* * * რა დამაძინებს
რა დამაძინებს, რა დამაძინებს...
უსაშველოა წუხილი ჩემი.
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
იმედისა და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც -
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე.
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე...
მას მერე ჩემთვის ყველა ღამეა
და ყოველ წუთას უფრო ღამდება.
ჩემი სიმღერაც განა რამეა,
ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.
რა დამაძინებს... რა დამაძინებს...
უკვე მეძინა მე ჩემი წილი...
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ -
არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.
1950