განცხადება
(გაცნობა-დაოჯახების კლუბის
1996 წლის არქივიდან)
რაკი უკვე წელიწადი ოცდა კიდევ რამდენიმე
შემისრულდა _ შევიქენი ესე იგი მოწიფული,
ავწონე და დავწონე და ვანდე ბედს
და ვანდე იმედს
ესე ჩემი განცხადება _ ცხელი გულის მოციქული:
მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდან
ვეღარ ვიტან მარტოობას _
მარტოობას ვინ აიტანს! _
რანიდან თუ შირვანიდან, ვანიდან თუ ჟინვალიდან
ცოლად მომყავს: ზია-ხანუმ, ხანუმა ან ზინაიდა!
ტანად _ ალვა, ბაგე_ბანგი,
თვალებ _ გიშერკუპრიანი,
სინაზის და სილამაზის სათავე და სათაური...
მაგრამ, ჯერ ის მოგახსენოთ,
მგონი, იყოს უპრიანი _
თვით ავტორი ამ უსტარის ვინ არის და სადაური.
გარეგნობა? _
ძირითადად უცხო ფერის თვალს უქებენ,
შვენიერი ჰასაკითა, ისე როგორც _ ასაკითა...
მოკლედ, თუკი მიხედავენ _
ცოტას თუ მოასუქებენ,
გამოდგება ისტორიულ ისტანბულში გასაყიდად.
თორემ ისე გამომხმარა, მიმიქარავს საქსაული,
დაიფშვნება, ხორშაკმა რომ
დაუბეროს გამეტებით;
თორემ ისე დაბანცალებს, როგრც არააქაური,
ანდა კიდევ უარესი _
როგორც უცხოპლანეტელი.
დაბანცალებს შორეული
სამშობლოდან მოკვეთილი,
თითქოს ფეხებს უჭინჭრავდეს
დედამიწის მწვანე წინდა;
ხსოვნის ხავსებს ეჭიდება
წყალწაღებულ პოეტივით
და მოკვეთას ელის კიდევ
უფრო უცხო პლანეტიდან.
ნოსტალგიურ ზმანებებთან
სასმისების კოტრიალი,
სცადეს კიდეც, აღეკვეთათ,
უცნაური ტოლუმბაშის;
სთქვეს, თუ: "მიწას შევარიგოთ"
და უთვალავფოთლიანი
მიუბოძეს ტალავარი,
რომელს ჰქვიან "კომუფლაჟი".
კვლა სთქვეს: "ესეც არა კმარა,
დაგვემსგავსოს, დაე, უფრო:
თავად თუმცა მხოლოდ ლერწმის
დაკენკილი ღერო ნებავს,
შიგადაშიგ თოფი მივცეთ _
იწურთოს და დაეუფლოს
მოკვდინების უძველეს და უზენაეს ხელოვნებას!"
ვინ გაბედოს, ავი სიტყვა
პირში კვამლად შეგაბოლოს,
როცა ბრძოლის ველისა თუ იალაღის გქვია ლაღი!
ეგ კი არა, თუ სადმეა და ვენდობით ენა-ბოროტს,
მარაგში აქვს თვითმკვლელობის
ატომური იარაღი!
მერე რა, რომ იარაღი ესე ავად იარაღობს,
მერე რა, რომ ომის პუტვად
არც კი უღირს ყოფის ჩიტი _
იქნებ, ნაქებ სააქაოს ზედ სიფათზეც მიანაყოს,
მეათასედ ჩაქნეული ხელი თუკი მოისყიდის.
მერე რა, რომ ზეზეულად ხმება,
როგორც ხე-ტიალი
და ყვავილი, გაუშლელი, ძირს ჩამოდის
თითო-თითოდ,
მას კი ნეხვში ფესვის გადგმას
უგზოდ უჯობს ხეტიალი
და სიყვარულს ისე ეძებს,
დაეკარგოს ვითომ თვითონ;
მერე რა, რომ მთვარის ვარდის
არომატი არ ეთმობა;
ცას ირეკლავს თვალთა ოდნავ ალმაცერი იაგანი...
და თვალებზე გამახსენდა შენაპირი გარეგნობა,
მოგითვალეთ ნაცვლად რომლის
შვენებანი შინაგანი.
გამახსენდა: განცხადება ასე სულ არ იწერება:
ვის ადარდებს, თვალები გაქვს ბრიალა
თუ მინაბული?
ქერა ხარ თუ _ შავგვრემანი,
უწვერო თუ _ თხის წვერება _
შენი ბედის გრაფებია:
"სამსახური", "ბინა", "ფული"!
მაგრამ როგორ გავამხილო:
რითმის ისრებს, თავდათეთქვილს,
ძლივს პოულობს, ძლივს ეწევა
დაფლეთილი კაპარჭიდან;
რისი განძი, რისი უნჯი, რისი ლარი ანდა თეთრი!
ფული ჰქონდეს _ ამ უსტარის გასალექსად
რა გარჯიდა! _
თხასავით რომ გაკრეჭილა
თუ ცხვარივით გაპარსულა
(ცას შესჩივის სიგარეტის თბილი ბოლი _
ბოლო ლარი)
და წერს: "ამა გალექსილი
განცხადების საფასურად
აჰა ამა გალექსილი განცხადების ჰონორარი"!
სვამს, ეწევა, როგორც მიხვდით,
ნერვიულობს შიგადაშიგ
და ხანდახან გაიხედავს
მკერდმაღალი ქალისკენაც;
გულში მზერაც გარჩენია, გატეხილი
შიგ ვადაში _
ვინ ჩატოვა, რად ჩატოვა _ ვერა და ვერ გაიხსენა.
... მაგრამ, მგონი, კიდევ ერთხელ
დავარღვიე ეტიკეტი;
მგონი, კიდეც გავაცალე პოეზიის ულაყს ღდინი...
ეს _ მესამე ჩემი ცოდვით სავსე პირმა მეტისმეტი
მაქნევინა და გამხადა არიფივით გულახდილი.
თორემ თავის, საკუთარის, უხერხული არი ქება.
ისეც ხვდებით _ ოჩან-ბედის
ქეჩოზე ვარ შეფრენილი...
და სჯობს, მხოლოდ შეგახსენოთ
წმიდა ესე გარიგება
ლოთიანი, რეტიანი, რეპიანი რეფრენივით:
მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდან
ვეღარ ვიტან მარტოობას _
მარტოობას ვინ აიტანს! _
რანიდან თუ შირვანიდან,
გალიდან თუ ცხინვალიდან
ცოლი მომყავს _ ზია-ხანუმ,
ხანუმა ან ზინაიდა...