღველად მოედო სადიხას. განსაკუთრებით, როდესაც გაიგო, რომ შათირად სწორედ მას აგზავნის შაჰი. ვერასგზით ვერ გაეგო, რაღა მაინცდამაინც მას დაავალა ეს შათირობა?! არა, სხვა დროს, სხვაგანაც არაერთხელ ყოფილა, შაჰის უშუალო თვალად გაგზავნილი, მაგრამ ახლა, საგანგებო, მზაკვრულ არჩევან ჰგავდა...

“ეჭვი თუ აიღო შაჰმა... და მცდის, ან მიშორებს?!”

სადიხა ფრიად ფრთხილობდა, არაფრით ემჟღავნებინა “გვიანქართველობის” თვითგამორკვევა. ეს მაშინვე “თავის ფასად” დაუჯდებოდა... მაგრამ სულ სხვა რამ გამოირკვა...

გზადაგზა, რბევის სურათი, ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებად ჩანდა... ციხეთ ნანგრევები და ნასოფლარები ურთიერთს სცვლიდნენ... მაინც საქართველოს მიწა-წყალზე. მიდიოდა და ყველგან გალავანი და ზედ გადამჯდარი ბიჭი ელანდებოდა... ფირმანი კი უბეში შაჰის მრუდე სატევარივით ჰქონდა გაყრილი.

ტფილისს რომ მიუახლოვდა, ქალაქის ბჭესთან, შაჰის წარმოგზავნილი უმალ იცნეს. მოქალაქენი შემოესივნენ. შეიქმნა წყევლა-კრულვა და ჩასაქოლად ჯიქურმიწევა. ძაძამოსილი დედაკაცები ხომ ვეღარაფერმა ვერ გააჩერა. გადმოითრიეს ცხენიდან, ფეხქვეშ ჩაიგდეს, გადათელეს... კიდევაც ჩაჰქოლავდნენ, ბჭესთან მყოფი რუსი ჯარისკაცები რომ არ შესწრებოდნენ და არ ეხსნათ. შემოადგნენ, სიცოცხლეც გადაურჩინეს და ფირმანიც.

ახლა სულ დაიბნა შაჰის შათირი, ჯერ ერთი, რუსთა ყოფნას აღარ მოელოდა ტფილისს. ეს აღარც აღა-მაჰმადს ეგონა, ამ იმედით აგზავნიდა ასეთ ავყია ფირმანს. მაგრამ ეს “შათირის ფიქრი” გულის მიღმიერი იყო. გულში სხვა მოხვდა... “ამიტომ მირჩია!.. გამწირა ჩემმა გადარჩენილმა შაჰმა! იცოდა როგორც შემეყრებოდნენ რბეულ ტფილისთან მისეულ შათირს!.. და სწორედ მე, ნაგურჯალი გამომგზავნა!.. სისხლი შეიწირონ გურჯებმა, ისევ გურჯისა იყოს!” ... და როგორც ქორი, სულში ისე ავარდა სიტყვა... “ახია ჩემზე! ახი! ახლა ხომ ვიცი ჩემი ქართველობა!.. და რაღა მაჩერებს შაჰის უზანგთან?!”

რუსებმა წესრიგში მოიყვანეს გვემილი... თვალები აუხვიეს და შაჰის კაცი, დარიას სასახლეში, მეფე ერეკლეს მიჰგვარეს.

მერმე, უკვე ახსნილი თვალი, გაწამებულ ქალაქს ვეღარ გაუსწორა, ისევ დახუჭა და ასე დადგა... “ახი-ფიქრი” კი საფეთქლებთან უბაგუნებდა. თითქოს ვაჟკაცობა არ მაკლია, მაგრამ შაჰის მონად ვყოფილვარ გაჩენილი, არა სვეტიცხოვლის მლოცველად! ან ამ დედაქალაქის ჭირისუფლად!.. თვალდავსებული და განწირული, სხვისი ბრმა იარაღი!”

მეფესთან რომ იწვიეს, ერეკლეს შაჰის ფირმანი უკვე წაკითხული ჰქონდა.

...არა, ახლა კრწანისის გახელებულ ცხენზე აღარ იჯდა, ზმალნაშიშვლი და ვეფხის ილაჯიანი... არც ტახტზე.. ძველნარუქ საკარცხულში, მხარჩამოვარდნილ არწივივით შეყუჟულიყო, დაღლილი ბერიკაცი და ჯერაც აღუდგენ ტფილისის ნანგრევებს დიდი სარკმლიდან სევდიანად გადაჰყურებდა.

სადიხას სისხლი და ბოღმა ერთად მოაწვა საფეთქელსა და ყელში. ფერხთით ჩავარდნა სწადდა, ყველაფრის თქმა, გულის გახსნა, თავის მხილება... მაგრამ აშეშებდა, სძალავდა შორეული ჩია კაცი... თითქოს აქ იდგა, ჩია აჩრდილის სახით და მოწკურულ, უღინღლო ტუჩებს ციყვივივთ აცმაცუნებდა...

სახე შემოიბრუნა ერეკლემ, წარბებს შორის თუ შეწითლებულ თვალის უპეებში მყისი ელვა გაკრთა, სახე ისევ მოუარწივა...

- არა, ჩვენს შორის დანგრეული ტფილისია და ქართული სისხლის ზღვა! პასუხი არ იქნება! – ხელი ხმალივით მოიქნია და სარკმელს მიუბრუნდა.

სადიხა გარეთ გაიყვანეს, თვალები ისევ აუხვიეს და ისევ რუსებს, შორს, ქალაქგარეთ გააცილებინეს.

“ქართველები ჩამქოლავდნენ შაჰის შათირს!.. მაგრამ, ალბათ, ასგზის უფრო, კრწანისის მონაწილე, ნაგურჯალ მონას!”

უკანა გზაზე, თითქოს ცხენზე უკუღმა იჯდა შაჰის შათირი... ყველაფერი ჩაძაძულ ფიქრებში ჩანდა. ჰქოლავდნენ და ვერც ჰქოლავდნენ... მონობდა და ვეღარც მონობდა... გალავანი და ბიჭი გალავანზე ისევ მოსდევდნენ!

სულჩაქოლილი მობრუნდა ერევანს, ალი-ყული-ხანთან. იქიდან ირანს გაუშვეს დაოთხვით... ცხენებსაც ისე იცვლიდა, როგორც სასოწარკვეთასა და იმედს.

არეზზე შეეყარა აღა-მაჰმადის ცხენოსან ლაშქარს. უკვე შუშის ციხეზე მიდიოდა იბრაჰიმ-ხანის დასათრგუნავად.

შაჰმა არეზი გადმოლახა, აქვე ნაპირზე, ცხენდაცხენ, მოუსმინა სადიხას და უკან გაიყოლა. სულ არაფერი გაჰკვირვებია, თითქოს მოელოდა ერეკლეს “უპასუხობას”. მხოლოდ რუსთა ყოფნა ტფილისს არ ეამა... თავის შათირის ჩაქოლვა ერჩია. საბაბიც იქნებოდა და “ურუსობაც”.

სადიხამ ახლა კი უგრძნო ფიქრი თავის უფალს... თან თვალსა და გულს შუა დარწმენდა, რომ სწორედ ეს ჩია, მაგრამ უტეხი ნებისყოფისა და ვერაგობის კაცი, სულში უზის გაჩხიბულად და არც აქვს საშველი მასა და მის ხელახლად მოპოვებულ სამშობლოს... და მას კი ახოვანსა და ვაჟკაცს, ყველაზე უარესი, სულით მონობა სჭირს, თითქოს გამოღვიძებულ მონას!

აღა-მაბმადმა ნაწილი ლაშქრისა მტკვრის გაღმა გაჰგზავნა, რუსების ნაბანაკარი “აიკლო”, გული მოიჯერა და ყარაბაღს შეუტია.

იბრაჰიმ-ხანი შუშაში აღარ დახვდა. ამჯერად თავი გაერიდებინა ბელაქანში. ციხე უბრძოლველად დანებდა. ამან მადა და მძვინვარება მოუმატა ყაჯარს. ძველი მოკავშირე და ტფილისის აღებაში დიდად ხელის გამწყობი, ჯავად-ხანი მუქარით იხმო და დაატყვევა. ასევე მოექცა შემახელ, შექელ, ბაქოელ ხანებს. მხოლოდ თალიშელმა ხანმა თავს უშველა, კუნძულ საროზე გაერიდა.

ჩია შაჰის დიდსურვილოვან ზრახვებს დამახინჯებულ ცხოვრების სიმწარე მუდამ გასდევდა. მისი განდიდება და უაღრესი ზეიმი ტფილისის აღება-აკლება იყო, ნაყოფად კი არაფერი შერჩა... ერეკლე არ მოუვიდა, ტფილისში, მართალია, მცირე, მაგრამ რუსთ ლაშქარი მაინც იდგა. მეტი გზა არ უჩანდა – უნდა გაიმეოროს თავისი დიდება! საბოლოოდ “ირანულად” გადასწყვიტოს “გურჯი ვარაუდი”, არა და “რუსულად” გადაწყდება... და მაშინ ვაი ყაჯარს! იქნებ მთელ აღმოსავლეთს!

ისევ დამსტოვრა ასაკლები ქვეყანა. თურქთაც გაუწოდა ხელი “საერთო ჩრდილო მტრის” წინააღმდეგ.

მსტოვრების ნაწილი, მობრუნებისას, სადიხას ხელში გადიოდა. მან იცოდა, რომ ტფილისს მყოფი რუსთ მცირე რაზმი, უფრო მეფის ამალასა და აკლებულ ტფილისის ახალ “სამკაულს” ჰგავდა. ისიც დღე-დღეზე ელოდა უკან გაემგზავრების ბრძანებას. არც ახლა ჰქონდა “ომში ჩაბმისა და გარკვეულ მოქმედების” განკარგულება.

...და მაინც ფეხს ითრევდა ყაჯარი. თავს იტეხდა, გულს ასკდებოდა და წარსულ გამარჯვების ლანდს ისევ ეზმანებოდა. ლაშქარი ახლა მეტი ჰყავდა. მომიჯნავე ხანების უმრავლესობა უკვე ტყვეულნი, მოდრეკილნი და დამონებულნი... ერეკლე უფრო დაბერებული, თავად უფრო ამაღლებული!

ბოლოს ყველაფერი თავზე შემოივლო... ოდესღაც გამტყუნებული, რამლის ყრის ბოლო ნაწილიც გულიდან გადაიგდო და გადასზყვიტა. მეწინავე ცხენოსანთა ლაშქრის სარდალი, სადუხ-ხან-შაღილელი ახმობინა...

- ისევ მეწინავედ წახვალ... ღამე ლაშქრის მზადყოფნა და ავ-კარგი მომახსენე! – სწრაფად გაისტუმრა და ახლა სადიხა იხმო, სანამაზე თუნგი ითხოვა, ხელები გადიბანა, ზომაზე ჭარბად დაასხმევინა წყალი.

- ის შენი ჯადო ლოცვა როგორ არის?.. “მუ-მლი... მუ-ხა-საო?!” კეთილად მაქვს დაცდილი... მაშინაც, ტფილისზე რომ დავიძარით... ახლაც ამით ვიწყებ!

ეს ფიქრი უფრო იყო, ვიდრე მონა-მსახურისთვის მიგდებული სიტყვა... არც პასუხის დაგვიანებას მიაქცევდა ყურადღებას... მაგრამ მორაკრაკე წყლის ნაკადი აკანკალდა, მერმე სულ ასცდა შაჰის ხელებს და სანამაზო ხალიჩას დაესხა.

ცრუმორწმუნე შაჰს ცეცხლად მოედო ნამაზის წყლის ხელმოცარულად დაღვრა, ისიც ლოცვის ხალიჩაზე, მწყრალად შეჰხედა დამნაშავეს:

- შენ იცი რა ჩაიდინე ახლა? – სისინა ხმით უთხრა და გააშეშა. – მტკვარში გადამირჩი... აქ კი დაგახრჩობა!.. რამლი რომ ვყარე თეირანს... არც ერთი არ დავინდე, ნიშნის შეშლისათვის!.. გასწი ახლა!

ეს სიკვდილის განაჩენი იყო, მეაბჯრემ კარგად იცოდა თავის აბჯროსნის ენა და საქციელი. უსიტყვოდ გაეცალა.

შაჰის სადგომს იქით შინამსახურნი შემოესივნენ.

- რა მოხდა, სადიხ?! – ჩააცივდნენ, მაინც ხუდადა-ფარეში. წარმოშობით არც ის იყო სპარსი. საჭურისი საერთოდ გადაგვარებულებს უფრო ენდობოდა და იყენებდა.

- არაფერი... დავუსხი შაჰინშაჰს... ცოტა დამეღვარა!.. დავიბენი...

- დაგეღვარა?!. შე უბედურო... ოქროს დაღვრა-დაბნევა გერჩია!.. ხომ იცი, რა მოგელის?! – ხუდადას ნათქვამი, ცოტა ხმამაღალი და გულიანი მოუვიდა. სხვა მსახურნიც შეჩოჩქოლდნენ.

უეცრად ყველამ ხმა იკმინდა. ეჭვიან შაჰს ტახტის კარი გამოეღო და კისერწაგრძელებულად იდგა. ყურალესილად უსმენდა...

- რა ყოფაში ხართ? რა ოქროს დაბნევა?! – ავი სივილით შეეკითხა. ყველა გაძგიფდა. ხუდადა წინ წამოდგა... ოქროს სახსენებელი უნდა გაემართლებინა...

- მზეზე მაღალო! შენს გამარჯვებაში მოპოვებულ ოქროს ვიყოფდით... უმნიშვნელოდ შევლაპარაკდით!.. ალაჰის გულისათვის პატიებას ვითხოვთ!

... მაგრამ ჩია კაცი სიბრაზის დასატეხ საბაბს ეძებდა... ყველა დაცოფა...

- ჩემსა და თქვენს შორის არვის ვიღებ შუამავლად... მით უფრო ალაჰს! ჯერ ვილოცო! – ხუდადას კი ცალკე მოუჭრა: - შენც მაგის გზას გაგაყოლებ... იქ გაიყავით! – არც სხვებს მივცემ შეღავათს! დაჭმუჭნილი სახე სულ დაემანჭა და კარი ხმაურით გაიხურა.

ყველა სახტად დარჩა, ახლა ყველანი სიკვდილის ხახაში იყვნენ.

- ჩვენი ცხოვრება გათავებულია! ომსა და ამოწყვეტას ჩვენგან იწყებს! – აჩურჩულდა ზარდაცემული ხუდადა.

მალე სადუხ-ხან სარდალიხ მობრუნდა, მეწინავე ლაშქრის მზადყოფნის მოსახსენებლად, მაგრამ ავიც ჰქონდა სათქმელი, რომლის დაფარვაც, ახლა, წასვლის წინ, უკვე აღარ შეიძლებოდა... ათიდან სამი ათასი ცხენოსანი, თვითნებურად, ციხის გარეთ გასულიყო, სამეკობროდ და ალაფის საშოვნელად. ახლა ამის გამხელა თავების დაგორებას უდრიდა... სარდალი ფრიად საგონებელში იყო... მაინც ხლება დააპირა... გული კი ავს უგრძნობდა...

- ნუ ინებებთ ხლებას! – გააფრთხილა ქართველმა სეხნამ, - მრისხანედ არის, არა შეგამთხვიოს რა!.. ჩვენ უკვე შემთხვეულები ვართ... და გათენებას ველით!.. ხვალ პარასკეთია!

შაღიღელი შეჩერდა, დაუფასა გაფრთხილება. ამბავიც წვრილად გაიგო. ყველაფერი ინიშნა. თავისი ფრთხილი ვარაუდებიც გასწია, დღეს გადარჩენილი იყო, მაგრამ ხვალ? თავი ხვალაც სჭიროდა... სამლიქვნელოდაც და მით უფრო აღსამაღლებლად! მდგომარეობა კი ისეთი ჩანდა, რომ ფარული სარმის გამოკვრა უხიფათოც იყო და იქნებ მისთვისაც საშველის მომტანიც, ახალ საძიებო გზების გამძენიც.

ირანში ხომ ყოველი დიდი ხანი შაჰობის მაძიებელი იყო. არც სადუხ-ხანი იყო გულსაწყალი და უსურვილო კაცი. მლიქვნელობაც ეხერხებოდა და იმ საფარად მიაჩნდა, რომლის ქვეშ ჩასაფრებული მტრობა კარგად იმალებოდა. განდიდების წუთის მოლოდინი და ჯავრის ამოყრის ჭია მას იქნებ ყველაზე უფრო ღრღნიდა.

საერთოდ ასეთ ხოხოლაზე იყო აგებული აღა-მაჰმადის “დათხრილ თვალებისა” და “გველდაქნილა მლიქვნელობის” დიდება.

- იქნებ გვითავდებო, სარდალო?! გვიხსნა! საშველი მოგვცე! – შეევედრნენ ხუდადა-ფარეში და სხვა მსახურნი.

- საცოდავებო! კარგად იცით, რომ საშველი არ არის! – ჩაიდუდუნა სადუხ-ხანმა და თავისი სეხნა ცალკე გაიხმო. მისი ვაჟკაცობაც იცოდა და ენის სიმოკლეც... თითქოს თავად ბედი აძლევდა ნიშანს. მანაც ხერხიანად ჩაუქარაგმა.

- საშველი ერთია... თქვენ ხუთნი ხართ, ის კი ერთი!

ქართველი სეხნა შეტოკდა. თითქოს მის ფიქრებში ორთავ თვალით ჩაიხედეს! მას დიდი ხანია... კრწანისის შემდეგ, გადაბუგულ ტფილისისა და მცხეთის შემდეგ, უთამაშებს მარცხენა თვალი და მარცხად უტოკავს ხელი მარჯვენა. ამან არ დააღვრევინა სანამაზო წყალი?! ამ ფიქრმა აბორჯა და აშმაგა, ნამდვილ მტრის გარკვევის უნარი და შეუპოვარი სულისკვეთება გამოუკვერა... და ახლა ვინ – ვის დაასწრებს?! ავი საჭურისი, თუ მისი გააფთრებული მონა? უკვე არა ბრმა! არა ყურმოჭრილი, არამედ სიკვდილმისჯილი და ამით ყველაფრისაგან თავისუფალი! ნუთუ საჭირო იყო სიკვდილის განაჩენი, რომ საბოლოოდ შეენჯღრია და გადაგვარების სქელ ქერქიდან გამოეგდო? მონობის ჯადო-ნალექი დაეძლია?! რაც ხალასი შერჩა, გამოეჩინა! ყველაფერი შურისგებისა და ვაჟკაცობის სასწორზე დაედო და ბოლოს, შინაგანი დამბლის ძლევის გზით, ხელის აღმართვა გაებედა?!

... სადუხ-ხანი წავიდა. ხუდადამ თავი ჩაჰკიდა, სასო წარიკვეთა... დანარჩენი შინამსახურნი აქეთ-იქით მიიყუჟნენ.

...სასახლეში ლოცვის შემდეგ არვის იღებდნენ. გარეკარი ჩაკეტილი იყო. მძიმე ღამის აბჯარი მოიყარა ტახტის კარისა და შაჰის საწოლის ირგვლივ... ხვალ პარასკევი იყო, დაძაბული დღე ახალ ნახტომისა. ხოლო აღა-მაჰმადს, გარდა ამისა, დიდ სალოცავ და საჯალათო დღედ ჰქონდა მიჩნეული. მისი უკუღმართი გამოცდილებით, ომის წინ, თავის ბანაკშიაც, თავების კვეთა “კარგად” მოქმედებდა მომავალი ომის მსვლელობაზე. “ლაშქარი ჯერ უნდა გასწირო, რომ მერმე თავგანწირული გახდეს!” – ასეთი იყო მისი ომის პარასკევი.

... დრო დაღლილი მონების ქარავანივით ნელა ვიდოდა. სადიხა შეურხევ ქვაკაცად იდგა. დიდხანს იდგა, ვიდრე სანთლებმა არ იწყეს ბჟუტვა. მერმე წყალი მოსწყურდა, აუტანელად... მაგრამ ფიქრი სხვა წყურვილს გაჰყვა... პარასკევი თენდებოდა.

წუთი დადგა. უხილავმა ხელმა წაჰკრა “ქვაკაცას”. სადიხამ სატევარი იძრო, ხუდადა შეანჯღრია, გონს მოიყვანა.

- მომყევი!

ფარეშმა დაფეთებით შეჰხედა ხანჯლის პირს და უსიტყვოდ მიჰყვა. ერთი ფარეშიც ზედ კარებთან დახვდათ. გურჯმა მუცლის არეში მიაბჯინა სატევარი.

- კარი!.. წაგვიძეხ.. კრინტი!..

კარის ფარეშმა ფოლადის ცივი გესლი იგრძნო... არა, აღარც შეშინებია შაჰის შერისხულს. კარი კი უხმოდ გაუღო.

ახლა იყო მთავარი. თუ ეღვიძა ჩია შაჰს, ყველას გააფუჭებდა თვალით, კარიდან – საწოლამდე, თითქმის უძლეველი იყო მონათყოფილთათვის ჩიას ძალა!

შაჰს ეძინა. მოკუნტულად, კისერბრეცილად, ბალღურად დაეღო უღინღლო პირი და უსწორმასწოროდ ფშვინავდა.

სადიხამ ღრმად ამოიოხრა და უცბად დადინჯდა. ფიქრიც დაიმორჩილა. ახლა თავისუფალი მებრძოლი იყო. არც ერთ მოძრაობაში არ შემცდარა. თავისი სატევარი ჩააგო. ამის დამნახველმა ხუდადამ სულ გადმოკაკლა თვალები... მაგრამ სადიხამ არ აცალა შეკრთომა, ხავერდოვან შავ ბალიშზე მიუთითა, ააღებინა... თავად კი საწოლის თავანიდან, შაჰის მრუდე, უხვად მოოჭვილი სატევარი აიტაცა...

ხუდადამ შავი ბალიში შაჰის სახეს უპირდაპირა, ირანული წესით სწადდა მისი გამოგუდვა, მაგრამ სადიხამ არ დაანება, ბალიში მკერდზე დაადო “მზეზე მაღალს” და მთელი ტანით, ვეფხურად დაახტა და გააღვიძა...

- იცოდეს რომ ჰკლავენ!.. ეს მეც მჭირია და მასაც!

შაჰმა ერთი ამოიკვნესა და თვალები სჭყიტა. ხელად იაზრა...

- ვის უბედავთ?! – მაგრამ თვალისა და სიტყვის ძალამ რომ ვეღარ გასჭრა, დასაკლავ გოჭოვით აჭყვიტინდა... მერმე შეევედრა, - ნუ! ნუ! მიპატიებია! სამი ქვეყანა! ათასი ოქრო თითოს!

- ერთი აღმდგარი გურჯისტანი საკმარისია! – შაჰის კარზე ჩატეხილ კბილში გაბასრა სიტყვა მეაბჯრემ, ყელში ძველი “ლოცვა” და ბოღმა ერთად მოაწვა...

- “მუმლი მუხასაო გარს... ეხვეოდაო!” – ჩაგუბულ ძალით ამოიძახა და მრუდე სატევარი მარცხენა იღლიაში ღრმად გაუყარა... გონზე მოსულმა ხუდადამ შავი ბალიში პირზე დაადო, კარის ფარეშმა კი საბნებიც დაუმატა...

თაგვის წრიპინივით ხმაც უმალ ჩაიხშო.

მალე ჩია – ჭიას ოდენა გახდა. სადიხა ქართველი კი წელში გაიმართა, თითქოს მონობა, გადაგვარება, უნებური ღალატიც, ერთი დანის მოსმით მოიშორა და პირწმინდად აღდგა.

დანარჩენი საოცარი სისწრაფით მოხდა. შაჰის სატევარი თავად სადიხამ დაიტოვა. ძვირფასთვლებიანი სამკლავეები კი ხუდადას მისცა და სადუხ-ხანთან გაგზავნა. შაჰის გვამთან საიდუმლოდ იხმო.

მანაც არ დააყოვნა, გულის ხეთქით მოიჭრა. ჯერ გაოგნებული იდგა, მერმე ჩაჯდა და აზრი იკრიფა. დილამდე საიდუმლოება დაიცვა. შაჰის მთავარი სამკაულები გაიტაცა, საქართველოზე სალაშქროდ გამზადებული რჩეული მხედრობა წამოჰყარა და შუშის ციხიდან გავიდა.

იცოდა სარდალმა, აღა-მაჰმადის შიშით ნაკოწიწები ხუხულა დილას დაინგრეოდა... ახლა ვინც ადრე ჩაასწრებდა თეირანს, მას შეეძლო შაჰის გვირგვინის შოვნა.

... ვიდრე საერთო აღრეულობა და შინაბრძოლა დაიწყებოდა ბანაკში, შაჰის მკვლელები შეთათბირდნენ...

- მე ჩემი გზა მაქვს... ჩემსას ნუღარ ჰკითხულობთ! არც რაი მინდა!

საქართველოსაკენ ერთადერთი ზრახული გზა სადიხამ ბრძნულად დაჰფარა...

- დანარჩენები რას ვეწიოთ?!

- წადი იბრაჰიმ-ხანთან! ბელაქანს... შაჰის თავი მიართვით... უმჯობესი ძღვენი არც ეფიქრება!.. მეფურად დაგასაჩუქრებთ, შეგინახავთ კიდევაც!

ჯერ კარგად გათენებული არც იყო, სადიხამ თვალი რომ მოჰკრა, ჩია შაჰის უკვე მოკვეთილ თავსა და მოგვალულ სახეს... იგი, უგვირგვინოდ, მჭკნარად მოტვლეპილი ჩანდა და მის მიერ ჩადენილ უზომო ბოროტებასთან შედარებით, სულ არარა იყო...

ერთი ჩუმი საუბარიც კვირის სწორზე მოხდა.

- მაშ შენ ყოფილხარ?!.. შენ გიშველა ღმერთმა! დიდი საქვეყნო საქმე გიტვირთია... ხან მთელი ერია მსაჯული, ხან ძე ერისა... ერთი ყველას მაგიერ! დიდი ჭირი მოგიშორებია სოფლისათვის... ბევრი ქართველის მარჯვენა და ჩვილი გადარჩა... მაგრამ ერთი თავდადება კიდევ გმართებს – უსახელობა! ახლა ვეღარც გავამხელთ შენს გმირობას!.. სპარსეთი დიდი, ჩვენს თავზე, ბევრის შემძლე ქვეყანაა... აღა-მაჰმადსაც გამოუჩნდებიან მემკვიდრენი და სისხლის მაძიებელნი... შენს თავს მოგვთხოვენ... შენი ცხოვრება და სახსარი ჩემზე იყოს, სადიხას კვალი კი უნდა გაჰქრეს!

- ჩემი სურვილიც ეს არის!.. მცხეთას გამიშვი! იქიდან ვარ მოტაცებული, ბიჭი – ანდრია!.. იქ ერთი ბალღია მხოლოდ გადარჩენილი... ჩემი ძმისწული!

- კეთილი!.. წადი მცხეთას, შენეულ სახლ-კარს დაუბრუნდი... რჯულს მამა-პაპურს, დედაენას... ნათლიად ჩემს შვილს, ფარნაოზს მოგცემ, ხოლო მფარველად კიდევ მირიანს!.. ორი ბატონიშვილი გიპატრონებს... ეს ჩემი ოჯახის წევრობის ნიშნად მიიღე... საიდუმლო კი დავიცვათ...

ერეკლემ პირჯვარი ისახა და ლოცვა წამოიწყო, მობრუნებულმა სადიხამ კი, ისევ ძველი ლოცვა-გალობა, რომელიც მუდამ წაღმართად ახლდა გადაგვარება-შემობრუნების დაკლაკნილ გზაზე...

- “მუმლი მუხასაო... გარს ეხვეოდაო!...”

ერეკლემ გაკვირვებით შეჰხედა, მერმე მიმხვდურად გაუღიმა და ბებრული ბანი მისცა...

- “მუმლი ამოწყდაო... და მუხა გადარჩაო!”

... მუმლი და მუხასაო...

??????