ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ჯამრული 

ვის გლოვობს ფუნჩათ ჯამრული, 
რა თავი დაუღუნია? 
ძმა ხომ მთელი ჰყავს, იმედა, 
შვიდ წელს ტყვედ დაკარგულია? 
ან ძმისწულები - ფოცხვერა, 
სამტროდ ნაქები ბუთლია? 
ანაც ძმობილი ჯიხვაი, 
ბახტრიონს გადასულია? 
იქნებ თათრებმა დაჩაგრეს, 
დააგმობინეს რჯულია?.. 
ხმალი ხომ აქვის ისევა 
ღარებზედ დაწარბულია? 
ლეკისეული ხირიმი 
ლამაზად გამართულია? 
ცხვარი ხომ არ უზარალდა, 
შიგ დამწვარ-დადაგულია?.. 
ან სხვა ხომ არა აჯავრებს, 
სრულ ძმად მიაჩნავ დუნია? 
- რასაც შენ მკითხავ, ჯამრული 
იმით ყველაით სრულია; 
სხვა რამ აწუხებს ვაჟკაცსა, 
სხვად აქვს დამწვარი გულია: 
ერთს ბეზირგანსა დიაცსა, - 
იმის სახელიმც კრულია, 
არ გაჰყოლია ცოლადა, - 
ვაჟკაცი დაუწუნია... 

ამას თაკილობს ჯამრული, 
თავი მით დაუღუნია. 

1895

??????