მწვერვალი სიმდაბლისა ექსკლიუზივი
მე მუზის მსახურს მეძახდნენ ადრე. დღეს მტელი ჩემი ავლადიდება: ერთი პიესა, ერთი ლექსი, ერთი რომანი - ფურცლის ბოხჩაში გამოკრული - ამ წუთისოფლის უკანა კართან დაუდგიათ, როგორც შეჭმული ქლიავის კურკა - თეფშის კიდეზე. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მეც ერთბაშად ავიღო ხელი ჩემს ხელობაზე. აკი ვთქვი, ერთ დროს „მუზის მსახურს“ მეძახდნენმეთქი და ერთნაირი მოუთმენლობით ელოდება ჩემს ყოველ სიტყვას შეყვარებული გოგო იყო თუ ტახტის მცველი. ლექსი ღუზაა, ნავსადგურში ხომალდს რომ აბამს და, იმავე დროს, ფრთებიცაა - სულელი იხვი რომ ამოჰყავს, თუნდაც ცოტა ხნით, მწვანედ ჩამპალი ჭაობებიდან. თუმცა, ლაპარაკს რა აზრი აქვს, ან რაღას შეცვლის, როცა სასწორის ერთ პინაზე ჩემი სული დევს, მეორეზე კი - ჩემი ხორცი. ვინ რას აირცევს. სულისთვის ხორცი უნდა დავთმო, ხორცისთვის - სული. მხოლოდ ამგვარი არრჩევანის უფლება მომცეს და ამიტომაც მძულს ჩემი თავი. იმასაც ვძულვარ: ერთმანეთის სისხლს ვიფურთხებით, ცხადშიც, სიზმარშც, თან მატლებივით ვაღოღდებით მაინც ერთმანეთს, ჩვენს სიძულვილთან რომ არ დავრჩეთ მარტო, პირისპირ. ამდენად, ბევრი არაფერი არ შეიცვლება, კვლავ ჩვენთან ერთად გააგრძელებთ გზას თუ უჩვენოდ. ზედმეტი კაცის ოცნებები სასაცილოა, მაგრამ ცხოვრება ჯერ გრძელდება და ღვთის წყალობით, ვინ იცის, იქნებ ჩვენც გამოვკრათ რაღაცას ხელი. ხელი თუ არა, თითი მაინც... ხელი - საცმუცნავს, თითი - ჩახმახს... გამოვკრავთ კიდეც: თუკი ნამდვილად გვეკუთვნის რამე - მხოლოდ სიცოცხლე - და ისიც ძალით თავმოხვეული. შუბლზე მიბძენილი ლულის ხვრელიდან ამოიზრდება ცეცხლოვანი ვარდი სიკვდილის. ვერც კი მოვასწრებ მის დანახვას, ანუ, სიკვდილის საუფლოში იქამდე შევალ, ვიდრე ის ვარდი ამოიზრდება ცივი რკინიდან. განა არა სჯობს, ვერ იხილო, მაგრამ შეხვიდე, ვიდრე იხილო და ვერაფრით ვერ შეაღწიო?! ასე რომ, ვიდრე ვერ ვიხილავ მაგრამ შევაღწევ, მეც შემიძლია ვიცხოვრო მშვიდად. ქვეყანა ისე არ დაეცემა, ვერ გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ, ყოველთვის იქნება ქვეყნად ერთი სულელი გოგო და იხვი... სუნი, რომელიც ჩვენს ბუნაგში დგას, ჩვენი სუნია და ჩვენთან ერთად განქარდება. ასე არ არის?! აბა დაფიქრდი. ჩვენს წინაპარს ფიქრის გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმოედგინა. გადაიჭრებოდა ზურგს უკან ხელებს და ბოლთას სცემდა, „ფიქრთ გასართველად“. როდესაც ახალ კონტინენტებს იპყრობდნენ სხვები, ის არარსებულ ზღვებს სერავდა ფიქრის ხომალდით და ოცნებიდან ოცნებაში გადადიოდა, როგორც ქვეყნიდან ქვეყანაში... ან დატყვევებულ ნადირის მსგავსად, სიზარმაცეში გადაზრდილი სასოწარკვეთით, ეხეთქებოდა სინამდვილის ხორკლიან კედლებს, ვით უგრძნობელი ლითნის ბირთვი - ძველი სახლების დასანგრევად რომ იყენებენ - და შემოენგრა, რასაც უნდა გაფრთხილებოდა და რასაც უნდა შესწირვოდა ჩვენი სახელით. ის კი, ამაყი და ათასგზის გაწბილებული, მაინც თავისას აგრძელებდა, ანუ, იხვივით, და შეყვარებულ გოგოსავით, მთელი არსებით ელოდებოდა გათენებას, რათა ხელახლა და ერთხელ კიდევ განეცადა ეს ყველაფერი, ვიდრე ჩვენამდე არ დამდაბლდა, ლამის შინიდან გამოუსვლელად და, რა თქმა უნდა, ზურგს უკან ხელებგაკოჭილი განგების თოკით.
ჩვენ მწვერვალი ვართ მისი სიმდაბლის.
1996