გრანელი ტერენტი
გაზიარება

*ბიოგრაფია (გ.ტ) 

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), ქართველი პოეტი.(დ. 3 ივნისი, 1898, ახლანდელი ქ. წალენჯიხა - გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), დაიბადა ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები", 1921; „სულიდან საფლავები", 1922; „Mემენტო მორი", 1924; „ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80-იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი"ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

??????