ლეონიძე გიორგი
გაზიარება

*ბიოგრაფია (ლ.გ) 

გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899/8 იანვარი, 1900, საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი - გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
მამა - ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს" ფსევდომინით იბეჭდებოდა.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.
1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".

პირველი ლექსი „მცხეთა" ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე"). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში") გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი" (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება", № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელრბს", რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოდისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა" გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი", 1919; „მზე ტაბასტა", 1922; „ავტოპორტრეტი" და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები". 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა" ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს" რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ საბოლოოს ჩამოაშორა ესთეტიზმს.
ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე", „სიმღერა პირველი თოვლისა", 1926; „მყვირალობა", „ყივჩაღის პაემანი", „ყივჩაღის რამე", 1928; „ოლე", 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.
საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება" პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება"», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე"», „წინაპრებს", 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას"», 1929; „დიდ თამარს", „დავით აღმაშენებელს", 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვულღერ სამშობლოს", პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული" სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია"). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები" („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა", 1926; „თბილისის განთიადი", 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო", 1940; „თბილისს", 1947 და სხვა).
პოეტი გამოეხმაურა დიდ სამამულო ომს („მხედარი პირტახია", 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?", 1943; „არ დაიდარდო, დედაო", 1944 და სხვა). სამშობლოს ძბელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.
ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი" (1960) და „ფორთოხალა" (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის" თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა" ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა" (1933, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), „ბერშოულა" (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი" (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.
ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ" (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.
ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა", რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის" რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნიკი" (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა" (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი" (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ. კინოფილმ „ჯურღაის ფარის" (1944, ღეჯისორი ს. დოლიძე, დ. რონდელი) სვენარისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

??????