მეზღვაურის სიმღერა ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2012-03-08 11:39:56
157/10

სეზონზე სერიული წვიმების,
დატოვეს ქოლგებმა სანაპირო.
მეზღვაურო,
სადღა აპირებ შეაგროვო
მარგალიტით ორსული ნიჟარები?
სად გინდა ჩატუმბო სისოვლე,
სილაში - მზე,
სილამაზე ტანსრული ღრუბლების...
სადა ხარ უხომალდო მეზღვაურო?
მაჩვენე ის წყალქვეშა ფირი,
რომელზეც უცნაური ცხენთევზა
ტირის და ქვითინებს,
როცა მის ქვირითს
მიირთმევს სკაროსი.
ავი ტაროსია, მეზღვაურო,
\"ყველაფერი იქნება ცუდად!
არაფერი იქნება კარგად!\"
ბუმერანგია ეს სიტყვები
და ჩემს პერანგზე აწყვეტილი სადაფები -
გიბრუნდებიან!
მაინც საით გასცურავ,
უკომპასო მეზღვაურო?
\"ლა პლაზა კალა.
სი მორე ლასა\"
ასე,
უზღვაო მეზღვაურო,
შენგან,
ერთი მკლავის მოსმაზე,
იძირება ქალაქი სადაც,
საშველად-
სავსე მთვარის
რგოლის ჩაგდებას
ელოდებიან...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • GUR.J
  • 2012-03-14 22:29:23
  • +3
    ..........
    სადღა აპირებ შეაგროვო
    მარგალიტით ორსული ნიჟარები?...

    ეს განსაკუთრებიტ მომეწონა:*)) წარმატებები და +2..:*))
  • 7
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-11 14:44:07
  • უიიიი,უიიიჰ. სულ სხვა თვალით წავიკითხე ახლაა, მეტად იმოქმედა...


    უხომალდო,უკომპასო მეზღვაური... :(


    "სადღა აპირებ შეაგროვო
    მარგალიტით ორსული ნიჟარები?"
  • 6
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-11 14:42:20
  • ძალიან დიდი მადლობა ქ–ნო, ნინო. ახლა კიდევ წავიკითხავ ამ ლექსს.
    მადლობა, ნათია.
    სამწუხაროდ დამავიწყდა მიმეთითებინა ლექსის ადრესატი:)

    ეს არის რობერტ მესხი.
    ამოსახსნელიც აღარაფერია, რობის მე "მთვარის ქურუმი" დავარქვი:) მის კრებულს ჰქვია "მთვარე და ქუჩა".
    ლექსი ზოგადად დაკარგული აფხაზეთის ასოციაციაა.

    "ყველაფერი იქნება ცუდად!
    არაფერი იქნება კარგად!"

    ეს რობის ლექსიდანაა.

    ხოლო ეს – ჩემია:
    "ლა პლაზა კალა.
    სი მორე ლასა"

    არაფერსაც არ ნიშნავს:) "დოვენ დოვინ დოვლია":)
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-11 02:10:51
  • "ასე,
    უზღვაო მეზღვაურო,
    შენგან,
    ერთი მკლავის მოსმაზე,
    იძირება ქალაქი სადაც,
    საშველად-
    სავსე მთვარის
    რგოლის ჩაგდებას
    ელოდებიან..."


    მინდა ამოვხსნა ეს... მე წავედი ისევ იმ პრობლემისკენ...ზღვისპირა ქალაქში რომ აპირებენ...
    გილოცავთ დღევანდელ დღეს... ყველას, ვინც სთვლით, რომ მოსალოცია:)
    მადლობა მკითხველს.

    ბატონო სანდრო, ვფიქრობ: რას დაარქმევდით ნახატს? ან რა ფერში დახატავდით?

    მე ასე მგონია, პასტელის ნახევარტონებით, სათაურით "იმპრესია" :)
    მადლობა თქვენ.
  • 2
  • მაია ღლონტი
  • 2012-03-08 18:24:41
  • ძალიან მომეწონა.

    თქვენს ლექსებს ყოველთვის ახლავს გამორჩეული ქალური სინატიფე.

    ასეა ახლაც.+3
  • 1
  • ფლე-ში
  • 2012-03-08 16:13:15
  • ბრწყინვალე ხარ, ნინო!
    ...და კიდევ, მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი...დაგხატავდი.
    გაზაფხულს გილოცავ.