მამლის ყივილი
არ ვიცი თქვენში რა მოგონებებს იწვევს , ან საერთოდ დაკვირვებიხართ თუ არა და მე , მამლის ყივილი ყოველთვის სოფელს მაგონებს , არ მითხრათ ახლა , აბა ქალაქში მამალს რა უნდაო ? სიღნაღში , თითქმის ყველა ოჯახს ყავს მამალი და საერთდ ქათმები , თუ ახლად აღდგენილ ელიტარულ უბანს არ ჩავთვლით , ჰოდა სოფლის გახსენება კიდევ ბავშვობას მაგონებს მუდამ . მამლის ყოვილზე , ყოველთვის პატარად წარმოვიდგენ თავს , ჯერაც ბნელი – დილის ნათელი ოდნავღა რომ შეჰპარვია – ღამე , უკვე დიდი ხნის წინათ გაღვიძებული რომ ვნებივრობ ლოგინში დედის თბილ სხეულს ჩახუტებული , ( ევროპელი ვერ გაიგებენ , ისინი მგონი ეგრევე ცალკე აწვენენ ბავშვებს ), და ვნატრობ , ნეტავი მალე იყივლებდნენ მამლები რომ გათენდეს , წამოიშალ ; ოს ოჯახი და დედას გავყვე ძროხების გასადენად უკვე ცხელ რძეშიჩაფუნჩხულპურმირთმეული . ცოტაც და წითელბიბილოიანები , დასაწყისში აქა იქ , შემდეგ კი გაბმულად , მიყოლებით მორთავენ ყივილს და დილაც დგება .
ბავშვობა , მიუხედავად იმისა როგორი იყო , მაინც ოქროს ხანაა ალბათ , ამიტომაც მისი გახსენება ყოველთვის სიხარულს თუ რაღაც აუხსნელ საამო გრძნობას იწვევს ჩემში და სულაც არ ვცდილობ ამ სასიამოვნიო განცდისა თუ გრძნობის ფროიდისტულ თუ ერიკსონისეულ ახსნანს . თუმცა ბავშვობასთან რამდენიმე არასასიამოვნო და სინდისისმქენჯნელი მოგონებაც მაკავშირებს , უსიამოვნო გრძნობას რომ იწვევს და არცთუ ისე კეთილი ღიმილი რომ გამაღიმებს .
ეს ამბავიც ბავშვობაში გადამხდა თავს , შემდეგში ბავშვობისდროინდელ მოგონებათა უსიამოვნო თანამგზავრად რომ ამედევნა , მოუცილებლად .
კარგად მახსოვს ორშაბათი იყო , აღდგომის შემდგომი ორშაბათი . პირველ კლასში ვიყავი მაშინ , მახსოვს ბრეჟნევი ახლად არჩეული თუ დანიშნული იყო . დირექტორი შემოვიდა ჩვენს საკლასო ოტახში . ჩვენზე ადრე დამრიგებელი წამოიჭრა ფეხზე , მაშინაც ასეთი დრო იყო , უფროსებისადმი მონური შიშისა თუ პატივისცემის . დირექტორი მოგვესალმა , შემდეგ რაღაც ეშმაკურად ჩაიცინა , შარვალი ვებერთელა მუცლისკენ ქამართან ჩაყოფილი ცერა თითებით აიჭიმა და გარკვევით გვითხრა , ცოტა პომპეზურად : „ ქრისტე აღსდგა !“,. ჩვენ თავიდან გაგვიკვირდა და დავიბენით , მაგრამ ჩანს არც ისე გულუბყვილოები ვიყავით და არც ერთს პასუხი არ გაგვიცია , თუმცა ეს ხმამაღლა თორემ გულში ეტყობა ყველამ ჩემსავით გაიმეორა „ ჭეშმარიტადო !“
დირექტორმა უკმაყოფილოდ აბზიკა ცხვირი და რაღაცნაირი გესლით თქვა „ რა იყო , სახლში არ უსწავლებიათ თქვენვის როგორი პასუხი უნდა გასცეთო ?“
ჩვენ შევიშმუშნეთ , მაგრამ ეტყობა მშობლების დარიგება არც ერთს არ დაგვვიწყნოდა . დირექტორი , როცა მიხვდა ამ ხერხით ვერ მიიღებდა სასურველ შედეგს , უმალვე მერხებს დაჰყვა : ხელებს გვიმოწმებდა , ენდროს კვალი ხომ არ ემჩნევათო , მაგრამ ასეთ მარტივ ანკესზე აბა რომელი წამოეგებოდა ? მშობლები ერთი საათი გვახეხინებდნენ ხელებს დილით . დირექტორი მაინც არ ეპუებოდა საკუთარ მარცხს და გულმოდგინედ დადიოდა მერხებს შორის . მსხვილი კაცი იყო , მაღალი , ლოყები არაბუნებრივად წითლად უღაჟღაჟებდა . როგორც ამბობდნენ , ბუნებით არ იყო ბოროტი , მაგრამ დაცინვა იცოდა სასტიკი , რაღაც ამოუწურავი ცინიზმი იყო მის ხუმრობებში , შეურაცხმყოფლად გესლიანი . ამიტომაც ვუფრთხოდით ხოლმე . ისე გაგიხარიან , სხვაზე რომ ხარჯავდა გესლს კი ახარხარდებოდი , მაგრამ როგორც კი შენზე გადმოინაცვლებდა აიწურებოდი და უჩინმაჩინის ქუდს ინატრებდი . მოსწავლეები რისი მოსწავლეები არიან მაინც და ერთი სასაცილო თვისება მასაც შეამჩნიეს , შეამჩნიეს და გადაიღეს კიდევაც : ხომ ამხელა კაცი იყო , შარვალს მაინც ყოველთვის სამი , ოთხი ზომით დიდს ატარებდა , ამიტომაც მუდამ დაბლა ეჩაჩებოდა და როგორც ავღნიშნე ცერა თითებით ზემოთ ექაჩებოდა ხოლმე , ლამის მკერდამდე ამოიტანდა . ეს ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა და მისი მიმბაძველებიც ისე კომიკურად დასცინოდნენ სიცილით ვიჭაჭებოდით . ასეთი გახლდათ ჩვენი დირექტორი , ახლა ჩვენს საკლასო ოთახში რომ დადიოდა და წითლად შეღებილ ხელებს დაეძებდა , მაგრამ როგორც გითხარით რას იპოვიდა , ვის შეუმჩნევდა ?! მე – მითუმეტეს ; სახლში ყვებოდნენ , ერთხელ , ჩემს დას , სკოლაში მასწავლებლისათვის უთხოვია , ადრე გამანთავისუფლეთ დღეს გაკვეთილებიდან , სახლში მთელი გვარი ვიკრიბებით და ხარი მიგვყავს სალოცავში შესაწირადო . მასწავლებელს დირექციაში ეთქვა , იქიდან რაიკომშიი დაერეკათ და მამაჩემმა , ბიბლიოთეკის გამგის თანამდებობა და პარტიის წევრობა ერთად დაკარგა , და კარგა ხანს ბიბლიოთეკის რიგით თანამშრომლადღა მუშაობდა ისიც იმიტომ რომ ცნობა არასწორად მიუჩნევიათ . ეს ამბავი ერთგვარ ხუმრობისახედ დადიოდა ჩვენს ოჯახსა და სანათესაოში , მაგრამ გამაფრთხილებელ ხუმრობისახედ . ისე კაცმა რომ თქვას , მიუხედავად იმისა რომ მერე მამაჩემი კვლავ აღადგინეს პარტიაში და რაიკომშიც დაიწყო მუშაობა , ოჯახი რელიგიური გვქონდა . ახლა რომ ვაკვირდები ჩვენი ოჯახის რელიგიურობა უფრო ტრადიციის გაგრძელება იყო ვინემ რწმენაზე დაფუძნებული გრძნობა , თუმცა ტრადიცია მართლაცდა მტკიცე : თითქმის მთელი გვარი შევიკრიბებოდით ხოლმე , უფრო სწორედ , ჩვენი გვარის ერთი შტო , ბაბუა და მისი სამი მის შთამომავლები , ჩვენს ოჯახში და დიდ დღესასწაულებზე შესაწირავს ვკლავდით , მაგრამ ისე რომ უცხოთათვის საცნაური არ გამხდარიყო . მახსოვს , ერთხელ , თუ როგორ ჩამოიფხატა კეპიანი ქუდი ზედ ცხვირამდე მამაჩემმა სისხამ დილით , მანქანით რომ მივდიოდით ბოდბეში ცხვრის შესაწირად . ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ამდენი ოჯახური გამოცდილების მქონეს როგორ გამომოჭერდა დირექტორი , თანაც ისეთ მარტივ რამეში როგორიც იყო ხელებზე წითელი ფერის შერჩენა ?
მასწავლებელს გაბადრული სახე ჰქონდა , უხაროდა თავის სადამრიგებლო ჯგუფში ვერაფერს რომ ვერ ამჩნევდნენ საჩოთიროს , უფრო სწორედ , საჩოთიროს კი არა , იმ დროისთვის მიუღებელს . მოკლედ ყველამ ვიფიქრეთ დირექტორი ვერაფერს გახდაო და დაიძრა კიდევაც კარისკენ , მაგრამ უცებ შემოტრიალდა და გამჭოლი მზერით მოგვაჩერდა ; ეტყობა არაფრით არ აპირებდა გაწბილებული გასვლას , ჩვენ ყველანი გასუსულნი ვიდექით ფეხზე . მან შეგვათვალიერა მოჭუთული თვალებით და დამცინავი , ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გვკითხა : „ აბა , ახლა ღმერთი ვისაც გწამთ ყველანი დასხედით , ხოლო ვისაც არ გწამთ ფეხზე დამდგარი დარჩითო .“
ახლაც კი მახსოვს თუ როგორ გაეყინა ჩვენს დამრიგებელს გაბადრული სახე . კლასელები კი აჩოჩქოლდნენ და ნელ – ნელა , ჯერ გაუბედავად , მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დასხდნენ . მე ნირიც არ შემიცვლია , უტეხად ვიდექი , ოჯახში ყოველნაირად გამოცდილს ვინღა მომატყუებდა ?! მეგობრებსაც გადავსძახე , „ არ დასხდეთ – მეთქი !“, მაგრამ ვინ გამიგონა , როგორც კი სხვები დასხდნენ ჩემმა მეგობრებმაც მათ მიბაძეს . ისე , ერთი კი შევფიქრიანდი მარტოდმარტო რომ აღმოვჩნდი ფეხზე , მაგრამ უკვე უკან დახევა გვიანი იყო .
დირექტორი ზიზღით აღსავსე ღიმილით მიუბრუნდა ჩვენს დამრიგებელს და გესლიანად უთხრა : „ ეს რას გავს , ქალბატონო გულსუნდა ? ერთი მოსწავლის გარდა ყველანი ცრუ რწმენით არიან გონდაბნელებულნი ! ნაცვლად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად , ჩვენი ხალხის მოწინავე იდეებით გაზარდოთ , ეს რა ბნელებად და ჩამორჩენილებად ზრდით ?!“ შემდეგ მე შემაქო ორიოდე სიტყვით და კარში გაუჩინარდა . არც ჩემი კლასელების შურიანი და დამრიგებლის მადლიერებით აღსავსე მზერა დამავიწყდება ალბათ არასოდეს .
ფრთებშესხმული გამოვქანდი სახლისაკენ . შინ მხოლოდღა ბებია დამიხვდა . გახარებულმა მივახარე , „ ბებია , დღეს დირექტორმა შემაქო – მეთქი “. ბებიას სახე გაებადრა , გაიღიმა და მკითხა , „ აბა მომიყევი , რატომ შეგაქო ?“. რა თქმა უნდა მოვუყევი და ახკლაც კი ცხადად მიდგას თვალწინ რა უცებ გაუქრა ბებიას ღიმილი სახიდან და ცრემლებით აევსო თავლები , თითქოს დამუნჯებული სიტყვას ვერ ირებდა და ნიკაპი უთრთოდა . ასე ერთხელ მაშინ დაემართა როცა ცუდად ვიყავი და თერმომეტრით სიცხე გამიზომა . მე ძალიან მეწყინა , ბებიამ ჩემი სიხარული რომ არ გაიზიარა , მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე , საღამოთი მშობლები მოვლენ და მათ გავახარებ – მეთქი . ისიც კარგად მახსოვს რომ არავის არაფერი არ აუხსნია მაშინ ჩემთვის , ოღონდ ის იყო , მშობლებმა სადღაც ფული ისესხეს , შავი მოზვერი იყიდეს და პირველსავე კვირადღეს ბოდბეში წავედით მთელი ოჯახი .
მამლის ყივილი ყოველთვის სოფელს მაგონებს , სოფელი – ბავშვობას , ბავშობის გახსენებაზე კი ხან კეთილი ღიმილი ამეტმასნება სახეზე , ხანაც სინდისისმქენჯნელი უსიამოვო განცდა .