ზოოპარკი
1
დათვი მუცელს იფხანს თათით,
დილიდანვე უცდის სადილს.
“რა თქმა უნდა, ტყეში ჯობდა,
წაბლიც მქონდა,
თაფლიც მქონდა -
ალბათ ასე ფიქრობს დათვი
და თან მუცელს იფხანს თათით.
2
გველს კი თავი ქვაზე უდევს
და სისინებს: “არ მაქვს ბუდე,
მაგრამ მაინც ყველას ვძულვარ,
თუმცა ჩემით არ მოვსულვარ”.
3
ისევ ღამეს ელის მგელი,
ისევ ერთი მიზანი აქვს...
თავს კი ასე ინუგეშებს -
“ვნახოთ, იქნებ სიზმარია?!”
4
- შენ ვიღა ხარ?
- ფოცხვერი,
- როგორა ხარ?
- რა მიშავს.
- მაინც მაინც?
- მოწყენილი.
- რა გინდა?
- რა მინდა და... გამიშვან.
5
ხეპრე ზებრა არც უყურებს
საწყალ ირმის ხრიოკ ეზოს
და თან ისე იბუტება,
თითქოს ძალით შეღებესო.
6
კენგურუ სწრაფია,
როგორც ენგური.
“ენგურო” უნდა ერქვას
კენგურუს.
7
ისე მოდის ბეგემოტი,
თითქოს იცის, რისთვის მოდის.
8
მთელი ქვეყნის გაოცებას
ცდილობს სპილო,
ბავშვები კი აბრაზებენ:
“სპილო-წვრილო!”
9
ეს კი ჩვენი ნიანგია,
ძველი მკვიდრი თბილისის.
ერთხელ კუდიც შეარხია
შარშან
წინის
წინის
წინ.
10
არც უყურებს სტუმრებს წერო:
“სად მცალია, ლექსებს ვწერო”.
დაუწყვია ზურგზე ფრთები,
მზეზე თბება.
11
ძირს ყრია:
სვავები,
ქორები,
არწივები -
როგორც დამსხვრეული ტანკის ნაწილები.
12
ფარშევანგი არცერთს არ გავს -
დედოფალი იყოს თითქოს-
დღე და ღამე იმას ფიქრობს,
რას დაიხატ-დაიქარგავს.
“ახლა ასე ვიღა იცვამს?!” -
უკვირს ციცარს.
13
ლომს კი ძინავს
და მძინარეც
ყველა მხეცზე ლამაზია.
არც ბუხუნებს...
თუმცა ბუხუნს
გალიაში რა ფასი აქვს.
1963