მაკოს მზითევი
წარსული სილამაზის ნარჩენებშერჩენილი, წამწამებაპრეხილი, ისევ ახალგაზრდულად მფეთქავი გულის პატრონი სავარძელში ჩაფლულა და ყავას წრუპავს... მარცხენა ხელის საჩვენებელი-ცერა თითების კომბინაციით სათითისხელა ფინჯანი მიაქვს ჟოლოსფრად შეღებილ ტუჩებთან, შემდეგ მარჯვენა ხელის საჩვენებელ-შუა თითს შორის გაჩხერილი "დამსკი” სიგარეტი. მენთოლიანი.
გარდა ამ ოპერაციებისა, საჩვენებელი სხვა მოქმედებებშიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობს როცა მაკო მრავალმნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებს ამ ცხოვრების სისასტიკეზე, საბაზრო ეკონომიკის უაზრობაზე და ამისთანა რამეებზე. ყველა ამ დასკვნიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ახალ ცხოვრებას მუღამი ვერ დაუჭირა.
მოკლედ, სვამს ყავას, ეწევა მენთოლიან სიგარეტს და დიდი ხნის უნახავ დაქალს ებაასება.
- ეხ, ჩემო რუსო, შენ ხომ მაინც გახსოვს, რა ცხოვრებით ვცხოვრობდი?
- ნწუ...ნწუ...ნწუ... - ასე სინანულს ძირითადად ის დაქალები გამოთქვამენ-ხოლმე, რომელთაც წარსულში შურდათ მაკოსი, ახლა კი შესაშურიც აღარაფერი დარჩენოდა - აღარც სილამაზე, უკაცრავი პასუხია და - სინორჩეზე რომ არაფერი ვთქვათ...
ვერც ოჯახი შეექმნა უფლისწულის მოლოდინში. პრესტიჟული სამსახურიც კომკავშირის რაიკომში თავისი პრივილეგიებით წარსულს ჩაბარებოდა. თითქოს როლები გაეცვალათ...
...ასეა... ოდესმე დუბლიორის დროც დგება...
- მეე... ჩემო რუსოო... ჯანდაბა, როგორ გააბანძეს ეს სიგარეტი, დამახრჩოს ლამის... ჰოო, ჩემო რუსოო, კარგად იცი, ნებისმიერს ცოლად ვერ გავყვებოდი...
- ჰოო... ნწუ...ნწუ...
- აიი, საკაცეთი რო გამწყდარიყოო... ის გახსოვს?
- ვინ, ზაზა?
- აარაა, ზაზა კაი ვინმე იყო... აი, ისა, ჭადის სახელი რო დაგავიწყდება... ლექსო...
- ააა, მახსოვს, როგორ არა...
- აი, ხო ჭკუა ეკეტებოდა არა ჩემზე? მომკალი და იმას ვერ გავყვებოდი, რაა...
"ჰმ! ვითომ დაავიწყდა... რა დაავიწყებს, რაც ლექსოს გამო ცრემლი უღვრია..." - რუსო თვალს მაკოს მიღმა, კედელზე ჩამოკიდული გუგულიანი საათისაკენ აპარებს.
- რა იყო. გეჩქარება? როგორც ყოველთვის...
- ბავშვია გამოსაყვანი სკოლიდან... მერე სადილი, გაკვეთილები...
- არა, არა, ეტა ნე დლია მენია... შენა და... შენ და თენგოს ყველაფერი რიგზე გაქვთ?
- კარგი ერთი, ჩვენი თავი სად გვახსოვს? ბავშვები...
- ოო, ტაკ ნელზია, ჩემო კარგო! არავითარ შემთხვევაში! საკუთარ თავს თვითონ თუ არ ეცი პატივი, სხვები საერთოდ ფეხებზე დაგიკიდებენ. ნუ, აბა, რას გავხარ, ჩაიხედე სარკეში... ვიღას აცვია ასეთი ფეხსაცმელი... ან მაკიაჟს რატომ არ იკეთებ?
- კარგი რა, ნუ მაცინებ, სად მცალია? თმის დავარცხნას ძლივს ვასწრებ. მაკიაჟი არაა...
- არა, კიდევ კარგი არ გავთხოვდი, თორემ მეც ასე ჩავეშვებოდი... ჰო, იმას გიყვებოდი... მოკლედ, მოდის ლექსო უზარმაზარი თაიგულით და მეუბნება... ოო, ამ ტელეფონმა ხომ გააჭირა საქმე... სმოლნია? ალლო! ჰო, მე ვაარ. ნანუკა, სად დაიკარგე, ჩემო კარგო? ჰო, ჰო, ვიცი. მომისმინე, ახლა დაქალი მყავს სტუმრად. საღამოს გადმოგირეკავ, კარგი? იზვინი, რა... დროებით... - კიდებს ყურმილს და ხელისგულს შუბლზე იდებს:
- რას გადავრჩი? ორი საათი გამიბამდა... შენ მიხსენი...
- ვინ იყო?
- შენ არ იცნობ, მოცლილია რაა. პოლიტიკაზე აქვს გარეკილი... მინდა ახლა მე პოლიტიკა? მაგით ავიშლი ნერვებს? - ეგზოტიკურად ჭრელი მარაოთი ფანტავს მაკო სიგარეტის ბოლს.
- ლამაზია.
- რა?
- მარაო... ლამაზია...
- პიცუნდაში ვიყიდე. კიდევ კარგი, ეს მაინც შემრჩა. მთელი კავშირი მოვიარე და საზღვარგარეთიც, თუმცა სოციალისტური, - მაკო მოგონებებში იძირება, თვალებს ხუჭავს და ცდილობს თავი ისევ იქ, ძალიან ჩეხურ პრაღაში და არანაკლებ ბულგარულ სოფიაში, ან სადმე სხვა სოციალისტური ქვეყნის სოციალისტურ დედაქალაქში წარმოიდგინოს. ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ ბევრიც დავიწყებია - პატარა კი აღარაა...
***
ოროთახიან ხრუშჩოვკაში სულ სამნი ცხოვრობენ - მაკო, მსუქანი კატა ლეო და ბოჰემა. თუმცა სამივეს კარგა გვარიანად მობეზრდათ ერთმანეთი, მაგრამ იტანენ... ჯერჯერობით. დიდი ხანია, მაკოს კუდი ყავარზე აქვს გადებული. დიდი ხანია, ემალება კარზე მომდგარ გაჭირვებას, მაგრამ ბრმისა და მისი ცოლისა არ იყოს, როდემდე დაემალება? წარსულს პარტბილეთთან ერთად ჩააბარა უზრუნველი ცხოვრება და პროფკავშირების საგზურები, ვეღარც ძველი კავშირები შველის - დიდი ხნის წინ დაირღვა. მაკომ კი ვერა და ვერ დაიჯერა. ან არ სურს დაჯერება. პრინციპში, ეს ერთი და იგივეა.
იყო დრო... ოო, თან რა დრო ჴ მაკოს ცხოვრების ოქროს ხანა. უფასო საგზურები სოჩაში, "პაეზდკები" საზღვარგარეთ და "საიუზში", ებრაელებში ნაყიდი "ლევისის" ჯინსები და "მონტანას" ვილვეტის შარვლები... ყიდულობდა და ყიდულობდა ნაირ-ნაირ ჭურჭელს. გადამყიდველებთან, დახლისქვეშეთში... ჭურჭელთან ერთად თეთრეულს, პენუარებს, ხალათებს, ქოშებს. ყველაფერს, რაც სანიმუშო საპატარძლოს უნდა ჰქონოდა ქართულ სინამდვილეში.
გარდა ამისა - კომკავშირი იყო... იყო პარტიაც, მაგრამ კომკავშირი მაინც რაღაცნაირად უფრო აფორიაქებდა სულს - მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო, უფრო ლამაზიც, თაყვანისმცემლებიც - ვედრო მანეთად. ასე იოლად თავს არავის უყადრებდა... როგორც მაგალითად, აგერ ეს, რუსო. გაეკიდა უსახლკაროს, ჯიბეგაფხეკილს...
***
მაკო, ვიდრე მეტრიკას გადაიკეთებდა, ყველა დოკუმენტში მაყვალად მოიხსენიებოდა. უტყდებოდა, რა თქმა უნდა. ამის გამო ცხონებული ბებიამისი საფლავში ბრუნავდა, რაზეც მაკო ზრუნავდა - ყოველ ცისმარე დღეს დილის ლოცვასავით შეჩვენებას უთვლიდა ცხონებულს ასეთი სახელის დარქმევისათვის. მერე, როცა მაკად მოინათლა, თვითონაც დაწყნარდა და მიცვალებულიც დააყენა საფლავში. მაკა და მაკო რაღას გაეყო - ვისაც როგორ მოეწონებოდა, ისე ეძახდა - ვინ მაკას, ვინ მაკოს, ვინ მაკუშას და ვინ - მაკუნას...
წარსულით ცხოვრობდა მაკო. წარსული კი (მოდი, პირობითად ხუთწლედებად დავყოთ) სულ ცხრა ხუთწლედს მოიცავდა. უფრო სწორად, უკვე ცხრა ხუთწლედს. თითოეული მათგანი მაკოს მეხსიერებაში განსაკუთრებული ნიშნით იყო აღნიშნული, როგორც მაშინდელი ხუთწლედები - პარტისტორიის სავალდებულო კურსში. ყოველ მათგანს, გარდა თარიღისა და მოვლენათა ერთობლიობისა, შეგრძნებათა მთელი ბუკეტი ახასიათებდა - სურნელი, გემო, მელოდია... მაგალითად, "კიბოს კისრის" და "ნუგას" გემო ღრმა ბავშვობას აგონებდა მაკოს. იმ დროს, როცა შოკოლადის ქარხანაში მუშაობაზე ოცნებობდა. სტუდენტობას - იტალიური სიმღერის ტკილხმოვანება. "ფელიჩიტა" და რამე...
სტუდენტობის შემდეგ პარტიული მწვერვალის დაპყრობა განიზრახა და კომკავშირის რაიკომში ამოყო თავი. დადიოდა ყრილობებზე, სესიებზე, სხდომებზე, საქმიანი და ლამაზი, "კლიმას" სურნელით ათრობდა ყველას, ვინც შემთხვევით გვერდით ჩაუვლიდა და სურნელს უნებურად მზერასაც მიაყოლებდა. ბევრი კი საგანგებოდ დაეძებდა მაკოსთან შეხვედრას და იგივე სურნელით გრძნობდა მის მიახლოებას.
მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობდა მაკო. ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს მოვესწებიო - შესცინოდა თავის თავს სარკეში, რადგანაც იცოდა, ამდენი გულმხურვალე თაყვანისმცემლის პატრონს სანერვიულოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე.
დრო კი გადიოდა. და ის რა თქმა უნდა მაკოზეც ისევე მოქმედებდა, როგორც მთელ კაცობრიობაზე. მისი შანსი თაყვანისმცემლების რაოდენობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.
- ბედი გაქვს ჩაკეტილი, - უთხრა მკითხავმა ხათუნამ. კი არ უთხრა, ყავის ჭიქაში დაინახა.
მერე დაარიგა:
- გზაჯვარედინზე გადი, ბოქლომი წაიღე, გახსენი და წყალში გადააგდე. ნახე, რამდენიმე თვეში თუ არ გათხოვდე.
- შენ რა გითხარი, როგორ გამაცინე! - აკისკისდა მაკო, მაგრამ მაშინ მეშვიდე ხუთწლედი იწყებოდა... ლოდინის დრო აღარ იყო - აღარც ხუმრობის, სხვათა შორის... ჰოდა, გადაწყვიტა - იყიდა ბოქლომი, რომ არავის დაენახა, შებინდებულზე წავიდა ხიდზე, გახსნა ბოქლომი და ხელუკუღმა მოისროლა მტკვარში.
შენც არ მომიკვდე... თაყვანისმცემლები ჩნდებოდნენ და ისევ ქრებოდნენ ჴ როგორც ვარსკვლავები განთიადზე... მაკოს ღამის დადგომა ახარებდა - დადებდა სოფიიდან ჩამოტანილ ბალიშისპირში გამოკრულ ფუმფულა ბალიშზე თავს, მილულავდა ლამაზ თვალებს და იწყებდა ოცნებას. ოცნებობდა მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით. რაღაც ცხელი ათეულის მსგავსი ცხრილი ჰქონდა დახაზული გონებაში. პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლექსო იკავებდა. შემდეგ ერთმანეთს ზაზა და დათო ენაცვლებოდნენ.
მაგრამ, ლექსო! ლექსო სულ სხვა იყო...
ასე არავინ იზიდავდა ამქვეყნად, ასე არავინ არ უჩქროლებდა ძარღვებში სისხლს, როგორც ლექსო, მაგრამ...
- რა ვქნა, უწიგნურია, "ჩიპოლინოს" შემდეგ მგონი არაფერი წაუკითხავს... - ჩიოდა მაკო, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა თავისი ხეპრე მიჯნური. მერე მისი აღზრდა განიზრახა - დასაწყისისისათვის მუზეუმები მოატარა, ყველა გამოფენა აჩვენა... იმას კი - ანაღვლეე! მხატვრობა არა, ტოროლა! დიდი-დიდი იმ დარბაზში შეეჭყიტა, ძველი იარაღი რომ იყო გამოფენილი. ყველაფერ დანარჩენს ისე ჩაურბენდა, კედლებზე გამოფენილი შედევრებისაკენ თვალიც არ გაექცოდა. ცნობისმოყვარეობის გამო მაინც...
არ ნებდებოდა მაკო. გულს უყვარდა, სხეულიც ილტვოდა, გონებას კი ვერაფერს უხერხებდა: კარგა ხანს ებრძოდა თავს, კარგა ხანს ელოდა, როცა იქნებოდა, გამოძერწავდა ახალ ადამიანს - სრულყოფილს, ნამდვილ მამაკაცს. მასალა კარგი იყო - ახლა კარგი საჭრეთელი სჭირდებოდა, კიდევ - კარგი ოსტატობა და მახვილი თვალი, რათა ისეთი მხრიდან დაეწყო გამოჭრა, ნაპირი არ ჩამოეტეხა, ხელში არ ჩამსხვრეოდა და ახალს ვინ ჩივის, ძველიც არ დაეკარგა.
ეგრეც მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს მობეზრდა ლექსოს თეატრსა და მუზეუმებში ხეტიალი... კლასიკური მუსიკის კონცერტებზე მთქნარება.... თვალაღებულივით, როგორც ხათუნა ამბობდა. გაექცა მაკოს ლექსო. შორს გაექცა, დაბრუნების პერსპექტივის გარეშე... არც ბოდიში, არც გამოთხოვება, წავიდა და წავიდა - თან მაკოს გულიც გაიყოლა.
იოლი არ იყო მიტოვებული ქალის ტყავში ცხოვრება. თანაც ვისგან მიტოვებულის...
- იპოვიდა ვინმე თავისნაირ გამოთაყვანებულს... ახია ჩემზე, თავი რომ გავუყადრე. მეცოდებოდა - იდიოტი... მეგონა ვუყვარდი და მებრალებოდა...
ამბობდა, როგორ არა, მაგრამ გულს ისევ უყვარდა... ისევ ელოდა... სწამდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდებოდა, მოიძუძუგებოდა, პატიებას ითხოვდა. ამაყი იქნებოდა ამ დროს მაკო, შეუვალი, და არ აპატიებდა.
წლები მიდიოდა, ლექსო კი არსად სჩანდა. არც პატიების სათხოვნელად მოსულა, არც ამბის გასაგებად - არც ფხიზელი, არც მთვრალი. ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრად, დაერეკა მაინც... იმ უტვინო... იმ გასახმობ თავში...
მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარეთ წვიმდა თუ მზე ანათებდა. მაკოს გულში მხოლოდ ცვალებად მოღრუბლულობას დაესადგურებინა, ხანმოკლე წვიმებითა და შიგადაშიგ ელჭექით. იშვიათად თუ გამოაჭყეტდა მზე - ეს იმედი იყო, ერთი ციცქნა, სუსტი, მიმქრალი, მაგრამ მაინც იმედი.
მერე ზაზა გამოჩნდა - სულით ხორცამდე ინტელიგენტი. სათვალით, თხასავით წვერით და დიპლომატით ხელში. სწორედ ისეთი, მაკოს რომ სჭირდებოდა - განათლებული, ერუდირებული, დახვეწილი... რაფინირებული... მოკლედ ისეთი, მაკოს გონება რომ მოუწონებდა და თვალები კი დასტურს მისცემდნენ - კი, ნამდვილად შეგეფერება, წყალი არ გაუვაო.
მარტო გული ჯიუტობდა, ფეხებს აბაკუნებდა - მე მაგას კარს ვერ გავუღებ, ყოველ შემთხვევაში ლექსოს მერეო, ვერ გავიგე, რამ მოგაწონა ეს სარკის წინ დაყენებული მანერები... ეს ხელოვნური ინტელექტი... კაცს რომ შეშვენის, ის ხიბლი არა აქვს, ის თავისუფლებაო....
არ შეეძლო მაკოს ამის უარყოფა. გული არ ტყუოდა - არ იყო მაკო ამ კაცის შემყვარებელი, მაგრამ სად იპოვიდა სხვაგან ასეთ განათლებულს, ასეთ წესიერს, ასეთ... ყოვლად ასეთს... ყველაფერში მაკოზე უკეთ რომ ერკვეოდა - მხატვრობა გინდაა? ლიტერატურაა? ისტორიაა? მუსიკაში - ხომ საერთოდ, მხეცი იყო. მარტო ის არ იცოდა, როგორ შეეყვარებინა თავი შინაბერობის კართან ატუზული ქალისათვის. საკოცნელად გაიწია და - მაკო ისე დაფრთხა... თითქოს კაქტუსად იქცაო - გამოუშვა და გამოუშვა ეკლები...
- კიდევ რომ მომეკაროს, ცუდად გავხდები, - ფიქრობდა მაკო. ფიქრობდა კი არა, ტიროდა, ქვითინებდა, თავის უბედურებას, სხვადასხვა მხარეს გაქცეულ გრძნობებს მისტიროდა - აქეთ გულსა და იქით - გონებას, ორივეს ცალ-ცალკე რომ უყვარდათ - ერთს ლექსო, მეორეს კი - ზაზა...
- რა იქნებოდა, ინტელექტის ტრანსპლანტაცია რომ შეიძლებოდეს - ზაზასი რომ ლექსოს გადაუნერგონ.... რა კაცი მეყოლებოდა გვერდით? რა ბედნიერება... რა "ფელიჩიტა" იქნებოდა! - ამბობდა მაკო, მეცნიერები კი ჯერჯერობით სასწაულებს ვერ ახდენდნენ.
***
შორიდან იგებდა ამბებს - ზაზას შიმშილით სული ძვრება, ცოლ-შვილის რჩენა ისე უჭირს, ლამისაა თავი ბაწარში გაუყაროსო. რა თავში იხლის თავის დოცენტობას და განათლებას... შნოა მთავარი, შნო. აგერ ისეთი, ლექსოს რომ აღმოაჩნდა... ამბობენ, წარმატებული ბიზნესმენია, ფული - ჩეჩქივით, ქალები - რჩეული, სახლი - სასახლე, მანქანა - გაზიზინებული. ვის ახსოვს მაკო? ვის დაკარგვია?
ენატრებოდა ლექსო. ღამეებს ათენებდა მასზე ფიქრში. ამ ფიქრებში იგი ყოველთვის დარცხვენილი მოდიოდა და პატიებას ითხოვდა. თანაც ამას ყოველთვის სხვადასხვანაირად აკეთებდა. მაგალითად, ასე:
მაკო ქუჩაში მიდის... გაზაფხულია... მაკოს გულშიც გაზაფხული დგას, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებულად ლამაზია და ბედნიერი - სულ რამდენიმე წუთში ლექსომ შემთხვევით უნდა შემოუხვიოს ქუჩის კუთხიდან და შეეფეთოს. აი, ისიც... ასე უეცრად, მოულოდნელად შემოხვდება, თვალებში ჩახედავს და ალმური აედება სახეზე - სირცხვილის, მონატრების, სინანულის... მაკო კი ამაყი იქნება, შეუვალი, კდემამოსილი... ხელში იების კონით (არა, ყოჩივარდები სჯობია) - სხვა მამაკაცის ნაჩუქარი ყვავილებით ხელში... სწორედაც! უკეთ რომ იგრძნოს ლექსომ დანაკარგის მთელი სიძვირფასე.
სად, რომელ ქუჩაზე ან რომელ ქალაქში ხდება მოქმედება, მაკო ფიქრებში ამას არ აკონკრეტებს - ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ლექსო ყველგან ლექსო იქნება - თბილისშიც, სტამბოლშიც და პარიზშიც, ერთნაირად მოღალატე და ერთნაირად... საყვარელი.
...თუმცა არა... აშკარად თბილისში ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ასეთი გაზაფხული, ასეთი გამაბრუებელი იის სურნელით გაჟღენთილი მარტი სხვაგან არსად შეიძლება იყოს, თუ არა თბილისში. შეეფეთება და ეტყვის:
- გამარჯობა, მაკო!
- აა, ეს შენ ხარ? ვერ გიცანი... უცებ... - მაკო გულგრილად, ცალყბად უპასუხებს, რაზეც ლექსოს კიდევ უფრო დაწყდება გული. თვალებით მოეფერება, მეტს ვერ გაუბედავს. ჯერ თმაზე, შემდეგ მხრებზე გადაუსვამს მზერას, სიყვარულით, ვნებით სავსე მზერას, ასე რომ მოსწონდა მაკოს... მერე უეცრად, ისევ იმ ხეპრე გამომეტყველებას წააწყდება მის თვალებში... რაღაც მიამიტურად ბრიყვულს და...
- მაპატიე, მეჩქარება, უნდა წავიდე, - ეტყვის.
- შეიძლება, დაგირეკო?
- არა, არ დამირეკო...
- რატომ, მაკო?
- იმიტომ, რომ... ვთხოვდები, ლექსო...
აი, ასე მიახლის, პირდაპირ, დაუნდობლად. ბარემ გაუსკდეს გული. თვითონაც ხომ მოიყვანა ცოლი ჴ არსად დაეკარგოს. ახლა მისი ჯერია. მასზე ჭკვიანს, მასზე განათლებულს, მასზე დახვეწილს მიჰყვება... ლექსო სიზმარშიც რომ ვერ გახდება, ისეთს...
- მშვიდობით, - იტყვის მაკო და ამაყი მოძრაობით შეისწორებს შუბლზე ჩამოშლილ შავ კულულებს, არა, ქერას - იმ დროს უკვე შეღებილი ექნება, მოუხდება ცისფერ თვალებზე. ეტყვის და გზას განაგრძობს - გამარჯვებული, გულმოფხანილი... იმას კი დატოვებს - გულმოკლულს, სინანულით შეპყრობილს...
ეს სცენა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა ვითარებაში მეორდებოდა. მაკოსაც ყოველ ჯერზე ეცვლებოდა თმის ფერი, ყვავილების ბუკეტიც იცვლებოდა მის ხელში... ლექსოც ხან მარტო ეფეთებოდა, ხანაც იმ კიკიმორა ცოლთან ერთად. ხან იბნეოდა, ხან უფრო გაბედული იყო - ერთხელ კოცნაც კი დაუპირა, მაგრამ მაკომ რა თქმა უნდა, არ დაანება....
ფიქრსა და ოცნებაში კი წლები ილეოდა. მაკოსაც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უნაოჭდებოდა ღიმილი. ეს ცელულიტიც მოსისხლე მტრად მოეკიდა. ორმოცს გადასცილდა, ლექსოს დაბრუნების იმედი მხოლოდ სიზმარში თუ უჩნდებოდა, ისიც ძალიან ბუნდოვანი...
მზითევიც კი ისევ ტახტში ეწყო - ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი, ჩრჩილისაგან საიმედოდ დაცული. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა ტახტში ყურყუტი, რომ არა დიადი ქვეყნის, მაკოსთვის კი - ქვეყნიერების აღსასრული - აღარც კომკავშირი, აღარც პარტია, აღარც სამსახური და აღარც ლექსო. მაკო მარტოდმარტო შერჩა ამ წუთისოფელს - უფუნქციოდ, უმიზნოდ და უიმედოდ...
ლოდინს აზრი არ ჰქონდა და... მიადგა მზითევს. ჯერ საქორწინო ღამისათვის საგანგებოდ შერჩეული თეთრეული - მოქარგული ბალიშისპირები, კონვერტები, მისი ქალწულობის დასასრულის არშემდგარი მოწმე - ზეწრები გაუყენა მშრალი ხიდის გზას. შემდეგ პირსახოცები, ხალათები, ქოშები გააყოლა - ოთახის, პომპონიანი, ებრაელებში მამასისხლად ნაყიდი თავის დროზე. მზითევიც რომ ამოიწურა, მერე მიხვდა მაკო, რომ ლეოსა და მოგონებების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. მაგრამ ვერც ლეო დააპურებდა დამშეულს და, მით უმეტეს, ვერც მოგონებები.
***
მაკო ახალ ღერს იღებს კოლოფიდან, ნაზად უკიდებს და რუსოს აშტერდება.
- შენა და... რამდენი ნაოჭი გაგჩენია, გოგო...
- პატარა ხომ აღარ ვარ, რას იზამ... ნაოჭსაც თავისი დრო აქვს, ჭაღარასაც...
- ოო, არა! მე ისეთი კრემი მომიტანეს.... ეგ არ მემუქრება...
- კი, როგორ არა... რომ იცინი, შენც გვარიანი ნაოჭი გიჩნდება თვალის კუთხეში...
მაკო თხელ, გრძელფრჩხილიან ხელს იქნევს დაუდევრად:
-სიცილის დროს ბავშვსაც უჩნდება ნაოჭი...
- უნდა გაყოლოდი იმ შენს ლექსოს...
მაკო ჩუმდება... მერე ხველა უტყდება.
- ფუ, რა საშინელებაა... ყავაც სულ გააფუჭეს, სოიოს ურევენ თურმე... ღმერთმა უწყის რას ვსვამთ, რას ვჭამთ...
- ზაზას მაინც უნდა გაყოლოდი...
- არ მიყვარდა...
- შეგიყვარდებოდა... შენ რა, გგონია მიყვარდა თენგო? მთავარი შეჩვევაა, მერე ბავშვები... ზრუნვა და... აბა სხვა კი არაფერია სიყვარული...
- კაი, რაა. ზაზასთვის გემეტებოდი?
- მე შენ მარტოობისთვის არ მემეტებოდი... ამ ოთხი კედლისთვის, ლეოსთვის არ მემეტებოდი... თუმცა ლეოს რას ვერჩი. ეგ რომ არა, სულ მარტო იქნებოდი...
- რას ამბობ, რუსო!
- ჰო, ახლა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია!
- რა თქმა უნდა, გვიანია! ჩემთვის ყველაფერი გვიანია!
- არა, შენზე არ მითქვამს...
- არა, მითხარი... სწორი ხარ - საშინლად გამოვიყურები, ვერანაირი კრემი ვეღარ მიშველის... ჰო, უნდა გავთხოვილიყავი, უნდა გავყოლოდი ზაზას, ლექსოს, პეტრეს, პავლეს, ან რა ვიცი - ივანეს. სულ ერთია ვის, ოღონდაც გავთხოვილიყავი. შენ არ იცი, რა არის მარტოობა!
- ვიცი!
- არა, არ იცი! მე კი... მე... მეც მინდა შენსავით რეცხვისაგან მისკდებოდეს ხელები... თმის დასავარცხნად დრო არ მრჩებოდეს... ზედმეტი წონის მოსაშორებლად წუწუნის გარდა ვერაფერს ვაკეთებდე... მეც ვერ ვამჩნევდე, როგორი კაცი მყავს გვერდით - ჩია თუ ახოვანი, ჭკვიანი თუ სულელი... მეც მინდა, ვინმე ზრუნავდეს ჩემზე... ჯანდაბას, არ ვუყვარდე, მაგრამ ვჭირდებოდე მაინც...
- კაი, მაკო! რა დაგემართა! იმისთვის კი არ მოვსულვარ, ნერვები ამეშალა შენთვის... სიმართლე გითხრა, სხვა რამის სათქმელად მოვედი...
- რის?
- არც კი ვიცი, გითხრა თუ არა... - რუსო ყავის ფინჯანს აწვალებს.
- მითხარი, ნუ გერიდება...
- ერთი ვარიანტია... ვიცი, შენ მეტი შეგეფერება, მარა... რა ვიცი, სულ მარტო ყოფნას... სოფლიდან ჩამოსული ბიჭია. თუმცა რაღა ბიჭი... ცოლს გაეყარა და... მოკლედ, ბინიანი ქალის შერთვა უნდა... ვიფიქრე, იქნებ... კარგი ხელობა აქვს, პურის ფულს მაინც შემოიტანს... ჰა, რას იტყვი?
ორივე ჩაყუჩდა. მენთოლით გაჟღენთილი ბოლი კი ოცნებებს ერეოდა, ტაატით მიიწევდა დაბალჭერიანი ხრუშჩოვკის ჭერისკენ, გველივით ეხვეოდა პრაღიდან ჩამოტანილ, ჯერ კიდევ გაუყიდავი ბროლის ჭაღს და ისე უკვალოდ იფანტებოდა, თითქოს მარტოხელა შინაბერას ფილტვებიდან საერთოდ არც ამოსულიყო.
თავთავიანთ ფიქრებში ჩაეფლენ. მაკო - თავის განუხორციელებელ ოცნებებში, რუსო - თავის პრობლემებზე ფიქრში.
მერე მაკომ ხელი აიქნია, თითქოს ამ ფიქრების გაფანტვა უნდაო, ხმამაღლა დაახველა და:
- მოიყვანე და ვნახოთ! - თქვა ხმადაბლა. თვითონ რომ არ გაეგონა, ისე. მერე სიგარეტის ნამწვი ლითონის ორნამენტებიან საფერფლეს მიაჭყლიტა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ყინულივით ცივი და არაფრისმთქმელი მზერა ჭერზე, იმ ადგილას გააჩერა, სადაც ახლახან სიგარეტის მენთოლით გაჟღენთილი მძიმე კვამლი შთანთქა სივრცემ.