ქაშუეთის წინ...
ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
_ ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ _ ვინ ჩაწიხლა,
ვინ _ ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
_ ადამიანი,
უკვე მარტოა!
არ უნდა ამას
დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა,
ვინც კი სანდოა,
იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანი ისევ
მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას
კუთვნილს არგუნებს,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს ნინო უყვარს,
ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო,
ვის სატევარი,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების
თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს...
_ ადამიანი
უკვე მარტოა!
ქვეყნად რამდენმა
ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად...
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
_ გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
_ ადამიანი მაინც მარტოა!
წუთისოფელი
თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს
საკუთარ სინდისს,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
ჭიქა-ღვინოზე
თავის შექცევით,
ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,
ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,
_ ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემის თავის
არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ არ ახსოვს
მრავალ დარდიმანდს,
დრო იყო,
ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,
დრო იყო,
კლიტე ეპყრა შადიმანს!
ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი
ან აყვირებით,
ან გაყუჩებით?!
_ `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები!~
განწმინდეს,
ნათლეს,
რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
(ვწერ
უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
რაც უნდა აშრო
ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი
მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი...
_ ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემსას ვიტყვი,
გინდა მომკალი,
_ სამყარო,
აი, რაც უზადოა!
ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი _
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
... ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
დიდხანს აგროვა,
_ მერე,
რა მერე?
`მერეს~ ლოდინში...
_ ადამიანი მაინც მარტოა!
ცა მოწყენილი და საავდროა,
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,
და ეკითხება
გამვლელ-გამომვლელს: _
_ ახლა რა დროა?!
ახლა რა დროა?!
არც მიფიქრია
თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი
ასე რატოა?
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი...
_ ადამიანი მაინც მარტოა!