გოთუა ლევან
გაზიარება

საუკუნო სავალი 

კალამი ფიქრიანად დადო და ხელი ფართო შუბლზე გადაისვა...

- გასრულდა... ახლა კი საბოლოოდ გასრულდა... წერტილი დაისვა და ახლა უკვე სრულიად უკანასკნელად!.. იყოს უსახელოდ და უსათაუროდ! – ხმამაღლა შეესაუბრა თავს და ამან უფრო ააღელვა... სხვასთან, ალბათ, სიჩუმეს არჩევდა... მაგრამ ქვაბში არავინ არ იყო, თან ფრიად გვიანი ღამე... იქნებ უკვე ადრეული დილაბინდი... დროის ვარაუდი აქ საუკუნეებით თუ იზომებოდა!

ხელნაწერი, არაერთგზის, აქამდეც თითქოს გასრულებული ჩანდა, მაგრამ იმის შემდეგ კიდევ რამდენიმე თავი დაწერა. ზოგი რამ შიგადაშიგაც ჩაუმატა... ხანდახან არსებითიც... ხან აზრის ასაცრელი, ხან ტაეპი – მარილმოსაყრელი, ხან მოქნილი თქმა, დასკვნითი სიბრძნე... ახლა ბოლოთქმა და წინასიტყვაობა, აზრის გასაღებად და მიძღვნად თქმული.

დიდი წიგნის დაწყება და გათავება ყოფილა მაინცდამაინც ძნელი, თორემ მათ შორის რუსხმული თითქმის თავად ჩნდება, ლექსის ნაკადს ჩაიყოლებს, ცისარტყელებს მიიფენს და მიედინება.

ახლა კი ყველაფერი ითქვა. მრავალი ცრემლი და მელანი, ლტოლვა სულისა, სისხლი იღვარა, სიბრძნით განჭვრეტილი საუკუნე და ერის ბუნება შესატყვის სიტყვების ჩოხა-აბჯარში ჩაჯდა... ამბავიც გასრულდა, ყველა რკალი შეიკრა, გარდა ერთისა – პირადისა... მაგრამ ეს წიგნს აღარ ეხება... ხელნაწერმა საუკუნო სავლად ფრთა და ფეხი აიწყო!

დაილოცა ქართული... ლექსის ენა, ხატოვან სიბრძნის ენა, მრავალკილოიან სიმღერებისა და გალობის ენა. საკმაოა სიტყვების კონას გულწრფელობა და ბუნებრივი სილაღე არ მოაკლო, ნიჭის სურნელიც მისცე და აბრწყინდება, თაობებს გადასწვდება მისი ჯავარ-გუმანი!

... მაგრამ წიგნის გასრულება თურმე სრულიადაც არ ნიშნავს მის მიერი დარდისგან მოსვენებას, მრავალ ხილულ და უხილავ ჯაჭვებისაგან განთავისუფლებას. თხზული, უკეთუ მაღალ ნიჭით არის აღნიშნული, აღარ ჭკნება, მას სხვა წელთაღრიცხვა გააჩნია და მისი შემოქმედის დაღმასვლას” აღარ იზიარებს!..

ქვაბის მწიგნობარმა დადო კალამი, მაგრამ ფიქრს ვეღარ მიაჭრა ჭიპი.

“ნუთუ ჩემი გმირები აწ ჩემი რაყიფები არიან?! იქნებ მეტიც – შემოქმედი თავისი დიდი წიგნის სამუდამო ტყვე ხდება და რჩება! ხანდახან საპატიო პატიმარი, მაგრამ ხან მოძულებული, აბეზარა და უმაქნისი მიბორკილიც!"

უამრავი ძარღვი მოუკვეთელი დარჩა და ახლა, როცა ხელნაწერი ხელით იშორა, ყოველი მათგანი უფრო დაიძგიფა... და აი მთელი უწერ-ნაწერი ვედრებითა და ყვედრებით აღსდგა... მთელი ქვაბი ააბუბუნა... – შენ შეგიძლია შენი სახელი არ მისცე შენ თხზულ ხელნაწერს, მაგრამ სათაური კი, დიახაც, ვალდებული ხარ!.. ვალდებული ხარ!..

აქამდე არც ერთი სიტყვა და აზრი შემთხვევითი არა ყოფილა... ყველაფერს სჭირდება თავისი ნიადაგი, მათ შორის უნიადაგო ძიებასაც!.. ჰოდა, სულის ჯურღმულებში ტყუპის ცალები და ორეულები დარჩნენ... კვლავ მრავალი რამ მოეპოვება, ახლა სხვა ხელნაწერისთვის მოიმარაგებს, ეს უკვე გასრულებულია... ხოლო თქმულსა და სათქმელს შორის ჯერ შეუცნობი მორევია... შესხეულება აკლია ლტოლვებს, ოცნებებს!.. საბედისწერო ზღვარზეა!.. ეს სრულტანოვანი ხელნაწერი, უკვე თქმული... თითქმის ორათასტაეპოვანი, “არც გასაქიქი” ლექსი... საკუთარი გულღვიძლით გამოკვებილი ყოველი გმირი, თავისი უიდუმალესი ფიქრებისა და გრძნობების მოზიარე... არა, კი არ უწილადა, ნაწილ-მოწყალება კი არ გაიღო, ისე გაუკითხავად და მოუზომლად მისცა... იქნებ შეალია კიდევაც?! თავად განიძარცვა და ვინმე ვეფხის ტყავით შემოსა!.. ჯერ თავის თავივით აბორგა, აუბედურა, მერმე თავისი ბედიც, ნიჭიცა და სასოებაც მისცა!.. თავად რიყეზე დარჩა – იგი კი აბედნიერა!.. განსაკუთრებით იქ, სადაც ყველაზე უფრო სტკიოდა – სიყვარულში!.. და ახლა, როდესაც გასრულდა, სულში ერთდროულად ზეიმიც არის და სინანულიც!

- ალბათ, ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარსათქმელი!.. ვაი მას, ვისაც წინ არ ეგულვის უმთავრესი!.. რას უსწოროს სულის უშრეტი ლტოლვა?! ხელნაწერი უკვე კვალია... და რა ფასი აქვს იმ დღეებს, რომლებიც განვლილია მოუბრუნებლად, უკეთუ აღარაფერი დამრჩა სასიცოცხლო?!

ანთებული კელაპტრები მოათვალიერა. ქვაბის ერთ კუთხეში, ქვის თაროზე, მრავალი ნაწვავ-უწვავი სანთელი იდო, გატეხილი ღამეების თავისებური სათვალავი! ესეც ხელნაწერის ნათელი მხარე იყო. მას შემოქმედი “ბნელ” მხარესაც უთვლიდა. მეორე კუთხის თაროზე უფრო ბლომად ეყარა გატეხილი, ბუმბულშეწიწკნილი, გაცვეთილი, კბილით გაღეჭილი გროვა კალამთა... და ერთად შეკვეცილ ფრთების შემზარაობას სახავდა. აბა, სიტყვების ნამუსრევსა და ჩამონატკეჩებს ვინ მოსთვლის? აწ ვერც ვერავინ წარმოიდგენს... მთელი მტკვრის ხეობა და სავარძიოს ძირი მოფენილია.

გაცუდებული თქმა ან კუტი სიტყვა დიდხანს აღარ ვარგა დასაბრუნებლად! სიტყვამაც და კაცმაც – სიტყვის უფალმა და არა სიტყვებით წალეკილმა, ღრმად უნდა მოითქვას სული, ფხა გაიწყოს... ისე ასპარეზზე ახალ ბედაურად ვერ ჩამოდგება! საჩინო სხეულს ვერ იპოვნის... და რა ფასი აქვს სიტყვას, რომელიც დროზე აღარ დაიბადება?! ან პირველ ჩენაზევე ფხას შეირევს?!

ეტრატს კი მუდამ უფრთხილდებოდა შემოქმედი. არც დაწერდა ზედ, ვიდრე სულის ყალიბში არ ჩამოძერწავდა სათქმელს!

ძველი სანთლის მიბჟუტვას დაელოდა, მერმე ახალი, დიდი კელაპტარი აანთო, მთელი ღამის გამთენებელი, წიგნის თავთით დაამაგრა. ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ქვაბს... მასაც ხომ თავის ჩოხასავით გრძნობს! რამოდენიმე წელია აქ ებრძვის ნიჭს, სიტყვას, საბედისწერო სიყვარულს, ამ ხელნაწერს... ეს ნამდვილი თავგანწირული ომია! არც არავინ არა ჰყოლია უშუალო დამხმარე... ვერც იქნებოდა... იყვნენ გულის შემატკივარნი, მეგულისხმენი, მომლოდინენი... ახლავე სულწასულად გატაცებულნი, ფურცელჩამორიგებით მკითხველნი – გვირგვინოსნებიდან – უბრალო მეაბჯრემდე... მაგრამ თანამებრძოლი არა. მარტომქმედი იყო, თავად იყო თავის სულთამხუთავი... თავად ავიდა ჯვარზე! ახლა გაასრულა და თავად ჩამოდის... ვიშით და ვაშით! აქამდე ყველაფერი გარკვეული იყო, ახლა ყველაფერი აირია... რა ქნა ერთმა, პაწაწა წერტილმა?! რა მეხად გავარდა! რა წამებას გამოსტაცა, მაგრამ რა თავდავიწყებაც გამოაცალა! ახლა წერტილზე დგას და საოცარ სიცარიელეს გრძნობს, ძრო რომ გამოეცლება წყაროს... ახლა ისევ უნდა მოდგეს ძრო, დაწყაროვდეს სული... იქნებ აღუვსებელი საწყაული?!

ჯერ უყდო ხელნაწერი შუა ლორფინისაკენ გასწია, აქ დაასვენა და თავუხრელად, უსიტყვოდ, მაგრამ ვით ცოცხალს, დაემშვიდობა.

ახლა “იგი” სხვა იყო და მისი შემოქმედება – “სხვა”. თითო მათგანს უკვე თავისი ბედი და მოქალაქეობა ჰქონდა. ქვაბში ჩოჩქოლი და ჩურჩული ჩავარდა...

- გვტოვებ? გაგვწირე?!. ხატს გადაგვეცი?!

- არა! უკვდავებას!

- იმედი მაინც დაგვიტოვე... შემობრუნდები?!

- არა! თქვენთან აღარა!.. წერტილი – წერტილია!.. ბოლო!..

- წერტილი... ბოლო?! მაგრამ – სათაური?! დასაწყისი?! სათაური მაინც დაგვიტოვე!.. მოგვეც... ერთი, მთავარი... ყოვლის შემცველი!..

- ჰმ! სათაური?! იცით თქვენ, რომ ყველაფერი უსათაუროა... მათ შორის ქვეყანაც! ერთი წიგნი რა ბედენაა?!

- ეგ არ არის პასუხი!.. შენ იცი კარგად! ეგ სიტყვის მიფადილების ცდაა!

- შენი სულის პერანგში ვართ გაჩენილები!.. შენს აბჯარში ვართ, ბარემ თავსარქველიც მოგვეც!.. ნუ დაგვტოვებდ უმუზარადოდ! რა გმირები ვართ?!

- “ვეფხის წიგნობაც” გეყოფათ!

- არ გვეყოფა, არა!.. “ადამიანურ წიგნისანი” ვართ და არა ვეფხისა თუ სხვა ნადირისა!.. რატომ გვიბნევ კვალს?!

ბრძოლა ისევ გრძელდებოდა. ამბოხად იყვნენ, ჯანყობდნენ გმირები... კუთვნილსაც ითხოვდნენ და ზედმეტსაც... წიგნში ვეღარ ეტეოდნენ... მეტისმეტად სულშთაბერილნი. მათ შემოქმედს კი სული ეხუთებოდა, საფეთქლები უხურდა... ბედისწერის ცეცხლი თითქოს მთელ სხეულზე ელანძებოდა. ორთავ ხელებით დაიხშო სმენა და ქვაბიდან გავარდა.

ვარძიის გარეკლდენი ცხრომაშეპარულ ნათელით იყო მომთვარული, ქვაბთა სიმრავლით შავად შეჭორფლილი. ბეწვის კიბეების აბლაბუდაზე თითქოს პირყვითელა ფარდაგები ეგო... და ზედ მავალს, თავის წიგნისა და ბედისწერის მებრძოლს, წინ ეფინებოდა, უკან ეშლებაოდა სავალი.

ქვაბ-სენაკებში ბინდი იყო გამეფებული, მათ შორის მეფეთა სადგომებშიაც. მხოლოდ ერთ ქვაბში ჩანდა შუქი. თავის კელაპტარი ძლივს იცნო.

“რა კარგია, როდესაც მიხვალ და უკან, ჩრდილის გარდა, ნათელიხ გრჩება! წიგნში გამოჭერილი დროც და სახეც ამა დროისა! წინ კი სულ ახალ-ახალი სწრაფვა და სულის სილაღე!.. გმირები კი უმუზარადოდ არ დარჩებიან!.. არა!”

მეტი აღარ უყოყმანია. გაასრულა ერთი დიდი “ჟამთსამხილავი”. ახლა წავიდა, დიდ საქართველოს ყოველი კუთხე სწადს მოიაროს, დიდი ხნის ნატვრა აღისრულოს! მისი სიყვარულით დატკბეს, კვლავ დასულდგმულდეს!

კლდეში მოხვრეტილ კიბეს მიაღწია. ახლა გასწვრივ, ზევით და ზევით დიდებულთა სადგომებია. “იმის” ოქროს ქვაბიც იქ არის. გვირგვინთსაცაობის გამო წოდებული, თორემ ისევ მკაცრია, როგორც სხვა ქვაბები, მკაცრი და მყუდრო, როგორც მაღალ სულს შეეფერება და არა ფუფუნა ასულს. უმრავლესობას აქაც “გვირგვინი” მიაჩნიათ მთავარ საფასოდ, სულის “გვირგვინს” კი განა მრავალი ხედავს?!

“ღმერთო, რა ტკბილია და რა მწარე ფიქრი, რომელსაც ხანდახან თავსაც უმალავ!”

ერთი არცთუ გრძელი ქვაკიბეც და ახლა ქვედა სართულების თავში მოექცა. აქ მწიგნობართა, მორჩილთა და მსახურთა სადგომები იყო. კიდევ ქვევით, მდაბიონი და ახალმოსული მლოცველნი ბინადრობენ დიდმაღალა ქვაბებში. ასე ზევით და ქვევით, ამ ვეება კლდის შვეულ ფრიალოზე, უამრავ სართულებად გაფანტულა ათასამდე ქვაბი, ყირაზე შემდგარი ქალაქი-ზღაპარი!

“ამ ზღაპარში ანთია ჩემი კელაპტარიც და ბედისწერაც!”

გვირაბის ბჭესთან დარაჯას წააწყდა. უფრო ქვევით უკვე ლაშქართსადგომი იწყებოდა. კლდეში გამოღებულ თავლებიდან ცხენების ჭიხვინიც ისმოდა.

- რომელი ხარ? – რა მთვარის ძალა არ გასვენებს?

- მართალს ამბობ! მთვარის ძალა! – უნებურად პირი მთვარისაკენ იბრუნა “მოუსვენარმა”.

დარაჯმა უმად იცნო, თავადაც გაიბადრა.

- უკვე?! მაშ დაგიმთავრებია!.. ძმავ და ბატონო! წიგნის დედავ! ვაი არ ჰქონდეს შენს ნოშრესა... ის შენი წიგნი ყველას გვწვავს და გვაიმედებს!

- განა მთვარის შუქზე შემატყვე რამე?! – განცვიფრდა მოსული. იგი მრავალგზის ჩამოსულა აქ, ამ დარაჯასთან. ნოშრეს ყველაფერი უბრალო და ნიშნეული ჰქონდა. ხანდახან ერთი კაცის იერსა და ბუნებაში გამოხატულად თავს იყრის მთელი ერის საძირითადო. ნოშრესთან საუბარი მუდამ უყვარდა მწერალს, ახალ ნიშანს იჭერდა და ძალას ჰმატებდა. თუმცა მათი საუბარი წარსულში სხვაგვარად ჟღერდა...

- დაამთავრე, წიგნისბედავ?

- რა ვიცი, რა?! ძმადნაფიცები შევყარე, ქაჯეთის ციხე ავიღე... სატრფო გავათავისუფლე... ბოროტსა სძლია კეთილმან... მაგრამ კიდევ მეწერება...

- ჰოდა, სწერე! აბა, ცხოვრება ვის ამოუწურავს, მაგრამ ზოგი რამ ამოსაწურად სწერე!... ესეც იცოდე, განა მარტო შენა სწერ?.. მეც... ხორნაც... სხვანიც... ერი და ბერი, ყმა და მეფე! მთელი ვარძია და უფრო მეტიც... ზღვიდან – ზღვამდე საქართველო!.. მაშ რა გეგონა?! ვაი არ ჰქონდეს ნოშრესა!.. ვკითხულობთ კიდევაც!.. შენ ახლა ამთავრებ, ჩვენ კი ბევრი რამ უკვე ზეპირად ვიცით! ასეთია ყველას სათქმელის მიგნება და “ერთად წერა”!

- ჰოდა, მეწერება... რაღა დამრჩა უთქმელი... ერთად და ყველას სახელით! აი მიზეზთ მიზეზი!

- მიზეზთ მიზეზი?! – აბჯრის ჩხრიალივით იმეორებდა ნოშრე. ჰო-ჰო, ეგ ამოსათქმელადაც ჭირს, ახლა დასაწერად?! მიზეზთ მიზეზი?! კვლავაც გეტყვი – ღრმად შეგიტოპავს! ეგრეც უნდა... კაცმა რომ თქვას, თუ ხარ, რაიმეს დედა უნდა იყო ცხოვრებაში... მე – ნოშრე – აბჯრის დედა ვარ... დღე ვჭედავ სამეფო აბჯარს, ღამე მტკვრის გვირაბს ვდარაჯობ... ხორნა – გუთნის დედაა, ვარძიის თხემზე ხნავს... მეც მშველის დარაჯობაში... თამარი – ქვეყნის დედაა, შენ კი წიგნის დედა ხარ! ასე დედობითაა ქვეყანა... აი მიზეზთ მიზეზი!

- წავალ... გავაგრძელებ!.. ამაღელვე... ყველა დედას მოვიგონებ... განსაკუთრებით ერთს!

... მაგრამ ეს წინათ იყო. ახლა კი აბჯრის დედამ ხელად შენიშნა:

- გაგისრულებია და ის არის!.. ეს ვერ გამიგია – ახლა რაღა გჭირს? ან სად მიხვალ? უნდა წაიღო სადმე ქვეყნის წიგნი? ვაი არ ჰქონდეს შოთასა და ნოშრესა!

- არა, დავტოვე! ამიერით ჩვენი გზები გაიყარნენ...

- ეს როგორ – გაიყარნენ? წიგნს რაღა გზა აქვს, შენი სახელისა და ნატყორცნის იქით?! აბჯარი თავად არც დადის, არც იბრძვის!.. წიგნიც ხომ სულის აბჯარია?! ასე გამიგია... ვაი არ ჰქონდეს აბჯრის ოსტატს!

- სულის აბჯარი?! კარგად გაგიგია, მაგრამ ვიწროდ... თუ გულდაგული წიგნია – არა ერთი სულისა!

- მაშ მაღლა ავწიო? ერის აბჯარი!

- აბა რა ვიცი... ჩვენი გზები კი სხვადასხვაა! ის, ვგონებ, ნათელ გზას დაადგა, მე კი – უნიშნო ბნელი თუ მომცემს შვებას!

- თითქოს ნაწყენი ხარ, რომ გაათავე?!

- ბედნიერო, არც მოწამებრივ შემოქმედების სახმილი იცი, არც წიგნის დასასრულის ტკბილი სიმწარე!

- მაშ შენ კარგა ხანს ვერ მოისვენებ! ახლა სხვა რამემ უნდა შეგძრას! როგორა სთქვი – “მოწამებრივად!”... ვაი არ ჰქონდეს ნოშრესა...

- სხვა რამემ!... მართებულად განგიჭვრეტია!

ნოშრე თვალშემართულად დააკვირდა, ხმაიდუმალად გაუზიარა:

- ...ჰოდა, მე ხშირად მტკვრის გვირაბში ჩავდივარ... შიგ ჩავიხედავ ხოლმე... შენი თქმისა არ იყოს, “უნიშნოდ ბნელი”... მოურევი მორევია... ყრუ გუგუნი და ზათქის ზათქი... ვაი არა აქვს შენს ნოშრესა! ნუ დაგვჭირდება, თორემ შიგ ჩახედვა ძალიან შველის, როდესაც ამღვრეულ გუნებაზეა კაცი... სულის სარკესავით არის!

- - სულის სარკე?! ჩამახედე!.. უსათუოდ ჩამახედე “მოურევ მორევში!” მგოსანიც ყოფილხარ, აბჯრის ქვეშ და რა ვიცოდი?!

- მობრძანდი!.. აბჯრიანი ერი მგოსნები რომ არ ვიყოთ, შენ გგონია დასწერდი რასმე ამის ფარდსა და სადარს?! – ხელი წიგნის კარისაკენ აღმართა მეაბჯრემ.

შოთა გულმოხიბლული გაჰყვა, მაგრამ ახლა ნოშრე ჩამორჩა.

- ახლავე გეახლები! ღამის დარაჯას შევეხმიანები... შემცვლელსაც გავაღვიძებ! – იქვე ქვაბთან ჩამოკიდებულ ძელს ხელკეტი დინჯად, ხმადაზომილად შემოჰკრა. – ესეც ჩემი “მაღალი შაირი”... ვაი არა ჰქონდეს შოთას!

ქვაბ-სართულებს საქანელასავით აჰყვა და დაჰყვა დინჯი ძელთაკვრა. თითქოს ყოველ ქვაბთან ახალნატიფად უნაცვლებდა ბგერათა რხევას.

- აბა, მწიგნობართ-მწიგნობარო! ყური მიუპყარ, რამდენ რასმე ამოიკითხავ! მუხის ძელმა რომ სიტყვა იცის... სამჭევრეთია სწორედ!.. ვაი არა აქვს ერსა!

მგოსანმა გულისყური გააყოლა ნოშრეს “სამჭევრეთს”, დარაჯა კი ახლო ქვაბში შევიდა, თავისი შემცვლელი გააღვიძა.

- ხორნავ!.. ყური მიგდე... შოთა ლექსთბატონს ის წიგნი დაუმთავრებია... თავად კი უგუნებოდ არის... გავყვები... რამე ხიფათს არ გადაეყაროს... გვირაბში ჩავალთ... მწიგნობართუხუცესთან გაფრინდი... მოახსენებდეს დედათა დედას! ვაი არ ჰქონდეს შოთასა!.. მერმე აქ დადექ...

ხორნამ ძილში მეხსიერება წინაუკმოდ ამოიბრუნა, მაგრამ ყველაფერი გაიგო.

- დაუმთავრებია?! ღმერთმა უშველოს!.. ყველა ელის ამბის დასასრულს! წადი, მიჰხედე!

... ვარძიის ქვაბებში ძილი იყო გამეფებული. ძელთაკვრა სადღაც მაღლა, საყდრის ბჭესთან გამეორდა... ასევე სულ ქვევით – დიდ თავლების ქვაბებთან. მერმე აღმოსავლეთ-დასავლეთ მხრებს გაჰყვა. საქვაბეთს ძელის ხმამ თითქოს ფრთააშლილი ჯვარი გადასახა... მგოსნის წარმოსახვაში კი იგი დიდ, თვალღია ფრინველს ჰგავდა, რომელიც ყოველ ქვაბში იხედებოდა, ზოგს ძილს ჰმატებდა, ზოგს ღვიძილს!

სანთელანთებულ ქვაბში შოთა თავად “შეჰყვა” ხმას, თითქოს უკან მობრუნდა... იქ “ვინმე მესხი” ზის და განაგრძობს წერას. მის კალამს დაჰპატრონებია... ხელნაწერი კი თავისთავად იფურცლება!.. ეს “ვინმე მესხი” კი მას ჰგავს – მისი მაღალი შუბლი, მთელ სახეზე უფრო მაღალი!.. თვალებიც მისია – ჭრია და ბეცა ერთად! მისი პირი და ულვაში, სევდიან-ღიმილიანი... სხვებიც რომ ამჩნევენ და ეკითხებიან, ცოტა გულუბრყვილოდ, ცოტა გაკილვით, ცოტა შურითაც, ალბათ, - “რა გადარდებს ბედნიერ ნიჭით, ბედნიერ ვარსკვლავზე, ბედნიერ დროში გაჩენილს?!”

ამ “სამი ბედნიერების” რაინდს კი უფრო სევდიანად ჩაეღიმება – მათ რა იციან, რომ მისი ცხოვრება მისი არ არის... მრავალგზის ჩანაწილებულია და ყველგან ბედნიერ ტყუპის უბედური ცალია! ყველა დროის გამოუტირებელი და გამოუდარდებელი დაღუპულის თუ დასაღუპის ჭირისუფალი... ყველა ღმერთის წინაშეც იგი და მხოლოდ იგი დგას მოწოდებით და შეწირულად!... არის მეფეთ მეფე, არის მამათმთავარი... სპასალარნი, სხვა დიდებულნი ამა სოფლისა, არიან მუშაკნი და მებრძოლნი... მაგრამ საუკუნის სულთა სულის წინაშე იგია პასუხისმგებელი!.. მას არა სთხოვენ და მაინც ყველაზე უფრო მოეთხოვება!.. ეს რა ჭირკეთილობა სჭირს?!

... და აი “სამი ბედნიერების” რაინდი სამას სამოცდასამი უბედურების მოწმე და მონაწილეა – თავის გმირებისა, თავისი ერის შინაბრძოლებისა, თავის დიდთა და მცირეთა მოკლე ცხოვრებისა... ზოგად საკაცობრიო სევდის ჩათვლით! საუბედუროსა და საგლოვარს რა დალევს ქვეყანაზე, თუნდაც, ახლა უბედნიერეს საქართველოში!

“მე ისიეთ ბრძენს ვერ ვიწამებ, რომელიც თავისი დროით კმაყოფილი იყოს და უმჯობესს აღარ ესწრაფოდეს!”

ძელთაკვრის ხმა კარგა ხანია ჩაცხრა... ახლა მთვარის შუქზე “ოქროს ქვაბი” გამოიტვიფრა და აგალობდა კიდევაც.

არა, იცის... ყოველივე მხოლოდ მოლანდებაა და მაინც ხედავს ლანდში გადასულ ლტოლვას! სინამდვილეზე უფრო მკაფიოდ სჭვრეტს... არა, არც ოქროს ბისონი აცვია და არც გვირგვინი ადგას შესხეულებულ ხილვას... ეს მთვარის პერანგია, გაშლილ დალალებიდან ქოშების ჭვინტებამდე.

“ვარძიის ღვთისმშობელი?” – არა, არც ეს არის მართალი... მარტო ღვთისმშობლობასა და მარტო ვარძიისას, ვინ დასჯერდება?!

აბა რას გამრთმევს თავს, კაცი თავის შემოქმედების მთავარსათქმელს გარიდებული?! თქმას ვით გაჰბედავს და გულში მაინც გაივლოს, განშორების ჟამს!

...”მშვიდობა უფალს!.. სათნოებისა და სიყვარულის ღმერთს ერთად!”

მონუსხული მლოცველი თვალსა და ფიქრს ვეღარ აშორებდა მოლანდებასა და თავის სანთელს... ნუთუ ეს უთვალავი საქვაბეთი ორ ქვაბზე მოდგა?! ვეღარც თავის თავსა გრძნობს, ორ ქვაბთა შორის დაბნეულსა და განტოტილს.

ერთ ტოტად – მდიდარია, მორჭმული, სვიანი და გალაღებული... ამა ქვეყნის ძლიერების მორჩილი და წარმატებული. მეორედ – მარტოსული, თითქოს გაძარცული, სათნოებით უარყოფილი, დარდიანი, მაგრამ თავუდები და თავისუფალი!

ფიქრიანი დასკვნაც ორკაპა იყო...

“ვინც იქ, სანთელთან იყო, ის არის ჭეშმარიტი შოთა, ხელნაწერის დედა! აქ კი სხვაა, სულისკვეთებითაც და მოწოდებითაც! იქ რაც დევს, ხალასი შოთაური გული და ღვიძლია!.. აქ – ჯერ შეუცნობი ლტოლვაა! გაქცეულ კაცის სულსწრაფობა! რომელიც გაურბის ორ ქვაბს... ყველას! ხვედრსა და მოწოდებას კი ვერ წაუვა, ისევე როგორც სიბერესა და სიკვდილს! ...არც გაურბის! მაგრამ ცოტა აცალეთ! ახლა უკუღმა ჩაბერილ სალამურივით ფშვინავს სული... დაახანეთ! ახალ მულღაზანზარის საძებარშია!

... მაგრამ ერთი გარემოება სულ ყირაზე აყენებს ყველაფერს. წიგნი გაჩნდა, სული ჩაიდგა, გამოკამკამდა, დამარგალიტდა... სათაური კი არა! ამის ძიებამ ჯერ ბოლოსიტყვა დააწერინა, მერე წინათქმა, მაგრამ სათაური მაინც არ გაჩნდა... არა, სიტყვა კი არ დააკლდა... ვარსკვლავედებად მოჰყვებიან მოუცარავ ხელს; მიჯრით, წყობილად სხდებიან, ვით მერცხლები ჩუქურთმიან კამარებზე... მაგრამ სათაური – ყველაფერი ერთ-ორ სიტყვაში ზედხატულად ჩამოკვესილი არ დაიბადა! არც ხელი მოაწერა უსათაუროს, თუმცა რამდენი უთავო და უსახო წიგნი დაბოგინობს დედამიწაზე.

ქართულ საწიგნეთში მჭევრ სათაურს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვით ეზო-დარბაზის კარიბჭესა და დედაბოძს!

მან ერთი საიდუმლოც იცის, ბავშვობიდან გამოტანილი... რუსთავთან წისქვილი იყო, მისი ხმაური უყვარდა. აკი ლექსშიაც გამოჰყვა მისი რხეული!

ვიდრე ღარს განზე არ გადაუგდებდა ცალხელა მეწისქვილე, იქამდე ახალ საფქვავს არ დააყრიდა. იმ ღარის სახშობს სათაურას ეძახდა ცალხელა... და ახლა, დიდი ხნის შემდეგ, ცხოვრების ერთ-ერთ ზეგანზე, დიდი წიგნის ჩამოთავების შემდეგ, ახალი “საფქვავი” არ დაიყრების, ვიდრე კოდის ღარს “სათაურას” არ ჩაუგდებს!

ნოშრე კარგა ხანია მობრუნებულა. ჩრდილზე უფრო ჩუმად დგას და ელის.

- წავიდეთ, ძმობილო! შენს “სულის სარკეში” ჩამახედე!

ნოშრემ ნიშის კანდელიდან ზეთის ბაზმას მოუკიდა, გვირაბის საფეხურებს ჩაჰყვა და მიმყოლს სავალი გაუნათა.

ბაზმის ამოძრავებულ შუქზე, გვირაბის კლდეში ამოტეხილი კიბე ვეშაპის ხახა-კბილებს ემსგავსებოდა... ხანაც მის ხერხემალს, ფორეჯებად შთენილს...

კარგა ხანს იარეს. მრავალი საფეხური ჩავლეს. შოთას გამახვილებულ გრძნობას უწინარესად ის ენიშნა, რომ საფეხურები ზოგი უფრო მაღლად და ზოგი უფრო დაბლად იყო მოჭრილი...

...”ისე როგორც კლდემ მოიხდინა! სწორედ ისე, როგორც ქართულმა ლექსმა მოიხდინა მაღალი და დაბალი შაირი!”... და თითქოს ახლაც თავის ხელნაწერის სიღრმეს მიჰყვება... ჟამთა სრბოლასაც... და განა “ქართლის ცხოვრებაც” ერის სისხლითა და მაღალ-დაბალი შაირით ნაწერი არ არის?! ან ჩვენი ერთიან სულის სიმღერა-საგალობლები არ ბრუნავენ ჩვენს ლექსებსა და ქვაბებში?!

ხელნაწერზე ფიქრი ვერასგზით ვერ მოიშორა და გვირაბის ბოლოს, ბნელ მორევშიაც ისე ჩაიხედა, ვით საკუთარ სულში...

...შიგაც თითქოს სანთელი ენთო. ტალღა ტალღას აღელვებულ აზრივით, შფოთიან სიტყვასავით ეხეთქებოდა. ნაკვესი თუ ნაშხეფი სველ ნაპერწკლებად იფრქვეოდა.

ნოშრემ ბაზმა ქვის ნიშში ჩაჰფარა და ლორფინით დაახშო.

გვირაბში უეცრად ჩამობნელდა, ჩამოსკვარამდა. ახლა მხოლოდ ტალღის დგაფუნი ისმოდა... მაგრამ არა... შოთამ ყური შეაჩვია და ესმის, ესმის ათასი ხმა და ამოძახილი, ვაი-ვიშიც... ბრძოლის ყიჟინაც... უკვე ნახნობ ხმებსაც არჩევს, ვგონებ, სიტყვებსაც, რომელთაც ჯერ თავისი სახე და საწერელი ვერ უპოვიათ! ჯერ მიუგნები თქმებიც ყრუდ ბუბუნებენ... მაგრამ ერთი გუნდური ხმა ყველაფერს ფარავს...

- “სახელ-სათაური! სახელ-სათაური!”

- მისი სულჩაბერილი გმირები აქაც არ აძლევენ საშველს! სხვებზე რაღა უნდა თქვას?! “ზღვაა სათქმელისა სულსა და გვირაბში!.. სულსა და გვირაბში! დადუღება აკლია ქვეყანას... და ბევრი რამ ჩემი ხვედრია!”

- “სახელ-სათაური!.. სახელ-სათაური!”

- ეგეც, ეგეც!.. ეს გვირაბიც უნდა გავიარო! სული კი ღრუბელივით ყოფილა! ივსება-იწურება!.. ივსება-იწურება! ღმერთო, ამრავლე წიგნები და ქვეყნის გმირები!.. წიგნები და ქვეყნის გმირები!..

თურმე იგიც ყვირის, იგიც ყვირის... თავის ძახილსაც უმატებს სამტკვაროს ხმაურეთს!.. თორემ როგორღა გაიგო მეგზურმა?!

- სული აბჯარივით არის! აბჯარივით! ცვდება-იჭედება!.. ცვდება-იჭედება! ვაი არ ჰქონდეს შოთასა და ნოშრეს!

შოთამ ერთაი ფერისცვალებაც შეამჩნია “მოურევ მორევს”. თვალი შეაჩვია თუ გულისყური, მაგრამ გვირაბში სრულიადაც არ ბნელა. ჩანს, ჩანს ზოგი რამ და საკმაოდ გარკევეულადაც. კალოსავით მბრუნავ მორევს კი ძროში ნათელიც ადგას, ძროს ნათელი!.. სიღრმეში თითქოს მთვარის ბაკმი ილანდება!

- ეს რა სასწაულია?! – აჩურჩულდა შოთა.

- აი მიზეზთ მიზეზი!.. ამის გასარკვევად, პირველად რომ ვნახე, წყალში ჩავხტი და ყვინთვით... სავსე მთვარეში გავყავი თავი!.. და ის, რაც გვირაბისა და მორევის ფსკერზე ვიხილე – ცაზე აღმოჩნდა გარეთ! ვაი არა აქვს შენს ნოშრესა!

გვირაბი უამრავ შებზარულ საყვირებად გუგუნებდა. არეულ-ჩარეულ ხმებს ახლა, ჩაბაკმულ ძირზე, აბორიალებული სახეებიც შეემატა... ჩაკეპილი ხაზები, ბუნდოვანი ხილვები, ჯერ უმკაფიო ფარგები... საბრძოლო კინენები და მოკიაფე სხეულები. მომავალი ხელნაწერების ჯერ უთხზველი მანდილოსნები და რაინდები!

...მაგრამ ბაკმის ფოთოლყვითელა ფორეჯი ვეფხის ტყავივით გადაჰფარვია მორევს და სულში უკითხავად უძვრება მგოსანს.

- ეს “ფოთოლყვითელა” ამეკვიატა, ნოშრე! მეც უნდა გავყო თავი სავსე მთვარეში!.. გარეთ გამიყსვანე, თორემ, იქ დარჩენილ ხელნაწერს ვფიცავ, ახლავე ჩავხტები წყალში.

შოთამ ხელები მაღლა შეჰყარა და ასე დარჩა.

ნოშრემ დიდხანს უმზირა. მიმხვდურად, თანაგრძნობით... რთული საქმე მარტივად გადასწყვიტა...

- გაგიყვან!.. ახლა დაკლებულია მტკვარი... გულანშაროს გვალვებია, მოგეხსენება. გაგიყვან, მაშ არადა, წყალში ჩაგაგდებინებ თავსა! ვაი და ვუი ნოშრევანსა!

- ჰმ!.. გვალვები... სულიერი გვალვები!.. ეს რა ბაკმიან სარკეში ჩამახედე? სიტყვებიც ბაკმიანი გცოდნია მეაბჯრეს!

ნოშრემ ისევ ამოიღო ნიშიდან ბაზმა... კვლავ სანთელი ჩაწვა მორევში. სახეც იცვალა ბაკმის სარკემ. ახლა შიგ თითქოს კელაპტარი და ხელნაწერი ურთიერთჩაკრულად ლივლივებენ. შოთა შეკრთა კიდევაც...

- არ დაიწვას ნაწერი!

- არც დაიწვის... არც დაიხევის... არც დაიკარგვის, ვიდრე ქართველს ქართველი ჰქვია!.. მაგრამ შენ არ დაგვეკარგო!

- აბა, ჩემი ხელნაწერის შორ ქვეყნებში არ დავიკარგე და ჩემს მშობელ მიწა-წყალზე რაღა დამკარგავს... არცვინ მიწყინოს ცოტა ხნით წასვლა!.. ამასაც შენ გაბარებ... აბა, ახლა სხვას ვის ვნახავ?!..

... ახალ წიგნის დასაგუბებლად წავალ, ჩემი ერის ყოველ მხარეში, მრავალ კალოზე, სიბრძნის საკალმასოდ!.. ვინც ფიქრობს, რომ ეს არ სჭირდება, ის საქვეყნო და საერო წიგნს ვერ დაწერს, ვერა!

- ჰოდა, ეგრე!.. თორემა... ესაო და ისაო... მავან გზისაო... სხვისა და სხვისა მიზეზისაო!.. ვაი არ აქვს შენს ნოშრესა!.. ახლა შენი წაუსვლელობა არ იქნება... მომყე... მომყე! მეფე-დედასთანაც, თუ დასჭირდება, მე დაგიდგები თავდებად!

- იმასთან თავდები არა მჭირდება! სულმნათი გამიგებს კარგად! – ჩუმი სიტყვა ამოაბრუნა შოთამ, მაგრამ ნოშრემ ვერ გაიგონა, თავის განაგრძო:

- ახალი აბჯარიც ჩემზე იყოს! სულ შენი ლექსის ხმაზე ავაწყო... ჯაჭვი, მარჭვალი... ჯაჭვი, მარჭვალი!

უკვე წყლის პირს მისწვდნენ. მტკვრის ძლიერი ნაკადი კლდის ქვეშ გამოჰქუხდა, ტალღაამობრუნებულად ამოდიოდა, მერმე კლდის ქვედა პირის სიმაღლეს მიჰყვებოდა და ქვევით უფრო დიდ ხაროში გადიოდა. ჰაერში ბუბუნი და შხეფი იდგა. დაყოლებით კლდეში გახრული სავალიც ჩანდა.

ახლა უკვე მორევში გაცრილ-გარდატეხილ მთვარის სოქალ შუქში იყვნენ ორივე. ნოშრეს ბაზმა აქ წითელ წერტილად ჩანდა. მერმე სულ ჩაქრა.

სიტყვაც ამაო იყო. ნოშრემ ხელი ჩაჰკიდა და გასავლისაკენ გაიყვანა. იქ თავი დაახრევინა და მთვარის ნაშუქში ჩააყენა.

შოთამ მტკვრის გალოკილ კლდეს ხელი გადაუსვა და მიჰყვა.

გვირაბის ზღურბლთან, ერთ ყურში დაგუბული გუგუნი იდგა, მეორეში – მთვარიან ღამის სიმშვიდე და წყნარი დუდუნი გარემტკვრისა.

- ბაზმა მაინც ჩაგვიქრა! უკან, სიბნელეში, ვეღარ ავალ! – უკვე კარგად გააგონა ნოშრემ. – შენ მთვარენათელ შუქზე იარე!.. მაგრამ კუდები ხომ არ გრძება, აი იმ “სულ აბჯარ” ხელნაწერისა?!

... და ისევ აგუგუნდა გვირაბის ნაძალი...

- ერთი კუდი მაქვს... და დილაადრიან უსათუოდ მოვალ! აქ მოვალ!

- მაშინ მეც გამიყოლე... შორიახლოს ვივლი... აბა, ვერაფერი ავთანდილი ვარ, მაგრამ ერთგულ ხელად მიგულე... ვაი არა აქვს შენს ნოშრესა!

- არა... მარტო, სულ მარტო მინდა ყოფნა... უხელოდ, უმოხელოდ, უხელნაწეროდ! მტკვრის პირიდან შემოვხედო ყველაფერს... ვარძიასა და ზეცას ერთად! ამოვისუნთქო მინდა, ვიდრე ახალ ხელნაწერის “ხაფანგში” თავს გავყოფ და ისევ მივიჯაჭვები!

... მერმე გაექცა გვირაბის გაჯავრებულ ბუბუნს და თავის ხელნაწერის გმირების მუდარას. სავსე მთვარის შუქში შთაინთქა...

- აქ დაგელოდები... აქა!.. დილით გედლი სასწაულ-კაცო!

... გაქცეული კი გარბოდა, ვიდრე გული არ ამოუჯდა, ვიდრე სმენა უკან მოძახილის არეს არ გასცდა. მერმე ჩამოჯდა დიდ ლოდზე და მოდუდუნე მტკვარს დააცქერდა. სულიც ღრმად ამოიღო.

ლოდი, მდინარე, მთვარე... მეტი რაღა უნდა თავისუფლების მსურველს!

...მდინარეზე მთვარე იყო ფორეჯებად და თასმებად გადაღვრილი. თვალსა და გუმანს ისევ ამოენიშნა ყვითელფორეჯა არე... მიხვდა, რომ აქ რაღაც იბადებოდა, მაგრამ ფიქრმა თავი მისტაცა...

“ახლა ერთი ვაი-ვიშს შექმნიან კეთილის მსურველნი... მათ ყოველთვის კი არ აქვთ კეთილი გაგების სურვილი! “სასწაულ-კაცობამ” მომკლა! მეც ადამიანი ვარ და არა სიტყვის ხატი! მეც მტკივა და მწყურია... მეც მიხარია და მელაღება... მეც მიყვარს... ბოლოს და ბოლოს! მით უფრო ახლა, როდესაც გავასრულე “საგოგმანები”!

... მაგრამ ახლა თითქოს აღმა წავიდა მტკვარი!.. აქამდე იყო ხელნაწერი, იყო რკენა შეუპოვარი!.. ქაოსიდან – მოციაგე ალმასების ხვეჭა და ფრქვევა! ღმერთთან ჭიდილი იყო სიტყვის, სახის, ბედის შექმნაში, სულის შთაბერვაში! არც ამაოდ დაშვრა! ახლა კი... ვარძიისა, მტკვრის პირისა და თმოგვს შორის დაიბნა რუსთავში ნაშობ-ნახარდი “სასწაულ-კაცი”... მაგრამ ეს დაბნევა არ აშინებს... დიდი სულთა ძვრით იწყება საერთო ძვრაც, ალღოსა და ჭვრეტის შესხეულებით, “კოკასა შიგან” ჩამოდგომით... უკვე თავთავობს, ებმის და ერწყმის ურთიერთს აღმოსაჩენ წიგნის უჩინმაჩინი. ეს არის მიგნების პირველი მაცნე, მერმე ყველაფერი გამჭვირვალე ხდება!

შემობრუნდა და განცვიფრდა. ვარძიის კლდე ასომთავრულით ნაწერ ქვის დაფას დამსგავსებოდა... სანთლების, კელაპტრების, ჩირაღების შუქი ელავდა და არეულად მოძრაობდა; თითქოს ვეება ეტრატზე, ასოებსა და სიტყვებს ცეცხლი მოსდებოდათ და სხვა ბწკარებში გადახტომას ლამობდნენ.

- მე დამეძებენ!.. ღმერთო ჩემო... ხელნაწერი დავტოვე და მეტი რაღა სწადთ?!

“ეტრატი” კი სახეს იცვლიდა... მოძრავ შუქებით, ხან თარაზულად ფორეჯდებოდა, ხან შვეულად ითასმებოდა... ქვაბები პირტვიფრულად ისახებოდნენ და უმალ ქრებოდნენ... სად თავდებოდა ვარძია და სად იწყებოდა ვარსკვლავიანი ზეცა აღარ იცოდა აღარც მტკვრის პირზე გახევებულმა მეოცნებე “საკვირველ-კაცმა”!..

... მალე ცაზე გაენთო განთიადის ადრეული ამონასხივი. ვარძიის “ბწკარებს” აკლდებოდათ ბრწყინვალება, პირღია ქვაბებში ინთქებოდნენ.

მტკვრისპირელი კი თავისი ხელნაწერის თავფურცელს ხედავდა. ნაჭვრეტსა და ხილვის ნაშრევს კრიალოსანივით მარცვლავდა და სიტყვებს ახმაურებდა.

- ფორეჯიანი ეტრატი... დათასმული ტყაოსანი... ტარიელ ვეფხის ტყავიანი!.. ვეფხის ფორეჯა ტყაოსანი!.. ვეფხის ტყაოსანი!.. აი სათაური! გამოიწურა სიტყვა... ჩამოდუღდა!.. ახლა თავფურცელზეც მიწერილია!

აჩქარდა. სულ გათენებას უნდა დაასწროს. მოიკვეცოს უკანასკნელი კუდიც. ისევ ვარძიის კლდეს მიატანა... ისევ ირბინა, მაგრამ ახლა აღარ დაღლილა.

- ჰეჰეი!

- ჰეჰეი! – უმალ ხმა გასცა მთელმა ვარძიამ, ყველოა ქვაბმა და შუქმა.

- მე ვარ! მე!

- გიცანით!.. მობრძანდი!.. გეძებთ!.. გელით... მეფე და ერი!

- მისმინეთ... ვეფხის წიგნს ვუპოვე სათაური... სათაური!

მთელი ვარძია ქვაბებიდან გამოდგა, კიბეებსა და სავალებს მოეტანა... უცბად ჭიანჭველების დიდ, დაყუდებულ ბუდეს დაემსგავსა... არა, ფუტკრის აზუზუნებულ სკასა თუ ფიჭას... კიდევ არა, განთიადისას აღაღანებულ ვარსკვლავეთს... იქნებ ყველას ერთად და ერთ სხვასაც, შოთასაათვის ნიშანდობლივსაც!

- სახელ-სათაური ვიპოვე-მეთქი! “ვეფხისტყაოსანი!”... “ვეფხისტყაოსანი!” მიაწერეთ, თავფურცელს მიაწერეთ!

- “ვეფხისტყაოსანი!”... კარგია! დიდებულია!.. სწორედ რომ შესაფერისი! მივაწერთ!.. მივაწერთ!.. დიახაც, მივაწერთ!..

... და თითქოს სიტყვამ სახე უცვალა ვარძიას, დაქვაბული კლდე შეემსგავსა სიტყვას... აფორეჯდა, დაითასმა, დავეფხისტყავდა!.. და ეს ყველაზე უფრო მკაფიოდ შოთამ იხილა.

- დიდება შენდა სიტყვავ-ნაპოვნო!.. სახედ ნახულო, ნიშანში ამოღებულო და ყოვლის შემძლევ!

... და მაშინ იშვა ფიქრი გაბედული, საუკუნის მიღმა მზირალი...

- სიტყვა – ღმერთია, ღმერთზე უფრო!.. და პირველად იყო იგი – სიტყვასაზრდოდ სულისა!.. და სიტყვამ – მხეცი ადამიანად აქცია, ხოლო ადამიანი ღმერთად! ამის იქით რაც იქნება საუკუნო სავალი, ამასაც დავწერ... ჩემი “კოკისაა!” ჯერ წავალ, ბედნიერ საქართველოს ყოველ მხარეს დავივლი.

- გელით!.. გელით!.. ამოდი!.. ამობრძანდი!..

- მელოდეთ!.. მოვალ... დავწერ, დავწურავ, დავადუღებ და მოვალ, მოვიტან! მოვალ!.. მოვიტან!..

... მერმე დილაბინდში გაბრუნდა, წავიდა, გაჰქრა...

1970

არმაზი

??????