სეკვენცია ბექა ქებულაძე
პოეზია
2012-12-09 00:32:47
63/4

ისუნთქე, ვიდრე სავსე არის ქარით ფილტვები,
იფიქრე, თორემ ქარიშხალმაც დარი შებინდა.
ილოცე, ვიდრე ცოდვებისგან გაიფილტრები
და თავს წამოწევ ცრემლიანი ბალიშებიდან.

გიყვარდეს, ვიდრე სიყვარული ფეთქავს უკვდავად,
ეცადე რიგში ამოუდგე თუნდაც უკვდავებს,
ვიდრე ცხოვრებამ უგზო-უკვლოდ აგაბურთავა,
ვიდრე ცხოვრებაც შენნაირად ააბურთავეს..

იწამე, ვიდრე ურწმუნოთა ბილიკს გათელავ
და სისხლისაგან ჩამოიცლი გულის სისხლძარღვებს.
უფრთხილდი, ვიდრე წააწყდები სადმე ფათერაკს,
გჯეროდეს, ვიდრე უნდობლობა გამოგიცხადეს.

ბოლოს კი ღმერთი აგიტაცებს ცაში მტევნებად
და სამოთხის კარს შეგიღებენ თეთრი მტრედები.
აქ დედამიწა უშენოდაც დაიმტვერება,
შენ კი ვარდების სურნელებით შეიმტვერები.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მაგარია ძაან...მე გამისწორა მაგრად
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-08 14:33:36
  • ბოლოს კი ღმერთი აგიტაცებს ცაში მტევნებად - რის მტევნებად?

    დანარჩენი, ნინოს და ირაკლისაც უთქვამთ.
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-08 14:12:50
  • "ცოდვებისგან გაფილტვრა" ცოტა არ იყოს და უხეში/არაკორექტულია.

    "აბურთავებებთან" დაკავშირებითაც იგივეს ვიტყოდი.

    +
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-07 18:54:07
  • "ქარიშხალმაც დარი შებინდა" - ქარიშხალმა დარიც შებინდა უმჯობესი იქნებოდა, უფრო გამართულია ამ კონტექსტში.

    მომეწონა მე ეს ლექსი

    წარმატებები ++