* * * არც მინდა
არც მინდა,
ყველას მოვწონდე,
არც მინდა,
ყველას ვუყვარდე,
საკმარისია -
ოცამდე,
ან კიდევ -
ოცდახუთამდე.
არ მინდა,
ჩემი ტირაჟო
აცილდეს
ათი ათასებს,
მაქებდნენ
პალესტინაში,
მაღიარებდნენ
მალტაზე.
მე მირჩევნია,
დიდგორის
აღმართზე
გავყვე მეგობარს
და გზაზე
ჩემი სტრიქონი
შვილივით
შემომეგებოს;
და შვილზე მეტად
მომენდოს
მიწის ყოველი მტკაველი...
არ დაიჯერო,
პოეტო,
არ ითარგმნება
ტკივილი.