თეთრი ღამე
Могут только биться, виться, и кричать, кричать, кричать.
ედგარ პო
მარტო! სულ მარტო!
და შეიპარა ვიღაც ჩემს გულში, შეიპარა და გაიხედ-გამოიხედა. და ეს ვიგრძენი მე.
სევდა! აღრჩევა სულისა! სევდა!
და მარტოობა! მარტოობა!
თითქოს სასეირნოდ გავედი შემოდგომის საღამოს. და უცებ დაჰქროლა ქარმა, უცებ გატიტვლებულმა ტყის მწვერვალმა მორჩილი სალამი მისცა, ქედი მოუხარა იმას, ვინც მშიერი ღმუილით აღმუილდა იმის სიღრმეში...
თითქოს წვიმის მსხვილმა და მეჩხერმა წვეთებმა დამკრეს სახეზე, რაღაც ჩამიჩურჩულეს... თითქოს პირველად დავინახე, პირველად ვიგრძენი შემოდგომის ბუნების მოწყენილი, სევდით აღსავსე სახე.
სევდა! აღრჩევა სულისა! სევდა!
და მარტოობა! მარტოობა!
მე კი მაინც მიყვარს მარტოობა! სულის ასეთი მდგომარეობა − მარტოობა - ხომ არ ჩამოგავს იმას, რასაც მოგონება ჰქვიან? ერთნაირ განცდას ხომ არ იწვევს ჩვენში ეს ორი ნიჭი ადამიანისა - ნიჭი მარტოობის შეგნებისა და ნიჭი მოგონებისა, წარსულის აღდგენისა?.. მე მგონია, ბევრი რამ არის საერთო ამ ორ ნიჭში, მაგრამ ნათლად, გარკვეულად ამის ახსნა-განმარტება ჩემს შეძლებას აღემატება... მხოლოდ მიყვარს კი მარტოობა, ხშირად მე იმას დავეძებ და სატუსაღოში კი, იმ განმარტოებულ საკანში, სადაც რამდენიმე წელი თითქოს მარტო ვზივარ, წარმოიდგინეთ, ხშირად მენატრება ხოლმე მარტოობა...
ეხლა კი მე მარტო ვარ, სულ მარტო! და მეწვია ჩემი სევდა, ჩემი მეგობარი, გული დამიმძიმდა... მაინც მსურს ეს მდგომარეობა გაგრძელდეს, გაგრძელდეს იმიტომ, რომ მე ამაში რაღაც შეღავათს ვგრძნობ, რაღაც სიამოვნებას...
მოსე! მოსე! ჩემო მეგობარო, ჩემო მცველო! ფრთხილად, შეუმჩნევლად. შემოიჭვრიტე ჩემს საკანში. იარე ფეხის ფრჩხილებზე, როგორც კატა, როგორც ქურდი სხვის სახლში, როგორც მცველი ტუსაღთა და დამნაშავეთა, მე მშვიდად ვზივარ, მე თუ გნებავს მზად ვარ დავწვე, მხოლოდ ნუ გამელაპარაკები... კეთ... ბოროტო მოხუცო, მცველო ჩემო, ნუ შეაკრთობ ჩემს მარტოობას, ჩემს სევდას ნუ შეაკრთობ, გთხოვ, გემუდარები!
მარტო! სულ მარტო!
და შეიპარა ვიღაც ჩემს გულში, შეიპარა და გაიხედ-გამოიხედა - მარტო ვარ, მარტო!
სევდა! აღრჩევა სულისა! სევდა!
და კარგია, კარგია ასე, გაგრძელდი, იღვიძე, ჩემო მარტოობავ, იღვიძე და... და მომასვენე!
თქვენ იცით თუ არა, რატომ ვერ თავსდებიან სატუსაღოებში, ერთ საკანში საუკეთესო მეგობრებიც კი? რატომ იბრძვიან და ჭირივით ერთმანეთს იძულებენ?.. მე ვიცი! მე ვიცი! იმიტომ ხდება ეს, რომ ისინი ერთი-მეორის მარტოობას უშლიან ხელს, მარტოობას უფრთხობენ ერთმანეთს!..
მარტო, სულ მარტო! და მხოლოდ ჩემი სევდა ჩემთან, სხვა არავინ, მხოლოდ ჩემი სევდა!
ახ, რა კარგია!
... მე ვამბობ, მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ღორობაა, ეს განუსაზღვრელი ღორობაა და ისევ ღორობა! ნუთუ ამას კიდევ მტკიცება სჭირია, ნუთუ ეს დღესავით ნათელი არ არის?
მე არ მომასვენეს, მე არ დამაცალეს ჩემს სევდასთან, ჩემს მარტოობასთან ერთად ვყოფილიყავი. და ეს იმიტომ, რომ ვასოს ცოლი უსინდისო ქალია. დიახ, უსინდისო ქალია ის, რომელიც ვასოს უყვარდა და რომელიც, გამოდგა, ღალატობდა და ატყუილებდა ქმარს, ამხანაგს. ყოველნაირი ღორობა, თუ ამ ღორობას იდენს არა ნამდვილი ღორი, არამედ ღორზე უარესი ღორი - გაღორებული ადამიანი, ყოველნაირი ასეთი საქციელი ცდილობს თავი იმართლოს. ვასოს ცოლის მიერ და მისი საყვარლის მიერ ჩადენილი ღორობის გამართლება კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ატყუილებდენ ვასოს დროებით, სანამ იმ სატუსაღოში იჯდა, რომ ტუსაღობა ერთიორად მძიმე არ ყოფილიყო იმისთვის... აი, ამიტომ ის ცრუობდა ტუსაღი ადამიანის წინაშე, ტყვე ადამიანის წინაშე, რომელიც მისი ქმარი იყო... ნუთუ ეს ღორობა არ არის? და ამის შესახებ მე ყველას ვეტყვი, ყველას, ყველას დავუსვამ კითხვას - ნუთუ ეს ღორობა არ არის-მეთქი? ის დადიოდა-მეთქი მტრის ხელში მყოფ ქმართან, ამხანაგთან, ჩვეულებრივი ღიმილით, ჩვეულებრივი ალერსით და ვასოს სწამდა ამიტომ, რომ მისი ცოლი მართლაც მისი ცოლია-მეთქი. მე ყველას ვეტყვი ასეთ რამეს:
ერთ კვირა დღეს ვასოსთან მივიდა ცოლი და უთხრა მას:
- აბა, ვასო, თუ მიხვდები, ხვალ რა დღეა, რა დღესასწაული!
ვასო ვერ მიხვდა.
- მოიგონე. ჩემო ვასო, ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა?
- ახ, მართლა... რა ოხერი მეხსიერება მაქვს...
- აი ამიტომ დღეს მე უნდა ზედმეტი მაკოცო, ხვალინდელი დღის სანაცვლოდ, ხვალ ხომ ვერ მოხვალ, ხვალ ხომ ვერ მომილოცავ... და არც მე მომიშვებენ შენთან...
ასე იყო ეს და შემდეგ გამოდგა, რომ როცა ეს ქალი ასეთ რამეებს ეუბნებოდა მას, იმ დროს ის უკვე სხვისი საყვარელი იყო, მთელი ეს ალერსი იყო სიცრუე და მეტი არაფერი...
სიმართლე არ შეიძლებოდა გვეთქვა კაცისთვის, რომელიც სატუსაღოში იჯდა. სიმართლე თუ არა, სიცრუე რა საჭირო იყო? ხომ შეიძლებოდა ზემოხსენებული კომედია სრულიად არ ეთამაშნა ვასოს ცოლს? ხომ შეიძლებოდა?..
და ამას გარდა ერთი მითხარით... ერთი მითხარით, ძმებო და მეგობრებო, რატომ გგონიათ, რომ სიცრუით უმჯობესია ადამიანის მოკვლა, ვიდრე სიმართლის თქმით? საიდან სადაო ასეთი შეხედულება, ჩემო ძვირფასო ამხანაგებო!.. თქვენ, რომელნიც, ვიცი, გაიღიმებთ ჩემს სიტყვებზე, შეგიძლიათ მიპასუხოთ?
...ყველაფერი ეს თურმე ჩამიწერია. დეე! არ მოვსპობ ამ სტრიქონებს, არ ამოვხევ ამ ფურცლებს... უნდა აღმენიშნა, რომ მე და მოსე ივანეს-ძე სასტიკად ავიშალენით. არ უყვარს ბებერ ქოფაკს ტუსაღებთან დაახლოვება, მაგრამ მე შემეჩვია. და აი დღეს რამდენიმეჯერ მოადგა ჩემი საკანის სათვალურს, რამდენიმეჯერ ჩაახველა, მაგრამ მე არამც და არამც არ მივაქციე არავითარი ყურადღება. შემდეგ ის წავიდა და ვასოს აეკვიატა. ვასომ კი, ალბათ, შეუკურთხა.
- შენ მაქ... შენ ნუ ყანყალობ, თორემ... ბატონკაცი... ინტელიგენცია წყეული.
სიტყვა “ინტელიგენცია” მოსე ივანის-ძის პირში ყველაზე უფრო მძიმე და ყველაზე წაცილებული შეურაცხყოფაა. ჩანდა, ვასომ ის ძალიან გააჯავრა. საჭირო იყო ინცინდენტში ჩარევა.
- მოსე! ა მოსე! აბა მოდით აქ, ჩემთან! - დავუძახე მე.
- არა, ერთი ამ ვაჟბატონს შეხედეთ... ამ ინტელიგენციას.
- მოსე, მოდი-მეთქი, რაღაც უნდა გითხრა!
- ერთი შეხედეთ და... თითქოს ძაღლი ვიყო... მაგის ცოლი იქ...
საშინელ, ცინიკურ ფრაზას ამბობს მცველი და მოდის ჩემკენ.
- მოსე, შე მხეცო და პირუტყვო, მე შენ ცხვირს მოგამტვრევ! შენ როგორ ბედავ მაგაებს, შე ძროხა, შენა! ამ წუთში, ეხლა დაუძახე კანცელარიიდან მორიგეს... შენ გაჩვენებ სეირს...
- მიხა, დაანებე თავი... არ ღირს!.. - მესმის ვასოს ყრუ ძახილი.
არა, არა, არ ამოვგლეჯ მე ამ სტრიქონებს, არამც და არამც, არ მოვსპობ ამ ფურცლებს. დე, ჩხრეკის დროს წამართვან ქაღალდი, წაიკითხონ და... და იცინონ, დაგვცინონ... დაგვცინონ!..
დეე!..
დაგვცინონ... დაგვცინონ!
ღამეა კაეშნიანი,
თვალი ვერ ხედავს ვერასა...
ქარი ჰქრის. ქარი ღრიალებს,
ქარი დასტირის ბნელასა!..
“ღამეა კაეშნიანი!”...
რა მშვენიერი ღამეა! როგორ აკაშკაშდნენ ვარსკვლავები ზეცის ნაჭერზე, რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანს. აი, “დიდი დათუნას” კუდი, აი, შე კუდიანო, შენა!..
რა მშვენიერი ღამეა! ბნელა, ბნელა, ისე ბნელა, რომ “თვალში თითი არ მიიტანება”. ხოლო ბნელა არა ჩემ საკანში, არამედ კარში, ბნელა კარში, მიუხედავად იმისა, რომ ზეცა მოჭედილია ცელქი ვარსკვლავებით... ბნელა − ჩემ ოთახში კი არა.
ოჰ, ეს ტალახიანი, ეს გამტვერული, ეს ბინძური სინათლე ჩემი ჭრაქისა! როგორ უნდა მოისვენოს სულმა ჩემმა ამ ოთხ კედელშუა! აი, საცვლები გამოვიცვალე, მგონია კი, რომ გაჭუჭყულ, გასვრილ საცვლებში ვარ, მგონია კი, რომ მთელ ჩემ სიცოცხლეში მენატრებოდა სისუფთავე მხოლოდ და არაოდეს კი სისუფთავე თითქოს არ მეგრძნოს!. ჰმ, ბრძენო ედიპო, შენ ახსენი, როგორ შეიძლება კაცს ენატრებოდეს ის, რაც არაოდეს არ უგრძვნია და არც გამოუცდია, შენ ახსენი!
ვერ არის მოსვენებული სული ჩემი ამ ღამეს.
და გაზაფხული კი უკვე ძალაში შევიდა. გაზაფხულის სუნით გაჟღენთილია ყველაფერი. - ახ, რა მშვენიერებაა ეხლა იქ, იქ, სადაც დავიბადე!
გაზაფხული! გაზაფხული!
მღერიან... მარჯვნით სადღაც, ალბათ, ღია ფანჯარასთან, მღერის ვიღაც.
და მშვენივრათაც მღერის.
და იმ სიმღერაში ვიღაც საომრად იწვევს თავის ბედს, ვიღაც უმადური ბედისა, ვიღაც უმადური იქადის და იმუქრება.
და იმ სიმღერაში ისმის ტკბილი იმედი, - გაბედე, ძმაო, გაბედე! გაბედე და შენია გამარჯვება!
და ტირის, ცრემლად იღვრება ვიღაც იმ სიმღერაში... ის ისეთი კეთილია და ნაზი, ის, ვინაც ტირის. და იმან იცის ბევრი რამ ისეთი, რაიც ბედთან მებრძოლმა არ იცის, რასაც ფარავს და არ უმჟღავნებს მებრძოლს მატყუარა იმედი. მან ბევრი რამ იცის, ბევრი რამ. მან იცის, რომ ბრძოლაში მარცხდება არა მხოლოდ ის, ვინც დამარცხდა, არამედ ისიც, ვინაც გაიმარჯვა. ცეცხლი, რომელიც სწვავს შეშას, დაბოლოს თვითონაც ჰქრება - მან ეს იცის. მან იცის, რომ იმარჯვებენ არა თავისთვის, - იციან თუ არა ეს გმირებმა, იმათ რომელთაც უნდა გაიმარჯვონ? რომლებიც ბრძოლის ველისკენ გარბიან? და ის ტირის, ტირის, ტირის უდროოდ დაკარგულ ძალაზე, რომელიც სხვისთვის იღუპება. მას, კეთილსა და ნაზს, მას, სათუთსა და სუსტს, მას არ შეუძლია არ იტიროს - მან არ იცის სილამაზე მსხვერპლისა!
და ხტის და ბუქნას გადადის ვიღაც იმ სიმღერაში, ვიღაც მღერის და კისკისებს, დღესასწაულობს და გაჰკივის, რომ უყვარს ბედთან მებრძოლი. უყვარს და არც შეუძლია არ უყვარდეს, ვინაიდან ის არის ქალი, ქალი!.. ჩემო ძლიერო, ჩემო ბატონო, ჩემო გაბედულო და გაუტეხელო, იცოდე, რა მიყვარხარ! რა მიყვარხარ შენ, ჩემო მებრძოლო, იმიტომ რომ მე ქალი ვარ! გახსოვს ხომ - ქალებს არ უყვარდათ განა დავით მეფე? ქალები არ უმღეროდნენ მას, რომ დავითმა მოჰკლა ათიათასი და საულმა კი მხოლოდ ათასიო? დავითმა ათიათასი, საულმა კი მხოლოდ ათასი, მხოლოდ ათასი! ქალებს გვიყვარს ის, ვინც უფრო ძლიერია და მე შენ მიყვარხარ, ჩემო ძლიერო და ამაყო! მიიღე გვირგვინი, ჩემი ხელით ყვავილებისაგან დაწნული, ჩემი ხელით დაკრეფილი მინდორში, მიიღე გვირგვინი, ბატონო ჩემო! და კოცნაც ჩემი მიიღე, ალერსი - შენ ხომ გაიმარჯვებ, შენ ხომ შეგიძლია გაიმარჯვო!
მღერის და თამაშობს ვიღაც იმ სიმღერაში - მას უყვარს, მას უყვარს, მას უყვარს და არც შეუძლია არ უყვარდეს ბედისადმი მებრძოლი, იმიტომ რომ იგი არის ქალი.
და უფრო მაგრდება ხმა მებრძოლისა - ხმამაღლა ისვრის ის საყვედურსა და გაბედულად სდებს ბრალს ბედს, საბრძოლველად იწვევს მას და იმედი კი ამხნევებს - გაბედე, ძმაო ჩემო, გაბედე, გასწი, გაბედე და შენია გამარჯვება!
და ოდნავადაც კი არ ამბობს მატყუარა იმედი, რომ ბრძოლაში მარცხდება არა მხოლოდ მარტოოდენ დამარცხებული - ეშმაკია იმედი, ის მატყუარაა!..
...რაღაც სიმღერა მოვისმინე ამ წუთას ღია ფანჯარასთან. ამ სიმღერამ მიამბო, რომ გაზაფხული დადგა და რაღაც სხვა ტკბილი რამ მასმინა და მე ამის გამო ავტირებულვარ... ახ, არა, არც ასე ყოფილა... ნუთუ მე ავტირდი იმიტომ, რომ ამ სიმღერამ მითხრა: შენთვის ყოველივე გათავებულიაო! ამაზე ვიტირე! მაგრამ აკი მე ეს დიდიხანია ვიცი! ცხედარო ჩემო, ცხედარო ჩემო, შენ ეს რაო, ვითომ?
მაგიდას ვუზივარ და არ ვიცი - მძინავს მე და სიზმარს რაიმეს ვხედავ, თუ ყველაფერი ეს სინამდვილეა! რამდენჯერ მოვიდა გაზაფხული და ისევ წავიდა - მე კი აქ ვიჯექი და ის არ მინახავს... არ მინახავს. სიზმარია ეს თუ ბოდვა? გესმით თუ არა - გაზაფხულდა ერთხელ, გაზაფხულდა მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ კიდევ გაზაფხულდა... ერთხელ, ორჯერ სამჯერ, ოთხჯერ აყვავილდა, ამღერდა ყველაფერი, სიყვარული, სიხარული დაიბადა, - მე სადღა ვიყავი?..
მე სადღა ვიყავი?
ვუზივარ მაგიდას და ვფიქრობ, რაღაცას ვსწერ - გაზაფხულს ხომ არ ვიგონებ, ჩემი ქვეყნის გაზაფხულს, ქართულს, მშობლიურს.
გაზაფხული, გაზაფხული!
ახლა იქ გაჩაღებული გაზაფხულია, ჩემს სამშობლოში. და მთანი მაღალნი, მწვანე ხავერდით შემოსილნი სალოცავად თითქოს მომზადებულიყვნენ, დგანან და ყურს უგდებენ მრავალხმოვან გაზაფხულს, წყალთა ჩხრიალს, ფრინველების ჟღურტულს, გუთნისდედის სიმღერას.
გაზაფხული! გაზაფხული!
და გაზაფხულზე მე მიყვარდა ღამით ჩვენს პაწია ქალაქში ხეტიალი. საათობით დავდიოდი სანახევროდ გავერანებულ ქალაქის ბაღის ვეებერთელა ხეების ქვეშ და ვოცნებობდი. ირგვლივ სიწყნარე სუფევდა - ყველას ეძინა. ეძინა ადამიანს. ჩვენს ქალაქში ისე, როგორც სოფელში ადრე იძინებდნენ. მცენარეებსაც ეძინა. ნიავს ეძინა და ვარსკვლავებსაც, - გადაიფარებდნენ მწვანე ფოთლებს, მიიმალებოდნენ - და ეძინათ. მე დავდიოდი ამ სიჩუმით გარემოცული დაძინებულ ბუნების სამეფოში, და საიდგანღაც იღვიძებდა ჩემში ბუნდოვანი მოგონება, რაღაცა ელანდებოდა ჩემ სულს და ტკბილი, ტკბილი სევდა გულზე მაწვებოდა. და ეს ჩემი ტკბილი მოგონება თუ სევდა, ჩემი ოხვრა სამუდამოდ დაკარგულ წარსულის გამო, თუ მომავალი ბედნიერების ნატვრა, ჩემდა უნებურად ისხმებოდა რუსთა დიდი პოეტის მოკლე ლექსში, რომელსაც თურმე ვღიღინებდი:
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
მაგონდებოდა ვიღაც და რაღაც, და ისეთი ალერსით სავსე იყო ეს მოგონება, ისეთი ტკბილი, ისე თბებოდა სული. და არ ვიცოდი კი ვინ, ან რა მაგონდებოდა. და კვლავ ვღიღინებდი:
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
ეს იყო გაზაფხულობით... სამშობლოში. დიახ...
შემდეგ?..
შემდეგ მე თითქოს გადავეყარე იმას, ვისაც ვეძებდი, ვინც მაგონდებოდა. ის თურმე მომავალში იყო და არა წარსულში. იმასაც თურმე მე ვაგონდებოდი, მე დამეძებდა...
შემდეგ?
შემდეგ იმას ვახსოვდი სანამ სატუსაღოში არ ჩავვარდი... დიახ, ასე იყო ეს.
დამიგდეთ ყური - ახლა მე ტუსაღი ვარ. მაგრამ ვიცი, რომ გაზაფხული დადგა. და მელანდებიან მე გაზაფხულის სურათები და მათ შორის ერთი ასეთი:
მთვარის სხივები დანათიან მდიდარ, მშვენიერ წალკოტს ზღვის პირას. და შავი ზღვის მთვლემარე ტალღათა ფურჩულში, მთვარის ვერცხლისფერ სხივებს ქვეშ, მე მესმის სხვა ფურჩული, ნაცნობი ხმა...
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
არა, არ შემიძლია, აღარ შემიძლია! ჰეი, მცველო, მეციხოვნევ, - მეგობარო, აბა, აქ მო! აბა, აქ მო, ერთი რამ გთხოვო მინდა! ხედავ თუ არა იქ, ზღვის პირას ორ არსებას - ქალსა და კაცს? ხომ ხედავ? გესმის თუ არა, ის სამუდამო სიყვარულს ეფიცება იმ კაცს, ხომ გესმის? ის... ის მეც აგრე მეუბნებოდა ერთ დროს, მეც აგრე მეუბნებოდა... შენ გესმის თუ არა, ის წარსულზე უარს ამბობს, ის ამბობს, რომ არავინ იმის მეტი არას დროს არ ჰყვარებია... წადი იმასთან, ჩემო მცველო, წადი იმასთან! ჩაუარე იმას გვერდში, გაუღიმე, მიესალმე...
და ასე უთხარი:
- ჩემო მშვენიერო, დაგავიწყდა განა, რომ ქვეყნად სატუსაღოები არსებობენ? განა დაგავიწყდი მე, მეციხოვნე, ბებერი ქოფაკი? მაშინ რას იზამთ, რომ შენი საყვარელი ასე ერთი ხუთი წლით სატუსაღოში დააბრძანონ? განა შეიძლება მუდმივ სიყვარულზე ლაპარაკი, სანამ ქვეყანაზე სატუსაღო და მე ვარსებობთ?.. ხე, ხე, ხე! განა დაგავიწყდა შენი წინანდელი ფიცი?
მცველო - მეგობარო, წადი, ასე უთხარ მას! მეციხოვნევ, ამისრულე ეს თხოვნა! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ ეხლა - მე ისე, როგორც შენ, ბოროტი ვარ, ძმაო მეციხოვნევ... პატივი ეც ბოროტ ტუსაღს, ბოროტო მცველო, აუსრულე თხოვნა!
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
ეხ, ჩემო ძმაო, ჩემო მცველო, გამოსავალი სისხლი უნდა გამოვიდეს, - რას იზამ! გაზაფხულდა, სისხლი ათამაშდა ძარღვებში, სისხლი ალაპარაკდა. სურვილებით სავსეა სიცოცხლე და ყველაფერი ამბობს - ბედნიერი ვიყო მინდაო. და როცა სისხლი დუღს, როცა ყველაფერი მღერის და თამაშობს, როცა სიცოცხლე დის და გადადის, როცა სიყვარული თავისას თხოულობს - სულერთი არ არის სიცრუით აღწევ საწადელს თუ არა? და განა, მეგობარო ჩემო, სიყვარული ოდესმე თქმულა ისე, რომ სიცრუე არ რეოდეს შიგ? უუწმინდესი სიყვარულიც სტყუის არა ნაკლებ ექვსჯერ დღეშიო, აღნიშნავს გენიოსი ბალზაკი... რას იზამ, ძმაო მცველო!
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
ღამე კი... ღამეა კაეშნიანი!..
მთვარე ამოვიდა და...
და, ხა! ხა! ხა! მე ლექსი გამოვთქვი...
კეკლუცი მთვარე ნაზი ღიმილით
სხივებს მიბნედილს აფენს დიად ზღვას...
ვხედავ, ხელებს შლის ტალღა - ვაჟკაცი,
რომ გულს ჩაეკრას მეორე ტალღას!
თვალგადაუწვდენ უძირო სივრცეს
შეჯიბრებია ოკეანე ცის...
ზვირთთა შრიალში, ვარსკვლავთ ცქრიალში
თითქოს მსოფლიოს სალამი მესმის.
შორს, შორს მიტაცებს ოცნების ფრთები,
ასე მგონია ახლოს ვარ ღმერთთან...
გული კი მაინც მარტოობას გრძნობს -
ჩემო სულისდგმავ, შენ არ ხარ ჩემთან!
გაგვჩხრიკეს და თითქოს სულში ჩამაფურთხეს. ფუ, რა საძაგლობაა! ვიღაცას უკმეხი სიტყვა ვუთხარი. და მხოლოდ სამი დღისა და ღამის შემდეგ დავბრუნდი კარცერიდან ჩემ საკანში.
- იცი? ზოგი ჭირი მარგებელია! - მითხრა იქ ამხანაგმა.
- რაზე ამბობ?
- არც ეს კარცერია იმდენად დასაწუნი. ბნელში მაინც ზიხარ. აგერ ორი წელია, რაც არ ვიცი ბნელში ძილი. და ხანდახან კი როგორ მოგინდება ხოლმე ბნელში ყოფნა... ჩრდილოეთში გიმოგზაურია? მაგალითად, პიტერში...
- ვყოფილვარ.
- მაშ თეთრი ღამეებიც, ალბათ, იცი. სატუსაღოში იგივე თეთრი ღამეებია, გაუთავებელი, მომაბეზრებელი, წყეული. დღე - დღე როდია, თეთრი ღამეა, ღამე - ღამე. ტალახიანი ჭრაქის ფერით მოდუნებული, უძილო - თეთრი ღამე. არც დღე არც ღამე სატუსაღოში არ არის, აქ თეთრი ღამეა... კარცერში კი... აქ ბნელა მაინც, და ამიტომ კარცერი არც იმდენად დასაწუნია. რას იტყვი შენ ამაზე?
- აბა რა უნდა ვთქვა? ისე, როგორც დოქტორი პანგლოსი - ყველაფერი უმჯობესდება ამ ქვეყანათა შორის საუკეთესო ქვეყანაში...
- აი, ეს მომწონს... პანგლოსი, ძმავ, ეს უკვდავი იმედია! თეთრი ღამე...
არა, ჩემთვის, გასართობად მხოლოდ როდი ვსწერ ამ სტრიქონებს. არც იმათთვის, ვინც მე მიყვარს - სრულიადაც არა. მე ხომ ბევრი მიყვარს, მე ხომ ველა ადამიანი მიყვარს!
ამ სტრიქონებს მე ვსწერ იმათთვის, ვისაც მე ვუყვარვარ... მოხვდებათ თუ არა ხელში იმათ ეს ფურცლები? ვუყვარვარ თუ არა ვისმე მე? ეს სტრიქონები პოემა როდია, მხატვრული ნაწარმოები როდია, ეს სტრიქონები უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა, რომელიც ვერ მოთავსებულა სატუსაღოს ოთხ კედლებში, რომელიც ვერ შესჩვევია ტყვეობას, რომელიც მთელი მისი არსებით ილტვის იმათკენ, ვისაც ის უყვარს... ეს სტრიქონები მხატვრული ნაწარმოები როდია, ეს ნაწერია აჩქარებული ხელით, ჩხრეკისა და სხვა ასეთების მოლოდინში, რომ უცებ შესაძლებელი იყოს მათი მოსპობა - იმიტომ რომ მე არ მსურს წაიკითხოს ეს იმან, ვისაც არ ვუყვარვარ... თან არ ვიცი კი ვის გავუგზავნო ეს რვეული, რვეული, ნაწერი თეთრ ღამეებში, მწვავე წუთებში, როცა განსაკუთრებით ვგრძნობდი ხოლმე ტყვეობასა და დამცირებას...
თეთრი ღამე! რამდენი წელია ვიმყოფები თეთრ ღამეში. და არა ჩვეულებრივი მზე, არა ჩვეულებრივი მთვარე მინათებს მე სიბნელეს, არამედ ერთი გაუთავებელი, უკიდო და უძრავი თეთრი ღამე. ჩემი მზე მკვდრის მზეა.
იცით თქვენ რას ჰქვია მკვდრის მზე? როცა მზე დინჯად და ლაღად ჩაწვება ხოლმე შავს ზღვაში, ააშფოთ-აადუღებს იმის ზვირთებს და ოქროსფრად შეღებილ ნაშხეფებს ზეცას შესტყორცნის, მაშინ მზის ალმაცერი სხივები ეცემიან აჭარა-გურიის მთების მწვერვალებს, ფერმკრთალი და მიბნედილი სხივები. ამ სხივებს ეძახიან გურიაში მკვდრის მზეს. აი, რა არის მკვდრის მზე!
თეთრი ღამე კი ამაზე უარესი რამეა!
თეთრი ღამე!
- ინებეთ!
- ეს მე? ვისგან არის?
- არ ვიცი.
- ვინ მოიტანა?
- არ შემიძლია ვიცოდე!
- ეს მე? ნეტავი რა უნდა იყოს?
- დიახ, თქვენ!.. რა არის კი, არ შემიძლია ვიცოდე - მე როდი ვათვალიერებ მაგეებს, სხვებმა გადმომცეს თქვენთვის.
- კარგი ძალიან. მოდი ერთად გავსინჯოთ, გამოვიკვლიოთ, ვნახოთ, ვინ როგორ მომიგონა.
- ბა! ეს ხომ კამფეტებია! და მთელი ორი კოლოფი. და ისე ეშმაკურად არის მოწყობილი, რომ გახსნით თუ არა, შენ ოქროს ასოებით გისურვებენ: “Bon appetit!” - გაამოსო, რაღა. და კოლოფებზეც ოქროს წარწერა: “ძმანი კრახმალნიკოვები, ოდესაში” მაშ!..
ხუმრობენ, ალბათ, ძმანი კრახმალნიკოვები, აბა. ჩემთვის კამფეტები იმათ რად უნდა გამოეგზავნათ? განა იმათი მტერი არ ვარ მე? იმათ მუშებს განა არ ვიწვევდი გაფიცულიყვნენ?.. აი, მუშა-ქალებმა თუ გამოგზავნეს...
- Bon appetit, - ამხანაგებო!
ამოვიღე მთელი მუჭა და გადავეცი მცველს:
- Bon appetit!
- გმადლობთ!
კიდევ ამოვიღე და მივეცი.
- ეს შენს ბალღებს - Bon appetit!
- დიდად გმადლობთ!
კარები მიიხურა.
ურა! ურა! ურა! დიდისაგან დიდია ჩვენი ქვეყანა და მრავლისაგან მრავალ ხალხს იტევს იგი. და ერთი მათგანი დღეს მოადგა ციხის კარებსა და დამიძახა:
- Bon appetit, მიხა!
- Bon appetit, ჩემო ძვირფასო!
- გესმის ჩემი ხმა, ამხანაგო?
- მესმის... მესმის!..
მაგრამ შენ ვინ ხარ, ძამია! და როგორ მოახერხე კამფეტების გადმოცემა?.. ვინ ხარ შენ, მეგობარო?
სულერთია, ვინც უნდა იყო, შენთვის ვსწერ მე ამ სტრიქონებს, მე ვიცი, რომ შენ გიყვარვარ...
Bon appetit! Bon appetit!
მძიმე და საშიშარი წუთები, წუთები სულმოკლეობისა და დაცემის!
სატუსაღო იმით არის მძიმე, სატუსაღო იმიტომ არის წყეული, რომ უმდაბლესი და დამამცირებელი გრძნობა და გულისთქმა იქ უწმინდესი და უსპეტაკესი გგონია, ხანდახან მაინც.
ახ, მტრებო, მტრებო! ჩემო ბოროტო, ჩემო უღირსო, ჩემო სულმდაბალო, წვრილმანო მტრებო!.. რა უბედურებაა, რომ თქვენ მძულდე! ბედმა იმის ღირსიც კი არ გაგვხადა, რომ ჩვენი მტრები ღირსნი იყვნენ ჩვენი სიძულვილისა!..
ამ დილას იყო ჩემს საკანში ჩემი მტერი, ჩვენი უფროსი. თავდახურული. ჯიბეში ცალხელ-ჩადებული, ის ისე შემოვიდა შიგ, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყო. ჯერ მაღლა ჭერს შეხედა, შემდეგ დაბლა, რამდენიმეჯერ ფეხით გასინჯა იატაკის სიმაგრე, შემდეგ კედლები აათვალიერ-ჩაათვალიერა და მივიდა სტოლთან, აიღო წიგნი და თითქოს ეშინია სუფთა თითები არ დამესვაროსო, ფრთხილად გადაშალა.
- ბუნების ფილოსოფია... ჰმ! ოსტვალდისა... - ჩაილაპარაკა მან, მიანება წიგნს თავი და გაბრუნდა. კარებში შეჩერდა, თითქოს რაღაც მოაგონდაო, შემოტრიალდა და შემომხედა.
- ჰმ... მე მგონია, რომ ამ საკანში ძალიან ბევრი სინათლეა... ფანჯარა არის დიდი... თქვენი გვარი? - მკითხა უცებ მან.
- ჩემს გვარს აი ეს გეტყვით!.. - მივუთითე ციხის უფროსზე,
- Вот как... როგორი ყოფაქცევის არის ეს ტუსაღი?.. ვითომ ჩემი პასუხი არც კი სწყენოდეს.
- მე უმორჩილესად გთხოვთ ჩემს ყოფაქცევაზე ილაპარაკოთ სადმე სხვაგან და არა აქ...
- მე თქვენ გეკითხებით, როგორი ყოფაქცევის არის-მეთქი ეს ტუსაღი?
- არაფერს არ ემორჩილება, თქვენო აღმატებულებავ, ყოველ დღე შფოთავს და იბრძვის.
- გესმის რას ამბობენ შენზე?
- დიდად კმაყოფილი ვარ... მესმის...
- კმაყოფილი ხარ? ვნახოთ, იქნები თუ არა კმაყოფილი!
- თქვენო აღმატებულებავ, მიბრძანდით ჩემი საკნიდან...
მისი აღმატებულება წავიდა, კარები მიიხურა და მე მარტო დავრჩი. ვნახოთ, რა იქნება!.. კარცერი? დეე! წიგნებს წამართმევენ? ჯანდაბას მაგათი თავი, წაიღონ!
ბოლთას ვსცემ, ვშფოთავ. და უცებ, პირველად ამდენი წლების განმავლობაში, თავში იბადება კითხვა: “რას იზამ, როგორ მოიქცევი, რომ “ისინი” შენს ხელში ჩამოვარდნენ? შენ ციხის უფროსი ხარ, მაგალითად, ისინი კი ტუსაღები, როგორ მოიქცევი?”
მინდოდა ამ კითხვის მოშორება თავიდან - აბა ეს როგორ შეიძლება? მაგრამ კითხვა ჯიუტობდა და არ მშორდებოდა, - არ იქნება ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ რომ მოხდეს, რას იზამ მაშინ? ნაბიჯი ამიჩქარდა, ხელი იკუმშებოდა და უცნობი, შურისძიებით გაჟღენთილი გულისწყრომა გულში ძლიერდებოდა, თან კი ჩემი თავი მუშაობდა კითხვაზე, თუ რას ვიზამ, “ისინი” რომ ხელში ჩამივარდნენ.
რას ვიზამ “ისინი” რომ ხელში ჩამივარდნენ? არაფერს. მხოლოდ ძალაში მოვიყვანდი, ერთი იოტის ოდენად არ შევამსუბუქებდი იმ კანონებსა და ცირკულიარებს, რომლებიც იმათ ტუსაღების საწამებლად და დასამცირებლად შეუმუშავებიათ. მეტს არაფერს არ ვიზამდი.
- გამარჯობა, ტუსაღო ივანოვო! - ვეტყვი, - შენ გინდოდა ჩემი ნახვა?
- დიახ, მინდოდა.
- ივანოვო, უფროსებს აგრე არ ელაპარაკებიან. ხელები ძირს დაუშვი, დადექი სწორად!.. ორი კვირით გართმევ უფლებას ინახულო ვინმე შენიანი... ეხლა მითხარი - რად მეძახოდი?
- ზედამხედველმა ლიტვინოვმა დედა შემაგინა.
- ეს შეუძლებელია, ივანოვო, ზედამხედველებს არა აქვთ ნება გინებისა, კანონი ასეთ უფლებას იმათ არ აძლევს.
- მაშ იმედია, დასჯით.
- რა. თქმა უნდა, დავსჯი, თუ ეს სიმართლეა, უნდა გამოვიკვლიოთ შენი საჩივარი, სად არის ლიტვინოვი, დაუძახეთ!
- მთელმა კორიდორმა გაიგონა, თუ როგორ შემომაგინა.
- რომელმა კორიდორმა? შენ ფიქრობ განა, რომ ტუსაღებს მოწმედ მივიღებ? ტუსაღი არ შეიძლება მოწმედ იყოს, ტუსაღი ხომ ყოველთვის ტუსაღის მხარს დაიჭერს. ამის შესახებ განა არ გახსოვს ცირკულიარი? რა იქნა ლიტვინოვი!
- რას მიბრძანებთ, თქვენო კეთილშობილებავ!
- ლიტვინოვ!.. შენ ხომ იცი... ჩამოუშვი ძირს ხელი, არ არის საჭირო... შენ ხომ იცი, რომ ტუსაღის გინება აკრძალულია.
- Так точно, ვიცი, თქვენო კეთ-ბავ!
- ძალიან კარგი, შენ ეს იცი... ტუსაღი ივანოვი კი სჩივის, ლიტვინოვმა დედა შემომაგინაო. მართალია ეს განა?
- Никак нет, თქვენო კეთ-ბავ! სტყუის ივანოვი, თქვენო კეთილშობილებავ!
- მეც ასე ვფიქრობდი... არც გრცხვენია ტყუილის ლაპარაკი, ივანოვო? შენი ხნის კაცი განა უნდა სტყუოდეს? ლიტვინოვ, წაიყვანე ივანოვი კარცერში სამი დღე-ღამით, სიცრუისათვის... ახ, შენ არ მოგწონს ჩემი საქციელი? შენ პროტესტს აცხადებ? ტყუილად, ჩემო კარგო, არაფერი გამოვა მანდედან. შენ განა არ გახსოვს? შენი ხელმოწერილი არ არის განა ის ცირკულიარი, რომლის ძალითაც ტუსაღი ყოველთვის უნდა გამტყუნდეს ზედამხედველის წინააღმდეგ?.. რომ ადმინისტრაციის პრესტიჟი არ დაეცესო - ხე! ხე! ხე!.. ივანოვო, მე მჯერა, რომ ლიტვინოვმა შემოგაგინა. მაგრამ ის უარყოფს - არაფერი ასეთი არ ჩამიდენიაო. და ადმინისტრაციის პრესტიჟი, შენ მიერ გამოცემული ცირკულიარის ძალით თხოულობს, რომ დავენდო იმის სიტყვებს და არა შენსას. და თუ ის სიმართლეს ამბობს, გამოდის - შენ სტყუი, შენ უნდა დაისაჯო... ხე! ხე! ხე! ამიტომ მიბრძანდი კარცერში...
ერთი მითხარით - შეიძლება ამაზე შორს წასვლა, მეტი გახრწნა? კაცი ოცნებობდე და ამ ოცნებაში ნატრობდე სატუსაღოს უფროსობას! მხოლოდ სატუსაღო და მისი თეთრი ღამეები გარყვნის ასე კაცს, მხოლოდ სატუსაღო!
ჩინეთში თურმე თეთრი ფერი სიმბოლოა სიკვდილისა, სიმბოლოა გლოვისა და ცრემლის ღვრის. მეც თეთრ ღამეში ვარ გახვეული, თეთრი ღამე არ მიშვებს თავის კლანჭებიდან... არ მიშვებს... ჩინეთში ხომ არ ვარ მე?
ჩემი ზღაპარი! ჩემი ზღაპარი! ქართულად თქმული ზღაპარი, სადაც რუსი ქალიშვილი მზეთუნახავობს, თინათინობს, ნესტანდარეჯნობს... ქართულად თქმული ზღაპარი, ქართულად იმიტომ რომ, იმიტომ რომ მე მსურს სიყვარულისა და ზღაპრის ენით ვილაპარაკო...
ჩემი ზღაპარი! ჩემი ზღაპარი!
რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა მომხდარიყო, როცა ასე ვგრძნობდი სიმძიმეს ჩემი ბედისას, აბა განა შეიძლებოდა სხვაფრივ?
როცა მე ტუსაღობის ვადას გავათავებ და თქვენ მკითხავთ - რა უფრო მძიმეა სატუსაღოშიო, გიპასუხებთ: ყველაზე უფრო მძიმე სატუსაღოსა და ტუსაღობაში არის გამოღვიძება-მეთქი. დიახ, ასე გიპასუხებთ მე და ეს ჩემი პასუხი იქნება გულწრფელი პასუხი. სატუსაღოში კაცი ისეთ მშვენიერ სიზმრებს ხედავს და უცებ გაეღვიძება - რა შეიძლება აბა უმწარესი იმაზე, რომ სიზმრის ქვეყნიდან ტუსაღის ქვეყანაში გადადიხარ ერთბაშად. ერთხელ ერთი ტუსაღის ლექსი წავიკითხე:
დავწვები - მიმეძინება, სიზმრებს ვხედავ არეულს,
წითელ-ყვითლით გამოწყობილ შინაურს და გარეულს...
ამ მარტივსა და პრიმიტიულ ფორმაში იმ ტუსაღმა სავსებით გამოთქვა ის დიდი და მძიმე სულიერი განცდა, რომელსაც ადამიანი გრძნობს ხოლმე სატუსაღოს სიზმარსა და ცხადში. დიახ, დიახ, ყველაზე უფრო მძიმე სატუსაღოში გამოღვიძებაა.
რა თქმა უნდა, მე ჩემი ზღაპარი უნდა მენახა აქაც ძილში, ეს არ შეიძლებოდა აგრე არ მომხდარიყო.
მაგრამ რად, რად მოდი ჩემთან, ჩემო ტკბილო ზღაპარო, ჩემო გაზაფხულის მზევ! აი, ამ წუთში რომ ჩემთან იყავ, ამ წუთას რომ იცინოდი და დამცინოდი, ეხლა სადღა ხარ შენ? განა იმიტომ მომეჩვენე, რომ მეტირა? რად აბჭყვრიალდი შუქურა ვარსკვლავივით ჩემს სიბნელეში? განა გსურს, რომ შემდეგ უფრო მეგრძნო სიბნელე ღამისა?.. შენ ისეთი კეთილი, შენ ისეთი კარგი, ისეთი საიმედო იყავი - ეხლა სად ხარ შენ, ელენა? ერთი ეს მითხარი, ჩემო ძვირფასო დაო, თავი რად მოიკალი?.. და თუ მოკვდი ასე ახლო, ასე განუყრელი რატომ ხარ ჩემთან, ჩემო ზღაპარო, ჩემო მანათობელო ვარსკვლავო!..
გიამბოთ თუ არა ჩემი ზღაპარი? გიამბოთ თუ არა ზღაპარი სიყვარულისა და ზღაპრის ენაზე, იმ ენაზე, რომელზედაც შოთა და აკაკი ჰგალობდნენ?..
ჩემი ზღაპარი შორეულ ჩრდილოეთში დაიწყო - ფინლიანდიასა თუ შვეციაში... რაღაც ჯადოსნურია იქაურ გაზაფხულში - დადიხარ, თითქოს ვიღაც დიდიხნის უნახავის და სანატრელი ვისმეს შეხვედრას ელოდე. დადიხარ და გგონია - აი იქ, იმ მოხვეულში, იმ ნაძვნარში შეხვდები იმას, ვისაც ეძებ, ვინც გიყვარს და ვისაც ელოდები, აი იქ, ცოტა წინ გასწი და... რაღაც ჯადოსნურია იქაურ გაზაფხულში - აი, აი საცა არის დაინახავ... დაინახავ ჯერ იმის ღიმილს, დიახ, ჯერ იმის ღიმილს და მერმე...მერმე...
და იქ გადავეყარე მე ჩემს ზღაპარს.
ამ ზღაპარს თავისი ბოლოც აქვს, თავისი დასასრული. მისი დასასრული ერთ-ერთ საკატორღო ციხეშია, სადაც ხუთი წლით გაგზავნეს ჩემი ზღაპარი. მე იმისგან წერილი მივიღე, გამოსათხოვარი წერილი, რომელშიაც ის მე და სხვებს უკანასკნელ სალამს, უკანასკნელ ამბორს გვიგზავნიდა. ის მწერდა სიკვდილის წინ, - თავის მოკვლა გადაეწყვიტა. და როცა მივიღე მისი წერილი, მე დავიწყე ყვირილი, მე დავეცი გულჩაღმა და ავქვითინდი. მე ვმოვთქვამდი და ვემუდარებოდი - ამას ნუ ჩაიდენ-მეთქი. შენ, ელენა, თვითონ არ იცი, თუ რა საჭირო ხარ ჩვენთვის, შენ თვითონ არ იცი რა ძალას და იმედს წარმოადგენ, შენ უნდა იცოცხლო, შენ უნდა იცოცხლო!.. და როცა მე ასე ვემუდარებოდი, მე ვიცოდი, რომ ამაო იყო ყოველივე, ვიცოდი, რომ ის უკვე გათავებული იყო - ელენას არ უყვარდა ზეზეური ლაპარაკი...
ზღაპარი დასრულდა, ჩემო მეგობრებო, მაგრამ მე იმას კვლავ თავიდან ვიწყებ. ეს ზღაპარი მშობლიურ, ქართულ ენაზე უნდა ვთქვა, მშობლიურ, ქართულ ენაზე უნდა ვისაუბრო რუსის ქალიშვილის შესახებ, ეს იმიტომ რომ მე მსურს სიყვარულისა და ზღაპრის ენაზე ვილაპარაკო. რუსის ქალიშვილმა არ იცოდა ქართული.
- მითხარი, - მეუბნებოდა ის, - ქართულ ენაზე ანბანი არსებობს? ქართულად ლექსი არსებობს? როგორ არის ქართულად “ბრძოლა?” მე კი ქართველის სახელის გაგონებაზე მხოლოდ ხანჯალი მომაგონდება და მეტი არაფერი... ჰო, მართლა, კიდევ თამარი... თამარ მეფე!.. უ-უფ! როგორ მოღუშა წარბები, როგორ გაჯავრდა!
და აი ამ ქართულ ენაზე მინდა მოვყვე მე ზღაპარი რუსს ქალიშვილის შესახებ, რომელმაც ქართული არ იცოდა.
მან როდი იცოდა, რომ ის ჩემი ზღაპარი იყო. როდი იცოდა, როცა იმას ტუსაღის ტანისამოსი ჩააცვეს და ბორკილები შეუყარეს ფეხებში, თუ ეს ჩემი ზღაპარი გამოაწყვეს ასე საქორწილოდ... მან როდი იცოდა, რომ ჩემი ზღაპარი ამით უფრო განსპეტაკდა, გამშვენიერდა და გაიწმინდა, რომ ის სიყვარულისა და სიცოცხლის ზღაპრად იქცა...
ერთ საღამოს მე მივიღე დაკუმშული ქაღალდი. ეს იყო რამდენიმე წლის წინათ. იმაში ეწერა: “ურა, მეც თქვენთან ვარ, ჩემო ძვირფასებო!” აჰ! ეს ხომ ელენაა! ეს ხომ ელენაა! დავიწყე კაკუნი კედელზე - ტუკ! ტუკ! ტუკ! ელენა მოიყვანეს! ელენა მოიყვანეს!
- როდის? სად არის?
- არ ვიცი როდის, აქ კია... მწერს. ელენა აქ არის. ელენა აქ არის. დილით გავიგეთ, რომ ელენა კარცერში ზის, იმიტომ რომ დილის “პროვერკის” დროს ფეხზე ადგომა არ ისურვა.
- თქვენ ვალდებული ხართ ადგეთ!
- მე არ ვფიქრობ, რომ ვალდებული ვიყო.
- ჩვენ იძულებული გავხდებით, დაგსაჯოთ...
- თუ ღმერთი გწამთ, ნუ მომკალით შიშით.
იძულებული გახდნენ კარცერში წაეყვანათ. განა შეიძლებოდა ასეთი თავხედობა? მეორე დღეს დააბრუნეს უკან და თვითონ ციხის უფროსის წინაშე გააჩერეს.
- თქვენ აქ სასტუმროში არ გეგონოს თავი, არ გირჩევთ ასეთ ოცნებას, აქ სატუსაღოა. თქვენ ტუსაღი ხართ. და ეს თქვენ უნდა გახსოვდეთ, ე. ი. მორჩილი უნდა იყვეთ. თქვენ ფეხზე უნდა წამოდგეთ არა თუ ზედამხედველის წინაშე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა ზედამხედველის ქუდს გამოვგზავნი მხოლოდ საკანში...
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..
- ხომ გაიგონეთ, რაც ვთქვი...
- მე მგონია, თქვენ დაათავეთ...
- ეს რა ტონია… აქ სამეძაო სახლი როდია, აქ სატუსაღოა.
- Ду-рак! - მოკლედ მოუჭრა სიტყვა ელენამ.
- წაიყვანეთ უკან... კარცერში...
ასე დაიწყო ბრძოლა, რომელიც დაბოლოს ელენას გამარჯვებით გათავდა. დაიღალა ადმინისტრაცია და თავი მიანებეს. და ამ ბრძოლაში ჩვენ ვთხოვდით - გულგრილი ყოფილიყო, ბევრი რამ არ შეემჩნია, ესე იგი ვთხოვდით - დაუთმეო.
- კარგია ერთი, - გვწერდა ის, - თქვენ ფიქრობთ, ასე მძიმეა კარცერი? მარტო ერთი ის რად ღირს, რომ ამ მხეცურ ფიზიონომიებს არ ვხედავ ყოველ წუთას!
დიახ, ისევ ის იყო ჩვენი ელენა, რაც წინეთ. წინეთაც ის ერთნაირი თავგამოდებით იბრძოდა დიდისა თუ მცირე უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ წინეთაც ვუშლიდით იმას ხელს - ასე აბა როგორ შეიძლება, ამხანაგო, ყოველი წვრილმანის გამოკიდება. ხანდახან ამას პირდაპირი ზარალი მოაქვს და სარგებლობა კი არაოდეს...
მაგრამ სწორედ ამ “ნაკლის” გამო მგონი უფრო გვიყვარდა ის ჩვენ... მაგრამ ყველაზე უფრო ღრმად ის მამა-მისს, ბებერ გენერალს უყვარდა... და როცა ელენას მიუსაჯეს კატორღა, რამდენიმე დღის შემდეგ ის მოვიდა ქალიშვილთან და ნელი, გაუბედავი ხმით უთხრა მას, რომ ეს სასჯელი მას შეუმცირდება, საჭიროა მხოლოდ ელენამ ხელი მოაწეროს რაღაც ქაღალდს.
- მამა, მამილო, ამას რას ამბობ?..
- ელენა... ელენუშკა... შენ... ის... დამდევი ხათრი ბებერს.
- ტყვილა სწუხხარ, მამა, გენაცვალე!.. მე კიდევ მესმის, სიკვდილი რომ მომელოდეს, ან გრძელი ვადით კატორღა... რაღაც ხუთი წელი... ხუთ წელს ვიძინებ, მამილო, არც კი გადავბრუნდები...
- ელენა... უღმერთო... შენ ხომ ჩემი ერთადერთი ხარ... რა ვქნა მე ამ სიბერეში?
- შენც ერთადერთი მყავხარ, მამა, ჩემო ძვირფასო! მაგრამ აბა ერთი მითხარი, შენ რომ თურქებს ტყვედ ჩავარდნოდი, სთხოვდი განა იმათ შებრალებას და პატიებას?.. რა თქმა უნდა, არ სთხოვდი. და მე განა შენი შვილი არ ვარ?.. აბა ერთი მაკოცე, მამილო!.. ნახვამდი, ჩემო ძვირფასო მამა!..
ბებერი გენერალი შებრუნდა, ნელი ნაბიჯით გავიდა კანცელარიიდან და მისი ვეება ტვირთით გულსა და ბებერ მხრებზე წავიდა სახლისკენ... ელენამ კი იმ დღეს ერთი კვირის კარცერი დაიმსახურა.
შემდეგ ცენტრალურ ციხეშიც ის ხშირად ახერხებდა - არ ეცქირა მხეცური ფიზიონომებისთვის, ხშირად იჯდა კარცერში. დროგამოშვებით ის ახერხებდა მოკლე წერილები მოეწვდინა ჩემთვის... ერთხელ მომწერა - რაღაც ახირებული სენი დამჩემდა და არ ვიცი რა არის, რა ნიადაგზეაო. შემდეგ კი გამოდგა, რომ ეს სენი იყო ვენერიული სენი. ვინ იცის, საწოლიდან გადაედო, საცვლებიდან თუ საჭმელიდან მას ეს უბედურება.
- აჰა! - იხუმრა ციხის უფროსმა, როცა ეს გაიგო, - დემოკრატიულ რესპუბლიკას თხოულობდნენ და დემოკრატიული სიფილისი მიიღეს - ხე! ხე! ხე! ეს კარგია!..
გამიგონე, ჩემო დაო, ჩემო მეგობარო! მე რაღაც მინდოდა მეთქვა შენს შესახებ, მე მსურდა მეფიქრა შენზე, ჩემო ზღაპარო! აი, ვიჯექი მე ეხლა და ვფიქრობდი იმის შესახებ, თუ როგორ მარტო ვარ მე, როგორ მიტოვებული... და შენ მოდი ამ დროს - მე ძლიერ გამიკვირდა ეს. და რაკი დაგინახე, გადავწყვიტე აღარ დამეფარა სიხარული, ჩემი შენდამი სიყვარული.
- ელენა! ელენა! ნუთუ ეს შენ ხარ?
- ეს როგორ მიცქერი აგრე ტრაღიკულად!
- ელენა! ნუთუ ეს შენ ხარ?
- მაშ ვინ უნდა ვიყო მე, თუ არ ელენა! რა თქმა უნდა, მე ელენა ვარ.
- შენ აკი მოკვდი... შე უღმერთო, შენა, აკი თავი მოიკალ, მიგვატოვე... შე ლაჩარო, შენ!
- სულელო! კიდევ არ იცი განა, რომ არავითარი სიკვდილი არ არის?.. აბა რა მიგავს მკვდარს, აბა შემომხედე!
- გამიგონე, დაო ჩემო, აი, ამ წუთს შენ აქ იყავი, ამ წუთას მესაუბრებოდი - სადღა წადი? რა იქენ, ელენა!.. ელენა! ელენა! ელენა!..
მე მინდოდა ზღაპარი, ერთი მშვენიერი ზღაპარი მეამბო თქვენთვის... თქვენ იცით თუ არა, რად ეუბნებიან ზღაპრებს ბავშვებს? იქნება თქვენ გჯერათ ის სულელური და სულელების შექმნილი აზრი, თითქოს გულუბრყვილო და გაუვარჯიშებელი ბავშვის გონება ზღაპარზე უფრო სერიოზულ რამეს ვერას გაიგებსო! იქნებ თქვენ ეს გჯერათ? მაგრამ განა შეიძლება ზღაპარზე უფრო სერიოზული რამ?.. ნუ გჯერათ, ძმებო, თუ ასე ამბობენ, - ზღაპარს ეუბნებიან ბავშვებს არა ამ მოსაზრებით, არამედ იმიტომ, რომ ბავშვი ერთადერთი სულდგმულია, რომელიც გვიყვარს ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულით. და ნაყოფი ადამიანის ოცნებათა და ნატვრათა, მისი ოქროს იმედები და მოლოდინი, ადამიანის სული და სინიდისი - ზღაპარი, ადამიანის შექმნილი - მიაქვთ ბავშვებთან, იმათ ეუბნებიან, იმათ, რომლებიც ნამდვილი, წრფელი სიყვარულით უყვართ. და როცა, ჩვენ, ძმებო, შეგვიყვარდება ერთმანეთი ისე, როგორც გვიყვარს ბავშვები, მაშინ ჩვენ ერთმანეთშიც ზღაპრებით ვილაპარაკებთ, მაშინ ჩვენთვისაც გაჩნდებიან ანდერსენები, ძმანი გრიმმები და სხვები... ამ წუთში კი მე მგონია, ამ წუთში მე მგონია, რომ ყველა თქვენგანი მიყვარს მე, მინდა გადაგისვათ შუბლზე ხელი, მოგეალერსოთ... და საუკეთესო ზღაპარი ჩემი მინდოდა მეთქვა თქვენთვის, ზღაპარი რუსის ქალიშვილზე, რომელიც ბრძოლის ველზე გამოვიდა. ახალგაზრდა, მშვენიერი, უმანკო და სპეტაკი, ის გამოვიდა საბრძოლველად სამშობლოს მტრების წინააღმდეგ. და იმის შესახებ კი მტრები ამბობდნენ: შეხედეთ, ეს გოგო, ეს ურცხვი ჯარისკაცებსა და მატროსებში დაეხეტება, რომ... რომ...
ამ ქალიშვილის შესახებ მე ვიცი უმშვენიერესი ზღაპარი. და იმისი თქმა მინდოდა თქვენთვის და დახეთ, ჩემი სურვილიდან არაფერი გამოვიდა... ეს იმიტომ ხომ არა, რომ მე ავტირდი? ან, იქნებ სიყვარული თქვენდამი მაკლია?.. ისე მშვენივრად რომ ვიცი მე ეს ზღაპარი, რად ვერ შევძელი მისი თქმა?
რად, ამხანაგებო!..
თეთრი ღამე! თეთრი ღამე!
ღამეა კაეშნიანი,
თვალი ვერ ხედავს ვერასა
ქარი ჰქრის. ქარი ღრიალებს,
ქარი დასტირის ბნელასა!..
იცით თუ არა, რად მძულს ასე ღრმად, რად ვებრძვი არსებულ წესრიგს, არსებულ საზოგადოებას?
არსებული საზოგადოება, მისი წესრიგი ჰბადებს და სწვრთნის ქურდს... ქურდი! ქურდი! რა საშინელი, რა დამამცირებელი სახელია ეს სახელი! ქურდი - ეს ადამიანის საზიზღარი ჩირქია, ეს სიკვდილის განაჩენია იმ საზოგადოების, რომელიც ქურდს ჰბადებს... და მე მძაგს ეს საზოგადოება, მე ვებრძვი მას და ბოლომდე ვებრძოლები - დიახ, ვიბრძოლებ ქურდების შემქმნელ საზოგადოებასთან, იმიტომ რომ მე ადამიანი მიყვარს.
ერთმა საწყალზე უსაწყლესმა ქურდმა კინაღამ ცრემლებით მატირა. ის შემოვიდა ჩემ საკანში. ის ყოველდღე შემოდის, რომ მილაგ-მოალაგოს საკანი, დაჰგავოს, გაასუფთაოს. ამ შრომისთვის ის ჩემგან ღებულობს თვიურად ჩაის, შაქარს, თუთუნსა და ცოტა ფულსაც. დღეს თუ გუშინ მან ისარგებლა მარჯვე დროთი და მომპარა კამფეტები.
ცოტა დარცხვენილი კი იყო ის, ცოტათი შეშინებული, როცა ამის შემდეგ ჩემთან შემოვიდა. მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ მე არაფერს ვეტყვი, გათამამდა, უფრო ერთგულად კი დაჰგავა ოთახი და ციხის რამდენიმე საიდუმლო გადმომცა.
ეხ, სულელი ვარ მე, უკაცრავად სიტყვაა და “პირი ხისკენ მიქნია”. გადავწყვიტე ხელი არ მეხლო კამფეტებისთვის, მოვფრთხილებოდი ძმათა კრახმალნიკოვების ნაწარმოებს, როგორც სახსოვარს. კამფეტები - ეს ჩემთვის საბუთი იყო იმისა, რომ გარეთ ცოცხალი ადამიანები არსებობენ, ცოცხალი ადამიანები, რომელთაც მე ვახსოვარ. ამიტომ ამ კამფეტების შეჭმა არ შეიძლებოდა. მე ხომ კულტურული ადამიანი ვარ, თუ უკაცრავად არ ვიყო. ეს იაკუტის მხარეში მოხდა, რომ ველურებმა შეჭამეს რამდენიმე ათას წელიწადს შენახული ნაშთი მამონტისა, დაცული ციმბირის ყინვის შემწეობით. მე ხომ იმ იაკუტელებს ვერ დავემსგავსები, მე, რომელსაც თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია!
მაგრამ... მაგრამ ის, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. მოვიდა ერთი საწყალზე უსაწყლესი ქურდი და ჩემი კამფეტები თითქოს არ ყოფილიყოს. ისე გაქრა, ვითარცა გაქრა ამხანაგი ვასოს ცოლი.
და დადის ამხანაგი ვასო კუთხიდან კუთხეში, დადის დილიდან საღამომდე და სწევს, სწევს თუთუნს, რამდენ თუთუნს სწევს ის! ისიც გაქურდეს, და გაქურდეს ის ამხანაგებმა - ცოლმა და მეგობარმა. ლაჩრულად, მდაბლად, ისე როგორც უნდა მოიქცეს ქურდი, მიეპარნენ ვასოსა და გაქურდეს იგი... და ამ ქურდობის შესახებ მე ყველას, ყველას ვუამბობ!
ვასომ მე გამომიგზავნა ადგილობრივი მუშათა გაზეთის ნომერი. იქ არის სტატია იმ ყმაწვილის, რომელმაც ვასო გაქურდა. ის სწერს, რომ აღდგომა მოახლოვდა, რომ ჩვენში ჩვეულებაა - ბატკნებს ჰკლავენ სააღდგომოდ და სასურველია პაწია ბავშვებს არ აცქერინონ ამ სურათზე, რათა იმათ გული არ გაუქვავდეს, სისხლს არ შეეჩვიონო. აი, რა ლბილი, რა კეთილი კაცია ჩვენი კ., რომელმაც ვასოს ცოლთან ერთად ვასო გაქურდა.
ვასოს ცოლი ერთხელ მოვიდა ქმართან და უთხრა:
- ვასო, მე ვიპოვე ოთახი აფიცრის ქუჩაზე, მე ის მოვრთე რამდენადაც შემეძლო. იქ თბილა, მაგრამ შენ იქ არ ხარ და ამიტომ მგონია სასაფლაოზე ვარ, მგონია სიცივით ვკვდები... არ გეცოდები, ვასო? როდის მოხვალ, შე უღმერთო, სახლში?
და ისეთი ალერსით, ისეთი სინაზით შეხედა ქმარს თვალებში. და აცახცახდა ვასოს მკერდში გული და შერცხვა იმას თავისი ფიქრების...
შერცხვა იმ უსახელო წერილის მიერ გამოწვეული ფიქრების, რომლებიც ხანდახან მას ებადებოდნენ თავში. და უთხრა ვასომ თავის თავს: “შეგრცხვეს, შე მხეცო, განა შეიძლება ასე სტყუოდეს ადამიანი! არ შეგრცხვება ეხლა?”
ვასომ ვერ შესძლო, თვალები ცრემლებით აევსო.
- ვასო, რა მოგდის... შემომხედე... ეს რა არის?
- არა... არაფერი... ეს მხეცები... ეს იმათი ბრალია... ლიზა, მე ისეთი საძაგელი წერილი მივიღე.
- წერილი? ვისგან? რა წერილი?
- უსახელო... მე ის დავხიე... მე...
- ნუთუ ჩემ შესახებ?
- შენ შესახებ, ლიზა...
- მე ვიცი, ვინ იზამდა ამას.
- ვინ?
- ჯაშუშები, სხვა არავინ. .
- ჯაშუშებს რა უნდათ?
- იცი, აი რაშია საქმე. აქამდე არ მინდოდა შენთვის მეთქვა. დიდიხანია ვიღაც მდევდა, ფანჯარაშიც კი იცქირებოდა ხოლმე, მოსვენებას არ მაძლევდა, ამას წინეთ ვეღარ მოვითმინე. მივუბრუნდი და ვუთხარი:
- რას დაეთრევი ჩემს უკან, ვიღაცა ხარ, დღითა და ღამით? ვინ ხარ? თუ გიბრძანეს, თვალი მადევნო, ისე მადევნე თვალი, მე ვერ შევამჩნიო, თორემ წავალ ჟანდარმებთან და ვეტყვი, როგორ იქცევი...
ამის შემდეგ ის აღარ დამინახავს, მაგრამ მგონია, რომ ის შურს ძიობს. რამე სისაძაგლეს იწერება, ალბათ, ხომ?
- მაგათი სულიც არ იყოს, არ ღირს ამაზე ლაპარაკი!
გამოდგა, რომ სტყუოდა ლიზა. სრულიათაც არ გრძნობდა თურმე მარტოობას და სევდას ახალ ბინაზე... გამოდგა, რომ სტყუოდა ის, ატყუებდა ქმარს.
ქურდი! ქურდი!
უსახელო წერილებს რიგიანი კაცები თურმე არ კითხულობენ და თუ წაიკითხეს - შინაარსს მაინც ყურადღებას არ აქცევენ. ასე იქცევიან რიგიანი კაცები ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო არაჩვეულებრივ პირობებში როგორ იქცევიან, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ ვასომ მიიღო უსახელო წერილი სატუსაღოში. ამ წერილზე მსხვილი ასოებით აღნიშნული იყო ის ფაქტი, რომ წერილი წაკითხული ჰქონდა პროკურორს, ამ წარწერას ის ბეჭდის დასმით ამტკიცებდა. ციხის ადმინისტრაციის ბეჭედი კიდევ ცხადჰყოფდა იმ ფაქტს, რომ წერილი ციხის ადმინისტრაციასაც წაკითხული ჰქონდა და ამას გარდა თვითონ შინაარსი წერილისა იყო ისეთი, რომ იმას დიდი სიამოვნებით იკითხავდნენ გზაში და დიდი სიამოვნებით გადასცემდნენ ვასოს.
ამ წერილში ვიღაც ოხუნჯი შენატროდა სოციალ-დემოკრატებს და სხვა ასეთ პირებს, რომელთაც “მომავლის კლიტე უჭირავთ ხელში”. სოციალ-დემოკრატები ბედნიერი ხალხიაო, თუმცა იბრძვიან. მაგრამ გული საგულეს აქვთ, აბა სატუსაღო იმათ როგორ შეაშინებს. როცა ამხანაგები რჩებათ კარში, თანამოაზრენი და ხელის შემწყობნი, რომლებიც შიმშილით არ მოჰკლავენ არც იმათ, არც იმათ ცოლ-შვილს. იმათი ცოლები უქმრობას ვერც კი იგრძნობენ და რომ ღამღამობით არ შეეშინოთ იმათ მარტო დარჩენა, ღამესაც კი ათევენ იმათ ოთახში, როგორც, მაგალითად, ამას სჩადის ვასოს ძვირფასი მეგობარი კ., მეტ სახელად “მფრთხალი კურდღელი”... ლაჩარიაო, ამბობდნენ იმის შესახებ ზოგიერთები, მაგრამ ეს ფაქტი ნათლად ამტკიცებს, რომ ეს არ არის სიმართლე, რომ ბნელ ოთახში, უმწეო ქალთან შეუძლია ღამე გაათიოს და არ შეეშინოსო...
რიგიანი კაცები არ კითხულობენ თურმე უსახელო წერილებს. ვასომ კი წაიკითხა. შემდეგ ეს წერილი დახია. სცადა, არ ეფიქრა ამაზე, მაგრამ ხანდახან ფიქრი მაინც სძლევდა. დაბოლოს გამოდგა, რომ ცოლი ატყუებდა მას...
ცოლი ატყუებდა! არაფერი ახალი არ არის, რა თქმა უნდა, ამ ფაქტში. აბა რამდენი ქალი ატყუებს კაცს და რამდენი კაცი ქალს - განა ამაზე ღირს შეჩერება!
ნუ შეჩერდებით! მე ვთქვი და თქვენ ნუ შეჩერდებით თუ გინდათ ამ ფაქტზე - განა მარტო ვასოს დამართია ეს?
სული წმინდის მოფენა! სამების დღესასწაული!
და კეთილზე უკეთილესმა სატუსაღოს ადმინისტრაციამ ღირსეულად აღნიშნა ეს მხიარული, უთვალავი ღიმილით მოღიმარი ბრწყინვალე გაზაფხულის დღესასწაული... ღამით სამი კაცი, სამი დამნაშავე დაახრჩვეს, დღეს კი მთელი სატუსაღო, - კანცელარია, ჩვენი საკნის ფანჯრები, ჭიშკრები, ყველაფერი მწვანით არის მორთული. თვითონ “უფალი უფროსი ზედამხედველი”, რომელსაც ვიღაცამ მეტსახელად “გიტარა” დაარქვა, უფროსი ზედამხედველიც ამწვანებული ძეწნის ტოტით ხელში დადის, ისიც კაშკაშა მზის სხივებს შეჰხარის და გაზაფხულის დადგომას დღესასწაულობს!
მე კი, სხვათა შორის, ამ ზედამხედველის დანახვითაც ვსტკბები - მაშ! განა ისიც ღვთის გაჩენილი არ არის? განა ისიც იმ მზის ქვეშ არ დაიბადა, რომლის სხივებმა მეც გამათბეს? ერთი დედამიწის შვილები არ ვართ განა ჩვენ? რად უნდა მძულდეს აბა ის, რად არ უნდა მიყვარდეს? დღეს სატუსაღოშიაც სული წმინდის მოფენაა, სამების დღესასწაული!
ღამით კი ჰყვიროდა და ღელავდა სატუსაღო: როგორც გიჟები, ვსცემდით ჩვენ კარებზე წიხლებს, სკამებს, დავამტვრიეთ ფანჯრის მინები და ჩვენზე იერიშით მოვიდნენ... ეხლა კი, ეხლა ისეთი ბრწყინვალე დღეა, ეხლა ისეთი ნათელი, ისეთი მხიარული სახე აქვს არემარეს, ეხლა არც კი მჯერა, რომ ღამით აქ სამი კაცი გამოგუდეს... დიახ, არც კი მჯერა... რა ვუყო, რა ჩემი ბრალია, თუ ეხლა მე ვერ ვგრძნობ გუშინდელ დანაკარგს, თუ ვერ ვგრძნობ, რომ გუშინ ღამით სამშობლომ დაჰკარგა სამი ერთგული შვილი, სამი მისი მებრძოლი, მისი აშიყი? ერთ იმათგანს პაწია შვილი დარჩა. ის ბაჯბაჯით მოვა სატუსაღოს ჭიშკართან და დაიწყებს ყვირილს: “მა-მა-ა! მა-მიი-ლო!” და მისი “მამილო” კი ვეღარ გაიგონებს იმის წკრიალა ხმას ვერაოდეს, მისი გული ვეღარ აჩქარდება ამ პაწია შვილის ძახილზე, მისი თვალები ვეღარ გაბრწყინდებიან იმიტომ, რომ ის წუხელის დაახრჩვეს და ეხლა ის მიწაში გდია... ვერაოდეს ვერაფერს ვეღარ გაიგონებს ის, იმიტომ რომ წუხელის ის სიკვდილით დასაჯეს!.. და ეს მე მაგონდება, როგორც სიზმარი, როგორც შორეული რამ ამბავი.
სული წმინდის მოფენა! სამების დღესასწაული!
და რა განცვიფრებით მაგონდება ეხლა მე, რომ წუხელის სიცოცხლეზე უარს ვამბობდი, მგონია კი, რომ ეს იყო გუშინ კი არა, არამედ დიდი, დიდიხნის წინეთ და თან კი ყველაფერი ისე ნათლად, ისე აშკარად მახსოვს. მე არ მინდოდა სიცოცხლე, ჩემს თვალში იმან დაჰკარგა ყოველივე ფასი და მე ვიცოდი მხოლოდ ერთი, მხოლოდ ის, რომ ყველა სულდგმული, ყველა არსება დაბოლოს სიკვდილის მსხვერპლი გახდება... არა, არც ასე. მე რომ მოვკვდები, რომ ყველანი მომაკვდავნი ვართ, ეს მე ყოველთვის ვიცოდი და ეხლაც ვიცი. მაგრამ წუხელის რაღაც განსაკუთრებით ვგრძნობდი ამას, წუხელის ყოველივე სხვაზე ბატონობდა ის შეგნება, რომ სიკვდილის წინაშე ყოველივემ ქედი უნდა მოიხაროს... და ამიტომ... დიახ, ამიტომ მე მსურდა მოვმკვდარიყავი, მსურდა რომ სიკვდილი ჩქარა მოსულიყო, რომ ვისმეს მოვეკალი, მეც დავეხრჩვე იმ სამ ამხანაგთან ერთად. ერთხელ მიამბო ამხანაგმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, თუ ხანდახან როგორ დაჟინებით სურდა იმას ჩქარა დაესაჯათ ის, ჩქარა მოეკლათ. მაშინ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, ეხლა მესმის.
აი, როგორ იყო გუშინ საქმე.
და ცოტათი ადრე კი, სანამ ამ წუთებს განვიცდიდი, საშინელმა შიშმა შემიპყრო, შემეშინა სიკვდილის და დასაკლავი საქონელივით ვკანკალებდი იმ ფიქრზე, რომ უცებ გაიღება კარები, შემოვლენ ჩემთან და მომკლავენ. და ეს ველური, პირუტყვული შიში სიკვდილისა, შემდეგ იქცა სიკვდილის სურვილად... ახირებული რამ იყო ეს ღამე...
ათასნაირი ღიმილით იღიმება დღევანდელი დღე - სამების დღესასწაული! მწვანე ტოტებით მოცულ რკინის უჯრებში მიგზავნის ის თავის ოქროსფერ ალერსს, თავის ცხოველმყოფელ სხივებს. და დადიან ეს სხივები ჩემ საკანში, დადიან, იღიმებიან და გვაიძულებენ ჩვენც გავიღიმოთ... გმადლობ, გმადლობ შენ, შემოქმედო, რომ ცოცხალი შემინახე, რომ საშუალება მომეცი ვიხილო ყოველივე ეს! გმადლობ შენ, შემოქმედო ჩემო, გმადლობ შენ!.. აი რომ ეხლა ქუჩაში გამიყვანა! თუ გინდ ერთი საათით, თუ გინდ ერთი წამით!.. ქუჩაში... დავდგები ქუჩის კუთხეში და ხელებს აუცილებლად ჯიბეებში ჩავიწყობ... და დავუწყებ ადამიანებს თვალებში ცქერას. გავუღიმებ იმათ და როცა ლამაზი სახე ჩამივლის გვერდში, დავიწყებ ფურჩულს: “ათასი მადლობა შენ, რომ მე, ასეთ მახინჯსა და საწყალს, საშუალება მომეცი შენი სახე დამენახა, ათასი მადლობა შენ! რამდენი წელია, რომ მხოლოდ ჩემი მცველების ფრთხილსა და უნდო სახეს ვხედავ, მხოლოდ იმათ შევცქერი... ათასი მადლობა შენ, რომ ეს მშვენიერი სახე დამანახე! ქუჩაში, ეხ! ქუჩაში ნეტავი ერთი მე, თუ გინდ ერთი საათით, თუ გინდ ერთი წამით!..
გუშინ კი სიკვდილის მეტი არაფერი არ მინდოდა, ღმერთმანი, თითქოს ცეცხლი მეკიდა, მე ვწრიალებდი, ვყვიროდი, ვშფოთავდი, ვთხოულობდი, რომ დამსაჯონ, მომკლან და ეს იყო ჩემი გულწრფელი სურვილი, ჩემი თხოვნა.
და მხოლოდ მაშინ, მხოლოდ მაშინ, როცა მე ძალ-ღონე გამოლეული, მიბნედილი დავეცი ძირს, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მე, თუ რა იყო სიკვდილი, გავიგე, რომ სიკვდილთან ერთად ვიკარგებოდი მე... “ცოცხალთა უწყიან, რომ მოკვდებიან, მკვდართა კი არა იციან რა”... და გამოდგა, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მე თითქოს ისე მენატრებოდა სიკვდილი, ჩემს შეგნებაში იდგა ერთი აჩრდილი, ერთი მოგონება, რომელიც ებრძოდა სიკვდილს, რომელიც არ ანებებდა ჩემს თავს დაცემულიყო და გულზე ხელი დაეკრიფა...
ვიღაც მებრძოდა...
“ხმა მომესმა ძილსა შინა
საუცხოო, ღვთიური რამ:
“ვერ გიმეტებ სასიკვდილოდ,
ჯერ ადრეა, ვერ გაგწირამ!”
სამების დღე - სული წმინდის დღესასწაული! კეთილმა ადმინისტრაციამ მწვანით შეამკო ჩვენი სატუსაღო, იმანაც იდღესასწაულა დიდი დღესასწაული... რა ვუყოთ, რომ ღამით სამი ამხანაგი დაახრჩვეს - ეს ხომ ღამით იყო! რა ვუყოთ, რომ კარცერები სავსეა ხალხით, რომ მთელი სატუსაღოც კარცერის მდგომარეობაზეა გადაყვანილი - სატუსაღოს შენობა მაინც მწვანით არის მორთული, სატუსაღოში მაინც დღესასწაულია, სული წმინდის დღესასწაული, და სიცოცხლის წყურვილი სწყურია ჩემ სულს, სიცოცხლით სავსეა ჩემი გული, ვიცი - სიხარული გამოკრთის ჩემ თვალთაგან, ჩემო ძვირფასებო, ვის გადაგეხვიო, ვინ გადამკოცნის! ჩემო საყვარელნო! გუშინ ხომ მე, სულელს, სიკვდილი მწყუროდა, გუშინ მე შეურაცხყოფას ვაყენებდი სულს წმინდას... ეხლა კი მგონია, რომ, ეს დიდიხანია, დიდიხანია, რაც მოხდა, თუმცა კი ისე გარკვევით მახსოვს ყველაფერი, ისე ნათლად. ახ, კარგი სიზმრები ასე რად არ რჩებიან მეხსიერებაში! გუშინ მე სიკვდილი მინდოდა, მაგრამ მომაგონდა ერთი სიზმარი და ეხლა... ეხლა არ მჯერა - განა ცოცხალს ოდესმე მოსწყურდება სიკვდილი და არყოფნა?
დილა მშვიდობის, მანუშაკ! იცი, გუშინ სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ მოდი თუ არა შენ, დამესიზმრე თუ არა შენ, წამსვე სიცოცხლე აფრთხიალდა ჩემს გულში, ფრთა ფრთას შემოჰკრა და ისეთი, ისეთი ღიმილით ჩამხედა თვალებში... და ამიტომ სალამი შენ, მანუშაკ!
დილა მშვიდობის!
საყვარელნო, თქვენ ვერ იცნობთ მანუშაკს? თქვენ იგი არაოდეს არ გინახავთ? სატუსაღოში არავინ მჯდარხართ? სამება ღამით სამი თქვენი ამხანაგი თქვენს თვალწინ არ ჩამოუხრჩვიათ? ამის გამო თავზარი არ დაგცემიათ? დროებითი სიგიჟე არ გამოგიცდიათ და საავათმყოფოში არ გადაუყვანიხართ ამის გამო? უარ არ გიყვიათ ცხოვრება, მისი სიხარული? და მერმე... მერმე არ მოგგონებიათ ერთი უცხო ქალიშვილი, მშვენიერი ასული?
...ახ, საყვარელნო, რა მშვენიერება რამ არის ნიჭი მოგონებისა! აი, თუ გინდ ამ წუთას, მაგონდება მე ერთი საღამო ტფილისში. იმ საღამოს ჩვენ ქალაქ-გარეთ სასეირნოდ გავედით, რომ ამ დროს კოკისპირულმა წვიმამ მოგვისწრო. ვქენით პირი ქალაქისკენ, მაგრამ რა გამოვიდა, შორს წავსულიყავით, ვსველდებოდით, - ნინა კი ისე მსუბუქად იყო ჩაცმული. გავიძრე პიდჟაკი, მივირბინე იმასთან და ისე უსიტყვოდ მოვახურე მხრებზე მას, მე კი რაც შემეძლო გავიქეცი წინ... მომესმა მუქარა, პიდჟაკს გადავაგდებ, თუ არ წაგიღიაო. მე, რა თქმა უნდა, მუქარას არ შევუშინდი, მან თავისი აასრულა და ჩემი პიდჟაკი ვიღაცა მესამემ შემოიტანა ქალაქში. წვიმა და ელვა-ჭექა ძლიერდებოდა და როცა, დაბოლოს, ჩვენ შევედით ქალაქში, ჩვენზე საწყალი და სასაცილო არავინ ყოფილა. და როცა ღამით, საცვლებ-გამოცვლილი და ტანგაბანილი გავეხვიე საბანში და იმ საღამოს სეირნობა მომაგონდა, ისე გავთბი, ისეთი სინაზე იგრძნო სულმა. მე წამოვდექი, მივადექი ფანჯარას, დიდხანს ვიცქირებოდი ბნელ სივრცეში და მომინდა მეთქვა რამ, მეთქვა ისეთი სიტყვა, რომელსაც შესძლებოდა მთელი ჩემი სინაზის, მთელი ჩემი სულიერი სითბოსა და სიხარულის გადმოცემა... და მეც წამოვიძახე: “ნინა! ნინა! და წამოვიძახე ეს თუ არა, საჩქაროდ მივუბრუნდი საწოლს, კვლავ გავეხვიე მსუბუქ, საზაფხულო საბანში და ტკბილად, ტკბილად დავიძინე... გარედან ისმოდა წვიმის ერთგული სისინი და შორს, სადღაც მეხი გრიალებდა... დიახ, რა თქმა უნდა, უბრალო შემთხვევაა, სულ უბრალო, გეთანხმებით, მაგრამ იცით? როცა ეს ამბავი მოგონებაში იღვიძებს, მაშინ ახირებული რამ ხდება, ხდება ის, რომ ეს წვიმა, ეს ტალახი, ეს ბნელი ღამე, ყველაფერი ეს ჯადოსნურად ნათდება კაშკაშა მზის სხივებით, თითქოს მზის სხივებს ქვეშ მომხდარიყოს ყველაფერი ეს, თითქოს იმ ბნელ ღამესაც ჩვენი ქვეყნის მხურვალე მზე ანათებდა და ათბობდა...
...მგონი ჰეინეს უთქვამს: “სიმღერა მშვენიერი იმიტომ არის, რომ ის ისეთი მოკლეაო”. მოკლესა და ამიტომ მშვენიერ სტრიქონს ჩემი ცხოვრებისას ვიგონებ ამ წუთას მე და არ შემიძლია დავაღწიო თავი ამ მოგონებას. საყვარელნო, თქვენ ვერ იცნობთ მანუშაკს?
ის იყო შავთვალ-წარბა და შავგვრემანი. ახალგაზრდა იყო ის, სიცოცხლით სავსე. მაგრამ იმ დროს მეც ახალგაზრდა ვიყავი, სიცოცხლით მეც სავსე ვიყავ და არც იმდენად მახინჯი ვყოფილვარ... ამას გარდა იმას ჰქონდა ტიპიური ცხვირი სომხისა, მე კი ჩვეულებრივი, როგორიც ყველა რიგიან ადამიანებს. ის სომხის ქალი იყო, მე ქართველი გახლდით. და როდესაც იმან შემომიტია, როცა იერიშით ჩემზე წამოვიდა, მე ასე ვთქვი: “ქართველი ვიქნები განა მე, თუ ბრძოლის ველიდან გავიქეცი? ჩვენი მამაპაპა გარბოდა განა ბრძოლის ველიდან? განა სიცრუეს არ სწერს ლერმონტოვი, როცა ამბობს: “გაიქცნენ ლაჩარი ქართველებიო? არა და არა, ბრძოლის ველიდან არ გავიქცევი, მით უმეტეს - თავს დამცემი სომხის ქალია!” ასე ვთქვი მე ეს და გავიდგი ფეხი. ტყვილა ხომ არ მიკითხავს იმდენი შოვინისტურ-ბაქიაური ლექსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გმირთა-გმირი ჩვენ ვართ მხოლოდ, ქართველები და დანარჩენი ხალხი კი, მათ რიცხვში სომხებიც, ლაჩრები და ნაცარქექიებია. ჩვენზე, ქართველებზე, მოდიოდნენ უთვალავი მტრები, თითო კაცზე ათი თუ ოცი, მაგრამ მადლობა ღმერთს, სული გვიდგია. მაშ ვიღაც სომხის ქალს გავექცევი განა? და რომ ის მოდიოდა ჩემზე, ეს იქიდან ჩანდა, რომ როცა გვერდში ჩამივლიდა, თითქოს არც ვყოფილიყო ამ ქვეყნად, ისე გაივლიდა და წავიდოდა... განა ეს ომის გამოცხადება არ იყო? ვინ გდიხარ, შენ ვერც კი გამჩნევ, ქალი ვარ და სული მიდგიაო!
ძალიან კარგი, აგრე იყოს!
და როცა ერთ საღამოს ჩვენს საერთო ბაღში შემოვიდა. ვერც მე შევამჩნიე ის, ავდექი და ოთახისკენ წავედი... ავიღე ხელში გიტარა და ნელი ხმით დავამღერე... ძალიან მედარდება, თუ ფანჯრის გადაღმა ვიღაც ქალიშვილი სეირნობს, თითქოს არ მენახოს მასეთები... ისეირნე, გენაცვა, აი დარდი!
მაგრამ არც იმას აინტერესებდა ჩემი გიტარა და სიმღერა. და თუ ის ისე ახლო მოვიდა ჩემს ფანჯარასთან, ეს იმიტომ, რომ იქ მშვენიერი ყვავილები აღმოაჩინა - მამალა ყვავილები! მაშ! ია კი არ ყოფილა, არც ვარდი, რომ ყურადღება მიექცია - მამალა! მომჯადოებელი ყვავილები - მაშ!
მაგრამ ჩემს გულს ეს რაღა მოუვიდა! მან ერთი წუთით რაღაცას სულგანაბულმა დაუგდო ყური და შემდეგ შეხტა, ათამაშდა, დაიწყო რეკა, თითქოს აღდგომის ზარები ყოფილიყოს ჩემს მკერდში დაკიდული...
- ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!
- დიახ! დიახ! დიახ!
- ქრისტე აღდგა მკვდრეთით...
- დიახ! დიახ! დიახ!..
...ჩემი სიმღერა მას როდი აინტერესებდა. მაგრამ მე მაინც მომაგონდა ცნობილი სიმღერა სომხებისა - წიწერნაკი. ნელა, ნელა დავუსვი სიმებს...
- ახ, მერცხალო, მერცხალო!
გამეგზავნე ჩემო ჟღურტულა მეგობარო, გამეგზავნე მოციქულად! დედასთან როდი გაგზავნი, მამასთან როდი გაბარებ სიტყვას, შორეულ სამშობლოში კი არა, რომ გარდახვეწილის ამბავი იქ მიიტანო, მიმეგზავნე, ჟღურტულა ფრთოსანო, უცნობ ქალიშვილთან, იმასთან, რომელიც ჩემი ფანჯრის ქვეშ იდგა ამ წუთას და შეიძლება ეხლაც დგას ყვავილებით მოხიბლული.
- მერცხალო! მერცხალო! ცელქო კუდრაჭა, მიფრინდი იმასთან... წაიღე თან ეს ჯადო-მაისი მისი ყვავილებით, ჩემი ასაკობა, ეს საღამო, წაიღე და ჩემს შესახებ უამბე იმას, უცნობ ქალიშვილს, რომელიც იერიშით მოვიდა ჩემზე.
“ახ, მერცხალო, მერცხალო! გაზაფხულის ფრინველო!”
გიტარა კუთხეში მივაგდე, ჯოხს ხელი ვტაცე და ქუჩაში გამოვირბინე! გავუარე ახლოს, მაგრამ ისე, რომ თითქოს არც კი შემიმჩნევია, განა ცოტა ქალიშვილებს ვიცნობ, რომ ახალი ნაცნობობა ვეძებო? გმადლობთ, ჩემო ქალბატონო, თუ არ გსურს შემამჩნიო, არც მე მსურს!
თვალი თვალისა წილ! ეს ნიშნავს - როცა ქალი შენი სულის სიმშვიდეს არღვევს, ეცადე სამაგიერო გადაუხადო, შენც დაარღვიე მისი სულის სიმშვიდე და თუ შენ ქართველი ხარ და ის კი სომეხი, მით უმეტეს. დეე სოციალ-დემოკრატებმა შოვინისტის სახელით მოგნათლონ, შენ ასე უპასუხე: თვალი თვალისა წილ, ამხანაგებო-თქვა! გაგაწვალებს ქალი, გააწვალე შენც, - აი კანონი შეურყეველი და სავალდებულო! თვალი თვალისა წილ!
ერთხელ იმას გოლოვინის პროსპექტზე გადავეყარე. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და იმის თვალებში თითქოს ეწერა: “ეჰ, რა ლაჩარი ხარ! აბა თუ გამელაპარაკო, თუ გაბედო”! ის გაწითლდა უცებ, თითქოს იგრძნო, რომ მე წავიკითხე მისი ნაფიქრალი.
ის გაწითლდა! განა ეს არ კმაროდა! განა შემეძლო ამის შემდეგ ქუჩაზე დავრჩენილიყავ? ბაღისაკენ გავწიე. მაგრამ ბაღი ხალხით იყო სავსე, იქ სული შემეხუთა, - მტკვარს მივაშურე, მაგრამ როცა მტკვრის აბდა-უბდა საუბარი მომესმა, ვეღარც იქ შევიძელი დარჩენა და ოთახისკენ გავწიე.
მაგრამ ოთახში აბა რა გამაძლებინებდა! ის ხომ ჩვენს ეზოში არ იყო, ვიცოდი. ცხადია, აქ ვერაფერი გამაჩერებდა... ის გაწითლდა, გაიგონეთ, ის გაწითლდა. ამ სიწითლემ მე რაღაც თავბრუდამხვევი მითხრა, ამან მე დამათრო... რა მექნა? დავუწყე დიასახლისს ზღაპრების ლაპარაკი. მან გაკვირვებით შემომხედა - ქა, ეს რა ამბავია, სხვა დროს როდის ყოფილა ეს ასეთი!
- რა დაგემართათ?
- როგორ?
- ასეთი მხიარული რად ხართ?
- არ გაგიგიათ? მართლა? მე აკი ორასი ათასი მანეთი მოვიგე, ღმერთმანი. მართლა ვხუმრობ - მე შეყვარებული ვარ.
- ვინ შეგიყვარდათ?
- ყველა ქალზე ულამაზესი ქალი ამ ქვეყნად.
- მომილოცნია, მაგრამ ვინ არის ასეთი?
- ღმერთმანი, არ ვიცი, ვინ არის. პროსპექტზე დავინახე, ეტლით მიდიოდა, ჩემთვის არც კი შემოუხედნია.
დიასახლისი ხარხარებს, სიცილი მას შვენის, ლამაზად იცინის ჩემი დიასახლისი. ის ქვრივია ოხერი და თან ახალგაზრდა, ლამაზი, ჯანსაღი. და ამიტომ მე ფრთხილად ვიყავი - ქვრივი ქალები ოსტატნი არიან, ამიტომ საშიშნიც... ეხლაც მაგონდება ეს საფრთხე და ხუმრობას თავს ვანებებ. ვბრუნდები ოთახში.
აჰა! ეს ახალი წიგნაკი ახალ გამომცხვარი პოეტისა. აბა, ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ, ჩემო მგოსანო! სადაური ბრძანდებით თქვენ, რომელი ბაღიდან! ქართველ ბულბულთა ჯგუფისაკენ მიიმართები, გეყოფა ძალა და ღონე?.. ვნახოთ!
ვკითხულობ. პოეტი სიყვარულზე ლაპარაკობს, მთვარიან ღამეზე, “იმასთან” სეირნობაზე, კოცნაზე... ღმერთმანი, მოთმინებიდან გამომიყვანს, აბა რა იცი შენ, ბრიყვო, რა არის სიყვარული? განა შეგხვედრია შენ ვინმე ქუჩაზე? და გაწითლებულა ის შენს დანახვაზე? და შემდეგ ამისა შენ გაქცეულხარ ბაღში? და სული შეგხუთვია ბაღში? მტკვარმა მოგაძულა განა თავი? გიგრძვნია გულის ფართხალი, სიხარული, სევდა, შიში ერთად არეული, სიცილისა და ტირილის მოწოლა გულზე? იცი შენ, რა არის სიყვარული?
და კიდევ რაღაც შეჯიბრების გრძნობის მაგვარი ვიგრძენი მე პოეტისადმი, თითქოს ის მედავებოდა ჩემს სიყვარულში... აბა, აბა, ერთი სცადე, თუ ბიჭი ხარ!
გავისროლე წიგნი განზე და გამოვედი ქუჩაში. ღამდებოდა. ქუჩის მოსახვევში შევხვდი მას, შინ ბრუნდებოდა. დავინახე ის თუ არა, უცებ ვკითხე თავს: დაველაპარაკები იმას თუ არა? დაველაპარაკები თუ არა? და პასუხის მიცემა ამ კითხვაზე ვერც კი მოვასწარი, რომ უცებ შევჩერდი და ვუთხარი:
- რამდენი ხანია არ მინახავხართ!
თითქოს არ მოელოდა ის ამას, დაიბნა, უმწეოდ მიმოიხედა.
- თუ ღმერთი გწამთ, მაპატიეთ... მე... მე... ღმერთმანი!..
ალბათ, სასაცილო სახე შემექმნა ამ დროს - იმას გულიანად გაეცინა.
და იმ წუთშივე მე დავინახე, ცაში ახლადანთებულ ვარსკვლავებსაც გაეცინათ. იმათ დასცინეს ალბათ სიყვარულის გაუთავებელ, მუდამ ახალსა და მუდამ სპეტაკ ზღაპარს. და ეს სიცილი მოესმა მთელ ტფილისს - იმიტომ მიყუჩდა ირგვლივ ყველაფერი: ტრამვაი, ეტლები, ფეხთა ხმა, სიცილი... მთელმა ტფილისმა დაუგდო წამით ყური ვარსკვლავთა სიცილს და გაიგო რა, რაში იყო საქმე, დააქნია ხელი - ახმაურდა ეტლი, ტრამვაი, სადღაც დიდი ბრძოლით იწყო გზის გაკაფვა ავტომობილმა, გაისმა ადამიანის სიცილი... მეც ეს მინდოდა! ძალიან კარგი! აბა რა ოხრად მინდოდა მე მოწამე ამ დროს, დეე ყველა თავის გზას ეწიოს და ჩვენ თავი დაგვანებოს.
- როგორც გეტყობათ, გაბედული უნდა იყოთ, - მომესმა.
- გმადლობთ კომპლიმენტისათვის...
- სად გაგონილა, ადამიანს ასე ქუჩაში დახვდე...
- აკი თქვით, გაბედული უნდა იყოთო.
- ჰო, მაგრამ ასეთ გაბედულებს შესაფერ პასუხსაც აძლევენ.
- იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც მივიღებ მე შესაფერ პასუხს - თქვენ მეტყვით თუ რა გქვიათ.
- ესე იგი, როგორ?
- მე მეძახიან სტეპას, თქვენ?
- მე?.. მე... - მას სიცილი აუტყდა.
- ოღონდაც!.. ჩემთვის ეგ სულ ერთია... თქვენი სახელი მე ისედაც ვიცი.
- რა მქვია, მაშ?
- თქვენ გქვიათ შუშანიკა.
- ხა! ხა! ხა! ძალიან არ გცოდნიათ? ხა! ხა! ხა!
- რამდენიც გენებოთ - იცინეთ, მაგრამ ეს ასეა. თქვენი სახელია შუშანიკა.
- ვინ გასწავლათ? იმან ხომ არა... აი, ბებერმა, თქვენმა დიასახლისმა?
- ჯერ ერთი, რომ ის სრულიადაც ბებერი არ არის, არამედ ახალგაზრდა, ლამაზი ქვრივია...
- წარმომიდგენია...
- მეორე - არაოდეს თქვენს შესახებ იმასთან მე არ მილაპარაკნია...
- რა თქმა უნდა... ეწყინებოდა...
- იმიტომ რომ თქვენ, შუშანიკა, ჩემი საიდუმლო ხართ. ეს მე თვითონ მივხვდი, რომ თქვენ ეს გქვიათ. სომხის ქალი, ახალგაზრდა, ლამაზი, ხოლო როცა სომხის ქალი ახალგაზრდა და ლამაზია, ის აუცილებლად სახელად შუშანიკას ატარებს - ლამაზზე ულამაზესს სახელს. აგრე არ არის?
ის წითლდება და ნელა, ნელა იცინის. და ბნელში, მესმის რა მისი სიცილი, მგონია თითქოს უღრანსა და მომჯადოებელ ტყეში, ბუჩქის ძირას მოჩუხჩუხე ნაკადულს გადავყროდე, მისი ბუტბუტი გამეგონოს.
- მართალს ვამბობ თუ არა, შუშანიკა!
- რა ახირებული ვინმე ყოფილხართ, ბ-ნო სტეპა!
- ღამე მშვიდობის, მშვენიერო ქალწულო!
- საით მიიჩქარით?
სადმე ქალაქ გარეთ, მინდვრად... იქ საღამოობით ჩამოდის ხოლმე ძირს ღმერთი და ადამიანს ესაუბრება. - როგორ ცხოვრობ, სტეპა? მკითხავს ის. - გმადლობ შენ, შემოქმედო, რომ მე შუშანიკას შემახვედრე და შემაყვარე - ჩემი სიცოცხლე ნეტარებაა! ოღონდ მოაწყვე ისე, ყოველის შემძლევ, რომ იმასაც შევუყვარდე და ვიძლევი სიტყვას - შენ მიერ მოცემული სიცოცხლე უქმად არ გავლიო ამ ქვეყნად... აი, რას ვეტყვი ღმერთს. - რად იცინით? შემდეგ კი სახლში დავბრუნდები და ვიმღერებ რამეს... მოგწონთ ჩემი სიმღერა?
- ძალიან მომწონს.
- მამალა ყვავილი უფრო მოგწონთ, თუ სიმღერა?
- რას ამბობთ... რა ყვავილი?
- არა... არაფერი... ახ, რა... რა კარგი ბიჭი ვარ მე, შუშანიკა! ხომ ასეა?
- ნუ ინებებთ თავის დამცირებას... - კისკისით ამბობს ის.
- მაგრამ თქვენ მაინც ჩემზე უკეთესი ხართ.
- მერსი! მერსი!
- ჩემზედაც და ყველა ჩემს ნაცნობებზე... ნახვამდი! შუშანიკა, მივდივარ, დამილოცეთ გზა.
და მე გავუყევი გზას. მაგრამ მხიარული სიცილი მისი გამომედევნა უკან, დამეწია, შეხტა გულში და იქ დაიფანტა, დაიფშვნა...
და მე შევჩერდი, დავბრუნდი უკან და ოთახში მივედი - აღარსად წასვლა აღარ მინდოდა.
“ახ, მერცხალო, მერცხალო! გაზაფხულის ფრინველო! მითხარ, საით მიფრინავ აგრე გაჩქარებული!..” მოითმინე, მე შენ რაღაც უნდა გიამბო!
და ვუამბე მე იმას ერთი საწყალი ბიჭის ისტორია, რომელიც უდედ-მამოდ ამოიზარდა, რომელიც დიდი ტანჯვით გამოვიდა გზაზე. უცნობი და მიუსაფარია ის ამ ქვეყნად, მაგრამ თვითონ ის ბევრს იცნობს და ბევრი რამ უყვარს იმას. ამ სიყვარულის სახელით დგას ბრძოლის ველზე, ელოდება გამარჯვებას, თუმცა არც დამარცხების ეშინია მას. გამარჯვება ვერ დააბრმავებს მას, ვერც დამარცხება გასთელავს იმის ცხოველ სულს... თავისებურად ისიც ბედნიერია ამ ქვეყნად, ის საწყალი ბიჭი. რომელიც ამ საღამოს ქუჩაზე სომხის ასულს გადაეყარა... შიშისაგან კანკალს დაიწყებს ლამაზი გოგო, თუ გაიგო, რომ მისი აშიყი სტეპა, სრულიადაც სტეპა არ არის, არამედ დევნილი სოციალ-დემოკრატი, რომელსაც სატუსაღოში მოელოდებიან... ასე ვუამბე მე ერთი საწყალი ბიჭის ისტორია მერცხალს, გიტარის სიმების დახმარებით და ამ ისტორიიდან სომხის ასულს ესმოდა მხოლოდ აღთქმა სიყვარულისა და ალერსისა. და როცა მე, აღსარების გათავების შემდეგ, ფანჯარას მივადექი, ფანჯარაში შემოვარდა პაწია კონა ყვავილებისა, დაეცა იატაკზე. მსწრაფლ დავწვდი მას, ავიღე ხელში და ვაკოცე. და შევხედე ზეცას და ცის სიღრმეში ვხედავდი მე, თუ როგორ დამცინოდნენ მოქათქათე ვარსკვლავები, ისინი დასცინოდნენ კიდევ სიყვარულის მუდამ ახალს, მუდამ ტკბილს, მუდამ გაუთავებელსა და მომჯადოებელ ზღაპარს...
- მითხარით, სად შემიძლია შეგხვდეთ?
- საღამოს, მთაწმინდაზე.
ძალიან კარგი. მაგრამ ერთი მიბრძანეთ, საღამომდე როგორ მოვკლა დრო, საღამომდე რა ვიღონო? ეხლა მხოლოდ დილის ცხრა საათია - მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, მასწავლეთ, როგორ მივაღწიო საღამომდე!
წავედი რედაქციაში და ავიღე ოცდახუთი მანეთი - აურაცხელი სიმდიდრე! მე თანამშრომელი ვიყავი, ვსწერდი მოკლე მოთხრობებსა და კიდევ რეცენზიებს ახალ-გამოსულ წიგნების შესახებ. ოი, ვილანძღებოდი უბედურად, ცოდვა გამოტეხილი სჯობია და რამდენიმე მოკლე წერილის საფასურად, რედაქციაში მოსამსახურე ქალიშვილმა 25 მანეთი მომცა - მთელი ქონება! რაკი ასე გავმდიდრდი, შესაძლებლად ვსცანი ეს ქალი თეატრში დამეპატიჟებინა - მეცით პატივი, გამაბედნიერეთ, მომეცით საშუალება თქვენს გვერდში გავატარო ერთი საღამო-მეთქი. ერთი კი უნდა გთხოვოთ, არამც და არამც არ შემიყვაროთ, ვინაიდან უკვე შეყვარებული ვარ და ცოდვა იქნება ისეთი მშვენიერი ქმნილების შეწუხება, როგორიც თქვენა ხართ-მეთქი. საბრალო ქალმა საჭიროდ დაინახა ცოტათი გაწითლებულიყო, დაპატიჟება ჩემი კი არ უარყო და მახლობელი დღესასწაული დანიშნა, ესე იგი ისეთი დრო, როცა მე ჩემი სიმდიდრიდან ერთი კაპეიკიც კი აღარ დამრჩებოდა. შემდეგ ამისა ის ტელეგრამების თარგმნას შეუდგა, მე კი დავბრუნდი სახლში...
რა ვიღონო, რომ საღამომდე არ მოვკვდე?
და მომაგონდა ახალგაზრდა პოეტი და იმისი წიგნაკი. მომაწოდეთ აბა ერთი ეს წიგნაკი - აი, რა ფულებით დავპატიჟებ იმ ქალიშვილს თეატრში... ავიღე ხელში კალამი და მთელი ორი ფურცელი ავაჭრელე გულმოსული, ბრაზიანი ფრაზებით. აბა ერთი შეხედეთ-მეთქი ამ ყმაწვილს, რა მშვენიერი რამ არის! ოთხმოცდახუთი სტრიქონია წიგნაკი და სულ სიყვარული, სულ სიყვარული! ირგვლივ ბრძოლისა და თავგამოდების წყურვილით არის გაჟღენთილი ყველაფერი, ეს ყმაწვილი კი მხოლოდ დედაკაცის ტუჩებსა და კოცნაზე გალობს, ვიღაცა ორგულსა და მოღალატეზე ჩივის, ვიღაც საყვარელ ქალების შესახებ, რომელთაც მან ღვთაების ხარისხი მიანიჭა და რომლებმაც როდი დაუფასეს მას ეს სიკეთე. ღმერთო, და მაჰმადიანი ხომ არ არის ეს პოეტი, რომ ამდენი ქალი ერთად შეუყვარებია! რა თქმა უნდა, გაბედული ყოფილა, მაგრამ ეს სისულელეა მისი მხრით, რომ დედაკაცი ღვთაებად უქცევია. ეს სისულელეა, ეს უჭკუობაა, ეს შეურაცხყოფაა. მე ერთხელ მესიზმრა ღვთაება-ქალი, რომელიც ტიროდა...
- შენ რა გატირებს, ღვთაება-ქალო? - ვკითხე მე.
- მოდი და ნუ იტირებ, როცა ასეთი უბედურება დაგატყდება თავს!
- რა დაგემართა, ღვთაება-ქალო?
- თვითონ გამსაჯე, კეთილო ადამიანო, უბრალო ქალი ვიყავი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მეარშიყებოდნენ, მეალერსებოდნენ, მეთამაშებოდნენ და აჰა, ერთხელ მოვიდა ჩემთან ვიღაც ბოროტი კაცი და ღვთაებად მაქცია. ღვთაება ხომ ქალი არ არის, ღვთაება როდი უყვართ, იმისი ეშინიათ, მას პატივსცემენ, მასზე ლოცულობენ. თხოვნით მიმართავენ, მაგრამ არაოდეს, არაოდეს არ ჰკოცნიან ტუჩებში, გულში ვერ ჩაიკრავენ, ვერ გაბედავენ. და თან კი არსება ღვთაებისა - ქალურია, სიყვარული იმას სწყურია, ვინაიდან რა არის ქალისთვის იმაზე უფრო ტკბილი, როცა ის გრძნობს, რომ ის უყვართ! ღვთაება-ქალები კი როდი უყვართ, როდი უყვართ...
და უფრო ცხარედ, უფრო გულამოსკვნით ატირდა ის და ისე მოალბო ჩემი გული, ისე შემაბრალა თავი, რომ პატიოსანი სიტყვა მივეცი მას, გავწკეპლო ყველა, მათ რიცხვში პოეტებიც, რომლებიც საყვარელ ქალებს გააღმერთებენ. და ამ პოეტზე, რომლის წიგნაკიც მედო წინ, მე დავამტკიცე, თუ როგორ ვიცი სიტყვის ასრულება. ავიღე მასხარად მისი პათეტიური ფრაზები, მისი უშნო სურათები, შედარებანი, მისი ლექსის ნაძალადეობა და არაბუნებრიობა. მომაგონდა ნიცშე და იმისი ფრაზა: “პოეტები განგებ იმღვრევენ თავიანთ წყალს, რომ ნაცნობებს ღრმა ეგონოს ისო”. და დავუმატე ამას - “სიღრმე”, ეს ჩვენს პოეტს უნდა იმიტომ, რომ სურს ტიტველი დედაკაცი აბანაოს შიგ-მეთქი.
ასე ვწერდი მე და თან საათში ვიცქირებოდი. და მეგონა, რომ ძლივს დადიოდა, ტაატით მიაბიჯებდა ისარი... ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს, რომ საათი ასე ნელა იძვრის? ნეტავ რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ახ, მივხვდი, მივხვდი! იმას, საათს, არაოდეს არ ჰყვარებია - მესმის... ეს ჰეინემ ახსნა დიდიხანია მისი მოდუნებული ნაბიჯის მიზეზი...
დავკეცე დაწერილი ფურცლები და ჯიბეში ჩავიდევი. წავიდე, დავტოვო რედაქციაში? დეე, დაიბეჭდოს ეს, მიიღოს ახალგაზრდა პოეტმა ჩემდა სახსოვრად, ნუ სწერს ასეთ სისულელეს და არც არავინ რამეს ჰკადრებს. ყველა სულელს როდი შეუძლია სიყვარული, და მისწრაფება ქალისადმი სიყვარული როდია. აი აგერ მეც მიყვარს, მაგრამ... მაგრამ... მეც მიყვარს, მაგრამ...
მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა შემდეგი: არც ერთი ადამიანის გრძნობა არ ატარებს თან იმდენ უსამართლობასა და მიკერძებას, რამდენსაც გრძნობა სიყვარულისა... მეც მიყვარდა შუშანიკა, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო მაშინ. ის მე წინ მწევდა, მიზნისკენ მასწრაფებდა უფრო ძლიერ, უფრო თავგამოდებით, ამ სიყვარულით მე უფრო მიმიხაროდა მსხვერპლისა და ტანჯვისაკენ, ის ჰაერი იყო, სუფთა მთის ჰაერი, რომელიც ძალსა და მხნეობას მიმატებდა, ის კი...
და უცებ ისევ დამებადა თავში შედარება, და მე კიდევ გავშალე საწერი ქაღალდი - საღამომდე ხომ ისე შორს იყო, დრო უნდა მომეკლა ხომ, პოეტი კი არავითარი შეღავათის ღირსი არ იყო. მაშ განვაგრძობ, რაღა.
შეხვდებით დუქნებში გასასყიდ პაპიროსებს - ოცი პაპიროსი ერთ შაურად, კაპეიკად ოთხი. აი ამ პაპიროსების კოლოფებზე ორი ადამიანია დახატული - ქალი და კაცი. ისინი კეკ-უოკს თამაშობენ, ცალი ფეხი მამაკაცს მაღლა აუწევია, ქალიც ამის შესაფერ მომენტს გამოხატავს... და ისეთი, ისეთი სულელური სახე აქვთ მათ, ამ ორ ადამიანს... შენ მხიარული ხარ. ისინიც ხომ მხიარულნი არიან - კეკ-უოკს თამაშობენ. შენ სევდა-ბოღმა გაწევს გულზე, ისინი მაინც მხიარულნი არიან, ისეთივე სულელური გამომეტყველებით კეკ-უოკს თამაშობენ. შენ გშია, შენ მიცვალებული გისვენია სახლში, ისინი მაინც მხიარულნი არიან და მომღიმარე, სულელური ფიზიონომია მათი შემოგცქერის სახეში. აი, ამ ფიზიონომიებს შევადარე მე ჩვენი პოეტი... მიწისძვრა იყო, სოფელ-ქალაქები ნაცარტუტად იქცნენ, ხოლერა მუსრს ავლებს მტყუანსა და მართალს - პოეტს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი, ის შეყვარებულია. ყველაფერი ირგვლივ სიხარულითა და ტკბილი მოლოდინით გაჟღენთილა - რას ჩადის ჩვენი პოეტი? ეხლა ის ტირის. დიდისაგან დიდი მწუხარება სწვევია მას - ვიღაც ლამაზ ქალს გადაეყარა, რომელმაც არც კი შემოხედა ჩვენს პოეტს..
კვლავ ჩავიდე ჯიბეში ქაღალდი და თუთუნი ავაბოლე. დავხედე საათს. წყეული!
«Но Оры - оне никогда не любили!..»
წყეული! გაიგო ხომ ჰეინემ მიზეზი დროის გულცივობისა და აუჩქარებლობისა; ღვთისაგან დაწყევლილს, იმას არაოდეს არ ჰყვარებია, არაოდეს ის ცოცხალი არ ყოფილა, ვინაიდან სიცოცხლე სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ არის. ეს ასეა. მაგრამ მერმე მე რა ამით?
- წავიდეთ, ვისადილოთ.
- ვისადილოთ? არა, გმადლობთ ძალიან, დღეს მე სადილი არ მინდა.
- რას ამბობთ? ასეთი გრძელი დღე და უსადილოდ დარჩეთ?
- მერწმუნეთ, რიგიანი ადამიანები ყოველდღე როდი სადილობენ.
- კარგი ერთი, ნუ ხუმრობთ. განგებ თქვენთვის მწვანილი ვაყიდვინე.
- ძირს მწვანილი - განა რიგიანი ხალხი მწვანილს სჭამს?
- აკი ამბობდით, ძალიან მიყვარსო?
- ეხ, ერთი თქვენცა... განა ყველაფერი დაეჯერება რიგიან ხალხს?
დიასახლისი იცინის და ხელს მკიდებს.
- წავიდეთ ერთი და...
ღმერთმანი, ღონიერია ეს ქალი. და სიცილიც რა კარგი აქვს და წყეული, მიყვარს როცა ქალს სიცილი შვენის...
- კარგია, წავიდეთ...
- წამოვალ, მაგრამ ერთი პირობით...
- რა პირობით?
- თუ ერთხელ კიდევ გაიცინებთ.
- რას ამბობთ, ვერ გამიგია... - წითლდება დიასახლისი.
- სიცილი ძლიერ გიხდებათ.
ის მაშორებს ხელსა და დაბნეულად იღიმება. და კიდევ მეტად წითლდება. ჩემთვის აშკარაა, რომ ქალური ინსტინქტით იგრძნო მან, რომ ეხლა სჯობია ის პასიური იყოს, დამალოს ის ძალა, რომელიც გამოაჩინა, როცა მკლავში ხელი მომკიდა. და მისი ხმაც ამის გამო უფრო განაზ-გალბილდა, როცა ისევ გამიმეორა:
- წავიდეთ, სტეპა, ვისადილოთ.
და ისმის ამ ხმაში თხოვნაც და აღთქმაც... მივდივართ. დღეს ჩვენ მარტო ვსადილობთ. და როცა მე მინდა ამის შესახებ ვიფიქრო რაღაც, უცებ ჩემს შეგნებაში იღვიძებს მომავალი საღამო მთაწმინდაზე და.. სირცხვილი, წყრომა დიასახლისისადმი და კიდევ რაღაცა ცუდი მიპყრობს. დუმილიც დიასახლისისა ჩემზე შეურაცხმყოფელად მოქმედობს და ისიც, რომ ის ლამაზი არის...
- არა, არ შემიძლია სადილის ჭამა... - უზრდელად ვამბობ მე და გავრბივარ უკან...
მომავალმა საოცნებო საღამომ შიკრიკად სიო გამოგზავნა - მოვდივარ, მომიხარიანო. ტფილისმა ცოტათი შემსუბუქება იგრძნო, ცოტათი თავისუფლად ამოისუნთქა - ჩქარა, ჩქარა, საცაა საღამო მოვა, მოვა ოცნებითა და ტკბილი ფიქრებით აღსავსე საღამო ტფილისის განაპირა მიდამოებისა, მთაწმინდის, ბოტანიკური ბაღის, ორთაჭალის, საბურთალო-ვერისა. ჩქარა! ჩქარა!
და გამოვდივარ ქუჩაზე. ეხლა მე მძლავრიცა ვარ და თავის თავისაც მჯერა, გულუხვი და აღტაცებული, მე ვიგონებ ელადის იმ ღმერთებს, რომლებიც ისე ერთობოდნენ ზევსეს ნადიმებზე, ისე ამაყობდნენ და ლაღობდნენ. და არავისი, არავისი არ მეშინია - არც ბატონი პოლიციელის. მხიარული და აღტაცებული გავუყევი მე გოლოვინისაკენ, ხოლო როცა მე მხიარული და გატაცებული ვარ, ელოდეთ ჩემგან უაღრეს სისულელეს, ბავშვურ საქციელს - მხიარულობა ხომ იგივე სიმთვრალეა!..
მივდივარ ქუჩაზე და ვმღერი, ესე იგი მღერის ჩემი გული, მღერის უხმოდ, უსიტყვოდ, მღერის, რომ ის ახალგაზრდაა და მოწიფული, რომ იმედიც მისი ახალგაზრდა და მოწიფული იმედია, მღერის, რომ ის შეყვარებულია, რომ ის ცოცხალია. მივდივარ - მივიმღერი. აი, ჩვენი გოლოვინის პროსპექტიც... უჰ, რამდენი ხალხი გამოსულა საღამოს მოლოდინში. გამარჯვება! ბიჭოს, ეს ვინ არის? ეს ხომ ჩემი, ასე ვთქვათ, “უფროსია”, ეს ხომ ვანოა, “კომიტეტის” წევრი! როგორ დაეძებენ ამასა და ეს კი, შეხედეთ, ზედ პროსპექტზე სეირნობს თავისი სათვალებითა და ლურჯი ხალათით, მისი ვეებერთელა ჯოხით, დაუვარცხნელი თმითა და ძველის-ძველი პიჯაკით, რომელიც ციმბირიდან მოიტანა ორი წლის წინეთ. დაგეშილ ძაღლებივით სდევენ მაგას წუნკლები, ეს კი, ერთი შეხედეთ... გადავეხვიო, გადავკოცნო თუ არა ჩვენი ვანო?..
გადაკოცნე, თუ ვარგიხარ, აბა გაბედე! ახირებული კაცია ვანო, ყველამ ვიცით მისი ხასიათი. ის ღრმად დარწმუნებულია, რომ დიდისაგან დიდი ნიჭი აქვს, ჯაშუშებსა და კვალის მაძიებლებს თვალი აუხვიოს, დააბნიოს ისინი და ხელიდან გაუძვრეს, თავისი თავი დიდებულ მესაიდუმლედ - კონსპირატორად მიაჩნია და თავისუფალ დროს გვაბეზრებს თავს კონსპირაციის შესახებ ლექციებით, და ყოველ ასეთ ლექციას ის აუცილებლად ათავებს შემდეგი საშინელი ფრაზით: “ცუდი კონსპირატორი, ამხანაგებო, მტერზე უარესია”.
და რაც ყველაზე უფრო გასაკვირელია, ეს ის, რომ ის ამდენხანს არ დაუჭერიათ. ხელში ვეებერთელა ბზის ჯოხი უჭირავს, მისი განუყრელი იარაღი, ძველის-ძველი ქუდი თვალებამდი ჩამოფხატული აქვს. გრძელი, აბურძგვნილი თმები მხრებზე სცემს, ძველ პიჯაკს ქვეშ ლურჯი ხალათი, მოქსოვილი სარტყელით. და ბალნისაგან თითქმის ერთიან დაფარულ სახეზე ის ატარებს შავ სათვალეებს. ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს იგი, თუმცა ისიც კია, რომ თვითონაც ყველა გამვლელს ათვალიერებს გულდასმით - რა არი, ჯაშუში, კვალის მძებნელი აღმოაჩინოს და ხელიდან გაუძვრეს. ხშირად გაჩერდება ხოლმე დიდი მაღაზიების წინ, განსაკუთრებით, წიგნის, და გამოფენილ წიგნების სათაურებს ათვალიერებს - შემომხედეთ, რაღა, ბ-ნო ჯაშუშებო, რა შინაარსის წიგნები მაინტერესებენ, აქედან მიხვდეთ უნდა, რომ არავითარი დამოკიდებულება არ მაქვს სოციალურ-პოლიტიკურ ხასიათის კითხვებთანო. გული გიკვდებოდა, როცა ამ ყოვლად პატიოსანსა და საჭიროების დროს წარმოუდგენელი გაბედულების კაცს ხედავდი ქუჩაში ასეთი პრიმიტიული საშუალებით შეიარაღებულს ჯაშუშების წინააღმდეგ. ერთხელ ის იძულებული შეიქნა ეყიდა ვეებერთელა წიგნი ტეხნოლოგიის შესახებ რომელიღაც ბუკინისტისაგან.
“ამეკვიატა ვიღაც წუნკალი, - გვიამბო მან, - ვერ მოვიშორე, არ იქნა. საითკენაც კი ფეხი გადავდგი, ისიც იქით მოდის. ცუდად არის საქმე, ვიფიქრე, უნდა რამე ვიღონო. მივადექი ბუკინისტის მაღაზიას, ისიც შორი ახლოს გამიჩერდა. დავაცქერდი ამ წიგნს, შემდეგ შევედი მაღაზიაში, ვხედავ: იმანაც ამ წიგნს დახედა და შემდეგ შემომყვა აკი. მოვატანიე ვაჭარს წიგნი, გადავიხადე ორი მანეთი და ნახევარი, გამოვედი... და, როგორ ფიქრობთ, - გაბრწყინვებული თვალებით ათავებს ის, - ჩამომშორდა აკი, ოჯახქორი...”
ეს “ოჯახქორი” კი, რომელიც ასე “დაატყუა” ვანომ, ბათუმიდან ჩამოსული ამხანაგი გამოდგა, რომელიც გადაჰყროდა ვანოს ქუჩაზე და ესარგებლა იმით, რომ ვანო იმას ვერ იცნობდა... როგორც იყო დავფარეთ ეს ამბავი, ვანოს არ გაუგია ამ უალაგო და უხერხული ხუმრობის შესახებ არაფერი, თუმცა ჩვენ უნებურად გვეცინებოდა, როცა ეს გავიგეთ.
მაგრამ ჩვენ მაინც ღრმად გვიყვარდა ჩვენი ვანო, ეს თავდადებული და ჭკუიანი რევოლუციონერი და ეს სიყვარული აფრთქიალდა ჩემს გულში, როცა ის ქუჩაში დავინახე. ვისაც არალეგალური ცხოვრება გამოუცდია, ის მიხვდება ამ გრძნობას. რაც უნდა კარგ გუნებაზე იყო, რაც უნდა ღრმად სძინავდეს გულში გრძნობას შიშისას, რომ სადმე ვინმე ნაცნობი მტერი გადაგეყრება და ხელად მოგისპობს საშუალებას ქუჩაში სეირნობისას, რაც უნდა უშიშრად გრძნობდე თავს, გულში მაინც ფხიზლობს ერთი მუდმივი შეგნება, შეგნება ობლობისა და უმწეობისა, იმის შეგნება, რომ რაც უნდა ბევრი ამხანაგი და თანამოაზრე გყავდეს ირგვლივ, მაინც საკმაოა ერთი კოჭლი პოლიციელის სურვილი, რომ თავისუფლება მოგესპოს. და ყოველთვის, როცა გადაეყრები ქუჩაში ვისმე შენსავით დევნილს, გულში იღვიძებს სინაზე, სინაზე თითქოს იმისადმი, მაგრამ ნამდვილად კი ეს სინაზე არის უმთავრესად თავისთავისადმი სიყვარულითა და სიფრთხილით გამოწვეული... აი, ეს გრძნობა იყო, რომ გულში დამიბადა სურვილი ვანოს გადავხვეოდი. მაგრამ წამსვე მომაგონდა ერთი იმის მოთხოვნილებათაგანი - არაოდეს ქუჩაში არ უნდა მიესალმო შენს ამხანაგს, არ უნდა გამოაჩინო, რომ იმას იცნობ, - ჩაუარე გვერდი და გასწი შენს გზაზე... ვანოს შესახებ ამ პირობას ჩვენ ვიცავდით, მაგრამ ამჟამად მე ხომ სულ სხვა გუნებაზე ვიყავ, მე ხომ მხიარული ვიყავი ისე, როგორც ათიოდე დღის კვიცი... მე მგონია, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი არღვევს კანონს მხიარულებისა და სიხარულის წუთებში. მე მხიარული ვიყავ. ამიტომ გავუსწორდი თუ არა იმას, შევხედე პირდაპირ თვალებში, მოვიხადე ქუდი და თავი დავუკარი.
ეხლა ყველაფერი გათავდა ჩემთვის, იქნება მოღალატე იხილოთ გნებავდეთ? მე გახლავარ. ყოვლად ბინძური კაპიტალისტური წესწყობილების განხორციელებაც მე ვარ. ვეღარ გამოვისყიდი მე ჩემს დანაშაულს ჩვენი საქმის წინაშე - ეს ცხადათ სჩანს ვანოს სახეზე. მაშ ვივლი ისევ ბოლომდე, ორჯერ ხომ ვერ მომჭრიან დამნაშავე თავს!
- ამხანაგო, ვანო... მე ფულები მაქვს... მთელი ოცდახუთი მანეთი. მოდი ერთი შევიაროთ სადმე სარდაფში, გადავკრათ, რაღა, საერთაშორისო პროლეტარიატის სადღეგრძელო.
და სიცილ-ხარხარით ჯიბეზე ხელს ვიკრავ.
ღვთის წყევა! ჯოჯოხეთი! ყველა წუნკალი, ყველა ქვეწარმავალი, ყველა ჯაშუში და გამცემი, ყველა ესენი ამ წუთს ჩვენ გარშემო იდგნენ და ესმოდათ ჩემი სიტყვები. და ხვალ დილით ჩვენ სატუსაღოში გამოგვეღვიძება. და ყველაფერი ეს ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია... მაგრამ ახირებულია, მე “მიწა როდი მისკდება”, მე მხოლოდ სიცილის გუნებაზე მოვყავარ ვანოს გაბრაზებულ ფიზიონომიას, ვერავითარ ქენჯნას სინიდისისას ვერ ვგრძნობ, ვერავითარ დანაშაულს... კაცი გიყვარდეს, მისი შეხვედრა გესიამოვნოს და ისე კი უნდა ჩაუარო გვერდით, თითქოს ვერ იცნობდე! გულგრილად შეხედო და ჩაიარო? რწმენა, მიმართულება გქონდეს და ისე უნდა ჰფარავდე, როგორც ნაქურდალ ნივთს? კმარა, ვინ სთქვა ეს? ვინ შეთხზა ადამიანის საზოგადოებაზე ასეთი ზღაპარი?.. ვინ დასწამა ცილი ადამიანს? ასეთი მშვენიერი საღამო დგება - როდის უნდა გაიშალოს ადამიანის გული, თუ არ ეხლა? როდის უნდა შეიქნას ის სპეტაკი და გამსჭვირვალე, თუ არ ამ საღამოს? როდის, როდის უნდა გაამჟღავნოს მან მისი დიდი, მისი ფაქიზი, მისი უმწიკვლო სიყვარული? და ეს დანაშაულია? ამისთვის სატუსაღო მოგველის? რას ზღაპრობთ, ერთი მითხარით, ვინ გინდათ დაატყუოთ?
- დამეთანხმე, ამხანაგო, რომ შენი საქციელი არაფერს არ ჰგავს!.. - მესმის ვანოს ბრაზიანი ფურჩული.
- გეთანხმები...
- რომ ეს პროვოკაციაზე უარესია...
- წადი შენ და შენი პროვოკაციაც...
- მოითმინე, შენ მთვრალი ხომ არ ხარ?
- რა თქმა უნდა...
ისევ მოვუხადე ქუდი და გავშორდი. გინდოდა გაგეფუჭებინა საღამო, მაგრამ ვერ მოგართვი. ისევ მღერის, ისევ თამაშობს გული. ღმერთო, რა კარგია თავისუფლად სიარული!.. ღმერთო, რა კარგია!..
ხმაურობს და მხიარულობს გოლოვინის პროსპექტი, აზვირთებული მოძრაობს ის და თავის თავს, თავის სილამაზე-სიმდიდრეს ეტრფის. ფუფუნება ქუჩაზე გამოეფინა, ფუფუნება ფანჯრებთან დგას, ფუფუნება ეტლითა და ავტომობილით დაჰქრის, ფუფუნება მოსვენებულა ქალის მშვენიერ გულ-მკერდზე, გველივით შემოჭდია იმის გედისებურ კისერს, იმის შროშანის მსგავს თითებს, ფუფუნება ირგვლივ, ყველგან. ის ეხლა ქუჩაშია. ჩქარა აგარაკზე გაემგზავრება. ლამაზი ცხენები, ლამაზი ქალები, მორთულ-მოხდენილი ალფონსები და სუტენერები, ქართველი თავადები და სომეხი ვაჭრები - ყველაფერი ეს არეულია, ერთმანეთს სდევს, ერთმანეთს ეტრფის. სანახევროდ ტიტველი ქალები, ისეთი, ისეთი ლამაზები, მდიდრები ერთი-მეორეს ახარბებენ იმათ, ერთი-მეორეს აჩვენებენ - აბა შეხედე, ღირს თუ არა იმ ფულებად, რომლებიც დამიხარჯავს ამაზე, ღირს თუ არა იმ სიმდიდრედ, რომელსაც მაგაზე ვხარჯავ, ხომ ლამაზი საქონელიაო! აი, აბა შეხედეთ, ამ ლამაზს, ამ ნაზ ქმნილებას, აი ამას, ჩემს საყვარელს შეხედე - ჯიღა თვალებით, მოხდენილს, მაღალს და ისეთ მშვენიერს, როგორც ცნობილი ჯიშის ცხენი და როგორც კარგი ჯიშის ცხენი, ძვირსა და ძნელად საშოვარს... და ის ჩემი სურვილების, ჩემი გარყვნილი ღამეების მონაა, იმიტომ რომ ფულები მაქვს მე...
ჰაერი სუნნელოვანი წყლების სუნით გაჟღენთილა. ისმის სიცილი, ხუმრობა, მხიარულება...
შევცქერი ყველა ამას და მაგონდებიან ზოგიერთი ბრიყვები, რომლებიც მშვიდობიანი საშუალებით ჰფიქრობენ მოსპონ დიდი დავა სიმდიდრე-სიღარიბეს შორის. მართლა ეგრე ფიქრობთ, ყმაწვილებო! აი, ესენი დათმობენ რამეს ნებაყოფლობით? თუ მაგარი მუჯლუგუნი არ უთავაზე იმათ, მიხვდებიან განა ისინი, რომ ცხოვრების სუფრაზე სხვათაც უნდათ ალაგი? დიდება შენ სახელს, ღმერთო, რომ ასეთ ჭკუა-თხელ ხალხს აჩენ ქვეყნად - მშვიდობიანი გზით უნდა მოსპონ ომი შრომასა და შრომის პარაზიტებს შორის. შუშანიკა! შუშანიკა! ეპატიოს თუ არა ასეთი ფიქრი ამ ხეპრე ხალხს? არა, შუშანიკა, არ უნდა ეპატიოს! ანათემა იმათ, ანათემა! სისულელე რა მათი ბრალია, ეს ღვთისაგან არისო, მეტყვი შენ. ღვთისაგან არის, მართალია, მაგრამ არის დრო, არის ისეთი წამი ისტორიაში, როცა სისულელე დიდი დანაშაულია, მაშინ სისულელე არ ეპატიება არავის და ეს წამი დგას ეხლაც. მაშ ძირს ყველა სულელი - კეთილია ის თუ ბოროტი, ანათემა, ანათემა იმათ, შუშანიკა!..
გულში ცეცხლი ინთება, შუშანიკა! შეხე, მე ბრძოლის ველზე ვდგევარ, იცი თუ არა რამდენი საქმე გვიდევს წინ? რამდენი მუხა უნდა წავაქციოთ, რამდენჯერ უნდა იჭექოს მეხმა! იცი თუ არა შენ, რომ მე ჯარისკაცი ვარ და დიდი ომების მონაწილე?.. უჰ, რა ძლიერებია ისინი, შუშანიკა, ჩვენი მტრები. ძლიერნი არიან ისინი, მაგრამ ჩვენ დავამარცხებთ. მდიდარნი არიან, - ვერ უშველის იმათ სიმდიდრე მათი. ჭკუიანი არიან და ბრძენნი ისინი, შუშანიკა, მაგრამ ვერც ჭკუა, ვერც სიბრძნე მათი ვერ იხსნის მათ. ისინი უნდა მოკვდნენ და ვერავითარი ძალა ვერ იხსნის მათ. მათ ხელში აქვთ ძალა და უფლება, მათ ხელში აქვთ ბრძოლის იარაღები, მოსყიდულ მეცნიერთა რაზმები, მორალისტები და მქადაგებლები, არტისტები და მომღერლები, მწერლები და ტეხნიკის განმავითარებელნი, ყველაფერი ეს მათ ეხმარება, მათ იციან ბორკილების ჭედვა, მათი თითქოს სათუთი და სუფთა ხელით უკმეხი და უსულო სატუსაღოები შენდება, მაგრამ მაინც მათი აღსასრული ახლოა. ისინი მოკვდებიან და ისე მოკვდებიან, რომ ჭირისუფლები, დამტირებლებიც კი არ დარჩებათ ამ ქვეყნად, ისინი კვდებიან უმემკვიდროდ. აი ამიტომ არის, რომ ისინი წინდაწინ ბადებენ ისეთებს, რომლებიც დღეს დასტირიან მათ მომავალ სიკვდილს, მდიდართა კლასის გაქრობას. ხომ იცი მოლა ნასრედინის ანეკდოტი, სიცოცხლეში რომ შავი ჩაიცვა თავისი მომავალი სიკვდილის საგლოვად! აი, იმის მაგალითს მიბაძეს ჩვენმა მტრებმაც, წინდაწინ იცმენ შავს, წინდაწინ დასტირიან თავის მომავალს და ამ გლოვას ჩვენ ვისმენთ პესიმისტების ნაწერებსა და სიტყვებში. ამ მომავალი მათი სიკვდილის წინამორბედია მოსაწყენი ხალხი - დეკადენტები, გულგატეხილი ფილოსოფოსები და მოქეიფე ბიჭები. ღვინოსა და ბოზებში, გარყვნილებასა და ღალატში ახრჩობენ ისინი თავის დარდსა და მწუხარებას აუცილებელ, მომავლის გამო... მათ კუბოზე ხომ არავინ იტირებს, უმემკვიდროდ ისპობიან ისინი, მაგრამ ბრძოლა მათთან მძიმე და ძნელი ბრძოლაა... და ამიტომ ჩვენ ბევრი საქმეები გვაქვს, შუშანიკა, ბევრი საფიქრალი, ბევრისაგან ბევრი ცხარე ბრძოლა მოგველის ჩვენ. და მე კი, გითხარი, ჯარისკაცი ვარ-მეთქი.
Не бойся полюбить сверх меры,
Ты молод - надо не робеть!..
ახ, როგორ ფართხალობს მკერდში გული, რამდენი სიხარულია შიგ!
რა თქმა უნდა, მე მელოდებოდა, მე მიცდიდა ის ია, რომელიც ბუჩქის ძირას შევამჩნიე მამადავითის ახლო. მისი ცისფერი თვალებით ჩემს მოსვლას ნატრობდა ხანში შესული კეკლუცი.
სალამით დავწვდი მას და მოვგლიჯე, - მაპატიე თუ ცოდვა არის ეს, წმინდაო მამაო დავით!
და პირველი სიტყვა, რომლითაც მე შუშანიკას შევხვდი, იყო ეს:
- მითხარით მე, შუშანიკა, რა ჰქვია სომხურად იას?
- ახ, გაიგეთ კიდეც! ვინ გითხრათ? - და ის გაწითლდა.
- რა უნდა ეთქვათ? მე გეკითხებით - იას რა ჰქვია-მეთქი სომხურად?
- ჰოდა მეც იმას გეკითხებით, ვინ გითხრათ-მეთქი, რომ იას იგივე ჰქვია სომხურად, რაც მე.
ეჰე, აი საქმე როგორ ყოფილა, მე კი შუშანიკას ვეძახოდი ამ ქალს. ახ, შე ქართველო ვირო, ბრიყვო და სულელო!
- მაშ მითხარით მე თქვენი სახელი.
- არ გეტყვი.
ია მაინც როგორ არის სომხურად?
- არა, არ გეტყვი.
- მითხარით-მეთქი.
- მე კი არ გეტყვი... - და მის თვალებში ინთება ცეცხლი, საცაა გაიკისკასებს, თავს ვერ დაიჭერს და ეს კი საფრთხილოა - მისი სიცილი მე მაღელვებს... მე გადავდგი მისკენ ნაბიჯი.
- რას სჩადით... აქ ხალხია...
- მითხარით-მეთქი, გეუბნებით... რა ოხრად მეპრიანება ხალხია აქ თუ არა... მეტყვით თუ არა?
- ჩემი სახელია მანუშაკ.
მანუშაკ! მოდი და ნუ აკოცებ ქალიშვილს, რომელსაც... რომელსაც ასეთი ცხვირი... დიახ, ასეთი ცხვირი, ასეთი თვალები და ასეთი შესანიშნავი სახელი აქვს და რომელიც გარდა ამისა კიდევ გიყვარს. მანუშაკ!
- გავიაროთ! - მესმის მე, - იცით, დღეს მთელი დღე და საღამო ამხანაგთან ვარ, ეგზამენებისთვის ვემზადები და... და თქვენთან კი მოვედი.
- ყოჩაღ, მანუშაკ!
წყეული, ეს ენა რად მებმის, ეს რა მომდის,- როგორ დავიბენი.
ჩვენ მივდივართ მთის ზურგზე. და მწვანე, მშვიდი, ლაღი სივრცე თითქოს ისვენებს მშვიდი, ბავშვური ძილით...
- რა მშვენიერი საღამოა!.. - ამბობს ის.
- ახ, მართლა, მე თქვენთვის ია მაქვს, მანუშაკ! ინებეთ!
- სტეპა, სად იშოვეთ ეს ამ დროს?..
ის აღტაცებულია. არც სუნი, არც ფერი ჩვეულებრივი იის არა აქვს, ის ხანში შესულ, ყოფილ ლამაზს მოგაგონებს, მაგრამ... მაგრამ ის მაინც აღტაცებაში მოდის... და ვხედავ რა იმის აღტაცებას, აღტაცება მიპყრობს მეც... აბა, რა ვიცი მე, თუ რად მოსწონს მამაკაცს ესა თუ ის მხარე ამა თუ იმ ქალის ხასიათისა! რამდენი ქალიშვილი ვიცი - სისულელედ და სიყალბედ ჩავუთვლიდი ამ მჭკნარი იით აღტაცებას, აქ კი ისე მიამა მანუშაკის სიხარული. მანუშაკ! მანუშაკ! სიყვარული უსამართლოა!
კარგა მანძილი გაგვივლია, ხალხი უკან ჩამოგვრჩენია. მგონი ყველა განმარტოებას სცდილობდა, ყველა ჯგუფი, და მთაწმინდაზე კი, მადლობა ღმერთს, ალაგი ყველას ეყოფა.
შევდექით. ჩვენ წინ ღელავდა და ბობოქრობდა ტფილისი. შეიძლება სიყვარულით ვიყო ასეთი ბრმა, მაგრამ ტფილისი ულამაზესი ქალაქი მგონია ამ ქვეყნად. მიყვარს მისი დაკლაკნილი, ოღროჩოღრო ქუჩები, მისი დიდუბე, სადაც თამარ მეფემ იქორწილა, “ასი სული ცხვარი დაჰკლა და ორასი ნიშა-ხარი”. მიყვარს მისი ავლაბარი, სოლოლაკი, ხარფუხი, ნაძალადევი... მიყვარს იმ სისხლის გამო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაუღვრია ჩემს ძველებს მის დასაცავად, წმინდა, ქართული სისხლის გამო... მიყვარს დავსცქეროდე იმას თავზე, მესმოდეს მისი ხმაურობა, მისი ქოთქოთი, მისი შფოთიანი მოძრაობა. ხორცსა და ძვალს ისხამს ის ჩემს წარმოდგენაში და როგორც ცოცხალი, ძვირფასი არსება დგება ჩემს წინაშე - მახლობელი. საყვარელი, ფას-დაუდები. და გული ჩემი მაშინ სცემს უფრო მხნედ და უფრო პატიოსნად - არავითარი სიმდიდრე მე იქ არ მაბადია და რამდენიმე ღამე ქუჩაში გამიტარებია, მაგრამ ის მაინც ჩემი მგონია, ჩემი საკუთრება. იქ არ აფრიალდა პირველად ის დროშა, რომელსაც მე თავი შევაფარე, რომლის ქვეშ ვცდილობ მე, არ-არის პატრონი, ქვეყნიერებას დავეპატრონო?.. ტფილისი - განა ის არ არის ჩვენი ბელადი, ჩვენი წინამძღვარი?.. და ტფილისივე ამ საღამოს არ მაძლევდა მანუშაკს? ტფილისო! ტფილისო, ჩვენო დედაქალაქო!
“ქართველსა გულმა როგორ გაუძლოს”.
შენ გადმოგხედოს და არ იგრძნოს გრძნობა შვილისა მამისადმი!.. აი, შენ ხმაურობ და შფოთავ, რაზე სჩივი, ვის ესაყვედურები, ჩემო დედაქალაქო!..
მზე ამოეფარა მთის გრეხილს - საღამო თავის უფლებაში შევიდა. გამოჩნდა სადღაც შორს მიბნედილი, მოქანცული ვარსკვლავი. შორს, შორს კრთოდა ის, და მე, მის შემხედვარს, თითქოს მარტოობის გრძნობა აღმეძრა გულში. და იმ წუთსავე მომაგონდა, რომ ჩემს გვერდით მანუშაკი იყო...
- იცი, მანუშაკ, რარიგ მიყვარხარ?
მას მხოლოდ ღიმი გაეკრა სახეზე, სიწითლემ გამოატანა იმის შავგვრემან კანში პირისახეზე. და უსიტყვოდ მომეკრა...
ჯიბისკენ ხელი წავიღე, პაპიროსის ამოღება მინდოდა, თან კი თავს ვუჯავრდებოდი - შე ვირო, სემინარიელი ხომ არა ხარ, აბა ამ დროს რა დროს პაპიროსია-მეთქი. პაპიროსის მაგიერ ხელში მთელი კეცა ქაღალდი მომყვა... აჰა, ძალიან კარგი, აღარ ვპატიჟობ ქალიშვილს თეატრში, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ფული არ მექნება იმ დღისთვის... ამოვიღე ქაღალდი, გავშალე და გავუქნიე წუმწუმას. ცეცხლი მხიარული, ცელქი სიცილით ჩამოეკიდა ყურში ქაღალდს და ტორტმანით გაჰყვა ზევით...
- ალლილუია... ალლილუია! უფალო შეგვიწყალენ!
- ეს რას სწვავთ, სტეპა!
- არაფერსაც არ ვსწვავ, ჩემო მანუშაკ, ეს ცეცხლი როდია. ეს ამნისტია არის... ამ საღამოს სახსოვრად მე, სტეპა, ვათავისუფლებ ჩემი წყრომისაგან ახალგაზრდა პოეტს, რომელმაც სცადა ქართველ ბულბულთა რიცხვში ამოეყო თავი, თუმცა ის უბრალო ბეღურა არის და მეტი არაფერი. ვათავისუფლებ სასჯელისაგან მას და მადლობა კი გეკუთვნის შენ, მანუშაკ... ეს შენ მოალბე აგრე ჩემი გული, შენ გამაკეთილე... შენ, მანუშაკ, გაგიგონია ერთი ბერის ამბავი, რომელიც დამასკოში ცხოვრობდა?
- აბა, რა ვიცი, მე ხომ მონაზვნად არ ვაპირებ წასვლას?
- ერთი წახვიდე და... ყველა მონასტრებს გადავბუგავ... ჰო, დამასკოში ცხოვრობდა ერთი ბერი, იოანე, იოანე დამასკელი. ეს ბერი პოეტი იყო. და როცა ის გადაავლებდა თვალს ღვთის მიერ გაჩენილ ქვეყნიერებას, მის სიმშვენიერეს წარმოიდგენდა, მაშინ იღვიძებდა იმის გულში სიმღერა - ლოცვა, ყველაფერში ღმერთს ხედავდა და ღმერთს ამკობდა, ყველაფერი უყვარდა და ყველაფერს აკურთხებდა... ამ წუთას მეც ასეთი მინდა ვიყო - დეე, ბეღურამაც ადიდოს ღმერთი, დეე, თუ გინდ იფიქროს, თავი ინუგეშოს, რომ ის ბეღურა კი არა, ბულბულია... შენი წყალობით მე კეთილი ვარ ამ წუთას, მაგრამ ერთი მითხარი, მანუშაკ... ერთი რამ უნდა გკითხო, ოღონდ სიმართლე კი მიპასუხე...
- რა უნდა მკითხო?
- უკოცნია შენთვის ვინმე მამაკაცს, ან და გიმნაზიელს?
- ხა! ხა! ხა! კი უკოცნია...
- როდის? ვის?
- აი, სტეპამ მაკოცა ამ საღამოს.
- ახ, შე კუდიანო, შენა!.. ერთი ამიხსენი, მანუშაკ, საიდან სადაო სომხებს აგეთი ცხვირი?..
- რას ამბობ? რა ცხვირი?
- აი, მაგალითად, ასეთი, როგორც შენი...
- რა ვიცი აბა მე, საიდან უნდა გვქონდეს ჩვენ ასეთი ცხვირი!
- გინდა, მე გეტყვი.
- ალბათ, რაიმე სისულელეს მეტყვი, - გატყობ რაც ჭკუიანი ხარ.
- ჯერ მოისმინო უნდა, ქალბატონო, იქნება არც ისეთი სისულელე გამოდგეს ჩემი ნაამბობი. მაგრამ ჯერ კი თავი დადე აგრე... აი აგრე, მუხლებზე... ეხლა მიცქირე თვალებში, მაგრამ არ გაიცინო კი, თორემ გაკოცებ კიდევ... აი, აგრე გაკოცებ, ეხლა ხომ მიხვდი? ნუ იცინი-მეთქი, თორემ სალაპარაკოდ ვერ მოვიცლი... ახ, მაინც არ იშლი? მაშ აი შენ! აი შენ იგემე, გენაცვა! კმარა, დამიგდე ყური. შენ, რა თქმა უნდა, იცი, რომ ქრისტე იერუსალიმში ჯვარს აცვეს. აი, სწორედ იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა ერთი სომეხი, ხელობით მჭედელი, მიმართულებით დაშნაკელი...
- განა მაშინაც იყვნენ დაშნაკელები?
- ალბათ იყვნენ, რაკი ვამბობ. და როცა გაიგო ქრისტესა და იმის წვალების შესახებ, გამჭრიახმა სომეხმა გაითვალისწინა, თუ რა მაღლა დადგეს ქრისტეს ჯვარი, რომ იმაზე მიჭედილი მაცხოვარი მრავალი საუკუნეების მანძილზე იქნება ხილული, რომ მასთან ერთად ხილული იქნებიან ყველანი, ვისაც კი ამ ჯვარის გარშემო მოუწევს დგომა და რომ საჭიროა სომეხიც არ გამოეთიშოს სხვებს, ისიც იდგეს სხვების გვერდში...
- ყოჩაღ, სომეხო, აბა ქართველი მიხვდებოდა ამას?
- ამ მოსაზრებით გამოსჭედა მან ლურსმანი და გასწია გოლგოთისაკენ. ქრისტე ჯვარცმული იყო უკვე, მაგრამ ცოცხალი. იხილა რა სომეხი ლურსმნით ხელში, მან გაიღიმა, მიუხვდა გულის წადილს. შეუმჩნევლად გაინთავისუფლა ხელი და სტაცა ცხვირში სომეხს, აი, აგრე...
- ოი, რას სჩადი სტეპა... გიჟო!
- აი, აგრე, და მოსწია...
- სტეპა, გამიშვი ხელი... გამიშვი-მეთქი, სტეპა!
- აი, რად არის, რომ სომხებს გრძელი ცხვირები გაქვთ.
- სულელური ზღაპარია და მეტი არაფერი.
- რა თქმა უნდა, სულელური ზღაპარია, მანუშაკ, ეს, სომხების მტრის მიერ შეთხზული, მაგრამ მე მიყვარხარ შენ, მანუშაკ, და შეიძლება უფრო იმიტომ, რომ შენ ასეთი ცხვირი გაქვს, ასეთი თვალები, სახე, ეს კი არ არის არც სისულელე, არც ზღაპარი და დამამტკიცებლად ჩემი სიტყვებისა მე შენ გკოცნი...
ვარსკვლავები უკვე იცინოდნენ... ისინი დაგვცინოდნენ ჩვენ და კიდევ ბევრს ჩვენთაგანს მთაწმინდაზე ამ საღამოს, ისინი დასცინოდნენ გაუთავებელ ზღაპარს სიყვარულისას, სულელ შეყვარებულებს... და მე ვხედავდი ყოველივე ამას და მაინც შევხაროდი ვარსკვლავებს, რომლებიც მოწმე იყვნენ ჩემი სიხარულისა.
- შენ სადაური ხარ, მანუშაკ!
- ან - ელი.
- დედ-მამა გყავს?
- მყავს!
- ახ, რა მიყვარს ისინი, იცოდე!
- ერთი ამ ყოფაში დაანახათ შენი თავი, გაჩვენებენ სიყვარულს! - სიცილით მეუბნება ის.
- ახ, რა მიყვარს ისინი, იცოდე! რა მოხელე ხალხია?
- მამა ვაჭრობს.
- ზაფხულზე, რა თქმა უნდა, წახვალ სახლში.
- აბა რა ვქნა?
- მე კი თან წამიყვან?
- წაგიყვან.
- გზაზე არ დაგეკარგები?
- არა, არ დამეკარგები... გულში ჩაგისვამ და აღარ დამეკარგები.
- განა შენც გული გაქვს?
- მაქვს, სტეპა, წარმოიდგინე, მაქვს!..
- მაპატიე, მაგრამ თუ თვითონ არ დავრწმუნდი, ისე ვერ დაგიჯერებ.
მივადევ ყური მკერდს - სცემს და ფართხალობს რაღაც იქ. ჩიტივით ფრთხიალებს და მე მესმის: “მაქვს! მაქვს! მაქვს!”
- მანუშაკ! შენ იცი განა, რარიგ მიყვარხარ?
მისი ხელი სახეზე გადამესვა. და მგონია, რომ მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ამ ხელის გადასმით მომეალერსა ის პირველად ამ საღამოს... იმიტომ ხომ არა, რომ ამ ალერსში მე დედის ალერსი მომესმა! იმიტომ ხომ არა, რომ საყვარელი ქალის ალერსში აუცილებლად დედის ალერსიც უნდა ერიოს?..
- წავიდეთ, სტეპა!
- ცოტა დაიცა!
- გვიანია...
- ახ, ეს წყეული დრო! როგორ იჩქარის! და მერმე სად მიეჩქარება, რომ არ იცის?
არაოდეს, წყეულს, არ ჰყვარებია, არაოდეს!
- მანუშაკ! ამაღამ დაგეძინება კი?
- არ ვიცი!
- არა, შენ მითხარი, არა-თქვა.
- არ ვიცი, სტეპა.
- ეს საღამო, მანუშაკ, სიზმარია ვითომ?
- არ ვიცი...
“არ ვიცი”! მე კი ვიცი მშვენივრად. მე ვიცი, რომ მანუშაკი ჯანსაღი ქალია, რომ მას საღი ნერვები აქვს და როგორც ყველა ჯანსაღ ადამიანს, მის ტვინს არ შეუძლია ბევრი ოცნებობა და ფანტაზიორობა, და ვიცი მე, რომ ის მშვენივრად ივახშმებს ამეღამ, მაგრად დაიძინებს და თამამად მივა ხვალ ეგზამენზე. ის ჯანსაღი ადამიანია და ალერსი სჭირია ჯანსაღ ადამიანს, ეს ისეთი ბუნებრივი რამ არის... მე კი ცოტა დავიღალე, ნერვები ასე თუ ისე დაქანცული არის, თითქოს ნარკოზის გავლენის ქვეშ, და ვიცი, რომ ვერ ვიქცევი ისე, როგორც საჭიროა...
გოლოვინის პროსპექტზე გამოვეთხოვე იმას და აღვუთქვი, რომ შინ დაბრუნებისას ვიმღერებ, თუ გინდ მდგმურებმა პოლიციას დაუძახონ...
მაგრამ აღთქმა ვერ შევასრულე. ის ღამე გავატარე განსაკუთრებულ პირობებში, მთვრალებისა და პროსტიტუტკების საზოგადოებაში. ვიღაცამ ზრდილობიანად მთხოვა პოლიციაში წავყოლოდი. უარის თქმა შეუძლებელი იყო. მე გავყევი, და როცა მივდიოდი, ვიღაც მთვრალმა დედაკაცმა გზაში ენა მიჩვენა... დილით სულ უბრალოდ დამიმტკიცეს, რომ მე სტეპა როდი ვარ. და გამგზავნეს მეტეხის სასტუმროში, საიდანაც რამდენიმე თვის შემდეგ არხანგელსკის გუბერნიაში მიკრეს თავი.
იქიდან კი გავიქეცი, როცა ამის საშუალება მომეცა...
...ახირებულზე უახირებულესი, მისტიური თეთრი ღამე!
ზღაპრულად ფერავდა თეთრი სხივი თეთრი მზისა უზარმაზარ ქალაქს, ქალაქზე დაწოლილ თეთრ ნისლს...
ეს იყო ქალაქი პეტერბურგი.
და მეგონა, რომ ოკეანეს ძირში ვიმყოფები-მეთქი. და მეგონა, რომ ეს იყო სიზმარი, უჩვეულო მოჩვენება. რომ საცაა გავაჭყეტ თვალებს და გამომეღვიძება-მეთქი. და მეგონა აგრეთვე ისიც, რომ ყველაფერი ეს ერთხელ კიდევ წინეთაც მინახავს სადღაც, მინახავს და გამომიცდია და რომ ეხლა ყველა ეს მხოლოდ მოგონებაა ერთხელ გამონაცადის-მეთქი. და ეს ვეებერთელა სახლები და სასახლეები, ეს ქალები და კაცები, გრძელი, ფართე ქუჩები, ავტომობილ-ეტლები, ეს ხშირი სუნთქვა ლოკომოტივებისა და ორთქლის ნავებისა, ეს სიცილი და ხმაურობა ირგვლივ, ეს მთვრალი სიმღერა პროსტიტუტკისა და ის, რომ ვიღაც ხულიგანი, გულგრილ პოლიციელის წინაშე, სასტიკად ამათრახებდა ვიღაც დედაკაცს, და აგრეთვე ისიც, რომ ვიღაც გოგონა თავის თავს მაწოდებდა, მეფიცებოდა, რომ ის მხოლოდ ცამეტი წლის არის, მხოლოდ ცამეტის, რომ ყველა ეს იყო მხოლოდ მოგონება და არავითარი მსგავსი ნამდვილად, ამ წუთში არ ხდება-მეთქი... და ირგვლივ კი, ზევით, ქვევით იყო თეთრი ღამე, ახირებული, მისტიური თეთრი ღამე, აღსავსე სევდითა და მოლოდინით, აღსავსე გამოუთქმელი, შეუცნობი სურვილებით...
- ყმაწვილო, პაპიროსს ხომ ვერ მომაწოდებთ!
- ინებეთ!
- მერსი! ახ, რა მშვენიერ ღამეა!..
Ах зачем эта но-очь,
Была так хо-ро-шш-а!..
- ხომ არ გაისეირნებთ ჩემთან?
- გმადლობთ, არ მცალია.
- “არ მცალია”... თვითონ კი ისე დადის, როგორც დამხრჩვალი წყალში... გავიაროთ, არაფერია!
- ვთქვი, არ მცალია-მეთქი.
- არ გინდა? აი დარდი, თუ არ გინდა...
Ах зачем эта но-очь!..
და ისევ მგონია, რომ ყოველივე ეს მხოლოდ მოჩვენებაა და სიზმარი და ამასთან ერთად “ფეხის ფრჩხილებამდე” ვგრძნობ მარტოობასა და მიუსაფრობას, ცივს, მძიმე ობლობას სულისას. მარტო ვარ, მარტო!.. და ვხედავ ამ ვეება ქალაქს, ქალაქს სავსეს ისეთივე ადამიანებით, როგორც მე, და მე კი მარტო, სულ მარტო ვიყავი... და ვიცოდი აგრეთვე, რომ აქ ყველა მარტოობას გრძნობდა, რომ ყველას სევდა მარტოობისა გულს აწვა და რომ ყველა ჩქარობდა აქ იმიტომ, რომ ეჩქარებოდა გასცლოდა ამ მოჯადოებულ ალაგს, ამ მოჩვენება სიცოცხლეს, ამ სიზმარს, სულით ობლობით გაჟღენთილს... ყველაფერი ეს ხომ სიზმარია, მხოლოდ სიზმარი და მოჩვენება, და ყველა მივისწრაფოდით სახლისაკენ, სამშობლოსაკენ, თავშესაფარისაკენ...
- ა-ა, ყმაწვილო კაცო... მა-მაპატიეთ, ყმა-ყმაწვილო კა-კაცო, პარდონ... არა, მო-მომითმინეთ და მომისმინეთ, თუ შეიძლებოდეს - განა მე, წი-წინაშე თქვენსა მდგომარე, ღორი, ღო-ღორი ვარ მე განა?..
ძლივს იმაგრებს თავს, საცა არის დაეცემა ეს ვეება კაცი, მოხელის ტანსაცმელში, ლოთიჯანი სახისა... არაყის სუნითა და კიდევ უფრო მყრალი რაღაცათი ის მაიძულებს პირი ავარიდო მას, ის კი მიწვდის ხელს...
- გკითხოთ უნდა ერთი, ყმა-ყმაწვილო კაცო, განა მე ღორი ვარ? ვგევარ განა ღორს? თქვენ უნდა მა-მაპატიოთ, მაგრამ ა-ამიხსნათ კი უნდა ეს!
- საიდან წარმოიდგინეთ, რომ ღორი ხართ? - ვეუბნები მე და ვცდილობ გავშორდე.
- Та-ак! მაშ თქვენი ხელი, ხე-ხელი თქვენი, ძვირფასო, სა-საყვარელო... წა-წამომყვეთ უნდა სახლში... ერთი შე-შევარცხვინოთ ის ურცხვი და... უნდა გამოვტყდე, რომ მე ცოლიანი ვარ, ყმაწვილო კაცო... დი-დიახ, ოდესღაც ასეთი სი-სისულელე ჩავიდინე... უნდა გა-გამოვტყდე, რომ... რომ მე მართლაც ღორი ვარ... ხე! ხე! ხე! ყმა-ყმაწვილო კაცო, ნა-ნამდვილი პირუტყვი. მოახლოვდება თუ არა ოცი რიცხვი, მე ჯიბეში ფულები მაქვს, ყორყში კი ხე-ხე-ხე - ფხანა ამიტყდება... აქედან კი გამოდის, რომ მე ვარ ღორი... დედაკაცი კი ამაებს ყურადღებას არ აქცევს ოდნავად არ აქცევს და რა გინდა ქნა?.. და დღეს სახლიდან გამომაგდო, წარმოიდგინეთ! წადი, დაიკარგე ჩემი თვალიდან, შე ღორო, შე ღორის შვილოო! - რაებს ბედავ-მეთქი, დავუყვირე მე - დიახ, ასე შევსძახე - რაებს ბედავ-მეთქი. ვინც უნდა ვიყო, მოხელე კაცი, მთავრობისათვის საჭირო მაინც ვარ და თან კიდევ შენი კანონიერი ქმარი-მეთქი... აი ეს ვუთხარი და წარმოიდგინეთ, აკი ცოცხს მოჰკიდა ხელი და მომცხო კისერში... მომცხო და მომცხო! მოითმინეთ - სადღაა კანონი? სადღაა, ერთი მიბრძანეთ კონ-სტიტუ-ცი-ა! კონ-სტი-ტუ-ცია სად არის-მეთქი, მე ვიძლევი კითხვას. ასე უნდა ექცეოდეს ცოლი ქმარს? მე ღორი ვარ, ის მაშ წმინდანია, არა? თითქოს არ იცოდეს ყველამ, ვისთან დაძვრება, ვის ეკურკურება? თითქოს არ ვიცოდე ყველა იმისი ოინები. მე ღორი ვარ, მაგრამ ერთი მიბრძანეთ, ივან პავლოვიჩი ვინღაა, დედოფალო? ივან პავლოვიჩი ვინ არის, ა?.. მაპატიეთ... პარდონ!..
და მე ვავიწყდები, ის მიაბიჯებს წინ... თეთრი ღამე კი ფურჩულებს, მეფურჩულება მეცა და სხვებს, რომ აქედან საჩქაროდ წასვლაა საჭირო, საჩქაროდ თავის დაღწევა ამ მოჩვენება, ამ სიზმარ ქალაქიდან...
ეს არის პეტერბურგი!
არხანგელსკის გუბერნიიდან მე პირდაპირ პეტერბურგში მივედი, და როცა პეტერბურგის დამპალ ზეცას შევხედე, ტირილი მომინდა - სადღაც, ოდესღაც რაღაც ამგვარი მენახა თითქოს და იქ მე ვიტანჯოდი, ვიტანჯოდი. პეტერბურგის ზეცამ ეს დიდი ხნის წარსული გააღვიძა ჩემში, - სადღაც ოდესღაც, სწორედ ასეთი ზეცის კალთებს ქვეშ ვიყავ მე მარტო, სულით ობოლი, განწირული და ვიტანჯოდი. მაგრამ სად იყო ეს? როდის იყო?
და როცა უცებ ქუჩაზე მოცინარე ბავშვის სახე დავინახე, ძლიერ გამიკვირდა - ნუთუ პეტერბურგშიც იცინიან?
პეტერბურგი ახირებული ქალაქია, შეიძლება ერთად-ერთი ამ ქვეყნად. და ეხლა მგონია, რომ ეს ქალაქი მიყვარს მე. ეს მისტიური, მოჩვენება ქალაქი. და ხალხიც აქაური სხვანაირი მგონია - ქალი და კაცი - ყველა პატიოსანი. ეს ახირებულებაა, მაგრამ ეგ აგრეა. მე მგონია, მაგალითად, რომ პეტერბურგელი ქალები არ გიღალატებენ. მე მგონია, რომ მათი თვალები სუფთაა, ღრმა და სანდო, ისე როგორც ყველა პატიოსანი ადამიანის თვალი. დიახ, დიახ, მე ეს აგრე მგონია, რომ მათი თვალები სუფთაა, ღრმა და სანდო და ამ თვალების პატრონ ქალებს არ შეუძლიათ სიცრუე.
ერთ საღამოს კი ამ ქალაქში ერთმა ვინმემ თავი მოიკლა. ის შეუმჩნევლად გაჰყვა კვალდაკვალ ორ ადამიანს. ერთი მათგანი იმისი ცოლი იყო, მეორე კი მეგობარი. ქუჩიდან ქუჩაზე მისდევდა იმათ, შეჰყვა ბაღში და როდესაც ისინი ჩამოჯდნენ კუთხეში სკამზე, როდესაც იმათ ერთმანეთს აკოცეს, მან მიიდო რევოლვერი საფეთქელზე და თავი მოიკლა... დიახ, ეს ასე იყო. და ამ კაცსაც უყვარდა ცოლი, ძლიერ უყვარდა. და იმას ეგონა, რომ იმის ცოლს ჰქონდა სუფთა, ღრმა და სანდო თვალები და რომ ის არაოდეს, არაოდეს არ იცრუებდა. და ამ თვალების გამო, ამ სუფთა და პატიოსანი თვალების გამო, მას კიდევ უფრო უყვარდა ახალგაზრდა ცოლი. და ჰქონდა ნდობა მისდამი, განუსაზღვრელი ნდობა. და იმ საღამოს, როცა იმათ გაჰყვა, თვითონაც არ იცოდა, რად მისდევდა იმათ, რა უნდოდა გაეგო და ემხილებინა - ის ხომ საყვარელი და მოყვარული ცოლი იყო, ხოლო მეორე მისი ერთგული, გამონაცადი ამხანაგი. და როცა ის კვდებოდა - დამიჯერებთ თუ არა? - როცა ის კვდებოდა, ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ის კი არ კვდება, რომ საკუთარი თავი როდი მოუკლავს, არამედ მოჰკლა ისინი - ფლიდნი და მოღალატენი. ამ რწმენით მოკვდა ის და ეს რწმენა აშკარად მოჩანდა იმის გაფითრებულ სახეზე, როცა ის მკვდარი ზეცას შესცქეროდა...
ეჰ, ეს რა ამბავს მოვყოლივარ... განა მე იმის შესახებ არ ვლაპარაკობდი, თუ როგორ მოვხვდი პირველად პეტერბურგში? და აი, ერთხელ ამ ქალაქში სეირნობის დროს ვეებერთელა სასახლეს გადავეყარე, რომელიც მუზეუმი აღმოჩნდა. შევედი ამ სასახლეში, ვიყიდე კატალოგი, ავყევი კიბესა და მოვუხვიე მარჯვნით. გავიარე პირველი დარბაზი - იმდენი არაფერი. მეორეც - არაფერი. თითქოს ყველაფერი ეს დიდიხანია ნახული და შესწავლილი მქონდა. წავედი წინ... უცებ შემკრთალი შევდექი, მივიხედ-მოვიხედე. ეს რა ამბავია? ამბობენ - ვერეშჩაგინის სურათებიაო. მაგრამ ამიხსენით, ეს რა ამბავია? გაქცევა მინდოდა და ფეხს კი ვერ ვიცვლიდი. თმა ყალყზე დამიდგა, თრთოლა-კანკალმა შემიპყრო... აი, თურმე, რა ყოფილა ომი! აი, თურმე, ომი რა ყოფილა! და, ღმერთო ძლიერო, რამდენი კეთილშობილი, ჰუმანიური კაცი ამკობს და ადიდებს ომს, იმის სილამაზეს! აბა მოიგონეთ რუსთაველი და იმისი გმირები! “შიგან ასე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვტყორცნე, ცხენ კაცისა დავდგი გორი”. მოიგონეთ აბა აკაკი: “და გაიელვა ზედი-ზედ მტერზე, მისმა მახვილმა ძველებურათა!”.. რამდენი აღტაცებაა ომისა და მეომრების წინაშე აქ! აბა, პუშკინი და მისი “პოლტავის ომი” მოიგონეთ!.. და აჰა, წარმოდგა წინ ვერეშჩაგინი, გადაშალა ომი, გვიჩვენა ის სიგრძე-სიგანით და გვითხრა: “შეხედეთ, როგორ სტყუიან დიდებული პოეტები, დიდებული ჰუმანისტებიო”.
იქავე საყესავით იდგა სრულიად ახალგაზრდა აფიცერი, ისეთი კეთილი და განცვიფრებული გამომეტყველებით...
გული მძიმე სევდით აღმევსო და უკვე აღარაფერი აღარ მაინტერესებდა, როცა ამ საზარელ სურათებს გავშორდი. მივდიოდი მექანიკურად, შეუგნებლად, სანამ ერთმა უბრალო მოძრაობამ ვიღაც ქალისამ, რომელიც იდგა სტუდენტის გვერდით, ჩემკენ ზურგშემოქცეული, არ გამომაღვიძა, რაღაც არ მომაგონა... ნაცნობი იყო ეს უბრალო, მაგრამ ელასტიური მიმოხვრა, რაღაც დიდი რამ იყო შეკავშირებული თითქოს ამასთან. ვიცოდი და არც ვიცოდი, რაში იყო საქმე. და უფრო დაკვირვებით დავუწყე იმათ ცქერა. თითქმის ცხვირი მიეტანათ სურათთან, - განა აგრე უცქერიან სურათს, განა პერსპექტივის კანონი არ იცით? სტუდენტი მაინც არ იყოს ეს ყმაწვილი? მაგრამ ვიცი, შვილოსან, ვიცი რაშიც არის საქმე - თქვენ შეყვარებულნი ხართ, თქვენ ერთმანეთთან ახლოს იყოთ გსურთ, სურათი ფეხებზე გკიდიათ! სურათი მხოლოდ საბაბია და მეტი არაფერი.
მაგრამ ასე რამ გამაბოროტა, ასე რად გავჯავრდი ამ სტუდენტზე! ეს, ეს იჭვიანობა რაღა არის?
კატასავით ფრთხილად მივუახლოვდი იმათ და სახეზე შევხედე. გული აჩქარებით სცემდა მკერდში, - ერთი სტუდენტია, მეორე... მეორე?.. ელვის სისწრაფით მაგონდება საღამო ტფილისში და ბაგეზე კი ღიმილს ვგრძნობ...
- მანუშაკ!.. მანუშაკ!
მინდოდა მივარდნილიყავი იმასთან, - ეს ხომ მანუშაკია! ნამდვილად კი ნაბიჯს უკან ვდგამ, ვბრუნდები უკან და ძველი გზით მივდივარ კარში. გავედი ქუჩაში და შევჩერდი. მანუშაკ! მანუშაკ! მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ დამენახო მინდა. მხოლოდ ერთხელ მინდა ვიხილო შენი თვალის ციმციმი, დავინახო თუ როგორ ათამაშდება ხოლმე შენი წარბი, როცა რაიმე გაგაკვირვებს. მხოლოდ ერთხელ შენი სიცილი გავიგონო მინდა... ნუთუ ეს ბევრია, მანუშაკ! მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ დამანახე შენი სახე, შენი სიარული!..
არა, არ წავალ აქედან, ფეხსაც არ მოვიცვლი, მოვუცდი იმათ და როცა ის გამოვა, როცა გამისწორდება, მაშინ... მაშინ კი არ ვიცოდი რას ვიქმდი...
თუთუნს ცეცხლი მოვუკიდე, მაგრამ მწარეა თუთუნი...
მანუშაკ! მანუშაკ!
მაგრამ როცა ისინი ხელი ხელ ჩაკიდებულნი გამოვიდნენ ჭიშკარში, მე ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და ქუჩის მეორე მხარეზე გადავედი. ისინი წავიდნენ, არც კი შევუმჩნევივართ. მაგრამ მე მომესმა იმისი სიცილი... და მომელანდა ტყე და ტყეში აყვავებული იელის ბუჩქნარი და ამ ბუჩქნარში მოჩუხჩუხე, მხიარული ნაკადულის ზღაპარი - სიმღერა...
უჰ რა სიცივეა!
ეს იმიტომ რომ დიდიხანია კედელზე აწოლილი თურმე ვარ და კედელი კი ისეთი ნოტიოა, ისეთი ცივი...
რა მძიმე ლოდი მაწევს გულზე და რა სირცხვილს ვგრძნობ!.. თითქოს მთელი ღამე ღვინოსა და გარყვნილებში გამეტარებიოს... დიახ, გარყვნილებაა ის, რაც მომივიდა, დანაშაულია, ვაღიარებ აშკარად და საქვეყნოდ.
დამიგდეთ ყური... გუშინ ღამით, სამების დღესასწაულის წინ, ჩამოახრჩვეს სამი კაცი. ეს მოხდა ამნაირად: მომჯადოებელი, მთვარიანი ღამე იყო, სატუსაღოს კარგს გუნებაზე დაეძინა. შუაღამისას კი ჩვენ გაგვაღვიძა ნაცნობმა კაკუნმა - სახრჩობელას აგებდნენ. იმათ, ვინც უნდა დაეხრჩოთ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არავითარი ხმაურობა არ აუტეხიათ, რათა ჩვენ არ გავეღვიძებინეთ, ჩვენი ტკბილი ძილი არ დაერღვიათ. ყველაზე მეტად მე სწორედ ამან გამაოცა, ამ მათმა სურვილმა, რომ ჩვენ არ შევეწუხებინეთ. ადამიანს ახრჩობენ და ის კი ჩემს ამხანაგებს არ გაეღვიძოსო, უსიტყვოდ ემორჩილება ჯალათებს!.. არა, ეს ასე არ შეიძლება, ეს ჩემთვის გაუგებარია... მე შემრცხვა, შემრცხვა ჩემი თავის წინაშე, დასახრჩობ ამხანაგების წინაშე, იმათ წანაშე, რომლებიც ხვალ დილით ამომავალ მზეს გაუღიმებენ, ღმერთს მადლობას შესწირავენ, რომ ცოცხალნი არიან... მაგრამ, რა უნდა მექნა?.. მივირბინე ფანჯარასთან და ვიყვირე: “ამხანაგებო, მშვიდობით!” თითქოს ამ ძახილს ელოდა სატუსაღო, ამიტომ იყო სულგანაბული და უხმო. ყვირილი, წყევა, კარების მტვრევა, სტვენა, ლანძღვა და მუქარა ერთმანეთში აირია... აქედან იწყება ის, რაც წინეთ არაოდეს არ დამმართია. მე შიშმა შემიპყრო. შემეშინდა, მაგრამ რისი მეშინოდა? განა არ ვიცოდი, რომ მე ვერავინ დამახრჩობდა? რომ არც მომელის ასეთი სასჯელი მომავალში? განა არ ვიცოდი ეს? ვიცოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც შემეშინდა იმის, რომ მე მომკლავენ... ხოლო ის შეგნება, რომ ჩემი დახრჩობის უფლება არავის არა აქვს, ეს შეგნება ოდნავადაც არ მამშვიდებდა, თუმცა ჩემში ის ცოცხლობდა და თითქოს მამშვიდებდა. ეს შეგნება ვერ სძლევდა შიშისა და ძრწოლის გრძნობას აუცილებელი სიკვდილის წინაშე. თითქოს ეს ორი გრძნობა, გრძნობა, რომ მოკვლა არ შეუძლიათ და გრძნობა, რომ ამ წუთას მომკლავენ, არსებობდნენ ორს სხვადასხვა გულში, თუმცა ორივეს ვგრძნობდი და განვიცდიდი მე ერთი... დიახ, მეც ჩამომახრჩობენ - ეს ხალხი, ყველა ეს მცველები, ესენი განა რაიმეზე ფიქრობენ? უცებ ციხის უფროსი უბრძანებს იმათ, რომ დამახრჩონ, რა შემიძლია მათ წინააღმდეგ, რით დავიცავ თავს?.. ნუ, ნუ ყვირით, თქვე ოხრებო, ნუ ყვირით, ნუ ღრიალებთ! ამ თქვენ ყვირილსა და ღრიალში მოვლენ და დამახრჩობენ, ვერავინ ვერაფერსაც ვერ გაიგებს... ღმერთო, ნეტავი მალე გათენდეს ერთი! ეჰ, გაათავეთ ეს კაკუნი, დაახრჩვეთ ბარემ, ვისაც ახრჩობთ... ღმერთო, რით დავიცვა თავი, რით?.. ვერ დამახრჩობენ? კანონი ნებას არ აძლევს? ვერა? მადლობა ღმერთს! მაგრამ ვინ დაუშლის იმათ, მოვიდნენ და დამახრჩონ?.. აკი იმათ ახრჩობენ?.. მეშინია! მეშინია! მეშინია! თავბრუდამხვევ ღრიალსა და შფოთში მე ფრთხილად მივადექი ფანჯარას და უცებ შევამჩნიე მთვარე. ნუთუ ამ მთვარეს ქვეშ ახრჩობენ ადამიანს? ნუთუ ეს ნაზი, ეს ალერსიანი სხივები იცქირებიან ეხლა ღია კუბოებში, ღია სამარეში? ნუთუ ეს სხივები ანთებენ ჯალათებსა და იმათ მსხვერპლთაც? არა, ეს შეუძლებელია!.. და თუ ეს შესაძლებელია, თუ ეს შესაძლებელია, მაშინ მეც დამახრჩობენ, მეც, მეც... ამხანაგებო, მიშველეთ, მახრჩობენ! მე მახრჩობენ! თქვე მხეცებო და პირუტყვებო, რა უფლება გაქვთ, რომ დამახრჩოთ!..
და შემდეგ კი აი, რა მოხდა: გამოვამტვრიე მინები ფანჯარაში, გავტეხე სტოლი და სკამი, გავტეხე ყველაფერი, რის გატეხაც შეიძლებოდა. შემდეგ გავიხადე საცვალი, მოვუყარე ერთათ თავი საცვლებსა და საწოლს, წავუკიდე ცეცხლი და მე კი, ტიტველმა, ვიწყე ხარხარი და ტირილი...
- შენ ამას რას სჩადი?..
- არ მინდა! არ მინდა! არ მინდა სიკვდილი, არ მინდა!
შემკრეს და წამიღეს, მესმოდა, რომ საავადმყოფოში მივყავდი იმათ, მაგრამ მეგონა სახრჩობელასკენ მივდიოდით... მაგრამ ეხლა უკვე ისე დავიღალ-დავიქანცე, ისეთი გულგრილობა ვიგრძენი უცებ, რომ ყოველივე გაქრა - შიშიცა და სურვილიც... მხოლოდ ცრემლი ისევ მდიოდა თვალთაგან, მე ისევ ვკრთოდი... ჩამოსახრჩობად მიგყევართ? მომკალით, ჩემი სიცოცხლე ხომ ერთ ფარათაც არ ღირს, დამსაჯეთ, თუ ღმერთი გწამთ! მიმტკიცებენ, რომ არავის აზრადაც არ მოსვლია ჩემი დასჯა... ოჰ, არა, არა, - ვქვითინებ მე, - დამსაჯეთ, თუ ღმერთი გწამთ, ჩემი სიცოცხლე ხომ ფარათაც არ ღირს... მხოლოდ სიკვდილის წინ ერთი მანახეთ ვასო, კეთილი საქმე ჩაიდინეთ - მანახეთ ვასო, მე ის ძლიერ მიყვარს და დავემშვიდობები იმას... ის კარგი ბიჭია, თქვენ ეს არ იცით, ცუდად, მხეცურად მოექცნენ იმას, ის ეხლა უბედურია და მინდა იმას დავემშვიდობო... თქვენ ამბობთ, რომ მე არავინ მკლავს - რას მანუგეშებთ! სულერთია ეხლა ჩემთვის სიკვდილი, სიცოცხლე! ჩემი სიცოცხლე ერთ ფარათაც კი არ ღირს, ვის რად უნდა!..
როგორც იქნა დამაძინა ექიმმა და ძილშიაც მე უარს ვამბობდი სიცოცხლეზე, რომელმაც ყოველივე ღირებულება დაჰკარგა ჩემს თვალში, სანამ ჩემს თვალწინ ერთმა სურათმა არ წამოჰყო თავი, ერთმა უბრალო წამმა ჩემი წარსულიდან... აბა რა დიდი რამ არის, რომ ოდესღაც, რომელიღაც ქალიშვილმა მაკოცა!.. და ამ ქალიშვილის სახემ, შემთხვევით გაღვიძებულმა ჩემს გონებაში, ამ სახემ მომაბრუნა სიცოცხლისაკენ... რამდენი მაღალი და კეთილშობილი წუთი გამომიცდია, როცა ყველაფერი, რაც კი ღვთიურია ადამიანში, ფეხზე ამდგარა ჩემში, როცა ერთი სიცოცხლე არ მყოფნიდა და ათასი მინდოდა მქონიყო, რომ ერთი სამსხვერპლოს წინაშე დამედო, ერთი ღვთისათვის შემეწირა და არც ერთი ეს ამ საშინელ ღამეს მე არ მომგონებია და მხოლოდ ერთი შავგვრემანი გოგოს მოგონებამ დამიბრუნა სიცოცხლის სურვილი... სულ ყველაფერი სხვა დამავიწყდა ამ საშინელ ღამეს...
გამომეღვიძა - მზის სხივი მიცინოდა, როგორც დედა და კიდევ რამდენიმე სნეულმა მომილოცა:
- ჩვენ გვეგონა, ამხანაგო მიხა, რომ ჭკუაზე შესცდით!
და მე შემიპყრო გიჟურმა სიხარულმა - ცოცხალი ვარ! ცოცხალი ვარ! სიცოცხლე მინდა და სხვა არაფერი!.. სიცოცხლეს ხომ მხოლოდ ერთხელ გამოცდის ადამიანი, მხოლოდ ერთხელ! ნუ მართმევთ ამ სიცოცხლეს, ის ისეთი მშვენიერებაა! ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მხოლოდ სიცოცხლე დამანებეთ, დამანებეთ ვისუნთქო და ქვეყნიერებას ვუცქირო...
ეჰ, ეხლა მესმის მე ის ვაკხანალია, ის გარყვნილი ქეიფი, რომელმაც მოიცვა საზოგადოება რეაქციის შავ დღეებში... და მე მრცხვენია...
ასე ჩავწეროთ, ამხანაგო მიხა, შენ მხოლოდ მანუშაკმა დაგიბრუნა სიცოცხლე, მხოლოდ მან!.. შენ მხოლოდ ის მოგაგონდა...
მოკვდა ტუსაღი მოკროუსოვი და მისი ცხედარი გაგზავნეს სამკვდრეში.
ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ ათავებდა ის სასჯელის ვადას და გამოსვლისას პატიოსან შრომას ეპირებოდა, პატიოსან ცხოვრებას. არა, ქურდობას შემდეგში ის აღარ მოჰკიდებდა ხელს, წყეულიმც იყოს ქურდობის მომგონი და მისი თაყვანისმცემელი... აი, თუ ღმერთმა ქნა და ფეხი მოიკიდა იმან თავისუფლად, თუ ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწია, წავა ის კერჩსა თუ ფეოდოსიაში, სადაც მას ვიღაც ნათესავი ქალი მოელოდა, ისესხებს იმისგან ხუთ თუ ექვს თუმანს, დაიწყებს ვაჭრობას, ერთხელ მაინც დაიძინებს ადამიანურად...
- ისე ვიცხოვრებ, როგორც გრაფი... რაო? ძველ ხელობას? ქურდობას?.. არაოდეს, აი ფიცი, არაოდეს აწი მე არ ვიქურდებ... განა მე, ბ-ნო მიხეილ, განა მე ქურდი ვიყავი, ქურდობაზე მიფიქრია წინეთ, რომ იმ წყეულ ქალებს არ დავეღუპე?.. იმათ დამღუპეს, აი, იმათი სინსილაც კი გაწყდეს... მე წინეთ ნოქარი ვიყავი, გადავეყარე ვიღაც აშარს, რომელმაც ტყავი გამაძრო. ჯამაგირი რომ აღარ ამითავდა, სხვის ქონებას ვსტაცე ხელი... და მერმე, როგორც მოგეხსენებათ...
შემდეგ კი საქმე ჩვეულებრივ დატრიალდა. აგერ ათი წელი იქნება, რაც ის თითქმის სატუსაღოშია. ის რეციდივისტი ქურდია. მაგრამ ეხლა ბასტა. მობეზრდა ციხეებში წანწალი, ეყოფა რაც სცემეს პოლიცია-სატუსაღოებში - მთელი ალაგი ტანზე არა აქვს. ერთიან დაბეჟილია... ახ, იცოდეთ, რა უღმერთო ცემა იციან, რა მწარე ცემა იმ ურჯულოებმა!
- აწი კი პატიოსან საქმეს მოვკიდებ ხელს, მეყოფა.
- აღარ იქურდებ, რაღა? - ჰკითხავდა დაცინვით ქურდების მეთაური ზაიკინი, რომელიც, ნაცემი მაძებარ პოლიციელებისაგან, ამჟამად გვერდებს იმთელებდა საავადმყოფოში.
- არ ვიქურდებ...
- პატიოსანი კაცი გინდა გახდე, რაღა?
- მინდა და კიდეც გავხდები!
- ახ, შენი ბრიყვი გოგრა, შე ვირო და მუტრუკო, შენა! ერთი შეხედეთ ამ წუნკალს, ბიჭო, შე მუტრუკო, როდის იყო ქურდი კაცად იქცა, ბოზი პატიოსან დედაკაცად და პოლიციელი წმინდანად? ქურდი ქურდად უნდა მოკვდეს, არ იცი შენ ეს? და თუ გინდა ვაჭრობაც დაიწყო, ამით ქურდობას აშორდები გგონია? ვაჭრებიც იგივე ქურდები არ არიან? მღვდლებიც, ჩინოვნიკებიც? განა ყველა ამ ქვეყნად, გარდა პროლეტარიატისა იგივე ქურდები არ არიან? და პროლეტარებშიც ცოტაა ქურდები? და მაგას კი უნდა პატიოსან კაცად გახდეს!..
ზაიკინმა გადმომხედა - ერთი შემომხედე, ქურდი ვარ მართალია, მაგრამ ცოტა რამ მეც გამეგება ამ ქვეყნად, ქურდი ვარ, ასე ვთქვათ, სოციალისტურ მარილ-ნაჭამიო...
- პატიოსანი კაცი კი არა, შენი დედაც ასე და ასე... აი, რა გახდები შენ, როცა აქედან გაეთრევი!
და სნეულების ხარხარსა და სიცილში ზაიკინმა უალაგო ალაგას დაიკრა ხელი...
- Дурак! - მოკლედ და გულგრილად გასცა პასუხი მოკროუსოვმა მას და გადააფურთხა...
ჰოდა ის ფიქრობდა ქურდობას გამოსთხოვებოდა, პატიოსან საქმეს შესდგომოდა. მაგრამ ჭაჭების ანთებამ ეს იმედი მოუკვეთა და თავისუფლების დღემდე იმას არ აცალა... დღეს დილით ის პირის დასაბანად გავიდა, სადაც გრძნობა დაჰკარგოდა და უკან უკვე ორმა კაცმა შემოიტანა. დაუძახეს ექიმსა და მღვდელს. ეს უკანასკნელი უფრო ადრე მოვიდა ციხის უფროსის თანხლებით.
- მოკროუსოვ, გამარჯობა! - მიმართა ციხის უფროსმა. - განა ვერ მიცანი მე?
- არაფერს არ გრძნობს, თქვენო კეთილშობილებავ! - აუხსნა ვიღაც ტუსაღმა.
- შენ ვინ გეკითხება? - სასტიკად შენიშნა უფროსმა.
- სანამ გონება არ დაჰკარგა, რად არ შემატყობინეთ? - იკითხა მღვდელმა.
- ვინ იცოდა, რომ ასე ჩქარა მოკვდებოდა.
- ვინ არის ეს? პოლიტიკურია?
- მამაო, ეს მომაკვდავი კაცია!.. - უცებ მკვახედ წამოიძახა ზაიკინმა.
- შენ ეი... ენას კბილი დაადგი, თორემ...
ხუცესმა მოკლე ლოცვა წაიკითხა, ხოლო ზიარების მიცემაზე უარი თქვა - გონება აღარ აქვს, არ შემიძლიაო, გადასახა მომაკვდავს ჯვარი, შემდეგ ჩვენც გვაკურთხა და გავიდა... ამასობაში ექიმიც მოვიდა, დახედა მომაკვდავს, უიმედოდ ხელი დააქნია და ისიც წავიდა.
ციხის უფროსმა უბრძანა ერთ მოხუც სნეულს, თვალი ედევნებინა მომაკვდავისთვის...
ბუზებს დღესასწაული გაუჩნდა... უძვრებოდნენ მომაკვდავს ცხვირსა და პირში, ისვრებოდნენ იმის ოფლში, მხიარულად ტრიალებდნენ ჰაერში, იქ ერთდებოდნენ და მოკროუსოვის სახეზე ეცემოდნენ, რათა სიყვარულის აქტი დაეთავებიათ...
- ახ, თქვე წყეულებო... - და მოხუცმა მოკროუსოვს სახეზე საბანი გადააფარა.
- ამას რას სჩადი, შე ბებერო ქოფაკო! რად ახრჩობ ისედაც მომაკვდავ კაცს! - აღელდნენ ტუსაღები.
- მა რა ვქნა... წაბილწონ ქრისტიანი კაცი ამ ბინძურმა მწერებმა?.. თვითონ კოფაკებო!
- გადააძვრე ამ წუთსავე საბანი!
- არ გადავაძრობ და მოიკალით თავი!
- მოიცა, ბებერო ძაღლო, მალე შენი ბოლოც მოაღწევს, მოგიგონებთ ამას...
და ვიღაცამ, გაჯავრებულმა, ისეთი ძალით დააქანა საბანი სნეულის სახიდან, რომ საბანს თან გადმოყვა და ძირს დაეცა ძვალ-ტყავადქცეული მოკროუსოვი... ვიღაცამ სიცილი ვერ შეიმაგრა. ვიღაცამ შეიძახა, ეცნენ სნეულს. სტაცეს ხელი, მაგრამ სანამ ტახტზე დადებდნენ, მოკროუსოვი გათავდა...
მისი ნეშთი ტახტზე იდო, საავადმყოფოს ხალათში, ზეწარ-გადაფარებული. მოვიდა უფროსი ზედამხედველი.
- მოკვდა?
- მოკვდა! - მიუგო მცველმა.
- შეიძლება არც მომკვდარა, ტყუის... ეი, მოკროუსოვ!
და მან წაღის წვერით გადახადა სახიდან ზეწარი, ცხვირს გაჰკრა ფეხი.
- რას სჩადი... - იყვირა ზაიკინმა.
- გაჩუმდი! გაჩუმდი!
- ძაღლი ხომ არ დამხრჩვალა, ადამიანი იყო!
- გაჩუმდი-მეთქი, გეუბნებიან.
- უჰ, შე გიტარა, შენ!..
- რაო? რა თქვი? გიტარა ვის დაუძახე?
- რა ამბავია? რას ყვირით? - მოისმა კარებში ციხის უფროსის გაბრაზებული ხმა. უფროსმა ზედამხედველმა საჩქაროდ მიიბრუნა იმისკენ პირი, ხელი ქუდზე მიიდო, გამოიჭიმა და მიმართა:
- თქვენო კეთ - ბავ! ციხის საავადმყოფოში 10 სნეულია. მოკროუსოვი მოკვდა... ზაიკინი თავხედობს და ილანძღება, გიტარა დამიძახა...
- აბა მიჩვენე, რომელია ზაიკინი!
- აი ეს არის, თქვენო კ- ბავ!
- კარცერში, ჩქარა!
- მე სნეული ვარ...
- არა უშავს... კარცერში მორჩები...
ზაიკინი წაიყვანეს კარცერში, მიცვალებული - სამკვდროში...
ჩვენ სატუსაღოს საავადმყოფოში დავრჩით, ეხლა უკვე ცხრა კაცი...
ღამეა კაეშნიანი,
თვალი ვერ ხედავს ვერასა...
ქარი ჰქრის, ქარი ღრიალებს,
ქარი დასტირის ბნელასა!..
- ეი, შენ, გაშორდი ფანჯარას! გესმის?
- რად ხარ ასეთი ბოროტი, მეგობარო! ვერ ხედავ, რა მშვენიერი საღამოა! განა შენ დაგაკლდება რამ, მე რომ აქ ვიდგე?
- შენ გეუბნებიან - წახვიდე მანდედან, თორემ...
- თორემ მესვრი, არა?.. აჰა ჩემი მკერდი, მესროლე... სამ მანეთს საჩუქრად მიიღებ. მესროლე, რაღა!
- ახ, შენი დედა, შენი მამა... ასეთი სულელის მოკვლისათვის სამ მანეთს კი არა, სამ კაპეიკსაც არავინ მომცემს და ტყვიის ფულსაც გადამახდევინებენ... ანასინ, ბაბასინ, შენ ვერ მიგახვდინე, რომ ნება არა მაქვს ტუსაღი ფანჯარასთან მივუშვა...
- ამხანაგო ჯარისკაცო, მაპატიე!.. ამ წუთას წავალ აქედან, ნახვამდი... პაპიროსი გადმოგიგდო?
- კანონი არ არის...
- არაფერია, აბა ვინ დაინახავს...
- დარაჯო! ვის ელაპარაკები?
- თქვენო კეთილშობილებავ, ტუსაღი ფანჯარას მოადგა.
- სადა? რომელი?
- მე ვუბრძანე, წასულიყო და ისიც წავიდა, თქვენო კ - ბავ!
- ძალიან კარგი. ხოლო თუ არ დაგიჯეროს, ესროლე, მოკალი მამაძაღლი..
- მესმის, თქვენო კ - ბავ!
ეხლა მინდა ფანჯარას მივადგე. დეე მომკლას. მაგრამ ის... მაგრამ ის, ვინაც მე უნდა მომკლას, მას არ უნდა მკვლელი იყოს, არ უნდა... და იძულებული კი იქნება მომკლას... ვალდებულია! კარგი იქნება ჩემი მხრით ასე მოვიქცე?..
დადგა შემოდგომა. მე კი ჩქარა მოვკვდები. ეს იმიტომ, რომ არავის ვუყვარვარ, არავის! ავად როდი ვარ, როდი ვწევარ, ისე, ფეხზე ვჭკნები. ეს იმიტომ, რომ არავის ვუყვარვარ, არავის! და მე ჩქარა მოვკვდები. იმიტომ, რომ არავის ვუყვარვარ. დილიდან საღამომდე, ძილში თუ ცხადში, ყოველ წუთში მე ვგრძნობ, რომ არავის ვუყვარვარ, რომ ჩქარა მოვკვდები.
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
არავის ვუყვარვარ, არავის! ეს რა შეუსაბამობაა - ცოცხლობდე კაცი და ფიქრობდე მოვკვდებიო. და მე კი სულ ამაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე არავის ვუყვარვარ.
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
ზაფხულზე მთელი თვე ვიწექი, ეხლა კი ავად აღარ ვარ, მაგრამ ვიცი მაინც, რომ ჩქარა მოვკვდები. ვიცი, იმიტომ რომ არავის, არავის ვუყვარვარ, არავის. და მენატრება ვიღაც, ან რაღაც, კარგად არ ვიცი... რა არის ნატვრა?.. “სევდა, გამოწვეული იმის სიშორით, ვინც გიყვარს, არის ნატვრაო” - ამბობს სპინოზა. მაგრამ მე ვინ მიყვარს? ვისზე ვარ მე დაშორებული?.. მენატრება კი ვიღაც თუ რაღაც... ეს იმიტომ, რომ არავის ვუყვარვარ...
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
მე არავის ვუყვარვარ და ვიცი, რომ ჩქარა, ჩქარა მოვკვდები, ვიცი!..
ეს სტრიქონები დასწერა კაცმა, რომელმაც საშინელი ღამე გაატარა, მთელი ღამე ის ფიქრობდა მხოლოდ ერთ რამეზე, მთელ ღამეს ერთი მძიმე ფიქრი აწვა მას გულზე - ის ფიქრობდა აუცილებელ სიკვდილზე, ის ფიქრობდა, რომ მარტოა, მოძულებული და რომ არავის, არავის ამ ქვეყნად ის არ ახსოვს, არავის ის არ უყვარს... იყო და არა იყო რა, შაშვი იყო მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, იყო ერთი ვინმე, სატუსაღოში დამწყვდეული, და კაცი იგი იყო სულით ობოლი და უბედური...
და ოხერ შემოდგომის ღამეს ეს მან განსაკუთრებით იგრძნო. და იგრძნო რა ეს, ის ერთი-ორად გაბოროტდა... ხომ აქვს ადამიანს ისეთი წამი სიცოცხლეში, როცა მას განგებ სურს უბედურად იგრძნოს თავი, შეურაცხყოფილად, დაცემულად... ბევრი დარდი, ბევრი მწუხარება აწევს იმას გულზე, მას კი სურს ეს დარდი და ეს მწუხარება გაუორკეცდეს... გაუსამკეცდეს... თვალს ავლებს ის წარსულს - იქ მხოლოდ ტანჯვა და მწუხარება. აწმყოც მისი ასეთივეა. მომავალი კიდევ უარესი იქნება. და საზოგადოდ, აბა რა არის ცხოვრებაში კარგი და საამური? იუდამ ქრისტე გაჰყიდა, ხოლო მოციქულმა პეტრემ, რომელსაც “ქვას” უწოდებდნენ, სამჯერ უარჰყო მოძღვარი მისი.
დიდებული მეცნიერი ბეკონი მექრთამე იყო და კონტის ცოლი ფულებზე იყიდებოდა. გარიბალდის სატუსაღოში ამწყვდევდნენ, აზეფი კიდევ ჯაშუში გამოდგა და მოღალატე... ხომ არის ადამიანის სიცოცხლეში ისეთი წამი, როცა მისი გონების წინაშე დგებიან მარტოოდენ სისაძაგლენი ისტორიისა და დამნაშავენი ისტორიის, სისაძაგლენი, როგორც მსოფლიო ისტორიის, ისე კერძოდ მისი...
ეს სტრიქონები დასწერა კაცმა, რომელმაც ველური ღამე გაატარა. გათენებამდე იმას არ დაუხუჭია თვალი, ფანჯარას კი სცემდა და ეხეთქებოდა ავი სულებით აღსავსე შემოდგომის ღამე, ქარი კვნესითა და ქვითინით დაძრწოდა, წვიმა ბოროტი სისინით სცემდა, ამათრახებდა ვიღაცას, ხოლო ბებერი, უკბილო კუდიანი ჩამომჯდარიყო ტელეგრაფის ბოძებზე და თავისი ძვალ-ტყავა თითებით ამღერებდა ტელეგრაფის მავთულებს რაღაც საშინელ სიმღერას. და მთელი ღამის განმავლობაში ესმოდა ეს საშინელი სიმღერა იმ კაცს, რომელმაც დასწერა ეს სტრიქონები. ის ციხის ოთხ კედელში იყო გამომწყვდეული და საშინელ სევდას გრძნობდა, საშინელ წუთებს განიცდიდა.
იმას, ამ სტრიქონების დამწერ კაცს, ერთი დიდისაგან დიდი თხოვნა აქვს ჭკუიან, ნასწავლ კაცებისადმი. მას სურს აუხსნან ჭკუიანმა კაცებმა, თუ როგორ, რა ნიადაგზე იბადებიან ადამიანის თავში ისეთი ფიქრები, როგორიც დაებადა მას იმ ღამეს. ის, მაგალითად, შეიპყრო ასეთმა ფიქრმა: “რამდენი წელია ვზივარ მე აქ, ირგვლივ კი ისეთი საშინელი ღამეა. და თუ ეხლა, ამ წუთას ვისმეს არ სძინავს გარეთ, იქ, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ, თუ ვისმეს არ სძინავს ეხლა, ვინც უნდა იყოს ის, მტერი თუ მოყვარე, დიახ, მტერი თუ მოყვარე, ის მომიგონებს მე, ტუსაღსა და დასჯილს და იტყვის: იგი შენ! ასე გეკადრება!.. ასე იტყვის ის და უფრო თბილად გაეხვევა საბანში და იგრძნობს განსაკუთრებულ სიხარულს, რომ მე ვზივარ სატუსაღოში და არა ის... - ის ზის და არა მე! ის და არა მე! რამდენიმეჯერ გაიმეორებს ისა და უფრო და უფრო შემოიხვევს საბანს. და იმისი საბანი კი ისეთი ლბილი და თბილი, ისეთი მსუბუქი და სუფთაა, ისე ეალერსება იმის სხეულს, ისე ანებივრებს! ისეთი, ისეთი ძვირფასი საბანია მისი საბანი!..”
აი, ასეთი ფიქრები მოსდიოდა იმას თავში იმ წყეულ ღამეს, ესე იგი, წუხელ.
- სიწამხდრე და სისაძაგლეა ასეთი ფიქრი. ეს ხომ ცილისწამებაა! - თითქოს გაუელვა იმას თავში, მაგრამ როცა კუდიანმა ცეკვაც დაიწყო, როცა იმან დაჰკივლა და დაიღმუილა, როცა ის ჯარასავით დატრიალდა ერთ ალაგას და დაიწყო ხარხარი, ხარხარი - ხა-ხა-ხა!.. ის კაცი, ამ სტრიქონების დამწერი, წამოიჭრა ზედ, წამოიჭრა და გადააფურთხა... მან გადააფურთხა ყველა იმათ, ვინც ამ ღამეს თბილსა და მსუბუქ საბნებში ნებივრობდნენ, ყველას - მტერსაცა და მოყვარესაც, მოყვარეს კიდევ უფრო გულდაგულ... რად წევხართ და რად დასცინით იმას, რად დასცინით - ფუ თქვენ!.
და როცა იმის წინ საიდგანღაც გაჩნდა ნაცნობი ქალი, ერთ დროს მისი მეგობარი, ვასოს ნაცოლევი, მან შესძახა მას შეუბრალებლად და ცინიკურად:
- ახ, შე ბოზო და როსკიპო!
ის შეკრთა და გაფითრდა.
- მიხა! მიხა! არ გრცხვენია? რას მერჩი?
- წადი, მომშორდი, შე ბოზო!.. შენ, რომელიც ატყუებდი არა თუ ქმარს, არამედ ყველას, შენ...
- შეიძლება, მიხა არც იმდენად დანაშაული ვიყო... მტყუანი ვარ, მართალია, მაგრამ... ის ტუსაღი იყო, მიხა, მე ის მეცოდებოდა... მე მეგონა, რომ... ახ, მე უბედური, განა მე არ ვიტანჯები, მიხა?.. ერთხელ ვცოცხლობთ ამ ქვეყნად, მიხა...
- სწორედ იმიტომ, რომ ერთხელ ვცოცხლობთ ამ ქვეყნად, ღორობას უნდა ვერიდოთ... ხა! ხა! ხა! ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოხვიდე ამ ქვეყნად და წაიღო უნდა თან ღორის სახელი, ფუ!..
- მიხა... მე მტყუანი ვარ, მაგრამ ჰკითხევი შენს სინიდისს, მართლა იმდენად დამნაშავე ვარ, რომ... რომ...
რომ ატირდა, ვითომ რაო? ვითომ რაო, რომ გულში რაღაც დაიბადა, რაღაც კითხვა, რომელიც აქამდე არ დამბადებია!..
რა იქნა ჩემი კუდიანი!.. სად არის?
ისევ ჩამოჰკრა მან მავთულის სიმებს თითები და კვლავ დაგუგუნდა ველური სიმღერა... და ბოროტმა სულმა ერთი ორად მოიკალათა იმ კაცის გულში, რომელმაც დასწერა ეს სტრიქონები...
ეს სტრიქონები დასწერა იმ კაცმა, რომელსაც ეხლა რცხვენია, საშინლად რცხვენია გუშინდელი ღამის, რომელსაც რცხვენია და კიდევ ეშინია, საშინლად ეშინია - ეს ღამე არ განმეორდეს...
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
მე ჩქარა მოვკვდები, იმიტომ რომ არავის მე არ ვუყვარვარ, არავის...
არავის! არავის!..
Где твое личико смуглое,
Нынче смеется кому?
მე ჩქარა მოვკვდები... ჩქარა!.
1911 წ.