გახარია ლაშა
გაზიარება

ცრემლის წერტილი 

"სოხუმში მოსალოდნელია წვიმა"...
გურამ ოდიშარია


სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ,
ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან.
ის პალმა-ქალი და გედი-სურა
თვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია.

ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი -
ვეღარ არწევენ მთვარეს - სნებიანს;
იასამნებიც, თავშეუხვევნი,
დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან.

გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიან
ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვი
და მონაზონმა კიპარისმა - ძველ
ხელთათმანივით წაიძრო შაშვი.

ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს... ის ცა
კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით...
და მენანება სხვის თითზე რიწა -
გაწბილებული სასძლო ბეჭედი.

და მენანება ის კოინდარი,
ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი,
და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი -
კალმახები რომ სხია სისხამი.

იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია,
უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი;
ასე გაუშრა ძუძუ მარიამს,
ოდეს კალთიდან გადმოსვა... ღმერთი.

შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი,
ვით გუთნეული - დაღლილ წეროებს.
გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი...
გასასვენები მყავდა მეორე.

დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს -
თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი...
შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია,
მაგრამ... სამძიმრის ცრემლი დავუსვი.

??????