გამოფხიზლება ტკბილი ნოემბერი
პროზა
13,12,2014
1/0

...და ისევ ჩვეულებრივად გათენდა დედაქალაქში.
ფანჯრიდან სექტემბრის საამურ და თბილ სხივებთან ერთად შემოდგომის სიგრილემაც შემოაღწია, პლედის ქვეშ შემოძვრა და სხეულზე სასიამოვნოდ დამიარა. არ მინდოდა გამოფხიზლება და ამიტომაც სიგრილეს ყურადღება არ მივაქციე, ძილი კი მშვიდად განვაგრძე, თუმცა ვინ მაცალა!..
აქაოდა, რვა საათი გახდაო, ჩემმა მაღვიძარამ მექანიკურად დარეკა და მეც მექანიკურად წამოვჯექი მექანიკურ საწოლზე, მექანიკურად მოვისრისე თვალები, მექანიკურად ავიფარე პირზე ხელი დამთქნარებისას, ფეხებით მექანიკურად დავუწყე ძებნა ჩემს ჩუსტებს. მექანიკურად მივიღე შხაპი, მექანიკურად გამოვიხეხე კბილები (ესეც ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა) და მექანიკურად ვისაუზმე. საუზმე ისეთი მექანიკური აღმოჩნდა, რომ სახლიდან გამოსვლისას ჩემს თავს ვკითხე, ხომ ნამდვილად ვისაუზმე-მეთქი...
ათის ათ წუთზე უკვე ჩემს მექანიკურ მერსედესზე ვიჯექი და მექანიკური ვარცხნილობითა და მაკიაჟით მექანიკურ სამსახურში მივდიოდი, თან eva cassidy-ს შესრულებით "autumn leaves"-ს ვუსმენდი.
მივდიოდი და ბედს არ ვუჩიოდი, რადგან ოცნება ავისრულე-მივიღე საუკეთესო განათლება, მქონდა სტაბილური სამსახური, ვიყავი დამოუკიდებელი, ლამაზი ქალი, მყავდა ცოტა მეგობარი, თუმცა სხვა ყველასთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდი. მივდიოდი მექანიკურად კმაყოფილი და უცებ გამახსენდა, რომ დედას ამ დილით არ დაურეკავს. ფიქრის დასრულებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემმა აიფონმა დაიწკრიალა. ამ დილით ჩემი და დედაჩემის საუბარი მექანიკურად ერთმანეთის მოკითხვით არ შემოფარგლულა. მან მთხოვა არ შემეწყვეტინებინა საუბარი და დაიწყო:
"დიდხანს ვიკავებდი თავს. არ მინდოდა შენთან ამ თემაზე საუბარი, თუმცა, სანამ მარტოობა მწარედ შემოგილაწუნებს (და ვგონებ ეს უკვე მოხდა), როგორც მშობელმა მინდა გითხრა, რომ ნოემბერში 31ის გახდები. მგონი დროა, რომ მომავალზე იფიქრო, თორემ ცხოვრება შემოდგომის იმ ფოთლებს ჰგავს, რომელიც შენ ასე გიყვარს. გაზაფხულზე იბადებიან, ზაფხულში იზრდებიან და ზრდას ასრულებენ, ხოლო შემოდგომით... შემოდგომით ყვითლდებიან, ხეს სცილდებიან, ხმებიან... შენ ახლა გელაპარაკება ქალი, რომელიც შენზე ზრუნავს და შენთვის არსებობს. დაფიქრდი და სამსახურსა და ამ წყეულ ყოველდღიურობაზე წინ შენი თავი, შენი სურვილები დააყენე. დააკვირდი რას ელიან შენი გარშემომყოფები შენგან, შენს თავსაც ჰკითხე რას ელი ცხოვრებისგან, ან რას გინდა ელოდე. შენ დამოუკიდებელი და ძლიერი წალი ხარ, თუმცა არც იმდენად ძლიერი, რომ მარტოობას მოერიო და მისი მელანქოლიური შეტევები გულწრფელი ღიმილით მოიგერიო. უკვე დიდი ხარ და ნუ ფიქრობ იმაზე, თუ რა უნდა სხვას, ან რას იტყვის ხალხი, იფიქრე იმაზე, თუ რა გინდა შენ და რაში ხედავ ბედნიერებას... თუ მეტყვი, რომ მარტოობასა და თვეში ერთხელ კორპორატიულ წვეულებებზე სიარულში ხედავ შენს მომავალს, მე ვიფიქრებ, რომ შენ დაბრმავებულხარ, თუმცა არაფერს გეტყვი... შენს მეგობრებს ოჯახები ყავთ, შენ კი დილით ბავშვის ტირილის ნაცვლად ბავშვობიდან გამოყოლილი მაღვიძარა გაღვიძებს.
ხანგრძლივი მონოლოგი გამომივიდა, ეს კი იმას მოვაყოლე, რომ შენი ყოფილი ბოიფრენდი... მას ცოლი მოყავს. ეჭვი მეპარება ამ ამბავმა გული დაგწყვიტოს. ბუნებრივიცაა ასე რომ მოიქცა. ალბათ არ უნდოდა ბედს თქვენი ერთად ყოფნა, ვიცი შენ არ გჯერა ბედისწერის...
კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრა, კვირას ჩემს მეგობარ ჯულისთან მივემგზავრებით ლონდონში. მისი ახალი ქმარი ქართული კულტურითაა დაინტერესებული და ვფიქრობ მამაშენი და ის კარგად გაუგებენ. ლონდონში ყოფნისას ასე ხშირად ვეღარ დაგირეკავ. რომ ჩამოვალ მოგიყვები ლონდონურ შემოდგომაზე, ლონდონურ წვიმებსა და სიმშვიდეზე. შენ კი ჩემს ნათქვამზე იფიქრე და გახსოვდეს, რომ მე შენით ვსუნთქავ..."

დედასთან საუბარი რომ დავასრულე, გზად ეკლესია შემომხვდა და მეც მექანიკურად გამოვისახე პირჯვარი და მივხვდი, რომ ჩემს მექანიკურ სამსახურს ვუახლოვდებოდი. ჩემი მექანიკური მერსედესი მექანიკურად გავაჩერე და მექანიკურ სამსახურში შევაბიჯე, სადაც უამრავი შურიანი მზერა შემომხვდა, რომელიც ჩემი გრძელი ფეხებით ან ნინა რიჩით კი არა, უფრო უფროსის კეთილგანწყობით იყო გამოწვეული. მაინტერესებდა, მათი მექანიკური ჭორები ისევ ჩემი პირადი ცხოვრების მიმოხილვაზე კოპირდებოდნენ თუ ამჯერად გადაწყვიტეს ორიგინალურები ყოფილიყვნენ, თუმცა რობოტების აზრი ნაკლებად მაინტერესებდა და ამიტომ ჩემს მექანიკურ კაბინეტში დედაჩემის არამექანიკურ ნათქვამზე დავფიქრდი. მივხვდი, ჩემი ყოფილი ბოიფრენდის ქორწინებამ დედაჩემი აანერვიულა და კიდევ ერთხელ მიახვედრა, რომ უკვე საკმაოდ დიდი ვარ და ჩემს მომავალზე უნდა ვიფიქრო. სულაც არ მინდა შინაბერა კარიერისტი ვიყო, რომელიც შაბათ-კვირას მეგობრის შვილებს ჩაით და კექსით უმასპინძლდება, შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის და ბოლოს თავის კატებს კექსის ნარჩენებით უმასპინძლდება. ბავშვებიც არ იშურებენ სითბოს და ყოველ "ვიქენდზე" ახალ-ახალი ძაფის გორგალი მოაქვთ ჩემი კატებისთვის, რომლებსაც ახლა საოცრად ვერ ვიტან, თუმცა ალბათ მომავალში შემიყვარდება...
სტივი საფრანგეთში, ჩემს უნივერსიტეტში გავიცანი, ისიც ჩემსავით ჟურნალისტიკას ეუფლებოდა. ერთმანეთს ოთხი წელი ვუძლებდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ მინდოდა მექანიკური საქმრო, არც მექანიკურად მინდოდა მყვარებოდა იმ ვალდებულების გამო, რომ საქმრო უნდა გიყვარდეს. მისმა ვითომდა პრაგმატულობამ და ჩემმა (სულის სიღრმეში მიმალულმა) იდეალიზმმა (რომელსაც დიდი მონდომებით სულშივე ვიკლავ), შედეგი გამოიღო და ერთმანეთს დავშორდით, თანაც ისე, რომ სინანულის გრძნობა არც ერთს გაგვჩენია.
ახლა კი, სიმართლე გითხრათ, მისმა ქორწინებამ, რომელიც საერთოდ არ შემიცხადებია, თითქოს ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი გათელა, გააცამტვერა. მიუხედავად იმისა, რომ მე ის არ მიყვარდა, ამ ამბავმა მაინც დამზაფრა და კუჭში სიცარიელე ვიგრძენი. ასეთ დროს ყოველთვის მშივდება ხოლმე!
ფიქრებში გართულს გამახსენდა, რომ სტატია უფროსის კაბინეტში მქონდა ასატანი. ძალიან მიყვარდა ჩემი უფროსი, რადგან მისგან ყოველთვის მამა-შვილურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი და თანაც საოცრად პოზიტიური ადამიანი გახლდათ, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის ნდობით იყო გამსჭვალული. სტატია მოვძებნე, ავიღე, ლიფტისკენ გავემართე და კვლავ ფიქრების ტყვეობაში ჩავვარდი.
-ისე, ნეტავ დედამ რა იგულისხმა, როცა მკითხა, შენს თავს ჰკითხე, თუ რას ელი ცხოვრებისგანო? ოო, მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ, მგონი დროა...
-ფრთხილად!!!-დაიყვირა კაცმა.
როცა ფიქრებს თავი დავაღწიე და მიმოვიხედე, ძირს მიმოყრილი ქაღალდები დავინახე, ძალიან შემრცხვა/
-ღმერთო ჩემო, მაპატიეთ, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია
_თუ თქვენი ღმერთი დამეხმარება, რომ არ დავაგვიანო, აუცილებლად გაპატიებთ-მომიგო მამაკაცმა
-უხეში, გაუთლელი... და კიდევ ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, თუმცა შემოტრიალებული მამაკაცის მზერით ვიგრძენი, რომ ხმამაღლა მომსვლოდა ფიქრი. ის იდგა და თვალებში მიყურებდა. მისმა გამჭოლმა მზერამ ალბათ შეამჩნია ჩემი ნაწყენი გამომეტყველება, თუმცა არაფრად ჩააგდო. შეტრიალდა და წავიდა.
დაბნეული და გაბრაზებული შევედი ლიფტში და მექანიკურად დავაჭირე ღილაკს. მექანიკურადვე დავაკაკუნე კაბინეტის კარზე და შევედი. იქ ჩემი თბილი და დადებითი უფროსის გარდა კიდევ ორი დაკუნთული, მაღალი მამაკაცი და საშუალო ზომის რამდენიმე ყუთი დამხვდა, სადაც შეფი თავის ნივთებს აწყობდა. ბატონმა დავითმა ჩემი დაბნეული გამომეტყვებელა დაიჭირა, თბილად გამიღიმა და მითხრა, რომ მისი პენსიაზე გასვლის დრო იყო. კომპანია უკვე ფეხზე დააყენა, თავის მისია შეასრულა და ახლა კი საქმე სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა, საქაღალდე კი სწორედ მისთვის უნდა მიმეცა.
-აი ისიც! წარმოთქვა ბატონმა დავითმა და კარისკენ მიიხედა. კარებში სიჩქარისგან აღელვებული მამაკაცი შემოვიდა, მემისკენ შევტრიალდი და...
სწორედ ის ქედმაღალი, უხეში კაცი აღმოჩნდა, რომელსაც ფოიეში დავეჯახე (ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა ფილმებისგან განსხვავებით ჩვენი საუბარი სასიამოვნოდ არ დასრულებულა). ჩემი დანახვისას დაიბნა, თუმცა მალე ისევ ისეთი თავხედური დაჟინებით შემომხედა თვალებში, როგორც ცოტა ხნის წინ. ალბათ ჰგონია, რომ ისევ მე მოვუხდი ბოდიშს. ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ ღარიბი არ უნდა იყოს. ვიცნობ მისნაირ კაცებს! მასაც ჰგონია, რომ ყველა ქალი ერთნაირია და ადრე თუ გვიან ყველა თავადვე გამოიჩენს ინიციატივას სასურველი მამაკაცის წინაშე, ალბათ არაა დაჩვეული ქალებისგან უარს და ჰგონია რომ ყველა ქალი წავა მასთან კომპრომისზე. ალბათ ამიტომაა მისი მზერა თავდაჯერებულობისგან ასე ამაღლებული. ჰოდა მიყუროს თავდაჯერებული თვალებით, მე ხმას არ გავცემ!
ჩვენი სიჩუმისგან გამოწვეული უხერხულობა კვლავ ბატონმა დავითმა დაარღვია და ახალმოსულს ჩემი თავი ყველაზე სანდო, საიმედო და პასუხისმგებლობის გრძნობიან, ულამაზეს თანამშრომლად წარუდგინა, ამ გოროზმა კი უთხრა, რომ ჩვენ უკვე შევხვედროდით ერთმანეთს, თანაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში. ბატონი დავითი ჩაფიქრდა და ცოტა ხანში, მრავლისმეტყველი ღიმილით მაცნობა, რომ კოლექტივთან და საქმესთან ადაპტაციაში მე უნდა დავხმარებოდი ამ უკანასკნელს. ეს თქვა, ბოდიში მოიხადა და ყუთებით დატვირთულ ორ მამაკაცს კარისაკენ გაუძღვა. როგორც კი ბატონი დავითი გავიდა, მამაკაცმა შემომხედა. რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ მიმზერდა და ბოლოს გაიღიმა. მე გაკვირვებისგან ლამის ენა ჩამივარდა. ღიმილმა მის სახეზე სიკეთის სხივი ააელვერა და გაანათა, გააკეთილშობილა. თეთრი, ჩამძივული კბილები ჰქონდა, წინა ორი ოდნავ მოგრძო კბილებიდან ერთი მეორეს ოდნავ გადაფარებოდა, რაც უნდა ვაღიარო, ძალიან უხდებოდა და მის ღიმილს ბუნებრივობას მატებდა. სანამ მე მის ნაკვთებს ვსწავლობდი, მან სერიოზული სახე მიიღო და საუბარი დაიწყო...
-მგონი დილას ძალიან უხეშად გამომივიდა, იცი, ძალიან მეჩქარებოდა და...
-არაუშავრს, მივუგე და თავადვე გამიკვირდა, რომ წყენა ასე მალე დამავიწყდა. უნებლიედ გამეღიმა. ის სერიოზული სახით მიმზერდა და თითქოს აკვირდებოდა ჩემს მანერებს, ჩემს ნაკვთებს, თვალებს...
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვუთხარი და საქაღალდე გავუწოდე.
-გმადლობთ, მიპასუხა და მარცხენა ხელით საქაღალდე გამომართვა.
ამ დროს ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო და ადგილზე გავქვავდი. ალბათ, ჩემი გონების რაღაც ძალიან დაბალი პროცენტი მაინც მოქმედებდა, რადგან შევამჩნიე, რომ ისიც ისევე ღელავდა, როგორც მე. თითქოს საუკუნე გავიდა, არადა მისი ხელის ჩემს თითებზე რონინი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა მგონი ეს რამდენიმე წამიც რაღაცას ნიშნავდა.
გონს მოვედი და შეშფოთებულმა ხელი უკან გამოვწიე. მან სახიდან ღიმილი მოიშორა და მითხრა, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში მისი დახმარება მომიწევდა, შემდეგ სახელი მკითხა და... ბოლოს, ცოტა არ იყოს და, უცნაური კითხვა დამისვა...
-უკაცრავად, მაინტერესებს... თქვენ გჯერათ ბედისწერის?
მივხვდი, რომ სინამდვილეში უნდოდა ეკითხა ერთი ნახვით შეყვარების თუ მჯეროდა და ვუპასუხე:
-მე საოცარი უნარი მაქვს კონტექსტის წვდომის. ფიქრებსაც ვკითხულობ, ოღონდ იშვიათად...
უკაცრავად? გაკვირვებულმა შემომხედა.
-თქვენ სინამდვილეში გსურთ მკითხოთ მჯერა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების. ასე არ არის?
-ასეა... სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ ჩემი პირდაპირობით დამეფრთხეთ და პატარა ბიჭივით მოვიქეცი. იქნებ, ჩემმა გულწრფელმა აღიარებამ თქვენი პასუხი დაიმსახურა?
-სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს "ნაკლი", რომელიც პირველივე შეხვედრისას შეიძლება შევამჩნიო, თუმცა ნაკლად არ აღიქვა, ვთქვი და გავუღიმე.
-ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ? მკითხა და დაბნეულობისგან წარბები შეჭმუხნა.
-ცაცია ხართ-მივუგე ღიმილით და შევამჩნიე, რომ ჩემი პატარა ხუმრობა სიტუაციის განმუხტვის ჟესტად ჩათვალა და მანაც გაიღიმა.
დროებით დავემშვიდობე და შუადღეს კოლექტივს წარვუდგინე. აშკარა იყო, რომ ჩვენი კომპანიის ყველა გასათხოვარი და გაუთხოვარი თანამშრომელი ჩემს გარეგნობაში უარყოფითის ძებნაზე იგეშებოდა. დღის ბოლოს ჩემმა ახალმა უფროსმა მანქანამდე მიმაცილა, მადლობა გადამიხადა დღევანდელ დღეს გაწეული დახმარებისთვის და მთხოვა, რომ ბატონი დავითის გასაცილებლად დაგეგმილ წვეულებაზე მისი თანმხლები ვყოფილიყავი.
-მეწყვილეობას მთავაზობთ? დაბნეულმა ვკითხე. არ ველოდი მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას.
-დიახ, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხართ, მაგრამ, როგორც ვხედავ, თქვენ ისევე გსურთ ჩემი თანხლება, როგორც მე თქვენი.
-კი მაგრამ, საიდან გამოგაქვთ ასეთი დასკვნები?
-იქედან, რომ ჩემთან საუბრისას მუდამ ღელავთ, არ გყავთ მეგობარი მამაკაცი და რაც მთავარია, მაკვირდებით და ცდილობთ ჩემი მიმიკების, ჟესტებისა და ქმედებების მეშვეობით კარგად გამიცნოთ.
-საიდან მოიტანეთ, რომ გაკვირდებით? ცდებით... მივუგე და გავიღიმე, მაგრამ ეს უკვე სიმწრის ღიმილი იყო. აი ისეთი, პატარა გოგოს მშობლები დანაშაულში რომ გამოგტეხენ და შენ ძალიან გრცხვენია.
-კარგით, მე, როგორც ჯენლტმენი ვეცდები, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდოთ. ისე, რომ წითლდებით მორცხვ ბავშვს მაგონებთ. ვაღიარებ, ძალიან გიხდებათ და... კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ თქვენობით ნუღარ ვისაუბრებთ. ხვალამდე!-მითხრა, მანქანის კარები გამიღო, თავად კი თავისი მანქანისკენ გაემართა.
სამუშაო დღე დასრულდა, მე კი ვიგრძენი, რომ სამსახურის დატოვება არ მინდოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ სამსახურში ვტოვებდი იმას, რაც საოცარ სტიმულს მაძლევდა.
მანქანა დავქოქე და სახლისაკენ გავეშურე. კვლავ ჩავრთე მუსიკა და ჩემდა სასიხარულოდ ჩემი ერთ ერთი საყვარელი სიმღერა „cknocking on heavens door”-გავიდა რადიო ეთერში. ვუსმენდი და გაბრუებულს ბაგეზე ღიმილი უაზროდ დამთამაშებდა, უაზრო კმაყოფილებას განვიცდიდი.

დილით კვლავ შემოიჭრა შემოდგომის ოდნავ სუსხიანი ქარი და მძინარეს სხეულზე მომეპარა, ლამაზი დღის გათენება მანიშნა იმდენად უჩვეულოდ დამიარა, რომ მაღვიძარის დარეკვამდე გავიღვიძე და ჩემს საძულველ და ძალიან ძველ ნივთს ქედმაღლურად გადავხედე . ძალიან ძველი იყო და ამიტომ გადავწყვიტე გზად გამეყოლებინა, გადამეგდო, მის ნაცვლად კი ახალი მეყიდა. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე, საოცარი ხალისით გავიკეთე მაკიაჟი და ჩაი დავლიე. აღტაცებული ვიყავი, რადგან ჩემს განწყობას ვიღაც ქმნიდა. სწორედ „ვიღაცის“ დამსახურება იყო, მაღვიძარას რომ დავასწარი, ისიც, რომ თავი ფორმაში არა მექანიკურად, არამედ ჩემი სურვილიდან გამომდინარე . მიხაროდა, რომ გამოჩნდა „ვიღაც“, ვინც მაძლევდა სტიმულს, რომ ვყოფილიყავი უკეთესი. მისი დამსახურება იყო გაღვიძების სიხარული, მანიშნებელი იმისა, რომ იწყებოდა ახალი დღე, რომლის გატარებაც სასიამოვნოდ შემეძლო. ვსაუზმობდი არა მექანიკურად, არამედ ცნობიერად, სამოსს ვირჩევდი არა ზერელედ, არამედ დაკვირვებულად.
სახლიდან გამოსვლისას ხომ მე თვითონ ვგრძნობდი საკუთარი გულის ცემასა და აჩქარებას, რადგან ვაცნობიერებდი ბედნიერი წუთების მოახლოვებას. ეკლესიასთან ჩავლილმა კი უკვე გულწრფელად გადავისახე პირჯვარი, რადგან გავაცნობიერე, რომ მადლობელი ვიყავი უფლის, რომ მომანიჭა ბედნიერება და ჩემს ცხოვრებაში სიახლე შემოიტანა. მე ვიცოდი, რომ შეიძლებოდა „მისი“ მხრიდან სიმპათია მომჩვენებოდა. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი უპრობლემოდ და მარტივად ბედნიერებით არ დაგვირგვინებულიყო, ან საერთოდ არ დაგვირგვინებულიყო, მაგრამ არ მაინტერესებდა. მე საფიქრალი ობიექტი გამომიჩნდა, რაც ჩემზე აშკარად დადებითად აისახა.
იქნებ არაფერი შეცვლილიყო, იქნებ ტყუილად შევიქმენი ილუზიები, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს მდგომარეობა მაჯანსაღებდა, უკეთესს მხდიდა, მაკეთილშობილებდა...

არ ვიცი რა იქნება დღეს, რა იქნება ხვალ, ზეგ მაზეგ, თუმცა ახლა ცხოვრებამ შემომილაწუნა და მიმახვედრა, რომ ჩემი დუნე და ერთფეროვანი ცხოვრების კალაპოტიდან გადახვევა სასიკეთო იქნებოდა ჩემთვის. ბედმა შემომიძახა, გამოფხიზლდი, ცხოვრება მშვენიერიაო და ჩემი ბედნიერებისთვის (საწყის ეტაპზე) ესეც საკმარისია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •