უძილაური ელგუჯა
გაზიარება

არ დავახანე, ვესროლე ექსკლიუზივი

მუდამ ტყე-მინდვრად მავალი,
გზას ვიკვლევ მზით და მთვარითა,
ლამაზი არი სამყარო
თავის მოდგმით და არსითა.
ბოროტთად ყველა მებრალვის,
რაც ქმნილა უფლის ძალითა,
მაგრამ ერთხელ კი მეც შავცდი,
ეშმაკმა მძლია წამითა.
ერთ ტყიან ფერდობს გადავყევ,
კალთებშემოსილს მწვანითა,
ზედ შამამვარდა შველ-ვაცი,
გავიგე ფეხის ჩქამითა.
არ დავახანე, ვესროლე
თფითა დაუმცდარითა,
წამაიჩოქა ბეჩავმა
კვნესითა გულსაკლავითა.
გაჰხედა მთების კალთებსა
ცრემლმორეულის თვალითა,
„რა ჰქენ, შე გულცოდვიანო!“ -
კლდენი გაჯავრდნენ გაღმითა.
რისხვად დამატყდნენ მთებიცა
მუხა-იფნ-წიფელთ ჯარითა.
დრომ ვერ წაშალა ეს ცოდვა
ჩემს გულში წლების ჩავლითა,
ჩემგან მოკლული ნადირი
სიზმარში მოდის ღამითა.
„რაისად მამკალ? რას გიშლი?“
მკითხავს სიტყვითა წყნარითა.
თავს ვერ ვიმართლებ, რა ვუთხრა,
სავსე ვარ ცოდვა-ბრალითა,
დავალ, ვამძიმებ მიწასა
გადაუხდელის ვალითა.

??????