ქალაქი
...ჩვენი სკოლის გვერდით, საქვაბის შემდეგ, ხუთსართულიანი სახლის კუთხიდან ვიწრო ბილიკის გავლით, რომელიც ეზოების მაღალ ღობეებს შორის მიემართებოდა, პატარა საკანალიზაციო არხზე გადებულ ბეტონის ფილის ბოგირს სანამ გადავიდოდი, მარცხნივ პატარა რკინის ჭიშკარი იყო, ეზოს გვერდითა შესასვლელი. ბოგირს იქით კი, მოსახვევის გავლით მთავარ ალაყაფს მიადგებოდი, მაგრამ ეს უკვე ქუჩის მხარე იყო. ამ ეზოში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. პირველმა მან დაგვტოვა. ერთხელ მის ეზოს, Gჩვეულებისამებრ, გვერდითა შესასვლელიდან მივადექი, დავიძახე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. ეს იყო და ეს, მეტად აღარც მივსულვარ. იქ აღარავინ ცხოვრობდა. ბევრს ვფიქრობდი, სად გაქრა მხიარული ლეო-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევიტყვე. ლეო პირველი იყო, ვინც დაგვტოვა და ეს დაწყევლილი, ჯადოსნური ბორბალი აამოძრავა. მერე, როცა გავიზარდე, ერთხელ კი გამომეცხადა ძვირფასი ბავშვობის მეგობარი, მაგრამ ეს ეფემერა იყო, წყლის ზედაპირზე არეკლილი მირაჟი. გასაკვირი ის იყო, რომ ისიც გაზრდილიყო. მე კი პირიქით მყავდა წარმოდგენილი ჴ ისეთივედ. მაინც ვიცანი. სწორედ ეს მკითხა: მიცანიო? თან ისეთი გამოთქმით, გაცლა მომინდა. ვიცი, ძალიან შეცვლილი ვარო, მითხრა, წარმატებები მისურვა და ქუჩაში მოსიარულეთ ისე შეერია, ხმის ამოღებაც არ მაცალა. გაოგნებისაგან თავბრუდახვეულს რატომღაც მხოლოდ მზით დადაღული სიოსაგან აშრიალებული სიმინდის გრძელი და მსუსხავი ფოთლები მედგა თვალწინ. იმ ღამით გამახსენდა, ლეოს სახლისკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს, ღობეებიდან გადმოშვერილი სიმინდის მსუსხავი ფოთლები როგორ გვაიძულებდა, გვერდზე უცნაურად გადახრილებს გვევლო, მხარი რომ არ დაგვსუსხოდა და აგვჭრელებოდა...
...მერე სხვებიც გაქრნენ. ყველა მათგანის სახლის გზა მახსოვს. როგორც სხვა სახლები, იმათებიც მოსახვევებს მიღმა იდგა. ეს მხოლოდ ქუჩების გადაკვეთის პრინციპის გამო არ ხდება, რაღაც მარტივი, მაგრამ მომხიბლავი იდუმალება ამასაც გააჩნია, როგორც ღმერთის კეთილისმსურველ რისხვას ჴ ცოდვათა მოსახვევები უნდა გაიარო, მასთან რომ მიხვიდე. ჰოდა, სწორედ მოსახვევს მოფარებული მგზავრებივით უჩინარდებოდნენ ისინიც. ჩვევა გამომიმუშავდა, აღარასოდეს მივსულიყავი სახლებთან, რომლებშიც ჩემი გამქრალი ნაცნობ-მეგობრები ცხოვრობდნენ ოდესღაც. კარგად ვიცოდი უკვე, როს ეს ქუჩები, პატარა ქალაქისთვის ჩვეული ხეხილიანი ეზოებით აწიკწიკებულები, მოჯადოებული და დაწყევლილი იყო. ნელ-ნელა მეცლებოდა ქალაქი ხელიდან. ჩემმა ცოლმა თქვა, ქალაქები არსად ქრებიანო, მაგრამ შეცდა. მეორე ზაფხულს მას რაღაც ვირუსი შეეყარა და სამუდამოდ მიაჯაჭვა ინვალიდის სავარძელს. ვიცოდი, ცდებოდა, მაგრამ ვერ გადავარწმუნე ჴ მას ყოველთვის მტკიცედ, ჯიუტადაც კი სწამდა ეგრეთ წოდებული ეჭვმიუდგომელი ჭეშმარიტებები. როცა ავადმყოფობის შემდეგ გონს მოვიდა და აღმოაჩინა, რომ ვეღარასდროს გაივლიდა, ატირდა და მას მერე აღარ გაჩერებულა. არ ვიცი, რისი ცრემლები იყო ეს ჴ გლოვისა, თუ სინანულისა. არც ის ვიცი, რა სჯობდა, ერთი ყოფილიყო, თუ მეორე...
...ერთ ზაფხულს ძლიერი გვალვა დაიჭირა. ბოლო ღრუბელი სევდიან წარსულად იქცა. გახმა ბაღები. ფრინველებიც დაიხოცნენ. ზღვისკენ გახედვაც არ მინდოდა. ისიც კი არ ვიცოდი, რა ბედი ეწიათ თევზებს. ჩვენს დარაბებჩარაზულ ოთახში, მას შემდეგ, რაც საათი ორმოცდათორმეტი საათი არ მოგვიმართავს, დროც გაჩერდა... გარეთ ისე ცხელოდა! ქვიშის საათში ქვიშას უდაბნოს ხვატი თან რომ ახლდეს, დრო, ალბათ, გაცილებით ნელა ივლიდა. ადამიანებიც ქვიშის საათები არიან. სხვებს უთვლიან დროს და თავად იცლებიან სიცოცხლისაგან. მაშინ ეს სიცოცხლეც ნელა დაიცლებოდა...
...ჩვენი სახლის წინ ძველი, დიდი ხნის წინათ მიტოვებული უზარმაზარი შენობა იდგა, ყოფილი სტამბა. ერთხელ, სასოწარკვეთილი, ამ შენობას ვეწვიე. სიკვდილზე ფიქრი აჩრდილივით შემყვა დარბაზში. ბინდდებოდა. დარბაზში, რომელსაც მთელი მეორე სართული ეჭირა, უფანჯრებო, მაღალი ჭრილებიდან ბაცი ნათელი შემოდიოდა ჴ არც ეთქმოდა მას შუქი. იატაკზე მიმოფანტული ქაღალდები შემოდგომის ფოთლებივით შრიალებდნენ ფეხქვეშ. დარბაზის ბოლოში თითქოს რაღაც დავლანდე. სკამზე მჯდომ კაცს ჰგავდა. გვერდით კი, იატაკზე, პატარა სილუეტი იკვეთებოდა ჴ კატა უნდა ყოფილიყო. ირგვლივ ყველაფერი მონაცრისფრო შავი იყო, ორი ყურყუმა ლაქა კი ჴ სივრცეში ამოკვეთილი უფსკრულივით მოჩანდა. შუა დარბაზში გავჩერდი და ფურცლებმაც შეწყვიტეს შრიალი ჴ ქაღალდზე გადატანილი სიტყვები სამუდამოდ დადუმდნენ. ახლა სათქმელი სიტყვებს თავად უნდა ეღაღადათ, ქაღალდის გარეშე. ოღონდ ეგ იყო, სათქმელი სადღაც გულსა და ბაგეს შორის გახირულიყო და ადგილიდან არ იძვროდა. კატის სილუეტი გაიზმორა, გაიწელა დ სადღაც გაქრა, მერე ქუჩიდან ქალის კივილი მოისმა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
სათქმელი არაფერი მქონდა. არც ამ ძველ სტამბაში მესაქმებოდა რამე. Gჩემმა სასოწარკვეთამ აქ შვება ვერ ჰპოვა ჴ აქ მხოლოდ მისი მიზეზი მიმოფანტულიყო იატაკზე ჴ გახუნებულ ხელნაწერებად. შუქის ბოლო ნამსხვრევიც მიინავლა და სკამზე მჯდომი კაცის სილუეტიც გაუჩინარდა (ამას კივილი არ მოჰყოლია ქუჩიდან). უკან გამოვბრუნდი, კიბებზე ნელა დავეშვი და თავი ჯალათ წინათგრძნობას მივეცი... ქუჩაზე ცხედარი ეგდო. ქალი იყო. სახლს მივაშურე. იქ Gჩემი ცოლი რაღაცას გლოვობდა. ფანჯრიდან დავინახე, ძველი სტამბის დარბაზში, იატაკზე მოფენილი ხელნაწერები იწვოდა, ქუჩაში კი ქალის ცხედარი ეგდო. აქედან აბარგებაზე ფიქრი შემომეპარა. არაფერს ვგრძნობდი მსუბუქი გაუცნობიერებელი ტკივილისა და სიცარიელის გარდა, ქუჩაში მიგდებულმა გვამმა რომ დამიტოვა...
...იმ ზაფხულს, დარაბებჩაკეტილ ოთახში რომ გავატარეთ მე და Gჩემმა ცოლმა, ბევრს ვფიქრობდი ამ ამბების დასაწყისზე. მივხვდი, ლეოს გაუჩინარება არ უნდა ყოფილიყო ათვლის სათავე. როგორც Gჩანს, მთელი ეს ამბები გაცილებით ადრე დაწყებულა, ვიდრე მე და Gჩემს ცოლს შეგვეხებოდა. Gჩვენ ფინალური სცენის მოწმენი უფრო ვიყავით, ვიდრე მთელი სპექტაკლისა. Gჩვენს ცხოვრებაშიც ერთი გარკვეული აქტი უფრო იყო ეს მოვლენები, ვიდრე მთელი ცხოვრების სურათი. მაგრამ ბნელ ოთახში ყველაზე ნათელი სურათიც კი ბნელია, ისევე, როგორც ნათელ ოთახში ჴ ბნელი სურათი ბნელადვე რჩება...
...აღმოვაჩინე, რომ გრძნობებიც დამკარგვოდა. აღარსად იყო სევდა, აღარც ტკივილი, არც სურვილი. დავრჩი Gჩემი თვალთმაქცობის ამარა ჴ ჯერ კიდევ ვიტყუებდი თავს. მაგრამ ძნელი აღმოჩნდა დაწყევლილ ქალაქში ამ ერთადერთი თვისების ამარა ცხოვრება. ადამიანის შინაგანი სამყაროც ისევე რომ ყოფილიყო მოწყობილი, როგორც გარესამყაროა, ბევრი რამ, ალბათ, გაცილებით მარტივად იქნებოდა. შინაგანი მოთხოვნილებებისთვისაც იარსებებდა ისეთი საშუალებები, როგორებიც ყოფითი მოთხოვნილებებისთვის არსებობს. გვექნებოდა სურვილების, ოცნებების, გუნება-განწყობილებების და სხვა მაღაზიები; დაკარგული იმედების რეაბილიტაციის ცენტრები; დამსხვრეული ოცნებების შემკეთებელი საამქროები; ადამიანის ღირსებათა და გონებრივ შესაძლებლობათა მართვის სააგენტოები, სიძულვილის ურნები და ა. შ. იქნებ ვერც ერთში ამ დაწესებულებათაგან ვერ დამებრუნებინა, ვერ შემეძინა, ვერ აღმედგინა დანაკარგი, ამიტომაც არ არსებობენ ისინი, ალბათ. თანაც, ეს აზრი იმაზე მეტი გულუბრყვილობაა, ვიდრე ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ამადაც არ შეიძლება ისინი არსებობდნენ...
...დრო უფრო და უფრო ნელა გადიოდა. უკანასკნელი შემორჩენილი სულები ძალიან ნელა ქრებოდნენ. სამყარო ზაფხულის მზით გავარვარებულს დაემსგავსა, დრო კი ჴ ამ მზით გათანგულ მოგზაურს, მივარდნილ, ამტვერებულ შარაზე ღმერთს რომ გადაეყარა, მოჩვენებას (შარაზე მოსახვევები არ არის, ღმერთთან ვერ მიხვალ ამიტომ. და იგი მხოლოდ მოჩვენებადღა გექცევა ხოლმე). შემოდგომის მიწურულს Gჩემი ცოლი ძალიან ცუდად შეიქნა. ძნელი მოსავლელი გახდა; ყოველგვარი შინაგანი კონტროლი მოეშალა. დიდხანს აღარც გასტანდა, ალბათ, მისი ტანჯვა. მეც აღარაფერი დამრჩენოდა, წასვლის მეტი. ადრიან დილით დავტოვეთ ქალაქი. ნელა მივაგორებდი სიყვარულისა და კეთილდღეობის შედეგსა თუ ნარჩენს, და ვიცოდი, მეც ისეთივე ხეიბარი და გაძევებული ვიყავი, როგორც ის და როგორც ყველა სხვა დანარჩენი. მრცხვენოდა კიდეც, მასავით ეტლით კი არა, საკუთარი ფეხით რომ ვტოვებდი ქალაქს. ჩემი ნაბიჯი არჩევანს უფრო ჰგავდა, მისი კი ჴ იძულებას. ამიტომაც იყო ჩემთვის ძნელი ამის გაკეთება, თუმცა, ისიც კარგად მესმოდა, რომ არანაირი არჩევანი მე აღარ მქონდა. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, გორაკზე, საიდანაც იგი ყველაზე კარგად მოსჩანდა, შევჩერდით. ეს გაჩერება უკანასკნელი აღმოჩნდა ჩემი ცოლისთვის. მე კი დიდხანს ვიდექი და გავქცეროდი ქალაქს, რომელსაც დილის ნისლი ნელა შორდებოდა და თვალისმომჭრელი სილამაზით ცდილობდა წყევლისა და უკაცურობის დაფარვას. იმ დილით ის ბრწყინვალე იყო. არასდროს, არაფერი მინახავს უფრო ლამაზი და... უფრო ცარიელი...