ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * რაკი წარსულს გადახედე 

რაკი წარსულს გადახედე,
ცოტა უნდა გათავხედდე,
ვიდრე თავხედების ურდო
მამულს გაგიპარტახებდეს.
გადახედე გადასახედს
და პირჯვარი გადასახე,
თუ სულხანს ვერ გააგონებ,
სულხან-საბას გადასძახე.
ბერი მირონს ამირონებს,
ერი მერანს ამერანებს,
ვინც დააბა, ის აუშვებს
ამირანს და ამირანებს.
შენც შეგეძლო გედავა და
გეთავა და გეთამადა -
ყოვლის მიუხედავად და
უკან მიუხედავადაც.
წინ სამიზნე ჩინარია
და მძინარე მდინარეა,
უკან აღარ მიიხედო:
წინაპრებიც წინ არიან!

??????