მეგობარს (ღრმაა)
ღრმაა გულის ზიანი;
დაიბინდენ ზრახვები,
მაგრამ თვალცრემლიანი
არვის დაენახვები.
არვის ეტყვით საყვედურს,
მაგრამ გახსოვს, იცოდე,
ხელი იმ წამების დროს
რომ არ გამოგიწოდეს.
გრძნობა, ბედი, წვალება,
რასაც ძალა ჰქონია -
ყველა უცხო თვალების
სისასტიკე გგონია.
წამი სანთლად იქნება,
მღვრიე, ცეცხლის-ტოტება,
ო, რა მწარე იქნება
ღელვათ გაბოროტება.
1925