* * * მთას შევრჩი
მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი,
ღამემ მიშვილა - ბებერმა.
ქარი ქრის, ქარი უბერავს,
ცახცახებს ცეცხლის პეპელა.
მთაო, ნუ ჩამოილევი
და თავზე შემოგევლები,
არ დააფეთო ირმები
და ნისლის მძიმე მტევნები.
ელავენ კლდეთა კბილები.
ვსუნთქავ ნაპრალთა ნასუნთქარს,
მთაო, ნუ ჩამოილევი,
არაგვს მინდორი რად უნდა...
ქარი ქრის, ქარი უბერავს,
ცახცახებს ცეცხლის პეპელა.
მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი,
ღამემ მიშვილა - ბებერმა.
1950