შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

*ბიოგრაფია (შ.გ) 

გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს თბილისში, სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა.
გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში", რომლის რედაქტორი იყო შოთა ძიძიგური.
გ. შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე სცადა კალამი დრამატურგიაში. დაწერა პიესა „დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა „დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.
გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). რვა წლის განმავლობაში (1936-1944 წ.წ.) სოფლებში ქვემოჭალასა და კავთისხევში, ასევე კასპში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, რუსულ ენას, ისტორიას.
1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო, დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა.
1945 წელს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა გიორგი შატბერაშვილის პიესა „ფიქრის გორა", ამ პიესას მოჰყვა „რკინის პერანგი " და „ძველი სახლი ", რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა „უცნობი ქალი". ბევრი საინტერესო მოთხრობა შექმნა მწერალმა. მან 1949 წელს მკითხველს პირველ ჭაშნიკად შესთავაზა მოთხრობების წიგნი „უკვდავი ფესვი". 1953 წელს მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. რეაბილიტირებულთა შორის იყო გიორგი შატბერაშვილიც.
გიორგი შატბერაშვილისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ქართული წიგნის თაროებს ზედიზედ შემატა: მოთხრობები (1954 წ.), „აიმ მთაზედა", „სამაია" (1956 წ.), წერილებისა და ნარკვევების კრებული „ნაფიქრი" (1959 წ.), „მკვდრის მზე " (1960 წ.), „ ჩემს ძველ სახლში" (1960 წ.), პიესები (1963 წ.); საბავშვო წიგნები: „კარგი ბიჭი" (1949 წ.), „მტკვრის სათავისკენ" (1951 წ.), „სათაფლია" (1958 წ.), „ხილთა ქება" (1961 წ.), პოემა „ზაფხულის ღამის ქრონიკები " (1963 წ.), „ჭაშნიკი" (1964 წ.). ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში იყო 1962 წელს გამოცემული ვრცელი კრებული „პოეზია, პროზა". 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ " გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული.
1960 წელს მკითხველისთვის უკვე დაღვინებული მწერლის მიერ შემოთავაზებული შესანიშნავი მოთხრობა „მკვდრის მზე" გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა რუსულ ენაზე და მოსკოვში დაიბეჭდა რუსი მწერლის ნიკოლოზ ტიხონოვის წინასიტყვაობით.
გიორგი შატბერაშვილი იყო მკვლევარი - ფილოლოგი, ამავე დროს ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი, წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ - გაზეთების („ დროშა ," „ ცისკარი " ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე იგი ჟურნალ „მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას განაგებდა. სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი (1953 წლიდან), პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. 1964 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა " გამოსცა გ. შატბერაშვილის რჩეული ლექსების კრებული „გზა, განვლილი გზა". გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

??????