ჭავჭავაძე ალექსანდრე
გაზიარება

ვაჰ, დრონი, დრონი 

ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, 

წარილტვნენ, განქჰრენ სიზმრებრივ ჩქარად, 

მე იგივე ვარ მარად და მარად! 

არ ვსდევ ჟამთა ცვლას, 

მე იგივე ვარ მარად და მარად! 


მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, 

არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? 

მე იგივე ვარ მარად და მარად! 


გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი, 

იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, 

მე იგივე ვარ მარად და მარად. 


იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით, 

უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად... 

მე იგივე ვარ მარად და მარად. 


მე ერთმან ერთ გზის ერთს ვუძღვენ თავი, 

მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - 

მე იგივე ვარ მარად და მარად. 


თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, 

ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, 

მე იგივე ვარ მარად და მარად. 


ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა? 

საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, 


მე იგივე ვარ მარად და მარად! 

არ ვსდევ ჟამთა ცვლას, 

მე იგივე ვარ მარად და მარად!

??????