ბოზი და მისი ბავშვი
- რატო ხარ ასე მოუსვენრად, ლევან, – გაუღიმა ცოლმა, მერე ბავშვი აიყვანა და მეორე ოთახში გავიდა, იქიდან რაღაც რუსული ვალსის სიმღერის ხმა მოისმა. ჩვეულებრივ მოწყენილი, ოდნავ აღრენილი მისი მეუღლე დღეს განსაკუთრებით მხიარული ჩანდა. “რატო ვარ მოუსვენრად?” გაიმეორა ლევანმა თავისთვის, რატომღაც არ უნდოდა ეს კითხვა დაესვა თავისთვის, მაგრამ ცოლმა დაასწრო, მისი გონება აყვა ამ კითხვას, არაფრით არ უნდოდა, რომ მართალი ეთქვა თავისთვის, მაგრამ თვალები თავისთავად უყურებდნენ ფანჯარაზე დაგდებულ დეპეშას, იქ ეწერა “ხვალ მოვალ თქვენთან, ვახტანგი”.
ახლა ვახტანგი სავარძელში იჯდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადაკიდებული, იღიმებოდა. ლევანს თავისი ქორწილის ღამე აგონდებოდა. ვახტანგი სუფრის კუთხეში იჯდა თავისთვის, მაშინ არც მიუქცევია ყურადღება მისთვის, ახლა კი ნათლად დაინახა მისი ირონიულად მოღიმარი სახე. ნერვიულად გაიქნია თავი. ფიქრები შეინჯღრნენ თავში, აირივნენ, მერე უფრო მაგრა ჩაჯდნენ შიგ, ფოტო-ლენტივით წამოვიდნენ მისი და მეუღლის ერთად ყოფნის დღეები. ისევ გადევნა ფიქრები, ახლა ის ისევ კედელს უყურებდა. აშკარად გრძნობდა, რომ ის მსგავსება თავის შვილთან არ იყო ისეთი, როგორადაც თვითონ უნდოდა წარმოედგინა.
ცხვირი გაცილებით მაღალი და თხელი ჰქონდა ბავშვს, შუბლი კი უფრო ვიწრო, სახეზეც თეთრი იყო. ლევანი დაიძაბა, ნელა გამოუვიდა შუბლზე ოფლი, მერე ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა, შემდეგ ისევ შეიკრა, ოფლი მოიწმინდა.
- კარგი ბიჭი გვყავს, არა? – გაიცინა ცოლმა. სიტყვები გვიან მივიდა ლევანამდე, როცა ცოლს შეხედა ის ვახტანგისკენ იყურებოდა; ვახტანგი წამოდგა, ბავშვი აიყვანა ხელში, საჩვენებელი თითი ნიკაპზე ამოუსვა. პატარა არა ტიროდა, მერე კისერი მოეღიჩინა კოცნისგან, სიცილი დაიწყო. იცინოდა ძალიან და უხმოდ, იცინოდა ვახტანგიც. ისინი იმ კედლის ძირში იდგნენ, სადაც ლევანის და პატარას სურათი ეკიდა.
ლევანმა უაზროდ გაიღიმა.
მერე უფრო უაზროდ გაიღიმა.
- უკაცრავად, – თქვა მან და გავიდა.
გარეთ ციოდა, სწრაფად აუყვა ქუჩას ზევით. ცივი ქარისგან სახე აუხურდა. იქით მისი ამხანაგი ცხოვრობდა, რომელსაც აპარატი ჰქონდა. ეს ამბავი წეღანვე გაიაზრა, რომ ვახტანგისა და პატარისათვის ერთად სურათი გადაეღო, მერე შეედარებინა თავისი სურათისათვის. წინათაც მოსვლია ის აზრი, როცა ვახტანგი მოდიოდა, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას განგებ, ახლა კი ვეღარ შეძლო. ცოლის დილანდელმა შეკითხვამ “რატო ხარ ასე მოუსვენრად” დაარწმუნა, რომ მართლა მოუსვენრად იყო, მერე უკვე მიზეზი ვეღარ დაუმალა თავის თავს.
ახლა გამალებული მიდიოდა ზევით. იქიდან ქარი ურტყამდა და სახე უხურდა. გონებაში, თვალების უკან, ფოტოპლიონკა მოძრაობდა ძველი კადრებით, ისინი საიდანღაც თავის სიღრმიდან გამოდიოდნენ, მერე ისევ შედიოდნენ და ახლები იჭერდნენ მათ ადგილს. ის რასაც აკავებდა, თავის თვალებს არიდებდა, გამოვიდა გარეთ. შორს ხედავდა თავის თავს, ის იჯდა ბაღში და უცდიდა თავის საცოლეს. ის ხეივნიდან მოდიოდა, ვიღაც კაცს მის მხარზე ჰქონდა დადებული ხელი.
- გაიცანი. ეს ჩემი ბიძაშვილია, – თქვა ქალმა. ლევანმა ხელი ჩამოართვა, მერე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ვახტანგი კი ალაპარაკდა, იცინოდა, რაღაც მაგალითები მოყავდა. ზევით დუქანში ვიღაც მთვრალი იგინებოდა, ახლა ახალმა კადრმა დაიჭირა ადგილი ლევანის თავში, მთვრალი ვახტანგი იგინებოდა დედას, მისი უკვე მეუღლე ხელზე ეკიდა, თვითონ მას წყალი მოჰქონდა. ცოლმა, როგორც ახლა იგრძნო, მასზე ანიშნა ვახტანგს. “ერთი მაგისი”, თქვა ვახტანგმა. “ჩუუ”, ცოლმა ხელი მიაფარა პირზე. “აუტანელი ნათესავი მყავს”, თქვა მან.
მეორე დღეს მეზობელმა ჰკითხა ლევანს:
- ის კაცი ვინ იყო?
- ცოლის ბიძაშვილი.
- ჰმ, – თქვა მეზობელმა, – რა ბიძაშვილები არა ჰყავთ ქალებს.
ლევანი მაშინვე დაიძაბა რატომღაც, მაგრამ თავი გააქნია ფიქრების გასაყრელად, ახლა რატომღაც უცებ მოაგონდა, რომ იმ ამბამდე სამი დღით წინ, ადრე დაბრუნდა სახლში. ეზოს კარები გაიღო და დაიხურა, ცოლი მარტო იწვა ლოგინში.
- ვინ იყო? - იკითხა ლევანმა.
- რა კითხვებს იძლევი, არავინაც არ იყო, - უხეშად უპასუხა ცოლმა.
ლევანმა ნაბიჯებს აუჩქარა, დარწმუნებული იყო, რომ ქუჩაში როცა გადაიხედა, ვახტანგის ზურგი დაინახა, მაშინ რატომღაც არ გამოუტყდა თავს, მხოლოდ ცუდ ხასიათზე დადგა.
- შენმა უხასიათობამ მომკლა, - უთხრა ცოლმა.
ვახტანგმა ისევ გაიქნია თავი, ლენტა ფოკუსიდან ამოვარდა, სურათები ისევ გადიოდნენ, მაგრამ ბუნდოვნად, ახლა ბავშვის სახე ედგა, ვახტანგს რო ეჭირა ხელში და მასთან ერთად იცინოდა.… “ნუთუ, ნუთუ ისიც”, გამოუტყდა თავს და კედელს მიეყუდა. ციოდა. მტვრიანი ქარი ოფლიან შუბლს ეკვროდა, ქუჩაზე გრიალით მიდიოდა ტრამვაი. “ნეტა რამდენი კაცია ტრამვაიში”, მოულოდნელად გაიფიქრა ლევანმა. ახლა თვალწინ ვაგონი ედგა ხალხით სავსე, თვითონ ქუჩაში იდგა, მგონი კვირის, ან თვის წინ ფანჯარაში ცოლი დაინახა და მგონი ვახტანგის სილუეტი.… “ნეტა რამდენი კაცი ჰყავს გატანილი ტრამვაის”. რატომღაც მოაგონდა, რომ სწორედ ბაზრიდან მიმავალი კაცის გაჭყლეტას უყურა გუშინწინ. ჩანთიდან ამოვარდნილი კომბოსტოს თავი, წყლის ჩასასვლელთან მიგორდა, შიგ ვერ გაეტია და გაჩერდა, პატარა ხახვები ჩაცვივდნენ, მარტო ოთხი კარტოფილი არ ჩავარდა. ისინი კომბოსტოს თავის გვერდზე გაჩერდნენ. ხალხით გაიტენა ქუჩა, ლევანს გული ჰქონდა ცუდად. თავისი თვალით უყურა, როგორ გადაუტრიალდა ვაგონის ქვეშ კაცს თვალები, მერე უაზროდ გააყოლა თვალი ჩანთიდან გაგორებულ კომბოსტოს, ის წყლის ჩასავალთან გაჩერდა და გვერდზე ოთხი კარტოფილი მიუგორდა; ლევანმა უკან დაიხია, მათხოვარმა ჩანთაში ჩააწყო კომბოსტო ოთხი კარტოფილით და ხალხს შეუერთდა, საოცარი ზიზღი იგრძნო მათხოვრისადმი. ახლაც საოცარ ზიზღს გრძნობდა, ზიზღი უფრო გაიზარდა და ისევ ნათლად დაინახა ცოლი, მოკისკისე ცოლი, ის ხაზი უფრო ღრმა იყო, შავი, რომელიც ყვრიმალამდე ასდევდა, ცოლი იცინოდა, ვახტანგს ბავშვი ეჭირა, ორივენი იცინოდნენ.
ლევანი იდგა და მთელი ძალით რეკავდა ამხანაგის ზარს.
- რა იყო, ბიჭო, – გამოვარდა თენგიზი.
- ჰა? – იკითხა ლევანმა და უკან დაიხია, რატომღაც ვერ წარმოიდგინა, რომ ამხანაგთან იყო.
- რა იყო, ბიჭო, ჰა? – ისევ ჰკითხა თენგიზმა, როცა ლევანი დაჯდა და ისევ ადგა.
[1957 წლის სექტემბერი]
შენიშვნები
არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1- 13გვ.), უსათაურო და დაუთარიღებელი. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ბოლო გვერდი (სიტყვებიდან: “ამხანაგთან იყო” ბოლომდე) ინახებოდა სხვა საქაღალდეში. ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა პირველ სიაში მოიხსენიება როგორც “35. ბოზი და მისი ბავშვი” (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის).
მოთხრობა გამოუქვეყნებულია.