გუგეშაშვილი ნინო
გაზიარება

ვინ გაიყვანს ბომჟს?  

ვიდრე ჩვენ ვბჭობთ, როგორი კიბე და კარი გავუკეთოთ სტუდიას, შესულა შიგ ბომჟი და დაბინავებულა.
რა დონეზე დაბინავდა-მეთქი?
სერიოზულ დონეზეო, შალვამ, ,,ლეჟანკა” გაშლილი, ბოთლები, გაზეთები...
მოკლედ, იმ პრობლემებს, რომ საყიდელი გვაქვს აპარატურა და დასამთავრებელია რემონტი, გასაყვანია წყალი და დენი, დაემატა კიდევ ახალი: ბომჟია გასაყვანი!
ვინ გაიყვანს ბომჟს?
მე ვერ გავიყვან.
მე მერცხალი ვერ გავიყვანე ჩემი სახლიდან, ბომჟს როგორ გავიყვან სტუდიიდან? 
მერცხალი სად მონახეო. სადაც შენ ბომჟი მონახე-მეთქი.
თვითონ მომნახა მერცხალმა. ერთხელაც სახლში დაბრუნებულს ზალაში დამხვდა კედელზე წრიულად შემოთხუპნული ტალახი და კარნიზზე ჩამომჯდარი მერცხალი: ბუდეს იშენებს ჯიგარი!
ზის, დამჩერებია...
ხელებს ვიქნევ, ვიძახი ,,წადი, გაფრინდი შავო მერცხალო!” - ყურს არ აპარტყუნებს. ყურები არ უჩანს, მაგრამ ორნიტოლოგები ისეთი ჩხირკედელა პროფკავშირია, რომ სადმე მერცხალს ყურები ექნება და არც კი აპარტყუნებს. ზემოდან მიყურებს, თვალებს რიგ-რიგობით ხუჭავს - ახელს, ხუჭავს - ახელს...
თეთრი ფარდა, ღია ოქროსფერი კედლები - შავი მერცხალი და შავი ტალახი. ცარიელი თავზარია!
ჩიტების უმრავლესობა არც ისე რომანტიულია, როგორც საბავშვო ლექსებსა და საერთოდ მხატვრულ ლიტერატურაში გვეფრთხიალება. ზოგი ჩიტი საშიშად ამბიციურია და ბევრს ფიქრობს. ზის მერცხალი, მაკვირდება და არ გადის, იმიტომ, რომ მერყევი ვარ, იმედებს ვუტოვებ, თავდაჯერებით ვერ ვიქნევ ხელებს და მატყობს. მე კი მერყევი იმიტომ ვარ, რომ ზუსტად არ ვიცი, რას ფიქრობს, როცა მიყურებს და თანდათან დავეჭვდი: ეს სივრცე ზალაში ხომ არ ეკუთვნის მერცხალს ისევე, როგორც მე?
მე ვიცი, რომ მე მეკუთვნის ის სივრცე, რომელიც ჩემშია და შემიძლია იმ სივრცეში ვიღაც განვდევნო, ან შემოვუშვა და ის სივრცე გაცილებით დიდია ამ ზალაზე, მე მყოფნის კიარადა, ვერც ვითვისებ. პრინციპში, მორალური უფლებაც არ მაქვს, მეტი მოვითხოვო და კიდევ ამ მერცხალს შევეცილო რაღაც შემოზღუდულ საცხოვრებელ ფართში. ამ ფიქრებში ვარ და ვგრძნობ, რომ უფრო რთულ ფიქრებშიც შემიძლია ვიყო, მაგრამ მეზარება და მერცხალი ჩამოჟინებით დამჩერებია, ფიქრობს: ,,ეს ვინღაა? რატომ იქნევს ფრთებს? ალბათ ბუდე უნდა აიშენოს. აიშენოს, კარნიზების მეტი რაა?!” მე კი იმდენად უვიცი ვარ, რომ ვერ ვკითხულობ, რა ფილმები გადის მერცხლის თავში და რა უწერიათ მერცხლებს კონსტიტუციაში. ერთ სახლში კი ვაპირებთ ცხოვრებას... 
ვერ გავიყვან, მრცხვენია.
მამაჩემი შემოვიდა და ეგრევე გაიყვანა...
ბომჟს თვალსაც ვერ გავუსწორებ, აქშევაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. ამ საკითხზე დათომ, შალვამ და მე ასეთი გარდამავალი თათბირი გავმართეთ: 
შალვა (დათოს): ბიჭო, ბომჟის გაყვანა არ შეგიძლია?


დათო: არა!
შალვა: აბა, რა შეგიძლია?...
დათო: დენის გაყვანა.
მე: პრინციპში ჩემს მუსიკას ბომჟი ძალიანაც მოუხდება, იწვეს და იყოს, მუზად იმუშავებს.
დათო: ეს რა მანიაკია!
მე: ჰა, შალვა, რას იტყვი, ერთი ბომჟი სტუდიაში არ გვჭირდება?
შალვა: არა. ოთხი ბომჟი ერთ სტუდიაში საკმარისია, მეხუთე საჭირო აღარ არის...
მე: მაშინ დათო გავიყვანოთ და ეგ დავტოვოთ, რა მნიშვნელობა აქვს?
დათო: კითხეთ, გიტარა და არანჟი თუ იცის, გაგვცვალეთ, მე კი ვიცი დალევა და წამოწოლა.
მე: მოკლედ იყოს, რა. მაინც და მაინც ჩაწერის დროს იმ თავის ლეჟანკას და ბოთლებს ნუ ააჭიხვინებს...
დათო: სანამ ჩაწერამდე მივალთ, გაზაფხულდება და თავისით გავა. მოიხედე, ახლა არაფერი გაქ შნაპსი?
მე: აგე, ან ამაში გავცვალოთ, ან სანდროში.
შალვა: ხუმრობა იქით იყოს და სანდროს რამე საქმე უნდა გამოვუნახოთ, ეგ რო ჩვენთან არ იქნეს, სულ გალოთდება და თან პახოდუ ნიჭიერი კაცია და ხო იცი რა ფანტაზია აქ და... 
მე: მეც ვიქნებოდი ნიჭიერი და ფანტაზიური ორ ხელში რომ ორი ლუდი მეკავოს და კბილებში არაყი.
შალვა: ეგ სანდრო არ არის, დათოში გეშლება, სანდრო ის არის, მარტო ლუდები რომ უჭირავს.
დათო: და პირით რო ბალახი მოაქვს და ძუძუებით რძე, ეგ მე ვარ.
მე: იცი რა, შალვა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ხელოვნება იქნება პრიკოლების ხელოვნება. სანდრომ პრიკოლები მოიფიქროს.
დათო: და ბომჟმა ჩაიწეროს.
მე: მთვრალებს კარგად მოსდით პრიკოლები, მაგრამ მაგისთვის სპეციალურად დათრობა არ ღირს. მე პირადად მირჩევნია, ფხიზელმა ვიფიქრო ცოტა მეტი. ხოდა, მოდი ვინც ისედაც თვრება, ბარემ პრიკოლებიც მოიფიქროს...
ვთათბირობთ, ვიცინით - ჩვენ თვითონ ამა ქვეყნის ბომჟები... 
ვინ გაგვიყვანს ჩვენ?
მოკლედ, ყველაფერი კარგად აეწყო: ახლა გვაკლია ფული, აპარატურა და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. დანარჩენი - ბომჟი და პრიკოლისტი - უკვე გვყავს...

??????