კალანდაძე ანა
გაზიარება

მწამს, სხვა იქნება! 

განთიადისას თვალს ვავლებ სივრცეს,
ცაო მაღალო,
ისევ იგივე:
ზღვის მიყუჩებულ, მთვლემარ ტალღებზე
კრთის საოცარი ნათლის გვირგვინი!
ჩამაფიქრებელ უცხო ჩვენებას
მონუსხულივით კვლავ თვალს ვადევნებ:
მადლობა უფალს, მადლობა უფალს,
მწამს, სხვა იქნება დღე დღევანდელი!



***
დიდება, დიდება,
ზარები არისხე,
არისხე ზარები
კეთილზე ვედრებით...
იზრუნოს, იზრუნოს
ხვალემან ხვალისა,
დიდება, რომელსაც
კვლავ ეიმედები!



მინაწერი რუსთველის
პორტრეტზე

დრონი მეფობენ! -
სიბრძნეა ძველი,
მათ წინ მარადის
ძველია კრთომაც!
სახელი შენი -
დრო-ჟამთა ზევით,
მასზედ მარადის
ნათელთა თოვა!



***
კვლავ განსაცდელი! დავძლევთ მასაც!
წყვდიადს გაუვალს
შერჩებით თქვენვე - მართალთ გზებზე
ავად მყეფარნი:
"ბოროტი საქმე დღის სინათლეს
ვერსად წაუვა,
თუნდ დასამალად დედამიწა
გადაეფაროს!"



***
ოდეს მავანნი "წახდომითა
შენით" თვრებიან
და როს იზრახვენ, შურისგების
აღმართონ ჯვარი,
იწყვლენ მახვილით და მე ვგრძნობ, რომ...
შენია მსჯავრი, -
რომ წრფელის გულის თუნდაც...
"ცოდვაც"...
არს
უნებლიე!



***
ზაფხულის მინდვრებს ცეცხლი გზნებია,
მყუდროებაა მზე-მთვარის ქვეშე...
ცისქვეშეთს უცხო ხმა მოსდებია:
იყოსო ქართლი
მარადის
მზეში!

??????