გეგმიანი მარი მემანიშვილი
იუმორისტული
20,08,2013
770/9

ჩემი ტელეფონი ჩემსავით მოკრძალებულია, დილით სამჯერ დარეკავს და ჩუმდება.
რასაც ვერ ვიტყვი ჩემ დედამთილზე:
---ადექით,დაგაგვიანდებათ---ყვირის ყოველ დილით და ამით კაი საქმესაც მიკეთებს, თორემ მართლა დამაგვიანდება.
მძინავს ნახევრად,საძინებლიდან რომ ჩამოვდივარ და მისი ლაპარაკი თანდათან მაფხიზლებს:
---ისე გვიან იძინებთ,დილას ვეღარ დგებით მერე---დაღამდება,უნდა დაიძინოს ქალმა და გათენდება---უნდა გაიღვიძოს,არ გამიგია მე შუაღამემდე კომპიუტერთან ჯდომა----ლაპარაკობს თავისთვის .
მე ყურს არ ვუგდებ, ახლა მაგით ვერ ავიშლი ნერვებს ...ერთი და იგივეს ლაპარაკმა დამღალა უკვე.ბავშვები მე მასწრებენ მომზადებას. ყავას ფეხზე ვსვამ და სახლიდან გასვლას ვჩქარობ.
დღეს ბევრი საქმე მაქვს....
ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა: მეორე დღისთვის გეგმას ვწერ, რა , როდის და რის შემდეგ უნდა გავაკეთო...ამ დროს სულ მახსენდება ბურნუთა და ვცდილობ, „წვინტლები არ ჩამოვუშვა“...
აი ,მაგალითად, დღეს ღია გაკვეთილი მაქვს მეცხრე კლასში დაგეგმილი.მთელი ღამე პრეზენტაციას ვამზადებდი, აქტივობებიც გავაკეთე, ხო, „ჩიპის“ წაღება არ უნდა დამავიწყდეს, გაკვეთილების დაწყებამდე საქმეთა მმართველი უნდა ვნახო და ტესტები დავაბეჭდინო, მეორე გაკვეთილის დაწყებამდე, ხუთწუთიან დასვენებაზე მეცხრე კლასში უნდა შევირბინო და ბავშვები გავამხნევო, რომ არ დაიბნენ ამდენი ხალხის დანახვაზე და არ ჩამიყარონ წყალში ნაშრომი, მესამე გაკვეთილზე რომ „ფანჯარა“ მაქვს , მაგ დროს ყველაფრის გადამეორება უნდა მოვასწრო.აუცილებლად უნდა ვიშოვო მეოთხე გაკვეთილამდე ციფრული აპარატი,რომ გადაღება შევძლო და მერე მოპოვებული მასალები Lemill- ზე გამოვაქვეყნო....

მეუბნებიან , მაგას ნევროზი ქვიაო...(ნევროზი არა ბჟიტის ყაურმა) მე კი ასე დაგეგმილს, მერე პლიუსებს რომ დავუსვამ, გაბადრული დავდივარ და რავიცი...
ვალებსაც ასე ვწერ ხოლმე;
ორიფლეიმი--93 ლარი+
წიგნები-12 ლარი+
მეორადები- 27 ლარი+
(რა ვქნა, პარფიუმერიაში ყველაზე მეტი მეხარჯება...)
არა, რა დროს ვალებია, სკოლაში მაგვიანდება...

უკვე ჭიშკარში გავდივარ, რომ დედამთილის სიტყვა მეწევა:
---დღეს წიწილებია გამოსაყვანი ინკუბატორიდან, ქვითარი მაგიდაზე დევს.
რომელი წიწილები, პატარები უპატრონო კატამ რომ უნდა შეჭამოს და მერე, ცოტა წამოზრდილები ვირთხამ ?...ყოველ კვირას ღერღილი და ქატო რომ უნდა ვზიდო ბაზრიდან და და მე მაინც „სადიას“ქათამი და ბარკლები რომ უნდა ვჭამო მთელი წელი?
მაგრამ ჩემი აზრი ვის აინტერესებს, ქვითარს ხელი წამოვავლე და ჩიხს გავუყევი.
---ეგეც ჩემი მესამე გაკვეთილის „ ფანჯარა“---როგორ ვერ ვიტან,გეგმას რომ მაცვლევინებენ.

პირველი და მეორე გაკვეთილი ჩავატარე,მერე სკოლიდან გამოვვარდი , მაღაზიაში „პიკნიკის“ კოლოფი ვიშოვე,ტაქსი ავიყვანე , ინკუბატორში წიწილებს მივაკითხე და სახლში მოყვანილი დედამთილს ჩავაბარე .მერე ისევ უკან დავბრუნდი და პირდაპირ მეოთხე გაკვეთილზე შევედი....
ღია გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, რაღაცეები გადავიღე (ახლა ასეაო საჭირო) და ალბათ ხვალ გამოვაქვეყნებ, დღეს არაა გეგმაში...

სამს ათი წუთი აკლია, ავწრიალდი, საშინლად მაგვიანდება,"უფროსს" ვანიშნე ,წავალ მე,ბავშვები მყავს -მეთქი სამზე.თავი უხმოდ დამიქნია...ათ წუთში სახლში მისვლა უნდა მოვასწრო,თან პროდუქტი უნდა ვიყიდო, სახლში აღარაფერი მაქვს საჭმელი....
გზადაგზა კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს ვყიდულობ. დავინახე და კომბოსტოც მომინდა,ისეთი ქათქათა ჩანდა.კი ვიყიდე,მაგრამ გაკეთება არ მაქვს გეგმაში,ბორშჩის დრო სადაა დღეს,ისე კურდღლებივით თუ შეახრამუნებენ ჩემი შვილები, თორემ...
ისე მოთუშულს მაინც უმი ჯობია ვიტამინებით...(მოუცლელის ფსიქოლოგია)
ოთხის ხუთ წუთზე უკვე სახლში ვარ, ნავაჭრს დაბლა ვტოვებ ,მოსაცმელს ვიხდი და პირდაპირ ბავშვებთან ავდივარ. დედამთილი ხელებს ასავსავებს,ჭამას რომ ვერ ვასწრებ , ნერვიულობს. არ იცის, ერთი ბულკი გზაში შევჭამე, დრო რომ მომეგო.
მოწაფეები უკვე დამსხდარი მხვდებიან და ვიწყებ მათი უნარების განვითარებას, ჩემი სასიცოცხლო უნარების დაქვეითების ხარჯზე. 4 საათამდე „ვქაჩავ“, მერე ნანას, ჩემ შვილს ვწერ:
--ნანაჩო,სახლში თუ ხარ, ყავა ამომიტანე რა...
---აუუუუჰჰჰჰ----მომდის პასუხი , მაგრამ ხუთ წუთში მაინც შემოაქვს ყავა.

შვიდ საათამდე მესამე ჯგუფსაც ვუშვებ და ამოსუნთქვაზე ვოცნებობ. ყბა და სალაპარაკო აპარატი უკვე გაჩერებული მაქვს და ნერწყვის ყლაპვა მიჭირს სიმშრალისგან...
--დედუნა,რეპეტიციაზე ხომ გამოხვალ?---მირეკავს გიორგი.
უი, გამახსენდა, ჩემი სადამრიგებლო კლასი წელს სკოლას ამთავრებს და ბოლო ზარისთვის ცეკვებს დგამენ.რეპეტიციას თუ არ დავესწარი, გადარევენ ცეკვის მასწავლებელს, ახალგაზრდა გოგოს...
დიდი ნაბიჯებით მივქრი სარეპეტიციო დარბაზისაკენ, გზაში მზესუმზირას ვყიდულობ, კუჭი რომ გავართო ცოტათი...
მესიჯი მომდის დეიდაშვილისგან: -- -სულ ნუ დაგვივიწყებ,გამოგვიარეო.
ვეცდები მეთქი, მივწერე, არვიცი, როდის ჩავსვამ გეგმაში მაგათ... არადა პატარა შვილიშვილი ეყოლათ და ნახვა მინდა.

სახლში 11 საათზე ძლივს მოვდივარ. ხვალისთვის მოსამზადებელი მაქვს გაკვეთილებიც,მაგრამ კომპიუტერს თუ არ მივუჯექი ცოტა ხანს და ვინმესთან არ წავიჭორავე, გამორიცხულია. მეც ხომ მინდა განტვირთვა ....

თორმეტს კარგად იყო გადაცილებული, საძინებელს რომ მივაღწიე.დაღლილი ვარ და გაუხდელად მივწექი.უცებ სინათლე აინთო და ჩემი ქმარი შემოვიდა.უი, ქმარი რომ მყავს, ახლა გამახსენდა, 24 საათია არ მინახავს...მაგრამ შენ არ ხარ დღეს ძვირფასო გეგმაში-მეთქი, გავიფიქრე, თავი მოვიმძინარე , საბანი ამოვიკეცე და სიზმარეთში გადავედი...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • არამითი777
  • 23,10,2013 07:55
  • :))))))) გამეცინა ბოლოში..
    კარგი გოგო ხარ :)
    კარგი გოგო ხარ :)
    )))+++++
  • 5
  • ნინო ომიაძე
  • 24,08,2013 03:00
  • იყო აქ სითბოც, მარა გაცივდა, იმედია შეიცვლება უკეთესობისკენ.
  • 4
  • მარი ბეროძე
  • 24,08,2013 02:44
  • :)))))))))))))))))))) +
  • 3
  • მარი ბუდულა
  • 24,08,2013 02:36
  • +++++
    აქ ყველაფერი სხვანაირადაა...მადლობა ნინო
  • 1
  • ნინო ომიაძე
  • 24,08,2013 02:32
  • ++++