ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

დაღუპულთ - გამოუსვლელობისგან 

მედგრად მიიკვლევს გზას ავანგარდი,
სხვას კი სარდაფში ჩაიყვანს დარდი,
გამოუსვლელი დარდი დამხობის.

არ დაელევა მას სანდომარი,
რომ ცოცხალ-მკვდარის სადღეგრძელო სთქვას,
ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი!

ძველი არასგზით არ ეშვება სულს,
გადამთუთქველი და ალიანი -
ხშირად ტაბიძის პურმალით სურთ,
რომ შეიწყალონ ავალიანი!

ხანჯალი მხოლოდ რკინა როდია,
სიტყვაც რკინაა და სატევარი -
და ძირს ეშვება ჯერი ნოტიო
და გზაც არაა მისადევარი!

ეს სარდაფია? აქ მბჟუტავ სხივად
ანათებს სიტყვა, ბოთლი, ლანგარი..
ეს სამარეა - ეს ყოველმხრივად
გადახურული წყევლის სანგარი..

არა, არასდროს რჩევის დამჯერი,
ეს შეჭიდება, ვნება რკინება..
სად თანამგზავრი და მხარდამჭერი.
ათასწლოვანი ბორგავს გინება.

თუ აზიური უკრავს ფანდური,
თუ უცხოური ღმუის ებანი -
ყოველივეში მიმოფანტული
არიან ნგრევის სურნელებანი.

მონტილიადოს უკვდავი ტევრი -
ჭური - იხსნება და იხაპება..
ნიღაბის ახსნა მინახავს ბევრი -
მაგრამ ასეთი განიღაბება?

ძველო დროვ, აი, შენი ნათესი..
ეს სისხლიანი სახე მვნებელი.
შენი ოცნება უპირატესი -
უპირატესი და მბრძანებელი!

აი, ასების და ათასების -
უმეთაუროდ ჩიხში წრიალი..
აი, შხამებით სავსე თასების
მიმოგზავნა და მიმოტრიალი.

ვინ მოიტანა ეს მღვრიე ქარვა,
ეს შემოზღუდვა და შემოქარვა.

1930

??????