ნინუა რატი(ტატო)
გაზიარება

იესოსადმი ექსკლიუზივი

( ლ ო ც ვ ი ს მ ა გ ი ე რ
რა ტკბილი არის შენი სასჯელი,
მართალი გულის რისხვა და წყრომა,
მე ეგ-ღა დამრჩა სულის სახსნელად,
ალბათ ფუჭია ახლა სხვა შრომა.
არ გამიცრუო ბოლო იმედი,
თუ გზას გადავცდი შენსკენ მომავალს,
მრუდე გზის გავლა მაინც ბოლომდე
არ დამაცალო, რამეთუ ბრმა ვარ.
მყის დამატეხე თავს შენი რისხვა,
თუნდ არ კმაროდეს გამოფხიზლებად,
დაე, ნუ ჩათვლი ზედმეტად კიცხვას,
ნურც გამწარებას, ტანჯვით მხილებას.
არ დამაცალო სვლა მცდარ ბილიკზე,
გზაზე, რომელიც შენსას შორდება,
მე თუ ჯიუტად ვალ დაღუპვისკენ,
თუ ბილწს არ მინდა გამოსწორება.
იმ ბავშვის სული მაინც დაინდე,
ვინც უგნურებამ თვისმა იმსხვერპლა,
გენიის ცეცხლად თავში აინთე,
კვნესის, ვაების უქრობელ ცეცხლად.
შენ გევედრები, იესო ქრისტე,
ბილწი-გულმართალს,
სულმყრალი-კეთილს,
ოჰ, დროზე ადრე შენ შემიზიზღე,
მომეცი ტანჯვა მე ძველზე მეტი.
ნუ ამარიდებ თვალს, თუნდ მწყრომარეს,
და ნუ მიმიშვებ მრუდე ნებაზე,
სჯობია მომკლა მარად მცთომარე,
ვიდრე შევბღალო ტატოს ემბაზი.
სჯობს გამათავო ერთი სიკვდილით,
ვიდრე აღსრულდეს, რაც შენ არა გსურს,
ოჰ, სინდისი-ღა ზეცისკენ ყვირის,
რწმენით მოელის სასჯელს _
შენს პასუხს.
როცა შენ მსჯიდი, თუმცა ვწვალობდი,
მაგრამ ეგ მზერა მე არ მტოვებდა,
მე ზეცის მიმართ უხმოდ ვგალობდი,
მსჯიდი, ესე იგი მაინც მწყალობდი,
სული გეძახდა და სასოებდა.
და ნუ იყოფინ, შეჩერდეს ტანჯვა,
ოჰ, გევედრები, ღმერთო, მხურვალედ,
ბოლომდე მექმენ ჯალათად, დასჯად,
მე გეაჯები კეთილმწყურვალე.
შენ განმიკითხე ყოველი ბიჯი,
რადგან დიდია ცთუნება ჩემში,
ეს ყოველივე ხომ კარგად იცი,
ვზივარ სხეულში, როგორც მყრალ გემში.
ჰოი, უფალო, მომეცი ძალა,
მივხვდე რა არის ამჟამად სწორი,
გთხოვ, არ გამწირო, არა და არა,
იქნებ გზა შენსკენ აღმოჩნდეს შორი.
გთხოვ,
რომ არ მიმცე მაცთურს არასგზით,
თუნდ ამას კიდეც ვიმსახურებდე,
სჯობია მომკლა ცეცხლით ანაგზით,
ვიდრე სხვა თვალით ღმერთს გიყურებდე.
ოჰ, ნუ იყოფინ, ღმერთო, უფალო,
რომ სიყვარული მომიკლას ვინმემ,არ მიმატოვო მტერთან უფაროდ,
მაცთურს სასჯელის ცეცხლი აწვიმე.
ჩემზე ზრუნავდი, მრავალმოწყალევ,
მადლით, მხილებით, მკაცრი სასჯელით,
კვლავაც იზრუნე, თუ გსურს მაწამე,
დაე, წამება გახდეს ასწილი.
ოღონდ არ მიმცე მე ჩემს გულისთქმებს,
არ მიმატოვო მათთან ბრძოლაში,
თუკი მივნებდე ამ ცოდვილ ფიქრებს,
მარად მამყოფე სულის ძრწოლაში,
ნუ გაიხარებს ჩემზე მაცთური,
ნუ გავებმები კრული მახეში,
არ დამავიწყო შავი წარსული,
არ დამთმო კრავი ჩემს სიცოცხლეში.
მექმენ მფარველად, მექმენ დამხმარედ,
მექმენ დამსჯელად და შემბორკველად,
თუ არ აღმადგენ, როგორც ლაზარეს,
ნუ გამხდი ავის კარზე მროკველად.
უმალ დამფალი, დამასამარე,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ან დამაბრმავე, ან მასაპყარე,
არ მიმატოვო სული ქართული.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
დაე, გაწვიმდეს კვლავ თავში თქეში,
წამლად ვსვა ტანჯვა უზარმაზარი.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
დე, ნუ დაწნეხავს უხსენებელი,
იესო, ღმერთო, ო, როგორ მინდა,
ჩემივ სინდისით ვიქმნა ვნებული.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
მართალი ბიჭის წყრომას და ცრემლებს,
შენ შეგავედრებ, თუ ვერ დასდინდა
ასეთი ცრემლი დილეგის კედლებს.
ამ დილეგიდან ნუ გამომიშვებ,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ნუ გამხდი ბოროტს,
ღმერთო, და შიშველს,
შენ დამითრგუნე ესე მაცდური.
აპრილის ცრემლი წრფელი და სუფთა,
მე ისე მახსოვს, როგორც ედემი,
ან ქუჩის ბოლოს რხეული თუთა
და საფეხბურთე ლაღი კედელი.
ან მეზობლების წყრომა ფეხბურთზე,
და სიკეთეში ბრწყინვა ასგვარი,
ამ მოგონებებს ყრუ ტანჯვით ვუმზერ,
ისიც ბოროტმა სულმა წამგვარა.
თუ არ ეღირსა განმეორება
ჩემს ლაღ ბავშვობას, ჩემს ლამაზ ედემს,
მფარველი ჩემი ნუ გამშორდება,
ვინაც მჩუქნიდა ბავშვობის გედებს.
შენ დამიფარე, ღმერთო მაღალო,
და შემაწიე მფარველი სული,
ძველო დღეთაო მარად ახალო,
შენ შემოგცქერი გაოგნებული.
მამაო, ვცოდე, მამაო, ვცოდე,
არა ვარ ღირსი შენი ძეობის,
მე ახლა უნდა ცრემლებში ვთრთოდე,
მე-დამკარგავი ჩემი მეობის.
შენ არ გამწირო, თუ ჩემი თავი,
აწ საბოლოოდ მე გამიწირავს,
მომე სამარე და მიწა შავი,
სად თვით უცოდველ ბავშვებსაც სძინავთ.
ოღონდ არ მხადო კერძი ეშმასი,
ოღონდ მომეცი მადლი ხშულ გულში,
თუნდ ხსნა მომეცი გონის შეშლაში,
როგორც მალამო სინდისის წყლულში.
არ დამცე, აღარ, არ დამაწიო,
ის რაიც უკან უნდა რჩებოდეს,
დაე, სირცხვილში ყველამ დამცინოს,
ბილწი გულისთქმა ოღონდ დნებოდეს.
არ მითხრა, არა, რომ გვიანია,
რომ ჩემი შრომა არის ამაო,
მე ვინანიებ, მე ვინანიებ,
მე ვინანიებ _ ტკბილო მამაო.

??????