ჩვენ წყნეთში ვისვენებთ მაკო დოლიძე
იუმორისტული
2013-03-24 14:08:00
34/2

შარშანაც აქ დავისვენეთ და მომავალ წელსაც ვაპირებთ. პედიატრებმა რომც არ გვითხრან, ისედაც ვიცით, რომ სუსტი ბრონქების მოსამაგრებლად ბავშვი სამი წელი ზედიზედ ერთი და იმავე ადგილას უნდა დაასვენო. ჩვენი დიასახლისი ამბობს, რომ მისი სახლი ისეთ ადგილასაა ზემო წყნეთში, კოჯორს უტოლდებაო სიმაღლით (ზღვის დონიდან)
შარშან უკეთესი ამინდი იყო. შეიძლება, პირველი წელი რომ იყო, იმიტომ.
წელს კი...
წვიმს.
...იმდენი დღეა წვიმს, რომ მონა-ლიზას ღიმილით შევცქერი სამივე ოთახის დამსვენებელთა ბავშვები (ჩემების ჩათვლით) როგორ დაბრაგუნებენ ტალახიანი ჩექმებით ჩემი აივნის (დღეს უკვე სამჯერ) მოწმენდილ იატაკზე.

იმდენი ხანია წვიმს, რომ სულ ცოტა, ხუთ ჭიქაში „მჯდომი“ სახლის პატრონის დაგებულ, საპირფარეშოსკენ მიმავალი ბილიკის მოზაიკის ფილებზე ასრიალებული დამსვენებელი ისეთი ხმით და სიტყვებით იგინება, სქესის გარჩევა ჭირს.

ისევ წვიმს და ყველა ლოგინის ლეიბებს, ერთის გარდა, „პლიტაზე“ ვაშრობთ მთელი დღე. იმ ერთ ლოგინზე მშობლების სქელ ჟაკეტებში ჩაფუთნული (სამივე ოთახის) ბავშვები „სხედან“ და „თამაშობენ“.

უკვე იმდენი ხანია წვიმს, რომ მესამე ოთახის ბექამ ჩვენი ორი უჯრა კანფეტი შეჭამა. ვფიქრობდი, რაღაც აკლია წვიმის შხაპუნის ხმას-მეთქი და მივხვდი რაც - ყოველი კანფეტის პირში გაქანების წინ ბექას გადაძახილი: „დედიი! ესა ვჭანოო?“

იმდენი ხანია წვიმს, რომ ზედა სართულზე მცხოვრები სახლის დიასახლისი ამავე სახლში მცხოვრებ დედამთილის დას შეურიგდა (თავად დედამთილი დიდი ხანია, გარდაცვლილია)

იმდენი დღეა წვიმს, რომ მეორე ოთახის ნიკუშას ღამის ქოთანი უკვე ჩვენს აივანზე დევს.

სამაგიეროდ, უკვე იმდენი ხანია წვიმს, რომ ნიკუშას მამამ სამსახურიდან წამოღებული „კოკა-კოლას“ კეპები გვაჩუქა.

იმდენი ხანია წვიმს, რომ ღობისიქითა მეზობლის ფეშენებელურ კერძო სახლში მცხოვრებმა პატარა დადუს ბებიამ შორტებზე წინდები ამოიცვა და ვეღარც მისი „არ მიხვიდე, ბებიკო, ღობესთან“ ისმის.

ისევ წვიმს და საკუთარ საზამთროებს ყველა ერთმანეთს ვუკითხავთ.

იმდენი ხანია წვიმს, რომ თითქმის მეცოდება პირველი (და ერთადერთი, შიშინა) არხის გაორმაგებული და ასლოკინებული წამყვანის ოჯახი და შორეული თუ გულისმიერი ნათესავები, რომელთაც ბექას მამა უკვე ორი დღეა, აღარ აგინებს.

ისევ წვიმს და უკვე ყველამ გაიგო, ნიკუშას დედა სიგარეტს რომ ეწევა და ნიკუშას მამა მისი მესამე ქმარია.

ისევ წვიმს და სახლის დიასახლისის სკოლადამთავრებული შვილი (გადაწყვიტა, წელს არ ჩააბაროს) ზოგჯერ იღვიძებს და დედას ეძახის (პირველ მარცვალზე ძლიერი მახვილით). ასეთ დროს მამამისი (სახლის პატრონი) მოზაიკის ბილიკზე მოხტუნავე დამსვენებლს თუ შეეჩეხა, გამარჯობას ეუბნება.

იმდენი ხანია წვიმს, რომ ყველა ოთახის ყოველმა დამსვენებელმა ყველა ჟურნალის ყველა სტატია (ნაწილებად დაბეჭდილი რომანების ჩათვლით) წაიკითხა და სიტყვების აუხსნელად ვავსებთ კროსვორდებს. ზეპირად ვიცი თორმეტი რჩევა „როგორ შევიქმნათ ხალისიანი განწყობა“ (რჩევა მეცხრე: ზაფხულის წვიმაში სეირნობა ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას.)

იმდენი ხანია წვიმს, რომ ნიკუშას დედას ყავის ჭიქაში მეორე გულის გახსნა ავიწყდება.

ისევ წვიმს და სახლის დიასახლისს საუბარში ყოველ დღე თითო გადატანილი ოპერაცია ემატება.

უკვე იმდენი ხანია წვიმს, რომ ჩემი ქმარი დედაჩემს ბიზნესზე ელაპარაკება.

ისევ წვიმს და ჩემმა ლუკამ და მესამე ოთახის ბექამ ყველა სათამაშო გაცვალეს. ჩემს ლუკას ორი ნაკაწრი აქვს - ცხვირზე და ნიკაპზე.

იმდენი ხანია წვიმს, რომ მესამე ოთახის ბექამ მეორე ოთახის ნიკუშას (ეზოში ჩარჩენილი) ველოსიპედი ათხოვა, რასაც ნიკუშას ბოლოსწინა მშრალი შარვალი და დედამისის სახმო იოგები შეეწირა.

ისევ წვიმს და ნიკუშას მამამ აღიარა, რომ ჩემი ქმრის ჭანჭურის არაყი მის ვაშლის არაყს ჯობია.

იმდენი დღეა წვიმს, რომ მეორე ოთახის ნიკუშა ჩემი ქმრის მობილურით თამაშობს.

უკვე იმდენი ხანია წვიმს, რომ ბექას მამამ მაისური ჩაიცვა.

ისევ წვიმს და თბილისში დარჩენილი ახლობლები აღარ გვეუბნებიან, რომ იწვის ქალაქი და სუნთქვის საშუალება არ არის.

იმდენი ხანია უკვე წვიმს, რომ სახლის დიასახლისი გვეუბნება, სექტემბერშიც დარჩითო.

ერთი თვეა აქ ვართ და უკვე იმდენი ხანია წვიმს, რომ ბექას დედამ აცეტონი მთხოვა...

შარშანაც აქ ვისვენებდით და მომავალ წელსაც ვაპირებთ. პედიატრებმა რომც არ გვითხრან, ისედაც ვიცით, რომ სუსტი ბრონქების მოსამაგრებლად ბავშვი სამი წელი ზედიზედ ერთი და იმავე ადგილას უნდა დაასვენო. ჩვენი დიასახლისი ამბობს, რომ მისი სახლი ისეთ ადგილასაა ზემო წყნეთში, კოჯორს უტოლდებაო სიმაღლით (ზღვის დონიდან), სეზონი კი სექტემბრის ბოლომდე გრძელდებაო.

-----
იმდენია ხანია უკვე წვიმს, რომ ჩემს სამი წლის ნინის ბექას ვეძახი....



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან გამამხიარულეთ! ყოჩაღ! :) ++
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-24 23:17:39
  • ვიცინე კარგად. წარმოვიდგინე სიტუაციები.


    მაგრამ, ერთ-ორ "იმდენი ხანია წვიმს" ამოვიღებდი.

    სხვა კონტექსტიტ ჩავსვამდი,თუნდაც, დიასახლისის სააბიტურიენტე არააბიტურიენტის გაღვიძების და მამამისის ამბავს. წვიმასთან კავშირი ვერ გამოვუძებნე. კიდევ იყო ერთი-ორი მომენტი. თუ მიმიხვდებით რასაც ვგულისხმობ.