ავლაბრელი ქრისტე ირაკლი კალანდაძე
პროზა
30,10,2014
4/1

"ზეახალი ვარსკვლავივით ავფეთქდები“, - მოასწრო ქალმა გაფიქრება, სანამ მუცლიდან დაძრული ჟრუანტელის ტალღები ფეიერვერკად გაიბნეოდა სხეულში.
- მიყვარხარ, ჩემი ღმერთი ხარ, - ჩურჩულებდა და კაცს ისე ეტმასნებოდა, თითქოს მის არსებას უჩინარი გარსი მორღვეოდა და მამაკაცის სხეულში განზავებას ლამობდა, ისე, როგორც ორი ღრუბელი ერევა ერთმანეთს.
- მხოლოდ სექსის შემდეგ მაღიარებ? - გაიღიმა კაცმა.
- ყოველთვის გაღიარებ, ოღონდ ღმერთად არა, იდეალურ საყვარლად. სამყაროს დირექტორის თანამდებობას ბევრად სჯობს.
- მხოლოდ საყვარლად? ადამიანებს ცოცხალი ღმერთის არასდროს გჯერათ. თუმცა მაგარი სექსი და სიყვარულიც საკმარისია. სექსი ღმერთთან თუ არა, ღვთაებრივი ხომ მაინც გაქვს?
- ნეტავი რატომ მიყვარხარ ასეთი მკრეხელი? - ქალს სახეზე ოდნავ შესამჩნევი ნაღველი გაუკრთა. - ოდესმე თუ შეძლებ, ამ თემაზე არ იხუმრო?
კაცმა უფრო მჭიდროდ მიიკრა ქალი და მხარზე აკოცა.
- არ გეწყინოს, ჩათვალე, რომ ვფანტაზიორობ და სიუჟეტს ვთხზავ მომავალი ფილმისთვის.
კაცს არ შეეძლო ქალისთვის ეთქვა, რომ დანახვისთანავე მოეწონა, როცა ის სანთლით ხელში უხმოდ ლოცულობდა საკათედრო ტაძარში და თვალებში შესცქეროდა მაცხოვარს; რომ თხელ საზაფხულო ბლუზაში გამოკვეთილი, სულ ოდნავ მოღიავებული მისი მკერდი, რომელიც უფრო იგრძნობოდა, ვიდრე ჩანდა, ისეთი ეროტიკული მუხტით ავსებდა სივრცეს, გეგონებოდა, ჟანგბადის შემცველობა ჰაერში 16-დან 36 პროცენტამდე გაზრდილიყო. მოჭარბებული ჟანგბადისგან თავბრუდახვეულ კაცს უკვირდა, ხატის წინ მოლიცლიცე სანთლები მაშხალებივით მყისვე რატომ არ ჩაიწვებოდნენ.
კაცის მთავარი გასართობი ტაძარში ხალხის თვალიერება იყო. აქამდეც უამრავი ქალისთვის უთვალთვალია გულდასმით, მაგრამ ასეთი მღელვარება არასოდეს უგრძნია. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მისთვისაც დადგა ის მომენტი, ადრე თუ გვიან ყველასთვის რომ დგება და მელოდრამატული სატელევიზიო სერიალის გმირივით გაკარგვინებს თავს. კაცს არ შეეძლო, თავის შესახებ ისე მოეთხრო ქალისთვის, რომ მას გიჟად არ ჩაეთვალა, ამიტომ მხოლოდ ხუმრობანარევი ტონით ეუბნებოდა სიმართლეს.
კაცი მრავალი ასეული წელი იყო გამოკეტილი შუში მიღმა, ოქროთი მოვარაყებულ ჩარჩოში. აღარც კი ახსოვდა, რამდენი ტაძარი და მუზეუმი მოატარეს ამ ხნის განმავლობაში, ბოლოს კი დიდი პატივით აქ მოაბრძანეს, ახალაშენებულ საკათედრო ტაძარში, და, როგორც ჩანს, დიდხანს მოუწევდა დარჩენა.
კაცს ეღიმებოდა ხალხის ფუსფუსზე, მის სადიდებლად გამართულ რიტუალებზე, ათასგვარ კანონსა და აკრძალვაზე, რომლებსაც ადამიანები ღვთის სახელით ერთმანეთს უწესებდნენ. ხანდახან ფიქრობდა, რომ არც ისე კარგად გამოუვიდა ჩანაფიქრის ხორცშესხმა, მაგრამ იდეალისტი იყო და მაინც სჯეროდა, რომ ადამიანში ჩადებული ღვთიური საწყისი ადრე თუ გვიან გაიფურჩქნებოდა და კაცობრიობაც მას, ღმერთკაცს, გაუტოლდებოდა. მანამდე კი ისე უყურებდა ადამიანებს, როგორც პატარა ბავშვებს, მოძრაობის კანონების შესასწავლად ბუზებს ფეხებს რომ აგლეჯენ და ვერ ხვდებიან, რომ ბუზებსაც სტკივათ.
ასე გადიოდა დრო, დღე დღეს მისდევდა და საუკუნიდან საუკუნემდე ბევრი არაფერი იცვლებოდა, თუ მოდასა და ჩაცმულობას არ ჩავთვლით. ერთ დღეს კი კაცმა, როგორც იქნა, თავისი ქალი დაინახა და იგრძნო, როგორ გაიზარდა ჰაერში ჟანგბადის კონცეტრაცია 16 -დან 36 პროცენტამდე.
კაცი შეაშფოთა ამ სიახლემ, რომელიც ცხოვრების დამკვიდრებულ წესში დრამატულ ცვლილებებს მოითხოვდა. ადრეც ხშირად უფიქრია, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ თავისივე შექმნილ სამყაროში მოქმედ კანონებს ადამიანებისგან უჩუმრად დაარღვევდა და გადაწყვიტა, ღამღამობით, როცა ეკლესიაში არავინ იყო, მოოქრული ჩარჩოდან გადმოსულიყო და ჩვეულებრივი კაცივით ცხოვრება ეცადა.
ერთ საღამოს ხელსაყრელი შემთხვევაც დადგა, ტაძარში ერთადერთი მლოცველიღა შემორჩენილიყო - ქალი, რომელიც კაცს უკვე მერამდენე დღეა სისხლს უჩქროლებდა.
კაცი ოქროსჩარჩოიან ხატს გამოეყო. ეუცნაურა პირველი ნაბიჯები, ორი ათასი წელი იქნებოდა, ფეხით აღარ გაევლო. „ალბათ, ასე გრძნობენ თავს, როცა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პირველ ნაბიჯებს დგამენ“, - გაივლო გულში და უცნობ ქალს მიუახლოვდა.
- გამარჯობა, ყოველდღე გხედავთ ტაძარში, რამე ხომ არ გიჭირთ?
ქალი მისკენ შებრუნდა და ყურადღებით დააკვირდა:
- არა, უბრალოდ ღმერთს ვეძებ, - უპასუხა ხმადაბლა და გაუღიმა. - ძალიან მეცნობით, - განაგრძო ქალმა. ადრეც შევხვედრივართ ერმანეთს?
- ჰოც და არაც.
- ჰოც და არაც? - გაიმეორა ქალმა.
- მე იესო ვარ.
ქალმა მკაცრი მზერა შეავლო კაცს:
- ამ წმინდა ადგილას მაინც ნუ მკრეხელობთ. ღმერთი დაგსჯით.
- ღმერთი არ სჯის, ღმერთი სიყვარულია, თანაც მე თვითონ ვარ ღმერთი.
- ამისთვის, სულ ცოტა, წყლის ღვინოდ გადაქცევა დაგჭირდებათ, - მიუგო ქალმა და გაუკვირდა, რომ მამაკაცის თავხედობა ოდნავაც არ აღაშფოთებდა.
ალბათ, იმიტომ არ ეხამუშებოდა უცნობის უხეში ხუმრობა, რომ იგი მართლა საოცრად ჰგავდა იესოს. „ალბათ, ეს ის არის, რასაც ფილმებსა და რომანებში ერთი ნახვით შეყვარებას ეძახიან“, - გაიფიქრა ქალმა და სცადა, მღელვარება ხატის წინ მუხლმოყრით და მხურვალე ლოცვით დაემალა.

იმ დღის შემდეგ კაცი ყოველ საღამოს, შებინდებისთანავე ტოვებდა ტაძარს და მალულად მიდიოდა ქალის სანახავად. ქალი იქვე ცხოვრობდა, ტაძრის მახლობლად., ერთად იყვნენ, სანამ მნათე 6-ჯერ ჩამოკრავდა რიჟრაჟის მაუწყებელ ზარს. მერე კი კაცი ტაძარში ბრუნდებოდა, რომ მღვდლებს, მლოცველებს, ტურისტებს, მათხოვრებს და უსაქმოდ შემოხეტებულ მოცლილებს თავის ადგილას დახვედროდა. წარმოდგენაც კი ზარავდა, რა მოხდებოდა, ვინმეს რომ მაცხოვრის ხატი დაცარიელებული ენახა. იცოდა, ადამიანებს რა ვნებით უყვარდათ სასწაულები. მაშინვე მთელ ქვეყანას მოსდებდნენ სასწაულმოქმედი ხატის ამბავს, რომლიდანაც დროდადრო უჩინარდებოდა იესოს გამოსახულება. ამას მოჰყვებოდა სასწაულის ხილვის მსურველთა უგრძესი რიგი და ხატის წინ გაბმული ლოცვები და ვეღარსად გაექცეოდა ამ მოჭარბებულ ყურადღებას. მას კი ქალთან უნდოდა, იმ ქალთან, რომლის სიყვარულსაც თითქმის ორი ათასი წელი ელოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, კაცს არ შეეძლო, დედამიწაზე ჭეშმარიტი სასწაულის არსებობა დაეშვა. მისი აზრით, სასწაული სამყაროს წესა და რიგს არღვევდა, ეს კი, მისი ღვთაებრივი თუ ადამიანური ლოგიკით, დაუშვებლად საშიში ექსპერიმენტი იყო.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა - კაცი დღისით ტაძარში, კუთვნილ ადგილას განისვენებდა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშის, დემონსტრაციულად თაყვანისმცემელ ფარისეველთა საიქიო ალიბისა და ეკლესიის მსახურთა შემოსავლის წყაროს როლში, ღამეებს კი ქალთან და მის ვეება თეთრ ძაღლთან ერთად ატარებდა. ბედნიერები იყვნენ, რამდენადაც კი შეუძლიათ ადამიანებს, ამ სამყაროში თავი ბედნიერად იგრძნონ.
ძაღლი დიდი და თეთრი იყო, ჭკვიანური მზერა ჰქონდა და აშკარად არ იზიარებდა საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას ძაღლების მიმართ ადამიანთა ბუნებრივი უპირატესობის შესახებ. ამიტომაც ყოველ საღამოს ისე ხდებოდა, რომ ქალი და კაცი კი არ ასეირნებდნენ ძაღლს, პირიქით, ძაღლი ასეირნებდა მათ და საბელზე ჩაჭიდებულებს თავისი ძაღლური მარშრუტით დაატარებდა ქუჩებში.
ქალს უყვარდა ძაღლი და თავისი ინსტინქტური მზრუნველობის მთელ მარაგს მასა და კაცს უნაწილებდა. მაგრამ ქალმა იცოდა - ეს ინსტინქტები ღმერთს იმისთვის არ მიუცია, რომ ძაღლების ცხოვრება ნაკლებად ძაღლური გაეხადა.
ქალს ბავშვი უნდოდა.
-ბავშვი მინდა, ძალიან მინდა ბავშვი, წარმოიდგინე, რა კარგი იქნება, ყოველ საღამოს ძაღლს კი არა, პატარა ქერათმიან არსებას ვასეირნებდეთ. და ეს არსება დღითი დღე გვემსგავსებოდეს მე ან შენ, - ქალს მღელვარებისგან ხმა ისე აუთრთოლდა, რომ ძაღლმაც კი შეწყვიტა გზისპირა ბალახების ყნოსვა და გაყურსული მიაჩერდა პატრონს.
-ბავშვი? შეუძლებელია, - თქვა კაცმა. - სრულიად შეუძლებელია. ამქვეყნად ყველაფერი მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის რგოლებითაა ერთმანეთზე გადაბმული და ამ ჯაჭვში ჩემი შვილის ადგილი არ არის.
- რატომ? - ხმა გაეყინა ქალს, - არ გიყვარვარ. აი, მხოლოდ ამიტომაა შეუძლებელი, ბავშვი გვყავდეს!
- მიყვარხარ, - დაღლილი ხმით თქვა კაცმა, - უბრალოდ არ შემიძლია. აი, წარმოიდგინე, რომელიღაც გამოგონილ ამბავში ღმერთი რომ ვიყო, რომელიც ადამიანის სხეულში ჩასახლებული ცხოვრობს ამ ქალაქში. მე რომ ვიყო ავლაბრელი ქრისტე. მაშინ ხომ შეუძლებელი იქნებოდა, შვილი გვყოლოდა. კაცობრიობის ცნობიერებაში ქრისტე დიდი ხნის წინათ აცვეს ჯვარს. ქრისტეს არ აქვს უფლება, აწმყოში დადიოდეს დედამიწაზე და ბავშვებს აჩენდეს სიყვარულისა და ვნების გამო. ეს პარადოქსი იქნებოდა, პარადოქსების ადგილი კი დედამიწაზე არ არის.
-მაგრამ შენ ხომ ქრისტე არ ხარ, - ისტერიულად იკივლა ქალმა.
- ჰო, იქნებ არც ვიყო, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, და ყველა მიზეზი, თავის მხრივ, რაღაცის შედეგია. მე სწორედ ისევე არ მაქვს უფლება, შვილი მყავდეს, როგორც ქრისტეს. და ამას აქვს თავისი დიდი მიზეზი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერს მოვუხერხებთ.
- ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ არ გიყვარვარ, მე კი როგორ მეგონა, დავქორწინდებოდით და ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებშია.
საუბარი ძაღლის ღრენამ შეაწყვეტინათ. აღმართზე გამხდარი, წვერმოშვებული კაცი მობარბაცებდა.,
-ბელკა! - დაიძახა წვეროსანმა და არეული ნაბიჯით ძაღლისკენ დაიძრა.
- ღრრრ, - აიჯაგრა ძაღლი.
- ბელკა! მოდი, მოგეფერო, - არ შლიდა წვერიანი.
-თავზე ხელს ნუ გადაუსვამ, - დაარიგა კაცმა შეზარხოშებული ძაღლოფილი, - მაინც მხეცია და ხანდახან ადამიანსა და საჭმელს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.
- ნუ გეშინია, - დაამშვიდა წვეროსანმა, - მოძღვარს არ შეჭამს.
კაცს გაეცინა
- ვითომ? არასოდეს მინახავს, ამ ძაღლს სახარების კითხვით თავი შეეწუხებინოს. მოდი, აბა, ვნახოთ, შეგჭამს თუ არა, - კაცმა საბელი ოდნავ მიუშვა და წვეროსანს მიუახლოვდა, რომელიც ჩამუხლულიყო, ჯიბიდან მღვდლისა თუ დიაკვნის მრგვალი ქუდი ამოეღო და თავზე დაეკოსებინა. ძაღლმა ლოყაზე დაყნოსა და ენა აუსვა.
- ხედავ? - გაუხარდა უცნობს, - იცნო მოძღვარი.
- ვაჰ, - გაუკვირდა კაცს, - ასეთი თვინიერი არასოდეს მინახავს. ანაფორა რატომ არ გაცვია, მამაო?
- რა ვიცი, ისე, უბრალოდ, გავიარე და ცოტა დავისვენე, კაბით დალევა მაინც, ხომ იცი... - თითქოს დაირცხვინა უცნობმა.
- რა მოხდა მერე, ყველა ვცოდავთ. ისე, რა გქვია მამაო?
მთვრალმა მღვდელმა ეშმაკურად გაუღიმა კაცს:
- რა მნიშვნელობა აქვს, შვილო, სახელი ადამიანზე არაფერს ამბობს, ჩვენ მას უბრალოდ ტანსაცმელივით ვატარებთ. და შენ ვინ ხარ, შვილო? საიდანღაც მეცნობი.
- რა მნიშვნელობა აქვს, მამაო, ჩემი ვინაობა ახალს მაინც არაფერს გეტყვის.
- კარგად იყავი, ბელკა, - მღვდელმა ხელი აიქნია და ბარბაცით შეუყვა ტაძრისკენ მიმავალ გზას.
ქალი კაცს მიეკრო და მუდარით სავსე მზერით ქვემოდან ახედა:
- თუნდაც ქრისტე იყო, რატომ არ შეიძლება შვილი გვყავდეს? ღმერთს რა, სიყვარულის უფლება არ აქვს? თუ ღმერთი ხარ, ყოვლისშემძლე ხომ უნდა იყო, ჰოდა, როგორმე შეძელი, რომ შვილი მყავდეს, ისე მინდა ბავშვი... ისე... ძალიან გთხოვ.
კაცი მიხვდა, რომ ასეთი საუბრები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელებულიყო და მართლაც, არ იყო ისეთი ყოვლისშემძლე, ამის აღსაკვეთად ძალა ჰყოფნოდა.
ზარმა ექვსჯერ დარეკა.
- წავედი, - თქვა კაცმა.
- იფიქრე ჩემს თხოვნაზე, - დაადევნა ქალმა.
იმ საღამოს თეთრი ბამბურა ძაღლი აღარავის გაუყვანია სასეირნოდ.
საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა აღევლინებოდა. შუახანს გადაცილებული ქალების გუნდი მასიურ სვეტთან, მოოქრულჩარჩოიანი ხატის წინ იდგა და ხატს ძველთაძველ საგალობელს უგალობდა:

კურთხეულ ხარ შენ, უფალო,
კურთხეულ არს თანამეცხედრე შენი და ნაყოფი სიყუარულისა თქვენისა,

უძველესი ხატიდან კი, უკვე თორმეტი საუკუნე იყო, ადამიანებს თბილად გადმოჰყურებდნენ მაცხოვარი, მისი მეუღლე და ყრმა, რომელმაც ჯერ ალბათ არც კი იცოდა, რომ ღვთის შვილი იყო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    რაღაცნაირია :)) ++