* * * სადღაც შორს
კიდევ უფრო შორს ილანდება მომავალი.
აწმყოზე ვდგავარ, როგორც მგელი მისთვის გათხრილი ორმოს გადაფარებულ ხმელ ტოტებზე, ზედ წაყრილი მწვანე ფოთლებით...
ან ფრთხილად უნდა გადააბიჯო, ან უცებ უნდა ისკუპო.
თან სულ ყურში გიდგას მურდალი ლაწანი, უკანასკნელი ხმა, რომელიც შეიძლება გაიგო, გაჭახუნებული ხმელი ტოტებისა...
ვისკუპებ, ტო. ფეხაკრეფით სიარულისთვის ნერვები არასოდეს მყოფნიდა.
ჩავვარდები და ამოვალ...
გაჭახუნდეს, რა... თუ უნდა გადაიგრუხუნოს კიდევაც...
ხმა მე ვერ მეწევა.
გავასწრებ...
ძალიან შორეულია შორეული მომავლის ლანდი...
მაგრამ ლანდი ლანდია...
მივწვდები. მე თუ ვერა, ჩემს აჩრდილს მაინც მივაწვდენ.
როგორც ერიკ წითურმა საკუთარი მოჭრილი მარჯვენა გაუქანა მარცხენით ისლანდიის აბოლებულ მიწას...
ეგრე მივაწვდენ და ზედ დავცემ საკუთარ აჩრდილს...
მე ეშმაკი ქართველი მგელი ვარ, ხელს არ მოვიჭრი...
თავ-ფეხიანად ვისკუპებ!..
ისლანდიის მიწაზე არანაკლებად აბოლებული და ბუნდოვანი მომავლისაკენ.
მერე რა, თუ ისევ ხმელ ტოტებგადაფარებულ და ზედ მწვანე ფოთლებწაყრილ ორმოზე დავხტები.
ლაწან!