ჭილაძე ოთარ
გაზიარება

საღამო 

გზააბნეული წივწივებს ჩიტი,
თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი,
თითქოს ჩიტისთვის უძვირფასესი
ვიღაც თუ რაღაც მთავრდება, მიდის...

თრთის მაგიდაზე თეთრი ფურცელი,
როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი,
სიცოცხლესავით სუფთა და სადა,
დაუპყრობელი და დაუცველი.

ისევ ეცვლება საგნებს იერი,
თუმცა უძრავნი და თვინიერნი,
კვლავ პასუხობენ დუმილს-დუმილით,
სიცარიელეს-სიცარიელით.

და როგორც რამე გრძნობა პირადი,
ნელ-ნელა ქრება მზის ათინათი.
და ყველაფერი ივსება უცებ,
ბინდით კი არა, მწვანე სინათლით.

1976

??????