გუგეშაშვილი ნინო
გაზიარება

ავთვისებიანი საშუალო 

... სანკიმ შორიდანვე შენიშნა, ნაგავში ისევ ის ტიპი იქექებოდა. მისი ამორჩეული ძონძები მეზობელი ყუთის კიდეზე ეკიდა, ხოლო მიწაზე გაშლილ ერთ ძონძზე ემალის ჩაიდნის სახურავი, მაგნიტოფონის სახელური, რქა, დანის გაცვეთილი ქარქაში, გაბზარული ბროლის ჭიქა, ბურთი, აქანდაზი და რაღაც ჭანჭიკები მოემწკრივებინა. იქვე, გაზეთზე, პაწაწინა ყავისფერ ლეკვს ეძინა მზეზე გაპენტილს. 
  სანკიმ ნაგვის ვედრო სანაგვეზე მოაპირქვავა და ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ დაბალი, მაგრამ უცნაურად მკაფიო ხმა გაიგონა ზედ ყურის ძირში: 
- არის რამე მაგაში საინტერესო? 
მოიხედა. არა, არ მოეყურა; მის წინ მაწანწალა იდგა და კითხვით სავსე გულგრილ მზერას აბჯენდა. 
- რაა? - კითხა გაოცებულმა სანკიმ. 
- არის რამე შენს ნაგავში? ტყუილად არ გამაქექინო. 
- რ-როგორ გითხრათ... მე მგონი...- სანკი  დაიბნა,  სანაგვეში ჩაიხედა და შეეცადა ეცნო თავისი ჩაყრილი ნაგავი, რათა გაეხსენებინა, რას ჭამდნენ ბოლო დღეებში. - ხო, აი კარტოფილის ნათალია, თუ გამოგადგებათ და თევზის ფხები... კიდევ კომბოსტოს ფოთლები... 
- სულ ეს არის? - ზიზღით აათვალიერა მაწანწალამ. 
- ა-არა, კ-კიდევ არის... - სანკიმ თვალებით რაღაცას დაუწყო ძებნა. - მახსოვს, თევზის თავებიც იყო და სად წავიდა?! 
- კარგად მოძებნე, თუ იყო არსად არ წავიდოდა, - ჩაიბუზღუნა მაწანწალამ, - თევზის თავებს ნუ ეხუმრები. 
სანკიმ მეტი ყურადღებით დაუწყო ძებნა, მაგრამ თევზის თავები ვერ იპოვა.  მაწანწალა გვერდით დაუდგა და ყუთში ჩაიხედა. 
-აგე, ის ხომ არ არის? 
-არა. - სანკი ასეთი დარცხვენილი ჯერ არ ყოფილა. 
ერთხანს ერთმანეთს უყურეს უხმოდ. მერე მაწანწალამ თქვა: 
- თევზის თავები სად იქნება, უფრო ზუსტად ვერ მიმასწავლი? 
ისევ ჩაეყუდნენ ნაგვის ყუთში და თევზის თავების ძებნა ერთად განაგრძეს. 
ვერ იპოვეს... 
- ალბათ, შემოგეჭამა. - უსაყვედურა მაწანწალამ. 
- არა, გეფიცები, ჩვენ თევზის თავებს არა ვჭამთ საერთოდ. 
- ვინ თქვენ? 
- მე და დედაჩემი.  ბაბუას თევზზე საერთოდ ალერგია აქვს. 
- ბებია შეჭამდა. - დაეჭვდა მაწანწალა. 
- ბებია არა მყავს.  ცოტა ხნის წინ დამეღუპა. 
სანკი საუკეთესო ამერიკულ ფილმებზეა გაზრდილი და აქ ასეთ პასუხს ელოდა: ,,იზვინი!” მაგრამ  ამის სანაცვლოდ აი რა გაიგონა: 
- სად დაგეღუპა, ერაყის ომში? 
- ერაყის ომში რა უნდოდა, ჰუსეინის ბებია კიარ იყო, ჩემი ბებია იყო. 
- საღოლ! ... მაგრამ იქნებ ჟურნალისტი იყო! 
- ჰო, ,,ნიუ-იორქ ჰერალდ თრიბიუნის” ჟურნალისტი იყო და ვაფშე ყველამ თავის ბებიას მოუაროს, რა! - აიფოფრა სანკი. 
- ეგეთი გაზეთი არ არსებობს. - მშვიდად მიუგო მაწანწალამ. - აბა ,,დამეღუპა” რა ქართულია? ,,ბებია დამეღუპა”! დაღუპვა არის ან მორალურად რო დაიღუპები, ან გმირულად, ან ტრაგიკულად. შენი ბებია გმირულად დაიღუპა, თუ მორალურად? 
საიდან აქვს ამ მათხოვარს ასეთი ლამაზი სახე, თვალები ჯადოსავით ძლიერი, წვერი და ქუდიც კი ძალიან ძლიერი და ვაჟკაცური. მეც რა დეგენერატივით დავდექი და ვებაზრები.  მცალია?! 
- მომისმინე, ძმაო, თევზის თავებს ეძებ, არა?  ჰოდა ეძიებდე და ჰპოვებდე. მე ჩემს საქმეს ხომ არ გაკეთებინებ, არა? ჩაო! 
- საღოლ! ჩაო, მაგრამ თუ აღიარებ, რომ თევზის თავები შემოგეჭამა, შრომა შემიმსუბუქდება, მეტი არაფერი. 
-  მე ვინ მიმსუბუქებს შრომას? კარგად მოძებნე, სხვას რას მიკეთებ? 
- კაი, ახლა წადი და სხვა დროს უკეთესი ნაგავი მოიტანე. საქართველოში ნაგვის დონეც კი დაბალია. მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იზრუნო. სავსე სუფრიდან ცოტა შიმშილის გრძნობით უნდა ადგე, ხომ გახსოვს? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. - ასე დამოძღვრა იმ მათხოვარმა. 
- მე შიმშილის გრძნობით სუფრასთან ვჯდები.ჩაო!... 

                              *   *   * 

სანკის დედა კარგი მხატვარი იყო, ხოლო სანკის ბაბუა - თავისი დროისთვის ზედმეტად პროგრესული არქიტექტორი. ამიტომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ: გადასახადებს იხდიდნენ და ორ დღეში ერთ სადილს და დილა-საღამოს უღიმღამო ჩაის ახერხებდნენ. 
  მას შემდეგ, რაც სანკიმ თბილისში გარკვეულ პოპულარობას მიაღწია, იმდენს, რომ პოლიციელების და ბაზრის გამყიდველების დაახლოებით ჩვიდმეტი პროცენტი ცნობდა (ეს არც ისე პატარა პროცენტია თბილისში), მას მომავალში დიდი ფულის შოვნის იმედი გაუჩნდა, ისევე როგორც მასზე ბევრად ნიჭიერ დედას ახალგაზრდობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე კიდევ უფრო ნიჭიერ ბაბუას.  მაგრამ სანკის სხვისი დაკარგული წარსული და დაფშვნილი იმედები არ აინტერესებს - ახლა მისი დროა!  ამიტომ სახლში შესვლისთანავე იყვირა: 
- უხნაჩადა! 
ამ შეძახილს რატომღაც არავინ არ გამოეხმაურა. ოჯახში რომ შეხვალ და ,,უხნაჩადას,, იყვირებ და არავინ არ გამოგეხმაურება!.. სანკიმ თაროდან ერთი სქელი შავყდიანი რვეული ჩამოიღო. თავფურცელზე ეწერა: ,,ახალი, მსოფლიო ენებთან ინტეგრირებული, ნორმალური ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, შედგენილი სანკი-ამპლანეტელის მიერ,,. ის ფურცელი გადაშალა, რომლის პირველ ხაზზე, ზუსტად შუაში სათაურად ეწერა ,,უ,, და ჩაამატა: ,,უხნაჩადა - უხარისხო ნაგვის ჩაბარების დანაშაული”. 
- დედა, რამდენჯერ გითხარი, რომ ჩემი ნაგავზე გაგზავნა აღარ შეიძლება. ბაბუამ გაიტანოს დღეიდან, ან შენ თვითონ. -  და მძიმე ბათინკები გაიძრო. 
- ნუ იხდი, ერთი დიდი ცელოფანია კიდევ გასატანი. - მშვიდად გამოსძახა დედამ ბიბლიოთეკიდან, ძველ ბროშურებს არჩევდა გადასაყრელად. 
- ოოო! - იკივლა სანკიმ. - ჯერ ერთი, მაგვიანდება... 
- რაღა გაგვიანდება, მზად ხარ, ჩაცმული ხარ, წაიღე ნაგავი და წადი... 
- მზად არა ვარ, წვერი მაქ გასაპარსი და ფეხები. თვალებიც დასახატი და მერე კიდე, იმ სანაგვეზე ვინმემ რომ მნახოს, ვინღა მიმიწვევს მე ასეთი დონის ტუსოვკაზე?… 
- როგორი დონის?! 
- კარგი რა, დედა. შენ მოგწონს, თუ არ მოგწონს, ახლა ასეა საჭირო. თუ იქ არ გეძახიან, ნამდვილი ვარსკვლავი ვერ გახდები. ეს ასეა. 
- ოხ, თქვენი ვარსკვლავობის შურით იუპიტერი გამსკდარა! 
- ყველა იდიოტ მათხოვარს მე რატო უნდა ვაბარო ანგარიშები, რა არის ჩემს ნაგავში საინტერესო, რომ აბა, გაქექოს, თუ არ გაქექოს. როგორ განაგლდნენ, ესღა მაკლდა, მენიუც გამატანე ხოლმე ყდაში ჩასმული. - თავის თავს ებუზღუნებოდა სარკეში სანკი. 
-რაა? - დედამ ბიბლიოთეკიდან გამოიხედა. 
- ერთი დარტყმული მათხოვარია, რა არის შენს ნაგავში საინტერესოო, გადამეკიდა, გავქექო, თუ არ გავქექოო. მე ვუთხარი, თავში ქვა გიხლია, გინდა გაქექე, გინდა ნუ გაქექავ-მეთქი, მე ხომ არ გაგიქექავ ნაგავს-მეთქი.. - დედას სიცილი აუვარდა. ზალიდან ბაბუამ გამოყო ლამაზი თავი. 
- რაო?! - იკითხა სიცილისთვის უკვე მზადმყოფი სახით.. 
- რა ვიცი მე, თევზის თავები მომიძებნეო, ბებიაშენი ერაყის ომში ხომ არ იბრძოდაო. 
- ბებიაშენი რამ გაახსენა? - იკითხა დედამ. სიცილისაგან სულს ვეღარ იბრუნებდნენ. სანკიც აროხროხდა. 
- ხო გეუბნებით, გიჟი იყო ვიღაცა. თევზის თავებს ბებია შეჭამდაო. მეთქი, ბებია არ მყავს,  ცოტა ხნის წინ დამეღუპა. სად დაგეღუპა, ერაყის ომშიო? ტრაგიკულად, თუ მორალურადო? 
იდგნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ. სანკიმ მხოლოდ ახლა, ამ ორი ორიენტირისათვის თვალის გასწორების შემდეგ აღიქვა ნათლად, რამდენად სასაცილო დღეში ჩავარდნილა იქ, სანაგვესთან. ადვილად არ მოიძებნებოდა ასეთი მეგობრული ოჯახი. კარგად იცინეს - თვითონვე კმაყოფილები დარჩნენ.  მერე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.  სანკიმ თვალები მოიწმინდა და თქვა: 
- წამოსვლისას მომაძახა, სხვა დროს წესიერი ნაგავი მოიტანე ხოლმეო... 
ისევ სიცილი წასკდათ, თვითონ სანკი იყო ძალიან სასაცილო - გაოცებული და გახარებული თითებს იმტვრევდა. 
- სუფრიდან შიმშილის გრძნობით უნდა ადგეო, ჩემთვისაც კარგია და შენთვისაცო... 
- კარგი რა, სანკი, აღარ შემიძლია! - ხელებს იქნევდა დედა. 
- მიშველეთ, ჩავიფსი! - თქვა ბაბუამ. სანკისთვის იყო ბაბუა, თორემ ქალებს ჯერ კიდევ მოსწონდათ ორმოცდათექვსმეტი წლის, ბიჭური სახის დახვეწილი კაცი. - მე მეტი შიმშილის გრძნობით ვერ ავდგები სუფრიდან, არა, უბრალოდ ვეღარ ავდგები. 
- დედა, შემდეგ წასვლაზე ან კარგი პურ-მარილი გამატანე, ან მე იქ ვეღარ წავალ, მომკლავს. 
- წაიყვანე დღეს სადაც მიდიხარ, კარგი პურ-მარილი იქ იქნება. 
- აუ, მართლა რო წავიყვანო, წარმოიდგინეთ. - ჩაბჟირდა სანკი.- მე რო იქ გავიჩითები მათხოვართან ერთად! 
  დედას  მოულოდნელად ფიქრიანი სახე გაუხდა. 
- იცი რა, სანკი. ეგეთი მართალი ვინმესგან რამე მოგისმენია? იმ შენს ,,ტუსოვკებზე” ეგეთებს ლაპარაკობენ? 
- ოხ, შეადარა, რა! 
- შენ შეადარე... ჯობია სანაგვეზე უფრო ხშირად იარო, ვიდრე იქ…... 
- ჩაამწარე ახლა შენებურად, სადაც უხარია, იქ იაროს. - გამოექომაგა ბაბუა. 
- არ მინდა ტყუილი უხაროდეს. 
- მაგაზე მეტი ტყუილი არ იყო ,,წიქარა” და ,,ნაცარქექია” დღე და ღამე რომ უკითხავდი და უხაროდა? 
- დედა, იცი რა თქვა? საქართველოში ნაგვის დონეც კი დაბალიაო. 
- მართალი უთქვამს. 
- დედა, იცი რა ლამაზია? ჩემზე მაღალია და აპოლონივით ლამაზი... 
   
                                    *   *   * 

   - აქ გააჩერე, სანაგვესთან! 
მძღოლმა გააჩერა. სანკი ტაქსიდან გადმოვიდა, სავსე ტომარა გადმოათრია, იქვე მიაყუდა და მაწანწალას პირდაპირ მიახალა: 
- ამაში საინტერესო არაფერია, ძველი ბროშურებითაა სავსე. 
- ნახე, რა მომიტანეს! - მიახარა მაწანწალამ და გულზე ხელი დაისვა. - აქ ყველა შენსავით უპასუხისმგებლო და ხელცარიელი კიარ მოდის. 
  სანკიმ მისი ახალი სამოსი შეათვალიერა. ეს იყო თითქმის მუხლამდე სიგრძის, მწვანე, ლურჯი, ფორთოხლისფერი და წითელი რუშებით ნაძვის ხესავით იარუსებად ასხმული, რაღაც ძალიან გაურკვეველი დანიშნულების და წარმომავლობის კაბა თუ ანაფორა, ბეჭებიდან მოხდენილად დაცემული და ქარში მოქანავე ბალახივით ბოლოაშლილი. 
- თბილი ფერებია, გიხდება. ვა, რა მაგარი ნაჭერია, ვინ მოგცა?! - დააყარა სანკიმ. 
- იმ სახლიდან მოიტანეს. კარნავალისთვის შეუკერიათ და მერე აღარ დასჭირდათ. პრინცივით ხო გამოვიყურები? 
- ეგ ქუდიც იმათ მოგცეს? ძალიან მიდის მაგაზე. 
- არა, ეს რაჭული თექის ქუდია რაღაც ბალახში შეღებილი, ბებიაჩემმა გამიკეთა. 
- მოიხედე, კარგ ადგილას მივდივარ, წამოხვალ? 
- ამ ტაქსით მიდიხარ? 
სანკიმ თავი დაუქნია.მაწანწალა წავიდა და მანქანაში ჩაჯდა. სანკიც სანაგვესთან მიატოვა, ძონძზე მომწკრივებული თავისი ნადავლიც, მძღოლს მიესალმა და ახალი კოსტიუმის სწორებას და თვალიერებას შეუდგა. გაოგნებულმა მძღოლმა სალამზე პასუხიც ვერ მოახერხა. უაზროდ დაიხედა ფრჩხილებზე და საჭეზე თითებით დიმპიტაური-დამპიტაური შეასრულა. 
- წამო, რაღას მიყურებ! - გამოსძახა მაწანწალამ  ფიქრში წასულ სანკის. 
სანკი მანქანაში ჩაჯდა. მძღოლმა დაქოქა. 
- ერთი შეკითხვა მაქვს შენთან, მარტო ერთი. - უთხრა სანკიმ თავის ახალ თანამგზავრს. 
- მე - ორი შენთან. - მოუგო მან ისეთი სახით, რომ ნათელი იყო, მართლა ორი ჰქონდა. - ჯერ შენ მკითხე. 
- რა გქვია? 
- გიორგი. - მიუგო მაწანწალამ. - სად მივდივართ? - აქვე მიაგება თავისი პირველი შეკითხვა. 
- ახლა რო გითხრა, შეიძლება დაკომპლექსდე და აღარ წამოხვიდე, ამიტომ უნდა მენდო, კარგ ადგილას მივდივართ, გიორგი. ყოველ შემთხვევაში საჭმელ-სასმელი ბევრი იქნება. მეორე შეკითხვაც მიდი ბარემ და გაცნობას მოვრჩეთ. 
- შენ ბიჭი ხარ, თუ გოგო? 
- არც მე და არც იმათ, ვინც იქ დაგვხვდება, ეგ აღარ გვკითხო, კარგი? ეგ საკითხი მოდაში აღარ არის. არავის აღარ აინტერესებს, რა. 
- ვახ, კაცოუ! - შეჰყვირა მძღოლმა და მოწყვეტით დაამუხრუჭა. გამაყრუებელი სიგნალებით მოაწყდნენ უკანა მანქანები. 
- წადი, რას გაჩერდი? - შეჰკითხა გიორგიმ სარკეს. 
მძღოლმა ისევ დაქოქა. თუმცა რომ გაჩერებულიყვნენ, აშკარად უფრო ჭკვიანური იქნებოდა. გაოგნებისაგან ძალაგამოცლილი მძღოლი სარკეს თვალს ვეღარ აშორებდა და საჭეს შეუსაბამო გამალებით ატრიალებდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. 
- იმ გრძელ შენობასთან გამიჩერე ერთი წუთით. - თქვა სანკიმ. 
- მოვედით? - იკითხა გიორგიმ. 
- არა, აქ ჩემი ერთი ძმაკაცი მუშაობს, ლექსი უნდა გამოვართვა. ახლავე მოვალ, მელოდება. 
- ვინ გელოდება, მაჟორა? 
- ვა, შენ რა იცი მაჟორა?! - გაუხარდა სანკის. 
- ვიცნობ მაჟორას. - მშვიდად თქვა მაწანწალა-გიორგიმ. 
- ვახ, კაცოვ! - ამოიყვირა ისევ მძღოლმა და დაამუხრუჭა. -  ეს მაჟორა რაღა სახელია, გადავირიე კაცი. - ისე ალალად აცეცებდა თვალებს, თითქოს მართლა მაჟორას სახელმა გადარია. 
- ვა, გადასარევი რაა, მაჩაიძეა და ჟორა ქვია და მაჟორას ვეძახით, აბა კლარას ხუარ დავუძახებთ! - გაიოცა სანკიმ და გადავიდა. 
- არა, ეგ რა ვუყოთ მერე, - მიუტრიალდა მძღოლი გიორგის, - აგერ ჩვენთანაც ორი ძმა არიან, ერთსა ქვია ბენზინა, მეორეს - ჩხაკუნა. ბენზინას ბიჭებს ბენზინიჩებს უძახიან,  ჩხაკუნას ბიჭებს - ჩხაკუნიჩებს და ერთად როცა მოდიან ბიძაშვილები, ხალხი იძახის, გაიხედეთ, ზაჟიგალკეები მოდიანო... მარაა... 
- რა, მარა? - ჩაჰკითხა გიორგიმ. 
- რავიცი, რავიცი, ყველაფერი ისე აირია, რო... - ჩაიბურდღუნა მძღოლმა და მიტრიალდა. მერე უცებ ისევ შემობრუნდა. - შენ, კაცო, საღაციდან ხუარ მეცნობი?! 
-არა!                                                                                     
                     
                                    *   *   * 

   გზაში სანკი მალულად ათვალიერებდა გიორგის  და რაც უფრო დრო და მანძილი გადიოდა, მით უფრო ნაკლებ სამარცხვინოდ ეჩვენებოდა მის გვერდით ყოფნა. არც ისეთი საშინელება ყოფილა მაწანწალასთან ახლოს ჯდომა... მის თვალში გიორგის ნაკვთებმა, ჩაცმულობამ, სიმშვიდემ და ხასიათის რაღაც უცნაურად გამომჭვირვალმა ფერადოვნებამ და სიმყარემ გზადაგზა, თანდათან აზრი მოიცეს, გაერთიანდნენ, აიკინძნენ და ერთიან, არც თუ უწონო იმ მთლიანობად იქცნენ, რომელიც აი აგერ, ახლა მის გვერდით მნიშვნელოვნად ზის და ამ თავისი ჩუმი და გულგრილი ჯდომით სასიამოვნოდ იწუხება. სანკი გაოცებული აკვირდებოდა: ეს არ იყო გიორგის შინაგანი მეტამორფოზა, არამედ ეს უფრო გარემოებათა მეტამორფოზა იყო გიორგის შინაგანი მთლიანობისა და სიმშვიდის მიმართ. მათხოვარი უძახე და გარემოს თავის თავზე ისადაგებდა თითის გაუნძრევლად, სიტყვის უთქმელად. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, სანკის აზრით გიორგი მით უფრო ღირსი და შესაფერი ხდებოდა ამ ადგილის, და ბოლოს, როცა ფერადი შუქ-ჩრდილებისა და მრავალსახიანობის  სიჭრელით აზრიალებულ დარბაზში შევიდნენ, გიორგი ისეთი თვალშეუდგამი სილამაზის სხივით აინთო, თავის ტყავში ჯდომის ისეთი ძლიერი გრავიტაციით შეიმოსა, რომ უნებურად ყველა მათკენ წაიზიდა. ,,სანკი! სანკი!” რამდენიმე ხმამ ერთად იყვირა. 
- ეს ჩემი ახალი მეგობარია, ჯორჯი, შოუმენია ამერიკელი, ჯორჯ... ჯორჯ ნაგვინი...  - წარადგინა სანკიმ მაწანწალა. 
- ოოო! - აღმოხდათ სახეებს, რომლებიც დიდი დახატული თვალებით, შეღებილი ნაკვთებით და სქესის ბუნდოვანებით ჰაერში მოტივტივე ნიღბებს აგონებდნენ გიორგის. 
- ახლა პანკურს აწვება, - თქვა სანკიმ და გიორგის მოკლე ანაფორა და ჯინსის შარვალი შეათვალიერა, - ადრე მადონას და მაიკლ ჯექსონის შოუებს აკეთებდა. 
- მისტერ ჯორჯ, ველქამ, როგორ მოგწონთ... კაკ ვამ ნრავიტსია გრუზინსკაია ფარტკულტურა? - რატომღაც რუსულად ჰკითხა ერთ-ერთმა სახეთაგანმა. 
- რუსულად და ქართულად არცერთი სიტყვა არ ესმის. სწორედ მაგისთვისაა ჩამოსული, რომ ქართული ფართი შეისწავლოს და კონსულტაციები მოგვცეს. - სასწრაფოდ ჩაეჭრა სანკი. 
- აქ ვისთან იმუშავებს? 
- აქ მარტო ერთი დღით ჩერდება. 
- შენი სტუმარია, სანკი? 
- ხო, ჩემი სტუმარია. რა დაგემართათ, ხალხო, ცოტა გაგვატარეთ, რა! 
- საიდან დაითრიე, ე! 
- ინტერნეტით გავიცანი. - იგერიებდა სანკი ცნობისმოყვარეთა პირველ ტალღას და თან გაღწევას ცდილობდა. უბადრუკი მაწანწალაა, ამ ტალღის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და რამეს წამოაყრანტალებს, ნაღდად. სადმე მყუდრო ადგილას უნდა გაიყვანოს და გონს მოგების დრო  მისცეს. 
- დამაპადხოდე, სანკი, ჩემი ალბომი მოვასმენინოთ. 
- ახლა არა, მერე ჩამოვა უფრო დიდი ხნით. წამო, ჯორჯ, რამე დავლიოთ.  What will you have to drink? -  ანგარიშმიუცემლად ჰკითხა და სახელოში ჩააფრინდა.         
- A bottle of red wine.  Let ‘s  go! - ომახიანად მიუგო გიორგი მაწანწალამ. 
სანკი გახევდა. პირდაღებული შეაჩერდა სახეში და ხელი უშვა მის სახელოს. 
-  You don ‘ t  worry, I  understand  everything at all.  - ქოჩორი მოუჩეჩა გიორგიმ. ხუთი-ექვსი წლით იქნებოდა სანკიზე უფროსი. ახლა მან წაავლო  სახელოში ხელი და ბარისკენ წაიყვანა. 
  როგორც კი სიმყუდროვეში გააღწიეს, გიორგიმ ცხვირსახოცი მიაწოდა და უთხრა: 
- ასე არ უნდა ინერვიულო, კინაღამ დავიწვით. 
- შენ მე გადამრევ, ყბების ქავილი ამიტყდა ზედმეტი განცდებისაგან, ცუდი ბრიტვითაც გავიპარსე ალბათ. - სანკი სახიდან ოფლს იწმენდდა გიორგის ცხვირსახოცით. 
- გაიპარსე? - გაიხარა გიორგიმ. - ესე იგი, ბიჭი ხარ! 
- მორჩი, რა! ამას რაები აინტერესებს, მე ამდენი ნერვიულობისგან მგონი მენსტრუაცია მომივიდა, პაკეტიც არ წამომიღია, ჯერ არ ველოდი, ეს კიდე რაებზე ფიქრობს! 
- მენსტრუაცია?! ესე იგი, გოგო ხარ! 
- მორჩი, რა! 
  ამ დროს ვიღაც გრძელთმიანი და ნაზი არსება მიუახლოვდათ რწევით, ელამი თვალებით სადღაც შუაში იყურებოდა. გიორგის ხელში მინიდისკი შეაჩეჩა და უთხრა: 
- ოცდათორმეტ პროცენტს ჩაგახუტებ... არა, ოცდაათ პროცენტს ჩაგახუტებ! გადაუთარგმნე! - დაუბარა სანკის, ჰაერში კოცნა დააგდო და წავიდა. 
- ეს ვინ იყო? 
- მინაჩო. აი, გაზეთები რომ წერდნენ, ,,ახლახან მინაჩომ ტრიუმფით მოიარა დასავლეთი”,  ეგ მინაჩოა. თუმცა შენ რა იცი გაზეთები. 
- რომელი ქვეყნები მოიარა ამან კაცო?! - გაოცდა გიორგი. 
- ონი, ამბროლაური, ცაგერი და ლენტეხი! -ჩამოთვალა სანკიმ დასავლეთის ყველა წამყვანი ქვეყანა. 
- მართლა ხომ არ გავხდე მინაჩოს პროდიუსერი? -  სიცილი აუტყდათ. 
- შენ რა ტიპი ხარ, ე!... არა, რა ინგლისური შეუბერა! 
- სკოლაში უკეთესი არ მასწავლეს. 
ამასობაში ყველანი სახელდახელოდ გამართულ კონცერტზე მიიწვიეს.  გზად, სანამ გიორგი და სანკი თავის მაგიდამდე მიაღწევდნენ, კიდევ თხუთმეტიოდე დისკი მიაჩეჩეს გიორგის და კიდევ უამრავი პროცენტის ჩახუტებას შეჰპირდნენ. 
    კონცერტის მსვლელობაში გიორგიმ გაარკვია, რომ ეს იყო რაღაც ფართომასშტაბიანი ფესტივალის, ,,ვივას!,, გამარჯვებულთა იმპროვიზებული საღამო, სადაც ყველა მსურველს და ყველა არამსურველს შეეძლო გამოსვლაც და არგამოსვლაც. ფესტივალი ,,ვივა!,, იმდენად მრვალპლანიანად ჩატარებულა თურმე, რომ გამარჯვებულთა შორის იყვნენ რეჟისორები, მხატვრები, მძღოლები,  მუსიკოსები, ხაჭაპურის მცხობელები, ბიზნესმენები, მწერლები, საუნას მფლობელები, ბილიარდის, გოლფის და კეგლის ჯადოქრები, მოკლედ ვინ აღარა. საუკეთესო კოქტეილის შემზავებლები ერთი შავკანიანი ეგზემპლარით იყვნენ წარმოდგენილნი.  ჯორჯ ნაგვინის მიმართ ინტერესი არ იკლებდა, მაგრამ, რაღაი ქართულ-რუსული სულ არ ესმოდა, ათიოდე შეკითხვა დაუსვეს ქართული სკოლის ინგლისურ ენაზე და თავი დაანებეს, თუმცაღა მთელი საზოგადოების ყურადღება ფარულად მისკენ მიიზიდებოდა და იმპროვიზებული კონცერტის მოწვეულმა და ჰონორარიანმა რეჟისორმა, დიმა რევინმა, თავის ასისტენტს კულისებში ისიც კი უთხრა, რომ სულ გული უგრძნობდა, მის ნამუშევარს ადრე თუ გვიან ვინმე დიდი პრომოუტერი ნახავდა და გზას გაუხსნიდა  დასავლეთისკენ. აღარ შეუძლია, სული ეხუთება ამ პროვინციაში. ,,დღეს ჩვენი დღეა! დღეს ჩვენ ოკეანის გაღმა გავდივართ! ერთი ეს ლიფი ცოტა გამიხსენი, ძალიან მიჭერს...” აბა გიორგიმ რა იცოდა, თუ  დღეს გადიოდა დიმა რევინი ოკეანის გაღმა და თან ლიფი უჭერდა. ადგა და ისევ ბარში გავიდა. როცა დაბრუნდა, სცენაზე გამარჯვებული საუნას მფლობელი იდგა, რომელსაც თურმე და პანტომიმის ნიჭიც აღმოაჩნდა და ყველაზე პიკანტურ წვრილმანებში წარმოადგინა როგორ იქცევა საუნას კლიენტი საუნაში შესვლიდან გამოსვლამდე. მექისესთან გახეხვის და ცივ აუზში ჩახტომის სცენებმა ხალხი სიცილით გააპო. გიორგი ზეთისხილის გარდა არაფერს ჭამდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს სვამდა. მერე ვიღაც მომღერლები გამოვიდნენ, რომლებსაც გულით ეწადათ მერაია ქერის და ჯორჯ მაიკლს დამსგავსებოდნენ და კიდევაც ჰგავდნენ, ოღონდ უფრო მოუთავებლებს და ნაკლულებს, ვიდრე თვითონ ისინი არიან. მათ შემდეგ სცენაზე ავიდა ბილიარდის ფალავანი და ხალხი გაართო ბილიარდის ბურთებით და ჯოხებით ჟონგლირებით და კურიოზებით საბილიარდო ცხოვრებიდან. მერე ორმა გამარჯვებულმა მწერალმა ორი პატარა მოთხრობა წაიკითხა, რომელთაგან ერთი უნიჭო მარკეს-სელა-ლიოსა იყო, ხოლო მეორე - ასევე უნიჭო და უცხვრპირო დოჩანაშვილ-დუმბაძე. მერე სუსტმა პავაროტიმ იმღერა, მერე ასინქრონულმა და რიცხობრივად ცოტა ,,რივერ დანსმა” იცეკვა. ამის შემდეგ კეგლის ბურთი გაიჩერა შუბლზე და ცერზე კეგლის ჩემპიონმა, ჯერ კიდევ გამოუცდელმა ქართველმა ვანესა მეიმ ვიოლინოზე პაგანინის კაპრიჩიო შეასრულა და ჯახირჩიო გამოუვიდა, დაბოლოს მაგიაში ზარელედ განსწავლულმა დევიდ კოპერფილდმა მესამე ცდაზე გააქრო ერთ-ერთი სპონსორის პრიზი - ზეთისხილიანი ქილებით სავსე ყუთი. 
- დაგვერხა, ვეღარც გააჩენს! - გულზე შემოეყარა გიორგის, რომელსაც სწორედ ამ დროს შემოელია ზეთისხილი. 
  ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხალხი გულით ილხენდა და თავისი ქვეყნის ეგზომ დიდ მიღწევებს კულტურის ყველა სფეროში ოვაციითა და ეროვნული სიამაყის უნაპირო გრძნობით ეგებებოდა.  გიორგის უკვე მეთვრამეტე დისკი მოუტანეს. სცენაზე მანეკენები გამოვიდნენ, რომლებსაც იმდენი ძვირფასი ნაჭერი ჰქონდათ ტანზე დახვეული, გასასკდომად გამზადებულ მოწრიალე ჭუპრებს წააგავდნენ.  გიორგის დასცხა, ადგა, ბარში გავიდა. ეჰეი, ხალხო! ეს ხომ ავთვისებიანი საშუალოა, თქვენ რა გიხარიათ? თქვენ იცინით, ერთობით, ცეკვავთ და არ იცით, რომ ავად ხართ სასიკვდილოდ - ავთვისებიანი საშუალო შეჯდომია თქვენს ტვინებს და ჭამს დუჟიანი პირით, ცოდვიანი წარმატებით, ხრავს თქვენს სულს,  ფიქრს და ჯიგარს, თქვენს ქვეყანას, თქვენს დედამიწას, აყვავებს მეტასტაზებს და ბურღავს მსოფლიოს როცა მსოფლიოს გენიალობა ტოვებს, როცა ავთვისებიანი საშუალოს ბატონობის ოქროს ხანა დგება! მოიშორეთ, იმკურნალეთ! - საშუალო ავთვისებიანია, იჩქარეთ იპოვოთ ჯანმრთელი გენიალობა, რომელიც დროდადრო კრიოთერაპიასავით მოდის და სულის კიბოს ყინავს, მაგრამ ჩქარია და ჩქარა გარბის, პატიოსანია და უკადრი და გტოვებთ სწრაფად. დაიჭირეთ!  გენიალობის სიცოცხლე აუჰ! ხანმოკლეა, მისი უკვდავებაა ხანგრძლივი, ის წარსულსა და მომავალში არსებობს მხოლოდ,  ავთვისებიანი საშუალოს სიცოცხლე კი მარადიულია, ის მუდმივად აწმყოშია, მუდმივად გჭამთ და გლოკავთ, მარტო კრიოთერაპიის მოკლე-მოკლე სეანსების დროს ისუსება და ითოშება, იცდის, რათა როგორც კი გენიალური მიგატოვებთ, ისევ გააღვივოს ყვავილოვანი მეტასტაზები, რომლებიც თქვენ ასე სასიამოვნოდ გიღიტინებენ ტვინებში... როდემდე?! ნუთუ თქვენივე ჯანმრთელობა არ გადარდებთ! ნუთუ სულის კიბოს ყოველთვის ასეთი დონორული სიამაყით უნდა ჩააბაროთ თქვენი სულები?! ნუთუ ყოველთვის ასეთი მოხალისეები იქნებით?!... გიორგის ფიქრი არ არევია, უბრალოდ სხვა დროისთვის გადადო, ერთი ჭიქა კონიაკი კიდევ დალია, ბარმენს ჰკითხა, აქ სამზარეულო სად არისო და წავიდა... 
   სანკისთან რეჟისორის ასისტენტი მივიდა და უთხრა: 
- სან, შენ ხომ იმღერებ? 
- არა! 
- არა? რატომ?! 
- დღეს არ შემიძლია, მადუ.  არ გაგიტყდეს, რა! 
- ვა, რა ხდება?! თუ გადაიფიქრო, აქ ვართ.  ეცადე, გადაიფიქრო! 
მადუ წავიდა. დღეს პირველად მოხდა, რომ სანკიმ გამოსვლაზე უარი თქვა. თავის თავს გამოუტყდა, რომ გიორგის წინაშე ეუხერხულება იმ უბადრუკობის ჩვენება, რასაც აქამდე ასეთი სიამაყით აჩვენებდა და რაც ასე მოსწონდა მთელ ამ ხალხს. ყველაფერი ეს დღეს რაღაცნაირად არასაკმარისად პატიოსანი ეჩვენა. ღმერთო! ვიღაც მაწანწალას რამდენ ყურადღებას უთმობს...  მართლა! სად წვიდა გიორგი?! ნუთუ ამდენ ხანს ბარშია და ჭიქა უჭირავს? სანკი ბარმენთან მივიდა და ამერიკელი სტუმარი მოიკითხა. ბარმენმა სამზარეულოში მიასწავლა. სამზარეულოში გიორგი არ იყო, მაგრამ მზარეულმა უთხრა, რომ ეს წუთია გავიდა აქედან. 
- აქ რას აკეთებდა? - იკითხა სანკიმ 
- თევზის თავები ყვარებია და სამი ცალი შეჭამა. 
- თქვენ ინგლისური იცით? როგორ მიგახვედრათ? - გული შეუქანდა სანკის. 
- თევზის თავებზე მიაღირა თითი და რაღაცა თქვა ინგლისურად. მე ვუთხარი ,,ოქეი, ოქეი”- მეთქი და შეჭამა. ეგ კი გამაგებინა, მარა რაღაცეები დამიტოვა და ის ვეღარ გავიგე რა იყო. 
- რა დაგიტოვათ?! 
  მზარეულმა დანა-ჩანგლის უჯრა გამოაღო და სანკიმ შიგ ჩაყრილი თვრამეტი მინიდისკი დაინახა.  ამ დროს დარბაზიდან მოესმა: 
- ახლა კი სიტყვას ვთხოვთ ჩვენს ამერიკელ სტუმარს, გამოჩენილ შოუმენს, მისტერ ჯორჯ ნაგვინს. ფლიიზ, მისტერ ნაგვინ! 
სანკი რეაქტიული რაკეტასავით გაიჭრა სამზარეულოდან. ,,არაა!” იღრიალა... როცა დარბაზში შევარდა, გიორგი უკვე სცენაზე იყო. აქამდე თვალებზე ჩამოფხატული მწვანე თექის ქუდი უკან გადაეწია. ღმერთო, როგორი ლამაზია და განათებული! 
- გამარჯობა! - თქვა გიორგიმ. ყველა უცხოელი ასე იწყებს საქართველოში. დარბაზი ტაშით და შეკივლებებით გამოეპასუხა. - მე ქართველი მაწანწალა ვარ და გლდანში ნაგავს ვქექავ. 
    დარბაზმა გადაიხარხარა, აქაოდა, რა კარგი ქართული ცოდნიაო და რა ამერიკულად ხუმრობსო. სანკიმ მთლად ყურებზე ვერა, მაგრამ ყურებთან ახლოს კი აიფარა ხელები. 
- მაგრამ, როგორც ყველა პროფესიონალი, სრულყოფაზე და უფრო ფართო მაშსტაბებში მოღვაწეობაზე ვოცნებობ. მინდა, რომ როგორმე დიდ ნაგავზე გავიდე. - განაგრძო გიორგიმ. - დღეს, როცა თქვენ გნახეთ, მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ახდა (ტაში). ის, რაც მე ვერ მოვახერხე, თქვენ უკვე გაგიკეთებიათ. თქვენც ქართველი მაწანწალები ხართ და თქვენც ნაგავს ქექავთ, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბებში( გაუბედავი სიცილი და კანტი-კუნტი ტაში). ჰოდა ასე, ჩემო სიხარულებო, ვქექოთ მსოფლიოს სანაგვეები! 
   ხალხმა ისეთი ტაში და შეძახილები დასცხო, აშკარა იყო, უფრო სასიხარულო ჯერ არაფერი მოესმინათ. სანკი გაოცებული აკვირდებოდა და ვერ აეხსნა, რა მაგიური ზემოქმედების საიდუმლოს ფლობდა ეს მაწანწალა. ხალხი მზად იყო მისგან ყველაფერი სიხარულით და მადლიერებით მიეღო, ყველაზე შეურაცხმყოფელი და უაზრო გამოხდომაც კი. გიორგი ერთხანს დარბაზს დააკვირდა, ოდნავ შექანდა, გაიცინა, მერე დამშვიდობების ნიშნად ხელი ასწია და თქვა: 
- დარწმუნებული ვარ, თქვენი მამა სექსში ცაცია იყო! 
- ვაუ! - იკივლეს დარბაზში და ხანგრძლივი ოვაცია გამართეს. გიორგი სცენიდან ჩამოვიდა. სანკი მიეჭრა და წამოთრევა დაუპირა. მათ ხალხი შემოეხვია. 
- სანკი, რა ხდება? ვინ არის ეს ჯორჯია თუ ვიღაცა?.. 
- მისტერ ნაგვინ, აღტაცებული ვართ თანამედროვე ამერიკული იუმორით და დიპლომატიით. 
- ვისთან იმუშავებთ საქართველოში? სანკისთან? - აყრიდნენ შეკითხვებს. 
- წამო, წამო! -  ყვიროდა სანკი და ერთ ხანს მართლაც გაარღვიეს წრე და ცოტათი წინ წაიწიეს, მაგრამ მერე ისევ დააშორა ხალხმა ერთმანეთს. გიორგის ახალგაზრდები შემოეხვივნენ. 
- მისტერ ნაგვინ, რას გულისხმობდით უფრო ფართო მასშტაბებში?... 
-  ჯერ ნუ წახვალთ, იყავით ჩვენთან... 
გიორგიმ მათ თვალი მოავლო. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთი თავით მაღალი იყო დანარჩენებზე. სანკიმ შორიდან შიშით შეხედა და კიდეც გაიგონა და კიდეც დაინახა გიორგის კვიმატი ხმა, რომელიც სიტყვებს მართლა თარგებივით ჭრიდა: 
- თქვენ ბიჭები ხართ თუ გოგოები? 
- ვაუ! - იკივლეს გაურკვევლებმა. 
  სანკიმ ყურებზე ხელები აიფარა და გასასვლელისკენ გაიჭრა... 

                               *   *   * 

  პირველ დღეებში უცნაური ზიზღის და მოყირჭების გრძნობით ათვალიერა სანკიმ საკუთარი მეხსიერება და საგაზეთო სათაურები: ,,კაცი - ტრიუკი”, ,,ვქექოთ მსოფლიოს სანაგვეები”, ,,ალბათ მამათქვენი სექსში ცაცია იყო”... 
   ზუსტად მეჩვიდმეტე დღეზე თავის თავს გამოუტყდა, რომ გიორგის ნახვა უნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ნახავს...  კიდევ ორ კვირაში გაიგო, რომ გიორგის ნახვის გარდა არაფერი არ უნდა. ამის გაგებიდან მეორე დღეს სანაგვეს მიაკითხა, მაგრამ გიორგი იქ არ იყო... 
   არც მესამე დღეს იყო, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეექვსე დღეს... 
...და მეშვიდე დღესაც რომ არ იყო, სანკი სახლში დაბრუნდა და ლოგინზე თავქვე დაემხო... 

                              *   *   * 

- მაჟორ!  გიორგას მართლა იცნობ? 
- სანკი! გიორგას ვიცნობ ზუსტად ოცდაცხრამეტ ცალს, გუშინ ჩამოვწერეთ ბიჭებმა. თუ ახალ გიორგას ვინმეს გამახსენებ, ორმოცად დამრგვალდება. 
- შენი თავი ჩაწერე? 
  მაჟორა ჯერ ღრმად ჩაფიქრდა, მერე უცებ გაიბადრა. 
- ბიჭო, მოფიქრება არ გინდა! მეც გიორგა არა ვარ?! ვინ იფიქრებდა!... 
მაჟორამ სია დაამრგვალა და დავთარს გადახედა. 
- შენ რომელ გიორგას ეძებ? 
- მათხოვარია ერთი, ლამაზი ბიჭია, მერვე მიკროში სანაგვეზე დვიჟენიობდა ადრე... 
- მათხოვარი?! - უცებ მაჟორამ საფეთქელში ხელი იტკიცა. - ვახ, გიორგა, შენი! ბიჭო, შენ წიგნებს და გაზეთებს არა კითხულობ? 
- რა ხდება, რო?! - გული შეუქანდა სანკის, იფიქრა, ისევ იმ სკანდალზე  რამე ახალი დაიწერაო. 
  მაჟორამ თაროდან ორი წიგნი ჩამოიღო და ერთ-ერთი გადაშალა. 
- ამას ხედავ? 
- რას? - სანკიმ წიგნში ჩაიხედა და გიორგის სურათი კი დაინახა. - ეგ აქ რას აკეთებს? 
- ეს ორი წიგნი გიორგას დაწერილია, სანკო-ჩემო. რა მათხოვარი, ახლა აიჩემა, მაწანწალებზე უნდა დავწეროო და სანაგვეებზე დაძვრება. კაი მწერალია, თუ მოინდომა - დაწერს... 
   კიდევ კარგი, რომ სანკის უკან რბილი  და გამძლე  სავარძელი იდგა... 

                               *   *   * 

- გამარჯობა! - თქვა სანკიმ და კარებში ჩადგა. თმები მოკლედ შეეკრიჭა, წვერი ოდნავ მოეშვა და უჩვეულოდ ვაჟკაცურად გამოიყურებოდა. გამხდარიყო. 
- ჰეი! - თავი ასწია გიორგიმ. - აქ რამ მოგიყვანა, ნაგავი ხომ არ მომიტანე? - გიორგი, შუა ოთახში ჩამჯდარი, პაწაწკინტელა ყავისფერ ღუნღულა ლეკვს თიხის ფიალიდან პურჩაფშვნილ რძეს აჭმევდა. 
- ეგ ვინ არის? - ლეკვზე მიანიშნა სანკიმ. 
- მაწანწალაა, გლდანის სანაგვეზე გავიცანი. 
- მეც გავიცანი ერთი მაწანწალა გლდანის სანაგვეზე... 
- შენ რა ამერიკული კინოს ფინალივით მელაპარაკები.  მერე რა,  თუ გაიცანი, ცუდი გრძნობაა? 
- არა, პირიქით. აი ახლა ეგ შენი ბურძგლა ლეკვი რომ სამეფო დოგად გადაკეთდეს, ეგეთი გრძნობაა... 
- შემოდი, კაი წითელი ღვინო მაქ, ყველი, კიტრი კიდე და ტარხუნა. რავა ხარ? 
- კიტრეულობა არ მინდა, ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავლევ. 
  გიორგიმ ღვინო მოიტანა, ჭიქებში დაასხა.  ლეკვი ჭამას მორჩა და მძიმე მუცლისგან წონასწორობადარღვეული გვერდზე-გვერდზე წამოვიდა სანკის ბოტასებისკენ. ჩააჭახუნეს და დალიეს. 
- ორი შეკითხვა მაქვს შენთან. - თქვა სანკიმ. 
- მე -  ერთი შენთან. ჯერ შენ დაიწყე. 
- თავს როგორ გრძნობ ამ ყველაფრის შემდეგ? 
- საერთოდ კარგად და კონკრეტულად - ცოტა უხერხულად პირადად შენთან. 
- რატომ აღარ მოხვედი სანაგვეზე, ჩემი ნახვა აღარ გინდოდა? 
- შენ სად მენახე, არ ვიცოდი, სანაგვეზე ამისთვის სიარულს აზრი არ ჰქონდა. ვწერდი, მაწანწალებზე მინდოდა, მაგრამ უფრო სხვა რამეზე გამომივიდა და ეს შენი დამსახურებაა. გაგიმარჯოს! - კიდევ დალიეს. 
- წამაკითხებ? 
გიორგიმ ფურცლები აიღო მაგიდიდან და მიაწოდა. სანკის ჩვევად ჰქონდა სათაურისთვის მაშინვე დაეხედა, რათა წაკითხვამდე ემარჩიელა - რას უქადდა თვითონ ნაწარმოები. ჰოდა დახედა  დახრილი, მკაფიო ასოებით დაწერილს. ,,ავთვისებიანი საშუალო”- უთხრა სათაურმა. სანკი წამით დათვრასავით ამ სიტყვების  ტევადობისგან და ახალის გაცნობის ხიბლიანი მოლოდინისგან. 
- ჰე, ახლა შენი ერთი შეკითხვა და მოვრჩეთ გაცნობას. - უთხრა გიორგის. უკვე წასვლა ეჩქარებოდა, რათა გიორგი უკეთ გაეცნო. 
- შენ გიფიქრია, რით ჯობია ქართველ მაწანწალას ამერიკელი მაწანწალა?- ჰკითხა გიორგიმ. 
-არა! ჯობია, რო? 
- იმათ ო’ჰენრი და ჯეკ ლონდონი ჰყავდათ, ჩარლი ჩაპლინი, მარკ ტვენი... ჩვენი მაწანწალა ძალიან დაჩაგრულია, ნაგავიც ისეთი უხარისხო აქვს, რომ ფანტაზია აღარ ეხსნება. რა ხდება ტუსოვკებზე? 
- მას შემდეგ სახლიდან არ გამოვსულვარ. წავედი. წავიკითხავ და მოგიტან. - სანკი წამოდგა. 
- ეგ თუ გინდა დაიტოვე, მაგრამ შენ არ დაიკარგო.  ახლა ბევრი ლაპარაკი მეზარება,  ეგ წაიკითხე და მერე ჩვენი წილი ვიფიქროთ, რა მოვუხერხოთ ამ ავთვისებიან საშუალოს.  კიდე ვიღაცებს გაგაცნობ. ჰო, მართლა, რა გქვია? 
- სანდრო. 
- არა, რას გავდი იმ ღამეს სანდრო, საშუალო სქესის რაღაცას გავდი. შეცვლილხარ, რაღაც სხვანაირი ხარ. 
- გული უნდა აგიჩუყო: იმ საღამოს მერე მართლა სხვანაირი გავხდი... 
- არ დაიჯერო! შენ რომ ჩვეულებრივი ყოფილიყავი, მათხოვარს შუა სანაგვიდან სასახლეში მეჯლისზე არ წაიყვანდი. - უცებ გიორგის სიცილი აუტყდა. - არა, რამ მოგაფიქრა, ჰა? დამავლო ხელი და... ეგეთი ჯერ არაფერი გამიგია,  მე ასეთ რამეს ასი წელი ვერ მოვიფიქრებდი. ისე ხო ხოშიანად მოვილხინეთ, რას იტყვი? 
- შენ – კი. 
   ისევ სიცილი წასკდათ.                         
- მახსოვს, შენ იმდენი ინერვიულე, კინაღამ მენსტრუაცია დაგემართა. - იცინოდნენ გადაუღებლად. ბოლოს გიორგიმ ჰკითხა: 
- რა არის შენთან ახალი? მაჟორამ მითხრა შენზე, მაღალგრადუსიან მუსიკას წერსო. 
- ახალი შენა ხარ. კიდე, მეორე თვეა მენსტრუაცია აღარ მომსვლია. - ახალი სიცილი გახსნეს. 
- ესე იგი, ბიჭი ხარ! ან...- თავი გადააქნია გიორგიმ. 
- ან რაღა? - წარბები შეკრა სანდრომ. 
- ან ფეხმძიმედ ხარ! 
- თუ გლეწე ახლა ყბაში!... 
- ეგრე, რა!... 

??????