მოდებაძე კობა
გაზიარება

ცირცელო ექსკლიუზივი

ნეტავ გვიანი გრძნობის ცირცელო,
მზეს შემახედა შენი თვალებით,
გამაგებინა, მაგ შენს კენწეროს
რით ვერ აშინებს ცივი ქარები?
ანდა დროებამ რით ვერ მოღალა
ყოფა ტკბილ-მწარე, როგორც იელი?
რომ განერიდოს ფერთა მუქარას
შემოპარება გადამთიელის.
დროა გვიანი-გრძნობა ცირცელის,
ფოფინა რტოთა ვუმზერ განთიადს,
აღარ გაკლია ფერი წითელი,
აღარც ღიმილი აღარ გაკლია.
ნეტავ გვიანი გრძნობის ცირცელო,
მზეს მომახვია შენი მკლავებით,
აგერ ნიავი ისე პირფერობს
ვით კაცისმკვლელი ხელთათმანებით.
ვიცი, ამ ყინვას გაუძლებ დიდხანს,
მიტომაც მცირე ვარ შებრალებით,
რომ პეპლებივით დღემოკლე ფიფქვას
დარჩები მარად მიუკარები.
ნაგვიანებო ჩემო ცირცელო
რით ვერ გაშინებს ღია კარები?
შენ იცი ალბათ, რა უძირძველო
ჟინით გვეძებენ ცივი ქარები.

??????