ქუჩაში მოლაპარაკე ბანოვანი
ვითომ ყურმილი ეჭირა ხელში,
ჭრელი ემოსა კაბა და კოფთა,
ღიმილი ეკრა და, მთელის ეშხით,
უმობილუროდ ლაპარაკობდა.
შუბლს აჩნდა წელი, სამოცზე მეტი,
ვთქვი, რამ შეჰყარა, მოხუცს, ეს მოდა!..
მიკეკლუცობდა - გაპუდრულს, კეთილს -
აშკარა იყო, ხმა ჩაესმოდა.
არ აყოვნებდა "პასუხს" საწყალი,
კონწიალობდა, მხარიღლივ, ჩანთა;
აშკარად, ღმერთი ჰყავდა გამწყრალი
და ბედნიერიც, აშკარად, ჩანდა.
მაინც რჩებოდა ღვთის ანაბარად...
გალაღებული იყო იმითი -
გამოურთავდა ვერვინ "აპარატს",
განუსაზღვრელი ჰქონდა ლიმიტი.
შექანებული, დღეს ბლომად დადის,
სულ არ ჭირდებათ ნიღაბ-პარიკი;
გულს შეგიქანებს დანახვა მათი,
ჩუმი სიცილი და ლაპარაკი.