ქვის ხოხობი
დედა-ტფილისის სატახტო ქალაქად დამკვიდრების 1500 წლისთავს უძღვნის ამ ფურცლებს ავტორი.
ყველა თავისებურად გრძნობს და განიცდის მტკვარს. ზოგი მის მაღალხმიან შხუილს უსმენს, ზოგიც ხმადაბალ დუდუნს.
ჩემთვის მტკვარი – გრძელი, უწყვეტი მატიანეა. მის ყრუ დუდუნში “ქართლის ცხოვრების” მრავალი ფურცლის მონათხრობია.
მაინც - არის ერთი ადგილი, იქ, სადაც დედა-მდინარე უვიწროეს კალაპოტს აღწევს, კლდის ძირს თავგამეტებით ეხეთქება, მერმე შემობრუნდება, ჭავლების დავლურს დაჰკრავს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიღრმისეულ რასმე ამოისიტყვებს.
ასე შერეულად ამოჭავლებული ნაწყვეტები თანისთანად ჩალაგდებიან, ურთიერთს ბუნებრივად ეკვანძებიან, ჩარჩენილ ხარვეზებში ნაწიბურებად შეხორცდებიან. ვით იარები ვახტანგ გორგასალის ნაბრძოლი ტანისა... და ისევ მოდუდუნებს მტკვარი ანკარა, როგორც გალექსილი მოთხრობა, მეჩანგიდან მეჩანგემდე სიმს გაყოლილი...
...და მოფრინავდა ხოხობი ტფილი ხეობის დაბურულ თავსა ზედა... ზეცაც ხოხბის ფერისა იყო – მუქლურჯი, ოქროცვარული და რუხპეპელა...
...და დაიპყრეს ქართლი სპარსთა. იხიზნა მეფე ვახტანგ, ძე მირდატისი. დამალეს ჯვრები ქართველთა... და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა – სპარსთა მსახურთა აღაგზნეს ცეცხლი.
...და იყო სათქმელად კაცი – ვარსქენ პიტიახში სპარსთა. მან უარჰყო ჭეშმარიტი ღმერთი, შეუდგა მტერს, აწამა მეუღლე – შუშანიკ და ერი თვისი. დიდ ხარკსა და ჭირს შეაყენა ქვეყანა...
...და იყო კაცად-კაცადი ლისელი, ცალხელა. იჯდა იგი ტფილ ხევს, ცხელ გუბეს და გულის მოსაოხად ცაცია ხელით გამოჰყავდა ფარგი, მსგავსი დიდი ქალაქისა.
...და გასრულდა ყოველივე ეს ფიცხლად და ფარულად. გარდააფარეს ქეჩა-ნაბადი, აღიდგეს მხართა საწნეხელი იგი დიდი და შეუდგნენ აღმართსა ფრიადს.
...ჰოდა, იყო ქვეყანა რბეული და მიძალებული. ხოლო ვახტანგ გორგასალი, ნაბრძოლი და სპაშემოცლილი, იხიზნა ლიხსიქით ახალ სპათა შემოსაკრებად, იარათა მოსაშუშებლად, ხოლო უკან გადმოსვლისას ხან მცხეთას იყო ციხეფარულად, ხან უჯარმას, ხან ნეკრესს თუ სხვა მიუდგომელ ადგილას. არ გააჩნდა მას დაცული და ხალხმრავალი დედა-ქალაქი, ლაშქრისა და ციხის სარდლად უფრო გრძნობდა თავს. ერი მრავალი კი ტყეში დაქსაქსულად, კუნძულ-კუნძულ შეჩიხულად, უთავდედოდ ეგულებოდა.
- არ იქნების ესე! ასე ჩაშლილად ვერ იცხოვრებს, ვერასოდეს ვერ მოძლიერდება ერი!
ყველგან და ყოველთვის მცდელ ფიქრს ერკინებოდა ვახტანგი. გულდაგულ ეძებდა სატახტო ქალაქის შესაფერის ადგილს, ყოველმხრივ შემკულსა და სავარგულს, სადაც ციხე, სასახლე და ქალაქ-გალავანი ერთად იქნებოდა შეკრული და ურთიერთით შემტკიცებული.
სად არ “შედგა ფეხი”, სად არ დაჰკრა თავისი შუბი, მოზომა არე, ყოველმხრივი ვარაუდი გასწია... მაგრამ ყველაფერი ერთად არსად მოდიოდა უწურგი. ან წყალი აკლდა ადგი ლს, ან საციხე კლდე-ფრიალო, ან საქალაქო არე-საცხოვრისი, ან ძირითად გზებს შორით და უხერხოდ რჩებოდა განზე... ქვეყნის გულად ვერ გამოდგებოდა.
...ჰოდა ეძებდა მეფე, მუდამ ეძებდა – ბრძოლად, ხიზნად თუ სანადიროდ ყოფნისას. თავის ზრახვას არვის უმხელდა. იცოდა – რბეულ, ზღუდემორღვეულ ქვეყანაში არაფერი არ იმალება. მით უმეტეს - კარგი განზრახვა.
...მაგრამ იყო ერთი ადგილი, რომელსაც მუდამ ერიდებოდა გორგასალი, თუმც იგი იყო ყველაზე მოხერხებულ გზაჯვარედინზე მცხეთასა და უჯარმას შორის, მანგლის-კახეთს შორის, ხუნან-დარუბანდს შორის, თიანეთ-ბოლნისს შორის. ქართულ ძირა გზათა სოლები – ურმის მორგვივით – სწორედ აქ იყრიდნენ თავს. მაგრამ დიდი ხინჯიც აქ იყო სწორედ.
დრომდე ერიდებოდა ვახტანგ... ახლა კი საგანგებოდ წამოვიდა მცხეთიდან. მცირე ლაშქარიც წამოიყვანა. ფარულად – ზვერვით და მალვით ვიდოდა. მტკვრის მარჯვენა ნაპირს ჩამოჰყვა. დიღმის ველის ქვევით დაუღრანებულ ტყეს მიატანა. მერმე ტაფობის ღრანტიანები იწყებოდა. მაღალ და ჩატყიანებულ მთა-გორაკებით შემოგარსული არე შორიდან მწვანე დიდ უბედ გამოსჩანდა. მტკვრის გაღმა-გამოღმა გაშლილი თვალსაწიერი – ხევებით, ტბა-ფშანებითა და წყარო-ღელეებით იყო აღსავსე. აღმოსავლეთით თრიალეთის კლდე ჩამოსდევდა, თითქოს ბუნებრივ ზღუდედ და ფარად უდგა ამ უდაბურ ტაფობს. აქ მტკვარს ჩოხის წელივით უვიწროესი კლდე-კარი ჰქონდა. აქ იყო ქვეყნის ბუნებრივი საკეტ-გასაღები... და სწორედ აქ გორგასლის თვალს შაშარად ხვდებოდა მარჯვენა კლდის თამვზე წამოხირული ციხე.
აქ იყო სპარსთ პიტიახშთა ბუდე-ბუნაგი.
არცთუ დიდი იყო ძველ ქართულ ბალავარზე ჯუჯად წამომჯდარი ახალი სპარსული ციხე-ქონგური. იგი მრავალ სავალთა კეხზე იჯდა და ბატონობდა. თვით მცხეთა-უჯარმის გზაც კი თითქოს ხურჯინად ჰქონდა მოკიდებული. ქართლის ხერხემალში ხანჯლად იყო გაყრილი ეს ყოვლად მიუდგომელი შურის ციხე.
გორგასალმა გარკვევით არც იცოდა – წინათ რა ერქვა ამ ციხეს. ახლა კი ასე შეარქვა, რადგან იგი ქართული მცხეთის საპირისპიროდ შურის ციხედ იყო აღდგენილი სპარსთა მიერ.
ეს დასახლებული და გზამრავალი მიდამო ახლა, სპარსთ მოძალებისა და დიდხარკიანობის დროს, სულ ჩაყრუებული ჩანდა. ახლო სოფლებს ნაფუძვრები და შეჭვარტლული ნაბუხრალები შერჩენოდა. აქ დღისითაც დაძრწოდნენ მგლები. ხოლო მტკვრის ჭალებში მზისითაც ჩამოდიოდნენ ირმები, ჩალიანებში ირეოდნენ ხოხბები და დურაჯები. დევ-ხეების კენწეროებეზე ბუდობდნენ სვავები და შევარდნები. ქართველი ადამიანი კი ერიდებოდა ამ ტაფობს. გორგასალიც საცხენისის გზას არჩევდა კახეთში გასასვლელად. მაგრამ ახლა ჯავრზე და საბრძოლო მშვილდზე იყო მოზიდული. მართალია, ლიხსიქითა მხრიდან დაბრუნების შემდგომ ისევ თავისებურად დაუბორიალდა ციხე-გალავნებს, დაბა-სოფლებს. ისევ მოიკრიბა და მოიმტკიცა რბეული ქვეყანა, მაგრამ ვიდრე შურის ციხე ცერად იდგა – სანუგეშოდ და მყარ-თავისუფლად ვერ მიითვლებოდა ქვეყანა.
სპარსთ სხვა სანაპირო ციხეებიც ეპყრათ, მაგრამ ამ ციხესავით არც ერთი არ აწუხებდა ვახტანგს. იგი თითქოს ფილტვში ჰქონდა შესობილი, ქართულად სულის მობრუნებას უშლიდა. მის შემხედვარეს ყვედა ნაიარევი თითქოს ეხსნებოდა ნაბრძოლ მეფეს და ისევ ახალი ჭრილობის ძალით უწყებდა ტკივილს.
...და რაც მთავარია – ვერც ღია იერიშსა ან ალყად დგომას ჰბედავდა ჯერჯერობით. ეს უკვე სპარსთ წინააღმდეგ საერთო აჯანყებასა და დიდ ომს ნიშნავდა.... ჰოდა, შურის ციხის აღებამდე მოუსწრებდა პეროზ სპარს/მეფის დიდი ლაშქარი.
ციხის ჩუმად, მოპარვით პყრობა იყო საჭირო. აი – სპარსულად, პიტიახშის საჯდომად რომ დაიღამოს და საქართველოდ, სამეფოდ რომ გაითენოს წურის ციხემ. ეს კი არ ხერხდებოდა არასგზით. ციხეში დღედაღამ ფხიზლობდნენ მცველნი.
სამი მხრივ სულ მიუვალი იყო ციხის კლდე, ერთი მხრივ კი ძნელმისავალი, კარგად დაცული ბილიკი შეჰყვებოდა ფრიალოვანს, მომსვლელთათვის ყოველგვარად უსაფარო და უეჭველად სამარცხო.
გორგასალმა კარგა ხანია შორიახლო მზვერავნი მიუჩინა ციხეს. ახლახან მოახსენეს – სამარაგო სურსათ-საჭურველი ამოსვლია შურის ციხეს. ვიღაც საპატიო სტუმარიც სწვევია ქართლის საპიტიახშოს საჯდომს.
ამჯერად ვახტანგმა თავისი რჩეული სპა ახლო უღრანში მიმალა. მხოლოდ მეაბჯრე გაიყოლა და საღამოს პირს თავად მოჩხრიკა ციხის მისავალი.
მტკვრის ჩალიანებს ჩაჰყვა ფარულად, მერმე ცხენიც მიუგდო მეაბჯრეს და ფეხით აჰყვა მაყვლიანებს, წნორნარს... ძეძვიანშიც გაძვრა, მოჰხარა თავისი გოლიათური სხეული. ეკლები უფხაჭნიდნენ, ხიწვებს ატეხდნენ აბჯარზე და საბარკულებზე.
სარტყელა კლდის ტერფთან შედგა, მგელსახა მუზარადი გადაიწია და მაღალკოპებიან გუბლზე ოფლი შეიმშრალა. წარბშეტეხილად და თვალსუსხიანად აჰხედა. იქ, მაღლა, კონცხის თავზე, შურის ციხე აჰხირებოდა ქართულ ზეცას. გორგასალმა მშვილდის ლარი შვეულად უსწორა ციხეს, მანძილი თვალდათვალ ზომაში ამოიღო და ახლა აღმოსავლეთიდან უწყო შემოვლა კლდის ტერფს. ვერხვნარევ მუხნარს ჩაჰყვა, ჩაჩრდილულ ხეობაში მოხვდა. ნიავმა ნოტიო სითბო აწვდინა, თითქოს ცხლად ამოისუნთქა ვიღაცამ. არც ამას მიაქცევდა ყურადღებას, ზაფხულის მზით გახურებულ კლდის ნაძალად მიიჩნევდა, მაგრამ გოგირდის მჭახე სუნმა გააოცა – ნუთუ ციხეში ახრჩოლებენ? ან კი რად უნდათ?!.
მაგრამ სუნი აშკარად ქვევიდან მოდიოდა. გორგასლის მახვილი თვალისათვისაც კი ოდნავ შესამჩნევი ნაორთქლი თეთრ ვიწრო სვრელად ადგა ჩახვეულ უღრანიან ხეობას. ნიავმა უფრო ძლიერად დაჰბერა და სუნს ახლა ღელის ჩხრიალი დაუნაცვლა.
გორგასალმა შემოუარა კლდის ტერფს და ციხეში ამავალ ვიწრო ბილიკს ააყოლა თვალი. ფიცხელ კლდის თავზე, ბილიკის ბოლოში, წინა თაღქვეშ – დარკინული კარიბჭე დალანდა.
არა, ვაშად მისვლა ვერას გახდებოდა ამ ციხესთან. მსხვერპლიც ამაო იქნებოდა და გულში ნადები განზრახვაც ნაადრევად გამჟღავნდებოდა. ეს აბოროტებდა ვახტანგს. მაგრამ მარტო გაბოროტებას ციხე არაოდეს აუღია.
- მაინც ავიღებ! – გორგასალმა წიხლი ჰკრა კლდეს... და, მართალია “მთას დრეკა არ დაუწვია”, მაგრამ ერთი მოზრდილი ქვა კი ჩამოსწყდა კლდესა და წითლად დაწინწკლულ ჟოლოვანში ჩაგორდა... იქიდან გამფრთხალი ხოხობი ამოფრთხიალდა, ჯერ შვეულად შევარდა ჰაერში, თითქოს ხატულყვავილი ერთბაშად აიზარდა, გადიშალა და შედგა... მერმე კი თარაზულ ფრენაში გაიწვართა.
გორგასალმა უნებურად საბრძოლო ისარი მოისწრაფა, მოსწურა მშვილდი. დამიზნებისას არც ერთ თვალს არ ხუჭავდა იგი. არაფერს არ ჰკარგავდა თვალის არედან. მართალია, ახლა სრულიადაც არ ენადირებოდა გულს, მაგრამ ზრახვის ჩათქმა იცოდა უეცრად. ობოლ ჭაბუკობიდან დაჰყვა, ბედს ეჯიქურებოდა მუდამ. “ავიღებ თუ არა შურის ციხეს?!”.. კარგა გამანძილებულ ხოხობს ცოტა დაუწინდაწინა და სტყორცნა ისარი... უწვდინა, კარგად დაინახა, ფრთის ძირის არეში გაუყარა. ხოხობი ერთიც შეკრიახდა და ჩაუწყდა ფრენა... იძალა, ბექობსაც გადაატანა და ხეობაში ჩაიჩეხა თავდაყირა.
- ავიღებ! – თავისი გულისთქმა აღმოხდა გორგასალს და ხოხბის გზას ხევშემოვლით მიჰყვა.
წინ თავისი მეაბჯრე შემოეყარა. ცხენი მოჰგვარა.
- მანდედან ადამიან-ხმა გამოისმის... მტერი არ იყოს! სეფე-გუნდიც მოგეახლათ ფეხდაფეხ.
გორგასალი ცხენზე შეჯდა და ორივ ფრთხილად გაჰყვნენ ოდნავ გატანილ ბილიკს. ახლო მუხნარში განაბული სეფეგუნდი ნიგანს ელოდა.
მყუდრო კლდის ძირში მუქ ლურჯად შეფერილი ღელე მოჩხრიალებდა... მერმე ქვაშემოწყობილ გუბედ ტბორდებოდა. გუბეს გოგირდის სუნი და ცხელი ოხშივარი ასდიოდა, ახლო-მახლო მუხის ფოთლებზე წინწკლებად ითქორებოდა.
ცხელ გუბეში სამი ჩახეიბრებული ჭაღაროსანი იჯდა. ძვალტყავა სხეულები წყალში ჩაემალათ. ლოყები მეზურნეებივით დაებერათ და შვებით ფშვინავდნენ. მეოთხე – ცალხელა, ოდნავ განზე, - წყალხმელეთად მიწოლილიყო და ჩატალახებულ აყალო მიწიდან ცაცია ხელით კუთხებ-კუთხება ფარგი გამოჰყავდა ქვიშნარზე.
- ლისელო! ვახო-კაცო! ჩამოთბურდი წყალშია... ემანდა თრიალეთის ქარმა არ დაგკრას... მზის ჩასვლისას იცის... – ამო ზმორებითა და იოგების ტკაცუნით გასძახა ცალხელას უნიშნო თეთრით გადაპენტილმა, მაგრამ საოცრად შავთვალწარბა მოხუცმა.
- ფიქრი ნუ გაქვს... გალავანიღა დამრჩა.
გულისყურწასული ვახო ლისელს ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა პასუხი. მოხუცებმა თვალები სჭყიტეს... ამოძრავდნენ...
- ემანდ ჩუმად... თორემა... თუ გაგვიგო ვინმემა...
- ტალახ-გალავანზე არადა... ჩვენი ტყაევების გუდებს კი გაბერავენ და იქ, შურის გალავანზე გადმოჰკიდებენ...
- ერთხელაც ძლივს გადარჩენილხარ და... – ერთად ადუღდუღდნენ მოხუცები, თვალდარიდებით აჰხედეს ზევით. მაგრამ იქ სრული სიწყნარე იყო. უმალ დაშოშმინდნენ მოხუცი მობანავენი, გვერდი იცვალეს, ცხელგუბის წყალი შეაჩავლეს და ისევ დაცხრნენ... ბებრულ, თვალხუჭულა ხილვაში გაირინდნენ. იქნებ წასთვლიმეს კიდევაც.
...უეცრად გუბეში ისარგაყრილი ხოხობი ჩამოვარდა. ერთიც აფრთხიალდა, გუბესაც უეცარი სიწითლე და ღელვა გაჰკრა.
შეკრთნენ ბერიკაცები, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. გაისუდრნენ. თავებიღა უჩანდათ წყლიდან, ბოლოს ისევ წარბა მოხუცმა წაიგრძელა ხვანჩიანი კისერი:
- თაბორელო... ერთი მიჰხედე გაფუფქულსა... ე რა უღრუბლო მეხი დაგვეცა თავზე... საწნეხელის ამბავი არ იყოს?!
თაბორელმა ვაზივით დამშხალული მკლავები გაშალა და ხოხობი ორივე ხელით მაღლა ასწია.
- შენ ამას ჟდამიხედე! მართლაც, საწნეხელს არ გადაგვაყოლონ! ადრე თუ ჩამოდიან დღესა?
ბერიკაცები უცბად შეფუსფუსდნენ, შემკრთალი სიმკვირცხლით წამოცვივდნენ, ნაპირზე მიყრილ თავიანთ ძონძებს წაეპოტინენ.
ახლა მათ მუხლის თავზე თუ სწვდებოდათ გუბის დონე. თავწვერიდან წურწურით ჩამოსდიოდათ შეორთქლებული ცხელი წყალი. ერთს ბზის ჯვარი ეკიდა კისერზე.
ცალხელა ვახოც წამოჯდა და ხოხობს კისერი გააცალა.
- დაიცა ჯოჯო-ბერო, შენსავით ჯვრიანია ისარი! ნახეთ – შავლეგო, ბაკურ!
- ჯვრიანი?! – ძველმანებს ხელი უშვეს მოხუცებმა. ბზის ჯვაროსანმა კი ისარი გამოართვა და ცოტა თვალშორივით გასინჯა.
- მადლი ღმერთსა!.. უდავოა...
ბერიკაცები შემობრუნდნენ და ცუცქად ჩაჯდნენ გუბეში. თვალებს კი აქეთ-იქით აცეცებდნენ... მაგრამ არსაით არავინ ჩანდა.
ვახო ლისელი ისევ თავის აყალო მიწის ფარგებს მიუბრუნდა.
ერთხანს სიჩუმე დამყარდა. ალბათ, მოლოდინიც. მხოლოდ ცხელი წყლის შიშინა ჩხრიალი ისმოდა.
- გაფუფქულა და გავბდღვნათ ბარემღა! – ხოხობს ხელი წამოუსვა შავლეგომ და ფრთა-ბოლო გააცალა, ვახო ოსტატს ბურჩხად დაურჭო დაფარგულ აყალოში.
მრავალფერ დროშებად შეფრიალდა ხოხბის ბუმბულხატული. თითქოს გაცოცხლდა ფარგი.
წვრილ ბუმბულის გაცლა კი ბაკურა თაბორელმა განაპგრძო... მაგრამ არ დასცალდა. ნაპირის ბუჩქნარში ხმაურით გატყდა ფიჩხი. მოხუცები ხმაგაკმენდილოად მობრუნდნენ. მაინც ფეთებაზე ჰქონდათ გული. ცხელ გუბეში მჯდართ ანაზდად ცივმა ოფლმა დაასხა წინკწალი.
კარგა ხანს მაინც არავინ ჩანდა. მერმე უცბად დაინახეს – მათკენ მოდიოდა გოლიათური აგებულების ჭაღაროსანი. ერთმა გარემოებამ თავიდანვე დააბნია, თუმც გულიც შინაშინა მოუყვანა მოხუცებს – მომავალი გოლიათიც მათსავით დედიშობილად შიშველი იყო. მხოლოდ ხელში უისრო მშვილდი ეპყრა.
- ხოხბის პატრონი?! – წაიჩურჩულა შავლეგომ.
ახალმოსული კი თავზე წამოადგა გუბეში მიჭუჭკულთ... სათითაოდ ჩაათვალიერა. თითქოს იგრძნო მათი შეფორიაქება. მშვილდი ნაპირზე მიაგდო. მარცხენით სარცხვენელი იფარა, მარჯვენით კი ფართო მხარმკერდზე ჯვარი გადისახა.
უმალ ბერიკაცებმაც ხელები ამოჰყვეს ცხელგუბიდან და ჭყაპაჭყუპით მრავალგზისი, ნახევრად წყალში ჩაძირული და ნამდვილად მხურვალე პირჯვარი ისახეს. ჯოჯო-ბერმა მკერდზე დაკიდებული ბზის ჯვარიც აღმართა, აკურთხა მოსული. ვახო ოსტატმაც კი გამოიღო მარცხენა.
- გამარჯობათ, წყალ-ბერიკებო! – დინჯად დაირხა ნაპირზე.
- ღმერთმა გაგიმარჯოს! – აჩოჩქოლდნენ გუბეში, მაგრამ უმალვე დაიდინჯეს საუბრის კილო.
- მობრძანდი... ახოვანი კი ჩანხარ, მაგრამ დავეტევით... – კიდისაკენ მიჩოჩდა შავლეგო. - ცხელი წყალი კი ულევია... მისი მადლი და სიმხურვალე გაამოს, სტუმარო!
ახლა სხვებიც გაიწ-გამოიწივნენ.
- დაბებრებული სახსრებისა და ქარების უებარი წამალია... ძველი ჭრილობებისაც. შენ კი, მონადირევ, ტანზე ბლომად გიჩანს ნაწიბურები... ძნელსაუკუნის ნახევარიც მოლეული გაქვს... დაისვენებდე... ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! – ამეტყველდა ჯოჯო-ბერი.
თაბორელმაც შეიფერა დარბაისლური ქართული. ერთხელაც ქვევიდან აისწორა თოხა წვერი და ჩაახველა:
- ჰოდა, ჩამოწექ, ძმობილო... ქართველ-კაცო! დასარცხვენ-დასარიდებელი აღარა შეგვრჩენია რა ამ მტერმიძალებაშია... ჭიპები კი ყველას ერთნაირადა გვაქვს მიჭრილი და ის არის...
ვახტანგი ჩავიდა და სიამოთ ჩაგორდა ცხელ გუბეში. საოცრად რბილი, ალერსიანი წყალი თივთიკის უთბილესი საბანივით შემოადგა, გოგირდის მჭახე სუნიც ამოდ უღიტინებდა და უბერავდა ნესტოებს.
გუბის წყალი კი ერთბაშად გადაედინა ნაპირს. ცალხელა ვახოს აყალონაგები ზოგან გადალეკა კიდევაც.
- კი მიგიგნიათ საბერიკაცო ხევისათვის! არ ვიცოდი... ეს რა ცხელსაამური ყოფილა?! – სული ღრმად ამოიღო ვახტანგმა და თავისი ვეება სხეული ისე ემსუბუქა, რომ ნამგზავრობა, ძველი იარების წეღანდელი ტკივილი ერთბაშად გაუქრა. ჩასილულ ფსკერს ხელ-ფეხი ხალისიანად დაჰკრა და ახლა გოგირდოვანი ჰაერის ბუშტუკებში გაეხვია.
- აი, საიდან მოდენილა ეს სუნი! – ახლა წყალს მოუთათუნა თავისი ნაბრძოლი ხელდიდი.
ზედაპირი ოდნავ თეთრ-ყვითელა და კიაფა ჰქონდა ბუნებით ცხელ წყალს. ვახტანგმა აქა-იქ ხოხბის ბუმბულიც შენიშნა გუბეში. მრავალმხრივ ენიშნა კიდევაც... თვით წყალიც ხოხბის ბუმბულივით რბილი და გლესია იყო.
- ბედი თქვენ გქონიათ და ის არის! რა წყაროა? ვისია?
- უბედობა არც შენზე ითქმის, მგზავრო კეთილო! ნანადირევ-მონადირიანად რომ დაგვაცხრით ამ ტფილ ხევს... – შავლეგომ ნახევრად ბუმბულგაცლილი ხოხობი გაუწოდა მოსულს. – პატრონი კი არა ჰყავს ამ მიდამოს... არც ცხელ წყაროებს... მოძალადე კი ბევრია!
გორგასალს გულში ისრად მოხვდა ამ მიდამოს უპატრონობა, მაგრამ არ შეიფერა, საუბარსაც სხვა კალაპოტი მისცა:
- დახე მაგასა... არ გაფუფქულა?! ისიც პირდაპირ ცხელ წყალში თუ ჩამოვარდა?
- პირდაპირ... დაბარებულივით... თითქოს ფიქრჩათქმულად!
ეს სიტყვა კი ესალბუნა გორგასალს. გული უეცრად გაუხსნა, შემთბარი და შეიმედებული გული.
- ჰოდა, მართალია... ჩავუთქვი და ისე ვტყორცნე ისარი...
- თუ კეთილი რამ ჩაუთქვი... მშვიდობაში! სამგზის აგხდენია! – ცალხელამ ისარს ხოხბის სისხლი გააცალა, წყალში ამოავლო და მშრალზე დასდო.
- ჰმ... სამგზის?! – გორგასალმა ზევით აიხედა. ზედ ახლოს დიდი ლოდი გადმოსდგომოდა გუბეს. მერმე ხეების მძლე ტოტები... უფრო ზევით კი ფრიალო... ხოლო კლდის ქიმზე, ჩამავალ მზის ნასხივში – შურის ციხე.
შავლეგომ თითქოს ფიქრი უგრძნო უცნობს. გამოსაცდელად მარცვალსიტყვაც ჩააგდო, ბერიკაცულად ცალყბად, ორთა შუა და სანახევროდ გაკიბული:
- დგას... მაგის დღეა, ჩვენი ღამე!
გორგასალმა იგულისხმა, მაგრამ კვლავ წაუყრეა.
- სადაურები ხართ?
ბერიკაცები დადუმდნენ. თითქოს წყალი ჩაიგუბეს პირში.
- ჰაი დედასა,.. ქართველი კაცი აღარ ენდობა ქართველს... – გამოშიშვლებულ მხარ-ტანის ძველ ნაიარევ-ნაწიბქურებზე ხელი გადაისვა ვახტანგმა.
ბერიკაცებმა თვალი დააყოლეს... შავლეგომ ჩუმად, წყალქვეშ ჩამალულ თითებზე ჩაითვალა კიდევაც მისი ნაწიბურები... მერმე ამოიღო ხელი და ხმა:
- აბა რაღა გითხრათ, კეთილ-კაცო!.. აღარსადაურები აღარა ვართ! ხიზნები ვართ... სოფლებდარბეულნი... აი, ისა – ბზის ჯვრიანი – ჯოჯო-ბერია, უწინ სახელი და სადგომი ჰქონდა... ახლა კი, აი, მეტეხა კლდის ჯოჯოთ ქვაბში აფარებს თავსა, - შავლეგომ გაღმისაკენ გაახედა მოსაუბრე. ახლა თოხაწვერას გატეხილი კრამიტივით ჩამობრეცილ მხრებს მოჰხვია ხელი: - ეს კერკეტა ბერიკაცი ბაკურა თაბორელია... მტკვრის კარის არემარეში ხელმადლიანი მევენახე... ახლა კი, ჩემი არ იყოს, უსოფლო და უმამულო...
გორგასალმა თაბორის მთას გაჰხედა. იქ ახლაც მოსჩანდა რბეული სოფლის ნანგრევები. გული ისევ აემღვრა ვახტანგს. ყოველ ნასოფლარს თავის დანაშაულად სთვლიდა... კნინსარდლობად, ვერმეფობად... სინანულისა და შენების ცეცხლი მოენთებოდა.
- ეს ცალხელა კი რის მაქნისია? რა თხუნელასავით იჩიქნება? – განგებ გამომწვევად შეეკითხა, თორემ კარგა ხანია თვალი დაატანა მიმოკუთხულ ქვასა და აყალოს, ბურჩხად დასობილი ხოხბის ბოლოები გალავანზე გადმომდგარ დროშიონებს რომ აგონებდა.
ეს ცალხელა ვახო ლისელია... ქვათხურო იყო, ციხეგალავნის ოსტატი... მოგეცა ლხენა! ახლა კი... ვისთვის თხუნელაა...
მაგრამ გორგასალი არ შეეპუა შავლეგოს ნაწყენ კილოს, არც გაკუშტებულ ვახოს სულ დამუნჯებას... თავზე დაადგა მის ნასაქმარს. დიდხანს ყურადღებით ათვალიერა ტალახიდან ნაძერწი ფარგი. ზოგან უკვე გამომშრალ-გამომხმარი ჩანდა აყალო, არა ერთი დღის ნაფიქრი და ნახელავი იყო.
- ეს რაღა არის? – ერთ დიდ ბელტზე მიუთითა, მაგრამ კუშტმა ცალხელამ არც გასცა პასუხი.
- მეტეხა კლდეა! – თავისთვის განაგრძო გორგასალმა. – მაშ, აქ ხიდი გინდა? კარგია! – გადებულ ნაფოტს ისარი დაჰკრა. – კლდეზე კი მეფის ციხე და სასახლე?! მაგარია! მტკვარზე გვირაბი ჩავა, წყალი არ დააკლდებათ თუ მაინცდამაინც... ნეტარ წშყაროც თუ არის სადმე?!
- არის წყაროც! – ჩუმად წაიდუდუნა ჯოჯო-ბერმა.
გაკუშტებულ ვახოს კი უეცრად შუქი ჩაუდგა თვალებში. იგრძნო – მოსული მას კი არ ეკითხებოდა, არამედ ოცნებობდა ხმამაღლა. მცოდნე თვალით ჩხრიკავდა და ოცნებობდა.
გორგასალს თითქოს საზომი დაეკარგა, ნაძერწ ტალახს ააშორა თვალი – პირდაპირ მტკვარსა და გაღმა ომახად ამდგარ, ტყემოგდებულ მეტეხა კლდეს უწვდინა მზერა.
“მართლაც, რა შესანიშნავი საციხე და სასახლე ადგილია! აი, ამას ვეძებ, ვგონებ?!” – გაიფიქრა მან და უკვე გაფაციცდა. მტკვრის გამოღმართს დაატანა თვალი. ჩაუღრანებულ ტაფობს ჩააყოლა ფიქრი: “აქ ქალაქი გაიშლება... დიდი გალავანი დაედება, ვიდრე თრიალეთიდან გამოსულ სალალაკის კლდემდე!”
უეცრად თვალახილული კაცივით მთელი ფიქრი და გრძნობა აუმოქმედდა. “ვეძებდი და ვიპოვე, ვგონებ?!. და თანაც არა მარტო მე მიძებნია?!” ამ ფიქრმა გააკვირვა, როგორღაც ნუგეშ-იმედიც შეჰმატა.
- მარტო მე არ ვარ! აბა, ვნახოთ, რას ფიქრობს ჩვენი ცალხელა! – უკვე ხმამაღლა ამეტყველდა გორგასალი და ისევ ფერხთით დაიხედა.
ვახო ლისელსაც აქ გაევლო გალავანი, მაგრამ მოკავებული ადგილი ემცირა მეფეს.
- რათა ასე ვიწროდ? – ფეხი წაჰკრა ლისელის აყალოგალავანს და გადაშალა. თავის მშვილდს დასტაცა ხელი, ფართო ოდრიკალა ფარგად დაუდო.
- აი, ასე, ვიდრე იმ კლდემდე! – სალალაკის ჭიუხებამდე იშვირა ხელი.
- არც ეს ციხე ვარგა!.. შენ ისევ შურის ციხის ფარგი შეგინახავს! – ახლა კი ციხის ბელტს გულჯავრიანად ჩააზილა წიხლი. – აქ შვიდქონგურიანი, ქართული წყობის ციხე-კალა გამიკეთე... მის ძირში კი კლდის უბანი გამიშენე. ცოტა ქვევით... აი, აქ... – ახლა ისარს ხან ფარგს დაჰკრავდა, ხან პირდაპირ გარემოს შემოხაზავდა ხოლმე. ამჯერად კი ფეხიც ჩაჰკრა ცხელ გუბეში, წამოწეულ ბერიკაცებს უცაბედად წყალი შეაშხეფა სახეში.
- აქ კი აბანოს უბანო! უცეცხლო აბანოსი! აბა, ვინ დაიბადის ამდაგვარით? აღმოსავლეთის ზღუდე-კედელიც უფრო შორს შეჰკარ... დჟიდი კარიბჭეც არ დაგავიწყდეს!.. იმის იქით კი კრწანისის ბაღები და ვენახები უნდა ვაშენოთ!.. – უკვე მბრძანებლობდა გატაცებული შიშველი მეფე.
- უნდა ვაშენოთ! – წამოიძახა არა ნაკლებ აღფრთოვანებულმა ცალხელამ. – ეჰ, ძალა შეგვწევდეს ქადილისა!
- როგორ თუ ძალა?! – გაენცვიფრდა მეფე. მერმე მოაგონდა, რომ იგი აქ შიშველი და უსახელოა... ისეთივე “ჭიპმიჭრილი” ბერიკაცი, როგორც ყოველი მათგანი.
- ჰოდა, რა დაგვიშლის? – უკვე დაწეული კილოთი, მაგრამ იმედიანად წარმოთქვა გორგასალმა და ბერიკაცებს გადაჰხედა. – განა ქართველები არა ვართ? განა ჩვენს მიწა-წყალზე არა ვზივართ? ცხელ გუბეში ვიღა გვყავს მეტოქე?
- ეჰ, დალოცვილო, შენც ორხელა მეოცნებე ყოფილხარ! – ამოიხვნეშა შავლეგომ და თეთრი წვერი მუხლებს შუა მოიგდო. – მე რომ მეფე ვიყო, მოგეცა ლხენა... ეს დიდებული ადგილია სატახტოდ და საქალაქოდ... მაგრამ იმ ავ ღოჯს რას უსაშველებ?! – ორივე ხელი წვერს შეუშვა და შურის ციხისაკენ აიშვირა.
- ჰმ... მეფე რომ იყო?!.. ჰოდა, იყავ!.. მაინც ვინა ხარ? – ბერიკაცულად გაიბუტა ვახტანგი.
- ეჰ, შავლეგო ვერელი ვიყავ, ახლა გამოვბერდი და გამოვხუნდი... სახელი კი ისევ შავლეგო შემრჩა... ჰოდა, მეფე მარტო გვირგვინით თუ მაჯობებდა, თორემ გვირგვინქვეშეთი...
- არა, მაინც... რას იზამდი? – ჩაეძია ვახტანგი და უხერხულად ჩაგორდა გუბეში.
მზე ჩასულიყო. მტკვრიდან უკვე სიოგრილი დაჰკრავდა. მოხუცები კი უფრო და უფრო ლესავდნენ საუბარს. დინჯმა შავლეგომაც კი სიმწვავე მოიღო ხმაში:
- ჰოდა, მეფე რომ ვყოფილიყავ, აი, იმ ციხეს ავიღებდი, უცხო ტომებსა და ცეცხლის რჯულს გზას დავუხშობდი!
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ტფილი ხევის ჩხრიალი ისმოდა.
- ჰოდა, აიღე მერმე... თუკი ასე ადვილია! – ღჯუდ ჩაილაპარაკა ვახტანგმა და ისევ ყელამდე ჩათბურდა გუბეში.
- ადვილი?! – უკვე გულმოსულად გადმოჰხედა შავლეგომ. – ადვილი უპატრონო ვერეს დარბევა იყო... ქალ-ბალღების დაწიოკება... კიდევ ამ ხოხბის მოკვლა! – მონადირეს თავზე წამოადგა და უდიერად დაუგდო ნანადირევი.
ეს თითქოს ნიშანი იყო. თითო ბოღმა ყველას წამოაწვა და მყივანა ხველასავით ამოაყივლა.
- ჩემი საღსალამათი ხელის მოკვეთა იყო ადვილი!
- ამ ჯოჯო-ბერს რომ მხეთქეს პიტიახშის კვერთხი – ეს იყო ადვილი! აბა დამიხედე! – ბერმა მცირე კუზად შერჩენილი ხერხემლის ძველი ნაიარევი გამოუჩინა ვახტანგს.
- არა, ყველაზე ადვილი ჩემი საწნეხელის წართმევა დამ წაბილწვა იყო! – ახლა ბაკურა თაბორელმა ამოიძახა და ნაპირისაკენ ზიზღით გადააფურთხა.
ხეიბრები გაფხორილი ინდაურებივით თავზე წამოადგნენ ვახტანგს.
- დამაცადეთ, კაცო! ვერაფერი გამიგია... აბა, ერთი დალაგებითა ვთქვათ... ლისელო, ეგ მარჯვენა ვინ მოგიცუდა?!
- ეჰ! – მოკლებული მხარი შეიჩეჩა ნაოსტატარმა და აყალოს გაშმაგებულ ზელას მიჰყო შერჩენილი ცაცია.
- შენ გეუბნები! – შეწყრა გორგასალი... მაგრამ შავლეგომ აღარ აცალა სიტყვა, სადგისივით წვრილი და ძვალ-ძვალა თითი წაჰკრა მკერდში და დაბალი კილოთი წასჩურჩულა:
- ხელი უშვი... მე გეტყვი... მაგას მეორე ხელიც რომ მოსჭრა, მაინც ვერ ათქმევინებ... აი, ის, ქართლის კარის ციხე ხელთ რომ იგდეს სპარსთა და შურის ციხედ გადააკეთეს, სპარსთ ერისთავმა ახალი კედლები ამოაყვანინა... ჩვენ, ახლომახლო სოფლელები – ლისელები, ვერელები, თაბორელები მოგვრეკეს კალატოზებად და ქვების საზიდად... ჩვენივე კარის დასახშობად... ჰოდა, ე მაგანა, ვახომა, ქვის ოსტატმა კი უარი გაჰბედა... მტერს ჩვენში, თუ შევძელი, წესს კი ავუგებ, ხოლო ციხეს – არამც და არაო! ჩვენც პირი შევკარით... ქართველთ მეფის იმედი გვქონდა... ჰოდა, მაგას ხელი მოჰკვეთეს... ჩვენს საფრთხობელად დასტოვეს ცოცხლად...
- თქვენ კი დაჰყევით მტრის ნებას? – ხმადაკლებულად შეეკითხა ვახტანგი.
- აბა, მეტი რაღა გზა იყო... ჩვენ კი არა, თურმე მეფეც დაჰყოლია! თვით გორგასალს აუღია ხელი ბრძოლაზე... ხარკიანობაში და უპატოონობაში ჩავუტოვებივართ?
ახლა ვახტანგმა ჩაიგუბა პირში ცხელი წყალი და გაირინდა.
- ამის შემდეგ ყველას გვძალავს და გვხარკავს ეს შურის ციხე...
- დოვლათს გვიტიალებს... წურბელასავით შეგვკიდებია!
მოხუცები ისევ წამოეძალნენ მოსულს. ვახტანგმა ჯავრით კბილებში გაცრა წყალი და ყრუდ შეეკითხა:
- მაინც ვინ იყო, ვახო-გმირო?
მაგრამ ახლა მოკრუნჩხული ჯოჯო-ბერი წამოიფარჩხა, ცისაკენ თუ ციხისაკენ აასავსავა შეჭორფლილი ხელები.
- მე ვიცი, ვინც იყო მაგის მკლავის მომკვეთი... ჩემი მგვემელიც... თავისი უსათნოესი მეუღლის მაწამებელიც...
- ნუთუ ვარსქენ პიტიახში?!
- დიახ!
- ჰოდე...
- იგია! შენც მცოდნე ვინმე ყოფილხარ! – ერთხმად წამოიძახეს ბერხეიბრებმა.
- ახლაც აქ არის, ამ ციხეშგია! – და ისე აიჯაგრნენ, იმდენი ზიზღი და წყრომა მოიღეს, თითქოს მზად იყვნენ ამ ბებრულ-დაკრუნჩხული, დაკლებული ხელებით ახლავ დაემხოთ შურის ციხე.
- ჩემი საწნახელიც მანვე წამართვა... მაგრამ, ვგონებ, უწია ცოდვებმა! – ბაკურ თაბორელმა მოულოდნელად მწარედ ჩაიხითხითა, ნაღველა გადმოაყოლა ნიშნისგებას.
- აქ არის? არა მუერა! რად ამოვიდა ხურტავიდან?! – გაიკვირვა გორგასალმა, მაგრამ უეცრად მოაგონდა, რომ ჩუმმა მაცნეებმა მასაც მოახსენეს შურის ციხეში ვიღაც დიდი სტუმრის მოსვლა.
- აქ არის! მე თავად ვნახე... ჩემი თვალითა... ცხენზე გვერდულად იჯდა... ნელა მიჰყავდა. დიდ ამალად კი სულ სპარსნი ახლდნენ. აი იმ ბილიკს აჰყვნენ, ციხეში შევიდნენ... ალმები და ფარდაგები საზეიმოდ გადმოაფინეს. აბა, რას არ ვიცნობდი იმ მაჩხსა და წვერწაკვეთილ ალქაჯს! – გაკერპებულად ლუღლუღებდა ჯოჯო-ბერი, მერმე ტუჩ-პირი მოებრიცა, მუხლმოკვეთილად ჩავარდა გუბეში, - ღმერთო, ისე ნუ ჩამაწვენ მიწაშია, იმის გვემასა და სასჯელს რომ არ შემასწრო!
შავლეგომ ცხელი წყალი ასხურა სახეზე. ჯოჯო-ბერი თითქოს გამოფხიზლდა, თავში ორივ ხელი წაიშინა:
- ბერ-ცოდვილი ვარ... სათნოებადაკარგული... წაწყმედილი... ფუი ეშმაკს! ფუი ეშმაკს! – მთელი ტანით ჩაემხო წყალში და სულ დადუმდა.
- ახლა ბაკურა თაბორელი ახიხინდა. მას ისედაც გაბზარული ბოხი ჰქონდა, სიბრაზისაგან კი ბოლოებს უყლაპავდა სიტყვებს:
- ჰოდა, სწორედ მაშინ... წამართვე... საწნეხელ... სწორე მაშინ... საღამოთი დაგვესხნენ თაბორ-სოფელსა, დაგვაწიოკეს... ყველაფერი წაიღ-გავატანე... მაგრამ საწნეხელი... ისიც რთველის პირას?.. გავძალიანდი, ცული მოვიქნიე... ცეცხლის ღმერთი დავუწყევლე... ჰოდა, ძლივს გავასწარ ტყეში. როდესაც მოვბრუნდი, სოფელი გადაბუგული იყო... ვაზ-ვენახიც კი გაკფული დამხვდა. მწიფე მტევნები თავგაჭყლეტილ ბალღებივით ეყარნენ... ყველა ქვევრ-საწნეხელი გაეტეხათ... ჩემი კი ამ ციხეში წამოეღოთ...
- მაშ, ეს ახლა ყოფილა?
- ორრი კვირის წინათ!...
- ვარსქენ პიტიახშის მოსვლის მეორე დღესვე.. – ნიშანდობლივ დასძინა გავლეგომ. ვახტანგი მიხვდა, რომ ვერელი შემთხვევით როდი უკავშირებს საწნეხელს ვარსქენს... რაღაც უფრო მეტიც იცის.
- საწნეხელი რა ჭირად დასჭირდათ? ციხეში წყაროა, ავაზანიც... რა ჯანდაბა უნდა დასწურონ ამ ქართლის სისხლის მწურავებმა?
მაგრამ ბერიკაცები არ აჰყვნენ ვახტანგის კითხვას. ცხელი წყალი ჩაიგუბეს პირში. მეტყველად დადუმდნენ.
გორგასალს წყრომა შეეპარა, მაგრამ მოთრგუნა თავი და თავისთვის მოულოდნელად ამ ბერიკაცების ცხარე კილოზე, გულამოსკვნილი ამეტყველდა:
- მეც ხომ ქართველი ვარ ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანი! იმ შურის ციხესთან და პიტიახშთან კი იქნებ თქვენზე მეტი შურსაგები მაქვს! იქნებ საწნეხელსაც და სოფელსაც რამე ვარგო?
- საწნეხელი უკვე წაბილწულია... სოფელი გავერანებული... ჯვარი ნაცეცხლი... ქართველობა თავლაფდასხმული! – ცხელ წყალს ყრუდ მიჰყვებოდა მოხუცთა გმინვა. მერმე ისევ დადუმდა ყველა, მაგრამ უნდობლობის უკანასკნელი ფარულძაფიც უკვე გაწყვეტილი იყო.
შავლეგომ ისევ აიტაცა ხოხობი, ერთხელ კიდევ ამოავლო ცხელ წყალში და ბუმბულის პირწმინდად წიწკნას მიჰყო ხელი, თან ამბავი მოაყოლა არაკად, თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა მოხუცი:
- არც ვინაობა სთქვა... არც მოსვლის მიზეზი. ერთი ხოხობტ კი აქ, აბა, რას მოიყვანდა ამ მთის ოდენა კაცს?! ღმერთმა უგოს პასუხი, თუ ცუდი რამ უდევს გულში... მაგრამ შიშვლად მოვიდა, გულსხეულ ღიად... ტანხე რომ ჩაიცვამს, ვინ იცის, ვინ გამოდგება, რა ნიშატს დაიჭერს? ახლა კი – დედიშობილას, იარებნაჩენს... ცხელ გუბეში... ენდობა გული. ისარიც ჯვარნიშნიანი აქვს, მშვილდით კი ნაოცნებარ გალავანს თარგავს... სიბრძნის კბილისა არ ვიცი და თვალები კი ღრმაგუმანიანი აქვს. მოხდეს, რაც მოსახდენია! ვთქვათ... იქნებ თავისი კეთილი კვალი ნახოს სიტყვამა; ტფილ ხევს, ცხელ გუბეში აზუზუნდეს და მამულის თაფლი მორიტანოს. მისი პატრონი კი ის არის, ვინც გამოჩნდება ღირსეული და თავსაც კეთილად გამოიდებს!.. ეგეც არ იყოს, მტრის საიდუმლოს შემნახავი აღარც არის თავისი ერისა და თავისუფლების ღირსი!
- ამინ! ამინ! – ბუტბუტებდნენ, პირჯვარს ისახავდნენ ცუცქად მჯდარი მოხუცები.
ვახტანგმა ორთავ ყური მიუპყრო. ამ ბერიკაცებმა რაღაც იცოდნენ “მტრის საიდუმლო” და ახლა მთავარია – საუბარი არ შეუშალოს.
შავლეგო კი მუყაითად ბუმბულს აცლიდა ხოხობს, წყალს ატანდა, თითქოს სთესავდა და ხმადაკლებულად ჩიფჩიფებდა:
- ყოველ შუაღამისას... შურის ციხის კარი იღება, ოციოდ სპარს-მებრძოლი ჩამოდის ხევში, საწნეხელი მხრებით ჩამოაქვთ... აი აქ, ღარის თავში, ცხელი წყლით აავსებენ, ქეჩა-ნაბადს შემოახვევენ და ნელი ტაატით ისევ ციხეში ააქვთ. სწორედ ბაკურა თაბორელის საწნეხელია!
თაბორელი დასტურის ნიშნად უხმოდ გულში იცემდა მჯიღებს.
“ეს რაღას ნიშნავს?” – ფიქრობდა და სდუმდა ვახტანგი, სიღრმეში კი უკვე ღელვა ეძალებოდა.
- იქ ვიღაც დაკრუნჩხული ავადმყოფია! დიდი კაცი ჩანს სნეული, თორემ თავად ჩამოვიდოდა ტფილ ხევს... ან გუდათულუხებით აუზიდავდნენ წყალსა... თუ მაინცდამაინც შეცივებულ წყალს, მერმე იქვე შეუცხელებდნენ...
თითქოს გორგასლის ჩუმ ფიქრს პასუხობდა გავლეგო.
“ნეტავი, ვინ არის ეს სნეული დიდკაცი?” – სდუმდა და ფიქრობდა გორგასალი. გაგებულ ამბავს თავის საწადელსა და საქმეს უკვე ფიცხლად უსადაგებდა.
... და თითქოს მისი უხმო კითხვა ესმოდა ხმადაკლებულად მოდუდუნე შავლეგოს:
- სნეული კი სწორედ ვარსქენ პიტიახშია!
- ამინ! ამინ! – უდასტურებდა და პირჯვარს იწერდა ჯოჯო-ბერი.
შავლეგომ კი სულ გაბდღვნა ხოხობი. ახლა ფრინველიც მობანავეებივით შიშველი იყო. შავლეგომ ერთიც შეათამაშა ნანადირევი:
- ამ ხოხობივით შეერგება! – შესძახა და მერმე წყალს თითქოს ცხელ ყურში ჩაუფუჩუნა, - უმჯობეს დროს შურის ციხის მისატაცებლად, მტრისათვის ქართლის კარის ჩასაკეტად, დიდი ციხე-ქალაქის საშენებლად – ვერც ერთი ქართველ-ქრისტიანი მონა თუ მეფე ვერ ინატრებდა...
- ეჰეი დედასა, მე რომ ქართველი მეფე ვიყო?! – აგმინდა ცალხელა ვახო.
- შენცა? ჰოდა, რას იზამდი? ვატყობ, აქ თქვენ ყველანი მეფეები ხართ! – თითქოს ცხელ წყალს ჩაეძია შიშველი მეფე.
- აბა, გამომყევი! – ფეხზე წამოვარდა ვახო და, ცალხელა და კისერწაგრძელებული, უეცრად ბუმბულგაცლილ ხოხობს დაემსგავსა.
გორგასალი მძიმედ, ფიქრიანად წამოდგა და უყოყმანოდ გაჰყვა. ბერიკაცებმა ცნობისმოყვარეობით წაიგრძელეს და მოიღრიცეს კისრები.
ვახო წყალს აჰყვა, გულდაგულ ქარაფს მიადგა. კლდის ძირა ნაპრალიდან ჰფეყქავდა ღელე. წყაროს ღრუ ბინდად და თვალშემღვრეულად გამოსჩანდა.
გორგასალს ტერფ-წვივებმა აგრძნობინეს – აქ ბევრად უფრო ცხელი იყო წყალი. ოხშივარიც ბოლქვებ-ბოლქვებად ამოსდიოდა დიდ წყაროს ხახას.
- ჰმ, რას ვიზამდი?! აბა, დათვალე ათამდე! – ცალხელამ გაბოროტებით უკან მოუგდო სიტყვა და მოსხლეტით წყალში მუცლით წაწვა, თავისი ერთადერთი მარცხენა მთელ სიგრძეზე გამეტებით წაჰყო წყაროს ხახაში. ახლა ცხელი წყალი პირდაპირ სახეში სცემდა ვახოს.
გორგასალმა იწყო სხაპასხუპით თვლა.
- დინჯად, ქართველო! განა ხოხობზე ნადირობაა! ნაძლებაზეა საქმე!
გორგასალს ისევ ესუსხა სიტყვა. საერთოდ ჭარბად ფიცხი იყო... მაგრამ ამ ტფილი ხევისა თუ ცხელი გუბის მოხუცებზე გული ვერ უშვრებოდა ჯავრობას. თვლას მოუდინჯა, ფიქრი მოისწრაფა.
“რამდენი რამ მასმინეს, შემაგონეს, კბილიც გამკრეს მართებულად! რა ყოფილა ხოხბის იგავი – თუ გწადს სიბრძნით სვლა, სიმართლის სმენა – შიშველი უნდა დადიოდე დედამიწაზე!”
- ცხრა და ათი! – ხმამაღლა დაათავა გორგასალმა და ვახოს სხეულს შეეხო. ქვითხუროს ქვასავით კუნთები ჰქონდა.
ვახომ წყაროს ხაროდან ხელი ამოიღო და წამოდგა. მარცხენა შეღებილივით გაწითლებოდა. ხელს მსუბუქ დარაიასავით ორთქლი ასდიოდა.
- მშობლიური მიწის სიმხურვალეს ამ ხელით ამოვიღებდი და მაშინ გენახა მტრის მუსვრა, ციხე-ქალაქების შენებაი! აი რას ვიზამდი!
ვახოს მკლავი ახლა კელეპტარივით ენთო.
წყენისა და აღფრთოვანების ცეცხლი მოეკიდა გორგასალს. ახლა თავად მიუწვა ცხელ წყაროს ღრუს, ორთავ ხელი შიგ წაჰყო ბოლომდე. ეფუფქა, მაგრამ მოითმინა, გოგირდის მჭახე სუნიან ოხშივარს და ტალღას ძლივს აარიდა პირი და ვახოს გასძახა:
- ოცამდე ითვალე – მე ხომ ორი ხელი მაქვს!
გორგასალმა იგრძნო – ორთავ თითებიდან შემოენთო სიღრმისეული სიმხურვალე, მკერდს მოეხეთქა ცხელი ტალღა... ამოაწვა ყიას, მოუთქორა შუბლის გუმბათი, დაჰკრა კისრისა და ბეჭის კუნთებსა და ძარღვებს... ოფლის წინწკლებად დაგროვდა ხერხემლის ღრმულში, წელზე გადაედინა და თეძოწვივის ჩაყოლებით ცხელ ხრეშში ჩათხრილ ფეხების თითებამდე უწია.
მაგრამ ჰოი უცნაურობავ – მხურვალე ტალღამ სამოქმედო ფიქრები არამც თუ არ წაულეკა, არამედ ნათელ ოხშივარივით შეუბოლქვა, საოცარი განჭვრეტის ძალაც მისცა... მაჯაშიაც დაიკვნესა კაჟად და ცეცხლად.
“შურის ციხის გასაღები ამ წყაროს სიმხურვალეში, ხოხბის იგავსა და საწნეხელში ყოფილა! მივაგენ... ახლა კი ჩავიგდებ ხელში... ამით კი ორ კურდღელს... არა – სამ ირემს დავიჭერ... არა – ოთხს... ხუთს... ოჰ, ეს ხომ... ის ცალხელა სეხნა ვახო-ოსტატი ითვლის! მეფე რომ ვიყო, რას ვიზამდიო?! მეფე ვარ და ვიზამ კიდევაც! ციხე, ვარსქენ პიტიახში... ქართლის კარის დახშობა... ხარკზე უარი... დედა ციხე-ქალაქის შენება... ნათლობის სახელი ამ წყაროსთან, ახლო მიდამოში უნდა ვეძებო... ცხელგუბე – არა, ტფილხევი – არა, თაბორი-ვერე-ლისი – არც ესენი... ცხელისი – არა, ტფილისი!! აი, ესეც ვიპოვნე!”
- კარგია, კმარა... გეყო - ოცდახუთია უკვე! – ჩიფჩიფებდნენ მოხუცები.
ყველანი აქ ამოსულან, მაგრამ არ ეჩქარება გორგასალ-მეფეს... კიდევ გაუძლებს... მშობლიური სიბრძნის სახვეჭი ადგილია... საფიქრალიც ჯერჯერობით ვერ მოითავა...
“ამაღამვე მცირე ლაშქრით, უჩუმრად, უხმაუროდ... მერმე მრავალს, მთელ ერს გამოვიყვან ტფილისის, დედა-ტფილისის საშენებლად!”
- შურის ციხეზე დარაჯები გამოიცვალნენ!
ვახტანგს უცბად ჩასწვდა შავლეგოს ფიქრიანი, შორს ნაზომი სიტყვა. წამოხტა. ირმის რქებივით ოდნავ ოდრიკალად გაშალა მხურვალებაჩამდგარი მკლავები. ახლად დაბადების, უშრეტი ძალის მოპოვების გრძნობამ აამეტყველა.
- ეს რა ტფილისური აბჯრითა და ძალსიმხურვალით შემჭედეთ შიშველი და ბევრზე გულგატეხილი! ბერკეთილებო, მაშ, ვაშენოთ ერთად! დაგემდუღროთ პირის შემშლელი!
- მოგეცა ლხენა!..
- ამინ და ამინ!
- ეჰეი დედასა!
- ჰოდა, მაშ, არა!,..
გორგასალს მეტი აღარც დაუცდია. ერთიც დაუქნია ხელი შიშვლებსა და ბუჩქნარს მიაშურა. უკვე ცხენის ჭიხვინი ისმოდა იქიდან.
მზეც ჩასულიყო. მტკვარზე შეღამების გამურული ბინდი მოფაფუკობდა.
- ეჰ, მონადირევ... სახელ-ვინაობა აღარ გვითხარ და... ეს მშვილდი და ჯვრიანი ისარი კვლავ დაგჭირდება ქართველ კაცსა – ბედის მონადირეს... ვინც არ უნდა იყო... ნანადირევიც დაგრჩა...
- სახელს ხვალ გეტყვით... აქვე დამხვდით დილიდანვე... ახლა კი თქვენი ნატისუსალიც არ იყოს აქა!.. ხოხობი თან წაიღეთ. ობოლ ბქავშვს მიეცით რბეულ სოფელში – მამამ გამოგიგზავნა-თქო!
გორგასალმა მშვილდ-ისარი გამოართვა მოახლოებულ შავლეგოს, ხელიც დაუსვა სველ, ჩამოგრძელებულ წვერზე და ბუჩქებს მიეფარა.
ბერიკაცებმა თავისი ძონძები რომ ჩაიცვეს და მტკვრის პირისაკენ დაეშვნენ, ჩასაფრებულ მოლაშქრეებს წააწყდნენ. განცვიფრებულთ არც სახე უჩვენეს და ერთიც მაგრად დაუტატანეს, სხვა ბილიკზე ააბრუნეს, ტყე-ტყე გაუშვეს.
...ხევ-ხუვში ისევ წააწყდნენ საფარს. ამათაც ხელი აუქნიეს, დაუმუქრნენ, “ჩუმად გაცურცვლა” ურჩიეს, მაგრამ რაც უფრო ემუქრებოდნენ და გზას უკრავ-უბნევდნენ პირახვეული მოლაშქრენი, მით უფრო ენუგეშებოდათ და იდუმალღიმილი ერეოდათ ბერიკაცებს.
უკვე ბნელოდა, შურის ციხის ბილიკის ქვედა თავი რომ გადაჰკვეთეს. უცბად ნაბდოსანი შუბოსნები ჩრდილებივით შემოესივნენ. შუბებზე კინაღამ ააგეს... ბერიკაცებს კი უკვე დაუფარავი ხითხითი მოერიათ. ხმა გააკმენდინეს. მუხის ბინდში კინწისკვრით მიჰლალეს. იქაც მიმალული მოლაშქრენი და ერთი ვეება ნაბდოსანი ახმახი გაჰლანდეს.
- ვინა ხართ? – ხმადაბლა ხავილით შეეკითხა ახმახი.
ახლა კი თავისი სიხარული სულ ვეღარ დაჰფარეს მოხუცებმა.
- ვინა ხართ-მეთქი, თქვე რეგვნებო, თქვენა?!
შუბოსნებმა შუბებიც კი წასჩხვლიტეს ზურგებში.
- გაფუფქული ხოხობი! – ხითხითი აღმოხდა შავლეგოს.
- საწნეხელი! – სიტყვა ღიმილში ჩაჩხიბა ბაკურამ.
- დედა ციხე-ქალაქი! – მეფური დინჯი სიხარულით შესძახა ცალხელამ.
- ბზის ჯვარი! – ჩაკუჭკუჭებულად დაამატა და დააბოლოვა ჯოჯო-ბერმა.
- ამინ! ჰაი თქვე ცუღლუტა ბერაძუებო! მე რომ მეფე ვიყო, გიჩვენებდით სეირსა! – ადუღდუღდა ახმახი ნაბდოსანი და ახლა მოლაშქრეებს მიუბრუნდა: - გაატარეთ... გაატარეთ... ცხენებზე შესვით, სამშვიდობოს გააცილეთ... ტფილის-ქალაქის უპირველესი თავკაცები ყოფილან!
ღამე მთვარე-ღრუბელა გამოდგა. ტყეში, სალალაკის კლდის ტერფთან, ყველა უძრავი ჩრდილიც კი მოძრაობდა. დაკვირვებულ თვალსაც რომ დაენახა, მაინც ვერ გაარჩევდა – ეს ღრუბლიანი მთვარის ბრალი იყო თუ უჩუმრად შემპარავი ლაშქრის. თუმც არც ლაშქარი იყო დიდი. სწორედ იმდენი, ციხის კლდოვანი ბილიკის ზედა და ქვედა, მტკვრისა და კოჟრის სავალის უჩინრად შეკვრას რომ ეყოფოდა.
მტკვრის კლდე-კარი, ტაფა-ჭალა თუ შემოგარსული მთები – ყველაფერი ღრუბელფორეჯა სხივ-ბინდში სდუმდა. მხოლოდ მტკვარი დაუღალავად დუდუნებდა მეტეხა კლდის ვიწროში... და კიდევ გორგასლის მახვილ ყურს ტფილი ხევის მხრიდან ცხელი წყაროს სიღრმისეული ფეთქვა ესმოდა, მოთმინებას ჰმატებდა, ხოლო მკლავებში მის სიმხურვალესა და ძალას გულისეულად აგრძნობინებდა.
გოგირდოვანი სუნი ირეოდა გაფიცხებული ჟოლოს, გადამწიფებული მაყვდისა და ჩამტკბარი ბროწეულის სურნელში. სადღაც, ქვევით, ბნელ ღირღალში, მგლების შორეული ყმუილი ისმოდა. ხანდახან დამფრთხალი ხოხბის გადაკრიახიც ბზარად და იმედად გაერხეოდა სიჩუმეს.
მაღლა – სალალაკის კლდეზე – ყრუ ჭოტივით იჯდა შურის ციხე. მის მოჭედილ კარზე შენაცვლებით ღოღავდა მთვარისა და ღრუბლის სხივჩრდილი სმიზანტებულად, კარს ხან ღიად, ხან ხშულად აჩენდა. თვალს სჭრიდა მზირალთ.
გორგასალი ქვაბში ჩამჯდარივით იყო. მხოლოდ საფეთქლის ძარღვი უძგერდა. თითქოს წამ-წუთს ითვლიდა.
სადღაც, შორს, რბეული სოფლის მამლებმა შუაღამე გადაიყივლეს. თითქოს საუკუნეთა სიღრმიდან მოისმოდა ყივილი.
“ნუთუ მოვტყუვდი ახლაც? დღეს არ ჩამოვლენ? იქნებ მორჩა, ან მოკვდა ვარსქენ ბოროტი?” – ბოლო აზრმა სულ შეაკრთო, შეუტრიალდა აზრი... გულმხურვალედ ინატრა თავისი და მთელი ქართველობის სახიფათო მტრის, ადრევე დასამიწებელი ვარსქენ პიტიახშის ჯერ არ სიკვდილი.
და, მართლაც, ყველაფერი “ხოხბურად და თავმობმულად” მოეწყო.
ციხის ბილიკი შეკრულია. ცხელ გუბესთან ჩაწოლილან დაშნოსნები და შუბოსნები. სასტიკი ფხიზლობაა ნაბრნაძევი.
- ვინც თვალს მოხუჭავს – ვეღარ გაახელს! ვინც გახმიანდება, ან ენას დასძრავს – ეს იქნება უკანასკნელი! პირველი სიტყვა და ნიშანი ჩემია. ტფილისის კარგი ვართ, დედა-ქალაქის შენებას ვიწყებთ. ბინდში – ბრძოლის დროს ნიშნის სიტყვა – ხოხობი!.. პასუხად – ჯვარი ბზისა!
...და, აი, ყველაფერი მზადაა, ტფილის-ქალაქის მომავალი ფარგიც კი თვალწინ უდგას. ცალხელამ აუცრა ორთავ თვალი და ორთავ მკლავი! ეს ყოველმხრივ შემკული და შესაბამისი მიდამო – ჰოი, რამდენ ხანს მიუგნებ ტკივილად აბორჯებდა ძებნად გაჭრილს ლიხსიქით და ლიხსაქეთ. მცხეთაში ვეღარ ეტეოდა, მუდამ ჩაჩიხულად გრძნობდა თავს. არც მხარგასაშლელი ჰქონდა ქალაქს ორ მდინარესა და მთებს შუა. ბოლოს უფრო მოიფარგლა ზრახვა და ადგილი საძიებელი...
“ან არაგვს უნდა ავყვე, მთით შემოვიზღუდო სამეფო და სამუდამოდ ვიწრო კარჩაკეტილალ ჩავრჩე ჩემი ტომითურთ... ან მტკვარს უნდა ჩავყვე, დიდ გზაჯვარზე ვიპოვო მტკიცე ადგილი, მთისა და ბარის დიდი სამეფო შევკრა, ყველა ქართველი და მონათესავე ტომი ვაერთო!”
...და, აი, ახლა ყველა მარჭვალი გამოეწყო, ამომთელდა – ერთი საწნეხელიღა აკლია საქვეყნო საქმეს... და არ ჩანს ეს საწნეხელი არსად!
კარგა დრო გავიდა. ვინ იცის, რამდენი საუკუნე – ასე გორგასალივით ქვაში იჯდა და თავის ჟამს ელოდა ერი... აი, დადგა თითქოს ჟამი... და კიდევ არ არის ნიშანი!.. იქნებ დაგვიანდა კიდევაც, გავიდა ყავლი და ახლა, ვინ იცის, კიდევ რამდენ საუკუნეს უნდა ელოდოს მრავალი ნიშნის ასე დამთხვევას ქვაში ჩამჯდარი ქართველი?!
... ვახტანგ გორგასალმა იმედი სრულიად რომ გადაიწყვიტა, მაშინ სადღაც ქვევით ისევ აყივლდა ხოხობი.
თავი იბრუნა გორგასალმა, მაგრამ მეაბჯრემ უხმოდ შეახო ხელი – ისევ შურის ციხის მოჭედილი კარისაკენ მოახედა.
ვახტანგს ახლა ღრეჭად მოეჩვენა კარი. არა, არ სცდება... უკანასკნელი მარჭვალიც ემთხვევა საქმეს.
კარის ნაღრეჭში ორი ლანდი გამოკრთა და ბილიკს უხმოდ ჩამოჰყვა.
უჩუმრად ვიდოდნენ ლანდები, თითქოს არც კი ეხებოდნენ კლდის სავალს. სულ ახლო ჩაუარეს გასუდრულთ. არსად არ დარღვეულა სიჩუმე. მგლები ყმუოდნენ შორეთში.
ახლა კი, მართლაც, საუკუნემ განვლო. ბოლოს ერთი მზვერავთაგანი ამობრუნდა, კარს მიუკაკუნა. დროის კაკუნი იყო.
ახლა კი უფრო ფართოდ გაიღო კარი. ათიოდ მეციხოვნე გამოვიდა. მერმე სულ განახვნეს კარნი და ბინდბუნდში უხილავმა ძალამ ციხიდან მორისდაგვარი ზორბა რამ უხმაუროდ გამოაცურა.
- საწნეხელი! – გულში აღმოხდა გორგასალს.
ათიოდ კაცი შესდგომოდა ტვირთს. ახლო რომ ჩამოუარეს, თავები მაშინაც არ გამოსჩენიათ მზიდავთ.
ეს უცნაური საწნეხელ-ქარავანი ბინდში ვეება, მრავალფერა მუხლუხა-ჭიასა ჰგავდა. გორგასალმა ესეც შეამჩნია – ზევიდან, მთელ სიგრძეზე ქეჩა-ნაბადი ჰქონდა გადაფარებული საწნეხელს.
კარგა ქვევით რომ ჩამომანძილდნენ, გორგასალი თადარიგად ამოქმედდა. ყველაფერი გათვალისწინებული იყო. ქვედა საფარში მაცნე მოკლეზე მუცელხოხურით ჩაუშვა. ბინდბუნდში ცხელ გუბასთან უჩუმარი რკალი მოსწურა.
მერმე ნიშანი მისცა.
ერთი შეხმიანდა საწნეხელი... უეცარი გმინვაც აღმოხდა ვიღაცას. აქა-იქ გატყდა ფიჩხი თუ კეფა. შრიალი შეიქნა ტყე-ბუჩქნარში. ქვაც დაგორდა... ცხელ გუბეშიაც ატყდა ჭყაპა-ჭყუპი, ყრუდ აჟღერდა ლითონი. ერთმა შეჰკივლა მხოლოდ. ისიც ტურის ჭყავილს უფრო ჰგავდა. ტყის საერთო ჩქამში ჩაიძირა ხმადახშული და გაურკვეველი ბუბუნი. მალე კი ტფილ ხევში ისევ სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
...ცოტა ხნის შემდგომ ათიოდ კაცს აღმართში აჰქონდა იგივ საწნეხელი, ისევ ქეჩა-ნაბადით დახურული. არც ახლა ირჩეოდა ვინმეს სახე თუ თავი. ოღონდ აღმართში ახლა უფრო შემაღლებულად მიცურავდა საწნეხელი.
უკან ისევ ათიოდ მებრძოლი და აღმართში შემცვლელი მოჰყვებოდა. მათ შორის ერთი იყო მეტად მაღალდი და ზორბა. სწორედ იგი ყველაზე ხშირად ეცვლებოდა საწნეხელის უკანა მხიდავებს და სწორედ იგი იხრებოდა ყველაზე უფრო.
აღმართში გაიწურნენ მზიდავები. თუმცა, უნებურ რყევის მიუხედავად, ერთი წვეთიც არ დაღვრილა საწნეხელიდან.
ციხის მისავალს რომ მიუახლოვდნენ, უმალ გამოიღო კარი, მთელი სავალი მისცა მოსულთ.
ბჭეში ციხისთავი დახვდათ, დარაჯნიც აქვე იყვნენ. კარის თაღში ბნელოდა. შუქს ერიდებოდნენ სპარსნი.
მზიდავებმა უჩქარეს შესვლას. ზოგმა ფეხიც კი წაიკრა ციხის ზღურბლზე. კინაღამ საწნეხელი არ გაჰკრეს ციხისთავს.
- ეჰეი! – ღჯუდ მიაძახა გულმოსულმა, მათრახი უსუსხა თავჩაქინდრულთ. ხმა არ ამოუღიათ, თავები უფრო ჩაქინდრეს მზიდავებმა.
ახლა მომყოლნი ზედმიბმით მიეტანენ კარიბჭეს. მობრუნება არ აცალეს კარის დარაჯებს. ციხისთავი უშველი ლანძღვით მოუბორიალდა მოსულთ:
- რა გჭირთ! ხომ არ მოგდევთ ვინმე?!
კარიბჭეში ურდული თავად გაუყარა, დარაჯებს შეუძახა... მაგრამ გვიან ჩახვდენილი გრძნობით არ ეჭაშნიკა რაღაც... შეახსენდა – ამჯერად ჩვეული ოხშივარი და გოგირდის სუნი აღარ მოსწვდენია. გაოცდა, უცბად მიეტანა, ვიღაც ახმახ კაცს ძლივს აუქცია გვერდი, კიბის მხრიდან დაურბინა, ზეწამოადგა საწნეხელს, ქეჩა-ნაბადი აუწია და ჩაიხედა... მაგრამ ვიდრე რაიმეს დაინახავდა, მისი თავი ტანს გასცილდა... ტანი საწნგეხელის ქვეშ უნდილად და ჩაფარჩხულად ჩაიკეცა, თავი კი საწნეხელში ჩაჭუჭკულად მიმჯდარ მებრძოლებს დაეცა და ფეხზე წამოახტუნა. საწნეხელი თითქოს გაიზარდა სიმაღლეში. გორგასალსა და მის აღმართულ დაშნას წააჭარბა. ერთი ხამხამი – და კარიბჭის დარაჯებიც უკვე თავგაპობილნი ეყარნენ.
მეფემ მიწაზე დააშვებინა საწნეხელი, სისხლიანი დაშნა ახლა ქეჩა-ნაბადს აჰკრა და მებრძოლებს ხმადახშულად შეუძახა:
- აბა, კარიბჭეში შემოუშვით ჩვენები!.. გადით ქონგურებზე, შიდა რაბატში... ყველგან... ოცამდე ვითვლი – მერე ჯიქური ბრძოლა!
ყველა ლანდივით გაჰქრა. მხოლოდ საწნეხელი იდო. ახლა იგი წამოქცეული კოშკის ჩრდილს ჰგავდა.
კარიბჭესთან კვლავ გაიჭრიალა ურდულმა.
- ხოხობი!
- ჯვარი ბზისა!
ღრუბლის ხარვეზში გამოსხლეტილი მთვარის სხივი გორგასლის დაშნაზე ლაპლაპებდა, დაშნა კი შემომრკთალ ახალ-ახალ ლანდებს გზას მიუჩვენებდა. აქ გალანდული იყო სულიერიცა და უსულოც. საშინელი სიჩუმე სუფევდა ირგვლივ.
...და უეცრად ყოველმხრივი ზათქი შეიქნა. მხოლოდ ერთგან იბრიალა ჩირაღმა, იგიც, მკლავთან ერთად მოკვეთილი, მომწყდარი ვარსკვლავივით ჩაიფერფლა რაბატის ეზოში.
ღამის ხელჩართული ხანმოკლედ და სისხლიანად ჩათავდა. არც დანდობა იყო, არც შეპუება. ლანდები ებრძოდნენ ლანდებს.
გათენებისას მტერთაგანი მხოლოდ ქარებშეყრილი ვარსქენ პიტიახში იყო ცოცხალი. ახლა იგი, შებორკილი, გორგასალის ფერხთით ეგდო და იბნიდებოდა.
- მომაშორეთ, მის წაბილწულ საწნეხელში ჩააგდეთ!.. იქ დაგველოდოს!
გორგასალმა მახარობლები აფრინა მცხეთას, უჯარმას, სხვაგან... ერისთავნი, ეკლესიის მამანი, დიდი ლაშქარი და ერი მრავალი ახმობინა ტფილისის კართან. არც ხელოსნები, დურგალ-კალატოზნი, ქვათხურონი, ციხის ოსტატნი გამორჩენია. ხოლო ახალი კერის დასანთებად, გასათბობად და მოსაგუებლად – ქალ-ბალღიანად იწვია მრავალნი ყმანი; ყველა ახალბედა, ყველა რბეული ქვრივი და ობოლი; ყველა მამაპაპური ოჯახიდან, ახალ ნაყრად – თითო და ან ძმა, ქალი ან ვაჟი.
შორს ნამიწნი ამბები რომ მოითავა, თავის მეაბჯრეს ნახოხბარი მშვილდი გაატანა, ტფილ ხევს აფრინა. ცხელი გუბის მოხუცნი შურის ციხეში ამოაყვანინა.
გაბეცებული მოხუცები ფერხთით ჩაუვარდნენ თავის შემოსილ და აღკაზმულ მეფეს. თაყვანი სცეს.
- შეგვინდე უტიფრობა! სადიდკაცო რაღაც ვინიშნეთ, მაგრამ, აბა, შიშველს მეფედ როგორღა შევიცნობდით? რა ჩახოხბილი გამოგვსვლია!
- რამდენი რამ ვჩმახეთ!
- რამდენი ტალახი ვზილეთ და ვქექეთ!
- ამინ და ამინ! შეგვინდე, გამარჯვებულო!
ალუღლუღდნენ გახარებულად შიშნაკრავნი. თავები ახალეს კიბეს.
ახლა კი გაწყრა ვახტანგ გორგასალი.
- ჩმახავთ! რასაც ჰხედავთ, თქვენი მადლია... თქვენც კარგად იცით... ამ ადგილის ფუძის მამანი თქვენა ყოფილხართ! პასუხიც მიგეთ... შიშველ-მიშველ არა ვიცი რა!.. იმ ხოხობს კი ქვის ძეგლს დავუდგამ!
თავადაც ფეხზე წამოუდგა, ციხის ამღებნიც მათ აახლა.
- გამარჯვებას მოგილოცავთ, ტფილის-ქალაქის პირველკაცნო! პირველი ბჭობაც თქვენზეა... შურის ციხე ამაღებინეთ, შურის განაჩენიც თქვენზე იყოს... თავდათავ მოღალატეს, მომავალ დედა-ქალაქისა და მთელი ერის სახელით, ღირსეული მსჯავრი თქვენვე დასდეთ!
ვახტანგმა ნიშანი სცა. გუშაგებმა საწნეხელს ქეჩა-ნაბადი გააცალეს, დაბორკილი ტყვე ფეხზე წამოაგდეს.
-ვარსქენ წყეული?! – წამოიძახეს მოხუცებმა, უეცრად წამოჰყარეს დამუშტული ხელები... მაგრამ მეფისა და მეციხოვნეთა წინაშე თავი შეიკავეს. დიდმა სიძულვილმა დიდი თავკაცაობაც შეაფერებინათ, ძონძები მოისწორეს და უკვე მსაჯულებად, როგორც ცხელ გუბეში, ისე თავისუფლად “ჩასხდნენ” კიბის თავში გაშლილ ირმის ტყავზე, მკერდზე დინჯად იკრიფეს ხელები.
ჯოჯო-ბერმა მცირე ლოცვა სთქვა, ბზის ჯვარი ციხესა და ახალ მეციხოვნეთ გადასახა. მერმე კალამ-ეტრატი ითხოვა. უმალ ხოხბის ფრთა მოართვეს კალმად, ხოლო ეტრატად პეროზ-სპარსმეფის რაყამი, ვარსქენ პიტიახშის სახელზე ბოძებული, გადმოუბრუნეს და ჯოჯო-ბერს დაუდეს მუხლებზე.
შავლეგო ვერელმა ერთი ჩაახველა და წამოიწყო:
- რაღა ბევრი სალაპარაკო და სამსჯავრო გვაქვს – მკაცრი დროა, თავის საქციელზე ყველამ პასუხი აგოს! თითო მთავარი ვთქვათ და გავათავოთ... თავისი ერის მთრგუნველს, სამშობლოს მოღალატეს... – სიტყვა გასწყვიტა და ჯოჯო-ბერს გადაჰხედა, გადაულოცა სიტყვა. ბერმა ქოქოლა მიაყარა თავის მგვემელს:
- - გიწია! რჯულის მგმობელს... თავის მეუღლისა და სხვა მრავალთა მაწამებელს!
- ხალხისა და სოფლების მრბეველს! – ახლა ბაკურა თაბორელმა აღიმაღლოა ხმა. – გიწია ვაზისა და ამ საწნეხელის ცოდვამ?!
- მე მკლავს მოვითხოვ! – ზეზე წამოიჭრა ვახო-ხურო. ცაცია გაფარჩხა ჰაერში. – დიდო სეხნავ! – უშუალოდ ვახტანგს მიჰმართა. – ამ უხსენებელმა მომჭრა მარჯვენა – შურის ციხე რომ მტრისათვის არ ავაშენე... შენ კი ყველა მტერს, მით უფრო თვისტომს, თუნდ ნათესავსაც, უნდა გააგდებინო ხელი, რომელიც მტრის საქმეს აკეთებს ჩვენში!
- ამინ! – დაუდასტურეს ბჭე მოხუცებმა.
- ამინ! – წარმოსთქვა მეფემ. – მკაცრი დროა!
ვარსქენს საწნეხელის კიდეზევა გადაუქაჩეს მარჯვენა, ხმალი დაჰკრას სახსარში და გააცალეს.
- ერთობლივ ყველაფრის ზომა? – მსაჯულთ შეეკითხა მეფე.
- შურის ციხის გალავანზე გადაცტუნება! – ხელი აღმართა შავლეგომ.
- მის წაბილწულ საწნახელიანად... ალალი იყოს! – შეაძახა თაბორელმა.
- მისი ავლადიდება და განძ-სახსარი მიეთვალოს ტფილის-ქალაქის აღშენებას! – უკვე გარჯის კილოთი დაუმატა ვახო-ოსტატმა.
- ამინ და ამინ! – ედასტურებოდა ჯოჯო-ბერი და ხოხობის ფრთით წერდა განაჩენს.
- აღსრულდეს ესრეთ! – ბრძანა გორგასალმა.
უმალ გალავანზე გავიდა ყველა.
მაღლა მზე იყო. ქვევით თავისუფალი, ამბოხებული ქვეყანა. მერმე საწნეხელი ხომალდივით გადაცურდა ჰაერში. სადღაც ტფილი ხევის, ცხელი გუბის მხარისაკენ ჩაიტანა გრიალი.
- ყოფილა სამართალი დედა-მიწაზე!.. დედა-ქალაქის შენება კი ჩვენზე იყოს! – ფიქრიანად ჩაიდუდუნა ცალხელამ.
- ამინ! – თქვა გორგასალმა.
- ამინ! – შესძახა ყველამ.
მთელი ერი აშენებდა ტფილის-ქალაქს.
ხუროთმოძღვარი ცალხელა იყო, მაგრამ ერმა კი ორივ ხელი გამოიღო. მთავარი განაგისი ისევ და ისევ ვახტანგ გორგასლისა იყო.
ახმიანდნენ ტფილისის კარის შემოგარენი. აჟრიამულდა ხალხი. ამოქმედდნენ დიდნი თუ მცირენი. გულდაგულ, საფუძვლიანად აშენებდნენ ბალავრებსა და კვარცხლბეკებს... ათასეული წლების გასაძლისს, მრავალ შემოსევათა და დუხჭირთა გადასატანად მზადყოფილს.
- მცხეთა დიდ-დედაა, უჯარმა – დეიდა... ახლა კი ჩვენ – შვილნი – დედა-ქალაქს ვბადებთ და ვკაზმავთ! – გაიძახოდა გორგასალი და ყოველ ბალავარს ქვასაფუძველს თავად უყრიდა, დუღაბის პირველ ნიჩაბს თავად ადებდა.
... ჰოდა, ტფილისის კარიბჭეებს ტაოელნი და კლარჯელნი აშენებდნენ, სჭედდნენ; დასავლეთ გალავანს – ეგრ-იმერნი; აღმოსავლეთ ზღუდე-კედელსა და ქონგურებს – გაღმა კახნი და ფხოველნი; მეტეხა კლდეს ციხესა და სასახლეს უჯარმელი და ნინოწმინდელი წერაქვოსნები და კალატოზნი შესეოდნენ; სალალაკის კლდის ძირებში არაგველნი და თრიალეთელნი საქმიანობდნენ.
ციხე-კალას – სამშვილდელნი და ატენელნი აფართოებდნენ, ახალ ქონგურებს უმატებდნენ. ხიდის გაღმა-გამოღმა ბურჯებსა და თაღებზე მცხეთელები და ბერდუჯელები პირველობდნენ.
ტფილ ხევს, ცხელ წყაროებთან, ლისელები, ვერელები და თაბორელები ბორიალებდნენ, სათავანებს სწმენდნენ, ქვაბში ავაზნებს ჰმართავდნენ, თიხის მილებით ცხელი წყალი გაჰყავდათ... უფლისციხელებს კი აბანოების შენობები წამოეწყოთ.
ქალაქის სასახლეს სამცხელი კალატოზები, არმაზელი ქვათხუროები და მეჩუქურთმენი უყრიდნენ საფუძველს. დიდ ბაზრებისა და ქულბაქ-ქარვასლების ადგილზე ჯერ ხის შენობა-დარბაზები დაედგათ მცხეთელებსა და სომხითართ.
სატივეზე ურბნელნი და ტასისკარელნი მოაცურვებდნენ ტივებს, საძელე და სახარაჩო მორები ჩამოჰქონდათ. დიდგორელებსა და მანგლისელებს ცულები შეეტრიალებინათ, მომავალი ქალაქის ადგილას ტყეს ჰკაფავდნენ.
ერთდროულად, დიდის გამოჩინებითა და ლოცვა-პარაკლისებით, სამ ახალ ტაძარს ჩაუყარეს საფუძველი. ჯვარსა აღარ მალავდა ხალხი. ყველამ ბზის ჯვრით იმშვენა გულ-მკერდი.
პირველ მერცხლებად მცხეთის ამქრები და ვაჭრები გადმოსახლდნენ ტფილისს. აბანოს და კლდის უბნებში დამკვიდრდნენ.
ახლომახლო სოფლებიდან გადახვეწილი ხიზნებიც უკან მოდგნენ. რბეულ სოფლელებად გაიქცნენ და ახალშენ მოქალაქეებად კი მობრუნდნენ.
პირველი უცხო ქარავანი ფაზის-შორაპნის გზით მოვიდა საბერძნეთიდან, მერმე ბარდავიდან და ხუნანიდან. სარფად ივაჭრეს და ახალდაფუძნებული ტფილის-ქალაქის სახელი გაიტანეს უცხო ქვეყნების გზებსა, ბაზრებსა და სასახლეებში.
ახალაგებულ ბან-დაბალა მიწურებში, დედაბოძიან დარბაზებსა თუ ბუხრებიან სახლებში დედაკაცებმა ცეცხლის მოჩხრიკეს, გააღვივეს, მუგუზლები აქეთ-იქით სამეზობლოში გაიტანეს... კერა გაათბეს, ქვაბ-კარდლები შემოდგეს – ააშიშინეს. თორნეებში ფიჩხი ააგიზგიზეს, ალი და კვამლი ტფილისის ზეცაში აუშვეს. ცხოვრების ნიშანი და სული მისცეს გარემოს.
ტფილ ხევს, ცხელი გოგირდოვანი ნაკადულების ჩასწვრივ, კაბაამოკეცილი, ხელებდაკიპაწებული დედაკაცები სარეცხს რეცხავდნენ, აქვე, მუხის ტოტებზე აშრობდნენ... საქალეთის საქმეებსაც აქვე ჩარხავდნენ, არიგებდნენ. ერთ კვირა დღეს კი იკრიბნენ, ერთობლივ დაიძრნენ და მცხეთიდან წმინდა ნინოს ჯვარი ტფილისს გადმოასვენეს. ბზის ჯვარს დაენაცვლა ვაზისა. თითქოს ბზის ძირზე დამყნეს ვენახი.
ამის შემდგომ უფრო იწყო მოსვლა ახალმოსახლე ხალხმა. ვაზის ჯვარს ვაზიც ზვარდიდად მოჰყვა. უღრანი ტყე უცბად დადრკა. ჯერ მრავალი ახოები გაიჩინა, მერმე საერთოდ გამეჩხერდა საქალაქო არეში. ბოლოს კი სახლ-ქუჩებში ჩაიხარჯა.
მარწყვისა და მაყვლის, სოკოსა და ხავსის, ბობოწვერასა და ფათალოების სურნელს ახალგათლილი ძელისა, აზელილი კირწყლისა და გამომცხვარი პურის ახალსურნელი შეემატა.
ნადირი ხომ ყველაზე ადრე გაფრთხა და გაიკრიფა ტფილისის ტაფაჭალიდან.
მხოლოდ ხოხბები კიდევ დიდხანს დარჩნენ და ბუდობდნენ მტკვრის პირის ჩალიანებში. მათ, მფარველ ფრინველებად მიჩნეულთ, არავინ ერჩოდა. მეფემ სარკინელ ზარაფებს ვერცხლის ახალ თეთრზეც კი ამოატვიფრინა ხოხბის ნასახი, ჯვარი და წარწერა – ტფილისი.
... და შურის ციხიდან ვახტანგ გორგასალმა ერთხელ კიდევ სტყორცნა ზეცას ისარი – მზესა და ბედისწერას ქართული მუქარა გამოსთხოვა... და იქ, სადაც დაეცა ისარი – თავისი ბეჭედი ჩაფლა მიწაში, ზედ კი ქვის ხოხბის დიდი ქანდაკება გადაადგა. ამ ქანდაკებას ზეაღმართული ნისკარტიდან ტფილისის წიაღისეული, მარად ცხელი შადრევანი უჩუხჩუხებდა.
ამიერით ორი მფარველი და სალოცავი გაუჩნდა ტფილისს – ჯვარი ვაზისა და ქვის ხოხობი.
დედა-ქალაქის პირველ მაშენებელთა და კერის გამთბობთ მეჩანგენი, მთქმელნი და აღმწერელნი მოჰყვნენ. მათ გალექსეს და აამღერეს ტფილისის სახე-სახელი. მათ პირველებმა სთქვეს, რომ ქართული დედა-ქალაქი ხოხბის მარჯვენა ფრთის თარგზეა ნაშენი... მარცხენა კი მას ზეცად და მთებად გადმოსდგომია.
მათვე თქვეს, რომ ვიდრე არ გაცივდება ტფილისის წიაღისეულ წყაროთა მხურვალება, მანამდე ტფილის-ქალაქის დედა-კერასაც გაცივება არ უწერია.
კიდევ დასძინეს, რომ ავბედობის ჟამს, ოდეს დედა-ქალაქსა და მის ერს მოელის საძრთხე, ოდეს მტკვარი – მატიანე “ქართლის ცხოვრების” – მძიმე დღეებს შეუდგება და სისხლს შეირევს, ოდეს შიში და ძრწოლა ჩავარდება ერში... შეაშფოთებს, თავგზას აურევს მრავალს... მაშინ უმთვარი ღამეში მეტეხა კლდისძირა მორევიდან, ცხელი წყაროების წიაღიდან თუ დედა ერის ნაღვერდლიდან – ქვის ხოხობი წამოდგება, ყელს მოიღერებს და მისი გადაყივილი ნიშნად და ნუგეშად ჩაესმის ყველას, ვისი ყურიც ყურობს, გულიც გულობს, მებრძოლი და შემოქმედი მარჯვენაც ქართულად მარჯვობს!